წესია ასეთი
ტაძრის წინ ვდგავარ და თავი მაქვს დახრილი, ლოცვებსაც ვკითხულობ, არ მრჩება არცერთი; ჯერ სანამ შევსულვარ, რიტუალს ვასრულებ, რადგანაც, უბრალოდ, წესია ასეთი; შემდეგ კი სანთლებით მივდივარ ხატებთან, თავს ვუკრავ ყველას და ქედს ვუხრი მესიას; მინდა რომ მოვასწრო, იწყება წირვა და... ამ დროს ხომ, უბრალოდ, ასეთი წესია! ჰე, წირვაც დაიწყო, შევყურებ მოძღვარს და წიგნი მაქვს ხელებში, ქცევების მაცნეთი; სულ ვიცი, რის შემდეგ რა უნდა ვაკეთო, ესაა მთავარი, წესია ასეთი! ბიბლიის კითხვისას სანთელიც მინთია, ჩუმად ვარ ისე, ვით თაროზე გაზეთი; მაშ, როგორ გავბედავ, სხვაგვარად მოვიქცე, რადგანაც, უბრალოდ, წესია ასეთი?! გამოაქვთ ბარძიმი, სისხლ-ხორცი უფლისა, მე თავს ვხრი დაბლა, ვით ჯვარცმული მესია; კვლავ ანთებული მაქვს ხელებში სანთელი, ხომ იცით, უბრალოდ, ასეთი წესია?! ზიარებისაც მოსულა ჟამი და ლოცვებსაც არ ვაკლებ სიტყვებით სავსეთი; მივდივარ ბარძიმთან ჯვარედინ ხელებით, ასეა საჭირო, წესია ასეთი! დამთავრდა წირვა და სულ ვფიქრობ იმაზე, ხომ არ გამეპარა საქმნელი არცერთი?! ხომ სწორად ვასრულე ქმედება ყოველი?! მთავარი ესაა, წესია ასეთი! რწმენისა რა გითხრათ? არ ვიცი მაგდენი, არც ცრემლი მდენია, არც დამიკვნესია; ჯერ რიტუალები ვასრულო პირმწინდად, ესაა მთავარი, ასეთი წესია! არ ვიცი, უფალ ღმერთს რა მოსწონს, რა არა, მე წესებს მივყვები სახლშიც და ტაძარშიც; მუხლდრეკებს ვასრულებ, ხატებსაც თაყვანს ვცემ, წირვებსაც ვესწრები ზაფხულშიც, ზამთარშიც; არც თეთრი ყვავი ვარ, არც ურჩი მოხელე, წიგნებში წერია წესი და ადათი; მეც ამათ მივყვები მშვიდად და მორჩილად, ამათით ვცოცხლობ და ვარსებობ ამათით; რწმენისა რა ვიცი, ან სიყვარულისა?! სიმდაბლეც უცხოა, არ ვიცი რა არის; ამაყი გახლავართ და პატივმოყვარე, სიტყვას არ შევარჩენ ზედმეტად არავის; დღეს ჩემნაირებით სავსეა სამყარო, და ქრისტიანებიც კი გვქვია სახელად; მივყვებით ადათებს, წესებს და კანონებს, ნეტავი იცოდეთ, ტვირთი გვაქვს რამხელა; რა მოხდა მერე, თუ ვიღაცას გავკიცხავთ, ვინც რამეს აშავებს, არ ცხოვრობს ჩვენსავით?! განკითხვა კი არა, მხილება ყოფილა, ეს უკვე გავიგეთ, ცხადია მზესავით. *** რა გინდა, რას შფოთავ, რას ეძებ მუდმივად? აგერ გაქვს ტაძარი, მუდამ რომ სავსეა; წადი და ასრულე წესები, რაც არის, სხვა მეტი არც გინდა, მერწმუნე, ასეა; იყავი ისეთი, სხვასაც რომ მოსწონდე, რომ ჰგავდე ქცევებით, მანერით, სახეთი; ცხოვრება ასეა და ასე იქნება, რადგანაც, უბრალოდ, წესია ასეთი; უფალი? არ ვიცი, უფლისა რა გითხრათ, სადა მაქვს ფიქრების მე თავი ამდენი?! მე რაც მევალება, ხომ სწორად ვაკეთებ? აბა, სხვა რა გითხრათ? არ ვიცი მაგდენი. *** უფალი ტირის და ხარხარებს სატანა გრძელდება დემონთა ცეკვა და პარპაში; არავის ადარდებს სულებზე ზრუნვა და ისიც კი, თუ ვის რა აცვია ტაძარში; ვაიმე ჩვენს ყოფას, უმგავსოს, უგვანოს, ვერ გაგვირჩევია ღვარძლი და ხორბალი; რას ვიზამთ წესია დღეს თურმე ასეთი, ასეთი ყოფილა დღეს ბედის ბორბალი; ვის ახსოვს უფალი - ნაგვემი, ნატანჯი, სისხლისგან დაცლილი, ყველასთვის ჯვარცმული?! დღეს მხოლოდ, უბრალოდ, წესია მთავარი, სხვა დანარჩენი კი - აჩრდილი წარსულის. *** რად უნდა მოვიკლოთ გართობა, ღრეობა?! არ დაგვრჩეს ოცნებად სურვილი არცერთი; ვიცხოვროთ ისე, რომ ლამაზად გამოვჩნდეთ, გაიგეთ, უბრალოდ, წესია ასეთი !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)