დავიღალე...
როგორ შემპარვია თმაში თოვლის ფერი, კანზე ნაოჭების ჯარი ულეველი; ღმერთო, რა მოკლეა ეს წუთისოფელი, ...და რა უსაშველო, დაუსრულებელი; როგორ დამიზამთრდა, თითქოს, ასე მალე, ვერც კი მოვასწარი ტკბობა გაზაფხულით; ბევრი ვეცადე და ვეღარ დავემალე წყეულ დაბერებას, სულით დაზაფრული; ნეტავ რომ იცოდე, როგორ მენატრება ის ბავშვობის წლები, ვადაგასულები, დედის ალერსი და მამის მოფერება, ძველი მეგობრები, უკვე წასულები; ღმერთო, რომ იცოდე, როგორ დავიღალე, შენთან მოსვლაც, ალბათ, ასჯერ მინატრია, მაგრამ შევაბერდი ამ ცრუ წუთისოფელს, ...და აღარაფერი აღარ მიხარია; სული სხეულივით ძლიერ დაძაბუნდა, გული დამეღალა, შენთვის შეწირული; რა ამაოა და რარიგ უნაყოფო ზრუნვა ყოველივე ამაქვეყნიური; უკვე იმდენი მყავს, გულით სანუკვარი, შენთან მოსულები, მარად მზისობაში, ისიც აღარ ვიცი საით მირჩევნია, გული შენსკენ მიწევს, მარადისობაში; მაგრამ შიშიც მაფრთხობს, დიდი, უძლეველი, განა ვარ კი ღირსი სულის განახლების?! უღირსს, უამრავი ცოდვით დამძიმებულს, ძლიერ მეშინია შენთან მიახლების; ძალებს მოვიკრებ და კვლავაც მოგენდობი, ჩემო სანატრელო, ჩემო ერთადერთო; როგორც შენ ისურვებ, დაე, ისე ვიყო, იყოს ნება შენი, ჩემო ღმერთთა ღმერთო!!! როგორ შემპარვია თმაში თოვლის ფერი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)