დედა და შვილები
შვილები გვიყვარს თავდავიწყებით,
არ ვაკლებთ სითბოს, კოცნას და ალერსს,
უმადურობას ვიმარხავთ წყენით,
მორცხვად ვუმალავთ ცრემლიან თვალებს;
დედა არ გვახსოვს შვილებს ხანდახან,
ხშირად მოკითხვაც დაგვიწყებია,
ამაგს ვივიწყებთ,ზრუნვას, თანდათან
და უმადურებს არც კი გვრცხვენია;
სიყვარულს გულში ვერ გავიჩერებთ,
შვილი ტკბილია, გასაგებია,
მაგრამ იცოდეთ, თუ დამიჯერებთ,
დედა შვილებზე ბევრად მეტია;
ის კი არ არის უფრო უმეტეს,
ვინც ძვირფასია ძლიერ გულისა,
არამედ ვისაც მეტად ვუყვარვართ,
შემომწირველი უხმოდ სულისა;
შვილზე ძვირფასი რა არის ნეტავ?
სიცოცხლეა და სუნთქვაა დედის,
მაგრამ, შემინდეთ ამას რომ ვბედავ –
შვილი არ არის დედაზე მეტი;
ჩვენ შვილები ვართ ღმრთისა ყოველი,
ჩვენს გამო ბევრჯერ დაუკვნესია,
მაგრამ უფლისა დედა მშობელი
ყველა ჩვენგანზე უმეტესია;
...და ბოლოს ვხვდებით ცრემლმორეული,
როცა სიკვდილი აიყვანს ღმერთთან:
გინდ ასი შვილი გვყავდეს რჩეული,
დედას ვერ შეცვლის ასივე ერთად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)