მინიპოემა – სიცოცხლე და სიკვდილი
სიცოცხლემ უთხრა სიკვდილსა: რად არ მასვენებ წამითაც, მითხარი, რატომ მაწვალებ, მტანჯავ დღითაც და ღამითაც; რად დამსდევ, რად არ მეშვები, რად არ მანებებ თავსაო? შენგან სიკეთე არ მახსოვს, თესავ ბოროტს და ავსაო; ვერ გადამიდგამს ნაბიჯი, შენ რომ არ მედგე კვალშიო, რა დაგიშავე ასეთი, რად არ მოგდივარ თვალშიო; მე შენთან როდი მოვდივარ, როდი გეხები ბნელსაო, შენ რაღას მერჩი, ნეტავი, რატომ მიმოკლებ დღესაო? *** სიკვდილმა უთხრა: ძმობილო, მე ნუ მაბრალებ რამესო, ჩემს საქმეს მშვიდად ვაკეთებ, არ ვარჩევ დღეს და ღამესო; მე განა მარტო მოვდივარ, ანგელოზია ჩემთანო და შენგან გარიდებული სულები მიმყავს ღმერთთანო; მე შენთან საქმე არა მაქვს, მე სულ სხვა გზებით დავდივარ, გარდაცვლილების თანხლებით თავად უფალთან ავდივარ; შენ თუ წამით ხარ მოსული და ტანჯავ სულებს ღვთიურსა, მე მათ სიცოცხლეს ვთავაზობ, უწყვეტს და მარადიულსა; *** აბა რად ცდილობ, სიკვდილო, გაბითურებას ჩემსაო? სწორედ შენ მიგყავს სულები ჯოჯოხეთს სატანჯველსაო; რამდენ ტკივილებს ანიჭებ ადამიანთა მოდგმასა, რამდენ ტანჯვას და ვაებას, რამდენ გოდებას, მოთქმასა; რაც შენი მოსვლით მწარდება ადამიანი ყოველი, ამას რა დათვლის, ძმობილო, ვინ გამოიკვლევს, რომელი; ვინ იცის ქვეყნად რამდენი კვნესის შვილმკვდარი დედაო, ამდენი ცრემლის შეყურე, როგორ ისვენებ ნეტაო?! *** სიკვდილმა უთხრა, მაშ კარგი, ეხლა მე გეტყვი სათქმელსო, მე განგიმარტავ მისიას ჩემს საკეთებელს, საქმნელსო; რადგან შენ ასე ცალმხრივად გესმის სიცოცხლე სულისა, მაშინ აგიხსნი, ძმობილო, ჭეშმარიტებას უფლისა; უფალმა შეგვქმნა ორივე....და სული ქვეყნად ყოველი, მისი ნებაა, იმქვეყნად ვინ წაიყვანოს, რომელი; შენ დროებით ხარ მოსული, გამოსაცდელი ვადა ხარ, მარტო შენსას რომ გაჰკივი, ასეთი ბრიყვი რადა ხარ? მე არ გახლავარ მიზეზი, თუ ჯოჯოხეთში ჩავიდა, თვისი ცოდვები წარწყმიდავს, თუ უნანელად წავიდა; სწორედ სიცოცხლის მანძილზე ხდება ცოდვები მრავალი, ...და ხდება ადამიანი ჯოჯოხეთისკენ მავალი; უფალთან მიმყავს ყოველი სული სიკვდილით მოცული, ...და მხოლოდ ღმერთი გადაწყვეტს სად წავა ახალმოსული; ეჰ, ჩემი ნება როდია, ვინ გახდეს მასთან მხლებელი, მე მხოლოდ ხიდი გახლავარ უფალთან მიმყვანებელი; თუ ადამიანს სულისთვის რამე ზიანი ადგება, განა ყოველი უზნეო მის სიცოცხლეში არ ხდება? თუმც ამაო ხარ, წამი ხარ, მაინც, ცოდვების მხილებით, მიდიან ღმერთთან სულები, სიცოცხლით გადაღლილები; განა მკვლელობას, მრუშობას, და სისაძაგლეს ამდენსო სოცოცხლეშივე არ ჩადის, სული, ვინ იცის რამდენსო? სიკვდილს არ მოაქვს ცოდვები, დაცვა კი შენი ვალია, ...და თუ ჯოჯოხეთს ჩავიდა, ის მხოლოდ შენი ბრალია; მაგრამ თუ სული ცოდვილი განიწმინდება, აღდგება, სიკვდილით არა აკლდება, როცა უფალთან წარსდება; მოიმკის ნაყოფს ღირსეულს, იღებს ცხონებას ღვთიურსა, ეზიარება უფალთან სიცოცხლეს მარადიულსა; უფალმა თუკი ინება, სხეულს რომ სული გაჰყაროს, მან უკეთ იცის ვინ როდის გამოარიდოს სამყაროს; სატირალ–სადარდებელი განა სიკვდილი როდია, არამედ ღმერთთან რა მადლით ან რა ცოდვებით მოდიან; ამიტომ, ძმაო, სატკივარს ადამიანთა მოდგმისა მე ნუ მაბრალებ, ცოდვაა – მიზეზი ცრემლის, მოთქმისა; დაე, ვადიდოთ ღმერთი და მივენდოთ ნებას უფლისა, ღმერთმა ინებოს ცხონება ქვეყნად ყოველი სულისა!!! *** უფალი გვაძლევს სიცოცხლეს, სიკვდილის ნებაც მისია, ძმები არიან ორივე, თუმც სხვადასხვა აქვთ მისია; სიცოცხლე უნდა ისეთი, ვინმესთვის უნდა კვდებოდე, ...და როცა ჟამი მოაწევს, სიკვდილს სიმშვიდით ხვდებოდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი