ლოცვა ცოდვილი სულისა


ვერ შევიყვარე მოყვასი, ღმერთი,
გაქვავებულა ეს გული ერთობ;
თუ მაქვს უფლება სურვილის ერთის,
გთხოვ, სიყვარული მასწავლე, ღმერთო!

ამპარატავნება სულს მიღრღნის უღირსს,
ამ სიჯიუტეს ვერაფრით ვერ ვთმობ;
ეს ჩემი თხოვნა რაიმედ თუ ღირს,
გთხოვ, თავმდაბლობა მასწავლე, ღმერთო!

ნეტავ შემეძლოს, ცოდვებით სავსეს,
სირცხვილისაგან სულ ცეცხლი მენთოს;
არ შემიძლია ცხოვრება ასე,
გთხოვ, სინანული მასწავლე, ღმერთო!

თვინიერება მჭირდება წამლად,
მინდა, რომ სინდისს ბოლომდე ვენდო;
დამახრევინე თვალები დაბლა,
გთხოვ, მორჩილება მასწავლე ღმერთო!

გაფანტული მაქვს ფიქრი და გონი,
ამ სიზარმაცემ როდემდე მთენთოს?
უკვე სიცოცხლეც მომბეზრდა მგონი,
გულმოდგინება მასწავლე, ღმერთო!

ხან სულსწრაფობამ დამრია ხელი,
ბევრჯერ გამხვია, უგნური, შარში;
არეულ სულს ხომ სიმშვიდე შველის?!
გთხოვ, მოთმინებაც მასწავლე მაშინ!

უმადურობა ბრიყვთაა ხვედრი,
მზის სიდიადე რა იცის მთვარემ?!
უფალო ღმერთო, ამასაც გვედრი,
მადლიერებაც მასწავლე ბარემ!

თუკი სიმდაბლე არ არის ჩემში.
თუ სინანულით არ მეწვის სული,
თუ მოთმინების არა მაქვს პეშვი,
თუ სიყვარულსაც ვერა გრძნობს გული;

თუკი არაფრად აღარ ვვარგივარ,
თუ სული ჩემი ჯოჯოხეთს ერთვის,
თუკი უაზროდ ვსუნთქავ, დავდივარ,
მაშინ, სიკვდილი მასწავლე შენთვის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი