იგავი


იყო და არა იყო რა, რა იქნებოდა ნეტავი?
ერთ უღრან ტყეში ოდესღაც სიმშვიდე იყო ნეტარი;
ისმოდა ჭიკჭიკ-გალობა, ბინდში კივილი ღამურის,
პატივსა სცემდნენ ერთმანეთს ციყვი და სიასამური,
მგელი, დათვი თუ მელია, ზღარბი, მაჩვი თუ ბოცვერი,
ჩხართვი, კაკაბი, არწივი, ნიანგი, სპილო,ფოცხვერი;
ჰყავდათ ერთგული ხელმწიფე - ლომი ბრძენი და ჭკვიანი,
უღალატო და მოყვარე, ვაჟკაცი ნამუსიანი;
მაგრამ ტურები მომრავლდნენ, ორგული,ღალატიანი,
უნამუსო და ფლიდები, გაუტანელნი ტიალნი;
"არ გვინდა მეფედ ხელმწიფე, გულით რომ არის წმინდაო,
მამად და ღმერთად ყროყინა ჩვენ სახედარი გვინდაო;"
...და ატყდა ტყეში ვიშვიში, მოედვნენ ღობე–ყორესა,
ყველა გველი და წურბელა ერთ დღეში მოაგროვესა;
დასცეს ბუკი და ნაღარა, გაანადგურეს ველები,
სისხლის მწოვლებად გადიქცნენ სისხლისვე წამბილწველები;
გაანადგურეს, თუკი რამ ტყეში ყვავილი ხარობდა,
თვალცრემლიანი ბულბული ხალისით ვეღარ გალობდა;
გამოხდა ხანი, ხელმწიფედ ყრუ სახედარი დაისვეს,
ყველა დამპალი ბუნაგი მარგალიტებით გაივსეს;
ვირმა გვირგვინი იფერა: „მე ვარო  ქვეყნად ძლიერი,
ჩემია, ტყეში თუ სადმე მიწაა ნაყოფიერი;
ლომის სუყველა მომხრეებს სიცოცხლეს გამოვასალმებ,
ზოგს ნაკუწ-ნაკუწ დავფლითავ, ზოგს ტყიდან გადავასახლებ;“
თქვა და კიდევაც ასრულდა, ვეფხვი კურდღელად აქცია,
ოდესღაც ტურფა სამოთხე ჭაობად გადააქცია;
ახლა იმ ტყეში ხელმწიფედ კვლავ ვიღაც სახედარია,
თავისი თავი ჰგონია მზისა და მთვარის დარია;
მაგრამ დრო მოვა, სულ მალე, ბოკვრები დაიზრდებიან,
სახედარსა და მის მოძმეთ პირდაპირ ყელში სწვდებიან;
ლომის ფაფარში გახვეულს არ შეეცვლება ნირია,
გინდ ტახტზე დასვი, გინდ ნეხვზე, ვირი ხომ ყველგან ვირია?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი