დედა ღვთისმშობლის საგალობელი
სულო სულნათელო, მზეო მზისადარო, რწმენავ ურწმენესო, ცაო ცისაკარო, თვალო ნატვრისთვალო, სულზე უტკბილესო, სხივო ცისნათელო, მზეზე უთბილესო, ვარდის გაზაფხულო, სულის აპრილობავ, გიორგობისთვეში ვაზის ყვავილობავ, წვენო მტევანისა, სიტკბოვ ბადაგისა, პირველსადღეგრძელოვ უფალ თამადისა, ვაზო რჩეულო და ღვინოვ ბარძიმისა, გულო ლომისა და თვალო არწივისა, ყოვლადსიკეთევ და ყოვლადსათნოებავ, დიდო იმედო და დიდო სასოებავ, ქარვის მარგალიტო მზეზე უბრწყინესო, ტურფა ნაკადულო, წყაროვ უწმინდესო, ლალო ლალისთვალო, მარჯნის უმარჯნესო, ყოვლად სანუკვარო, ყოვლად უმარჯვესო, ყოვლადსანაქებო, ყოვლად უმზეესო, ყოვლად უწმინდესო, ყოვლად უბრძენესო, სანთელ-საკმეველო, დიდი კელაპტარო, მირონსურნელებავ, ვერვის შესადარო, დიდო მფარველო და დიდო სიხარულო, ყოვლადსანატრელო, ყოვლადსიყვარულო, დიდო ნუგეშო და ცრემლის განმწმინდელო, ყველას მოყვარულო, ყველას დამტირველო; კაცნი გიკაცობდეთ, ქალნი გიქალობდეთ, მარად გაქებდეთ და მარად გიგალობდეთ- წყაროვ სიცოცხლისა, თავად მზის მშობელო, ქვეყნის დედოფალო, დედა ღვთისმშობელო!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი