გაიღვიძეთ!
ცა მოიღრუბლა, ავდრის ღრუბლებმა გადააშავეს ცისფერი ზეცა, ბოროტი რისხვით გაფანტულებმა ჩამოგვიბნელეს მთვარეც და მზეცა; გაიღვიძეთ! ქვეწარმავლებით გაივსო მიწა, დაუზოგავად ხრავენ და ხრავენ, რაც გზად შეხვდებათ, ურცხვად და ბილწად ოდესღაც ედემს სიბილწით რწყავენ; გაიღვიძეთ! აგერ, მდელოზე, დაეცა შველი, სისხლით იცლება თვალებხატულა, მდუღარე ცრემლი ვერაფერს შველის, შემოსევია მგელი და ტურა; გაიღვიძეთ! შეხედეთ ამ ფრთამოტეხილ არწივს, როგორ სწადია ცაში არწევა, თავდამძიმებულს და ღონედაცლილს არ შეუძლია ფრთების აწევა; გაიღვიძეთ! ვაზის ფოთლებში აშოლტილ ყვავილს შემოხვევია ასპიტი გველი, ნუთუ არ გესმით ტირილი კრავის? ნუთუ არ გესმით ხარხარი მგელის? გაიღვიძეთ! შადიმანებით აივსო ერდო, იესოს ტახტზე იუდა დაჯდა, სიცოცხლის ღირსი არ არის ღმერთო, ვინაც სამშობლო მიჰყიდა ქაჯთა; გაიღვიძეთ! ასე ბეჩავი, დამონებული როდის ყოფილა ნეტავ ქართველი? ოდესღაც ერი, ყოვლად ნაქები, დამსგავსებია ჩალას გათელილს; გაიღვიძეთ! უკვე საოცრად ბევრი ითმინეთ, დროა, გააღოთ ფართოდ თვალები, ნუ დაიძინებთ, ნუ დაიძინებთ, გამოიღვიძეთ, გემუდარებით! გამოიღვიძეთ! გამოიღვიძეთ! გამოიღვიძეთ!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი