ეი, თქვენ, ამპარტავანნო
ეი, თქვენ, ამპარტავანნო, რას იბღინძებით ნეტავი? სხვის ცოდვებს კარგად ხედავთ და თქვენისვე თუ ხართ მხედავი? ხოტბა-დიდება გახარებთ, თითქოს მეტი ხართ რამითა, ქების ღირსი ხართ თუ არა, არ დაფიქრდებით წამითაც; თუ დაგაფასეს ზედმეტად, სიხარულისგან იმღერებთ, უფლის ნაბოძებ ნიჭებსაც საკუთარივით იფერებთ; მაგრამ, თუ ვინმემ გაბედა, შენიშვნა მოგცათ კრძალებით, მცირე საყვედურს ვერ იტანთ, მზად ხართ, დაკორტნოთ თვალები; ისეთ ქარიშხალსა დააწევთ, თითქოს მოსისხლე მტერია, წიწილასავით გაგლიჯავთ, თუ აქეთ ვერ მოგერიათ; ეი, თქვენ, ამპარტავანნო, გეყოთ ქიშპი და დავები, ცოტა გონს მოდით, ბიძიკო, სულ არ დაკარგოთ თავები; ენით რომ უფალს ადიდებთ, ეკლესიებშიც დადიხართ, თუ იცით, ქცევით ბინძურით, რა სისაძაგლეს ჩადიხართ? „გიყვარდეს მტერი შენიო“ გვასწავლის ღმერთი ულევი, თქვენ კი მოყვასსაც არ ინდობთ, გაგქავავებიათ გულები; ნუთუ არ იცით, უგნურნო, ან არასოდეს გსმენიათ: ამპარტავნება სულისთვის ყველაზე მძიმე სენია; ის კი არ არის მთავარი, რა იცით ან რა გინახავთ სულია გადასარჩენი, სიწმინდეს როგორ ინახავთ; ერთს შეგაგონებთ დასასრულ, დაიმახსოვროთ ნეტავი: ზოგჯერ სხეული სუფთაა, მაგრამ სულია მეძავი; ამ სიტყვებს უპირველესად, რაც ეხლა გაგიგონიათ, ლექსის ავტორსაც ვაკადრებ, რადგანაც ღირსი მგონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი