მინიპოემა – ვარდი
მზემ შეუთვალა ვარდს, ტურფას, ცოლად გამომყევ ქალაო, სხივებით კაბას დაგიწნავ, ყინვისგან დაგიფარავო; გაგათბობ, შემოგევლები, ოქროდ დაგიწნავ თმებსაო, დაგატკბობ თაფლად, ბადაგად, აგიცახცახებ მკერდსაო; ჩაგიკრავ, ჩაგეკონები, ვნებისგან მოგგვრი რულსაო, ცისარტყელებზე დაგარწევ და აგითრთოლებ გულსაო; იუკადრისა ყვავილმა წინადადება მზისაო, რად მინდა შენი სხივები, სიცხე, წყურვილი დღისაო?! ვერც ქარისაგან დამიცავ, ვერც სეტვა-წვიმას ამაცდენ, წადი, მომშორდი, სხვა ნახე, დროს ჩემთან ნუღარ გააცდენ; ღამე გაქრები უკვალოდ, მიმაგდებ მარტოდ ეულსა, მე საქმროს ვეძებ, ვაჟკაცსა, ერთგულს და მარადიულსა; მთვარე შეუჩნდა ყვავილსა: გული გამისკდეს ლამისო, მიყვარხარ, ვარდო, გამომყევ, დედოფლად გაქცევ ღამისო; ფეხქვეშ ჩემს სხეულს დაგიფენ, შენ განაცვალებ თავსაო, ირგვლივ ვარსკვლავებს მოგაფრქვევ, გაგიჩირაღდნებ ტანსაო; ხან იავნანას გიმღერებ, ხან სიზმარს ნახავ ტკბილსაო, ციცინათელებს დაგახვევ, გაგილამაზებ ძილსაო; იუკადრის ყვავილმა წინადადება მთვარისა: ღამის დედოფლად სხვა ნახე, მე ნუ მიმიღებ თავისად; როგორ გაბედე, შემკადრე, მე, დედოფლობა ღამისა?! მე დღის პრინცესა გახლავარ, არც მზისა და არც მთვარისა; წადი, გამშორდი, წყეულო, მნათობო ბნელი ღამისა, ვერ ეღირსები თანხმობას, არ ვარო შენო გვარისა; ახლა ნაკადულს მოუნდა ცოლობა ტურფა ვარდისა: ჩემთან წამოდი ლამაზო, არ გახდე მზის და მთვარისა; ყელს გაგიგრილებ მწყურვალეს მარგალიტებით ქარვისა, დაგეპკურები სახეზე, ვითარც მძივები ცვარისა; ფესვებს მოგირწყავ, დაგილბობ, გამხმარს, დალეულს მზისაგან, წარგიტაც-გაგინავარდებ, თავბრუს დაგახვევ წყლისაგან; გაბრაზდა ვარდი ამაყი: ერთი უყურე ამასო, ეგღა მაკლია, გამოგყვე, შენ ჩემი ტოლი რა გაქვსო?! ვერ დავისველებ წამწამებს, ვერც სახეს ტურფას, ლამაზსო, ხომ გავცივდები, მოვკვდები, წყლის საწადელი რა მაქვსო? სჯობს ბალახს სთხოვე ცოლობა, ჩემი სადარი როდი ხარ? ასე თავხედი, მაგ თხოვნით აქ, ჩემთან როგორ მოდიხარ? უცებ ბულბული გამოჩნდა: ჩემი გახდიო ლამაზო, უნდა დაგატკბო გალობით და სიყვარულით აგავსო; არ მემეტები სხვებისთვის, ჩემი მზე ხარ და მთვარეო, ნუ მიენდობი ნურავის, მხოლოდ მე შემიყვარეო; ოქროს სასახლეს აგიგებ, დედოფლად გაქცევ ცისაო, სიმღერით გაქებ, გადიდებ ვით ანგელოზსა ღვთისაო; იუკადრისა ყვავილმა, მიჯნურად ყოფნა ჩიტისა: შენ როგორ უნდა მოგენდო? არც მიწის იცი, არც ცისა; თავ-გზას ვერ აგარევინებ შენი ჭიკჭიკა ენითა, ბევრად უკეთესს ვიპოვი ამ ჩემი მოთმინებითა; წადი სხვა ყვავილს უმღერე, იქნებ იპოვო ტოლიო, ჩემთან ნუ მოხვალ ტყუილად, არა ხარ ჩემი სწორიო. *** კიდევ მრავალი ეცადა, გული მოეგო ვარდისა, მაგრამ ვერავინ მიიღო თანხმობა ამპარტავნისა. *** აი, ზაფხულიც გავიდა, და შემოდომაც დადგაო, ვარდი დაჭკნა და ჩამოხმა, არაფრად აღარ ვარგაო; ჩამოუგორდა ცრემლები: ეს რა დამატყდა თავსაო, ნეტა ყვავს მაინც ვუნდოდე, გინდ ბაყაყს, გინდაც მატლსაო; მაგრამ უშნო და უსუნო აღარ უნდოდა არავის. „ვარდი ტურფაა იქამდე, სურნელება აქვს სანამდის“ *** ასე დასრულდა ამბავი პატივმოყვარე ვარდისა, ეგოისტის და ჯიუტის, ბრიყვის და ამპარტავნისა. *** მარტივი გახლავთ მორალი აქ, ამ უბრალოდ თქმულისა, სულაც არ გახლავთ საჭირო, აქ, ქადაგება ბრძნულისა: ვისაც რომ მეტი ჰგონია თავისი თავი სხვისაზე, ის ვერ მიაღწევს საწადელს, დაენარცხება მიწაზე; ვინც აიმაღლებს თავის თავს, ვინც არ იკარებს არავის, სულს დაიღუპავს და მივა ის ჯოჯოხეთის კარამდის. მოკრძალება და სიმდაბლე გახლავთ მშვენება კაცისა; სწორდ ეს გახლავთ მორალი აქ მოტანილი ამბისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)