პოემა 8 - ღვთის სამართალი


„ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.“ 
მათე 7:1,2
 
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა ყოველთა, მადლი, წყალობა ღვთისა უფლისა;
არ მოგკლებოდეთ ბედნიერება, სულის სიმშვიდე, სითბო გულისა;
კარგია რწმენა და ერთგულება, ყველა კაცს ვაქებ ჯვარის მტვირთველსა,
მაგრამ ნაყოფი ხშირად არ მოაქვს, ბრმა სიყვარულსა უცოდინელსა;

თვით სიყვარულსაც სჭირდება ცოდნა, რწმენა ტანჯვაში გასავლელია,
რადგანაც გზები, ღვთისკენ სავალი, ყოველ ნაბიჯზე გასათვლელია;
ღმერთს მეტად უყვარს კაცი მდაბალი, ვინც უხმოდ იტანს განსაცდელს ყოველს;
ვის შუძლია ჩაწვდეს ბოლომდე უფლის განზრახვას?- ვის ძალუძს, რომელს?!

ამბავს გიამბობთ დასაფიქრებელს, თუმც მტკივნეული იყოს იქნება;
წამალი ხშირად მწარეა, მაგრამ განსაკურნებლად, კაცის, იქმნება;
უფლის იმედით, მადლით, ვეცდები, გადმოგცეთ ესე ჩემი ზღაპარი,
დაე, მკითხველმა თავად განსაჯოს, ჭეშმარიტება ღმერთის სად არის.
                                                          ***
ერთ-ერთი სახლის ერთ-ერთ სართულზე, მეზობლად ორი კაცი სახლობდა,
არ მეგობრობდნენ, თუმცა ერთმანეთს ხშირად ხედავდნენ ხოლმე ახლოდან;
ერთი ასაკში გახლდათ შესული, შემორეოდა თმაში ჭაღარა,
მორწმუნე გახლდათ ეგზომ ძლიერი, არ იზიდავდა სხვა რამ, არღარა;

არ შორდებოდა ტაძარს დღე და ღამ, ის გახლდათ მისი ნავსაყუდელი,
ღმერთმა იცოდა მისი ტკივილი, ცრემლი და დარდი გამოუთქმელი;
ის უფრო მეტად გახდა მლოცველი, როცა დაკარგა პირმშო პირველი,
ლოცვაში ჰპოვა შვება, იმედი, მრავალი იყო მისი მხილველი;

ჰყავდა მეუღლე გვერდით, შვილებიც, თავს ევლებოდა კაცი მზრუნველი,
თუმც დაკარგული შვილის ტკივილი, ჭრილობა გალხდათ განუკურნელი;
ვერ დასცა დარდმა კაცი მორწმუნე, ღვთის მოყვარული, რწმენით ძლიერი,
დარჩენილ ცოლ-შვილს შეჰხაროდა და ვერ ერეოდა ეშმა ცბიერი;

ღარიბი იყო, გაჭირვებული, ხშირად შიმშილით ცრემლებმდინარი,
მაგრამ არამც თუ გულგატეხილი, ოჯახითა და ღმერთით მდიდარი,
გამრჯე, მშრომელი გახლდათ ყოველმხრივ, დაუზარელი, გაუტეხელი,
თუმც გაჭირვებას თავს ვერ აღწევდნენ, ვალები ჰქონდათ დაულეველი;
                                                           ***
მეორე კაცი ურწმუნო გახლდათ, თუმც შეძლებული, ფულით მდიდარი,
თანამდებობის პირი, მექრთამე, მექალთანე და მოქეიფარი;
ჯან-ღონით სავსე, უცოლო, კენტი, ძმაკაცებისგან განუყოფელი,
დროსტარებასა და ღრეობაში გაჰყავდა მისი წუთისოფელი;

სულ ახალგაზრდა, გახლდათ, ჯეელი, ოცდაათ წლამდე არმიღწეული,
მისი სახლიდან ხშირად ისმოდა, სიცილ-ხორხოცი ღამისეული;
ხან ღამის კლუბში ხარჯავდა ფულებს, ხან რომელ ბარში და ხან რომელში;
ხან რესტორანში ათევდა ღამეს, ხან კაზინოში და ხან ბორდელში;

კეთილიც იყო და ხელგაშლილიც, ფულს აქეთ იქით აპნევდა მუჭით,
ოღონდ მიეღო რაც სურდა გულით, ოღონდ გაევსო სახრავით კუჭი;
ბევრჯერ უცდია, მეზობლისთვის მიეცა ფული, დახმარებოდა,
მაგრამ მორწმუნე არ კადრულობდა, მის ბინძურ ფულებს გაკარებოდა;

ისედაც მწყრალად გახლდათ ორივე, ურთიერთობაც რომ არ ეთქმოდა;
განსხვავებულებს არსით, ცხოვრებით, ერთმანეთისაც არა ესმოდათ;
ასე ცხოვრობდნენ წლებია უკვე, არ აწუხებდათ ერთ-ურთის ბედი,
არა უნდოდა პირველს ღვთის გარდა, ხოლო მეორეს ქეიფის მეტი.
                                                    ***
მაგრამ, ვაი, რომ ბედი მუხთალი, არ მოასვენებს არავის ისე,
რომ არ გამოსდოს კაუჭი ფეხში, ზოგს ხელს მოუგრეხს და ზოგსაც კისერს;
განა ვისა აქვს ცხოვრება მშვიდი, გარეშე მძიმე განსაცდელისა?
ვინ არის მუდამ გალაღებული ან ნებიერი განა ღმერთისა?!

ასე ყოფილა ჩვენი სიცოცხლე - ტკივილითა და ცრემლებით სავსე,
თუმც განსაცდლებს ისევ და ისევ ჩვენთვის ძვირფასთა სიცოცხლე ავსებს;
მაგრამ ყველაფერს, ამ ქვეყანაზე, ჰქონია თურმე თავი და ბოლო;
ზოგი თუ უძლებს თვით სიკვდილამდე, ზოგიერთს ერთიც ეყოფა მხოლოდ.
                                                       ***
კაცს ერთი შვილი რომ არ ეკმარა, მალე მეორეც დაკარგა, კარგი;
მერე მესამეც მიყვა უეცრად...და ცოლსაც გულმა უმტყუნა დარდით;
დამთავრდა უცებ კაცის ცხოვრება...და რეკავს გლოვის ათასი ზარი;
დაკარგა მისთვის აზრი სიცოცხლემ და ღვთის რწმენასაც გაუჩნდა ბზარი;

როცა ტკივილმა გული გაგლიჯა, როცა ჩაუჯდა სისხლსა და ძვალში,
რომ აღარ დაშრა ცრემლებისაგან და სულ ჩაუქრა სინათლე თვალში,
სულგადაღლილი, გულდათუთქული, დგება მუხლებზე კაცი ეული
და უფლის ხატთან, თავაუღებლად, იწყებს საუბარს ცრემლმორეული:
                              
„ღმერთო ძლიერო, დაუსაბამო, უსასრულოვ და მარადმყოფელო,
მამაო, ძეო, სულო წმიდაო, წმიდა სამებავ განუყოფელო;
შენი ცოდვილი შვილი მოვედი - სულით ცოცხალი, გულით მომკვდარი;
შენ კარგად იცი, ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ყოფილა, ოდეს, მომხდარი;

ღმერთო მაღალო, ნუთუ როდისმე მიღალატია შენი რწმენისთვის?
რატომ დამსაჯე ერთგულებისთვის, სიმდაბლისათვის, ბევრის თმენისთვის?!
რა დაგიშავე ასეთი ნეტავ, ჩემი ოჯახი რატომ გაწირე?
რად მომაყენე ტანჯვა ამდენი, და ასე მწარედ რად ამატირე?

მე შეიძლება ბევრჯერ შეგცოდე, ცოდვები მქონდეს ათასჯერ ათი,
მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს რაღას ერჩოდი, რატომ წამართვი სიცოცხლე მათი?
მე რად დამტოვე, რად გამამწარე, რად მომაყენე ჭრილობა სულში?
ჩემი სიცოცხლეც წაგეღო ბარემ, მე რად დამინდე, რა გიდევს გულში?

იობსაც ბევრი წაართვი თითქოს, თუმც მადლიც ბევრი გაიღე მისთვის, 
მე ხომ იობი არა ვარ ღმერთო, რაღას ველოდო, ვიცოცხლო რისთვის?!
შენ ჩემს მეზობელს წყალობდი მუდამ, არ უგემია სიმწარე ვალის,
დროსტარებაში გაჰყავს სიცოცხლე, არ მოკლებია ღვინო და ქალი;

შენ კი, რატომღაც, მე მსჯი, გათანგულს, მას არ აკლია ჯანი და ფერი;
მძიმე ცოდვებში ჩაფლულს, დღედაღამ, არ მოკლებია ერთი თმის ღერიც;
როგორ მოგენდო, როგორ მჯეროდეს? ღვთის სამართალი სად არის, რაში?
უსამართლობას რომ ხედავ ამდენს, შენ როგორ რჩები გულგრილი მაშინ?!

შენი იმედი მქონდა მარადის, ეჰ, განსაცდელებს ვიტანდი რამდენს,
ეხლა დაკარგა სიცოცხლემ აზრი, ტკივილებს როგორ გავუძლო ამდენს?
რაღაა ჩემი ცხოვრება აწი, რა მიხაროდეს? - მითხარი ერთი,
სად არის ჩემი მიმტევებელი, მოსიყვარულე, მოწყალე ღმერთი?!“

მწარედ კვნესოდა, მძიმედ მოსთქვამდა, ცხარედ ტიროდა კაცი ჭაღარა;
გულში იცემდა სიმწრით მუშტებს და აღარ სჯეროდა ღმერთის, აღარა;
მერე ნელ-ნელა ხელი აიღო ხატზეც, ლოცვაზეც, ეკლესიაზეც;
აღარ ფიქრობდა სასუფეველზე, არც ჯოჯოხეთის მტანჯველ წყვდიადზე;

ჭიქა არაყზე ფიქრობდა მუდამ, თუ სად დალევდა დღესა და ხვალე; 
გაყიდა, თუ რამ გააჩნდა კიდევ და სამსახურიც დაკარგა მალე;
დალასლასებდა უგონოდ მთვრალი, არ ფხიზლდებოდა დღისით და ღამით,
მათხოვრად იქცა, არყის ფულისთვის მიწაზე ეგდო პატარა ჯამით;

დღე დღეს მისდევდა, საათი საათს, გალოთდა კაცი, მიადგა კიდეს; 
არც მეგობრისა ესმოდა რამე, არც ნათესავის, თუ ყავდა კიდევ;
თუკი საყვედურს ეტყოდა ვინმე, თუ მიმართავდნენ სიბრაზეს მისკენ, 
„უფლის სამართალს“ დააბრალებდა და აიშვერდა ცერა თითს ცისკენ:

„არა ჰქონია ღმერთს სამართალი, ლოთსა და მპარავს შორიდან უვლის;
მე კი წამართვა თუ მყავდა ვინმე, ვინც კი ძვირფასი გამაჩნდა გულის;
რადგანაც სწყალობს მეძავებს, ლოთებს, დაივიწყეთო, რაც ვიყავ ძველად;
ნუღარ მეტყვითო საყვედურს მაშინ, დამანებეთო თავიო, ყველამ“;

ხოდა ანება სუყველამ თავი და ჩაიქნიეს საწყალზე ხელი;
...და დარჩა კაცი სრულიად მარტო, ღვინის და არყის უზომოდ მსმელი;
ერთ ღამეს, თურმე, საკუთარ სახლში, სმით, ისევ, საზღვარს გასცილებია
და სიგარეტით ხელში, უგონოს, ღრმა ძილით მალე ჩასძინებია;
                                                        ***
„ურწმუნო“ კაცი ხმაურზე შეკრთა, სადარბაზოში ვიღაც კიოდა, 
გააღო კარი და ელდა ეცა - მეზობლის კარებს კვამლი სდიოდა;
როცა ვერ შეძლო კარის შემტვრევა, სხვა გზა არ დარჩა, რისკზე წავიდა,
სწრაფად ავარდა ზემო სართულზე და აივნიდან დაბლა ჩავიდა;

ცეცხლი ეკიდა ირგვლივ ყველაფერს, მაგრამ სანამდე ძალა შესწევდა,
წინ მიიწევდა ნაბიჯ-ნაბიჯ და თავის მეზობელს ხელით ეძებდა;
საძინებელში მიაგნო ბოლოს,  არ მოსდებოდა მას ცეცხლი ჯერაც,
მძლავრად მოხვია ხელები კაცს და იქვე ფანჯარას მიაპყრო მზერა;

სწრაფად გააღო სარკმელი მინის, მაღალი იყო, მიწამდე შორი,
„ქვედა სართულზე მომეშველეთო, მანდ მჭირდებითო, ერთი ან ორი“;
ფრთხილად ჩასჭიდა ხელებში ხელი, დაუშვა მძიმედ, სიფრთხილით ისევ;
იქ დაუჭირეს ფეხები, წელი და შეიყვანეს მშვიდობით ისე;  

გადარჩა კაცი, გადაარჩინეს, ჰაერს სუნთქავდა მძიმედ და ხარბად;
გაბრუებულს და ლამის მძინარეს, თავი სიზმარში ეგონა ალბათ;
რას დასტრიალებს ამდენი ხლხი? - ვერა გაეგო, არა ესმოდა;
ზემოთ კი მისი გადამრჩენელი თავგამოდებით სიკვდილს ებრძოდა;

ფანჯრიდან ვეღარ გადავიდოდა, ვერ მიწვდებოდნენ, კარგად იცოდა;
კარების გახსნაც აღარ შეეძლო, რადგანაც უკვე ისიც იწვოდა;
ვეღარ სუნთქავდა, ხველა ახრჩობდა, ცეცხლს უკვე ვეღარ ერიდებოდა,
თავადაც უკვე ზურგსა და თმებზე ნელ-ნელა ცეცხლი მოჰკიდებოდა;

ისევ აივანს უნდა მიენდოს, სხვა გადარჩენის გზა არ რჩებოდა;
მაგრამ, ვაი, რომ ვერ მიაღწვდა და სიკვდილს უნდა დანებებოდა;
ეჰ, სირენების ხმა კი ესმოდა, მაგრამ ნელ-ნელა ხმები ქრებოდა;
...და ღონემიხდილს და სუნთქვაშეკრულს, უკვე ფეხები ეკეცებოდა;

ბევრი ეცადა, ბევრი იბრძოლა, მაგრამ წყეულს ცეცხლს ვეღარ გაექცა;
გაგუდული და ცეცხლმოდებული, უგონოდ, უხმოდ დაბლა დაეცა;
გონდაკარგვამდე მაინც მოასწრო, სულ რაღაც წამში(გატეხა ნავსი),
უფალს მიმართა, რადგან ხვდებოდა რომ გადარჩენის არ ჰქონდა შანსი:

„მადლობა შენდა, მაღალო ღმერთო, რადგან დამინდე ცოდვილი დიდი,
რადგანაც ასეთს მაღირსე წასვლას, რადგან არ მომეც სიკვდილი მშვიდი;
არ მიცხოვრია სინდისით, რწმენით, ვიცი, არა ვარ არაფრის ღირსი,
შენ კი მარიდე მეზობლის დარდს და გადამირჩინე სიცოცხლე მისი;

შენ იცი, ღმერთო, რომ ჩემს ცხოვრებას არა ჰქონია აზრი და არსი;
...და თუ გაგყავარ, გაგყავარ ისე, რომ სიკვდილს მაინც დაედოს ფასი;
ბოდიში, ღმერთო სიცოცხლისათვის, სიკვდილისათვის კი გმადლობ გულით,
რადგან თუ ვკვდები, დე მოვკვდე ისე, რომ მოყვასისთვის დავლიო სული“
                                                       ***
როცა მაშველთა რაზმი მოვარდა, ცეცხლიც ჩააქრეს, კვამლიც გავიდა;
თუმც გვიან იყო უკვე ყოველი - „ურწმუნო“ კაცი ღმერთთან ავიდა;
ასე დამთავრდა ხანძრის ამბავი, თავი გასწირა „ურწმუნომ“ მყისვე,
დაუფიქრებლად დათმო სიცოცხლე, ხოლო „მორწმუნე“ სუნთქავდა ისევ.
                                                         ***
გონს რომ მოეგო გადარჩენილი, როცა გაიგო, რაც მოხდა ღამით,
წამოიშინა თავში ხელები და მიწას მძიმედ დაემხო თავით;
ცრემლად იღვრება სულდათუთქული, ტანჯვისგან გული სისხლით აქვს სავსე;
ჯერ არასოდეს ჰქონია ადრე სიკვდილის ნატვრა ძლიერი ასე;

უღრმეს სინანულს შეეპყრო სული, თვალწინ დაუდგა ცოდვები თვისი,
ეკლესიიდან არყის ჭიქამდე როგორ დავიდა ცხოვრება მისი;
... და გაიხსენა - არსებობს ღმერთი, ის ერთადერთი, ვინც იყო მხსნელი;
მუხლდაჩოქილმა, კანკალ-კანკალით, ცისკენ აღაპყრო ორივე ხელი:

„ვაიმე, ღმერთო, ეს რა მიქნია, როგორ ვიცხოვრო ამ ცოდვით ნეტავ,
სასო წამერთვა, აღარ ვარ დარდით, ან შენს ხსენებას როგორღა ვბედავ?!
გევედრებიო, გემუდარები, ნუ დამტოვებო წამითაც ცოცხალს,
როგორც გენებოს, ისე დამსაჯე, რა აზრი აქვსო ჩემს ასეთ ყოფას?!

ნეტავი მეხი დამკრავდეს მყისვე, ან ვინმე დანით მიჩეხდეს გულსო,
თავს მოვიკლავდი ეხლავე, აქვე, მაგრამ რა ვუთხრა მეზობლის სულსო?!
როგორ მოვიქცე, რა გზას დავადგე, ნურც გამითენდეს მე უღირსს ღამე,
გემუდარები, უფალო ღმერთო, გთხოვ, მიშველეო, მე ცოდვლის, რამე“;
                                                          ***
მერე, უეცრად ზეცა გაიხსნა, ელვამ გახია ზეწარი ცისა,
ისე გაბრწყინდა ირგვლივ ყოველი, როგორც ნათელი ათასი მზისა;
ღვთის ანგელოზი დაეშვა ციდან, ულამაზესი, უთეთრეს რძისა,
...და მოტირალ კაცს  მკაცრი იერით გამოუცხადა გზავნილი ღვთისა:

„ფეხზე ადექი, ყური დამიგდე, მოდი, გახსენი გულის კარები,
მე ჩამოვედი, რომ მოგიტანო უფლის სიტყვა და დანაბარები;
შენი ყოველი დარდი, ტკივილი, უფალს ათასჯერ მეტად ტკენია;
ყოველი ტანჯვა, კვნესა და ცრემლი ათასჯერ მეტად დაუთმენია;
 
ნუთუ გგონიათ, მეუღლე, შვილი, და-ძმა, მშობელი, ან ვინმე ქვეყნად,
ვინც გინდა იყოს, რამდენიც გინდა, თქვენ უფრო გიყვართ უფალზე მეტად?!
განა ყველასთვის არ ევნო ჯვარზე, განა ყველასთვის არ დასდო სული?
ნუთუ გგონიათ არა აქვს გრძნობა, ნუთუ გგონიათ არ სტკივა გული?!

თქვენ უფლის ზრახვას როგორ გაიგებთ, როგორ გაიგებთ ღმერთის წყალობას?!
ათასი ბრძენიც რომ დასვა ერთად, ვერც კი მიხვდებით უფლის რაობას;
რომ არ ზრუნავდეს, ყოველ წამს, მუდამ, თქვენ არც კი იცით რა გელოდებათ,
ბოროტი როგორ გაგგლიჯავთ უცებ, ხომ არ გგონიათ დაგელოდებათ?

შენი ცოლიც და შენი შვილებიც, სასუფეველში არიან მშვიდად;
იქ ნეტარებენ, რადგან უფალმა შემოუნახა სულები წმინდად;
შენ ხომ არ იცი, შენი შვილები, რას მიაღწევდენ სიცოცხლის ბოლოს?
უფალს რომ დროზე არ გაეყვანა, დანებდებოდნენ დემონებს ბოროტს;

შენ რომ იცოდე მათი სიცოცხლე და რომ იცოდე მათ რა ელოდათ,
დღე და ღამ უფალს შეავედრებდი, ოღონდ როგორმე დახმარებოდა;
დედა კი ბოლოს თავს მოიკლავდა, შთაგონებული ეშმაკის მიერ
და ჯოჯოხეთსაც ჩაბარდებოდნენ ყველა, ვინც გიყვარს შენ ასე ძლიერ; 

გადაგირჩინა ღმერთმა ოჯახი, შენ ეხლა მაინც იცოდე უნდა, 
რადგან ისმინა ლოცვები შენი, ხომ ლოცულობდი შენ მათთვის მუდამ?!
ღმერთმა გარიდა მძიმე ხვედრს ასეთს, ფიქრობს და ზრუნავს შენთვისაც ჯერაც,
დაგინდო, რადგან უყვარხარ ძლიერ, ათასჯერ მეტად, ვიდრე შენ გჯერა;

შენ მეზობელზე კი გეტყვი ამას, რატომ სწყალობსო უფალი მეტად,
რომ განიკითხავ დაუფიქრებლად, რა იცით უფლის განზრახვის ნეტავ?
უფალმა უწყის ყველაზე კარგად, შენი ცხოვრების ყოველი წამი,
მინ იცის, ვის რა მოელის ქვეყნად, რა ელოდება დღისით თუ ღამით;

ადამიანი არ არის მარტო, ერთი ჯაჭვის ხართ რგოლები ყველა,
ერთმანეთისთვის დაბადებული, ხან ზვარაკად და ხანდახან მხსნელად;
უსამართლობას თუ ხედავ სადმე, ნუ საზღვრავ მხოლოთ სმენით და მზერით;
უფალმა იცის ათასჯერ მეტად, ვის როგორ მისცეს ცხონების გზები;

„ურწმუნოს“ როცა ეძახი ვინმეს, იქნებ ჯერ შენი გასინჯო რწმენა?
ეხლა კი კვდები სირცხვილით, დარდით, თურმე გმართებდა სიმდაბლე, თმენა;
უფალმა იცის ვისი სიცოცხლე საით მიმართოს, რატომ და როდის;
ზოგჯერ ყველაზე ცოდვილი კაცი, დასახმარებლად პირველი მოდის;

შენი მეზობლის სიცოცხლე უფალს, ეხლა თუ ხვდები უნდოდა რისთვის?
რომელიც შენთვის გაიღო უხმოდ, თუმც ტკბილი იყო ის ჯერაც მისთვის;
სულ რაღაც წამში იხსნა, ამ კაცმა, ორივე სული - შენიც და თვისიც,
თორემ ჯოჯოხეთს მიჰყავდით ეშმაკს, ორივე ერთად, შენცა და ისიც;

უპირველესად კაცის სიცოცხლე ფასობს უფლისთვის ყველაზე ძვირად,
...და არა ის, თუ რაოდენს სცოდავს, ცოდვებს სიკეთე ამარცხებს ხშირად;
ზოგჯერ სიკვდილი იოლად სწონის მძიმე ცოდვებით ავსებულ პინას;
ვინც სულს გასწირავს მოყვასისათვის, სასუფეველში დაიდებს ბინას;

სულის ცხონება არის მთავარი, სხვა დანარჩენი ამაო გახლავთ,
ათას წვრილმანს რომ ეპოტინებით, იქ რას წაიღებთ უფალთან, მაღლა?!
ბევრს საზრუნავი აღარ ელევა, მთელი ცხოვრება სიმძიმედ აწევს;
ზოგი უაზროდ ფლანგავს სიცოცხლეს, ზოგი სამოთხეს ერთ წამში აღწევს;

ეხლა წადი და მისთვის ილოცე, სანამ სიცოცხლე გიბოძა ღმერთმა,
არ დაგავიწყდეს არც სინანული, ცრემლები ღვაროს თვალებმა შენმა;
ნუღარ შესცოდავ, ნუღარ იგლოვებ, დე, სათნო ეყავ უფალ ცაბაოთს, 
შემოწირული სიცოცხლე კაცის, რომ არ გამოდგეს შენთვის ამაო;

დაიმახსოვრეთ კაცმა ყოველმა, უფლის მცნება და დანაბარები:
ნუ განიკითხავთ ქვეყნად ნურავის, გაუღეთ ყველას გულის კარები;
მით უფრო უფალს, ნუ განსჯით, რადგან, სულაც არ იცით ზრახვანი მისი,
მან უკეთ უწყის, ვის რა სჭირდება, მან უკეთ იცის საქმენი თვისი;

ღმერთის განკითხვა დიდი ცოდვაა, ვინ მოგცათ, ცოდვილთ, ამის უფლება?
განა ყველაფერს უნდა ბედავდეთ, რადგან გებოძათ თავისუფლება;
მაგრამ თუ მაინც გულს შეისვარებთ, თუნდაც, სულ მცირე საყვედურებით,
მაშინ იწყება სულის დაცემა და უფალს ნუღა დაემდურებით“.

თქვა და უეცრად გაქრა ყოველი, გაქრა ნათელი ათასი მზისა,
გაუჩინარდა მაცნე უფლისა, ღმერთს დაუბრუნდა ფერია ცისა;
გაოგნებული, გაბრუებული, მადლობდა კაცი უფალ ღმერთს გამჩენს:
„რატომ ვარ ღირსი ასეთი მადლის, რატომ მწყალობო უფალო ამდენს“. 
                                                      ***
ცის კამარაზე მთვარე დაცურავს, მზეს ელოდება დარაჯი ღამის,
მზე კოხტაპრუწობს ქალწულისავით, სულაც არ ჩქარობს, გათენდა ლამის;
სძინავს სუყველას, ჯერ არ მოსულა სულ ბოლო სიზმრის ზმანება მკრთალი, 
სადღაც კი ბერი ლოცულობს ცრემლით, ცივ კელიაში ხატის წინ მდგარი;

ერთ-ერთ შორეულ მთის მონასტერში, ერთი მოხუცი ბერი სახლობდა,
მისი სიმდაბლე ბევრმა იცოდა, მისი სიკეთით ბევრი ხარობდა; 
მაგრამ არავინ იცოდა, ბერი სინანულისგან როგორ იწვოდა,
მისი განვლილი ცხოვრების წლები, მხოლოდ უფალმა ღმერთმა იცოდა
                                                    ***

ასე დამთავდა ესე ამბავი, ასე დამთვარდა ზღაპარი ჩემი,
დასკვნის მაგივრად ორ სიტყვას  გეტყვით, თავს არ შეგაწყენთ ზემდეტი რჩევით;
უფლის განმკითხელს არა აქვს ჭკუა, მის უგნურებას არ აქვს საზღვარი,
ეშმაკი გახლავთ ასეთ კაცის დამრიგებელი და წინამძღვარი;

განა შიშვლები არ ვიბადებით, განა მოგვყვება შობისას რამე? 
განა ვინ იცის ღმერთზე უკეთეს, ვის დღე დაუდგეს, ვის კიდევ ღამე?
უფალმა შექმნა კაცი ყოველი და განუსაზღვრა სიცოცხლე წლებით,
მან უკეთ იცის ვინ აქ დატოვის, და ვის გაუძღვეს სიკვდილის გზებით;

თიხამ მეთუნე როგორ განსაჯოს, დოქს ყურს მოაბამს ასე თუ ისე?!
ზოგ ნახელავს თუ შემოინახავს, ზოგს დაიწუნებს, დაამტვრევს მყისვე;
ასეა ღვთისთვის ადამიანიც, ქმნილებანი ვართ ყველანი მისი,
საკუთარ თავში ნაკლს რომ ვერ ვხედავთ, ხშირად გვიზიდავს განკითხვა სხვისი;

უფალს მივაპყროთ, ღმერთს და მაცხოვარს, ჩვენი ფიქრი და ჩვენი გონება,
ჩვენ მეგობარი უფალზე მეტი, აღარასოდეს არ გვეყოლება;
ნუ განვიკითხავთ მეზობელს, მოყვასს, ღვთის შვილები ვართ ძვირფასი ყველა,
სწორედ განკითხვას მოსდევს დაცემა და ანგელოზიც აღარ გვყავს
მცველად;

მით უფრო უფალს, ყოვლადმოწყალეს, ნუ განვიკითხავთ ნაბიჯებს ღვთისას;
ვით მონა ჭკუით ვერ წვდება მეფეს, ჩვენც ვერ შევწვდებით სიბრძნეებს მისას;
ღვთის სამართალზე როცა ხმას იღებ, ადამიანო, რომ განსჯი მტრულად,
სად გაქვს გონება მცირედი მაინც, უფლის განზრახვას რომ ჩასწვდე სრულად?!

თავად გახლავართ დიდი ცოდვილი, ვერ მოვიშორე ეს შავი ჭირი,
მეც განვიკითხავ შეუჩერებლად და მერე მუდამ ვნანობ და ვტირი;
როგორ დავადო ენას ბორკილი, როგორ დავადო გონებას კლიტე,
რომ არასოდეს ამ ქვეყანაზე არ გავნიკითხო არავინ კიდევ?!

ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ ვმედიდურობთ ტარტარა ენით,
განსაცდელები გულით მივიღოთ და გადავლახავთ სიმშვიდით, რწმენით;
ვინც კი დაითმენს ბოლომდე ტანჯვას, არ დაუფასებს უფალი განა?! 
„გაიხარებსო, ვინც ეხლა ტირის“ - თავად უფალმა იესომ ბრძანა;

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და სასუფევლის გაგხადოთ ღირსი,
მოგცეთ სიმდაბლე, თმენის უნარი, არ მოგკლებოდეთ  წყალობა მისი;
დაე, აღსრულდეს ღვთის  სამართალი, ნურც შეგვეპაროს ეჭვები მასში,
ჩვენ კი მივენდოთ უფალს ბოლომდე და გავიმარჯვებთ ბოროტზე მაშინ.

ღმერთმა დაგლოცოთ !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი