საცოდავეთი


დღეს საქართველო კვნესის და გმინავს,
სახედარი გვყავს მამად და ღმერთად,
ქვეყანას მშვიდად ძინავს და ხვრინავს,
ზოოპარკი და ცირკია ერთად;

ლომს ლანძღავენ და აქებენ ყორანს,
საკრებულოში ხმა ისმის ყეფის,
მელა გვასწავლის ეთიკას, მორალს,
ვირი ფლობს კვერთხს და სავარძელს მეფის;

ბატებით არის მთავრობა სავსე,
აღლუმი მიყავთ კიტრსა და ბოლოკს,
ვირთხა სავირთხეთს ოქროთი ავსებს,
გველი მიირთმევს მარწყვსა და ჟოლოს;

ჩვენ კი შევყურებთ შორიდან ამას,
დაგვასნეულეს ხორცით და სულით,
ჯორი გვინიშნავს ყველაფრის წამალს,
სვავი ვერ გაძღა სიმდიდრით, ფულით;

ისევ ჩვენს თავებს მოვკითხოთ ყველამ,
რად ვართ ამ დღეში, რად ვითმენთ ამდენს?
როგორ იქცევა დრაკონი ქველად?
სისხლისმწოველებს გავუძლოთ რამდენს?

ნუთუ არ კმარა ამდენი თმენა?
ღმერთსაც აევსო ფიალა ლამის;
ნუთუ აღარ გვაქვს მომავლის რწმენა,
ნუთუ აღარ გვაქვს იმედი ხვალის?!

დროა, გვეყოფა ამდენი ძილი,
გავყაროთ ყველა ტურა და მელა, 
გავხვეტოთ ქვეყნის კოღო თუ რწყილი
და სანაგვეში გავუშვათ ყველა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი