წუხელ გული წამომტკივდა...
წუხელ გული წამომტკივდა, უცებ შემომიტია, ასე მითხრა: „გამიფრთხილდი, სანამ სული მიდგია, მომეფერე, დამიცავი, ნაღველს ნუ გამაკარებ, თორემ ვეღარც დაგიცავ და ვერც უსაფრთხოდ გატარებ“; „ვერ მოგცემ თქო ასეთ სიტყვას, გულო, ვერ შეგპირდები, თუმცა ძლიერ მენანები, თუმცა ძლიერ მჭირდები; მარტო ჩემზე ვერ ვიფიქრებ, სხვაც ბევრი მყავს ძვირფასი, ვიცი რადაც დამიჯდება ეს დარდები, რის ფასი; გინდაც სულაც უცხო იყოს, რომც არ მქონდეს სურვილი, სხვისი ცრემლის დამნახავი როგორ ვიყო გულგრილი? მისი დარდი არ მივიღო და არ გავითავისო? როგორ ვიყო, მოყვარული, მარტო ჩემი თავისო?! როგორ შევძლო, რომ არ ვიგრძნო გვერდით მდგომის ტკივილი? ვერ გავიგო მისი ოხვრა, მისი კვნესა, ტირილი?! მე სიცოცხლე, გულო, განა მხოლოდ წლებით მჭირდება, სიყვარულით, თანადგომით, სხვას თუ გაუჭირდება; მაპატიე, გულო მაგრამ, მაშინ რისთვის დავდივარ? მოყვასისთვის თუ არ ვდარდობ, მაშ რაღაში ვვარგივარ? მაშ სიცოცხლე რისთვის მინდა, მარტო ჩემთვის ვიზრუნო? ნაღველი არ გაგაკარო, სხვისგან პირი ვიბრუნო? აბა მაშინ რატომ მყავხარ მგრძნობიარე, მფეთქავი? თუ არ ტირხარ, თუ არ მტკივხარ, რად მინდიხარ ნეტავი?! გული რომ არ მჭირდებოდეს, მოტირალი, ღრიალა, მაშინ მკერდში ჩავიდგამდი სათამაშოს ბრჭყვიალას; თუმცა შენც ხომ კარგად იცი, შენთან მოდის გრძნობები, დაიღალე ვიცი, მაგრამ ჯერ ნუ მემშვიდობები; ვიცი, როცა მოვა ჟამი, მაინც შენით მოვკვდები; ან უფალი წამიყვანს და ან ეშმასთან მოვხვდები“. წუხელ გული წამომტკივდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი