სიკვდილისწინა ლექსი მეუღლეს


რა მიყოს სიკვდილმა? ვერაფერს წამართმევს,
ღმერთია მუდმივი, სიცოცხლეს აახლებს;
სიკვდილი სიყვარულს ვერასდროს დაჯაბნის
სხეულს თუ წაიღებს, სულს ვერას დააკლებს;

როდესაც მოვკვდები, მე განა გავქრები,
ხან წყაროდ გექმნები, ხან მინდვრად, ხან ველად ;
მე შენში ვივანებ, შენს სულში დავრჩები 
და სულ გეყოლები მცველად და მფარველად;

მე შენით ვიცოცხლებ, მე შენით ვისუნთქებ,
მე შენი თვალებით ვუყურებ სამყაროს;
ერთ სულ და ერთ ხორც ვართ ჩვენ აწ და მარადის,
სიკვდილმა კი არა, რამ უნდა გაგვყაროს?!

შენ, ჩემო ერთო და უერთადერთესო,
გთხოვ, ნუ შეგაშინებს მზაკვარი სოფელი,
იცოდე, შენთან ვარ, დღითაც და ღამითაც,
ჩვენ ერთი მთელი ვართ და განუყოფელი;

წამია სოფელი, ბილწი და ამაო, 
თავს ნუ გადაიღლი დარდით და ფიქრებით;
მე იმ დღეს შევნატრი, იმ ნეტარს, მადლიანს,
როდესაც უფალთან სულ ერთად ვიქნებით;

შენ ჩემი გული ხარ, სუნთქვა ხარ, ფიქრი ხარ,
შენ ჩემი ნატვრა ხარ მიწიდან ცისამდე;
ძვირფასო, უზომოდ, უსაზღვროდ მიყვარხარ
პირველი ნახვიდან და უკუნისამდე;

რა მიყოს სიკვდილმა, რა უნდა დამაკლოს,
შენ სანამ მიყვარხარ, შენ მყავხარ სანამდის?!
ვინც ღმერთმა შეჰყარა, სიკვდილი ვერ გაყრის,
ჩვენ ერთად ვიქნებით, სულ, აწ და მარადის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი