ერთსტროფულები 2


გაუბედავი ადამიანი, მოკრძალებული გახლავთ ხანდახან
და არა  მხდალი, მშიშარა, სუსტი, როგორც ჰგონიათ ზოგ არაკაცებს;
გაბედულება, ხშირ შემთხვევაში, მოურიდებელ და ამპარტავან 
ადამიანებს ახასიათებს და არა მხოლოდ მამაც ვაჟკაცებს.

სამწუხაროდ, არს ჟამი, სამართალი მშიერია,
უძლური და უღონოა, თუმც ხარბი და ცბიერია;
ამ დროს ფულით ვინც გააძღებს, იმისაკენ იქცევს პირსა;
ვაი ასეთ ცრუ სამართალს, შერცხვენილს და დაწყევლილსა.

ფულს რომ სულ ცოტა სინდისი ჰქონდეს, 
სირცხვილისაგან დაიწვებოდა,
რადგან მის გამო იმდენი სცოდეს,
ჯოჯოხეთიც კი გაოცდებოდა.

ზოგიერთს, როცა გაუჭირდება, იხსენებს ღმერთს და სთხოვს, ედგას მხარში,
ძლიერ „მორწმუნედ“ იქცევა ხოლმე, კარგად როცაა, არ ახსოვს მაშინ;
ქრისტიანი ხარ, თუ ჭეშმარიტად გახსოვს უფალი, თუნდ არ ხარ ცუდად,   
მადლიერებით და სიყვარულით როდესაც ფიქრობ უფალზე მუდამ.

შტერი მხატვარი სულ იმას ხატავს, რაც თვითონ მოსწონს და ეამება,
სწორედ იმიტომ გახლავთ სულელი, რომ ამის იქით ვერ იხედება;
ხოლო ჭკვიანი ხატავს ყველასთვის, რაც, იცის, სხვებსაც მოეწონებათ,
რაც მეტ სარგებელს მოუტანს ყველას, რაც მეტად არგებს სულს და გონებას.

სიბრალული მართლაც გახლავთ დიდი კეთილშობილება,
ოღონდ თუ ის სიყვარულით გახლავთ მხოლოდ გამსჭვალული, 
თუ მოყვასის თანადგომა ჭეშმარიტად გულით ხდება,
და არ არის ქედმაღლობით, სიამაყით დაფარული.

მშობელს ხანდახან გულს უკლავს შვილის უმადურობა, ეჩვევა ძნელად;
აბა, უფალმა რაღა ქნას მაშინ, როცა გულსა ვტკენთ უზომოდ ყველა?
ღმერთს ხომ ათასჯერ მეტად ვუყვარვართ, გვპატიობს ბევრს და კვლავ სისხლი სდისა;
მეათასედი გვქონდეს, ნეტავი, ჩვენ მიტევების უნარი ღმრთისა !

ჭეშმარიტ ღვთის მორწმუნესთან  ჯადოთი ვერას ხდებიან,
მისი გავლენის ქვეშ მხოლოდ ურწმუნოები ხვდებიან;
სუსტი, ურწმუნო კაცისთვის ჯადოსთან ბრძოლა რთულია, 
მორწმუნე კაცის ჯადო კი თვით ღმერთის სიყვარულია.

მზე არც ამოდის, არც ჩადის, თუმც მის შეხედვას ვერ ვბედავთ, 
ის მუდამ იყო, ყოველთვის – იყო, არის და იქნება;
სამწუხარო კი ის გახალვთ, ხშირად ვერ ვამჩნევთ, ვერ  ვხედავთ,
ხანდახან სწორედ მაშინაც, როცა დიდებით ბრწყინდება.

გონების წასვლა, დიახ, ცუდია, მაგრამ, დროებით, მხოლოდ თუ ხდება,
გონიერების დაკარგვა გახლავთ ყველაზე დიდი უბედურება;
ავადმყოფობას კი ეშველება, ხომ ვხდებით ყველა სულაც ავადა?
გონებას უცებ აღიდგენ კაცი, ხოლო გონს ნურას უკაცრავადა.

რამდენჯერ მსმენია მავანის პირიდან: – „ეხლა რომ მე დედა ცოცხალი მყავდესო...“
როდესაც აღარ გვყავს ცოცხალი მშობელი, მერეღა ვიხსენებთ, რამდენი გვმართებსო;
ვისაც კი დედისთვის არცერთი ყვავილი არ უჩუქებია სიცოცხლის მანძილზე,
ნეტა რა ფასი აქვს მის მიერ მიტანილ, თუნდ ათას თაიგულს, აწ, დედის საფლავზე ?

რაც კი რამ სასარგებლოა, სასიამოვნო როდია?
ზოგჯერ სიკეთე მწარეა, ხანდახან მძიმე ლოდია;
ასევე - სასიამოვნო, სულ სასარგებლო როდია?
ხშირად სიამის კვალდაკვალ დიდი ცოდვები მოდიან.

ბოროტი სული ადვილად ერევა იმ ადამიანს,
ვინც ვერ ერევა იმ ქაღალდს, ფული რომ ჰქვია სახელად;
ბევრი ცოდვა აქვს  სინდისზე ეშმას მოციქულს შხამიანს,
ფული კი არა ღმერთი გვყავს, მცველად შემწედ და მფარველად.

ადამიანმა რა არ იღონა, რა არ იხმარა ხერხი, რომელი,
რომ თავის მოდგმას მაქსიმალურად ავნოს, უმწაროს წუთისოფელი; 
მან ამისათვის გამოიყენა გამოცდილება ყველა ჟამიდან,
რაც არსებობის განმავლობაში უგროვებია დასაბამიდან.

სხვისი გულის გასახეთად გამიზნული სიცრუის მთქმელს
უფრო მეტი ბოღმა უდევს თავის გულში, სიყალბის მქმნელს;
ვიდრე იმას, ვისაც უნდათ გაუხეთქონ ამით გული,
ვის მიმართად გახლავდ სწორედ ეს სიცრუე მიმართული.

ღმერთს ყველაფრისთვის, ყველა საგნისთვის და არსებისთვის დედამიწაზე
დიდი სიზუსტით მიუჩენია, მართლაც, ადგილი ამ ქვეყანაზე;
ჩვენც მონდომებით, გასაოცარით, ვარღვევთ და ვანგრევთ ამ ჰარმონიას,
...და თუ ეს ვინმეს მართლა აწუხებს გულით, რატომღაც არა მგონია.

კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო,
ხოლო ცუდი – ცრემლები და დარდიაო;
თუკი შვილი მშობლებს არად არგიაო,
მაშინ იგი არც სოფლისთვის ვარგიაო.

„ქვევრს შიგნით რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო“
ხოდა ჩვენც ხშირად ჩავძახოთ:  „მიყვარხარ, ძმაო, მიყვარხარ“;
ბოროტებით და სიავით ვერ დაიმკვიდრებ სახელსო,
მხოლოდ სიკეთით გაიგებ ადამიანი, ვინა ხარ.

ქრისტიანობა არ არის მხოლოდ ლოცვა, მარხვა და ტარება ჯვრისა,
არც სიარული ეკლესიაში გახლავთ მთავარი საუფლო გზისა;
ღვთის რწმენა, ვგონებ, პირველ ყოვლისა, რაც სულში ტოვებს კვალსა და ნიშანს,  
უდიდეს სითბოს, სიბრძნეს, სიკეთეს, სათნოებას და სიყვარულს ნიშნავს.

ნუ ვეძებთ ბოროტს ადამიანში, ნუ ვიქექებით როგორც თხუნელა,
სხვისი ცოდვების ქექვა–ძიებას სჯობს დავანებოთ თავი სუყველამ;
კარგი ვეძებოთ, სათნო, კეთილი, გულით დანახვა სჯობდეს მგონია,
…და დავინახავთ, ყოველ არსებას თურმე რამდენი კარგი ჰქონია.

ამპარტავანი ცრუობს, როდესაც სხვა ადამიანს ახასიათებს,
ასევე ცრუობს საკუთარ თავზე, კვეხნა–ტრაბახი ახასიათებს;
თუ სიცრუეებს ადგილს შეუცვლით, თქვენ გაერკვევით კარგსა და ავში,
სიმართლე თავად გამოყოფს თავს და ჭეშმარიტებას მიიღებთ მაშინ.

ადამიანი მთელი სიცოცხლე ჰიპნოზშია და ზომბივით დადის,
განსაცდელებით სავსე მდინარეს მიყვება თან და...ცხოვრებაც გადის;
მხოლოდ სიკვდილის წინ უბრუნდება, თავის რეალურ მდგომარეობას
და წამში ხვდება მთელი თავისი ფუჭი ცხოვრების ამაოებას.

სულ ერთადერთი სტროფი ხანდახან, თუნდაც უცნობი ავტორი ჰყავდეს,
შესაძლო გახლავთ, ისე აგორდეს, უცბათ ისეთი შედევრი გახდეს,
ასი პოემაც ვერ შეედაროს; ზომაში მცირე არ ნიშნავს ნაკლებს;
კარგი ლექსი კი კარგი რითმაა, თუმც კარგი რითმა არ ნიშნავს კარგ ლექსს.

ცოდვას სჭირდება მონანიება, განუწყვეტელი გლოვა სულისა,
დაცემას ისევ აღდგომა მოსდევს, შემუსვრილება თუ გვაქვს გულისა;
სიკვდილისწინა მონანიება უსარგებლოა და უალაგო;
ეს იგივეა, ბინძური სახლი მხოლოდ ძილის წინ რომ დაალაგო.

წარსული განა კინოფირია, მაკრატლით მოჭრა, რაც გეზიზღება?
ჩვენ კი ვივიწყებთ არასასურველს, მაგრამ უფალს ხომ არ ავიწყდება;
სჯობს ცუდი უფრო დავიმახსოვროთ, ვიდრე კარგი გვაქვს რამე საქები, კეთილშობილნი გავხდებით უფრო და სულისთვისაც გახლავთ სარგები.

თუ სხვისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება,
კეთილშობილი საქმეა, თავის გაწირვა – გაღება;
სულაც არ ნიშნავს, ამ ცოდვას(ვინც დაფიქრდება, მიხვდება) 
ამღებს მიუთვლის ღმერთი და ჩამდენს არ მოეკითხება.

ჯვრის სამკაულად ტარება მკრეხელობაა უზომო,
ისეთი დიდი სიბრიყვე და უმეცრება უგონო,
ვით მოთავსება ბიბლიის ლიტერატურის უჯრაში;
ჯვარი საპრანჭი არ გახლავთ, გამოსაფენი ქუჩაში.

ამბობენ ტვინი ადამიანის ორგანო გახლავთ უმაღლესიო,
ტვინი აგვარებს ყველა პრობლემას ცენტრი არისო უსაწრაფესიო;
მე კი პირიქით მგონია, რადგან ადამიანი რობოტი გახდა,
ყველა ორგანო კარგად მუშაობს, სწორედ გონების და ტვინის გარდა.

სიზმარში ქმნილი დანაშაული არანაკლები ცოდვაა მძიმე,
ვიდრე  გონებით, სიტყვით თუ საქმით, ცხადში როდესაც ჩაიდენს ვინმე;
სხეულს თუ სძინავს, სული ხომ ფხიზლობს, სული მხნე გახლავთ დღისით და ღამით;
ცოდვის სიმძიმე განზრახვითაა და არა მხოლოდ შედეგით ცხადით.

თუ ყურადღებით დააკვირდებით – თვალებით, გონით, აზრით და ფიქრით,
თქვენ დაინახავთ უამრავ სინდისს, მიმოფანტულებს აქეთ და იქით,
რომლებსაც ხშირად კარგავენ, თუმცა სულ არ იცვლიან სირცხვილით ფერებს; 
სინდისს დაკარგავ თუ მოინდომებ, პოვნით კი ვეღარ იპოვი მერე.

გარდაცვლილ ახლობლებს გავედრი უფალო, შეუნდევ ცოდვები, მოგმართავ ვედრებით !
წამია სიცოცხლე, სასტიკი, ამაო, რამდენი დატოვა სიკვდილმა ცრემლები;
შემინდევ უგუნურს, ცოდვილს და უბედურს, რამდენჯერ შევბღალე მე შენი სახელი;
როდესაც მოვკვდები, ეჰ, ვინმემ ჩემთვისაც დაანთოს იქნება თუნდ ერთი სანთელი?!

მარტო ისეთ კაცს ნუკი ვცემთ თაყვანს, ვისგანაც ველით და ვინც გვჭირდება, 
ადამიანებს მაშინ ნუ ვარჩევთ, როცა ძალიან გაგვიჭირდება;
თუ მოწიწებით ვეპყრობით, რადგან მისი წყალობით ნატვრა ახდება,
ამაზრზენია მსგავსი ქცევა და მლიქვნელობისგან არ განსხვავდება. 

„გთხოვ, მიუტევე, მამავ, რამეთუ, არა იციან, რასა სჩადიან“
რა დიდებული, გახლავთ, სიტყვები – სულს რომ სწვდებიან, გულში ჩადიან;
ოღონდ, ჩვენთვის თქვა უფრო უფალმა – ვისაც ყური აქვს გაიგონოსო,  
მამას მივმართაც, მაგრამ ყოველმა, ვისაც სიბრძნე აქვს, შთაიგონოსო.

ნუ შეაწუხებთ ადამიანებს ზედმეტი კითხვით, რაში გჭირდებათ? –
რატომ არიან შეწუხებულნი – თუ თქმა არ უნდათ, თუ ერიდებათ;
უმჯობესია, ის ჰკითხოთ უფრო, რით შეგიძლით შემსუბუქება, 
რით შეგიძლიათ რომ დაეხმაროთ, თუ მოგეცემათ ამის უფლება.

იმ ქვეყანაზე ვერას წაიღებთ, რაც გინდა დიდი გქონდეთ ქონება,
ამ ქვეყანაზე კარგი ჭამა–სმით ვერ მოიპოვებთ სულის ცხონებას;
ღმერთმა შეგარგოთ, რაც გაგაჩნიათ, რაც გემატებათ და გიახლდებათ,
ოღონდ, ყოველი ზედმეტი ლუკმა აუცილებლად ვინმეს აკლდება.

ღმერთო სამშობლოს გავედრი – აშორე ბნელი, წყვდიადი,
მოსპე უღრმთო და უსჯულო, სოდომისტი და ბლიადი,
კვლავ მოგვივლინე გმირები, ქრისტესმოყვარე, დიადი,
როგორიც იყო მერაბი, როგორიც იყო ზვიადი !!!

ტყუილი არ გახლავთ ხუმრობა უბრალო,
ცოდვაა ყოველი, არ ქრება უკვალოდ;
ხარობენ დემონნი, დაძრწიან ლანდებად,
სიცრულის მამა ხომ ეშმაკი ბრძანდება.

ადამიანებს ის სიამოვნებთ, რაც ყურს ტკბილად და ლამაზად ხვდება,
ვიდრე სიმართლე უფლისმიერი, რაც სულისთვისაც შესარგი ხდება;
რადგან ისე აქვთ ამპარტავნება სულსა და ხორცში გამჯდარი მყარად,
ჭეშმარიტების დანახვა არ სურთ და სინდისთანაც არიან მწყრალად.

ვინც თქვენ ერთხელ გაგიღიმოთ, თქვენ მას ათჯერ გაუღიმეთ;
ვინც შეგაქოთ, ათჯერ მეტი შეაქეთ და განადიდეთ;
ვინც კი ერთხელ დაგითმინოთ, ათჯერ მეტად დაუთმინეთ;
და ვიცნ ერთხელ გაწყენინოთ, ათჯერ მეტი აპატიეთ.

მთელი სიცოცხლე ვისაც სიკეთით და სიყვარულით უტარებია, 
ვისაც ღმერთი და ვისაც მოყვასი თავისი ქცევით უხარებია,
მისთვის სიკვდილი არაფერია, არ ეშინია ასეთ კაცს მისი,
გზაა ნანატრი, სათნო, რადგანაც, ღმრთის სასუფევლის გამხდარა ღირსი.

ადამიანებს სიცრუის გამო ან თუნდაც ყალბი დანაპირებით,
ვით პინოქიოს, დაუსრულებლად რომ ეზრდებოდეთ მართლა ცხვირები,
ვერ გაუძლებდა სამყარო ამას, აპოკალიფსი აღსრულდებოდა –
კაცობრიობა მათი ცხვირების გადახლართვისგან დასრულდებოდა.

ადამიანი ღორის ხორცს მიირთვევს დიდი მადითა,
რომელიც არის ნაკვები ბინძური სალაფავითა;
...და მერე გვიკვირს, როდესაც ზოგიერთების ქცევები
ხშირად წააგავს ღორისას, ღორის უჩნდებათ ჩვევები.

ეხარა მარიამს მოვლენა ქვეყნად ყველაზე უდიდესი,
გახდება ქალწული მშობელი უფალი იესო ქრისტესი;
ჯოჯოხეთს შეერყა ჭიშკარი, მოდისო ბოქლომის ამხსნელი,
აღსრულდა ოცნება მრავალთა, იშვება ცოდვილთა დამხსნელი.

ბოროტი ადამიანი არ არის ღირსი ზიზღისა,
უფრო საბრალო გახლავთ და სატირალ–სადარდელია,
რადგანაც ისიც შვილია ღვთისა, ხატება მისისა
და ბრძოლა გადასარჩენად მისი სულისა ძნელია.

ჩვენ, სამწუხაროდ, ათას ცოდვასა და სიბილწეში ვბაძავთ ერთმანეთს,
უაზროდ ვფლანგავთ ცხოვრებას ჩვენსას, ხორცს ვარგებთ მხოლოდ, სულს კი ვერაფერს,
რადგან ნაკლებად ვბაძავთ ღვთის შვილებს მორჩილებასა და სინანულში, კეთილშობილურ მოქმედებაში, სათნოებასა და სიყვარულში.

ნაადრევია გარდაცვალება ზოგჯერ დიადი ადამიანის,
გულები გვწყდება, ვერ ვეგუებით, თუმცაღა გახლავთ სამართლიანი, 
რადგან ღირსებას მისას, დიდებას, სიკვდილით ბევრი ჭორი ასცდება; 
მკვდარი ხომ უფრო მეტად დიდია, მკვდარი ხომ უფრო მეტად ფასდება?! 

სადაც გინდათ, როგორც გინდათ, გადაქექოთ ქვეყანა, 
ორ ერთნაირს ვერ იპოვით, რაც არ უნდა ეძებოთ;
ერთნაირად ჭკვიანებიც არ არსებობს, ვერ ნახავთ,
ერთნაირად ბრიყვები კი...უჰ, რამდენიც გენებოთ.

ჩვენ, სამწუხაროდ, მთელი სიცოცხლე დაუღალავად ვეძებთ რაღაცას,
…და ვერ ვპოულობთ, რაც გვინდა იმას, რაც უფრო მეტად თვალსაჩინოა;
განა იმიტომ, რომ ცუდად ვეძებთ, ანდა ვერ ვხედავთ ვეძებთ სადაცა,
არამედ სხვაგან ვეძებთ ხშირად და იმას არ ვეძებთ, რაც საჭიროა.

„ქმნა ღმერთმა ადამიანი, სახედ და ხატად თვისაო“.
ადამზე გახლავთ ეს ფრაზა, მასზე ამბობენ მსგავსებას, 
თორემ დღევანდელ არსებას რა ხატება აქვს ღმრთისაო?
მადლობა უფალს, არა ჰგავს, ღმერთი დღევანდელ არსებას.

სასწაულს ეძებს ირგვლივ მრავალი ადამიანი ურწმუნო, ფლიდი,
თითქოს არ იყო შესაძლებელი, ამის გარეშე ღმერთი ეწამათ;
რა უნდა ნახოთ, რა საოცრება და სასწაული ამაზე დიდი?! –
თავად უფალი მიწას დაეშვა და ცოდვილთათვის ჯვარზე ეწამა.

უფალი იესო ჯოჯოხეთს დაეშვა, განათდა ბნელეთი შეირყა კედლები,
ხარობენ მართალნი, დასრულდა წყვდიადი, შეჰყურებს ყოველი იესოს ვედრებით;
უფალმა ინება მართალთა გამოხსნა, გამოჩნდა ბილიკი თვით ზეცის კარამდის,
დიდება შენს სახელს უფალო იესო, გადიდებთ ყოველნი კვლავ აწ და მარადის !!!

ეი, თქვენ, უგუნურებო, როდესაც ჯვარზე მაკრავდით,
ნუთუ გეგონათ მომკლავდით, ნუთუ გეგონათ დამფლავდით?!
ღმერთი არასდროს არ კვდება, ის მხოლოდ თქვენთვის ეწამა,
რათა თქვენ ქრისტეს აღდგომით ჭეშმარიტება გეწამათ !!!

არ დაილევა ცრემლი და დარდი, გარდაცვალებულ ძვირფასთა გამო,
იარა რჩება გულში მარადის და ამოფრქვევას ტკივილი ლამობს;
მაგრამ მშობელი – ღმერთი მზრუნველი იმედად იქცა გარდასულების; 
მაშ, გიხაროდენ, უფალი აღსდგა, მაცხოვნებელი ჩვენი სულების !!!

ღვთისმშობელო კარისაო, დედავ მზისა დარისაო,
ივერიის მფარველო და მცველო მტრისგან ავისაო,
დაიფარე ჩვენი მიწა – ნინოს ჯვრისა ვაზისაო,
შენი ხვედრი საქართველო ღირს ყავ უფლის მადლისაო !!!

ზოგჯერ სიმართლის დამალვა დიდხანს სახლში დაგროვილ ნაგავს მაგონებს,
რომელიც გარეთ არ გაგვაქვს, მაგრამ ნაგვის ბუნკერად ვაქცევთ საცხოვარს;
დუმილი ხშირად მართლაც ოქროა, მაგრამ ნუ  განმსჯით  თუ მოგაგონებთ:
ხშირად ოქრო ხომ ეშმაკს მსახურებს და არა უფალ ღმერთს და მაცხოვარს.

ადამიანთა კეთილგანწყობა, რაღა თქმა უნდა, შესაქებია,
კეთილგანწყობას, ოღონდ, უფლისას, რა შეედრება ამქვეყნად ნეტავ?
ადამიანი ხშირად ივიწყებს, რაც მისთვის კარგი გიკეთებია,
უფალს კი ახსოვს – ყველა სიკეთეს გვინაზღაურებს ათასჯერ მეტად.

უფლის წინაშე ნუ დავმარცხდებით, ეს არის ქვეყნად უფრო მთავარი,
სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა, სადარდებელი სულაც არ არის;
წამია მხოლოდ წუთისოფელი, წყალი წალეკავს ფიქრებს ამაოს,
მხოლოდ ის რჩება მარად უკვდავი, რაც სათნო ეყოს უფალს ცაბაოთს.

უფალზე ფიქრი გამუდმებული, ოჰ, რა ტკბილია იცოდეთ ნეტავ , 
როდესაც ყოველ ამოსუნთქვაში, გულის ფეთქვაში უფალ ღმერთს ხედავ,
როდესაც იცი, როდესაც გჯერა, ის შენთანაა მარადის, გვერდით;
განა არსებობს ამ ქვეყანაზე ბედნიერება ამაზე მეტი?!

ვაი, ქვეყანას უბედურს, ქვეყანას გარყვნილებისა,
აყროლდა წუთისოფელი, მძიმე ცოდვებით ივსება;
უფალს რამხელა ჰქონია, ფიალა მოთმინებისა,
მიკვირს და ვეჭვობ, ნეტავი ოდესმე თუ გაივსება?!

ერთგულება რა თქმა უნდა თვისებაა დიდებული, 
მთავარია საითაა ეს თვისება მიმართული;
მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ფაქტს ვერ შევცლით გარდაუვალს –
ეშმაკს ბევრად უფრო მეტი ერთგული ჰყავს, ვიდრე უფალს.

რატომ ჩაუჯდა სატანა მაინცდამაინც იუდას?
რატომ ცდილობდა გაცემას და ღალატს ასე ჯიუტად?
სიყვარულია მიზეზი ამ გამოცანის რთულისა –
შიში არ ჰქონდა იუდას და სიყვარული უფლისა.

უვარგის ნივთებს ნაგავში ყრიან, თუ სარგებელი მათგან არ არის;
ნეტარებისთვის არ მოუცია სიცოცხლე უფალს ცრემლად საღვრელი,
მოვალეობის გრძნობა გულწრფელი და სხვებზე ზრუნვა გახლავთ მთავარი,
თორემ უფლისთვის ჩვენც უვარგისი ნივთნი ვიქნებით გადასაყრელი.

დამცირება და შეურაცხყოფა ადამიანის სულს არ აკნინებს, 
მოთმინებით და მიტევებით კი უფრო მშვენდება, უფრო მაღლდება;
ტაძარში ბევრი ცოდვილი შედის, ხატებთან ტოვებს ცრემლებს ნადინებს,
მაგრამ ცოდვილთა მიღებით განა ტაძრის სიწმინდეს რამე აკლდება?

უდიდესი ჯილდოა სიყვარული ხალხისა, 
ვერ აჯობებს ამ ჯილდოს ცხრა ნობელის პრემია;
პრემიებს და მელდებს ხომ უამრავი იღებს და
ხალხის სიყვარული კი ერთეულთა ხვედრია.

თუ მოსავალი კარგი გამოდგა, თუ ნიადაგმა ნაყოფი იცის,
ჯერ ღვთის ნებაა და მხოლოდ შემდეგ დამსახურება თესლის და მიწის;
თუკი წყალობა ღმერთმა ინება, მაშინ ნაყოფიც კარგი იქნება;
ჯერ უფალია უპირველესი და შემდეგ უკვე მისი ქმნილება.

კარგი იქნება, თავისი საქმით საყოველთაოდ კარგად ცნობილნი,
სახელგანთქმული პიროვნებები ისევე იყვნენ კეთილშობილნი, 
ნიჭიერები გახლავთ როგორიც, რა დიდება და პატივიც ხვდებათ,
თუმც სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში აბსოლუტურად პირიქით ხდება.

ხშირად ხდება ვაღიარებთ ერთი კაცის ნააზრევს,
სხვებს არაფერს ვეკითხებით, არ ვერევით დავებში;
ჭეშმარიტი სიბრძნე, ოღონდ, დაიხსომეთ, ხალხში დევს,
ერშია და არა მხოლოდ ერთეულთა თავებში.

დამღალა წუთისოფელმა, უკვე ცოცხალ გვამს ვგავარ;
არა ვარ ღირსი სიცოცხლის, არც შეწყალების არ ვარ;
ზიდვა ამდენი ცოდვების არ შემიძლია, აღარ;
შენ შეგვეწიე უფალთან, წმიდაო მეფე თამარ !!!

მდუმარებაში ნატანჯს და დაღლილს შემოგსევიან ტურები ავად,
ვაი უგნურებს, რომ ვერ უცვნიხართ უფლისთვის სათნო და წმიდა მამად;
როგორც მარგალიტს ვერას დააკლებს თუნდ მთელი ქვეყნის ნაგავთა გროვა,
შენც ვერას გავნებს მავანთა ყეფა და გაბრწყინდები როცა დრო მოვა.

დაბადებიდან უფლისგან იყავ, თუმც შეწირული ნებით ზვარაკად,
სიცოცხლეშივე  სასწაულქმედი გადაიქეცი ზღაპრად, არაკად;
შენ დაგვიფარე ბოროტისაგან, გვეყავ უფალთან მეოხ, პატრონად
უსაყვარლესო ტკბილო წმინდანო, წმიდა ნეტარო დედავ მატრონა!!!

ადამიანი ქვისგან გამოთლილ ძეგლებს მიაგებს უფრო მეტ პატივს,
ვიდრე ამ ძეგლის ორიგინალებს; ცოცხალს აჯობა რკინამ და ქვამო;
ეხლაც, ვინ იცის, ირგვლივ რამდენი ადამიანი დიადი დადის,  
მაგრამ ვერ ვამჩნევთ ამპარტავნების, შურის, ბოღმის თუ სიბრიყვის გამო.

გიყვართ ზღაპრები? – სთხოვეთ  ნაცნობებს, თავის შესახებ მოგიყვნენ რამე, 
ხოდა, ისინიც მოგიყვებიან თავსგადახდენილ წუთებს და წამებს;
მოგიყვებიან ტყუილს და მართალს, რაც ვითომ იყო, არის და არ არს,
და თქვენ, მერწმუნეთ, სიამოვნებით უამრავ ახალს მოისმენთ ზღაპარს.

სხეულის მძიმე მარხვით და გვემით განა უფალ ღმერთს შევმატემთ რამეს?
ის სულს სჭირდება განსაწმენდელად, სინანულისთვის ცოდვათა ჩვენთა;
თუ სიყვარულით ვაკეთებთ ყოველს, მაშინ მივითვლით წუთებს და წამებს,
როცა ცოდვილნი, მაგრამ გულწრფელნი სიკვდილის შემდეგ წარვსდგებით ღმერთთან.

დაბადებიდან იცავდი მარხვას, ვითარცა სერგი რადონეჟელი,
წმიდა სულის და ხორცის პატრონი, ბოროტთა სულთა მარად მძლეველი;
ქართველი ერის ღმერთთან შემწეო, დიდი მამა ხარ, დიდი წმინდანი,
უტკბილესო და უსაყვარლესო, წმიდაო ჩვენო მამა ვიტალი.

პატიოსნება განა ყოველთვის სიმართლის სრულ თქმას ნიშნავს, გულით მხმობს, 
ის პირველ რიგში კეთილშობილ და სათნო ქმედებას უფრო გულისხმობს;
თქმას გააჩნია – სად იტყვი, როგორ; ხშირად სიჩუმე სჯობდეს უტყვისა;
ზოგჯერ სიმართლე ეშმაკის უფრო გახლავთ მსახური, ვიდრე უფლისა.

ადამიანის სულში ოდითგან ზოოპარკია ჩაბუდებული
და ცხოვრებაში ის ამ ცხოველთა მრავალ საფეხურს, სტადიას გადის;
ხან მელა გახლავთ, ხან სახედარი, ხან თხა, ხან ღორი ჩასუქებული,
ხან რომელიმეს ისე ეჩვევა, ამ ცხოველივით ცხოვრობს და დადის.

სიცრუეს მოკლე ახლავსო ფეხები, გამიგონია, 
მართალი გახლავთ ნამდვილად, მაგრამ მე ასე მგონია:
მარტო ფეხები არ კმარა, კვალს მარტო ფეხი არ ტოვებს,
გრძელი ენა და კუდიც აქვს, ამიტომ ნიანგს მაგონებს.

მტყუან მეგობარს ვინც მხარს დაუჭერს, დაიმსახურებს რისხვას ღვთისასა,
ჭეშმარიტება მეგობრობაზე უფრო მტკიცე და უფრო მყარია;
ის ხომ ორივეს სულს ჰყიდის ეშმაკს, თავისასაც და მეგობრისასაც
და ორჯერ მეტი დამნაშავეა, ვიდრე ის, მისი მეგობარია.

ზოგი უღირსი ადამიანი რომ შეადარო ცხოველს მცირედით,
მკრეხელობაა ისეთი დიდი, უსამართლობა გახლავთ ისეთი,
რომ ეს ცხოველი დამცირებისგან ცხარე ცრემლებით უნდა ტიროდეს,
სირცხვილისაგან სახე ეწვოდეს და თვითმკვლელობის გზებზე ფიქრობდეს.

ბოროტმა ძალამ თუ ფიზიკურად დაგვცა, დაგვჯაბნა და მოგვერია,
სულაც არ ნიშნავს ეს დამარცხებას, სატანა ჩვენზე რომ ძლიერია;
ვისაც ღმერთი ჰყავს სულში გამჯდარი, ვისაც უფალი გულწრფელად უყვარს,
ათი სატანაც ვერას დააკლებს, ვერ მოერევა სულში მყოფ უფალს.

განათლებული – კეთილშობილ და გონებანათელ არსებებს ქვიათ,
თორემ ნასწავლი ვირების მეტი რა არის ქვეყანად?! – სავსეა ფრიად;
ცოდნას მაშინ აქვს მადლი და ფასი, თუ ის სიკეთეს ემსახურება
და სიყვარულით გამთბარი გული მრავალთა გულებს ეხმაურება.

რაც არ გერგება, არ შეგერგება, არც ცხონებისთვის გამოგადგება,
არამი ლუკმა ყელზე თუ არა, იცოდე სულზე რომ დაგადგება; 
განა ქონება ნიშნავს რაიმეს, თუკი გაგიხდა სული ავადა?!
ყელის გაწმენდა იოლი გახლავთ, სულის კი – ნურას უკაცრავადა !!!

უფალმა შექმნა ტურფა სამყარო, ტკბილად შესარგი, ნათელმზიანი,
მშვენიერება  გასაოცარი, ნაყოფიერი და მადლიანი;
მაგრამ ბუნება დღეს ავადაა, ვირუსი შეხვდა ავი ზნიანი,
ბოროტი მღრღნელი, დაუნდობელი ჭირი, სახელად ადამიანი.

სიღარიბე რა თქმა უნდა სასურველი არ არის,
ბევრი მოაქვს ტკივილი და გაჭირვებაც კი ახლავს,
მაგრამ მაინც  მეგობარი გახლავთ ადამიანის,
რადგან ბევრი ცოდვისაგან იცავს მას და იფარავს.

პროფესიონალს მაშინ აქვს ფასი, თუ ის სიკეთის მსახური გახლავთ,
თუკი ცოდნას და გამოცდილებას თან სიყვარულის მარცვალიც ახლავს;
სიყვარულია, რასაც სჭირდება ვირტუოზობა და ერთგულება,
თორემ ეშმაკზე დიდი ოსტატი ამ ქვეყანაზე არ მეგულება.

ყოველ სახლს ხშირი დაგვა და დასუფთავება სჭირდება,
თორემ  ათასი ჭუჭყით და ათასი ნაგვით ივსება;
მაშ სულმა რა დააშავა, ნუთუ არა თვლით მას სახლად?
ან განა ის ყველა სახლზე უფრო ძვირფასი არ გახლავთ?!

საკუთარ თავთან ბრძოლა ვისწავლოთ, საკუთარ სულში მტერის მხილება, 
რადგანაც მტერი ჩვენ მასზე დიდი სხვა არასოდეს არ გვეყოლება;
...და ვიმეგობროთ საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისს ჩავკიდოთ ხელი,
არ გვეყოლება მასზე ერთგული ჩვენ მეგობარი და მასზე წრფელი.

ადამიანი ურჩი ბუნებით აკრძალულს ელტვის, გამიგონია,
უფალს მცნებანი საპირისპირო რომ ეთქვა მისთვის, ასე მგონია
(იპარე, კალი, იმრუშე, გშურდეს და უარესი ბევრი ამათზე),
ნაკლები ცოდვა და ბოროტება იარსებებდა ამ ქვეყანაზე.

ვალდებულების გამო ჩადენილ სიკეთეს არ აქვს ფასი ნამდვილი,
ასეთ სიკეთეს მადლი არა აქვს, გინდ ძნელი იყოს და გინდ ადვილი;
სიყვარულია უფრო მთავარი, საქმე  გულწრფელად გაკეთებული,  
რომელიც გახლავთ ღვთივსულიერი მოთხოვნილებით გაჯერებული.

უმრავლესობა სატანს ჰმონებს, უფალს კი მხოლოდ უმცირესობა,
მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ, ბევრი არ ნიშნავს უდიდესობას; 
ეშმაკთან მხოლოდ უგნურნი დგანან, უბადრუკები, ცრუნი, ფლიდები,
ხოლო უფალთან – გონიერები, სულნათელნი და ჭეშმარიტები.

ადამიანს რომ ფრენა შეეძლოს, რომ დამდგარიყო ასეთი ჟამი,
ღმერთთან აფრენას მოინდომებდა, არ შერცხვებოდა არცერთი წამით;
...და უფრო მეტი ამპარტავნებით, ეგოიზმით და მედიდურებით,
ათასჯერ მეტად შეაწუხებდა უფალს თავისი უგუნურებით.

ნეტავ შემეძლოს, ადამიანებს დავავიწყებდი წამით ყველაფერს
და უხილავი მათთვის ძარღვებით გადავაბამდი უცებ ერთმანეთს,
იძულებულნი რომ გამხდარიყვნენ, ერთი გულით და გრძნობით ეარათ,
რომ ერთმანეთის ტკივილი ეგრძნოთ და სიხარულით ერთად ეხარათ.

ღმერთმა ადამი კი არ დასაჯა, არამედ მისცა, რაც მას უნდოდა –
როგორც ბოროტის, ისე კეთილის შეცნობისა და განსჯის უნარი;
მაგრამ ადამმა, ევასთან ერთად, უფლის ხმას ყური არა უგდო და 
ცოდნა უკუღა გამოიყენა, ურჩი გამოდგა გაუგონარი.

„თქვენთან ვარ აწ და მარადის, აღსასრულამდე სოფლისა“
–გვესმის სიტყვები ნათელი, ამაღღლებული უფლისა;
აქ საკითხავი სხვა არის, მთავარი ჩვენი არსისა :– 
ჩვენ თუ ვიქნებით უფალთან, ღირს თუ ვიქნებით ამისა?!

ადამიანის მორალი არა დგას უფლის მცნებაზე,
რამეთუ გახლავთ გათვლილი უმრავლესობის ნებაზე;
...და სულ არ ნიშნავს სიკეთეს, ყოველთვის არ დგას სწორად და
არავითარი კავშირი არა აქვს უფლის მორალთან.

კურდღელს არ უნდა იმის თქმა, რომ მგელს და ტურას ერიდოს, 
მან იცის შიში რა არის, სიცოცხლე ბეწვზე ეკიდოს;
სჯობს, გადარჩენის ხერხები ასწავლოთ, მოკლედ სათქმელი;
ჭკუის მსწავლელი ბევრია, დამხმარე – თითზე სათვლელი.

კარგია როცა სხვა ეხმარები, გულით გაუყოფ სითბოს და ლუკმას,
მაგრამ ეს საქმე ნუ გიხარია, ღმერთს ასჯერ მეტად სტკივა და უყვარს; 
ექიმს, რომელსაც სნეულის მისვლა გაუხარდება – დანახვა მისი,
სიკეთის მსახურს ვეღარ ვუწოდებ, არ არის ქება–დიდების ღირსი.

მკვლელობა მეტად მძიმე ცოდვაა და უდიდესი მოაქვს ზიანი,
მაგრამ აბორტი ათჯერ მძიმეა და ათჯერ მეტი სულის ჭრილობა,
რადგან ჯგუფური მკვლელობა გახლავთ არმოვლენილი ადამიანის,
რომელიც, მხოლოდ უფალმა იცის, რას მოუტანდა კაცობრიობას.

სიბრძნე არ გახლავთ ყოველი ზედმეტი ქება–დიდება,
ვინც თქვას ლამაზი ფრაზებით უბრალო ჭეშმარიტება,
არამედ გახლავთ, ვინც ფერებს ზედმეტად აღარ მოხატავს
და ვინც უბრალო სიტყვებით დიდებულ აზრს გამოხატავს.

მადლი, სიკეთე სულაც არ ნიშნავს ადამიანთა სიამოვნებას,
დაუფიქრებელ პატივისცემას, მოწიწებას და გულის მოგებას; 
სანამ ვიქმოდეთ რამეს საქმნელად, ყოველი კარგად ასაწონია,
რადგან სიკეთე მხოლოდ ის გახლავთ, რაც უფლისათვის მოსაწონია.

როცა ვინმეზე საუბრობ და განიკითხავ ვისმეს,
წარმოიდგინე, ის იქ ზის და შენს საუბარს ისმენს;
ცოდვის სიმძიმეს, ჯობია, არ ამოიღო ხმაო;
ენის სიწმინდით იწყება სულის სიწმინდე, ძმაო

მხოლოდ სიწმინდე ენისა არ გახლავთ სრულად საკმარი,
ფიქრის სიწმინდე ვისწავლოთ, ეს არის უფრო მთავარი,
თორემ იმას რომ ვამბობდეთ, რასაც კი ვფიქრობთ ყველაფერს,
ერთ დღეში დავერეოდით და დავხოცავდით ერთმანეთს.

ღმერთის გარეშე რას დავწერ? – სიტყვაც არ მომეგონება,
უფალმა მომცა აზრი და უფალმა მომცა გონება;
თუ ვინმე ფიქრობს, თავისით რამეს დაწერს ან იტყვის,
ასეთი ადამიანი უგნურია და ბრიყვი.

საქართველოში შემოაბიჯა და მოიტანა ნათელი მზისა,
თავად მზესავით გაბრწყინებულმა, უნეტარესმა მხევალმა ღვთისა;
წმინდა ქალწულმა ნინომ გვაჩვენა, რა შეუძლია ჯვრითა და სანთლით,
თუ რა ძალა აქვს სუსტ, ნაზ არსებას, შემოსილს უფლის ძალით და მადლით.

თუ რამე კარგი დამითესია, შენი მადლით და შენი ნებითა,  
რამე სიკეთე თუ გამოსულა ჩემი გულიდან, ჩემი ხელიდან, 
მიცვალებულებს მიაგე, ღმერთო, შენი უსაზღრო სიყვარულითა, 
შეუნდევ, ხვედრი შეუმსუბუქე, გემუდარები მთელი გულითა !

მეერგასე დღეს ზეცა გაიხსნა, ღვთიური ცეცხლი დაეშვა ნელა
და სულიწმიდის მადლით აივსო უფლის ერთგული მოწაფე ყველა;
ისევ გაცხადდა ღვთისგან სამება, გარდმოედინა ღვთის მადლი ციდან;
დე, შეგვეწიოს მამა უფალი, სიტყვა – ძე ღვთისა და სულიწმიდა.

სამი მტერი ჰყავთ ამქვეყნად მუდმივად ადამიანებს,
სამივე ცოდვის ბუდეა, სამივე სულს აზიანებს;
თვალი, ენა და ყურია დიდი სიფრთხილით სახმარი,
მაგრამ მათ შორის ენაა ყველაზე დიდი მზაკვარი.

ადამიანებს როცა შესცივათ, მზე მაშინ უნდათ,სითბო მზიური
თორემ სიცხეში სძულთ კიდეც ხშირად და სულ არ ახსოვთ მადლი ღვთიური; 
ის კი არ არის გასაოცარი, თუკი ზაფხულში თოვლი გინახავს,
არამედ, როცა მზეზე დგახარ და მისი სიდიდე ვერ დაგინახავს.

შენდა შევსწირავთ ქებასა, უნეტარესო დედაო,
რას შევადარო ამქვეყნად შენი სიწმინდე ნეტაო?!
მეოხ–მკურნალო სულისა, თუ რამ ცოდვა და სენია,
უსაყვარლესო წმინდანო, ტკბილო დედაო ქსენია.

მწყემსი, რომელიც ცხვარს უშვებს ტყეში მარტოს და უღონოს, 
მგლის მეგობარი უფროა, ვიდრე ცხვრის გახლავთ დამცველი; 
თავის ვალს ვინც არ ასრულებს, უგნურია და უგონო,
ასეთი კაცის არ მწამს და სიკეთეს მისგან არც ველი.

ნამდვილი სიბრძნე უბრალო გახლავთ, გასაგები და ისე მარტივი,
გაგიკვირდება, რატომ აქამდე არ მოუვიდა თავში არავის?!
ჭეშმარიტებას ძებნა არ უნდა, ცაში დაფრინავს როგორც არწივი;
ჭეშმარიტება გახლავთ, რაც იყო და რაც იქნება აწ და მარადის.

მრავალთა მიერ რჩეული კაცი სულაც არ ნიშნავს სიკეთის მსახურს,
არამედ ნიშნავს მის ძლიერებას და ზეგავლენას უამრავ სხვაზე;
მადლი, სიკეთე ის კი არ გახლავთ, რაც ეამება გონებას და ყურს,
არამედ, რაც სულს გამოადგება და წარუძღვება უფლისკენ გზაზე.

შური, სიცრუე და სიძულვილი, გახლავთ ის სამი, რაც აზიანებს,
ადამიანის გულს და გონებას, რაც ასე ანგრევს სიმშვიდეს სულის;
სიყვარულია, რასაც უფალი სულ შთააგონებს ადამიანებს,
თუმც, სამწუხაროდ, მათ გონებაში ნაკლებად შედის სიტყვები უფლის.

როცა ვობლდებით, ერთხელაც ვრჩებით სრულიად მარტონი,
ფასს მაშინ ვხვდებით უგნურნი, დედ–მამის გარდაცვლილების,
რა უგულონი ვიყავით, როგორი უსამართლონი 
მშობლების მიმართ მრავალჯერ, მათ სიცოცხლეში შვილები.

პატიოსანი ადამიანი ვერ მოიშორებს ტკივილს სინდისის,
იმ ჩადენილი ქცევების გამო, რაც შეიძლება მძიმედ ახსოვდეს 
აწ გარდაცვლილი ახლობლის მიმართ(დამეთანხმება, ალბათ, ვინც იცის);
სინდისის ქენჯნას გაუძლებს კაცი, სინდისის ტკივილს - ვეღარასოდეს.

კარგი შვილობა მეტად ძნელია, მაგრამ ათასჯერ მნიშვნელოვანი, 
ვიდრე და–ძმობა, მეუღლეობა ან მეგობრობა მრავალწლოვანი;
მშობელი მაინც უმთავრესია, ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი; 
„პატივი ეცი დედას და მამას“– თვით მცნება გახლავთ უფლის ერთერთი.

ალილუია არ შეეშლება ჭეშმარიტ მღვდელსო, გამიგონია,
მართალი გახლავთ, არ შეეშლება, მადლიან მოძღვარს, ასე მგონია;
ადამიანი გახლავთ მოძღვარიც, ზოგჯერ იქნება შეცდეს რამეში,
მაგრამ  თეთრსა და შავს თუ ვერ არჩევს, ის ვერ მიგვიყვანს უფლის მხარეში.

სჯობს, სანამ რამეს მოვიმოქმედებთ, დავფიქრდეთ ცოტა, ავწონოთ კარგად,
რამდენად გახლავთ ეს მოსაწონი თავად უფლისთვის, რამდენად ვარგა;
არ შეიძლება ღმრთის დავიწყება, არცერთი წამით, სანამ ვიცოცხლებთ,
თორემ საქციელს ჩავიდენთ ისეთს, რომ ვეღარ შევცვლით მთელი სიცოცხლე.

სირცხვილის გრძნობა დიდებულია, ყველაზე დიდი მადლი უფლისა,
რაც კი ებოძათ ადამიანებს, მაკურნებელი სულის, გულისა;
რაც უფრო მეტად შრომობს სინდისი, რაც უფრო მეტად ირცხვენს, წითლდება,
მით უფრო მეტად წვალობს სხეული, მაგრამ მისივე სული მდიდრდება.

კაცი მაშინ კი არ კვდება, როცა გული უჩერდება,
როცა თვალებს დახუჭავს და როცა მიწას მიბარდება;
სინამდვილე სულ სხვა გახლავთ – კაცი უკვე მაშინ კვდება,
როცა ღმერთი აღარ ახსოვს, როცა ღმერთი ავიწყდება.

ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის, ნუთუ ზრდილობა არ გვეკადრება?
რატომ მივმართავთ უფალს შენობით, არ გვრცხვენია ან არ გვეხათრება?
...და ბოლოს მივხვდი – ღმერთი ხომ თავად სიყვარულია სამარსებითი,
ხოლო სიყვარულს ფორმა არა აქვს, არც მრავლობითი და არც კრებითი.

სამშობლო მხოლოდ მიწა არ გახლავთ, საცხოვრებელი ტერიტორია,
ის ოჯახია ჩვენი იგივე, ოღონდ მაღალი კატეგორია;
მამულის გამო ოჯახს გაწირავ, თუკი უჭირს და მტრისგან იძლევა,
მაგრამ სამშობლოს ოჯახის გამო ვერ შეელევი, არ შეიძლება.

ადამიანის სულსაც სჭირდება მუდმივი კვება მსგავსად სხეულის,
მისი საკვები სიტყვაა უფლის, წმიდა მამათა აზრნი რჩეული;
როგორც სხეულს სწყინს ზედმეტი კვება, ასევე სულსაც ვუფრთხილდეთ უნდა,
თუ სული წონის კონტროლს ვისწავლით, ხორცის წონასაც დავიცავთ მუდამ.

პირით სინანულს მცირე ფასი აქვს, მთავარი გულით სინანულია,
თუ სიყვარულით არ ფეთქავს მუდამ, თუ არ განიცდის, ის რა გულია?
მთავარი თქმა კი არ არის მხოლოდ, არამედ გულში რა გიდევს რწმენით;
გულს უსმენს ღმერთი პირველყოვლისა და არა იმას, რას იტყვი ენით.

სანამ დავდივართ, უნდა ვზრუნავდეთ ერთმანეთისთვის, კაცი თუ ქალი;
„რაც გაუკეთე ერთ მცირეთაგანს, მე გამიკეთე“ – ამბობს უფალი;     
როცა არავის აღარ ვარგივართ, მაშინ ვილევით, მაშინ ვმცირდებით;
სოცოცხლე უკვე მაშინ თავდება, როცა არავის აღარ ვჭირდებით.

ქალი სივრცეა, მთელი სამყარო – ამოუცნობი, შეუდარები,
ხან დამყოლია, როგორც ფისუნა, ხან კი ვეფხვივით მიუკარები;
ხანდახან ქალის გულის მოგება ადვილი გახლავთ საქმე თავადა,
კეთილგანწყობის, ნდობისაც, მაგრამ სულისა – ნურას უკაცრავადა.

მე არ ვწერ ლექსებს, ღმერთი წერს ჩემით, მე კი კალამი გახლავართ მისი,
როგორ გავბედო, მე მივითვალო, უგნურმა, რისიც არა ვარ ღირსი?
მიწა და მტვერი გახლავართ მხოლოდ , მოსიარულე ცოდვილი ერთი,
...და თუ ვწერ რამეს, ვწერ მხოლოდ იმას, რასაც ინებებს უფალი ღმერთი.

უფალზე ფიქრით თავად სიკვდილიც დიდი მადლია, აუწონელი, 
ხოლო სიკვდილი უფლის სახელით – ბედნიერება განუზომელი;
მაგრამ სიკვდილი ღვთის რწმენის გამო ნეტარებაა ენით უთქმელი;
ნეტავ ასეთი სიკვდილი მერგოს, ნატვრაა ჩემი გამოუთქმელი.

ადამიანის სიცოცხლე მსგავსი იმ დიდი ხისაა,
 ნაყოფს რომ მეტად იძლევა, რაც უფრო დიდი ხნისაა;
...და თუ ეს ასე არ გახლავთ, ისევე შეუფასებენ,
როგორც ხეს ჭრიან შეშად და ღუმელში შეუძახებენ.

როცა უფალმა იესომ სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო,
ჩვენთვის ყველასთვის ეწამა, ყველას ცოდვები აიღო;
ამიტომ ყველას ეკუთვნის თავისი წილი უფალი,
ვისაც გული და სული აქვს ღმრთისათვის თავისუფალი.

სიყვარულზე დიდი ნიჭი არ არსებობს ქვეყანაზე,
თვით ღმერთია სიყვარული, სათნოება, სილამაზე;
განა ღმერთზე ნიჭიერი შეიძლება ვინმე იყოს?
სიყვარული თუ მაქვს გულში, სიძულვილმა რაი მიყოს?

მთავარი ის კი არ გახლავთ მარტო, რასა გრძნობს გული, რისი აქვს რწმენა,
არამედ ისიც, რას ფიქრობს თავი და უფრო მეტად, რას ამბობს ენა;
როცა სამივეს ჰარმონია აქვთ, თუ ერთმანეთთან მყარი აქვთ ხიდი,
ეს ნეტარება გახლავთ სულისთვის, ბედნიერება ყველაზე დიდი.

სულისთვის სარკე რომ არსებობდეს, შეიძლებოდეს დანახვა სულის,
უამრავ ცოდვილს შიგ ჩახედვისას გაუსკდებოდა შიშისგან გული,
შეაშფოთებდა სული მახინჯი, ღმერთს მოუხმობდა მცველად და ფარად,
მიატოვებდა ხორცზე ზრუნვას და დაადგებოდა უფლის გზას მყარად.

სიყვარულია ის ხელოვნება, ის უდიდესი ამ ქვეყანაზე,
რაც უფალს ჩვენთვის უბოძებია, რაც ძვირფასია სხვა ყველა მადლზე;
დიდოსტატობა სჭირდება ამ ნიჭს და გაფრთხილება დიდი ძალიან,
თუმც, საწმუხრაოდ, ამ მადლის მიმართ მოყვარულები უფრო  არიან.

აღსარებისას, როცა ცოდვების მონანიებას იწყებ ნებითა,
ნუ გეგონება მოძღვარს მიმართავ, თავად უფალი გისმენს ზეციდან;
მღვდელს გააცურებ, თუკი იკადრებ, თუმცა სიცრუე როდი გიშველის,
მაგრამ უფალ ღმერთს ვერ მოატყუებ, მის წინაშე გაქვს სული შიშველი.

საკუთარ სინდისს ვერც მოატყუებ, ვერც მოისყიდი ქრთამით და ძღვენით,
სინდისს პატარა ღმერთს უწოდებდა გაბრიელი ბერი – წმინდანი ჩვენი;
რა ბრიყვი უნდა გახლდეთ ვინმე და რა უგუნური, სასჯელის ღირსი,
უფლისგან რამის დამალვა სცადოს, ან მოტყუება ინდომოს მისი.

ადამიანი გარკვეულწილად მსახიობია, სცენებს დგამს თავად,
სხვა საკითხია, როგორ ახერხებს სპექტაკლის თამაშს, კარგად თუ ავად; 
სხვადასხვა როლებს თამაშობს მუდამ, სხვადასხვა ნიღბებს ირგებს და იხმარს,
...და რა ძნელია დანახვა იმის, რაც იმალება ნიღბების მიღმა.

სიცოხცლე გახლავთ ზრუნვა და ფიქრი ჯანმრთელობისთვის, სიხარულისთვის,
საზრდელისათვის, სამოსისათვის და სიკეთისთვის ყველა სრულისთვის, 
ოღონდ ჯერ ირგვლივ მყოფი პირების, უცნობ–ნაცნობი კაცის, ქალისა,
...და უკვე მხოლოდ ყველაფრის შემდეგ, სულ ბოლოს თავის საკუთარისა.

ჩვენს ცხოვრებაში ხშირად არსებობს სიმართლე, რისი დამალვაც გვმართებს,
ხშირად დუმილი გვიჯობს ყბედობას, სიტყვას პირიდან არავინ გვართმევს;
სიმართლის თქმას კი განა ყოველვის სათნოება და სიკეთე ახლავს,
ზოგჯერ ეს დიდი უგუნურება, უტიფრობა და სიბრიყვე გახლავთ.

სირცხვილი გახლავთ შვილი სინდისის, სულის სიღრმეში შორს დამალული, 
მისი შვილები გახლავთ აგრეთვე, მადლიერება და სინანული;
უფალი ღმერთი ადამს რომ ქმნიდა, კარგად იცოდა ბუნება მისი
და მას სინდისი ჩაუდო მძევლად, რომ გახდარიყო სიცოცხლის ღირსი.

ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასობს იმდენად,
სხვებისთვის საკეთილდღეოდ რამდენიც დაუთესია;
განა რა არის სიცოცხლე, რაღა გვაქვს მაშინ იმედად,
თუ არ ვიცხოვრეთ სხვათათვის, რაც უფალს დაუწესია?

მოდაზე უფრო უაზრო მცნება, არ გამიგია – კაი, გეყოფათ, 
ფასეულობას ჭეშმარიტს, ნამდვილს ვერას დააკლებს დრო და ეპოქა;
მერყევი გახლავთ კაცის ბუნება, მისი გონება ღმერთთან არ ადის,
მოდა იცვლება ასე თუ ისე, ფასეულობა რჩება მარადის.

ძლიერი გახლავთ სიკვდილი, როგორც სიყვარულია ძლიერი მარად,
ისევე ვუფრთხით სიკვდილს საზარელს, როგორც ვუდგევართ სიყვარულს ფარად;
რადგან ორივე ამ შემთხვევაში, ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს, სანატრელს,
ვკარგავთ სიცოცხლეს უფლის ბოძებულს, და ადამიანს გულით საყვარელს.

ადამიანს წმენდს გულწრფელი ლოცვა, მონანიება, რწმენა, იმედი,
მადლიერება და სიყვარული - უფლის სავანის გახლავთ ბილეთი;
მაგრამ თუ ერთი მაინც აკლია, ყველა მათგანი თუ არ ექნება,
სულ რომ მირონი ისვას დღედაღამ , აღარაფერი არ ეშველება.

ყოველ სარკეში ადამიანებს განსხვავებულ იერი დაჰკრავთ,
ზოგს მზის სხივები ეცემა მეტად, ზოგს კი ხანდახან ჩრდილებიც ახლავს;
...და სამწუხაროდ, ასე ჰგონიათ, რასაც ხედავენ სარკის პრიზმებში,
სადაც ყველაზე ლამაზად ჩანან, ისე არიან სინამდვილეშიც.

ადამიანი შიმშილს რომ იგრძნობს, მაშინცე ცდილობს მუცლის ცხონებას,
ხოლო მშიერი სულით, ხანდახან, დაიარება მთელი ცხოვრება;
თავისი სულის დანაყრებაზე, გადარჩენაზე თუ ფიქრობს ნეტავ?
ხორცს სულზე მეტად ყვარობდე – ნიშნავს, გიყვარდეს მკვდარი ცოცხალზე მეტად.

სამწუხარო და გულსატკენია, დაფიქრდები და გაგიკვირდება,
ადამიანთა გადასარჩენად უფალს რამდენი შრომა სჭირდება;
ათასჯერ მეტი, ათასჯერ მძიმე, ვიდრე სატანას მათ დასაღუპად;
...და მაინც ხშირად უფალს უარვყოფთ და შევდგომივართ ეშმაკს მსახურად.

სჯობს, მზეს ხედავდე, ძმობილო, სხვას ვერ ამჩნევდე ვერაფერს, 
ვიდრე ყველაფერს უყურო, მაგრამ მზეს ვერა ხედავდე;
ხანდახან ერთი სიკეთე სულ გადაწონის ყველაფერს;
ცოდვილი ქვეყნის ყურებას სჯობს, ბრმა მიხვიდე ღმერთამდე.

სარკე რომ არ არსებობდეს, რომ გაქრებოდეს, ჯობია,
ჩვენ უფრო კეთილშობილნი გავხდებით, ასე მგონია;
სხვაზე ლამაზი რომ გვიჩანს ჩვენ საკუთარი თავები, 
ეს გახლავთ სწორედ ერთერთი მიზეზი ამპარტავნების.

ვინც მოიგონა ამ ქვეყანაზე ფული ოხერი, ფული წყეული,
უზარმაზარი წვლილი მიუძღვის მას წარწყმედაში სულის, სხეულის;
ფულია ეშმას მთავარი ძალა ქვეყნიერების გახრწნის სრულისა,
ფული იქნება სწორედ მიზეზი კაცობრიობის აღსასრულისა.

თვითგვემა ხორცის, დათრგუნვა მისი ხელოვნებაა, ღირსი საქებად
და მხოლოდ ძლიერ, მტკიცე არსებებს ძალუძთ ასეთი მსხვერპლის გაღება; 
აქ სამწუხარო მხოლოდ ის გახლავთ, თუმც მნიშვნელობით უფრო მთავარი,
რომ ის ყოველთვის ღვთის სამსახურში არ დგას, უფლისთვის სათნო არ არის.

„სინდისი კარგი საქონელია“– ამბობს ქართული ბრძნული ანდაზა,
მართლაც ასეა, არ იყიდება კაცის სინდისი თუმნად, აბაზად;
თუმცა, ზოგიერთს უკუღმა ესმის ეს შეგონება ძველი, ხალხური
და სინდისს მართლა საქონელივით ხმარობს უგნური, ეშმას მსახური.

დაბადებიდან ჩვენ ყველას გვგონია, დიდხანს ვიცოცხლებთ,
სინამდვილეში ცხოვრება, წამია, უცებ თავდება;
ეს ჩვენი წუთისოფელი, ეს მთელი ჩვენი სიცოცხლე 
სიკვდილთან შესაგებებლად გახლავთ ხანგრძლივი მზადება.

ადამიანის გამოსაკვლევად ფუთი მარილის ჭამა რად გინდათ?
ერთ განსაცდელშიც საკმარისია მასთან ყოფნა და მეტი არც გინდათ;
მძიმე წუთებში ადამიანი ჭეშმარიტია, ათასჯერ წრფელი,
ვიდრე წუთებში სიხარულისა, როცა არ სტანჯავს ტკივილი მწველი.

სხეულის სიამისაგან სული ღატაკი გვიხდება,
ხოლო ვნებების მთოკავი თვითგვემისგან მდიდრდება;
ღატაკი სული უშნოა, მახინჯი, არალამაზი,
ხოლო მდიდარი – უნაკლო, მშვენიერი და ლამაზი.

ადამიანებს ნუკი აჩვენებთ, იმ სისაძაგლეს და სიბინძურეს, 
რაც კარგად იცის თავად თვითონაც, რაც მასშიც იწვევს დარდს და სიმწუხრეს;
არამედ, გვიჯობს, კარგი ვასწავლოთ, ვაჩვენოთ მას ის მშვენიერება, 
რისკენაც უნდა მიისწრაფოდეს, რათა იპოვოს ბედნიერება.

ხანდახან სიგრძე კაბისა, ფერუმარილი პირისა,  
პირდაპირპროპორციული გახლავთ პატრონის ტვინისა;
მოკლე კაბაში არ გახლავთ მშვენიერება ქალისა
და არც საცხების სისქეში, ლოყის, ტუჩის თუ თვალისა.

გენიალური გახლავთ უბრალო, წრფელი გულიდან ამოღებული,
რაც ყველასათვის გასაგებია და თან ლამაზად გაფორმებული;
...და არა ისე, ცოტას თუ ესმის, ბევრისთვის არის გაუგებარი;
ჭეშმარიტება გახლავთ უბრალო, უფლისთვის სათნო და საქებარი.

ამ ქვეყანაზე ყოველ მადლსა და ყოველ სიკეთეს თავისი დრო აქვს;
თუ ადამიანს რამე ქმედებით ბოროტება და სიავე მოაქვს,
სულაც არ ნიშნავს, რომ მოქმედება საპირისპირო, მეორე ბოლო
უკეთესია და უცილობლად მადლს და სიკეთეს მოიტანს მხოლოდ.

სიცოცხლე განა უმთავრესია, რაც უფალს ჩვენთვის მოუმადლია,
მასზე ძვირფასი, მასზე მთავარი უამრავი რამ ქვეყნად მადლია,
თუნდაც სიცოცხლე ირგვლივ მყოფების...და ყოველივე, რაც ღვთის რჯულია;
სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მოყვასისთვის დახარჯულია.

გულს ემღერება? – ვიმღეროთ მერე; თუ ეტირება – ვიტიროთ მაშინ,
ოღონდ ნურავის ნუ შევაწუხებთ, სხვის თვალწინ ხელს ნუ წავიშენთ
თავში;
კარგი იქნება, თუკი სიხარულს გავუნაწილებთ ირგვლივ ახლობლებს,
მაგრამ წუხილი, დარდი და სევდა უფალს გავანდოთ – ასე აჯობებს.  

რომ ამოვშალოთ ჩვენი ცხოვრების ყოველი დღენი ცოდვის, ვნებისა,
დარჩება მხოლოს ბავშვობა სუფთა და ავად ყოფნის დღეთა კრებული;
მაშინ მივხვდებით უგუნურები, ყოველი დღენი სნეულებისა 
რაოდენ დიდი წყალობა გახლავთ, უფლისგან ჩვენთვის მომადლებული. 

მეგობრობა ხომ ღვინო არაა, ხანდაზმულობით მეტად ფასობდეს?
...და მეგობარიც ძველი, ბავშვობის ყოველთვის კარგს არ ნიშნავს, გახსოვდეს !
ის კი არ არის უფრო ძვირფასი, ვინც უფრო დიდხანს მოგყვება ბედად,
არამედ ის, ვინც ბოლოს დაგრჩება, ვინც გიერთგულებს ყველაზე მეტად.     

თუ თავმდაბლობის შემოწმება გსურთ, ვთქვათ, რომელიმე ადამიანის,
შეურაცხყავით, თუნდაც მცირედით, გინდაც არ იყოთ სამართლიანი;
...და არა მარტო მისი სიმდაბლის დონეს იხილავთ, ნებით განგების,
არამედ ზღვარსაც გაიგებთ მისი სიამაყის და ამპარტავნების.


ადამიანნი სოკოებს გვანან, მავნებელია ბევრი მათგანი,
ზოგი იმდენად შხამიანია, სიკვდილსაც იწვევს, ხშირად, მავანი;
თუმც, ღვთის წყალობით, ვით სოკოებში, ბევრი სრულიად უვნებელია,
ადამიანთა უმრავლესობაც თბილი, ტკბილი და გემრიელია.

„ცოლ–ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“,
მართალია, მაგრამ ხშირად ასეც ხდება,
ბრიყვი ზოგჯერ მართალია, ჩემო ძმაო
ცოლ–ქმარი კი ორივ ბრიყვი გამოდგება.

ნეტავი ერთხელ თავად სიკვდილიც მოკვდებოდესო – გამიგონია,
მეც ვინატრებდი სიკვდილის სიკვდილს, სიცოცხლეს განა რამე სჯობია?
მაგრამ ეს მაშინ, როცა სუყველა სიმშვიდეს ვპოვებთ ჩვენი სულისა,
როდესაც ყველა ერთად ვიქნებით სასუფეველში ღმრთისა უფლისა.

ადრე მეგონა, ჩვენი სიცოცხლე სიკვდილთან ბრძოლა გახლდათ მარადი,
ეხლა კი ვხვდები, წამია ყოფა და სიკვდილს მიჰყავს უფრო პარადი; 
გარდაცვალება ყოფილა, თურმე, ჩვენი ცხოვრების არსი, მიზანი,
სიკვდილით მივლენ თავად უფალთან, მსასოებელნი შვილნი ღმრთისანი.

ჩვენ ათას რამე ვეპოტინებით, ათას წვრილმანზე ვდარდობთ და ვბორგავთ,
რაც მთავარია, ის არც კი გვახსოვს, სულს საკუთარი ცოდვებით ვბორკავთ;
...და გვიან ვხვდებით, უზომოდ გვიან, როცა ცხოვრება გახლავთ გავლილი:
ყოველი წამი უფლის გარეშე, გახლავთ სიცოცხლე უქმად ჩავლილი.

მწერლის სიდიდე არ იზომება წიგნით, რაც უფრო გავსებულია,
ზოგჯერ სულ მოკლე, პატარა ფრაზა ათასჯერ მეტად ფასეულია;
მდინარეს, თუმცა, წყალი ბევრი აქვს, მაგრამ სასმელად უვარგისია,
ერთი პატარა რუ კი ათასთა დასარწყულებლად საკმარისია.

რაც არ გჭირდებათ, ნუ გადააგდებთ, ნუ აქცევთ ნივთებს მაშინვე ნაგვად,
იცით, ისინი რამდენს სჭირდება? მიმოიხედეთ ირგვლივ და ნახავთ; 
ღმერთი რომ ასე მოგვექცეს, ჩვენც ხომ ნაგვად ვიქცევით ადრე თუ გვიან?!
საკუთარ თავზე ვინც ზრუნავს მხოლოდ, ის სხვას აყენებს უდიდეს ზიანს.

უფალმა ევას სწორედ ის მისცა, რაც ადამს აკლდა, შეავსო სრულად,
სრულყოფილება ადამიანის სიყვარულით და ერთობით თქმულა; 
მარტოხელა კი (გარდა იმისა ვინც სამსახურში უფლისა დგება),
ჯერ ნახევარი, მეოთხ–მერვედი, ბოლოს კი სულაც ნულივით ხდება.

სამწუხაროა, ადამიანის პატივიცემის ხარისხი ხშირად,
მის სიმდიდრეს და მდგომარეობას ესადაგება, ის ფასობს ძვირად;
...და როცა სინდისს, პატიოსნებას, უანგარობას არა ვთვლით ჩირად,
აღარც კი მიკვირს, რომ მლიქვნელობა იქცა დღეს ერთერთ უმთავრეს ჭირად.

დღეს მედიცინა ისე ამაღლდა, ისეთი დონის გახდა მძლეველი,
უკვე ყველაფრის პროთეზირებაც იოლად გახლავთ შესაძლებელი;
საუბედუროდ არსებობს სულთა პროთეზირების მოცარტი, ლისტი,
უმაღლესობა მისი სატანა – სულების დიდი სპეციალისტი.

გონიერისთვის ზედმეტი ქება, რაც არ ეკუთვნის, ქება მკრეხელი,
იმდენად მძიმე ასატანია, იმდენად გახლავთ მიუღებელი,
როგორც ბრიყვისთვის მაამებელი, სასიამოვნო და გასახარი;
ქება ხომ მხოლოდ ამპარტავანი და უგნურისთვის გახლავთ მთავარი.

ადამიანმა მოსპო ბუნება და უმოწყალოდ წაუღლეტია, 
რისი წართმევაც შეიძლებოდა, უკან კი არა გაუმეტია;
გასაოცარი ის კი არ არის, კატასროფა რომ ხდება ამდენი,
არამედ, ისე რომ არ ვისჯებით, დავიმსახურეთ ჩვენით რამდენიც.

ღმერთმა ყველაფერს მიუსადაგა ამ ქვეყანაზე ზუსტად ადგილი,
ადამიანიც ამ ჰარმონიას გასაოცარი სისწრაფით არღვევს;
...და ამ სიზუსტის ისევ აღდგენა, ღვთისთვისაც კი არ გახლავთ ადვილი;
ნეტა ვინ იცის, რა ელოდება უფლის შექმნილის მომსპობს და დამრღვევს?!

გულს რად უნდა ნეტავ კარი, ღია იყოს გული უნდა,
გახსნილი და გადაშლილი, ყველასათვის თბილი მუდამ;
ეჰ, გულები სიყვარულით განა როდის იღლებიან?!
ღმერთთან მხოლოდ გულღია და გულწრფელები იქნებიან.

ღმერთს ეყვარები უმეტეს მაშინ, ადამიანებს თუკი უყვარხარ,
თუ შენი ნახვა ხალხს უხარია და საძულველი სხვისთვის თუ არ ხარ;
არ გახლავთ მეტი ბედნიერება ხალხის ნათქვამი სიტყვის თბილისა,
არც ტრაგედია გახლავთ იცოდეთ, უმეტეს ხალხის სიძულვილისა.  

ძაღლის ბუნაგში გაზრდილი მგლის ლეკვისაგან ძნელადა,
არც ძაღლი რამე დადგება და არც ივარგებს მგელადა; 
ძაღლი ძაღლად ქმნა უფალმა, მგელი კი მგელად დაბადა,
ბუნების კანონს ვერავინ ვერ შეცვლის ცრუდ და ავადა.

ადამიანი ხშირად ვერ ხვდება, არადა მუდამ უნდა ახსოვდეს,
რომ ღმერთზე მეტად უფრო ძვირფასი არ ეყოლება მას არასოდეს;
და–ძმაც კარგია, შვილიც, მშობელიც და ახლობელთა მთელი კრებული,
მაგრამ უფალი ათასჯერ მეტად გახლავთ ყველაზე აღმატებული.

რეგვენი მუდამ აღტაცებული არის თავისი ყველა ქმედებით;
გენიოსი კი უკმაყოფილო თავისი  „მწირი“ შემოქმედებით;
გენიალური ის კი არ არის, ვინ რომელ მხარეს გადაწევს პინას,
არამედ, რაც ხალხს მოეწონება, რაც მათ გულებში დაიდებს ბინას.

ღმერთმა, გონებას ადამიანის, ზღვარი დაადო, მადლობა უფალს,
ერთ დედამიწას, რაც აბარია, როგორ ეპყრობა და როგორ „უყვარს“; 
წარმოიდგინეთ, მას რომ სივრცეში გასვლა შეეძლოს, ყველაფრის ჩამდენს,
რა გაუგონარ საცოდაობას დაატრიალებს, შესცოდავს რამდენს.

ადამიანი იმის მეათედს არ ინანიებს, რაც სცოდა ჟამით,
რამეთუ არც კი იცის, უგნურმა, რაოდენ სცოდავს დღითა თუ ღამით;
გათენებიდან დაღამებამდე, სიზმრად თუ ცხადად, ყოველდღიურად,
მრავალი ფიქრით, მრავალი საქმით სცოდავს და სცოდავს მარადიულად.

ვისაც არ უყვარს ხეზე აძრომა, ის მოკრეფილის არ არის ღირსი
და ძირს დაყრილი, ჩამოცვენილი უნდა იკმაროს, ეს არის მისი;
ნაყოფი შრომით მოიპოვება, მეტი ფასი აქვს  ოფლით მოწეულს,  
ისეთი ტკბილი არა აქვს გემო სხვის დაკრეფილს და მუქთად მორთმეულს.

ადამიანის სულს რომ გაუგო, მისი დარდი რომ გაიზიარო,
მისი ტკივილი უნდა გტკიოდეს, მისი გრძნობები გამოიარო;
სულის ძაფებით, გულის სიმებით მასთან კავშირი უნდა ამყარო,
რადგან ღვთის ქმნილი ადამიანი ყოველი გახლავთ მთელი სამყარო.

ზოგის სიცოცხლე სიცოცხლეა და ზოგის სიბნელე, ვითარ მკვდართათვის,
ზოგის სიკვდილი სჯობს ბევრ სიცოცხლეს, ზოგის კი შვება გახლავთ სხვათათვის;
სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ ფასი, თუ რამ აცხია სიყვარულისა,
თუ ვინმეს მაინც შენი სიკვდილით ცრემლი დასცდება სინანულისა.

ოჰ, როგორ მინდა ღმერთს ჩავეჭიდო, ფართოდ გავუღო კარები გულის,
უფლის გარეშე არ არის შვება, არც სიმშვიდეა გარეშე უფლის;
ხაფანგებს გვიგებს ბოროტი ყველგან, ეშმაკი მუდამ დაგეშილია,
მაგრამ როდესაც ღმერთი მყავს გულში, თვით სიკვდილისაც არ მეშინია

კვნესის, ტირის ცხარედ ჩემი საქართველო, ისევ დაჩოქილი, ისევ ჩაწიხლული,
ურცხვად თარეშობენ კაცნი ურჯულონი, ღმერთის მგმობელები, გონით დაბინდულნი;
მხოლოდ ქრისტეს ჯვარი თუღა გადაგვარჩენს, უკვე მერამდენედ, ღმერთის მოწყალება,
მამა გაბრიელო, ჩვენო სასოებავ, უფალ ღმერთს ევედრე  ჩვენი შეწყალება !!!

მშობელზე თბილი, მშობელზე ტკბილი ვინ შეიძლება სხვა იყოს ნეტავ?
ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მშობლებს ვუყვარვართ და მშობლებს ვტკივართ;
გასაოცარი ის გახლავთ სწორედ, მშობელს ვატირებთ ყველაზე მეტად;
ყველაზე მეტად ადამიანი უსამართლოა მშობლების მიმართ.

სჯობს კუს ნაბიჯით, ნელნელა, მაგრამ სწორი გზით იარო,
ვიდრე გეპარდის სისწრაფით ტყე და ღრე შემოიარო;
ის კი არ არის მთავარი, მირბოდე, ქედს არ იხრიდე,
არამედ ის გზა მოძებნო, უფალთან როგორ მიხვიდე.

ზოგჯერ ისეთ კაცს ასხამენ ხოტბას, რომლის წონაც და ფასიც ნულია,
ხოლო დიადი ადამიანი უკვალოდ ქრება, დაკარგულია;
სანამ ცოცხალი დადის მიწაზე, სულ „ვერ ამჩნევენ“ ვერასდიდებით,
...და ბოლოს, მკვდარს რომ აღმოაჩენენ, ძეგლებს უდგამენ ქება–დიდებით.

ნუთუ არ იცი, ძმობილო, რომ ჭეშმარიტი სიკეთე,
ბავშვის ცრემლივით სუფთაა, უანგაროა, გიხარის;
კარგია თუ მეხმარები, როცა კარგ საქმეს მიკეთებ,
მაგრამ საზღაურს თუ ელი, რაღა ფასი აქვს მითხარი.

ნახეთ ქართული ბუნება, ჭიუხი, წყარო, ხეობა,
რა გვიჯობს მთაში, წყლის პირას გამართულ ქეიფს, დღეობას?
კარგია, ისიც გვახსოვდეს, არ მოვაბნიოთ ნაგავი,
ღვთის შექმნილია ყოველი მდინარე, მდელო, ნარგავი.

ადამიანი თეფშს ხშირად რეცხავს, ასუფთავებს და ჭუჭყს არ აკარებს,
დაბინძურებულ სულს კი ხანდახან, მთელი ცხოვრება უხმოდ ატარებს;
ჭურჭელს იოლად გაასუფთავებ, გასარეცხდაც არის ადვილი,
ხოლო ცოდვილი სულის განწმენდა ტანჯვა და გვემა გახლავთ ნამდვილი.

მამა გაბრიელს ვუსმინოთ, უწმინდესს ჭურჭელს უფლისა,
მისი სიტყვები შესარგი, ვითარც ბადაგი ყურძნისა;
ამაო არის ყოველი ამ ცხოვრებისა კრულისა,
„ჭეშმარიტება კი გახლავთ უკვდავებაში სულისა“.

წვეულებაზე ადამიანებს თავპატიჟი და რიდი სჩვევიათ,
თითქოს ეს იყოს მოულოდნელი და სხვა რამისთვის მოუწვევიათ;
არადა ერთი სული აქვს ყველას, მაგიდას როდის ეახლებიან,
მერე კი რიდი აღარ ახსოვთ და... იცოცხლე, კარგად გეახლებიან.

მარტოობაში დაღვრილი ცრემლი უანგაროა, წრფელი ყველაზე,
როცა თვალიდან კი არ იწყება, არამედ მოდის გულის ნებაზე; 
იცი, რომ მხოლოდ ღმერთი გიყურებს, არ გეშინია, არ იმალები,
რადგანაც გრძნობ, რომ შენი ტკივილით მასაც ევსება ცრემლით თვალები.

ოქრომჭედელმა, შესაძლო გახლავთ, ულამაზესი შექმნას ქმნილება,
თუმც, ეს არ ნიშნავს, ასევე კარგი გამომჭედია ცხენის ნალისა;
ის კი არ არის უფრო მთავარი, რა მასალისგან სად რა იქმნება,
არამედ, ვინ რა ხელოსანია, ვინ რა ოსტატი თვისი საქმისა.

ბოროტებას და სიკეთეს თურმე, ერთი საერთო რამეც ჰქონიათ,
თუმც, შედარება ერთმანეთისთვის, მაინც უაზრო საქმე მგონია;
სიკეთე უფალს ემსახურება, ბოროტება კი ეშმას მდევია, 
მაგრამ ძალა აქვთ მაგალითის და ვითარცა სენი, გადამდებია.

გრძელი ენა მოლაქალაქე, მოკლე ჭკუის ნიშანია,
ხოლო მოკლე მოკრძალების, აზროვნების, სიბრძნის კრედო;
ბრიყვისათვის ყბედობა ხომ მხოლოდ ფუჭი მიზანია,
ხოლო კაცი გონიერი ბევრს ფიქრობს და ცოტას ყბედობს.

სნეულებანი, განსაცდელები, მწუხარებანი მუდამ იქნება,
რადგან უფალმა ასე განსაჯა, ასე დაუშვა, ასე ინება;
ალბათ ჩვენთვისაც ასე ჯობია, ის ხომ ღმერთია სიყვარულისა;
დაე მივიღოთ რწმენით ყოველი, რამეთუ გახლავთ მადლი უფლისა. 

უფალმა ერთხელ იცვალა ფერი და გაუკვირდათ, ეს რა ხდებაო,
ჩვენ კი ათასჯერ ვიცვლით დღეში და არც კი გვეტყობა გაკვირვებაო;
სასუფეველი გამოგვეცხადა ელიასა და მოსეს სულებით,
ხოლო ჩვენ ჩვენი მრავალცვალებით ეშმაკის ვხდებით მოციქულები.

მიზეზთა გამო ადამიანთა კანონებს თუკი დავარღვევთ ოდეს,
ეს არაფერი უბედურება არ გახლავთ დიდი, რაც გინდა მოხდეს;
უფლის კანონი გახლავთ მთავარი, უფლის მცნებები დავიცვათ უნდა,
მათი დარღვევა დიდი ცოდვაა და  სულს აწვება უმძიმეს ხუნდად.

ბედნიერია ადამიანი, ვისი გონებაც, გულიც და ენაც
ჰარმონიაში არიან ერთად, მორჩილება აქვთ, რიდი და თმენა,
თუ სიყვარულით გახლავთ შეკრული, ზეიმია და სიმშვიდე სულში;
უსიყვარულოდ ფუჭია ყველა, ღმერთი არ არის ასეთის გულში.

ჭკვიანი კაცი კვადრატში მეხუთე კუთხეს იპოვის,
ბრიყვი კი ერთის პოვნასაც ვერ შეძლებს, გაუჭირდება;
კაცისთვის კეთილისათვის ერთი ათასად იყოფის,
ძუნწს და ბოროტს კი გაყოფა არა სურს, არა სჭირდება.

ღვთის უარყოფა იმდენად დიდია უბედურება,
იმდენად დიდი ცოდვაა, იმხელა უგუნურება;
ასი სიცოცხლე რომ გქონდეს უფლის წინაშე ვედრებად,
არ ყოფნის მონანიებად, რაც გინდა იქცე ცრემლებად.

მოკლე კაბების მატარებელი ქალები როცა სკამზე ჯდებიან,
კაბის სიგრძე რომ არ ყოფნით, მერე კალთებს სულ დაბლა ექაჩებიან;
ამით სიშიშვლეს მალავენ თითქოს, თუმცა აჩენენ უფრო, მგონია,
ამიტომ, სანამ კაბას ჩაიცმევთ, ცოტა დაფიქრდეთ, ასე ჯობია.

სადაც კი მყრალი მძორია, სადაც კი ლეში ტიალებს,
ყვავ–ყორანიც და აფთარიც იქ არის, იქა ტრიალებს;
ფუტკარი ნექტარს მიელტვის, ტურფა ყვავილებს ეხვევა,
ბუზი კი ნეხვში ძრომიალს არასდროს გადაეჩვევა.

ოჯახის ვალი როდია განა, ოჯახის უფროსს რომ ემსახუროს?
ოჯახის თავის ვალია თავად, ოჯახის წევრებს მოემსახუროს; 
მეფის ვალია ზრუნავდეს ხალხზე, მისი ტკივილი გაიზიაროს
და არა ხალხი ზრუნავდეს მასზე და ბრიყვი მეფის ჭკუით იაროს.

ადამიანი მარტო რომ იყოს, არავინ ჰყავდეს ირგვლივ მავანი,
ის გაცილებით მეტს იცოცხლებდა, მოაკლდებოდა დარდი მრავალი,
ვიდრე ახლაა, ორომტრიალში ადამიანთა გარემოცვაში;
რამდენ ცდუნებას აირიდებდა, ფეხს არ ჩადგამდა რამდენ ცოდვაში.

ერთი რამეა, რომლის დაკარგვაც ყველასთვის გახლავთ შესაძლებელი,
მაგრამ პოვნით კი ვერვინ იპოვის, ნივთი არ გახლავთ მოსაძებნელი;
სინდისი გახლავთ ის ერთადერთი, რომელსაც ვერვინ იპოვის გზაზე,
ამიტომ, სულში სანამდის გვიზის, მოდი ნუ გავცვლით ნურაფერ სხვაზე.

სჯობს ნუ დავცინებთ ნურავის, მიზეზით მცირე ცოდნისა,
ჩვენ უმეცარნი გახლავართ ყველანი თვალში უფლისა,
მაგრამ ის როდი დაგვცინის, თუმცა ბევრი გვაქვს საცინო;
სანამდის სხვაზე ვიცინებთ, ჯერ საკუთარ თავს დავცინოთ.

ნუ გააკერპებთ და ფასს არ დაკარგავს, თუ ააზვირთებთ, აბობოქრდება;
ნუ აღაზევებთ და არ დაეცემა, მეტს ნუ მისცემთ და არ გაღორდება;
ნუ გააღმერთებთ  და არ ისატანებს;  სიმართლე მხოლოდ ერთადერთია:
უფალს ეკუთვნის მხოლოდ დიდება, უზენაესი მხოლოდ ღმერთია.

იღბალი ბრმაა, არ იცის, როდის ვის თავზე ეშვება,
ხშირად თეთრს და შავს ვერ არჩევს და მისამართი ეშლება;
მორწმუნისათვის იღბალიც, ბედიც, თილისმაც ყოველი
თავად უფალი ღმერთია, მოწყალე, მარადმყოფელი.

თუ ვინმეს არსი გაინტერესებთ, რამდენად არის კეთილშობილი,
მისი ზრდილობა გამოიკვლიეთ, არის თუ არა ღმერთით შობილი;
ზრდილობა გახლავთ ყოვლის საწყისი, სინდისის თავი პირველყოვლისა,
უზრდელი კაცი ვერ მივა ღმერთთან, ნულია ფასი მისი ყოფისა.

ადამიანის გონიერებას საზღვარი ადევს მუდამ, ყველგანო,
უგუნურებას არა და არა, უსაზღვრო გახლავთ, უკიდეგანო;
ადამის მოდგმას უფალმა მისცა განუსაზღვრელი თავისუფლება,
მას აქვს სიკეთის თესვის უნარი, თუმც, სამწუხაროდ, ავის უფლებაც.

ადამიანი თავისი ხელით ჭედავს თავისი ბედის მომავალს,
უმრავლესობა თვითმკვლელი გახლავთ, ვერ ხედავს უფალს მისკენ მომავალს;
ვინც მხოლოდ ხორცზე ფიქრობს და ზრუნავს, სწორედ ის გახლავთ ნებით თვითმკვლელი,
ხოლო სულისთვის  მუდამ მზრუნველი, მარადიულად უფლის მხილველი.

ყოველ ქმედებას ხომ აქვს საზღვარი? უსაზღვროდ ვერ იქმ მადლსა ვერაფერს,
მომეტებული ზრუნვა, სიკეთეც მომაბეზრებლად აქცევს ყველაფერს,
რადგან ასეთ დროს ანგარებაზე, მლიქვნელობაზე ეჭვიც დიდია;
რაც სიყვარულით გულს უთესია, უანგარო და ჭეშმარიტია.

სჯობს, მეგობარო, მტრისაგან თუნდაც, კარგი თვისება გაითავისო,
ვიდრე მოყვრისგან მავნე ჩვევები მიიღო, გახდე მქნელი ავისო;
ხშირად მტერია  პატივსაცემი, თუკი ღირსებას არ შეგილახავს,
ხოლო მოყვარე ზოგჯერ გაგყიდის და ერთგულებას არ შეგინახავს.

აბა მიეცით, თქვენ, ადამიანს განუსაზღვრელი ძალაუფლება,
ყველა სურვილის და მოქმედების უზომოდ დიდი ძალა, უფლება;
ის დაგიმტკიცებთ, რომ არ აკლია არც მზაკვრობა და არც ცბიერება,
რომ სატანაზე ნაკლებად როდი შეძლებს წარმართოს ქვეყნიერება.

რაც შეიძლება უფრო ნაკლები ვილაპარაკოთ საკუთარ თავზე,
ეს ცოტა ვინმეს აინტერესებს, საქებარითაც რომ იყოს სავსე;
მიმოვიხედოთ ირგვლივ, რამდენი ადამიანი დადის საქები,
განა რა გვიჯობთ მათზე საუბარს, სიყვარულით და არა ძაგებით?!

ქვეყნად ყველაზე წმიდა აზრები, წრფელი გულიდან ამოხატული,
შესაძლო გახლავთ ძალზედ უბრალო სიტყვებით იყოს გამოხატული;
ის კი არ არის უფრო მთავარი, რა სიტყვებს იხმარ აზრის სათქმელად,
არამედ რისი თქმა გინდა უფრო, ღვთისათვის თუა სათნო საქმნელად.

ბრიყვისთვის ზოგჯერ სიბრიყვე, იქნება სიბრძნე აღმოჩნდეს,
ხოლო სიბრძნე კი სიბრიყვედ და სისულელედ გამოჩნდეს;
თუმცა ბევრს უჭირს ამქვეყნად სიბრძნე–სიბრიყვის გარჩევა,
სიბრიყვე სიბრიყვეა და სიბრძნე კი სიბრძნედ დარჩება.

ადამიანი ინანებს საკუთარ ცოდვებს იმდენად,
რამდენად აძლევს სინდისი მას სინანულის უფლებას;
სინდისით ხდება უფალთან  ყველა ცოდვების მიდენა
და მხოლოდ სუფთა სინდისით იბრუნებს თავისუფლებას.

ყოველი ჭიქა ღვინო–არაყი, რომელსაც მსმელი მუცელში ატევს,
ყოყლოჩინობას, მედიდურობას, ამპარტავნებას და ტრაბახს მატებს,
...და არა სიბრძეს, გამბედაობას, როგორც ეს ხშირად მავანს ჰგონია;
უტვინო თავი ფეხებსაც ატანს ზედმეტ ძალასო – გამიგონია.

ეჰ, ცდუნებულიც სცოდავს და ისევე დამნაშავეა,
როგორიც მაცდუნებელი; შავი ყველასთვის შავია;
მოეკითხება ორივეს, ვერ გამოძვრება ვერცერთი,
ვერ  აარიდებს თვალს კაცი, ვერც ეშმაკი და ვერც ღმერთი.

სანამ ვინმესგან რამეს მოითხოვ, ჯერ შენ თავს ჰკითხე, თუკი ხარ ღირსი,
შენ რა გაქვს მისთვის გაკეთებული, შენ თუ ყოფილხარ მოკეთე მისი? 
თუ არ ყოფილხარ, მაშ რატომ ითხოვ, რაც არ გეკუთვნის ისეც და ასეც?
ან თუ ყოფილხარ, ვალს ითხოვ უკან? ... და რა ფასი აქვს სიკეთეს მასეთს?

თუ სიყვარულში ღმერთი არ არის, აბა ის რაღა სიყვარულია?
სადაც ღმერთია, იქ სიმშვიდეა, იქ ირგვლივ მუდამ სიხარულია;
სიყვარულშია ძალა ისეთი, მისი მომრევის პოვნა რთულია;
განა ვინ არის ღმერთზე ძლიერი? ღმერთი კი თავად სიყვარულია.

დღეს საქართველო დაგტირით, ჯერ სულ პატარა ყმაწვილებს,
შეჰყურებს, ღმერთი, ცრემლებს და ხელებს ზეცისკენ აწვდილებს;
მხოლოდ სხეულით დამარცხდით, თუმც უკვდავება მოიგეთ;
თქვენ უკვე ნახეთ უფალი – ლევან, დავით და თორნიკე  :’(

როცა ცხოვრება თავდება, მხოლოდ სხეული გვიკვდება,
ყველანი ღმერთთან წარვსდგებით, ჩვენი სამსჯავრო იქ ხდება;
თუკი უფალი გულში გვყავს, გვახსოვს და არ გვავიწყდება,
წამი სიცოცხლე წყდება და მარადისობა იწყება.

წინამორბედსა ღმრთისასა გადიდებთ, იოანეო,
შენ შეგვეწიე ცოდვილებს, უფალთან მიგვიყვანეო;
ჯოჯოხეთს წმიდა მართალთა უფლისა მახარებელო,
იმედო ჩვენო წმიდაო, გულების გამხარებელო.

პანტელეიმონ მკურნალო, დიდმოწამეო უფლისა,
შენდა ქებასა აღვავლენთ, წმინდანო სიყვარულისა;
შენ შეგვეწიე ცოდვილებს, სნეულთ სულით და ხორცითა,
ევედრე სულთა ჩვენთათვის, უფალს, მხურვალე ლოცვითა!

ფერი იცვალა უფალმა, გაბრწყინდა მზეზე უმეტეს,
გაოგნდნენ მოციქულები, რას იხილავდნენ უკეთესს?
ელიასთან და მოსესთან საუბრობს ქრისტე იესო;
დიდება უფალს მარადის, ღმერთს და მაცხოვარს ძლიერსო!!!

მიიძინა დედუფალმა მიწისა და ზეცისა,
შეუერთდა, ისევ უფალს, დედა ქრისტე ღმერთისა;
შენ გადიდებთ, შენ გიგალობთ უტკბილესო დედაო,
შენზე დიდი, ჩვენ მეოხი ღმერთთან, ვინ გვყავს ნეტაო?!

უფალო ღმერთო, სამებავ წმინდავ, 
ერთი თხოვნა მაქვს, სულ ერთი ციდა:
ნუ შემისრულებ, თუ რამე მინდა,
ისე მაცხოვრე, როგორც შენ გინდა !

ყბედობენ და ჭორაობენ გაიხედავ სადაც,
ფანტაზიაც კარგი აქვთ და ლაპარაკის მადაც;
ღმერთო ჩემო, რა დიდია, თურმე, ფასი თმენის –
მოკრძალება, მდუმარება, გაჩუმება ენის.

ცხონებაა უმთავრესი ამა სოფლად ყოფნისა,
სხეული კი მტერი გახლავთ უპირველეს ყოვლისა;
ვისაც სულის ცხონება სურს, გადარჩენა სულისა,
სხეულს უნდა მოერიოს, ვნებებს ბელზებულისა.

ეს რა წყალობა ეღირსა მდინარე იორდანესა?!
ნათლისმცემელის ხელებით უფალი იღებს ნათელსა;
ციდან დაეშვა სიწმინდე, მამისგან ძეზე ნათება,
გაცხადდა ღმერთის რაობა – დიადი, წმიდა სამება !!!

ყურძნის მტევანი, ქვევრში ნაწური, განა სუყველა სანუკვარია?!
ზოგი ღვინოა საუკეთესო, ზოგი მთხლეა და ზოგი ძმარია;
ასეა, თურმე, ადამიანიც, ზოგი მზესა გავს, ზოგი სამარეს,
ზოგი გაგითბობს გულს და სიცოცხლეს, ზოგი კი ცოცხლად დაგასამარებს.

ლექსი არ გახლავთ აზრების გადაგორ-გადმოგორება,
ლამაზ სიტყვათა ბრახუნი, ფრაზების გამოგონება;
სიყვარულია მთავარი, გული და საღი გონება;
კაცი იმას წერს, რაც თავში ღვთის მადლით მოეგონება.

ჩვენი ცხოვრება ხშირად კარგია,
ხან მზის სხივია და ხან ვარდია;
მაგრამ ყოველთვის განა ვარგია,
ხან ჭინჭარი და ეკალბარდია.

როცა ქალი არ ქალობს და როცა კაცი არ კაცობს,
როცა ქალი შიშვლდება და როცა კაცი ლაჩარობს;
როცა უკვე ქვეყანაში არაფერი არ ფასობს,
მაშინ ყველა უღმერთო და არამზადა ვაჟკაცობს.

საკუთარ თავზე შენ რას იფიქრებ,
საინტერესო ის კი არ არის;
სხვისთვის რა ხარ და რას წარმოადგენ,
აი ეს არის უფრო მთავარი.

კოცნა–ალერსით გრძნობა არ ფასობს,
მას არ უხდება ქარაფშუტობა;
ნამდვილ სიყვარულს, ჩემო ძვირფასო,
გულის სიღრმეში უყვარს ბუდობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი