ვედრება


უფალო იესო, ყოვლისა მპყრობელო,
ისმინე ვედრება გლახაკის ერთისა,
იმედო ჩემო და მამავ და მშობელო,
მოგმართავ უღირსი, თუმც, შვილი ღმერთისა;

დამღალეს ამ ქვეყნის უაზრო ბოდვებმა,
ვერ ვარკვევ, რა არის წამალი სულისა,
მიშველე, უფალო, შემჭამეს ცოდვებმა,
დამწვრობის სუნი მცემს ჯოჯოხეთს კუპრისა;

არ ვიცი რას ვეძებ, არ ვიცი რა მინდა,
უშენოდ არ ძალმიძს, ვებრძოლო სატანას,
დამთავრდა სიცოცხლე, ცხოვრება გავიდა,
ვერ შევძლებ, უფალო, ამდენის ატანას;

შენ გემუდარები უღირსი, ცოდვილი,
მომმადლე უფალო სიწრფელე გულისა,
ან შენი საკადრი მაღირსე სიკვდილი,
ან შენთვის მაცოცხლე, ვით მონა უფლისა;

ვერც ცრემლმა, ვერც მარხვამ, ვერც ჩემმა ლოცვებმა,
ვერ შეძლეს დაჯაბნა ბოროტის, კრულისა,
მიშველე უფალო, შემჭამეს ცოდვებმა,
მაღირსე, მე უგნურს, სიმშვიდე სულისა;

უფალო იესო, ყოვლისა მპყრობელო,
ისმინე ვედრება შვილისგან, ავისგან,
იმედო უტკბესო, მამავ და მშობელო,
მიშველე, მიხსენი ჩემივე თავისგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი