გულო


გულო გაჩერდი, ნუ ბორგავ, ნუ ეძებ სამართალსაო,
ქვეყნად სიმართლეს ვერ ნახავ, ნუ იღლი ტყულად თავსაო;
მოვა ღმერთი და გაარჩევს მტყუან–მართლსა კაცსაო,
თავის ადგილებს მიუჩენს ყველას – კეთილს და ავსაო;

გულო გაჩერდი, ნუ შფოთავ, ნუ ეძებ სამართალსაო,
სჯობს დაითმინო ყოველი, ცრემლი შეაშრე თვალსაო;
მოვა ღმერთი და დაგილბობს, ჭრილობას, იარასაო,
აგიყვანს, მკერდში ჩაგიკრავს და შემოგავლებს თავსაო;

გულო გაჩერდი,ნუ მტკივხარ, ნუ ეძებ სამართალსაო,
შენი ტკივილი ითმინე, სხვისა აიღე თავსაო;
სულ მალე მოვა უფალი, მოიქნევს ცეცხლის ხმალსაო
და განსჯის ქვეყნად ყოველთა, ყველა ცოდვას და მადლსაო;

გაჩერდი გულო, ნუ სტირი, გაუძელ ტკივილს მძაფრსაო,
მოვა ღმერთი და მოიტანს ზეციურ სამართალსაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი