ცინიკური ლექსი
თქვენ გგონიათ უმანკოა ბავშვი ახალგაჩენილი, წმინდა, როგორც ანგელოზი ღვთის კალთიდან აფრენილი? ნუთუ გჯერად ადამის ძის უცოდველი დაბადება, რომ მუცლიდან არ მოჰყვება სიხარბე და ანგარება? თქვენ გგონიათ წმინდა არის მორაკრაკე ნაკადული, კლდის გულიდან მოდინარი და ცრემლებად დაფანტული? ნუთუ მართლა გჯერათ ლურჯად მოლივლივე ზღვის ტალღაზე არეკლილი მზის სხივების სიტურფე და სილამაზე? თქვენ გგონიათ უნაკლოა ვარდი ახლადმოწყვეტილი, ან ენძელა თვალხატულა, მარტოობით მოწყენილი? ნუთუ გჯერათ გულწრფელობა, სისპეტაკე ცრემლებისა გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე დაღვრილისა? თქვენ გგონიათ რომ არსებობს უანგარო სიყვარული, აღსარება ღვთის წინაშე და გულწრფელი სინანული? ნუთუ გჯერათ უბიწობა მოლივლივე ნათელისა ღვთის ტაძარში ათმაგ ფასში შეძენილი სანთელისა? თქვენ გგონიათ რომ სიცოცხლე თვით სიკვდილზე ძლიერია? რომ ტკივილი სიხარულზე ბოროტი და ცბიერია? თქვენ გგონიათ ვინმემ იცის, ვინც კი დადის ამ მიწაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი სიცოცხლე და სილამაზე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი