არჩევანი
ტელეფონის ზარი გაისმა. კაცმა მძიმედ აიღო ყურმილი და უხალისოდ მიიტანა ყურთან. სულ რამდენიმე წამში არაადამიანური ბღავილი აღმოხდა, სიხარულისა და მოულოდნელობისგან ერთიანად გაწითლებულიყო და ყელში გაჩხერილ ცრემლების ნიაღვარს აღარც დასჭირვებია გზის გათავისუფლება, ისეთი ძალით იფეთქეს გულიდან და შემდეგ თვალებიდან. ასეთი ტკბილი და სანატრელი არაფერი განუცდია ცხოვრებაში, როგორიც ახლა ეს ცრემლები იყო – ცრემლები ენით უთქმელი სიხარულისა და უსაზღვრო ბედნიერებისა. საავადმყოფოდან რეკავდნენ. მისი გოგონა, რომელიც, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ იყო გადადებული და მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, აპარატის წყალობით ითვლებოდა ცოცხალთა სიაში, კომადან გამოსულიყო და გაოგნებულ ექიმებს თვითონაც გაოგნებული შეჰყურებდა თვალებში. მათ კი მხოლოდ ისღა მოეხერხებინათ, რომ მისთვის შეეტყობინებინათ ეს ამბავი და სასწრაფოდ დაებარებინათ საავადმყოფოში, რათა თავადვე აეხსნა თავისი პირმშოსთვის, თუ რა მოხდა და რატომ იმყოფებოდა იქ. ...7 წლის წინ, მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ თავისი მანქანით, როდესაც გზაჯვარედინზე მოსახვევში გიჟივით გამოვარდნილმა სატვირთო მანქანამ ბურთივით აისროლა ჰაერში და საკმაოდ შორ მანძილზე გადასტყორცნა. მეუღლე ადგილზევე გარდაეცვალა, თვითონაც საკმაოდ მძიმე ტრავმები მიიღო, ხოლო ერთადერთი შვილი - 5 წლის პატარა გოგონა თავის მძიმე დაზიანებით კომატოზურ მდგომარეობაში, 7 წელი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. ბევრჯერ ურჩიეს კიდეც, გამოერთო აპარატიდან და თვითონაც დაესვენა და გოგონას სულიც დაესვენებინა, მაგრამ, როგორც მოსიყვარულე მამას და როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, ამის გაგონებაც კი არ უნდოდა და წამითაც არ უფიქრია ამაზე. სანამ ცოცხალი იყო, არ დანებდებოდა და სიკვდილს არ დაუთმობდა თავის ერთადერთ უსაყვარლეს არსებას; სანამ შეეძლებოდა, ღვთის იმედად დარჩენილი იმედს არ დაკარგავდა და ცრემლსა და ლოცვაში გალევდა წუთისოფელს. იმედი კი ძალიან მცირე იყო. მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანები, როგორც წესი, უკან ვერ ბრუნდებოდნენ და პატარას არათუ კომადან გამოსვლა, არამედ საერთოდ, მისი სიცოცხლის საკითხიც კი ძალზედ საეჭვო იყო, თუმცა ექიმთა განსაცვიფრებლად, აგერ უკვე 7 წელიწადია, გოგონა სუნთქავდა და სულაც არ აპირებდა სიკვდილს. ის, რაც ამ 7 წლის მანძილზე გადაუტანია, ფიქრსა თუ დარდში, ცრემლსა თუ ოხვრაში, ლოცვასა თუ ვედრებაში, ამის მიახლოებით ახსნასაც კი, მომიტევეთ და, მე ვერ შევძლებ. არის ტკივილი, რომელსაც ენა ვერ გადმოსცემს, რომელსაც ვერც თვალებში დაინახავ და ვერც გულიდან ამოიკითხავ. მშრალ სიტყვებს კი, აბა, რა შეუძლიათ? ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის ტკივილს და ეს იმდენად ინდივიდუალური და პირადია, რომ მხოლოდ ერთადერთ რამეს შეუძლია ამის გაგება - გრძნობას. გრძნობის გადმოცემა კი სიტყვებით ძალზე რთულია. ეს თავად უნდა განიცადო, რომ გაიგო. ასე იყო თუ ისე, 7 წელიწადმა დარდსა და ცრემლში გაიარა, თუმცა იმედი არასოდეს დაუკარგავს. იმედი კი მხოლოდ უფლისა ჰქონდა. იცოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო, მისი ცრემლებისთვის ყური მიეგდო, მისი გული სრულად დაენახა და დღეს თუ ხვალ შეეწყალებინა სასიკვდილოდ განწირული გოგონა და მამისთვის დაებრუნებინა. თუმცა იქ, გულის სადღაც ძალიან შორეულ კუნჭულში, რა დასამალია და, მაინც ეჭვის ჭია აწვალებდა, რომ ეს შეუძლებელი იყო და ეს უფრო უასმაგებდა ტანჯვას და ტკივილს. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს სულ პაწაწინა ყოყმანი იყო იმის მიზეზი, რომ მისი გოგონა არც იქით იყო და არც აქეთ. არ შეიძლება ღმერთს ევედრო მთელი გულით, მთელი არსებით, ცრემლით და ლოცვით შესთხოვო და მაინც მცირე ეჭვი გტანჯავდეს და გისპობდეს იმედს. უფალს უნდა ენდო მთელი არსებით, მთელი გონებით, სისხლის ყოველი წვეთით, სხეულის ყოველი უჯრედით, ყოველი სუნთქვით, ყოველი გულისცემით, მტკიცედ და ურყევად. განა, ამას თქმა სჭირდება?! ვეცადე, მოკლედ გადმომეცა იმ ადამიანის განცდა, რომელმაც ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგა, მეორე კი ხელიდან ეცლებოდა. ტელეფონის ზარმა უდიდესი სიხარული მოჰგვარა. ბედნიერებისგან ლამის გული გახეთქვოდა. წავიდოდა კი არა, გაფრინდებოდა, ოღონდ მისი გოგონა ცოცხალი და ჯანმრთელი ეხილა. თან იმიტომაც ჩქარობდა, რომ კარგად იცოდა გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც კომადან გამოვიდოდა და დედის სიკვდილს შეიტყობდა. ათასჯერ უფიქრია ამაზე. ათასჯერ აუწონია ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა, ყოველი მოქმედება. ჯერ მისი სახლში მოყვანა იყო საჭირო და მერე ფრთხილად, ძალიან ფაქიზად უნდა გაეკეთებინა ეს ყოველივე. ექიმებიც არაერთხელ გააფრთხილა, არავითარ შემთხვევაში, არაფერი ეთქვათ გოგონასთვის დედის სიკვდილის შესახებ, თუკი როდესმე გონს მოვიდოდა. თუმცა... ვინ იცის... იქნებ ვინმემ მაინც წამოროშოს და გოგონას სულს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს? ამიტომაც ჩქარობდა. ერთადერთი, რასაც ახლა ნატრობდა, სწორედ ეს გახლდათ, რომ მიესწრო მანამდე, ვიდრე ვინმე რამე არასასურველს ეტყოდა კომადან ახლადგამოსულ და ისედაც თავისი მდგომარეობით გაოგნებულ გოგონას. ვისთან აღარ უსაუბრია ამის შესახებ – ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, სასულიერო პირებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან... გოგონა ახლა უკვე 12 წლის იყო და ისიც არ იცოდა კარგად, ისევ 5 წლის ბავშვის გონება ექნებოდა და უკვე მოზრდილი გოგონას ფსიქიკა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამიტომ უაღრესად ფრთხილად უნდა მიდგომოდა მასთან ურთიერთობას . აი, მოკლედ ის, რისი თქმაც მინდოდა წარსულის შესახებ, რათა შეძლებისდაგვარად უკეთ ამეხსნა თქვენთვის ტელეფონის ზარით გამოწვეული სულიერი მდგომარეობა კაცისა, რომელსაც დიდი ხნის ნანატრი შვილი დაუბრუნა უფალმა. სწრაფად ჩაიცვა, რაც ხელთ მოხვდა და გიჟივით გავარდა გარეთ. პირველივე მანქანას აუწია ხელი. არ გაუჩერა. გულდაწყვეტილი, აფორიაქებული და განერვიულებული, შემდეგი მანქანის მოლოდინში, ბოლთას სცემდა. აი, ისევ გამოჩნდა რაღაც. გაუჩერა. ”შენ გაგახარა ღმერთმა”, - გაიფიქრა და მანქანისკენ დაიძრა. უეცრად, სასოწარკვეთილმა კივილმა შეძრა არემარე. მიიხედა, კორპუსთან ქალი კიოდა და ზევით იშვერდა ხელს. ინსტინქტურად მანაც ზევით აიხედა. პატარა ბავშვი აივანზე გადმოცოცებულიყო და სადაცაა ჩამოვარდებოდა. გაოგნდა, თვალებს არ უჯერებდა. ღმერთო, ეს რა ხდება? ბავშვი აივნიდან ვარდება. ნუთუ, მის სიკვდილს უნდა შეესწროს? 3-4 წლის იქნებოდა, როგორც აქედან ხედავდა, მეექვსე თუ მეშვიდე სართული იყო, ახლა ამის დათვლის თავი არ ჰქონდა. გაშეშდა და წამით გაირინდა. რა ჰქნას? იქით საკუთარ შვილთან ეჩქარება, აქეთ პატარა სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ან რა შეუძლია, რომ გააკეთოს? აერია თავში ყველაფერი. თითქოს, ორი ”მე” ჩაეჭიდა და გასაქანს არ აძლევდნენ ერთმანეთს. -წადი ჩქარა შენს შვილთან. ამდენი ხანს ელოდი. აი, ღმერთმა დაგიბრუნა უკან. ნუღარ აყოვნებ. ამ პატარას შენ მაინც ვერ უშველი. ამასობაში კი დროს დაკარგავ და შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი რამ მოხდეს, მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს, - ეუბნებოდა ერთი. -არა, არ წახვიდე. შენ ამ ბავშვის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო. შენ ეს შეგიძლია. წადი, ქვეშ დაუდექი. ყველაფერი გააკეთე, რომ რბილად დაეცეს. იქნებ გადარჩეს კიდეც. ნუღარ აყოვნებ, ყოველი წამი ძვირფასია. ახლავე გასწიე. ეს რომ არ გააკეთო, როგორ ჩახედავ საკუთარ შვილს თვალებში? ან ღმერთს რა პასუხს გასცემ? - ეუბნებოდა მეორე. ეს იყო არჩევანი, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ დადგეს. ერთ მხარეს იდგა საკუთარი შვილი - მრავალი წლის უნახავი, მისი ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობა. ხოლო მეორე მხარეს - ღირსება, სინდისი და ადამიანური ვალდებულება. რას შვრებით, არ მოდიხართ? - გამოჰხედა მანქანის მძღოლმა. უცებ გამოერკვა ფიქრებიდან. გადაწყვეტილებაც უცებ მიიღო. მობრუნდა და წამში კორპუსთან გაჩნდა. სწორედ ამ დროს, ბავშვის სხეული მოაჯირს მოწყდა და დაბლა დაეშვა. ძლივს მოასწრო, რომ მის ქვეშ გაჩენილიყო და ხელები ნახევრად ისე გაეშვირა, რომ დამხმარე ძალად თავისი სხეულიც გამოეყენებინა. ბავშვი ხელებში დაიჭირა, მაგრამ ხელებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და დაბლა დაუვარდა, თუმცა სიმძიმის ძალა საგრძნობლად შეამცირა და სხეულის ვარდნა ბევრად შეანელა. ბავშვის დაჭერამ მისი სხეულიც დაიქნია და თავი ასფალტს დაანარცხა, თუმცა დაცემისას ამაზე სართოდ აღარ ფიქრობდა, მარტო ის ადარდებდა, ბავშვი გადარჩა თუ არა. ქალი ბავშვს მივარდა და ხელში აიყვანა. ცოცხალია, ჩქარა, სასწრაფო! ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. მალე სიმსუბუქეც იგრძნო და საკუთარი სხეული დაინახა ზემოდან. ყველაფერს მიხვდა. ახლაღა გაახსენდა, რამდენჯერ უთხოვია უფლისთვის, ოღონდ ჩემი გოგონა დამიბრუნე და, თუ გინდა, ჩემი სიცოცხლე წაიღეო. ხოდა აუსრულა ღმერთმა თხოვნა, განა, ბედნიერი და კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო? როგორ უნდა ახლა ტირილი, მაგრამ არ შეუძლია. თუმცა არა უშავს, თუ უფლის ნახვა ეღირსა, გულმხურვალედ გადაუხდის მადლობას და შესთხოვს, რომ თავისი პატარა გოგონა არ მიატოვოს და წყალობა არ მოაკლოს. აი, ეს პატარა ბავშვიც, ამ ქალს რომ აუყვანია ხელში და ხალხი შემოხვევია ირგვლივ, ცოცხალია. რა ბედნიერია თუნდაც ამით. ღმერთმა ინება და მისი სიცოცხლე ამ პატარა არსების სანაცვლოდ შეიწირა. განა, ამაზე ტკბილი სიკვდილი შეიძლება არსებობდეს? ეეჰ, რას იზამ, სიცოცხლე ღვთის ლოგიკას ექვემდებარება და არა ადამიანისას. ყველაფერი, რასაც ვნატრობთ, არ არის ისეთი სათნო, როგორც ჩვენ გვგონია. განა, უფალზე უკეთესად ვინმემ იცის, ვისი სულისთვის რა უფრო სასარგებლოა - ცრემლი თუ სიხარული, ტანჯვა თუ მხიარულება, სნეულება თუ ჯანმრთელობა, სიცოცხლე თუ სიკვდილი? განა, უფალზე უკეთ ვინმემ იცის, ვის როგორ მოუაროს? განა, უფალზე მეტად ვინმეს ვუყვარვართ ამ სამყაროში? კაცი კი იწვა გაუნძრევლად საცხოვრებელი კორპუსის წინ და სხეულის უტყვი გამომეტყველებით არაფერს ეუბნებოდა გარს შემოხვეულ ადამიანებს, რომელნიც სინანულით დასცქეროდნენ და ზოგი გულში და ზოგიც ხმამაღლა ამბობდა: შენ კაცობას ვენაცვალე, ძმაო, ღმერთმა სასუფეველში დაგიმკვიდროს ადგილი !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი