უჩვეულო სიზმარი
სიზმარი ვნახე უჩვეულო, გასაკვირველი, გაოცდებოდა ალბათ ყველა ამის მნახველი; მზე გამქრალიყო, აღარ ჩანდა მისი ნათელი და დადგა ღამე უდრტვინველი და საშინელი; სად არ ეძებეს, ვერვინ ნახეს მისი მნახველი, სად წავიდაო? - კითხულობდა ირგვლივ ყოველი; ნუთუ არასდროს დასრულდება ღამე მტანჯველი? ნუთუ არავინ გამოჩნდება მისი მპოვნელი? ღმერთს მიაკითხეს: – ”გვიშველეო, ღმერთო მაღალო, დაგვეკარგაო უპირველესი მნათობი ცისა; არც დილა ვიცით, არც შუადღე და არც საღამო, აღარ შემოდის ჩვენს ფანჯრებში სინათლე მზისა; ბუნება ტირის, ჩამოუხრიათ ხეებს თავები, კოკორი აღარ იფურჩქნება, აღარ ყვავილობს; იასაც ცრემლით ავსებია ლურჯი თვალები, ბალახი გახმა, მინდვრად ჯეჯილი აღარ მწვანილობს; ჩიტებსაც ფრენა აღარ უნდათ, იმალებიან’ თევზების ცრემლით ზღვა ოკეანედ გადაქცეულა; მდინარეები კალაპოტში ვეღარ დგებიან, ნაკადულები ჭაობდებიან ანაზდეულად; დედამიწაზე ცივმა ზამთარმა დაისადგურა, არც გაზაფხული და არც ზაფხული არ გვეკარება; მიწაზე ტურა არ გვასვენებს, ცაში ღამურა. რა სიცოცხლეა, თუკი სიმშვიდე დაგვეკარგება? შემოვიარეთ კიდით კიდემდე ყველა კუნჭული, გამოქვაბული, ჭიუხი და ყველა ნაპრალი; არ დაგვრჩენია არც ოკეანე და არც კუნძული, არც ქარმა იცის, არც ღრუბელმა მისი გზაკვალი; შენა ხარ ღმერთი ერთადერთი, მარადიული, შენ შეგიძლია აგვიხილო ისევ თვალები; გთხოვთ, გამოიღე მოწყალება შენი ღვთიური, მზე დაგვიბრუნე, გეხვეწებით, გემუდარებით!" განრისხდა ღმერთი: – "როგორ გაბედეთ ჩემთან მოსვლაო? ბოროტო მოდგმავ, თქვენს უგნურებას არა აქვს ბოლო; არ შეგიძლიათ არც მიწის და არც წყლის მოვლაო, თქვენ თავზე ზრუნავთ, თქვენი ზრახვები გაწუხებთ მხოლოდ; მზეზე იდექით და მზის სინათლეს ვერა ხედავდით, წყაროს გაწვდიდით, თქვენ კი ჭაობში იკლავდით წყურვილს; ბუნებას მოვლა სჭირდებოდა, თქვენ კი ჩეხავდით, ვეღარ გაუძლო მზემ თქვენს უამრავ ბიწიერ სურვილს; მომწყდით თავიდან, არა ყოფილხართ თქვენ მზისა ღირსი, ვერ დაინახეთ, ვერ დააფასეთ ნათელი მისი; კეთილი სული მზის სიდიადეს წყვდიადშიც ხედავს, და ვინც ვერ ამჩნევს, ჩემთან მოსვლას როგორღა ბედავს?" გამომეღვიძა. რა უცნაური სიზმარი ვნახე; ისევ ღამეა, მაგრამ სარკმელში სინათლეს ვხედავ; მზე ჯერ არა ჩანს, ცაზე სეირნობს ბატონი მთვარე, ოჰ, ღმერთო ჩემო, გამოვიღვიძებთ ოდესმე ნეტავ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი