სამი სურვილი


წუხელ უფალი მესიზმრა, მთელი თავისი დიდებით,
ამ სიზმარს ვერ დავივიწყებ ვერასდროს, ვერასდიდებით;
გაოგნებული შევყურებ, ბეჩავი, გაუბედავი,
ასეთ ცოდვილთან რა უნდა, უფალს, ჩემთან თქო ნეტავი?!
                                            ***
სამ სურვილს აგისრულებო, რაც გინდა, რაც შენ გიხარის,
რასაც გულით მთხოვ, ახდება, რას ისურვებდი, მითხარი;
მაგრამ ჯერ კარგად დაფიქრდი, სანამ მოითხოვ რამესო,
უაზროდ ნუკი გაფლანგავ სურვილებს ამ ტკბილ ღამესო;

ძალა წამერთვა ფეხებში, ამიცახცახდა სხეული,
ხმასაც ვერ ვიღებ, ვკანკალებ, გავფითრდი ვითარც სნეული;
ბოლოს, გავბედე, ცოდვილმა(მრცხვენია, თავს ვერ ვიმართლებ)
და უფალს, ლამის ჩურჩულით, თავაუღებლად მივმართე:
                                             ***
პირველ სურვილად უფალო, ალბათ სიმდაბლეს ვინატრებ,
სულ თავდახრილი ვიარო, აწევას ნუღარ ვიკადრებ;
მუდამ მახსოვდეს, ცოდვილი არ დადის ჩემზე უმეტეს
და არასოდეს მეგონოს თავი ვინმეზე უკეთეს;

გულში ჩამიკრა უფალმა, არ ველოდიო ამასო,
თავზე დამისვა ხელი და...“გიქებ, გიწონებ ნატვრასო“; 
კარგი, ასრულდა ეგ ერთი, სხვა რამე მთხოვე კიდეო,
ნუ გეშინია, ნუ დარდობ, ძალები მოიკრიბეო;
                                              ***
მეორე ნატვრად, ცოდვილი, სინანულს გთხოვდი უფალო,
რომ ყველა ჩემი ცოდვები დაიწვას, გაქრეს  უკვალოდ;
დაე, ცრემლებმა იდინონ ორივ თვალთაგან მარადის
და გული ცეცხლმა დათუთქოს, ქვეყნად დავდივარ სანამდის;

გაოცდა ტკბილი იესო, სიტყვები მესმის ქებისა,
ისევ ჩამიკრა გულში და ცრემლი მდის ნეტარებისა;
მესამე ნატვრა მითხარი, რაც გქონდეს გულის წყურვილი,
იმასაც აგისრულებო, თქვიო ეგ ბოლო სურვილიც;
                                             ***
მაშინ სიყვარულს შეგთხოვდი, უფალო, ცაზე უმეტესს,
ამაზე მეტი რა გთხოვო, რაღას ვინატრებ უკეთესს;
არ მაქვს, მე ცოდვილს, ეს გრძობა, არც მოყვასის და არც ცისა,
გთხოვ, სიყვარული მომმადლე ძლიერი, ღვთის და კაცისა;

ყველა მიყვარდეს ამქვეყნად, ადამიანი ყოველი,
რომ აგისრულო, უფალო, რასაც შენ ჩემგან მოელი;
ნეტავი მოვესწრებოდე შენი ტკივილის დაცხრომას,
ჩემი ცოდვებით რაც გავნე, ჩემს უფალ ღმერთს და მაცხოვარს;

მხოლოდ ეს არის, უფალო, რასაც ცოდვილი შეგთხოვდი,
აი ეს სამი სურვილი, სხვას მეტს ვერაფერს ვერ გთხოვდი -
სიმდაბლე, სინანული და სიყვარულია, რაც მსურდა,
შენი მადლით და წყალობით, ვგრძნობ, რომ სამივე აღსრულდა;
                                              ***
შემიქო ღმერთმა სურვილნი, მეამა სიტყვა უფლისა,
ზღვა სიყვარულით ავივსე, ცრემლი მდის სიხარულისა,
ვემშვიდობები მაცხოვარს გულით სითბოთი სავსეთი,
ბედნიერება არასდროს არ განმიცდია ასეთი;
                                              ***
უეცრად გამომეღვიძა, მზემ მომანათა დილისა,
მივხვდი რომ გაქრა ოცნება, ცრემლები წამსკდა სიმწრისა;
დასრულდა ჩემი სიზმარი, დასრულდა ჩემი იგავიც;
მე კი ისევ ის უღირსი ვარ, რაც სიზმრამდე ვიყავი.

წუხელ უფალი მესიზმრა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
გიორგი გაგნიძეადამიანი3 წლის წინ

კაი იყო შენ დაწერე?

გიორგი ფაჩუაშვილიჯერ უფალი, დანარჩენი მერე !!!3 წლის წინ

დიახ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი