ლექს–მწერებს
ლექსი რომ რამედ მაინც ვარგოდეს, მას სიბრძნის კვალი უნდა დააჩნდეს; თავს რომ პოეტი ვინმემ უწოდოს, ცოტა სინდისი უნდა გააჩნდეს; „ლექსებს“ ბევრი წერს, გაგიხარია, ჩემულობს სხვაზე მეტის ცოდნასა, მაგრამ, გეთაყვა, გთხოვთ, მომიტევოთ, ლექსს ვერ ვუწოდებ ყველას ბოდვასა; ზოგი ისე წერს, გაოგნდები და ცრემლი დაგცვივა გრძნობებისაგან, მაგრამ ხან ისეთს ნახავ სიბრიყვეს, ლამის შეირყე გონებისაგან; კარგი ლექსი კი კარგი რითმაა, თუმც კარგი რითმა არ ნიშნავს კარგ ლექსს; სანამ ლექსს დაწერთ, გემუდარებით, ჯერ დააკვირდით, თუ რითმავთ სათქმელს; თუმცა მთავარი რითმა როდია, ანი-ბანია ეს მხოლოდ ლექსში; მთავარი მაინც სულ სხვა მგონია, რა აზრი გიდევთ, რა განცდა ტექსტში; თუკი მოგმადლათ უფალმა ნიჭი, მაშინ დაწერეთ, დაწერეთ ბევრი, ავსეთ გულები გრძნობებით ისე, ვით სანაქებო ღვინითა ქვევრი; მაგრამ თუ არ გაქვთ ეს უნარები, არ იცით სად ხართ, რომელ სიაში, ლექსებს ნუ დაწერთ, გემუდარებით, ნუ ჩააფურთხებთ პოეზიაში!!! P.S. ლექსი, იცოცხლე, ამქვეყნად ვის აღარ დაუწერია, ზოგი პოეტი გახლავთ და ზოგი კი მხოლოდ მწერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი