ბრმა


ეს ამბავი ამ ოციოდე წლის წინ მოხდა.
მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და შეიძლება კარგად ვერ აღვიქვამდი ყველაფერს. მხოლოდ უფროსების, უმეტესად, ჩემი მშობლების განცდების და  მღელვარების შემყურეს ჩამებეჭდა მეხსიერებაში ყოველივე და მხოლოდ მერე, უკვე მრავალი წლის შემდეგ, როდესაც თავად შევძელი ყოველივე ჩემს გულსა და გონებაში გამეტარებინა, მხოლოდ მაშინ მივხვდი სრული მნიშვნელობით, რა საოცარი და წარმოუდგენელი ისტორიის შემსწრე გახლდით იმ შორეულ გაზაფხულზე.
ეს ამბავი კი იმ აფიშამ გამახსენა, რომელიც ჩემი სახლის წინ სტენდზე იყო გაკრული და რომელიც იუწყებოდა, რომ გამოვიდა ახალი ფილმი არაჩვეულებრივი რომანისა – „მარტოხელა ქვრივი“. რომანმა თავის დროზე, უკვე მერამდენედ, ისეთი ფურორი და აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რომ იმთავითვე უდიდეს შედევრად იქცა, როგორც ლიტერატურული წრეეებისთვის, ასევე ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანებისთვის.  წიგნი ასახავდა ტრაკიგული ქალის ცხოვრებას, რომელსაც ქმარი და შვილი ქუჩაში მოუკლეს, მაგრამ ბიუროკრატიული თუ კარიერისტი ჩინოვნიკების გამო, სამართალს ვერ მიაღწია. მრავალი წლის დაუღალავმა ბრძოლამ, შრომამ, ცრემლმა, ხვეწნამ და მუდარამ  ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.
მაშინ ამ შეუპოვარმა და საოცრად ძლიერმა პიროვნებამ, მაგრამ ამავე დროს სუსტმა და ნაზმა არსებამ თავად გადაწყვიტა სამართლის აღდგენა და თავისი დარდის და ტკივილის ყველა მონაწილე –მკვლელებიდან დაწყებული, უგულო პოლიციის თანამშრომლებით დამთავრებული, ყველანი სასტიკად დასაჯა.
წიგნი საოცრად ლამაზად აღწერდა ამ გამაოგნებელი ნებისყოფის მქონე ქალის ყოველ განცდას, ფიქრს, დარდს, ცრემლს, ტკივილსა თუ მორიგი დასჯის გამო განცდილ სიხარულს.
თუმცა, მოდი, ამაზე შევჩერდეთ. საქმე იმაშია, რომ წიგნის წარმატება განპირობებული იყო არა მხოლოდ იმ საოცარი ისტორიით, რაც აღწერილი გახლდათ ნაწარმოებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ  
ლამაზი, უბრალო მაგრამ საოცრად დახვეწილი წერის სტილით, რომელიც ასე აჯადოებდა მკითხელს ავტორის ყოველი ახალი წიგნის კითხვის დროს. ეს კი მისი მეთორმეტე წიგნი გახლდათ.
ყოველი წიგნი სავსე იყო ლამაზი ისტორიებით, ზოგჯერ ტრაგიკული, მაგრამ ჭკუის სასწავლი და ღრმად დამაფიქრებელი მოვლენებით აღსავსე.
პირველივე რომანის გამოსვლისთანავე ისეთი რაოდენობის ხალხი მიაწყდა წიგნების მაღაზიებს, რომ გამომცემელი იძულებული გახდა, გადიდებული რაოდენობის ახალი ტირაჟი გამოეცა.
...და ასე ხდებოდა ყოველ მომდევნოზე. წიგნი წიგნს მოსდევდა და, ალბათ, უკვე ადამიანი აღარ იყო დარჩენილი, ვინც ამ ისტორიებზე არ საუბრობდა, განიცდიდა, ტიროდა, საკუთარ ტკივილად აღიქვამდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. წიგნები, როგორც გითხარით, ისეთი ენით იყო დაწერილი, რომ გულქვა ადამიანსაც ცხარედ აატირებდა, ზოგჯერ კი ყველაზე ბოროტ არსებასაც გულიანად გააცინებდა, გულს მოულბობდა და კეთილშობილ არსებად გადააქცევდა.
რაც ყველაზე მთავარი გახლდათ, ყველა ეს რომანი გაჟღენთილი იყო უდიდესი სიყვარულით ღვთისა და მოყვასისადმი – წარმოუდგენელი სილამაზით ასახავდა ადამიანებს შორის სიყვარულს, მეგობრობას, თავდადებას, ერთგულებას, თანადგომას და პატიოსნების, სიკეთის და სათნოების უდიდეს მქადაგებლად გვევლინებოდა. მოკლედ, ყოველივეს შეიცავდა, რასაც უფალი და ღმერთი გვასწავლის დღენიადაგ.
თვით ბოლო რომანიც კი, რომელშიც შურისმაძიებელი დედის და მეუღლის მრავალი სისასტიკე და დაუნდობლობა გახლდათ აღწერილი, მაინც სიყვარულით და სითბოთი გახლდათ გაჟღენთილი, თუმცა ცრემლნარევი და ტკივილიანი სიყვარულით.
ქალი, რომელმაც საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელებიც და გულგრილი და ამპარტავანი ჩინოვნიკებიც სასტიკად დასაჯა, ბოლოს უდაბნოში მიდის და უდიდესი და უმკაცრესი თვითგვემით და მონანიებით ასრულებს თავის სიცოცხლეს.  
სამწუხაროდ, მე არ გახლავართ ისეთი დონის მჭევრმეტყველი, რომ სრულად აღგიწეროთ ამ ნაწარმოებთა ხიბლი და სილამაზე. ეს ძალზედ ძნელია, ამიტომ აქ გავჩერდები.
თუმცა ყველაზე საოცარი და განსაცვიფრებელი, რაც ამ ისტორიას ახლდა თან, ჯერ არ მითქვამს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ნაწარმოებთა ავტორის ვინაობა კარგა ხანს არავინ იცოდა. ხელნაწერები ერთ-ერთ გამომცემლობას ფოსტით მისდიოდა და მიუხედავად მრავალი ადამიანის დიდი მცდელობისა, ავტორის ვინაობა ვერა და ვერ დაადგინეს. რა არ იღონეს, კერძო დეტექტივიც კი დაიქირავეს, მაგრამ - უშედეგოდ. უცნობი მწერალი თავის ნაწარმოებებს ყოველთვის სხვადასხვა ფოსტიდან გზავნიდა. არც სახელი, არც გვარი და არც რაიმე სხვა დეტალი მის შესახებ არავინ იცოდა. არც ის იცოდა ვინმემ, კაცი იყო თუ ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, მდიდარი თუ ღარიბი. მოკლედ - არაფერი.
ავტორი ფსევდონიმებსაც კი არ აწერდა თავის, მართლაც, შედევრებს და ასე უსახელოდ უგზავნიდა გამომცემელს.
თუმცა, ყოველ გზავნილს თან ყოველთვის ახლდა პატარა წერილი, სადაც ავტორი დიდი მოწიწებით სთხოვდა გამომცემელს, რომ წიგნის გამოცემის შემთხვევაში, გაყიდვიდან მიღებული თანხა ამა თუ იმ საქველმოქმედო საქმეში გამოეყენებინათ. ხან ეს იყო ბავშვთა სახლი, ხან რომელიმე მძიმე სნეულებით დაავადებული ადამიანები, ხან უპატრონო და უსახლკარო მოხუცები, ხან ინვალიდი და უნარშეზღუდული ბავშვები და ასე შემდეგ...
გამომცემელიც, შემდეგი წიგნის მოლოდინში, პატიოსნად და გულმოდგინედ ასრულებდა ამ თხოვნას.
ამ იდუმალებამ კიდევ მეტი ცნობისმოყვარეობა და ხიბლი შესძინა ამ საოცარ ნაწარმოებებს და, ალბათ, გააორმაგა, თუ მეტი არა, მისი თაყვანისმცემლების სიყვარული და პატივისცემა.
ავტორს ეძებდნენ, წერილებს წერდნენ რედაქციებს – სიყვარულს ეფიცებოდნენ, რჩევებს ეკითხებოდნენ, სახლში ეპატიჟებოდნენ, საკუთარ ოჯახის წევრადაც კი თვლიდნენ. ბევრი ეკლესიაში  
ლოცვებშიც კი მოიხსენიებდა. ემუდარებოდნენ, რომ გამოჩენილიყო და ვინაობა გაემხილა.
მაგრამ ყოველივე ამაო გახლდათ. ავტორი არ ჩანდა და არც აპირებდა გამოჩენას. არც ხვეწნა-მუდარამ, არც ძებნამ და არც ათასმა სხვა საშუალებამ შედეგი არ გამოიღო და დარჩა ასე ყველასთვის უცნობი და იდუმალი.
გამომცემლებსაც სხვა რა დარჩენოდათ, ყოველი წიგნის თავში აწერდნენ „უცნობი ავტორი“ და ასე უშვებდნენ ყველა წიგნს.
ვინ იცის, რამდენი ჭორი დადიოდა ავტორის შესახებ. ზოგი ამბობდა, რომ ეს რომელიღაც უცხოელი მწერლის გადმოქართულებული ვარიანტია, ზოგი იმას ამტკიცებდა, რომ ნაწარმოებთა ავტორი მწერალთა დიდი ჯგუფი იყო და ერთობლივად იქმნებოდა ასეთი შედევრები. ავტორთა ვინაობის დამალვას კი მხოლოდ ინტრიგის და ინტერესის გაზრდის ფუნქცია ჰქონდა და ამიტომაც მალავდნენ.
ისიც კი თქვეს, რომ ავტორი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, რომელიც, თურმე, ავტოკატასტრფაში დაიღუპა. ხოლო მისი ხელნაწერები ვიღაც უსინდისომ იპოვა და სათითაოდ აქვეყნებდა უცნობის სახელით... და ათასი ასეთი ჭორი, თუმცა ჰყავდა ამ ჭორებს ბევრი მოწინააღმდეგეც. მიზეზი კი სულ მარტივი გახლდათ. ავტორი თავის რეპუტაციაზე არ ზრუნავდა და მთელ მოგებულ თანხას გაჭირვებულ და განწირულ ადამიანებს გადასცემდა. აბა, როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი ადამიანი პლაგიატი და ქურდბაცაცა ყოფილიყო, ან მატყუარა და არამზადა?
უმეტესობას კი ავტორი სასულიერო პირი ეგონა, რომელიც თავმდაბლობის და დიდი სათნოების გამო ვინაობას მალავდა. ასე იყო თუ ისე, ხმები დადიოდა, ავტორი კი კვლავ უცნობი გახლდათ.
როდესაც ყოველივე ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო და პოპულარობის უმაღლეს დონეს მიაღწია, რეჟისორებმა ფილმების გადაღებაც დაიწყეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფილმებს საკმაოდ ნიჭიერი და გამოცდილი რეჟისორები იღებდნენ, წიგნების დონე და მათ მიმართ სიყვარული გაცილებით მაღალი გახლდათ, ვიდრე - ფილმების მიმართ. 
არავინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა ეს იდუმალი, მაგრამ ყველასთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, რომ არა ერთი ძალიან სევდიანი და გულისამაჩუყებელი ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ. სამწუხაროდ,  „მარტოხელა ქვრივი“ ბოლო წიგნი აღმოჩნდა, რომელმაც დღის სინათლე იხილა. არავინ იცოდა, ავტორმა წერა შეწყვიტა, თუ სხვა რამ მოხდა, თუმცა...
***
მახსოვს, ჩვენს უბანში ხშირად ჩნდებოდა ერთი ზორბა კაცი, რომელიც წვეტიანი ყავარჯნის დახმარებით ქუჩა-ქუჩა დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. თავიდან თითქოს დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა, განა, მათხოვრების მეტი რა იყო ქვეყანაზე, მაგრამ რაც უცნობი ავტორის წიგნები გამოვიდა, ადამიანები თითქოს უფრო კეთილნი გახდნენ, უფრო მოწყალენი და სხვებსაც მეტი მონდომებით ეხმარებოდნენ, მათ შორის, ამ ზორბასაც, რომელიც, სამწუხაროდ, ბრმა გახლდათ და არავითარი სხვა საშუალება თავის რჩენისა არ გააჩნდა. ბევრი ბურტყუნებდა, ხომ აძლევს, ალბათ, სახელმწიფო დახმარებას, რაღას მათხოვრობსო, მაგრამ უმეტესად ადამიანები უხმოდ და უსაყვედუროდ ეხმარებოდნენ. სახელი მისი არავინ იცოდა და გვარი, ყველა ”ბრმას” ეძახდა. ბრმა ხან სად ჩნდებოდა და ხან - სად. არავინ იცოდა, სად ცხოვრობდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა, რა ცხოვრება გაუვლია. უბრალოდ,  ბრმა იყო და მეტი არაფერი. ალბათ, ასე უსახელოდ და შეუმჩნევლად დაასრულებდა კიდეც თავის უღიმღამო მიწიერ სიცოცხლეს, რომ არა ღვთის განგებულება. სულაც არ ფიქრობდა უფალი მის მარადისობაში გადაყვანას ასეთი გზით, ასე უფერულად, ასე უგერგილოდ.
ყოველი ადამიანის სიცოცხლეს უდიდესი ფასი აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებმა ეს ნაკლებად ვიცით. ნაკლებად ვფიქრობთ ამაზე საერთოდ. ფასი აქვს ყოველი ადამიანის სიკვდილსაც და არასოდეს, არაფერი ხდება ისე, როგორც ვიცით ხოლმე თქმა. ყველაფერს აქვს აზრი, მიზანი, დანიშნულება - ყოველ სიტყვას, ყოველ საქმეს, ყოველ მცირე გაფიქრებსაც კი. 
აზრი ჰქონდა ზორბას სიცოცხლესაც, რომელსაც ბრმას ეძახდნენ. ოღონდ, უფლის გარდა, ეს ჯერ არავინ იცოდა, არც არავინ ფიქრობდა ამაზე და არც არავინ წუხდა.
გაზაფხულის იმ სევდიან დღეს ბრმა ავტობუსის გაჩერებასთან იდგა და, როგორც ყოველთვის, მოწყალებას ითხოვდა. უცებ, გიჟივით წამოვარდა და პირდაპირ ტრასაზე შევარდა, სადაც მანქანების მოძრაობა საკმაოდ გადატვირთული გახლდათ. გზის მოპირდაპირე მხარეს პატარა გოგონა დედას დაუსხლტა და  გზაზე გამოიქცა. ის-ის იყო, მანქანის ბორბლებს უნდა შევარდნოდა, როცა ბრმამ ხელი დასტაცა შეშინებულ გოგონას და თავისი ღონიერი მკლავებით უკან, გზის ნაპირისკენ მოისროლა. გოგონა დაეცა, თუმცა სერიოზულად არაფერი სტკენია. სასოწარკვეთილმა დედამაც დროზე მიაშველა ხელი, ოღონდ ბრმამ თვითონ გასვლა ვეღარ მოასწრო და მანქანის საბურავების ქვეშ აღმოჩნდა. გაისმა მჭახე მუხრუჭის ხმა, ადამიანთა კივილი და გაოგნებული შეძახილები. მერე კი... მერე გაოცებული სახეები, განცვიფრებული და ცრემლიანი თვალებით რომ დაჰყურებდნენ სისხლში მცურავ ბრმას და ვერ გაეგოთ, როგორ დაინახა ბრმამ მანქანის წინ გადმომხტარი გოგონა, ან როგორ მოასწრო ყოველივე ის, რაც გააკეთა. მართლაც, გასაოცარი გახლდათ.
ბრმა საავადმყოფოში მიყვანიდან ორ საათში გარდაიცვალა.  პატარა გოგონას მშობლების ხელში დალია სული. წავიდა, გაქრა კიდევ ერთი „უსახელო“ და „უინტერესო“ ადამიანის სიცოცხლე, თუმცა უამრავი ცრემლი და თანაგრძნობა წაიღო თან.
სიკვდილსაც აქვს თავისი ხიბლი ან სიმახინჯე. განა, მარტო სხეულიდან სულის გასვლაშია საქმე? ლამაზი სული ლამაზადაც კვდება, შეიძლება დიდი ტანჯვით, წამებით, მაგრამ ლამაზად. ამას მრავალი წლის შემდეგ მივხვდი - ბედნიერებაა სხვისთვის სიკვდილი და უფრო დიდი ბედნიერება, როდესაც ის სხვა პატარა ბავშვია. რა სიამოვნებით ვინატრებდი ასეთ სიკვდილს. მაშინ მე – პატარა ბიჭს - შემშურდა კიდევაც და ვინატრე, ნეტავ მე ვყოფილიყავი-მეთქი ბრმის ადგილზე.
მოგვიანებით პოლიციამ მის საცხოვრისს მიაგნო, თუ იქ ცხოვრება შეიძლებოდა საერთოდ – ერთი პატარა ნესტიანი სარდაფი, რომელშიც  
ადამიანი კი არა, ცხოველი შეგეცოდებოდა კაცს შესაგდებად. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ეს საოცარი ადამიანი, რომელმაც უსინათლომ, ბრმამ იგრძნო საშიშროება და გადაარჩინა პატარა ბავშვის სიცოცხლე. და ეს მაშინ, როდესაც თვალხილული ადამიანები გაოგნებულები იდგნენ და მხოლოდ მას შემდეგ მოვიდნენ გონს, როდესაც ყველაფერი დამთავრებული გახლდათ.
კედელზე  რამდენიმე ქაღალდის ნაგლეჯი შენიშნეს და გულმოდგინედ დააკვირდნენ. ერთი მათგანი ძველი გაზეთის ამონაჭერი გახლდათ, რომელიც მოკლედ იუწყებოდა იმ ტრაგედიის შეახებ, რომელი მრავალი წლის წინ დატრიალდა ამ ქალაქში. ბევრმა გაიხსენა კიდეც, როგორ გაჩნდა ხანძარი ერთ-ერთ ბინაში,რომელმაც ქალი და პატარა ბავშვი შეიწირა, ხოლო ქალის მეუღლე და ბავშვის მამა - ადგილზე გვიან მისული - როგორ შევარდა ცეცხლში ცოლ-შვილის გადასარჩენად, თუმცა შემდეგ პოლიციის გაძლიერებულმა კორდონმა ახლოს აღარ მიაკარა არავინ. მხოლოდ მეორე დღეს გახდა გაზეთებიდან ცნობილი, რომ ქალიც და ბავშვიც ადგილზე დაიწვნენ, ხოლო მათ გადასარჩენად შევარდნილ კაცს სახეზე ჭერიდან ჩამოვარდნილი ცეცხლმოკიდებული ხის მორი დაეცა სახეზე და შემდგომში, ექიმების დიდი ხნის ბრძოლის წყალობით, სიკვდილს გადარჩა, თუმცა ორივე თვალით დაბრმავდა და სამუდამოდ დაკარგა თვალის სინათლე. მოგვიანებით გაიხსენეს ზოგიერთებმა, როგორ იბრძოდა სამშობლოს დასაცავად სხვადასხვა დროს ცხელ წერტილებში; როგორ გამოჰყავდა დაჭრილი მეგობრები თავისი მხრებით ბრძოლის ველიდან; გაიხსენეს ათასი ჭორი და მართალი, რაც ბრმაზე იცოდნენ და რაც არ იცოდნენ; მერე გაახსენდათ, ბრმა რომ სახეშეფუთული დადიოდა სულ და მიხვდნენ, რომ ამის მიზეზი მძიმე დამწვრობა იყო.
მაგრამ ყველაზე გასაოცარი, რამაც ყველა ლამის შოკში ჩააგდო, მერე მოხდა. მაგიდაზე აღმოაჩინეს ხელნაწერები, რომელიც აბსოლუტურად იდენტური აღმოჩნდა იმ ხელნაწერებისა, რომელიც უცნობ ავტორს ეკუთვნოდა და რომლის წიგნებიც ასე უყვარდა ხალხს. ეს წარმოუდგენელი გახლდათ, ამის დაჯერება არავის უნდოდა. როგორ შეეძლო ბრმას, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ყოფილიყო, ამდენი  
ეწერა და მერე ეს ნაწერები გამომცემლობებისთვის ეგზავნა?! ამის გაფიქრებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, მაგრამ ყველას გასაოცრად, ეს სიმართლე აღმოჩნდა. მაგიდაზე დაბეჭდილი წიგნების ხელნაწერების შავი, დაჩხაპნილი ასლებიც აღმოჩნდა. იმდენად სენსაციური იყო ეს აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ხელნაწერებს ექსპერტიზა ჩაუტარეს, რამაც მკაფიოდ და გარკვევით დაადასტურა, რომ უცნობი ავტორი სწორედ ბრმა გახლდათ.
იქვე, ძველი კოსტიუმი იპოვეს ჩამოკიდებული. გულის ჯიბეში კი აღმოაჩინეს გაცრეცილი ფურცელი, რომელზეც ბავშვის ხელით ეწერა: ”მე რომ დიდი გავიზრდები, სახელოვანი მწერალი გამოვალ და ბევრ წიგნებს დავწერ ჩემს მამიკოზე“...

მე მეტს აღარ შეგაწყენთ თავს. თავად შეგიძლიათ, ჩემზე უკეთესად წარმოიდგინოთ, რა აჟიოტაჟი ატყდა და რაზე ლაპარაკობდა ხალხი დიდხანს, წლების განმავლობაში.

აქ შევწყეტ თხრობას და ჩემი მხრიდან დავამატებ:

ზოგადად, ადამიანები საკამოდ თბილი და კეთილი არსებანი არიან. უბრალოდ, ეს ყველამ არ იცის და ზოგჯერ ბოროტების და უგულობის ნიღაბს ჩამოიფარებს ხოლმე. ზოგს ეს თვისებები გულის საკმაოდ შორ, მიუვალ კუნჭულებში აქვს გადამალული და ცოცხალი თავით არ უნდა მათი გამოჩენა.
განა, ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილება არ არის, რომელიც უფალმა თავის ხატად შექმნა? განა, უფალი ბოროტებას შექმნიდა, განა ყოველ მათგანში არ ჩადებდა სითბოს და სიყვარულს? განა, თითოეულს არ დააჯილდოებდა თანადგომის, თანაგრძნობის და სიყვარულის უნარით? მეტსაც გეტყვით – ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამდენი სიკეთე და სათნოება დევს თითოეულ ადამიანში და, თუ ამას ვერ ვხედავთ, ან ვერ ვამჩნევთ, იქნებ ეს სწორედ ჩვენი ბრალია და არა იმ ადამიანის? იქნებ, სწორედ იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ ბრმები ვართ?  
განა ადამიანი მხოლოდ ის არის, რასაც თვალით ხედავს ან ყურით ისმენს? განა ის ბევრად მეტი არ არის? მაგრამ ვაი,რომ ხშირად ვერც თვალით ვხედავთ და ყურითაც არ გვესმის.
განა, შეიძლება ღმერთი ასე აღვიქვათ, რადგან ვერ ვხედავთ? განა, შეიძლება ვთქვათ, რომ ის არ არის? განა, ის ყველაზე დიდი და ნათელი არ არის?
უფალი გვეუბნება, რომ ადამიანი ხატებაა მისი, ჩვენ კი მას ხშირად როგორც ყველაზე უვარგის არსებას, ისე ვუყურებთ - ზიზღით, სიძულვილით, ბოღმით.
გაიხსენეთ, როგორ ვუთანაგრძნობთ ადამიანებს ფილმებში, წიგნებში, როგორ განვიცდით, როგორ ვგულშემატკივრობთ. რამდენჯერ გვიტირია კიდეც, რამდენი ტკივილი და დარდი გაგვიზიარებია მათი, რომლებიც სიმადვილეში არც კი არსებობენ. როგორ შეგვიყვარებია ისინი, ვინც მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი. ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს კი ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ მათ ტკივილს, არ გვესმის მათი კვნესა, მათი ცრემლები არ გვისველებს გულს. განა, მათზე არ შეიძლება უსასრულო სერიალების გადაღება? ნამდვილი, თავსგადახდენილი ისტორიებით, ჭეშმარიტი დარდით, ცრემლით და ტკივილით სავსე? განა, მათ არ თანავუგრძნობდით? განა, მათ გამო არ ვიტირებდით? განა არ გვეტკინებოდა გული?
ისინი კი აქვე, გვერდით არიან, პირდაპირ ჩვენს თვალწინ და, თუ მათზე არ წერენ და არ იღებენ ფილმებს, განა ისინი ისევ ისეთები არ არიან, რომ დაეწერათ და გადაეღოთ?
ბრმას რომ ბავშვის სიცოცხლე არ გადაერჩინა, განა ბევრს სტკიოდა მისი ტკივილი? ის რომ იდუმალი ავტორი არ აღმოჩენილიყო, განა, ბევრი ადამიანი შეიყვარებდა? 
მიმოიხედეთ ირგვლივ, რამდენი ასეთი ადამიანია, რამდენი განსაცდელი, ცრემლი და ტკივილი აწუხებს ჩვენს ძმებს და დებს, დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, შვილებს. ყველას, ვისაც რამე სტკივა, ვისაც რამე აწუხებს. ვისაც დიდი განსაცდელი დასტყდომია თავს. 
იქნებ, ის განსაცდელები ჩვენს გამოსაცდელად დაუშვა უფალმა? გიფიქრიათ ამაზე? იქნებ, უფალი ჩვენ გველოდება, როდის შევუმსუბუქებთ ტკივილს ჩვენს  თანამოძმეთ, როდის მოვწმენდთ ცრემლს, როდის გავითავისებთ მის გასაჭირს.
ჩვენ შეგვიძლია, ეკლესიაშიც ვიაროთ, ცრემლიანი თვალებითაც ვილოცოთ, ათასი რამ ვთხოვოთ უფალს. შეწყალება ვევედროთ, მოწყალებაც, კეთილდღეობაც.
ამ დროს კი გვერდით ვიღაცას შვილი უკვდება, რადგან ოპერაციის ფული არა აქვს; ვიღაცას დედის გადარჩენა არ შეუძლია იმიტომ, რომ წამალს ვერ ყიდულობს უფულობის გამო.
ვხედავთ ირგვლივ მყოფი ადამიანების ტკივილს? გვესმის მათი კვნესა?
მითხარით, განა, ყველა ბრმაზე ბრმები არა ვართ? განა, ყველა ყრუზე ყრუები არა ვართ?
„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“- გვასწავლის უფალი.
გვიყვარს კი მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი? გვტკივა კი სხვისი ტკივილი, როგორც საკუთარი? გვესმის კი სხვისი ტირილი, როგორც საკუთარი დედის, ძმის, შვილის თუ სხვა ძვირფასი ადამიანის ტირილი გვესმის და გვტკივა?
არ ვიცი, ვინ უფრო ბრმაა, ის, ვინც თვალებით ვერ ხედავს, თუ ის, ვისაც სული და გული აქვს დახშობილი; ვინც ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაბმულა და გვერდით გახედვა არ უნდა – სულ ახლოს, იქვე.  სხეულის მხედველობა თვალია,სულის კი სიყვარული,სიკეთე და სათნოება.
აი, ეს მინდოდა მეთქვა.
დაბოლოს – მჯერა, რომ ადამიანები კეთილი და სათნო არსებები არიან, სიყვარულის და თანაგრძნობის დიდი უნარით დაჯილდოებულნი და, თუ ხშირად გვეშლება რამე,მხოლოდ იმიტომ,რომ ბრმები ვართ.უფალი ამბობს,სასუფეველი თავად თქვენშია. ესე იგი, ღმერთი ყოველ ადამიანშია, მთავარია, დავინახოთ ეს. გავახილოთ თვალები და ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები. მაშინ  
ვერავითარი ბოროტი ძალა ვერაფერს დაგვაკლებს, დამიჯერეთ. სიყვარული ხომ თავად ღმერთია, განა ღმერთს ვინმე მოერევა? შევიყვაროთ ერთმანეთი და აღარ ვიქნებით აღარც ბრმები, აღარც ყრუები და აღარც მუნჯები.
მე კი წავალ, ახალ ფილმს ვუყურებ, რომლის სიუჟეტის ავტორიც ახლა უკვე არა ვინმე უცნობი, არამედ არაჩვეულებრივი და დიდებული ადამიანია, რომელიც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი სიყვარულით და სიკეთით გაჟღენთილი ნაწარმოებები ყოველთვის გამათბობს და გამახსენებს სულ ერთადერთ სიტყვას, თითქოს ასე უმნიშვნელოს, მაგრამ, თურმე, ასე საჭიროს და დამაფიქრებელს ყოველი ადამიანისთვის - „ბრმა“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი