ერთსტროფულები 1


ანკარა ცრემლი წყაროსავით ცივი როდია?
ჩუმად დაღვრილი წმინდა არის, როგორც სანთელი;
წრფელი გულისთვის სიყვარული მძიმე ლოდია
და სანატრელი, ვით ზაფხულში თოვლის ფანტელი.

ვიდრე ბოლოჯერ დავხუჭავ თვალებს,
ვიდრე უფალმა სხეულს გამყაროს,
გავაღებ გულის პატარა კარებს 
და შიგ ჩავატევ მე მთელ სამყაროს...

თავისუფლება სულის ხვედრია, 
სხეულს არა აქვს ამის უფლება, 
გონიერები უფალს ვედრიან, 
მხოლოდ ღმერთშია თავისუფლება...

დედაა ჩემი ნუგეში, სიხარული და სევდა; 
დედის ამაგს და სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვხედავ; 
დედის გარეშე სამყარო რა იქნებოდა ნეტავ? 
დედა ჰყავს ცას და მიწასაც, თავად ღმერთსაც ჰყავს დედა...

ყოველ სუნთქვაში იესოს ვხედავ, 
გული მიფეთქავს, გული საუფლო;
ღმერთო, შემინდე, ამას რომ ვბედავ,
მე ჩემს ფიქრებში შენთან ვსაუბრობ...

ხშირად მოდის განსაცდელი სულის, ხორცის ტკენით,
მაგრამ ყველას გადავლახავთ იმედით და რწმენით;
ზოგჯერ ცაც კი მოქუფრულა, მოღრუბლული დღეა,
მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ღრუბლებს იქით მზეა... 

„ადამიანი ფასდება თავის კაცობით, ქალობით
და არა იმით, რა ერგო გვარით და შთამომავლობით“.
„სიცოცხლე არ იზომება წლებით, რაც დროის წესია,
არამედ მხოლოდ სიკეთით, რაც სხვისთვის დაგითესია“ 

თუ ვინმე ნახოთ მშიერი, გაჭირვებული, საწყალი,
გულით გაეცით სიკეთე, ნატეხი პური და წყალი;
პური როდია მთავარი, მთავარი არც წყლის ჭიქაა.
"ნუ მიატოვებთ განწირულთ, იცოდეთ, ღმერთიც იქაა"

„გენიალობა არ გახლავთ მრავალ სიტყვათა შენება,
ფრაზების კორიანტელი, ამაო მჭერმეტყველება,
არამედ უბრალოებით გამოხატული დიდება,
დროზე, ზუსტად და ლამაზად ნათქვამი ჭეშმარიტება“

თუკი სურვილი რამე გინდება,
თავად ღმერთისგან ნება გჭირდება;
„რაც უფალს გულში არ უწერია,
იმას ახდენა არ უწერია“

თავშკავება ოდითგან ღმერთის მცნებაა ნათელი,
ხორცმა იტანჯოს ჯობია, რომ სული იყოს ჯანმრთელი.
ხორცის სურვილით ცხოვრება იწვევს ცოდვების მატებას,
ხოლო რაც სხეულს აკლდება, იცოდე სულს ემატება.

ხარბი და წუწკი კაცისთვის ქვეყნის სიმდიდრეც ნოლია,
ათასი ოქრო რომ მისცე, ფეტვის მარცვალის ტოლია;
ხოლო კეთილი კაცისთვის უბრალო შუშაც ბროლია,
სულ ერთი ფეტვის მარცვალი ათასი ოქროს ტოლია.

ზოგჯერ ერთი მცირე ფრაზა უფრო მეტის მთქმელია,
ვიდრე ვინმე ორატორის ლექციისგან ელიან;
მჭერმეტყველის ნიჭი ყველგან დიდი სიბრძნე როდია?
ზოგჯერ სულაც მდუმარება მეტი სიბრძნე მგონია.

სიბრძნე არ არის ყოველი, რაც  ჭკუას მოეგონება,
ასი ნათქვამი ფრაზიდან ერთი თუ წვდება გონებას;
სიბრძნე სადაა, უბრალო, ყველას გულს მოეფონება,
როდესაც ერთი ნათქვამი ასს ერთად მოეწონება.

ხმლის ქნევა და ცხენის მარჯვედ ჯირითი, 
სულ ყოველთვის ვაჟკაცობა როდია?
ზოგჯერ ბევრად სუსტი, ნაზი არსება
დევკაცებზე  ძლიერიც კი მგონია.

ის, რასაც ხშირად ბევრი ამოწმებს,
სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებას,
ზოგჯერ სიმართლე სწორედ იქ არის,
სადაც არავის დაესიზმრება.


ადამიანის სხეული მონობს სურვილს და წადილსა,
სული კი საზრდოს დაეძებს, ღვთისთვის სათნოს და ნამდვილსა;
ძნელია თავი შენახვა სინდისის უკაწრავადა.
„სხეულს იოლად გააძღებ, სულს – ნურას უკაცრავადა.

ენა სინდისის გარეშე კაცისთვის დიდი მტერია,
სულს ჩაფრენილი სატანა და ბოროტების ფერია;
მაგრამ  თუ პატიოსნებას შეერწყა და შეერია, 
მასზე ძლიერი დამხმარე ამქვეყნად არაფერია.


წვეულებაზე არ დაგიძახეს?
სულაც არ გახლავთ ეს გადამწყვეტი,
როცა უჭირთ და არ მოგმართავენ, 
სწორედ ეს არის გულდასწაყვეტი.

კეთილშობილი ის კი არ არის, ვისაც ენდობა ვინმე გულითა,
ვისაც უმხელენ გულის ნადებს და ეგებებიან სიხარულითა,
არამედ, ვგონებ, ის უფრო გახლავთ, ვინც სხვას ეპყრობა ნდობით სრულითა,
ვისაც ღიაა აქვს გულის კარები, სავსე მოყვასის სიყვარულითა.


კაცი კოჭლი, ხეიბარი ღმერთთან უფრო ადრე მიდის,
რადგან სხვას ფეხს არ დაუდებს, მან ტკივილის ფასი იცის;
ჯანმრთელი და კუნთმაგარი, ვერ გაიგებს სხვის ცრემლს, კივილს,
სანამ თავად არ განიცდის სნეულების მწარე ტკივილს.

უშიშარი მაშინ არის საქებარი ვაჟკაცი,
მაშინ არის ჭეშმარიტად გულადი და მამაცი,
თუ არ არის ყოყლოჩინა, ქედმაღალი, ცბიერი,
კეთილია, თავმდაბალი, მხნე და გულისხმიერი.

„კარგ მთქმელსო კარგი გამგონი უნდაო“- გამიგონია
ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ მე ასე მგონია -
მთავარი არის რას იტყვი და არა ვინ რას მიხვდება;
კარგი გაგება არ ნიშნავს ნათქვამის ჭეშმარიტებას.

ის კი არ არის მთავარი, რას იტყვი ასო–ბგერებით,
თავს მოიწონებ თუ არა სიბრძნით და მჭერმეტყველებით;
მთავარი არის, ნათქვამში ჭეშმარიტება ერიოს,
სიყვარულის და სიკეთის მარცვალი გამოერიოს.

ღმერთის გარეშე ყოფნა რთულია,
მთელი ცხოვრება დაზაფრულია;
მაგრამ თუ გულში სიყვარულია,
მაშინ სიცოცხლე გაზაფხულია.

ქალის მშვენება სხივდება მისი სითბოთი გულისა,
ჰარმონიული ერთობით სხეულისა და სულისა;
და არა მკერდის სიშიშვლით, მოკლე და ვიწრო კაბითა,
სუნამოს სურნელებით და უწესო გრეხვა-პრანჭვითა.

იმას ნუ ფიქრობ, ძმობილო, თუ რა სახელი დაგრჩება,
როცა სიკვდილი მოაწევს, როცა სიცოცხლე მორჩება,
არამედ გიჯობს, იფიქრო, როგორი კაცი იყავი, 
სანამ, ღვთის მადლით, სუნთქავდი, ვის რა სიკეთე უყავი.

უგუნური ცოტას ფიქრობს, ბევრს ტლიკინებს ენითა,
გონიერი ბევრს ფიქრობს და ცოტას ამბობს, თმენითა;
ყველამ კარგად მოუსმინეთ, ვინც ლაყბობის მქონეა
და მიხვდებით, გრძელი ენა რა სიბრიყვის დონეა.

ბრიყვი ის კი არ გეგონოთ, ვინც ცრუა და ავია,
ვინც უტიფრად იძახის, რომ თეთრი თურმე შავია;
ვისაც სჯერა, რომ ასეა, ის თავისი მტერია,
თეთრს შავისგან ვინც ვერ არჩევს, ბრიყვია და შტერია.

ახლობელს თუ რამე არგე, ნუ თვლი უფლისმიერად,
ცხოველებსაც უყვართ თვისი, ხშირად უფრო ძლიერად;
სხვა გიყვარდეს არა ნაკლებ, ეს უფროა მთავარი,
უწილადო გული წრფელი, სიყვარულით გამთბარი.


გარდაცვლილს ხშირად იმდენს აქებენ, ხოტბას ასხამენ სახით მწუხრითა,
რაც სიცოხლეში არ გაუგია, არც მეგობრისგან და არც სხვებისგან;
...და რომ შეეძლოს მკვდრეთით აღდგომა, გაცოცხლდებოდეს თუნდაც წუთითა,
ვერ გაუძლებდა გული ამდენს და კვლავ მოკვდებოდა გაკვირვებისგან.

თუ კაცი არ იმსახურებს, სჯობს, ნუ შეამკობთ ქებითა
და ნურც ტყუილად გალანძღავთ, ნუ შეურაცხყოფთ ენითა;
ორივ ერთია, ძმობილო, როგორც ქმარი და ცოლია,
რადგან ცრუ ქება უღირსი შეურაცხყოფის ტოლია.

მართლა ისე რომ ხდებოდეს, როგორც ნათქვამს უხდებოდეს,
სადღეგრძელო ღვინით თქმული სიტყვა - სიტყვით სრულდებოდეს;
მეორე დღეს ზოგიერთებს, ვგონებ, სიტყვა უწყდებოდეთ,
ბოღმისა და შურისაგან ლამის გული უსკდებოდეთ.

უსიყვარულოდ სიკეთეს ფასი არა აქვს, ნულია,
აღარც მადლი აქვს რაიმე, უღმერთოდ დაკარგულია;
უწყლოდ გაზრდილ ხეს წააგავს, გამხმარს რომ არად აგდებენ,
მერე რომ ჭრიან შეშად და ღუმელში ცეცხლად ანთებენ.

დიდებულ ადამიანებს, ხშირად, "ვერ ვცნობთ" და "ვერ ვხედავთ", 
გვერდით გვყავს, მაგრამ შურისგან ხმის ამოღებას ვერ ვბედავთ;
ამპარტავნება არ გვიშვებს.(ასე იყო და იქნება);
მერე კი მათზე მითები და ლეგენდები იქმნება.

ხშირად და დაუსრულებლად უღირს კაცუნებს აქებენ,
მათზე სიცრუით აღსავსე მითებს და ზღაპრებს აგებენ;
დიდკაცის ქება ზედმეტი აბა რა საკადრისია?
დიადი კაცის სახელის ხსენებაც საკმარისია.

ვინც მოყვასს ლანძღავს  აგინებს, ეს უფრო მისი ნაკლია,
რადგანაც სითბო, სიკეთე  და სიყვარული აკლია;
და არა უფრო იმისა, ვინც მსხვერპლი გახდა ლანძღვისა,
თუნდ ჰქონდეს დანაშაული, გინდ ღირსი იყოს ამისა.

გიყვარდეს ვინმე, კარგია, გულ – სიმთა ახმოვანება,
თუმც, სასურველი არ გახლავთ ზედმეტი აღფრთოვანება,
რადგან იმედი, ოდესღაც, თუნდაც მცირედით რომ წახდეს,
სავსებით დასაშვებია, ზიზღის მიზეზიც კი გახდეს.

თუკი სიცრუე სიკეთეს, სიყვარულს და სათნოებას
ემსახურება და არ აქვს სინდისთან უთანხმოება, 
გამართლებული მგონია ტყუილი კეთილშობილი,
თუმც ცოდვა არის მაინც და ეშმაკისაგან შობილი.

თუ ვერ ვახერხებთ ვერაფრით მოყვასის დახმარებასა,
ენა ხომ მუდამ თან გვახლავს, წინ რაღა უდგას ნებასა?
ზოგჯერ ღიმილს და ტკბილ სიტყვას, გამოსულს წრფელი გულიდან 
ათასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე სარგებელს ფულიდან.

ქართული სუფრა არისო, ამბობენ, აკადემია;
მასზე მოისმენთ სიბრძნეს და სიმღერებს მრავალხმებიანს;
თუმც, ხშირად, პატივმოყვარე კაცების კვეხნის, ქადილის,
ტრაბახის, მლიქვნელობის და სიცრულის გახლავთ ადგილი.

ღვინო ნელ–ნელა მიიწევს ადამიანის ტვინისკენ,
ჭკუა–გონებას ართმევს და კვლავ ექაჩება ღვინისკენ;
ბოლოს კი, როცა უგონოს მოაქცევს თავის დილეგში,
გამოაჭენებს „დიდებით“, რაც არის სინამდვილეში.

შესაკრავად მოუცია უფალს ღილი ქალისა,
არა მხოლოდ შესახსნელად, გამოფენად ტანისა; 
მაგრამ, ვისაც ეს არ ესმის, მისი სული სნეული
ისეთივე შიშველია, როგორც მისი სხეული.

სიმდაბლეს და მოთმინებას ვერ შეადრი ვერაფერს,
მაგრამ ისიც იცოდე, რომ საზღვარი აქვს ყველაფერს; 
დღეს თუ წკიპურტს არტყმევინებ, ვინც არის თუ იქნება,
ხვალ რომ პანღურს ამოგარტყამს, ნუღა გაგიკვირდება.

ვისაც ადგას უნაგირი ძვირფასი და ლამაზი,
განა ყველა მარდი გახლავთ, ერთგული და მამაცი?
ზოგისთვის ხომ უნაგირი მხოლოდ მძიმე ლოდია,
შეკაზმული ყველა კარგი ბედაური როდია.

ვინ ცხოვრობს ისე, ღირს ეყოს უფლის სავანის დიდებას?
ვინ დაურიგებს უპოვართ, მთელ თავის ავლადიდებას?
ასეც რომ ვინმე მოიქცეს, გიჟად შერაცხენ ვირები,
და იცით ვინა? ყველაზე უახლოესი პირები.

ნეტავ, ყველა ქვეყანაზე სიყვარულით ბერდებოდეს,
რაც კი მისთვის საჭიროა, ყველა იმას ჯერდებოდეს, 
არ ინდომოს მეზობლის და არა შურდეს, ნეტავ, სხვისა,
დაივიწყოს სიხარბე და ასრულებდეს მცნებას  ღვთისა.

დღეს სამწუხაროდ სიცოცხლე კვდება, სრულდება ტკივილით,
სიკვდილი ცოცხლობს, ხარობს და მიყავს სულები კივილით;
ბედნიერია ის კაცი ვინც იმ ზღაპარში მოხვდება,
როცა სიცოცხლე იცოცხლებს, ხოლო სიკვდილი მოკვდება.


წინაპრებით ქედმაღლობა გახლავთ დიდი უმეცრება,
ისე როგორც ფერის გამო უგემური ღვინის ქება;
გენებს თუ რამ კარგი ახლავს, სატრაბახო, საქებელი,
 დაიხსომეთ, რომ ჩვევებიც თან მოყვება მავნებელი.

უზომოა მადლი ღვთისა, უსაზღვროა ძალა მისი,
ისეთ რამეს გაპატიებს, თავად იცი, არ ხარ ღირსი;
მხოლოდ ღმერთი მოგვიტევებს და შეგვინდობს მრავალ ცოდვებს, 
რასაც ზოგჯერ ახლობლები არ იზამდნენ არასოდეს.

ტაძრის კარი ღიაა და ანგელოზნი მღერიან,
მოსაწვევიც ყველას გვერგო, სიხარულით გველიან;
თუმც მოხვედრა ყველას უჭირს, მამრია თუ მდედრია,
ბევრი ცდილობს, მაგრამ შესვლა ერთეულთა ხვედრია.

ვინც ფიზიკურ საგანძურებს აგროვებს და მალავს,
ის სულიერ სიმდიდრეებს უმოწყალოდ ფანტავს;
ხოლო ვინც მათ წრფელი გულით ავრცელებს  და გასცემს,
მისი სული მდიდრდება და ღვთის გულამდე აღწევს.

სიბრმავეს ან კოჭლობასაც რა თქმა უნდა ნაკლად თვლიან,
მაგრამ მხოლოდ სიკვდილამდე თუ მიყვება ადამიანს;
ხოლო სულის ხეიბრობა უფრო მეტად სატკენია,
მასზე უფრო დიდი ნაკლი ძნელი წარმოსადგენია.

საოცარია კაცის გონება, რას არ იგონებს, რას აღარ შექმნის?
ნეტავ სასწორსაც მოიგონებდეს, ჯერ არ მოგონილს და ჯერ არ შექმნილს;
ისეთი ძალის, რომ ყოფილიყო ყველა სიმძიმის ისე მძლეველი,
დამძიმებული სულის აწონვა რომ ყოფილიყო შესაძლებელი.

გულწრფელი სინანულია კაცისთვის ღმერთის მხმობელი,
მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, მიეტევება ყოველი;
მხოლოდ უფალმა იცის და მისი ნებაა ასჯერად,
ვის მიუტევებს ცოდვებს და  ვის რას არგუნებს სასჯელად.

ვინ დათახმდება პირობას, ვინ არის ის სულიერი,
სულის სიწმინდის მიხედვით რომ ჰქონდეს სახის იერი?
რაღა თქმა უნდა არავინ, თუნდ ღმერთს ეთხოვა ზემოდან,
ეს ქვეყანა ხომ უმალვე, გონჯებით გაივსებოდა.

მთელ სამყაროს ეყოფოდა ენერგია მარტო მზისა,
რათა ეგრძნო სიმშვიდე და სიხარული სიცოცხლისა,
მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, კაცთა მოდგმა უდიერი,
არ აღმოჩნდა ამისათვის საკმარისად გონიერი.

საოცრად ზუსტად შექმნა უფალმა ადამიანის აგებულება,
სრულყოფიელება სრული და მხოლოდ გონებას მისცა  თავისუფლება;
ის კი არათუ ამ ტაძარს ანგრევს, არ უფრთხილდება რაც სწამს და უყვარს,
ანადგურებს და ბილწავს ყველაფერს, რაც შეუქმნია კაცისთვის უფალს.

ომი თავშივე საზიზღობაა და იმსახურებს გასამართლებას,
თუნდ ბევრის გამო მცირეს გაწირვას არა აქვს აზრი, არც გამართლება;
არავინ იცის, ღმერთი რას ფიქრობს, ვის რა ფასს ადებს თავის გაჩენილთ;
მათი სიცოცხლე, ვინც გაიწირა, იქნებ ჯობია ცოცხლად დარჩენილთ ?..

ვერ მოყავსო ერთ მერცხალს გაზაფხული ლამაზი,
არ ამოვლენ იები არც ბარში და არც მთაში;
ვერ მოიყვანს ვერც ასი და ვერც გინდაც სამასი,
თუ დროზე არ მოფრინდნენ, თუ მოფრინდნენ ზამთარში.

სიყვარული და ბიბლია ისეთი ძმები არიან,
ვის ერთმანეთის გარეშე სიცოცხლეც არ უხარიათ,
რადგან ერთია ორივე - უკვდავების წყლის ყლუპები,
ვით ერთი დედის მუცლიდან ერთად ნაშობი ტყუპები;

ომი თავშივე საზიზღობაა და იმსახურებს გასამართლებას,
თუნდ ბევრის გამო მცირეს გაწირვას არა აქვს აზრი, არც გამართლება;
არავინ იცის, ღმერთი რას ფიქრობს, ვის რა ფასს ადებს თავის გაჩენილთ;
მათი სიცოცხლე, ვინც გაიწირა, იქნებ ჯობია ცოცხლად დარჩენილთ ?..

წვეულებაზე, ამაყი კაცი, თამადობაზე ფიქრსაც კი ბედავს,
შუაში ჯდომის ღირსად თვლის თავს და უკეთესს ირგვლივ ვერავის ხედავს;
პატიოსანი, მდაბალი კაცი, ზედმეტ ლაპარაკს შეუჩვეველი,
სუფრის კუთხეში ჯდება უჩუმრად და რჩება ისევ შეუმჩნეველი.

თუ მონა იტყვის, რომ ზღვა ლურჯია, მას არ ექნება ძალა, არც ფასი,
თუ მეფე იტყვის წითელიაო, აგუგუნდება ტაშით დარბაზი,
მონას სიცრუის გამო დასჯიან, თუმც არ ყოფილა ბოროტის მქმნელი;
დღეს არა თქმულით ფასობს სიმართლე, არამედ იმით, ვინ არის მთქმელი.

ქალს ისეთი მძიმე უწევს ცხოვრებაში მისია, 
მამაკაცი ვერ შეძლებდა, ძალის სრულად გაცემით;
„სუსტი“ ქალი ალერსის და სიყვარული ღირსია,
რასაც ხშირად ვერ ვიმეტებთ ეს „ძლიერი“ კაცები.

ადამიანი ვიშვიშებს, მოსთქვამს, იღვრება ცრემლებად,
რომ ვერ მიიღო ღმრთისაგან, რაც არ ეკუთვნის, ერგება;
და იშვიათად თუ ნახავთ, კაცს მქონეს წრფელი გულისა,
იმ მცირედიდაც კმაყოფილს, რაც ერგო მადლით უფლისა.

ძვირფასი გახლავთ ენა ყველაზე, რაც უფლისაგან ჩვენ გაგვაჩნია,
უზარმაზარი ძალის მომხვეჭი, თუ სიყვარულის კვალი აჩნია;
მას შეუძლია იყოს დამხმარე – ალერსიანი, კეთილი, თბილი,
თუმც შეუძლია გაანადგულოს, საუკუნეთა მანძილზე ქმნილი.

ადამიანის მტერია მისივე თვალი თავნება,
სიბნელეს უცებ ეჩვევა, მაგრამ სინათლით ბრმავდება;
უკუღმართია, რადგანაც ბოროტით გაუხარია,
ხოლო სიკეთის დანახვა არ უნდა, არ უხარია.

ნეტავ შემეძლოს, მთავარ კანონად რწმენას, სიყვარულს, იმედს ვაქცევდი,
მიზიდულობის ძალას მიწისა, თარაზულ ძალად გადავაქცევდი,
რათა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, გულების იყოს გული მხმობელი
და ასე ერთად გულჩაკრულებმა, გავლიოთ ჩვენი წუთისოფელი.

ნუ მივეცემით სასოწარკვეთას, ხელის ჩაქნევა ნუ მოგვინდება,
უფალი ფიქრობს ათასჯერ მეტად ყოველ ჩვენგანზე, ვის რა გვჭირდება;
ნუ ვფიქრობთ მასზე, ვინც უკეთ გახლავთ, ნუ შეგვშურდება, ვინ რა დღეშია,
მასზე ვიფიქროთ უფრო უმეტეს, ვინც ჩვენზე მძიმე განსაცდელშია.

ადამიანი სხეულისათვის საუკეთესოს ირჩევს ყველაფერს,
სულს კი ათასი ნაგვით ისვრის და ვეღარ უხერხებს ვნებებს ვერაფერს;
ჭუჭყიან სხეულს საპნით დაიბან, გასუფთავდები და გეშველება,
დაბინძურებულ სულს  და სინდისს კი აღარაფერი არ ეშველება.


თუ ვინმე იტყვის, რომ თავზე მეტად, სხვა უფრო უყვარს, ძენი ღვთისანი,
ცრუ და ორპირი არის ის კაცი და სიცრუეა მისი ძახილი;
ჯერ საკუთარის სულის ცხონება არის ყოველი კაცის მიზანი,
სხვაზე ზრუნვა და ლოცვა კი გახლავთ ნათელი სულის გამოძახილი.

ლოცვა იმისთვის არ მოუცია ღმერთს, რომ მუდმივად რაღაცას ვთხოვდეთ,
განსაწმენდელად გახლავთ სულების, რათა ყველანი გადავრჩეთ, ვცხონდეთ;
უფალმა იცის ჩვენი ყოველი – ვის რა სჭირდება, რისია ღირსი,
ბევრად მეტს გვაძლევს, ვიდრე გვეკუთვნის, უსასრულოა წყალობა მისი.


განა სიკეთე მიტომ გვიხარის, რომ უფლის თვალში რამე გვემატოს,
არამედ რათა სხვამაც მოგვბაძოს, მადლს ისევ მადლი უხვად ემატოს;
თითო კაცმა რომ თითო სიკეთე გაიმეოროს, ბოლოს და ბოლოს,
ღვთის სათნოება იმრავლებს ქვეყნად  და დავამარცხებთ ავსა და ბოროტს.

ვისაც თავი სხვაზე მეტი, სხვაზე კარგი ჰგონია,
ვერასოდეს მივა ღმერთთან, ასე გამიგონია;
თავმდაბლობა გახლავთ სწორედ რწმენის გამოძახილი,
სასუფევლის გასაღები, ღვთის ფარი და მახვილი.

ყველაზე დიდი მსაჯული ყველას თავისი თავი ჰყავს,
ზოგს ჯოჯოხეთში ჩაიყვანს, ზოგს კი უფალთან აიყვანს;
როგორიც მოსამართლეა, როგორი სამართლიანიც,
ისეთივეა თავადაც ყოველი ადამიანი.
ნუ ერიდებით ადამიანებს, როცა რაიმე საქციელს ზრახავთ,
უფალს მიენდეთ ყველაზე მეტად, მასზე უდიდესს ვერავის ნახავთ;
იმას ნუ ფიქრობთ - რას იტყვის ხალხი, ხალხის მოწმობა განა დიდია,
უმთავრესია - რას იტყვის ღმერთი, მისი სიტყვა კი ჭეშმარიტია.

ზოგ ადამიანს ძაღლს ეძახიან და არ ფიქრობენ ან ვერ ხვდებიან,
როგორ ასხამენ ქება-დიდებას, სინამდვილეში როგორ ცდებიან;
ნეტავ შემეძლოს, ბევრ ადამიანს ძაღლად ვაქცევდი, ძალით უფლისა,
რომ ერთგულების ნიჭი შეეცნოთ, თავგანწირვის და სიყვარულისა.

სხვა არაფერი არ  გამოხატავს კაცის რაობას, როგორც თვალები.
თქვენ შეგიძლიათ ზრახვების მალვა, დაფაროთ ფიქრნი დასამალები,
ცვალოთ მიმიკა, ინტონაცია, ქცევის მანერა, ჟესტი ხელების,
მაგრამ თვალები ყველაფრის მთქმელი, ოჰ ეს თვალები -  გამყიდველები...

ადამიანი საკუთარ სხეულს ფუფუნებაში რთავს და ატარებს,
აცმევს, ახურავს იმაზე მეტსაც, ვიდრე სჭირდება - ეშმაკს ახარებს,
მაგრამ არ ფიქრობს უფრო ძვირფასზე, რაც უფრო მეტად საფიქრალია;
სულის შემოსვა გახლავთ მთავარი, სხვა დანარჩენი წარმავალია.

თუ კი ყელში რამე ძვალი გაგეჩხირა, მცირე თუნდაც,  
მას სხვა ძვალით ამოიღებ, ეს არ გახლავთ რთული სულაც;
მაგრამ ცოდვას სხვა ცოდვებით ვერ გააქრობ, ვერ განდევნი, 
მას სულიდან ამოძირკვავს სინანული ცრემლის მდენი.

ადამიანს, სამწუხაროდ, ტვინ–გონება უჟანგდება,
ბოროტებას სიკეთისგან ვეღარ არჩევს, ყრუ–ბრმა ხდება;
უკვე ეჭვიც მეპარება, ადამმა და ევამ მაშინ,
ის ნაყოფი ჭამეს მართლა თუ მე ვცდები რაღაცაში?

რაც ადამიანს ღმერთმა არგუნა, ფუფუნებაში ცხოვრობდეს უნდა,
თვითონ იკმაროს, სხვასაც გაუყოს, არ შიმშილობდეს არავინ თუნდაც,
მან კი, უგნურმა, იმდენი სცოდა, დანაშაული იმდენი ხდება,
ბევრს სიცოცხლე აქვს გამწარებული და სიცივით და შიმშილით კვდება.

სამწუხაროდ, ადამიანს უფრო ხშირად ტანჯავს შური,
ვიდრე ცდილობს გაჭირვებულს თანაუგრძნოს, უგდოს ყური;
და რა კარგი იქნებოდა ეს პირიქით ყოფილიყო;
კეთილსა და ბოროტს შორის მუდამ დიდი ომი იყო.

ადამიანი არ უნდა გძულდეს იმ ნაკლის გამო, რაც მას ამჩნია,
უნდა გიყვარდეს სიკეთისათვის, უფლის წყალობით რაც  გააჩნია;
განა ვისა სძულს ვარდი ლამაზი, ეკლების გამო, აბა მითხარით,
და არ იტაცებს მისი მშვენება და სურნელება დაუვიწყარი.

ფიზიკურისკენ ვინც მიისწრაფის, მას ფიზიკურად გაასვენებენ,
სულიერისკენ ვინც მიისწრაფის, მას სულიერად დაასვენებენ;
მატერიისა შემყვარებელი მატერიადვე იქცევა სრულად,
ხოლო ლტოლვილი სულიერიკენ, გარდაიქცევა მშვენიერ სულად.

ცივი ჭადი მირჩევნია გამოწვდილი გლახაკის,
ვიდრე ცხელი შოთის პური მორთმეული ხაბაზის;
საჩუქარი ფასობს კაცით, მისი გულით, ამაგით,
არა მხოლოდ გემოვნებით, ფასით და სილამაზით.

ვაჟკაცი სული ის არის, ის არის სული ძლიერი,
ვინც თავს იმტყუნებს თუმც იცის, რომ მართალია თავადა;
და არა სული მტყუანი, სულმოკლე, მხდალი, ცბიერი,
თავის მართლებას რომ იწყებს, ლაჩრობის დასაფარადა.

გრძელი ენა ისევეა მეტიჩრობის ნიშანი,
უტვინობა, სიბრიყვე და მარცხი უგნურისანი,
როგორც მოკლე ენა გახლავთ გამოხატვა ნებისა,
გონიერის სიბრძნისა და კეთილშობილებისა.

თუ უკეთესი გვინდა რომ გავხდეთ, ყოველი ფიქრი გავხადოთ ფრთხილი,
უნდა გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები და დავივიწყოთ სიკეთე ქმნილი,
სხვისი სიკეთე დავიმახსოვროთ, და ნუ ვიქნებით ცუდის მძებნელი;
ჩვენს სიკეთეს ხომ უფალი ხედავს, სხვისი კარგის კი ჩვენ ვართ მხედველი.

ახალი წელი ყოველი, სანუკვარია იმდენად,
რამდენად ველით დასასრულს და უფლის მოსვლას იმედად;
სხვა მხრივ კი არანაირად სახარბიელო არ არი,
მოაქვს ახალი ცოდვები წუთისოფელში მრავალი.

ნუ დაგწყდებათ გული, თუკი გიჭირთ სიტყვის ამოთქმა,
ლაპარაკს თუ ვერ ახერხებთ, თქვენი აზრის გამოთქმას;
უფრო მნიშვნელობანია, ფიქრი გეხერხებოდეთ,
აზროვნება შეგეძლოთ და სინამდვილეს ხვდებოდეთ.

ყველა ძვირფასი ნივთი ამქვეყნად – თვალმარგალიტი, ოქრო, ალმასი –
უფლის წყალობით გახლავთ შექმნილი, ასე უნაკლო, ასე ლამაზი;
ღმერთი ავრცელებს, ჩვენი ყოფისთვის ყველაზე ნათელ დეტალებს არჩევს,
ხოლო სატანა ცდილობ დამალვას, რომ ქვეყნად მხოლოდ ნაგავი დარჩეს.

სიცოცხლე, როგორც სანთელი, ჩაიწვება და ჩაქრება,
წამია წუთისოფელი, იყო და უცებ გაქრება;
სჯობს, სანამ ღმერთთან წარვსდგებით, სანამ ჯერ კიდევ გვცალია,
სულის წონაზე ვიფიქროთ, მძიმე არ გვქონდეს ძალიან.

ნეტავ შემეძლოს, სიტყვა „მე“– ს ამოვიღებდი ენიდან,
ამოვძირკვავდი გულიდან, გონიდან, მეტყველებიდან,
რათა გვეხილა ყოველი ადამიანად ქცეული,
თუნდაც მცირედით უკეთეს არსებად გადაქცეული.

სიმდიდრისაკენ სწრაფვა, ძმობილო, ეშმაკის გზაა, ცრუს და ფუჭისა,
სულის შიმშილი ბევრად რთულია, ვიდრე შიმშილი მხოლოდ კუჭისა;  
მუცელს აივსებ, როცა ინებებ, ვერ ამოწურავ ჭამის სეანსებს,
ცარიელ სულს კი, ღმრთისგან მოწყვეტილს, ვეღარაფერი ვეღარ შეავსებს.

ადამიანის აზროვნებიდან იწყება მისი სულის განწმენდა,
რადგან ფიქრებით მეტ ცოდვას ჩადის, ვიდრე ქმედებით შეძლო წარწყმედა,
მოქმედებაში შეზღუდულია, ტვინს კი სრული აქვს თავისუფლება;
ადამიანი ნანობს ჩადენილს და არა რაც ფიქრს მისცა უფლება.

ყველა ჩვენგანი უამრავ წვრილმანს ვეპოტინებით...და გადის ჟამი,
ვეღარც კი ვამჩნევთ, რატომღაც, ძვირფას ადამიანებს, ჩვენს ირგვლივ თუნდაც,
და გვიან ვხვდებით – რა ძვირფასია, ღვთის მოცემული ყოველ წამი,
რაც სიყვარულში, სიკეთესა და სათნოებაში ვატაროთ უნდა.

ნეტავ ვინმე სულის სარეცხ საპონს მოიგონებდეს,
იქნებ რამე გვშველებოდა ამდენ ცოდვილს, ღმერთმანი;
სულის წმენდას და განბანვას თუკი მოვინდომებდეთ,
გაქაფული დადიოდეს იქნებ ბევრი ჩვენგანი.

როცა მშია, ან მწყურია, საჭმელ–სასმელს ვნახავ რამეს,
ხან ერთს ვიხმევ, ხან მეორეს, ყელსაც ვასმევ მრავალ სასმელს;
მაგრამ როცა სულს შია და როცა ღმერთის სითბო მწყურის,
ქრისტეს  გარდა სხვა ვერავინ ვერ მომიკლავს შიმშილ–წყურვილს.

უგუნური ისე ცდილობს გონიერის დამცირებას,
როგორც კაცი გონიერი – უგუნურის ამაღლებას;
ბრიყვი ცდილობს ბრძენის ხარჯზე სხვა ბრიყვების გაცინებას,
გონიერი თვალს ხუჭავს და ცდილობს ბრიყვის გამართლებას.

არ არსებობს პირველი და არც მეორე სიყვარული,
არ იყოფა ნაწილებად, არც სადმეა მიკარგული;
ერთი არის ჭეშმარიტად, ვით ერთია ზეცად ღმერთი,
პირველიც და ბოლოც გახლავთ, მუდმივი და ერთადერთი.

უფალმა შექმნა კაცი–ადამი...და რა მიხვდა, რომ რაღაცა აკლდა,
მაშინ შეუქმნა მეგობრად ევა, რომელიც ადამს სულ გვერდით ახლდა;
მაგრამ ადამმა მეტი დაკარგა, ვიდრე უკეთეს კაცად ქცეულა,
რადგან მას შემდეგ ქალი მრავალი ცოდვის მიზეზად გადაქცეულა.

მხოლოდ უფალი უნდა გვიყვარდეს მთელი ძალით და მთელი დიდებით,
ადამიანი ასეთ სიყვარულს არ იმსახურებს არასდიდებით;
კარგია, როცა გიყვარს მოყვასი, რა არის ფასი სიყვარულისა?
მაგრამ ზღვარი აქვს ქვეყნად ყველაფერს, გარდა დიდებას ღმრთისა, უფლისა.

ყველაფერი რაც იქმნება, რაც მშვენდება ქვეყანაზე,
ღვთისგან მოდის ყოველივე - სიკეთე და სილამაზე;
რაც ინგრევა, ნადგურდება, რაც იქმნება ქვეყნად ბნელი,
სატანაა სიავის და ბოროტების ყოვლის მქმნელი.

ვინა თქვა რომ არ არსებობს უკვდავების წყალი წმინდა?
სულ ახლოა, გაიწვდინე მხოლოდ ხელი, თუკი გინდა,
მაგრამ ბევრი, საწმუხაროდ, ვერ ხედავს და არც ფიქრდება;
ვისაც უნდა, მან იცის და ვინც არ იცის, არც სჭირდება.

მე იმ მოყვასს ვცემ მეტ პატივს, უფრო მეტად მწამს მე მისა,
ვინც უფალზე ფიქრობს მუდამ, ვინც ასრულებს მცნებებს ღვთისა;
სიყვარულის კანონი მაქვს მარტივი და ერთადერთი:
მე ის უფრო მეტად მიყვარს, ვისაც მეტად უყვარს ღმერთი.

მადლობის თქმას და ბოდიშის მოხდას
არ ითაკილებს კაცი მდაბალი;
ღვთიური გახლავთ ორივე, ხოდა,
ჩვენც ღვთის წინაშე ვიყოთ მართალი.

ბრძენი, თუმცა, შეიძლება ერთხელ შეცდეს, კი ხდება,
მაგრამ სხვა დროს არ შეცდება, დაფიქრდება, მიხვდება;
სულელი კი ბრიყვია და ვერაფერს ვერ გაიგებს,
ახალ მრავალს სისულელეს კიდევ ბევრჯერ ჩაიდენს.

რა სიბრძნე დევს ბიბლიაში, ადამიანს რომ ესმოდეს, 
სხვას არაფერს ინატრებდა, არაფერზე ოცნებობდეს;
მიხვდებოდა, რომ ძვირფასი სხვა რამ მეტად ვერ იქნება,
არც არასდროს შექმნილა და არც არასდროს შეიქმნება.

ადამიანთა სამსახურს ნიშნავს, ღვთის სამსახური, პირველყოვლისა,
ღვთის სიყვარული –  სხვათა სიყვარულს, თუმც ეს ხანდახან ძალზე რთულია;
ამის გარეშე ცრუა ყოველი, ამაოება წუთისოფლისა,
სიყვარულშია ცხონება რადგან, თავად უფალი სიყვარულია.

არ აკლებენ საქართველოს ლოცვას, მადლს და წყალობას,
ღვთის ტაძარში აღავლენენ ზეცის წირვა–გალობას;
კელაპტრებად ანთებულნი გულში წმიდა მამებად,
სათნოების, სიწმინდის და სიყვარულის სამება.

სულის სიმშვიდეს, ნეტარს, ჭეშმარიტს, ნამდვილ სულიერ ბედნიერებას
ვერავითარი სხვა, ფიზიკური სიამოვნება ვერ შეედრება;
სხეულით ტკბობა მიწიერია, წარმავალია ქვეყნად ყოველი,
სულიერი კი ღმერთია თავად – ზღვა სიყვარული მარადმყოფელი.

იმიტომ კი არ აგროვებს ზოგ ზოგიერთი ქონებას, 
რომ გაჭირვების დღეეები მშვიდობით გადაიაროს;
არამედ რათა დაიცხროს  თავისი ხარბი ბუნება,
რომ სხვაზე მეტი ჰქონდეს და ამაყად, ბღენძით იაროს.

მე რომ მოვკვდები, მოვკვდები ჩუმად, უთქმელად სიტყვის;
მე რომ მოვკვდები, დანატოვარი ჩემი იცოცხლებს;
მე რომ მოვკვდები, თუკი უფალი ბრძანებს და იტყვის;
მე რომ მოვკვდები, მე მხოლოდ მაშინ ვიწყებ სიცოცხლეს...

ხშირად ხდება, ძვირფასის და საყვარელის ერთგულება
ძლიერ ქარში დანთებული სანთელივით უცებ ქრება;
სანთელიც და სიყვარულიც ერთნაირად ორივ დნება,
თუმც დამდნარი სანთელივით სიყვარულიც წმინდა რჩება.

ადამიანის სულს რომ ჩაწვდე და მისი ფიქრები გაიზიარო,
ვგონებ, ჯერ მისი ორეულები უნდა ნახო და გამოიარო,
რომლებიც ისე მრავლად არიან სულ ერთ სხეულში თავმოყრილები, 
სიცილის ოთახს მოგაგონებს და წარმოგიდგება შოუ ნიღბების.

სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, ხალისი ყოფისა,
თუკი არსებობს ამქვეყნად თუნდ ერთი ადამიანი,
ვისთვისაც უხმოდ დავთმობდით სიცოცხლეს პირველყოვლისა,
ვის გამოც გახლავთ სიცოცხლე ლამაზი და აზრიანი.

სიცოცხლე მაშინ თავდება, უკვე იმ დღიდან მკვდარი ხარ,
როცა არავის სჭირდები, როცა არავის არგიხარ,
როცა არავის ახსოვხარ, როცა არავის აკლიხარ,
როცა არავის უყვარხარ, როცა არავის დარდი ხარ;
...და არა მაშინ, როდესაც ცრემლით ჩაგდებენ მიწაში,
ლამაზად გამოგამწყვდევენ სულ რამდენიმე ფიცარში.

ადამიანის გაჩენას ზღვა სიხარულით ხვდებიან,
გარდაცვალებას მწუხარედ, ტირილისაგან კვდებიან;
და ცოტა ვინმეც თუ იცის, ნათელი სული, მარადის,
სიკვდილში მოდის დროებით და სიცოცხლეში გადადის.

ძალადობით შეიძლება ბოროტებამ  გაიმარჯვოს,
არ სჭირდება ძალადობა სიკეთეს და სათნოებას;
ღვთის მოცემულ თავისუფალ კაცის ნებას გაუმარჯოს,
ძალადობით ვერ შეიძენ უფლის მადლს და სასოებას.

გიჯობს, იყო გონიერი, თუნდ ბრიყვებში აღმოჩნდე,
ვიდრე იყო სულელი და სხვისთვის ბრძენად გამოჩნდე;
თუ ბრიყვი ხარ, უგუნური, ნუღა გაისარჯები,
ბრძენად თავს ვერ გარდაიქმნი, მაინც ბრიყვად დარჩები.

ის ვინც ხშირად იფიცება, უფრო ცრუა, ხშირად ცდება,
ვიდრე ის ვინც ჩუმად არის და არასდროს იფიცება;
ხშირი ფიცი ჩვევაში აქვთ ჩვენს პატარებს ჩვენგან ფარად,
თავიანთი ცელქობის და ონავრობის დასაფარად.

რაც უფრო მეტად მოგნატრებია, ვინც ძლიერ გიყვარს, დამდგარა ჟამი,
მით უფრო მეტად უტკბილესია მასთან შეხვედრის პირველი წამი;
ასეთ დროს ხშირად ინატრებ კაცი– ნუ დასრულდები, შეჩერდი წამო !
ბედნიერი ხარ რადგან უზომოდ ტკბილ არსებასთან შეხვედრის გამო.

ვისაც  კი კითხავთ, ყველა იხსენებს პირველ ვნებას და პირველს სიყვარულს, 
სულ პირველ კოცნას, პირველს სიხარულს და ყოველ პირველს, ტკბილს და მხიარულს;
მაგრამ არ ახსოვს უფრო მთავარი, რის გახსენებაც არ უხარია,
პირველი ცოდვა, მარცხი, ტყუილი, რაც ჭეშმარიტად საწუხარია.

რა არის უფრო გულმოსაკლავი და იმ ტკივილზე ძლიერი ნეტავ,
ღრმა სინანული რომ იწვევს სულში, როცა საკუთარ სიგლახეს ხედავ;
როცა საკუთარ ცოდვებს ტირიხარ, როცა სიმართლეს თვალს ვერ უსწორებ,
…და ხვდები, თურმე, უკვე ჩადენილს ვეღარასოდეს გამოასწორებ.

პატივი ეცით უღირსებს – ვინც ამას არ იმსახურებს,
თორემ ღირსები ისედაც პატივცემულნი არიან;
მადლიერებას, სინანულს აღუძრავთ უღირს მსახურებს,
ეს არის მათთვის მთავარი, სხვა ყველა წარმავალია.

როცა ვშორდებით ძვირფასს გულისა, სევდა და დარდი გროვდება სულში,
ხოლო როდესაც ვშორდებით უფალს, სინანულიც კი არ მოგვდის გულში;
ძვირფას არსებას დავუბრუნდებით, ეს იოლია, ძნელი არ არის,
ღმერთს დავუბრუნდეთ, ეს გახლავთ საქმე, ძნელია, მაგრამ უფრო მთავარი.

ის კი არ არის უფლისთვის სათნო, საკუთარ ცოდვებს ვინც ინანიებს,
არამედ იგი, ვინც სხვის ცოდვებსაც, როგორც თავისას, მოინანიებს;
ჭეშმარიტია ის ქრისტიანი, ვინც მოყვასისთვის ლოცვა ინება,
სხვებისთვის ლოცვა გახლავთ, სწორედაც, მათი ცოდვების მონანიება.

ჯანსაღ სხეულში, გამიგონია, ჯანსაღიაო სული უხრწნელი;
განა ჯანსაღი არ შეგხვედრიათ თხილი დამპალი შიგნით გულითა?
ან თუ გგონიათ დამჭკნარ ყვავილებს სულ აღარ დარჩათ ტკბილი სურნელი?
ეჰ, ფიზიკურად ლამაზი, ძმაო, სულაც არ ნიშნავს ლამაზს სულითაც.

ზღაპრებით ბავშვებს ართობენ, რათა ძილის წინ აამონ,
თუმც პირველ რიგში ისინი გახლავთ კარგი და საამო,
რადგან სიკეთე იმარჯვებს, სიყვარულს რჩება დიდება;
უფლის მოსვლა კი ყველაზე ტკბილი ზღაპარი იქნება.

სიკეთით და  სიყვარულით სავსე იყოს გული უნდა,
ისე სავსე, ისე თბილი, ისე ტკბილი იყოს მუდამ,
ბოროტების, სიძულვილის ადგილი რომ არ რჩებოდეს
და რაც უნდა ბევრი გასცეს, მაინც სავსე დარჩებოდეს.

ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვით მცირდება და ღარიბდება,
სხვაზე ზრუნვით კი სული მდიდრდება, მშვენიერდება და განდიდდება;
რომელიც მხოლოდ სხეულზე ზრუნავს, სივდილის მერე მასთან დარჩება,
სულზე მზრუნველი სულსვე გაჰყვება, უფალთან მივა და გადარჩება.

ქრისტიანობა არ გახლავთ ჯვარი, ხატი და სანთელი,
სულია უპირველესი, უფლის მოყვარე, ნათელი;
მორჩილი გახლავთ მორწმუნე, ამპარტავანი არ არი,
სიმდაბლე, ლოცვა, რწმენა და სინანულია მთავარი.

შეურაცხყოფას ვინც შიშის მიზეზით ითმენს და იტანს,
ლაჩარია და სუსტია ასეთი კაცი გულითა;
ვის დამცირებას სიმდაბლით, სიყვარულისთვის აიტანს,
ისაა სწორედ ვაჟკაცი, მტკიცე, ძლიერი სულითა.

ადამიანს რაც კარგი აქვს, რითაც სული ივსება,
ყველა ერთად რომ შევკრიბოთ, ყველა საქმე იმისი;
შესაძლოა ყოველივე დადებითი თვისება
ერთ საზომში მოვაქციოთ, რასაც ჰქვია – სინდისი.

ზოგის სიკვდილი უფრო მეტია, ვიდრე სიცოცხლე ყალბი, უგვანო,
ზოგის სიცოცხლე მაშინ იწყება, როცა მიაღწევს სიკვდილის დღემდე;
განა იმისთვის უნდა იცოცხლო, რომ შემდეგ მოკვდე, გაქრე უკვალოდ,
არამედ უნდა მოკვდე იმისთვის, რათა იცოცხლო სიკვდილის შემდეგ.

ღმერთი ისე შორს არის, გაფიქრებაც ძნელია,
თუმც იმდენად ახლოა, წარმოუდგენელია;
მოეხვიეთ მის კალთებს სიყვარულით, კრძალვითა
და ნურასდროს გაუშვებთ ხელს ნურცერთი წამითა.

დათვალეთ წვიმის წვეთები, სულ სათითაოდ, ცალობით
და თქვენ გაიგებთ, მიხვდებით, წამსა და წუთში ყოველში,
ადამიანთა სიავის და ბოროტების წყალობით
რამდენი ცრემლი იღვრება ამ ცოდვილ წუთისოფელში.

სახლის მთავარი ღირსება საძირკველია, საფასე,
და მხოლოდ შემდეგ იერი, სახე არ ნიშნავს ყველაფერს;
ფასადს უშნოს და უვარგისს შეღებავ, გაალამაზებ,
ხოლო მორყეულ საძირკველს ვეღარ უშველი ვერაფერს.

ადამიანი მეტს მიაღწევდა, აკრძალულ ხილს რომ არ ეხებოდეს,
თავის სულშიც რომ ისე ბეჯითად და მონდომებით იქექებოდეს,
სხვის ცხოვრებაში დაუკითხავად როგორც დაძვრება და იქექება;
ღმერთო მოგვმადლე ჩვენი ცოდვების სრულად განსჯა და სრულად შეგრძნება !!!

ზოგჯერ ხდება, სულელსაც რამე სიბრძნე წამოცდეს,
თანაც სიბრძნე ისეთი, ირგვლივ ყველა გაოცდეს;
თუმც ეს სულაც არ ნიშნავს ბრიყვის გონიერებას;
ღვთის სიბრძნეთა ჯაჭვია ჩვენი ყოფიერება.

მანქანას იჭერს ხშირად მუხრუჭი, რომ არ მოუხდეს უბედურება,
ასეა ენაც, მისი სიბრიყვის მუხრუჭი გახლავთ ჭკუა–გონება,  
რომელიც ღმერთმა გვიბოძა რათა, არ დაგვეკარგოს ფიქრის უნარი;
ენა ყბედია ჭკუის გარეშე, უცვეთია და გაუხუნარი.

ქურდს ყოველი ნაპარავით უფრო მეტი აკლდება,
ვიდრე რამე ემატება, ვიდრე უფრო ნათლდება;
რას ჩაიდებ დღეს ჯიბეში, უმნიშვნელო რამ არი,
რას მიიტან ღმერთთან ბოლოს, ეს უფროა მთავარი.

„მე ასე და ისეო”– ხშირად გამიგონია,
განურჩევლად ცოდნისა, სქესისა და ასაკის;
იცით, სხვაზე ჭკვიანი თავი რამდენს ჰგონია?
მაგრამ სხვაზე სულელი – სამწუხაროდ, არავის.

ჭეშმარიტი ქრისტიანი ისე უნდა ლოცულობდეს,
თითქოს ბოლო ლოცვა იყოს, თითქოს ბოლო წუთი ჰქონდეს;
...და ისეთი უნდა ჰქონდეს გულმხურვალე სინანული,
განკითხვის ჟამს უფლის თვალწინ რომ მდგარიყო მონანული.

სინდისი და ნამუსი წესზე უფრო წესია,
აბა უფალს მცნებანი რისთვის დაუწესია?
მორალი და ზნეობა მეტად უაღრესია,
მაგრამ ენის მიმტანი, მქმნელზე უარესია.

სიცოცხლე ნეტარებისთვის არ მოუცია ღმერთსაო,
არამედ, რათა გულუხვად გავუნაწილოთ სხვებსაო;
ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვარგოთ, გავუთბოთ გულები
და ბოლოს უფალს ვეახლოთ დაღლილნი, დაქანცულები.

სადარდებელი ის კი არ არის, როცა საყვარელს ვკარგავთ გულისა,
არამედ იმას უნდა ვტიროდეთ, რა განაჩენი ელის უფლისა;
როცა წარსდგება ღვთის სამსჯავროზე და განისჯება, როგორც წესია,
თუკი ეყოფა მადლი, სიკეთე , რაც ცხოვრებაში დაუთესია.

რაც ჩანს, იმას კარგად ვხედავთ, ყოველთვის და ყოველ ჟამს,
მაგრამ, ხშირად, რასაც ვხედავთ, ყველაფერი როდი ჩანს?
განა მარტო თვალი ხედავს, თვალი მხოლოდ თვალია,
სული ხედავს, გული ხედავს, თვალზე უფრო ძალიან.

ცხოვრების ახლად დაწყება, მართლა რომ შეიძლებოდეს,
ადამიანს რომ შეეძლოს, თავიდან იბადებოდეს,
ალბათ, ყველანი პატარა ბავშვებად გადავიქცევით, 
თუმცა, რატომღაც, არ მჯერა, უკეთესებად ვიქცევით.

გინდ საოცრად მოგეჩვენოთ, გაგიკვირდეთ ძარღვებამდე,
მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ასე იყო და იქნება:
საყვარელი არსებიდან და საძულველ არსებამდე
ხშირად მხოლოდ ერთადერთი ნაბიჯია – ქორწინება.

თუ არ ხართ ფარისევლები, ნუ იტრაბახებთ იმიჯით,
რომ ზედმიწევნით ასრულებთ ღვთის მცნებებს, როგორც წესია;
არამედ მოინანიეთ, რომ ის მცირდიც კი გიჭირთ,
რაც უფალს ჩვენი სულების საოხად დაუწესია.

კარგ სახლს ძლიერი ფუძე სჭირდება და საძირკველი მყარი, მაგარი;
კარგ ხეს – ფესვები სიღრმით წასული, კარგად მოვლილი, მორწყულ–ნაბარი;
კარგ ადამიანს – ძლიერი რწმენა, გული თბილი და მოსიყვარულე;
ადამიანი უფლის გარეშე მიწის გროვაა მოსიარულე.

სინდისი თვალი არ არის, გინდ დახუჭო და გინდ არა,
გულივით უნდა ატარო, ცხვირსახოცივით კი არა;
სიზმარია თუ ცხადია, ერთი მთავარი რამეა:
სინდისით ღმერთი გიყურებს, მუდამ - დღეა თუ ღამეა.

ნამუსის კაცი ქალის სიშიშვლეს თვალს აარიდებს, გამობრუნდება,
ხოლო მრუშსა და აღვირახსნილს კი ჩამცულიც შიშვლად წარმოუდგება;
თვალი არ არის ხარბი, არამედ სულია მრუში, ეშმა თუ აზის,
თვალი კი მხოლოდ იარაღია, გაუმაძღარი, ბოროტი კაცის.

ჩვენი ცხოვრება სულ ნიღბებია, მასკარადში ვართ ჩაბმული ყველა;
ვინ ურჩხულია, ვინ უფლისწული, კონკია, დევი, მეფე თუ მელა;
სიკვდილის შემდეგ, უფლის ზღაპარში, ნიღაბს მოიხსნის კაციც და ქალიც;
კეთილი მუდამ იმარჯვებს ბოლოს, ბოროტის აღარ დარჩება კვალიც.

საყოყმანო თუა რამე, როცა რამეს ასრულებთ,
ნუ ენდობით გულის კარნახს, ის თქვენ ხშირად გაცდუნებთ;
ენდეთ მხოლოდ სინდისის ხმას, სინდისია მთავარი,
ის არასდროს მოგატყუებთ, ის ხომ უფლის ხმა არის.

ნუ დაიჯერებთ, თითქოს უფალი გამოცდას გვიწყობს, გვსჯიდეს ძალიან,
ბედუკუღმართი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მრავალი ცოდვის ბრალია;
უფალი გვიცავს განსაცდელთაგან, გვიფარავს ყველას – ცოდვილს და მართალს, 
ისიც გახსოვდეთ, რომ, ჯერჯერობით, ქვეყნიერებას სატანა მართავს.

რაც უფრო მეტად ევსება ქისა ზოგიერთ ხარბ და წუწკ ადამიანს, 
უფრო მეტად შურს სხვისი ქონების, იმისი ვისაც მასზე მეტი აქვს;
ნუ შეგშურდებათ სხვისი სიმდიდრის, სული ხომ ფულზე ასჯერ ტკბილია,
არამედ იმის შეგშურდეთ უფრო, ვინც გულმოწყალე და კეთილია.

გული ძალზე პატარაა, სულ პატარა გულია,
რათა მთელი სიყვარული ჩაატიო სრულიად,   
მაგრამ უფლის სიყვარული თუკი გულმა ინება,
მაშინ მასში თავად ღმერთი უსასრულოდ იქნება.

თუ რომელიმე ადამიანის ავი და კარგი გაინტერესებთ,
ნუ მოიკითხავთ, უპირველესად, მის განათლებას და ინტერესებს;
ჯერ გაარკვიეთ, თუ როგორი აქვს თავის მშობლებთან ურთიერთობა,
ამის გარეშე სხვა ყოველივე იქნება მხოლოდ ფუჭი მცდელობა.

უთქვამთ „ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა ცხარეაო“
აქ სიტყვების თამაშია და ეს სულ სხვა მხარეაო; 
ცხვარი სწორედ ცხვარია და მისი ბედი ეს ხვედრია,
თორემ განა გაცხარებულს ვინმე სადმე შეხვედრია?

ადამიანი, მავანი, დალტონიკია სულითა,
გარდა თეთრის და შავისა სხვა ფერს ვერ არჩევს გულითა;
არა, არ უნდა დანახვა, დემონი აზის სიურჩის,
ის კი არა და, ხანდანახ, მათი გარჩევაც კი უჭირს.

გვიყვარდეს იგი, ვისაც ვუყვარვართ – ეს, რა თქმა უნდა, ძალზედ კარგია,
მადლიერების გრძნობით სავსეა, მაგრამ ამაზე მეტად სარგია,
გვიყვარდეს იმის მიუხედავად, ვუყვარვართ ვინმეს, თუ ვძულვართ ძლიერ,
დიდსულოვნების ნიშანი გახლავთ, ღვთის მოყვარული სულების მიერ.

აუხდენელი ოცნება ათასჯერ უფრო ტკბილია,
ვიდრე სურვილი ათასი, რაც უკვე ახდენილია;
ხოდა ვინატროთ ხშირ–ხშირად, რომ გულში სიტკბო დაგროვდეს,
ოღონდ, ნატვრაში ყოველში, უფალი ღმერთი გვახსოვდეს !!!

ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად გამოვთქვამთ ზედმეტ საყვედურს, გაკიცხვას ვლამობთ,
თუ რომელიმე არ მოიქცევა, ჩვენ რომ გვგონია, სწორია, ისე;
ნუ გაამტყუნებთ ადამიანებს მათი რაიმე ქმედების გამო,
არამედ გულით თუ მოინდომებთ, გამამართლებელს იპოვით მიზეზს.

თქვენ გგონიათ კაცი უფრო ბედნიერი გახდება,
თუკი მისი ყველა ნატვრა სრულყოფილად ახდება?
ის ხომ, უფრო უბედური, წარსულ დროში ჩარჩება,  
რადგან მეტი სანატრელი არაფერი დარჩება.

ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ის ხდება, უცნაურობა ამა ქვეყნისა,
რასაც ყველაზე ნაკლებად ველით, მცირე შანსი აქვს ასრულებისა;
რადგან სიცოცხლე, ღვთის ნაბოძები(ვეკუთვნით რადგან უფალს შვილებად),
ადამიანის წესებს კი არა, უფლის ლოგიკას ემორჩილება.

ღვთის მიერ შექმნილ ყოველ წვრილმანში, დიდი სიბრძნეა ჩაბუდებული, 
თუმც სამწუხაროდ ადამიანებს ეს იშვიათად აქვთ შეგნებული;
...და ვინც პოულობს, ვინც აღმოაჩენს(როცა მოხდება, როცა იქნება),
მას გენიოსად აღიარებენ და არ აკლებენ ხოტბა-დიდებას.

ვერას შეგმატებს შენი სახელი და ვერც დაგაკლებს, ვერ დაგაკნინებს,
ადამიანი თავისით ბილწავს თვისსავე სახელს, ან განადიდებს;
გიჯობს იუდა გერქვას, ოღონდაც იყო მართალი, წმინდა, ნათელი,
ვიდრე წმინდანის მსგავსად გეძახდნენ და წაბილწული გქონდეს სახელი.

ადამიანებს ხშირად სჩვევიათ გაზვიადება, ზღვარს გადავლება,
ბევრი ტრაბახი ტყუილნარევი, რადგან აწუხებთ ამპარტავნება;
ამიტომ, თუკი გეტყვით მავანი, რომ თავს დაესხა მძვინვარე ლომი,
მაშინ ჩათვალეთ, რომ ამ მკვეხარას კატასთან ჰქონდა მცირედი ომი.

როცა ექიმი პაციენტისგან სამაგიეროს, საზღაურს ელის,
არ განსხვავდება მეძავისაგან, ვინც ბოზობაზე ფულისთვის მიდის;
რადგან, ორივე ამ შემთხვევაში, ადამიანში სულია გველის,
როცა სინდისს და პატიოსნებას თავისი ნებით ღალატობს, ყიდის.

არ არსებობს კურდღლის, ძაღლის, ხარის, ღორის წელიწადი,
ყოველივე უფლისაა - წელიც, კვირაც, დღეც და წამიც;
მას ეკუთვნის მხოლოდ ხოტბა–სულიწმიდას, ძეს და მამას,
...და არა ცხენს, დრაკონს, ვირთხას, გველს, მაიმუნს, ვეფხვს, თხას, მამალს !!!

ზოგან დიდი ქეიფია – ჭამა, სმა და ღრეობა,
ჩემს სულში კი ღმერთი სუფევს, მოდის უფლის დღეობა;
სულ არ ვდარდობ, ჩემი ქცევით თუკი ეშმაკს ვავეშებ,
ერთი წამიც ნუ მაცოცხლა ჩემი უფლის გარეშე !!!

უფალი ღმერთი ჩვენთან არს – იყო, არის და იქნება,
მისია აწ და მარადის – სუფევა, ძალი, დიდება;
მაგრამ მთავარი სხვა არის, სხვა არის ჩემი ფიქრები:
ჩვენ თუ ვიქნებით უფალთან, ნეტავ ოდესმე ვიქნებით?

გინდა ვიყო ხეიბარი, ყრუ, მუნჯი და უთვალო,
ღმერთო ყოვლად დიდებულო, სრულო და იდუმალო,
სანამ პირში სული მიდგას, სანამ გავქრე უკვალოდ,
შენ გიმადლი, შენ გიგალობ, შენ გადიდებ, უფალო !!!
	
ადამიანს თუ შეზღუდავთ, მოუსპობთ თავისუფლებას,
წაართმევთ სახელს, დიდებას, ქონებას, ძალაუფლებას, 
მიიღებთ პროდუქტს პირველადს, ყველა მადლით და ვნებითა,
მინარევების გარეშე, რაც არის დაბადებიდან.

მავანი, სანამ ციხეს დატოვებს, თავისუფლებას ნატრულობს ხარბად,
ამაზე ნეტარ ბედნიერებას ვერც წარმოიდგენს იმჟამად ალბათ;
მაგრამ ხანდახან ისიც კი ხდება- ათასჯერ მეტად(გარეთ ყოფნისას)
უბედურადაც კი იგრძნოს თავი, ვიდრე ოდესღაც პატიმრობისას.

მაგალითი კი კარგია, მაგრამ მას ახლავს მინუსი,
გადამდებია ორივე, კეთილ–ბოროტის ვირუსი;
სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ ბოროტების მიკრობი
მეტი სისწრაფით ვრცელდება, ვიდრე სიკეთის მიმხრობი.

უფლისმოყვარე ის კი არ გახლავთ, ვინც უყოყმანოდ, როგორც სინათლეს,
მრავალთა მიერ აღიარებულ ფასეულობებს იღებს სიმართლედ,
არამედ იგი, ვინც ეძებს, იბრძვის, მძიმე განსაცდელს არ ერიდება,
...და ამ ბრძოლასა და ძიებაში პოულობს ბოლოს ჭეშმარიტებას.

ნუ შეაწუხებთ ადამიანებს ზედმეტი რჩევა–დარიგებებით,
თუ არ სჭირდებათ თქვენი რჩევები, არ შეეცვლებათ მაინც გეგმები;
ისიც გახსოვდეთ, მათ სიამოვნებთ იმის მოსმენა, იმის მტკიცება,
რაც გულთნ უფრო ახლოა მათთვის და არა სრული ჭეშმარიტება.

რა კარგი რამ იქნებოდა, საბურავების კრებული,
ადამიანის ენისგან რომ იყოს დამზადებული;
არ ექნებოდა არასდროს დაღლის და ცვეთის უნარი,
როგორც ენაა უცვეთი, გამძლე და გაუხუნარი.

სხეულის გამო გიყვარდეს, რა ბედენაა ნეტავი?
ამას მარტივად ახერხებს ყველა მრუში და მეძავი;
სულის გამოა მთავარი – სიყვარულია ნამდვილი,
რასაც ძნელად თუ შეხვდებით, რადგან არ გახლავთ ადვილი.

აბა მიეცით ადამიანებს, განუსაზღვრელი ძალაუფლება,
ნუ შეუზღუდავთ ქვეყნად ნურაფერს, დე, სრული ჰქონდეთ თავისუფლება;
მაშინ, ისინი დაგიმტკიცებენ, ვით თანასწორნი ბელზებელისა,
რომ სატანაზე უფრო ნაკლებად როდი შეძლებენ მართვას ქვეყნისა.

ვინც ადამიანს იერით საზღრავს, ვინც სილამაზით აფასებს მხოლოდ,
უნდა იცოდეს, რომ ყველა სხეულს სიკვდილი შეჭამს ბოლოს და ბოლოს;
მშვენიერება სულიდან მოდის, სული ამშვენებს არსებას ყოველს, 
თორემ, კი იცით, რას ემსგავსება სხეული, როცა მას სული ტოვებს.

ნუ გაუწყრებით ხშირად პატარებს, ონავრობის და სიცელქის გამო,
ისინი მხოლოდ თქვენი ბავშვობის წარსულ საქციელს იმეორებენ;  ბავშვის სიცილი სასწაულია, ამ დროს ვნატრულობ: „შეჩერდი წამო!“
ხოლო ცრემლები გულში ნაკვალევს ჭრილობასავით მძიმედ ტოვებენ.

სიყვარული არც ვარდია და არც ორქიდეა,
ყვავილი ხომ სურნელს კარგავს ნელნელა და  ჭკნება;
სიყვარული კაშკაშა და მოკისკისე მზეა,
გამუდმებით რომ ათბობს და არასოდეს ქრება.

ჭურჭელი იმით ფასდება, რამაც ის ჭურჭლად აქცია,
თუ მასში შიგნით რა არის, რომელი სითხე ასხია;
...და არა იმით, რომელი მასალით გახლავთ ქებული,
ოქრო–ვერცხლის თუ თიხისგან, ლამაზად დამზადებული.

ზოგჯერ სულ ერთი პატარა სიტყვა ათასჯერ უფრო მეტის მთქმელია,
ვიდრე მრავალი წინადადება, რომელთა აზრი ცრუ და ბნელია;
მთავარი განა ის კი არ არის, რამდენ ასოს თუ სიტყვას წარმოთქვამ,
არამედ რა დროს, ვისთან და როდის საჭირო სათქმელს როგორ გამოთქვამ.

სჯობს, ნუ ჩაიდენთ ისეთ საქციელს, რაც სულზე მძიმე ლაქად გცხებოდათ,
რის ჩადენასაც ეკლესიაში ვერ გაბედავდით და შეგრცხვებოდათ;
ღმერთი ტაძარში როდი ზის მხოლოდ(ვაი მას ვინც კი ასეთ ფიქრს ბედავს),
ის ყველგან არის,  სულ და ყოველთვის და ყოველივეს ამჩნევს და  ხედავს.

მტერია შენი ყოველი, ვინც კი არცერთ საქციელს არ მოგიწონებს,
შური და ბოღმა ახრჩობს ასეთ კაცს, ულმობელია, არ შეგიცოდებს;
მაგრამ ვინც ყველა საქმეს გიწონებს, ყოვლად უნაკლოს ვინც კი გიწოდებს,
მლიქვნელი გახლავს, ცრუ და ორპირი – შენი მტერია ისიც, იცოდე.

ადამიანმა თუ გსურთ გიამბოთ საკუთარ თავზე სრული სიმართლე,
გირჩევთ, ადექით და მის უჩუმრად ერთ უჩვეულო მეთოდს მიმართეთ:
მეზობლის ირგვლივ ჰკითხეთ რაიმე, გიამბოთ იმის კარგსა თუ ავზე, 
...და რასაც ისმენთ, ჩათვალეთ, რომ ის გესაუბრებათ საკუთარ თავზე.

ვერ ნახავთ კოლექციონერს, ალბათ, ეშმაკზე უკეთესს,
ადამიანთა სინდისებს აგროვებს, ცეცხლში უკეთებს;
უკვე იმდენი მოიმკო, გიზგიზებს, დიდი ცეცხლია.
თითოეულის ფასი კი სულ ოცდაათი ვერცხლია.

ნურვის დასცინებთ, თუ ვინმე უცოდინარი გგონიათ,
ვინც ბოლოს გაიცინებსო...ალბათ თქვენც გაგიგონიათ;
ჩვენ უფლის თვალში უგნური მატლები ვართ და ბურნა ვართ,
მაგრამ ის როდი დაგვცინის, მას ხომ ყველანი ვუყვარვართ...

ლეიტენანტს რომ უეცრად  ჩინი უბოძო გენერლის
ის მარშლობაზე იფიქრებს, თითქოს ეკუთვნის, შეჰფერის;
და საკითხავი ის არის: თუკი ეყოფა გონება,
კაპიტნის ჩინზე მაღალს რომ არ იმსახურებს წოდებას?!

ნეტავ შემეძლოს, ადამიანებს დავანახებდი ცხოვრებას ძველად –
ქვის ხანიდან და დღევანდელ დღემდე მოვატარებდი ეპოქას ყველას,
რომ ბედნიერად შეიგრძნოს თავი და არა მსხვერპლად სიღარიბისა,
არ წუწუნებდეს უქონლობაზე, იცოდეს ფასი ყველა ნივთისა.

სჯობს ერთი გყავდეს თუნდ მეგობარი, ოღონდ ერთგული, მადლი ღმერთისა,
ვიდრე ასი და ყველა საეჭვო, თუ ვერ ენდობი გაჭირვებისას;
ერთი ნიჩაბით ზღვას გადაცურავ, თავს გადაირჩენ, გაიყვან ნავსაც,
ასი ურო კი ნავს დაგიმძიმებს, ჩაძირავ მას და დაღუპავ თავსაც.

დიდი თუ მცირე, მაგრამ სატანა ადამიანში ბუდობს ყოველში,
არ მოგვასვენებს არ გაგვახარებს, სანაც დავდივართ ამა სოფელში;
სიმდაბლე გახლავთ მტერი ეშმაკის, სიმდაბლით შევძლებთ თავის გატანას;
რაც მეტად გვიყვარს თავი უღირსი, მით უფრო მეტად გვიყვარს სატანა.

ღირსეულთ შორის მცირე დონეზე ყოფნა გერჩიოს, ნუ გერცხვინება,
ვიდრე ბრიყვთა და სულელთა შორის ავტორიტეტით ყოფნა –დიდებას;
გონიერთ შორის უკანასკნელი, როგორც ხდება და როგორც წესია,
უმეცართა და უგნურთა შორის უპირველესზე უმეტესია.

ცხენი რომელიც ურჩობს, ჯიუტობს, პატრონისაგან მათრახი ხვდება;
მაშ ჩვენ ვიფიქროთ რა გველოდება, როცა მოგვიწევს პასუხის გება,
უფალი ისე რომ გვექცეოდეს, როგორც ურჩ ცხენებს მათი პატრონი;
უფლის სიყვარულს და მოთმინებას არა ჰქონია საზომ–საწონი.

ნუ ახარისხებთ ადამიანებს საჭიროების, სარგოს მიხედვით,
ეს უდიდესი უმეცრებაა, გაივლის დრო და თავად მიხვდებით;
არავინ იცის, ვინ გიერთგულებთ, ვინ უფრო მეტად გამოგადგებათ, 
...და არც ის იცით, ვინ გიღალატებთ, ზუგს ვინ გაქცევთ და გადაგიდგებათ.

ზოგჯერ სუფრა მაგალითი გახლავთ კარგი იმისა,
ზრდილობა და მოკრძალება  ადამიანებისა,
როგორ აღწევს ნელა–ნელა უტვინობას, სიბეცეს,
აღვირახსნილობასა და გულისამრევ სიბილწეს.

ვისაც მოხუცი მშობელი თვისი ნაკლებად უყვარს, გაექცეს – ლამობს,
მისი ასაკის, უსუსურობის, უძლურების და სიბერის გამო,
არარაობა ჰქვია ასეთ კაცს, სულგაყიდული, ეშმას ძმობილი,
თუნდ მოხვეჭილი ჰქონდეს სახელი, მთელ ქვეყანაზე იყოს ცნობილი.

დათვალეთ, დღეში რამდენ უაზრო სიტყვას წარმოთქვამს ადამიანი,
რამდენი გახლავთ მათში ზედმეტი, ან რამდენია სიტყვა ჭკვიანი;
ამით გაიგებთ, ამით მიხვდებით მისი სიბრიყვის მასშტაბს და დონეს;
მოლაყბის ენა დაღლას ვერა გრძნობს, მას არ ელევა  ძალა და ღონე.

ჯერ კიდევ მაშინ სცოდა ადამმა, როდესაც ევას – ჭკუაგაბზარულს,
ცოდვის ჩადენის მისცა უფლება, წინ არ აღუდგა საქმეს აკრძალულს;
სხვების ცოდვებზე თვალის დახუჭვა არანაკლები ცოდვაა თავად,
არანაკლები გახლავთ სიგლახე და სულს აწვება მძიმედ და ავად.

არა მგონია ადამიანი ბოროტი იყოს, ცრუ და მზაკვარი,
ღმერთი არა ქმნის ბოროტ არსებას, ყველა ხატი ვართ მისი პირისა;
მხოლოდ ზედმეტად კეთილი გახლავთ, ეს არის მისი ნაკლი მთავარი,
ოღონდ სხვის მიმართ კი არ გეგონოთ, არამედ მიმართ თავის თვისისა.

დაუფასებელ სიკეთეს სხვისგან ნუ გაიკვირვებთ და გულს ნუ იკლავთ,
უმადურობა ადამიანის, ზოგჯერ, მთავარი თვისება გახლავთ;
განა ჩვენ ყველა უმადურები არ ვართ უფალი იესოს მიმართ?
საზღაურს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიიღებთ, როცა უფალთან ახვალთ.

სინდისომეტრი რომ არსებობდეს, არა მგონია, დიდხანს გაძლებდა,
გამწარებული მომხმარებელი დალეწავდა და მიწად აქცევდა;
ადამიანებს უმეტესწილად უბედურებად გადააქცევდა,
რადგან სინდისთა გაზომვებისას პირველ შკალასაც ვერ მიაღწევდა.

ის, რაც ერთსა სწამს ჭეშმარიტებად, რაც მიაჩნია უნაკლოდ, სრულად,
შესაძლო გახლავთ მეორესათვის მიუღებელი აღმოჩნდეს სულაც;
ხოლო უდავო ჭეშმარიტება ერთადერთი და მარადიული
უფლის გზა გახლავთ, მარად უკვდავი – სრულყოფილება, მადლი ღვთიური.

ლურჯი თვალები, მართლაც, ზღვასავით ლამაზია და ჩაგძირავს ზღვაში,
მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ, ზვიგენიც ბევრი დაცურავს მასში;
ზღვას ზედაპირით ნუ შეაფასებთ, არამედ შიგნით რით სუნთქავს წყალი,
ისევე, როგორც ადამიანი – სულის სიღრმეა და არა თვალი.

ნუ დაიკვეხნის ნურავინ თითქოს, რამე შეექმნას ამქვეყანაზე,
ღვთის შექმნილია ქვეყნად ყოველი, მშვენიერება და სილამაზე;
თვით უმცირესი საგნების ჩათვლით, უფლის მადლით და უფლის მცდელობით;
ეს იგივეა რომ აგრეგატმა დაიტრაბახოს თავის ხელობით.

ოპერაცია სულისა რომ იყოს შესაძლებელი,
ბევრისთვის მაინც აზრს კარგავს, არ იქნებოდა მშველელი;
რადგან იმდენი ნარკოზი დასჭირდებოდა წყეული,
ვერ გაუძლებდა გული და ვერ გაუძლებდა სხეული.

ადამიანი რომ იბადება, ტირის, ცრემლები მოაქვს შორიდან,
როდესაც კვდება ტირის მაშინაც, უბედურება ჰგონია დიდი;
დაბადებისას ტირის იმიტომ, რომ უკვე იცის, სადაც მოვიდა,
...და სიკვდილისას სიცოცხლეს ტირის, რადგან არ იცის, საიდან მიდის.

ეშმაკთან ბრძოლა საკუთარ თავთან ბრძოლით იწყება –
დაუნდობელი, უკომპრომისო, თავდავიწყება;
ბოლოს კი ბრძოლა საკუთარ თავთან ზავით სრულდება,
ანუ, უფალთან კვლავ შერიგებით აღესრულება.

როდესაც ათ ადამიანს ერთი ენა აქვს ქებული,
ეს უდიდესი ძალაა, ეს უდიდესი მადლია;
მაგრამ როდესაც ერთს ათი ენა აქვს გადმოგდებული,
ეს უდიდესი სიბრიყვე და უდიდესი ნაკლია.

ხანდახან ხდება, ადამიანის აქეთ სული და იქით  სხეული,
ისე არიან შეუსაბამო ერთმანეთისთვის,  უცხოდ ქცეული,
გამკვირვებია, დისჰარმონია თუ არსებობდა ასე უხეში;
ალბათ სულები ლოტოს პრინციპით თუ სახლდებიან ჩვენს სხეულებში.
 
სჯობს, მოექეცით ადამიანებს, როგორც ყველაზე ძვირფასს და ნატიფს,
თითქოს ეს თქვენი უკანასკნელი შეხვედრა იყოს, ნაგვიანები;
კარგი იქნება ადამიანებს სიცხოცხლეში თუ მივაგებთ პატივს,
როგორსაც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მივაგებთ ხოლმე დაგვიანებით .

გამწარებული ადამიანი, ხშირად, სამართალს უხმობს უფლისა,
თუმც სამწუხაროდ, არ შეუძლია წარმოიდგინოს აზრით, ფიქრებით,
რა  საშინელი უბედურება დაატყდებოდა – ტანჯვა სულისა, 
უფალი იმას რომ მიუზღავდეს, რისიც ღისრია ჭეშმარიტებით.

უძღები შვილის ვკითხულობთ იგავს, 
თავებს არა ვთვლით იგივეს მქნელად;
განა ჩვენ ღმერთთან რა მადლი მიგვაქვს, 
უძღებნი არა ვართ თავადაც ყველა?

მჯერა, უფალმა ადამიანებს ჭკუა თანაბრად გაუნაწილა,
ზოგმა მთლიანად თავში ჩაიდო, ზოგმა დაფანტა ნაწილ–ნაწილად;
ამიტომ ნუღა გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთებს სინამდვილეში,
ხშირად, სასქესო ორგანოებში მეტი ჭკუა აქვთ, ვიდრე თავებში.

თითოეული ადამიანის მთელი ცხოვრების შესახებ მთელი
სერიალების გადაღებაა შესაძლებელი, დიდი და გრძელი;
კარგი იქნება ყველას ისევე თანავუგრძნობდეთ გულისტკივილით,
როგორც ფილმებში ვიცით მხურვალე თანაგრძნობა და წრფელი ტირილი.

ზურგსუკან ვინმეს ჩუმად დაცინვა სულმოკლე კაცის ჩვევაა, მხდალის,
პირში დაცინვა ამპარტავანი, პატივმოყვარე კაცის თუ ქალის;
კეთილშობილი სხვას არ დასცინებს, არც პირში და არც ზურგსუკან, გარეთ,
საკუთარ ნაკლზე იცინის მხოლოდ, საკუთარ ცოდვებს დასცინის მწარედ.

რასთანაც ურთიერთობა, არ გაქვთ და არა გქონიათ,
იმაზე ნურც კი იმსჯელებთ, თუნდ ყველას რაღაც ჰგონია;
ცხოვრებაში კი ასეთი მაგალითია მრავალი,
როდესაც ყველა ცდება და ჭეშმარიტება სხვა არის.

უკუღმართობას ჩვენი ყოფისა, განსაცდელებს და ბედის ნაპრალებს,
ნუ დააბრალებთ ვინმეს წყევლას და ვინმეს გათვალვას ნუ დააბრალებთ; 
ეს მხოლოდ რწმენის ნაკლებობაა, მორწმუნეს თავად ღმერთი ჰყავს მცველად,
წყევლა რომ მართლა ასრულდებოდეს, მკვდრები ვიქნებით აქამდე ყველა.

ხშირად, არაფრათ ვაგდებთ იმ საგნებს, რაც ძვირფასია, იქნებ, სხვისათვის,
...და არა მარტო ნივთებს, ხანდახან, ადამიანიც აღარ გვინდება;
ყოველი ნივთი, ყოველი სული – ძვირფასი გახლავთ თავად ღმრთისათვის
და არასოდეს გახლავთ ზედმეტი, თუ ჩვენ პირადად არა გვჭირდება.

ვინც ადამიანს ჩუმად დასცინის თანდაყოლილი დეფექტის გამო,
ფიზიკური თუ სხვა რამე ნაკლის შემყურე მასზე დაცინვას ლამობს,
უჯობს სარკეში კარგად დახედოს საკუთარ თავს და საკუთარ სახეს
და ის უამრავ დეფექტს იპოვის. „სანამ დასცინებ, ჯერ შენი ნახე“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი