სონეტი უფალს


მიწა ვიყავი, მიწა გახლავარ, მიწად ვიქცევი,
ვერც ანგელოზად და ვერც წმინდანად გადავიქცევი;
ერთსა გთხოვ მხოლოდ, უფალო ღმერთო, არ გამიბრაზდე,
შენ რომ გიყვარვარ, იმ სიყვარულით მსურს, რომ მიყვარდე!

ერთი წამითაც რომ არასოდეს გადამიყვარდე,
ჩიტის ბარტყივით ბუდიდან რომ არ გადაგივარდე;
ყოველ უჯრედში, გულის ფეთქვაში გგრძნობდე, გხედავდე,
რომ შენს გარეშე ამოსუნთქვასაც ვერა ვბედავდე!

ეჰ, მაპატიე, ღმერთო, უგუნურს, ბევრი გავბედე,
დანაშაულად, გთხოვ, ნუ ჩამითვლი ამ სითავხედეს!
დაჭრილი შველი წყაროს მიელტვის, როცა სწყურია;
ნატვრაში მაინც მიყვარდე ისე, როგორც მწყურია!

...და თუკი მაინც ჩემი სიტყვები ზღვარს გადადიან,
დაე, მიყვარდე, შენს გულს, უტკბილესს, როგორც სწადია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი