ამაოება
წუხელის მეზობლად ვიღაცა მომკვდარა; უჰ–ვიტყვით ერთხელ და დამთავრდა განგაში. რა მოხდა, ასეთი რამდენი მომხდარა, რა ვუყოთ, ვერავის ჩავყვებით საფლავში; წუხელის ვიღაცა მომკვდარა მეზობლად; საწყალი – თავს იქნევს ოხვრითა მავანი, ვიღაცა უცხოდ თვლის, ვიღაცა მეგობრად, ზოგისთვის საერთოდ არ იყო არავინ; მეზობლად ვიღაცა მომკვდარა წუხელის; აცხონოს ღმერთმაო, დაუნთეს სანთელი. ვინ იცის რამდენი რამ დარჩა უთქმელი, უფალთან წარსდგაო, დაუდგეს ნათელი; უძილო ღამეში, ფიქრებში ჩაძირულს გულს მირევს უაზრო, ბრმა წუთისოფელი; ვინა ჰყავს დამხმარე ყველასგან განწირულს? რა უაზროა და ამაო ყოველი; წამებში გარბიან ეს წლები ბეჩავი, როდემდე გავუძლო სამყაროს უგვანოს? მოხედავ უკან და...რა დარჩა ნეტავი? რა მაძლებინებდა უშენოდ უფალო? ვინ იცის თვალები რამდენ ცრემლს ითვლიან, გულიდან რამდენი იმედი მომწყდარა? ერთხელაც მოვკვდებით და ჩვენზეც იტყვიან: „წუხელის მეზობლად ვიღაცა მომკვდარა“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი