ნანგრევებში დაკარგული სიცოცხლე
(ეძღვნება ინგა მეკეიძის და მისი ორი შვილის ხსოვნას) სასტიკი წუთისოფელი გვმატებს და გვმატებს იარებს, ხან შეგაძულებს სიცოცხლეს, ხან ტანჯვას გაგიზიარებს; რა არ მომხდარა ამქვეყნად უბედურება მრავალი; თურმე სიკვდილიც ყოფილა სასტიკი გზებით მავალი. *** მიწა შეიძრა, თითქოსო, ჩამოწვა სახლი თავადა და ჩამოიქცა ერთბაშად მასთან სიცოცხლე მრავალთა; ნანგრევებიდან ამოყავთ ქალი, ჭრილობით მრავალით, გაჩნდა იმედის მარცვალი, იქნებ გადარჩეს მავანი? დაიწყო ბრძოლა სასტიკი - სიკვდილს არაფრით ნებდება, ხან კვდება ქალი, ხან ცოცხლობს გული ხშირ-ხშირად ჩერდება; სულ ახალგაზრდა ქალია, თუმც სამი შვილის მშობელი, იღვრება ცრემლი მრავალი, ლოცულობს მისთვის ყოველი; *** ...და აჰა, წარსდგა უფალთან, ქალი ჭიდილით დაღლილი, ცრემლად იღვრება, საწყალი, ნაბრძოლი, ღონედაცლილი; გულში ჩაიკრა უფალმა: „მოდი, მოგივლენ შვებასო, ნუ გეშინია, აქ დარჩი, დაჰყევ შენი ღვთის ნებასო“ *** შესტირის უფალს ასული: „ვერ ვპოვებ შვებას სულისა, იქ სამი შვილი მომელის, ქმარი, ძვირფასი გულისა; ნუ დამიტოვებ იარას, ნუ დამიფლითავ გულსაო, ნუ მომწყვეტ მე ჩემს პატარებს, ნუ გამიმწარებ სულსაო“; *** გაუშვა ღმერთმა ასული, ოღონდ კვლავ გიხმობ მალეო, შენ კი დაფიქრდი, სად გიჯობს, სად გაგითენდეს ხვალეო; *** ისევ გაჩერდა გული და კვლავ ღმერთთან წარსდგა ასული: „აქა მყავს შენი გოგონა, და აქ გახდება ზრდასრული; შენც დარჩი ჩემთან, ასულო, შვილიც აგერ გყავს წინაო, ნუღარ იდარდებ წარსულზე აქ არის შენი ბინაო“; *** კვლავ ტირის ქალი უფლის წინ: „ნუ გამიმწარებ სულსაო, იქ ორი შვილი მომელის, ნუ დამიფლითავ გულსაო“; *** ისევ გაუშვა უფალმა: „გიჭირს ჯერ თავის პოვნაო, ისევ დაფიქრდი, ასულო, სად გირჩევნია ყოფნაო“; *** აჰა, მესამედ გაჩერდა გული ნატანჯი ავითა, ეახლა უფალს ისევ და... კვლავ უხმობს ღმერთი თავისთან: „ამჯერად შენი პატარაც აქ მოვიყვანე, აქ არის, ხომ ნახე, იცი სადაც ხარ, ჩემი სავანე რაც არის?“ *** კვლავ ტირის ქალი, კვლავ გოდებს და გული ეწვის უალოდ: „ქმარი და ბიჭი პატარა იქ მელიანო, უფალო“ *** დაბრუნდა ისევ სხეულში, მაგრამ გულს ცეცხლი ედება; აღარც სიცოცხლე სწყურია და აღარც სიკვდილს ნებდება; *** წარსდგა უფალთან მეოთხედ: „შენ თავად უნდა არჩიო, მეტ დროს ვერ მოგცემ, ასულო, ან წადი და ან დარჩიო; ორი შვილი ხომ აქა ჰყავს, ბიჭს კი სიცოცხლეს ვაცლიო, შენს იმ პატარა ანგელოზს არ მოაკლდება მადლიო; არც ქმარს მოვაკლებ წყალობას, არ წამოვატკენ ფრჩხილსაო ნუღარ იდარდებ, ასულო, მამა მოუვლის შვილსაო.“ *** დარჩა უფალთან ასული, ვერ შეელია შვილებსა, უყურებს გაბრწყინებულებს, ლამაზებს, ვითარც შველებსა; თავადაც გაბრწყინებული დარჩა უფალთან ასული; ბედნიერია სუყველა ღმერთთან სიკვდილით ასული; *** ჩვენ აქ ვგოდებთ და ვტირივართ, თან ვსაყედურობთ უფალსო, მას კი ყოველი ჩვენგანი ათასჯერ მეტად უყვარსო; ვის არ უხარის სიცოცხლე, ბედნიერება სულისა, შვილი, მეუღლე, მშობელი - ყველა ძვირფასი გულისა?! მაგრამ ხშირად ვერ გაუძლებ ბედს მუხთალს, გადარეულსა; ზოგჯერ სიკვდილი ჯობია, სიცოცხლეს გამწარებულსა; როცა ყველაფერს დაკარგავ, უსასო, ღონემიხდილი, არავინ იცის, ღვთის მეტი, სიცოცხლე ჯობს თუ სიკვდილი; განა უფალმა არ იცის, ვისი მზე ცვალოს ვისაზე, ვინ წაიყვანოს თავისთან, ვინ დარჩეს დედამიწაზე?! უფალი გვაძლევს სიცოცხლეს, მისი ნებაა წაღებაც, მან იცის, ვისთვის ყოფნა სჯობს, ვისთვის სიცოცხლის გაღება; ასეა წუთისოფელი, სავსე ცრემლით და ტკივილით, ტანჯვით და განსაცდელებით, კვნესით, გოდებით, ტირილით; მხოლოდ ღმერთშია შვება და მხოლოდ ღმერთშია იმედი; დაე, ამაზე ვიფიქროთ, სანამ სიკვდილთან მივედით. *** ღმერთმა აცხონოს, ჩაიკრას მასთან მისული შვილები! სასუფეველი მათ სულებს - ნანგრევში მოყოლილების!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი