გინახავთ სადმე?


გინახავთ სადმე ცისფერი ზეცა 
ზღვის ტალღებივით აქაფებული
და ამ ტალღებში ლაღად გაშლილი 
რძისფერ ღრუბელთა კოხტა კრებული?

გინახავთ სადმე აკვანი მზისა 
ცისარტყელებზე გადარწეული?
ცრემლად დაღვრილი წვიმის წვეთები 
მარგალიტებად გადაქცეული?

გინახავთ სადმე ედემის ბაღი 
ოქროს ძაფებით გადაქარგული?
ღვთის კურთხეული პატარა მიწა 
ფერად ფიფქებად გადაფანტული? 

გინახავთ სადმე ხავერდის მთები,
რომ ჩაუცვიათ რუხი ფარაჯა?
დადუმებულნი, მწვანე კალთებით 
შემოსალტულან ედემს დარაჯად;

გინახავთ სადმე ბეღურა ცაში 
მთის არწივივით გალაღებული?
ან თუ გინახავთ პეპლების გუნდი 
მზის ათინათში დაბადებული?

გინახავთ სადმე თეთრი არწივი 
ვერცხლისფერ კლდეზე აზვირთებული?
მისი თვალების ელვარე მზერა 
თვითონ კლდესავით გარინდებული?

გსმენიათ სადმე ვარდების ჩრდილში 
იადონების ნაზი ჩურჩული?
ან აფეთქებულ აკაციებში 
მერცხლის ბარტყების ლაღი ჟღურტული?

გსმენიათ სადმე წყაროს კისკისი,
ანდა სიმღერა ნაკადულების?
ზღვის მოლივლივე ლურჯი ტალღების 
ათრთოლებული ფეთქვა გულების?

გინახავთ სადმე ჩანჩქერთა ცეკვა 
ქარვის მძივებით მორთულებისა?
მდინარის პირას მორცხვი ალერსი 
შეყვარებული ქორბუდებისა?

გინახავთ სადმე ნაძვების ჩრდილში 
როგორ ცელქობენ დათვის ბელები?
ან შიშისაგან დამფრთხალი შველი 
შემოხატული ქრიზანთემებით?

გინახავთ სადმე ცისფერი ზეცა
ნათელი, როგორც მეფის დარბაზი?
ნუთუ გინახავთ ქვეყნად სამოთხე 
საქართველოზე უფრო ლამაზი?

მგოსანთა შორის უდიდეს მგოსნებს 
ვერ შეუქიათ მისი დიდება;
თუ საქართველო ერთხელ გინახავს,
სხვაგან სიცოცხლე არ მოგინდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი