ბერ ნიკოლოზს


რამ დაგაღონა მამაო, ჩაფიქრებულხარ რაზეო?
ნეტავი რისთვის მოგიკლეს გული სითბოთ სავსეო?
შენს ბედს რომელი ინატრებს, ვინ იტვირთავდა ასეო?
შენს ტანჯვასა და წამებას, ვინ აიღებდა თავზეო?

რად მოიწყინე მამაო, ან რამ აგიწვა სულიო,
ვის განსაცდელებს გლოვობ და ვინ დაგიკოდა გულიო?
იქნებ სამშობლო გატკინეს ნაგვემი, დაჩაგრულიო?
იქნებ მამული გატირებს, დაჩეხილ–დაკაწრულიო?

რამ აგიცრემლა, მამაო, ნეტავ თვალები მზისანი?
იქნებ ალგეთი დაშრა და გაქრნენ ლეკვები მგლისანი?
ან დაილიენ ჩვენს ტომში, იქნებ, ვაჟკაცნი მთისანი?
იქნება უკვე გვჯაბნიან ტურების ჯარნი მტრისანი?

რად დარდიანობ მამაო, უცებ რომ დაგვიბერდიო?
განა იმიტომ ხომ არა, რომ შევიცვალეთ გვერდიო?
სატანას მივსდევთ, ვახარებთ, მასთან გვაქვს ალავერდიო;
სადღაა რწმენა ძლიერი, სულ აღარ გვახსოვს ღმერთიო;

რად სევდიანობ, მამაო, რა ფიქრებს ატან ქართაო?
ან როგორ უძლებ ნეტავი, ამდენ შეტევას მძაფრთაო?
მარჯვნივ ჯარი გყავს ულევი, უგნურთა მაქებართაო,
მარცხნივ კი მაგინებელთა არმია, მაწყევართაო;

რამ ჩაგაფიქრა მამაო, ნუთუ აღარ გვაქვს საშველი?
ნუთუ დავკარგეთ უფალი, ჩვენი ღმერთი და მაშველი?
ნუთუ ეგ ღვაწლი მდუმარე, უღირს ცოდვილებს არ გვშველის?
ნუთუ ტყუილად ეწამე, ნუთუ ტყუილად დაშვერი?

არ მოიწყინო, მამაო, უტკბესო ჩვენი სულისა,
მუდამ შენს გვერდით იდგება ყველა დამცველი რჯულისა;
არ მოგაკლდება ნაწამებს მადლი, წყალობა უფლისა
და გაბრწყინდები მზესავით, მოძღვარო სიყვარულისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი