ვაიმე, ჩემო საქართველოვ, ჩემო მამულო


ვაიმე, ჩემო საქართველოვ, ჩემო მამულო,
ძირს ია-ვარდით, ცა ფირუზად გადაქარგულო;
რას დაგამსგავსეს, აღარ გადევს სიცოცხლის ფერი,
შემოგსევია შინ და გარეთ ურიცხვი მტერი;

სხვას რა მოვთხოვო, შინაურმა დაგაჭრა ფრთები,
შენი ძუძუთი გამოზრდილმა დაგასო ხმალი;
მწუხარებისგან  ჩამომდნარან ცისფერი მთები,
დედას ქართლისას დასტყობია ცრემლების კვალი;

საბრალო მიწა, რაინდების სისხლით ნაბანი,
აუქციონზე იყიდება, როგორც ავეჯი;
თავს ქვას ახლიან სამარხებში ჩვენი პაპანი -
საფლავებისთვის დატოვეთო მიწის ნაგლეჯი;

ქართველი ქალი სულს სწირავდა პატიოსნებას,
თურქი თუ სპარსი ვერ ბილწავდა მის წმინდა მანდილს;
ვერა სდრიკავდა, ვერ უმონებდა მდაბიო ვნებას,
ვერ ისრულებდა ვნებააშლის უწმინდურ წადილს;

დღეს კი გროშებზე (ვაი სირცხვილო) ჰყიდიან სხეულს.
თავისი ნებით იშენებენ ცოდვების გოდოლ;
უბიწოებას და ღირსებას, დოლარად ქცეულს,
ანიავებენ, ვით ქარიშხალი მოწყვეტილ ფოთოლს;

ძმა ძმას განუდგა, დაუნდობლად ესროლა ტყვია,
ქართველის სისხლით მორწყა ქართველმა მიწა ტანჯული;
გადაავიწყდათ, რომ მტრის სიყვარულს ღალატი ჰქვია
და აღარ ახსოვთ არც სამშობლო და არც მამული;

ვაიმე, ჩემო საქართველოვ, ჩემო მამულო,
არაკაცების უზნეობით თვალდანამულო;
გათახსირებენ და გბილწავენ გრძნობადაკარგულს,
ეშმას მონებენ, თუმცა, ოდესღაც უფლის სიყვარულს

ეწირებოდა ათასობით ნაღდი ქართველი,
არ აშინებდა მტრის სისხლიანი ხმლების ტრიალი;
რჯულის მოსპობას ოცნებობდა მონღოლ-სპარსელი,
თურქი ოსმალო და ათასი ოხერტიალი;

ისევ ქართველმა დაანგრია ტაძარი ღვთისა,
მძარცველად იქცა საკუთარი მიწის და ცისა;
სირცხვილისაგან წითლდებიან თერგი და მტკვარი,
ოცდაათ ვერცხლად იყიდება იესოს ჯვარი;

სანთელი ქრება, დაუკარგავს სინათლეს ფერი,
ცოდვის ჭაობში იძირება “ოდესღაც ერი”;
სვეტიცხოველის წმინდა ტაძარი რისხვით ზანზარებს,
უფალი ტირის და სატანა ურცხვად ხარხარებს;

ვაიმე, ჩემო საქართველოვ, ჩემო მამულო,
მტრისგან დაცულო და ქართველების ხელით დაკლულო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი