გარიგება


მთელი ცხოვრება უღმერთოდ ცხოვრობდა. ეგონა, ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც საჭირო იყო. მოკლედ აგიწერთ,რას ფიქრობდა: რად მინდა ეკლესია, მღვდელი, მაგათი ქადაგებების მოსმენა და რიტუალების დაცვა? მე არავიზე ნაკლებად არ მიყვარს უფალი. მან იცის, რომ მე პატიოსანი კაცი ვარ. ბიბლიას ვკითხულობ და მის მცნებებს შეძლებისდაგვარად ვიცავ. თუ არ ვმარხულობ, იმიტომ, რომ ეს მღვდლების მოგონილი მგონია ხალხის დასამორჩილებლად და დასამონებლად. ბიბლიაში ხომ წერია,რომ ყოველი საკვები, რაც უფალს ადამიანისთვის მიუცია, კურთხეულია და, აბა, სად წერია, რომ იმარხულე და თავი შეიზღუდეო? ვინც მარხულობს, იმას მეტად უყვარს უფალი? გინდა, ლოცვები ავიღოთ. რა ტექსტებია ეს, არაფერი რომ არ მესმის? ჩემი სიტყვებით თუ დაველაპარაკე უფალს, რა არ მომისმენს? ასე ხომ უფრო კარგად ავუხსნი ჩემი გულისნადებს?
ყველამ თავისი საქმის იცის. უფალმა იცის, რომ მე მარხვა და ლოცვა არ მეზარება, უბრალოდ, ზედმეტად და უაზროდ მეჩვენება ეს ყველაფერი. ყოველთვის მწყალობდა ღმერთი. არასოდეს არ მივუტოვებივარ. ცუდად რომ ვიქცეოდე, ასე მომექცეოდა? საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს ”მონა ღვთისა”. მე არ მინდა, მონა ვიყო. უფალს მონები სჭირდება, თუ მისი მოყვარული ადამიანები? მონა არასოდეს არის თავისუფალი და ყოველთვის ბატონის სიძულვილი უდევს გულში. თუ რამეს ვაშავებ, მე ჩემს ლოცვებში მოვინანიებ და სულ არ ვაპირებ ანაფორიან მღვდელს გავუმხილო რამე. მთავარია, უფალთან ვიყო გულწრფელი და ვარ კიდევაც. აღსარებასაც მას ჩავაბარებ. მთავარია, ადამიანები გიყვარდეს, სიკეთეს აკეთებდე, ბოროტი არ იყო, თორემ ეკლესიაში სიარული და მღვდლების უაზრო ბჟუტურის მოსმენა სულაც არ მიმაჩნია მართებულად. დგას ამდენი ხალხი და აზრზე არ არიან, რას უსმენენ და რა ხდება. არ მირჩევნია, პირდაპირ მივმართო უფალს და ჩემი ენით დაველაპარაკო? შუამავლები რაში მჭირდება?
ასე ფიქრობდა ცხოვრების უდიდესი ნაწილი და ასედაც ცხოვრობდა. 
არა, არ ცხოვრობდა, მომიტევეთ, ასე რომ ეცხოვრა მაინც, კიდევ რა უჭირდა?! ეს მხოლოდ ფიქრებში ჰქონდა, თორემ არასოდეს ეს თავისი ფილოსოფია ცხოვრებაში არ გაუტარებია.
ლოთობდა, მრუშობდა, ცრუობდა, განიკითხავდა და ათას საზიზღრობას სჩადიოდა. მოკლედ, ძალიან კარგად იცოდა, რომ სცოდავდა, მაგრამ ეს სულაც არ ადარდებდა. უფალს,როგორც საკუთარ მშობლებს, ისე უყურებდა. ფიქრობდა, რომ დედამიწაზე იმიტომ ცხოვრობდა, ამ ქვეყნის სიამტკბილობანი ბოლომდე შეეგრძნო, არაფერი დაეკლო. რატომ იყო ეს ასე მიუღებელი, ვერ გარკვეულიყო; და, თუ რამეს დააშავებდა, ღმერთი მშობელივით აპატიებდა. ის ხომ მამაა ჩვენი.
უფალმა ხომ ადამიანად გამაჩინა? ეს სამყაროც ადამიანს დაუტოვა. ყველაფერი მისი შექმნილია და რატომ უნდა მოვიკლო? – ფიქრობდა მაშინაც კი, როცა გულის სიღრმეში კარგად იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა.
ამდენი ლამაზი ქალი დადის ირგვლივ, როგორ გინდა მოითმინო? განა ეს ცხოვრება ისეთი გრძელია, რომ ყველაფერი მოასწრო? ან ქეიფი და დროსტარება რატომ უნდა მოვიკლო, განა ეს რა ბოროტებაა? ვის არ უყვარს კარგი ჭამა-სმა? მთავარია, არავის არაფერს ვუშავებ. ღმერთსაც არაფერს ვუშავებ. თუ ვინმეს ვავნებ, ისევ საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას და მოდი, ყველამ თავის თავს მიხედოს, რა. ეს ცხოვრება სასტიკია, ან შენ შეგჭამენ, ან შენ შეჭამ. მერე მოკვდები და ყველაფერი დასრულდება. არავინ იცის, სიკვდილის მერე რა იქნება.
ხომ არ გეცნობათ ასეთი ფილოსოფია და ცხოვრების წესი? ალბათ, უამრავი ადამიანია ირგვლივ, რომელიც მსგავსი აზროვნებით ცხოვრობს, თუმცა ბევრი ხმამაღლა არ აღიარებს ამას.
სადღაც წამიკითხავს კიდეც:  „ადამიანები ერთმანეთს გვანან იმით, რასაც ფიქრობენ და განსხვავდებიან იმით, რასაც ამბობენო“. რა დიდებული ნათქვამია, არა?
მაგრამ, დიდება უფალს, მისი ნებით დგება ხოლმე ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც ასეთი აზროვნების ადამიანებს მთლიანად ეცვლებათ წარმოდგენა ყველაფერზე. ყველას არა, მაგრამ - ბევრს.  
უფალი ყოველ უგუნურ არსებას აძლევს ნიშანს და დროს გამოსაფხიზლებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ბრმა და ყრუა. არ უნდა და არ ესმის. წარმოიდგინეთ, რამხელა თავისუფლება მიანიჭა უფალმა ადამიანს, რომ ყველაზე ბოროტ და საშინელ განზრახვასაც კი არ აღუდგება წინ. თვით ღმერთი არ ერევა ადამიანის ნებაში, შეგიძლიათ, ნათლად წარმოიდგინოთ ეს? არადა, როგორ სტკივა, როგორ ითმენს. რა გამძლეობის უნარი აქვს, გასაოცარია.
ადამიანი რომ დასვა უფლის ტახტზე, ღმერთო მომიტევე, სულ ერთი საათით, ასჯერ მაინც შეწყვეტდა სიცოცხლეს დედამიწაზე. ვერ აიტანდა, ვერ მოითმენდა, გაგიჟდებოდა სიბრაზისგან. ჭკუას და გონებას დაკარგავდა ისეთ რამეებს დაინახავდა და შესაძლოა, არც დაეჯერებინა.
მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით, ჩემო კეთილო მეგობრებო, და თქვენის ნებართვით, განვაგრძობ თხრობას.
ჩვენი გმირი, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩეოდა სხვისგან, მაგრამ ხანდახან მის გულში ისეთი სითბო და სიყვარული ჩაიბუდებდა ხოლმე, ერთიანად იცვლებოდა, სულ სხვანაირი ხდებოდა. ადამიანები უყვარდა, მათ დახმარებაზე ოცნებობდა და სიკეთის მარცვალი იწყებდა გაღვივებას. ვინ იცის,იქნებ ამ დროს მის სულში უფალი იჯდა, მაგრამ ამას თვითონ ვერც ხვდებოდა და ვერც აცნობიერებდა.
როცა ადამიანს განსაცდელი და ტკივილი შეუტევს, მაშინ ქამელეონივით ეცვლება ფერი. მზად არის, ყველაფერი გაწიროს, ოღონდ ძველი მდგომარეობა დაიბრუნოს. ხშირად ეშმაკსაც კი შეეკვრება, ოღონდ ტკივილი აირიდოს, ტანჯვა სხვას გადააბაროს, სიმშვიდე დაიბრუნოს. მაშინ ხვდება გასაკუთრებით მძაფრად, როგორი ბედნიერი ყოფილა, როცა არაფერი სტკიოდა, არაფერი უჭირდა. მისი საყვარელი ადამიანები კარგად იყვნენ და სულიც დამშვიდებული ჰქონდა. ბევრს აგონია ეწყება, დეპრესია, ნერვების ომი, ტანჯვა და წამება. ბევრიც სინანულში ვარდება და მაშინ ახსენდება, რომ არსებობს უზენაესი ღმერთი ქვეყანაზე, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომელიც ვალდებულია, ყველას მოუსმინოს და მისი სატკივარი გაიზიაროს. ცრემლებად დაიფრქვევა, მუხლებზე  
დაემხობა და სთხოვს, სთხოვს და სთხოვს გამუდმებით. მაშინ აღარ ფიქრობს, რომ ეკლესია და მოძღვარი უაზრობაა. არა, აღარ ფიქრობს. პირიქით, ბოლო იმედივით ჩასჭიდებია და მზად არის, ყველა ბრძანება აასრულოს, რასაც მოძღვარი ეტყვის. ისე დაუხრის თავს, თითქოს მთელი ცხოვრება სამაგალითო ქრისტიანი ყოფილიყოს და და რა თქმა უნდა, კარგად ესმის, რომ რასაც მღვდელი ურჩევს, ის უნდა შეასრულოს აუცილებლად.
აბა, ახლა მოდით, მის გულში ჩავიხედოთ. სინამდვილეში, ის ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ ძველი მდგომარეობა დაიბრუნოს და რამენაირად გამოძვრეს გასაჭირიდან. ღმერთსაც იწამებს, ეშმაკსაც, ხშირად მკითხავებთან და მჩხიბავებთანაც გაიქცევა, ყველას მორჩილი და დამჯერე გახდება, ოღონდ თავიდან აიცილოს თავსდამტყდარი უბედურება. რა თქმა უნდა, ღმერთის იმედი უფრო აქვს. სადღაც იქ, გულის სულ ბოლო კუნჭულში იცის, რომ ის ყოვლისშემძლეა, ყველაზე ძლიერია მაინც და ამიტომ მას ყველაზე მეტს სთხოვს და სთხოვს. ის ხომ ყველას მსახურია? ჯინია, რომელის საჭიროების შემთხვევაში,  ბოთლიდან ამოხტება და ყველა სურვილებს შეასრულებს. აბა, მაშ რისთვის უნდა ღმერთი, თუ ასე არაა? არ შეასრულებს და მერე ბრაზიც მოერევა, გული ეტკინება, რა უსამართლო ყოფილა უფალი, როგორ დაუმსახურებლად უგზავნის ტანჯვას და განსაცდელს სიხარულის და ბედნიერების ნაცვლად.
თუ მოხდა სასწაული და პრობლემები მოუგვარდა, ხშირად ეს არც ჰგონია უფლის ხელით გაკეთებული. არა, ეს თვითონ მოაგვარა, თავისით იწვალა, იბრძოლა და მოაგვარა. ან ვინმე დაეხმარა, ოღონდ არა ღმერთი. აბა სად იყო უფალი? რაღაც არ დაუნახავს.
ასეთი ადამიანებისთვის ძნელია იმის ახსნა, რომ უფლის ნების გარეშე, ერთ ყლუპ ჰაერსაც ვერ შეისუნთქავს, ერთ თითსაც ვერ გაანძრევს, ერთ გრამსაც ვერ დაძრავს და საერთოდ მიწაა, მტვერია, ხშირად ნაგავიც კი და მისი ყოველი განძრევა, მხოლოდ უზენაესზეა დამოკიდებული. და რადგან თავისუფალი ნება მისცა უფალმა, სულაც არ ნიშნავს, რომ ძლიერი გახდა, რამის მაქნისი, რაიმეს შემძლე. 
ხშირად ასეთი ადამიანი იმასაც კი ამბობს, რომ უფალი მუდმივად სწყალობს, ეხმარება, კეთილგანწყობილია მის მიმართ და ამას თავის დამსახურებად მიიჩნევენ და არამც და არამც ღვთის წყალობად.
გაჭირვებაში ადამიანები ხშირად ღვთის სამართალს მოუხმობენ და წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა საცოდაობა დატრიალდებოდა დედამიწაზე, უფალი რომ ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავდეს.
შეგაწყინეთ, ალბათ, თავი. ეს ყველაფერი თქვენც მშვენივრად იცით და ასეთ ადამიანებს ყოველდღე ხედავთ თქვენს ირგვლივ. მე მხოლოდ ადამიანთა ის კატეგორია გაგახსენეთ, რომელნიც, სამწუხაროდ, მრავლად არიან ამ ცოდვილ მიწაზე.
ჩვენ გმირსაც ასე დაემართა, როდესაც დედის მომაკვდავ თვალებს ჩახედა, მაშინ მიხვდა, რომ კარგავდა ყველაზე ძვირფას ადამიანს ქვეყანაზე. მისი გული დარდისა და ტკივილისგან ტიროდა, მაგრამ შველა არ შეეძლო. მაშინ გაახსენდა, რა ქედმაღლურად ცხოვრობდა, როგორ ამპარტავნულად ფიქრობდა ქრისტიანობაზე, რწმენაზე და როგორც ხშირად მოსვლია, იგრძნო სირცხვილი უფლის წინაშე. ოღონდ ამჯერად ეს სირცხვილი დროებითი არ იყო, ეს იყო მუდმივი, სამუდამო განცდა, სინანულის უდიდესი გამოვლინება, რასაც უდიდესი გულისტკივილი და წრფელი, უმანკო ცრემლები ახლავს თან და მიხვდა, რომ უფლებაც კი არა აქვს, უფალს რაიმე სთხოვოს. ახსენდებოდა თავისი ცოდვები და გამუდმებით ტიროდა. შეწყალებას და შენდობას ევედრებოდა ღმერთს. უყურებდა მომაკვდავი დედის ტანჯვას, ტკივილს, ბრძოლას სიკვდილთან და თავის უღმერთობას და ცოდვებს აბრალებდა ყველაფერს. ახსენდებოდა, რამდენჯერ ატკინა დედას გული, რამდენი სითბო დააკლო, ყურადღება, სიყვარული. არადა, დედას, განა, რა უნდოდა? მხოლოდ ღიმილი, მხოლოდ სულ მცირე, სულ პაწაწინა ყურადღება, სულ მცირე სითბო და სიყვარული. შეგრძნება იმისა, რომ ტყუილად არ უცხოვრია ამ ქვეყანაზე, ტყუილად არ გაუზრდია შვილი, რომ შეუძლია, იამაყოს მისით. მისი სიხარულით გაიხაროს, მის ბედნიერებაზე იოცნებოს, თორემ თვითონ ყველაფერს აიტანს. ცივ ქვაზე იცხოვრებს და შვილს ცრემლს არ დაანახებს. ხშირად, საერთოდ არც შეაწუხებს თავის გახსენებით, რომ ზედმეტად არ დაამძიმოს, გული არ ატკინოს. თავის გასაჭირს  
როგორმე თვითონ გადაიტანს. უფალს გაანდობს, ის გაუგებს. აბა, შვილს როგორ მოსთხოვს რაიმეს? პირიქით, უნდა აჩვენოს, რომ ბედნიერია, რომ არაფერი აწუხებს, ყველაფრით კმაყოფილია და არაფერი უნდა შვილის ბედნიერების და სიკეთის მეტი. გაზულუქებული და დაბრმავებული შვილიც დამსახურებად იღებს ამას და ჰგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. თუ დედას არ შია და არ სცივა, ეს საკმარისია. რა საჭიროა მის სულში ჩახედვა, მის დარდსა და ტკივილზე ფიქრი?
"ვისაც დედისთვის სიცოცხლეში ერთი ყვავილი არ უჩუქებია, მის საფლავზე მიტანილ მილიონ თაიგულსაც კი არავითარი ფასი არა აქვს".
ხვდებოდა ამას, მაგრამ გვიან იყო, ძალიან გვიან...

მართლაც, გასაოცარია გზანი და ზრახვანი უფლისანი. ჩვენ მხოლოდ შედეგს ვხედავთ და გვიკვირს, რა საოცარი და განსხვავებული გზებით ცდილობს ღმერთი ადამიანთა დახმარებას, სწორ გზაზე დაყენებას, თვალების ახელას, გულის და გონების გასუფთავებას.
ასეა თუ ისე, ჩვენი გმირიც თითქოს მოეგო გონს და რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრება. უფლის და ადამიანების სიყვარული უძლიერდებოდა გულში და ეკლესიას და მოძღვარს მიანდო საკუთარი სული. როგორც უდაბნოში დიდი ხნის მოწყურებული ნაკადულს - ისე დაეწაფა საღვთო სწავლებას და მთელი თავის ძალა, გონება და სურვილები ამისკენ მიმართა. ხვდებოდა, რომ თოთო იყო ჯერ რწმენაში და ასე ერთბაშად ვერ მოერეოდა ამ უზარმაზარ შემეცნებას, ჭეშმარიტებას. პატარა კოვზით უნდა დაეწყო საზრდოობა და ასეც მოიქცა. სწორედ ამის მერე შეიგრძნო და გაითავისა, თუ რა ძალა აქვს ჭეშმარიტ ლოცვას, მარხვას, სინანულს, რა უზარმაზარი ძალის პატრონია ჭეშმარიტი მოძღვარი და რამხელა სიყვარულს გინერგავს უფლისას. როგორც იქნა, ჩასწვდა ჭეშმარიტი სიყვარულის აზრს და ეხლა ისიც კი უკვირდა, აქამდე ასეთი უგუნური, ბრმა და ყრუ როგორ ვიყავიო. 
ახლა მხოლოდ სწორად სიარული იყო საჭირო. დიახ, ჯერ სიარული უნდა ესწავლა, შემდეგ ადამიანად ქცეულიყო და, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებდა, იქნებ უფალს შეეწყნარებინა ეს უბადრუკი არარაობა, მატლსა და ქვეწარმავალზე უარესი არსება, როგორც თვითონ თვლიდა თავს. იმათ ცოდვები მაინც არა აქვთო – ფიქრობდა. ამაში კი ისევ და ისევ მოძღვრები ეხმარებოდნენ. კითხულობდა მათ წიგნებს, უსმენდა მათ ქადაგებებს და ისეთი ძალით შეუყვარდა ეს საოცარი, ღვთივკურთხეული ადამიანები, რომ უნდოდა, ფეხები ეკოცნა მათთვის, გულში ჩაკვროდა და არასოდეს გაეშვა ხელი.
უკვე დიდი ხანია, ერთი ჩუმი და გამოუთქმელი ოცნება უტანჯავდა სულს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ უფლისკენ იბრუნებდა პირს, მრავალი წლის მანძილზე.
სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანთა დახმარება უყვარდა და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, ხშირად პატივმოყვარულსაც კი. არაფერი ასე ძალიან არ სიამოვნებდა. ეს ასე იყო და ამას ვერსად გაექცეოდა. არც კი დაფიქრდებოდა, ცდილობდა, შემთხვევა არ გაეშვა ხელიდან და თუნდაც სულ უცხო ადამიანი ყოფილიყო, თავს არ დაიზოგავდა, ოღონდ ვინმეს რამეში გამოდგომოდა. თავისი საყვარელი ადამიანები ავიწყდებოდა ხოლმე, თორემ სხვას თან გადაყვებოდა, გინდა მეგობარი ყოფილიყო და გინდა საერთოდ უცნობი. იცოდა, რომ ეს უდიდესი მადლი იყო, მაგრამ თავად ჰქონდა ამის მოთხოვნილება და, თუ ეს გამოსდიოდა, ძალიან ბედნიერი იყო ამით. ეს ხომ უფალსაც მოსწონდა, ასე ფიქრობდა.
ხოდა, დიდი ხანია, ერთი ოცნება აეკვიატა და ვერაფრით თავიდან ვერ იშორებდა. ძალიან უნდოდა, ისეთი ნიჭი ჰქონოდა, ისეთი ენერგია, ისეთი ღვთიური მადლი, სნეული და გაჭირვებული ადამიანების დახმარება შეძლებოდა. დაწვებოდა და დიდხანს რომ ვერ იძინებდა, ოცნებას მიეცემოდა ხოლმე. ფიქრობდა, როგორ არჩენდა ტკივილისგან შეწუხებულ ადამიანებს,,დავარდნილებს როგორ აყენებდა ფეხზე. მდიდრებს როგორ ართმევდა გასამრჯელოს და გაჭირვებულებს ურიგებდა. ხედავდა გახარებული ადამიანების ცრემლებს და ჟრუანტელი უვლიდა, ისე სიამოვნებდა. წარმოიდგენდა, როგორ  
დაიღლებოდა ხოლმე, ისე, მუხლები რომ ეკეცება დაღლისაგან, მაგრამ როგორი სიამოვნებით მიიღებდა და მოარჩენდა შემდეგ მსურველს.
ასეთი ადამიანები სინამდვილეში ხომ არსებობენ და, როცა მათზე რამეს გაიგებდა ხოლმე,საშინლად შურდა–რა ბედნიერები არიანო.
ხანდახან იმასაც წარმოიდგენდა, როგორ დადიოდა ქუჩა-ქუჩა და სადაც დავარდნილ და სნეულ ადამიანს იპოვნიდა, როგორ არჩენდა ისე, რომ მისი არც სახელი და არც გვარი სცოდნოდათ. რომ ეს უფლის ნება ჰგონებოდათ და მისთვის ეცათ თაყვანი. ფიქრობდა, რამდენ ადამიანს შეაყვარებდა ღმერთს და რაოდენ სათნო იქნებოდა ეს ყველაფერი უფლისთვის.
მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებად რჩებოდა. ნატვრაც კი არ იყო, მხოლოდ - ოცნება. კარგად ესმოდა, რომ ეს უდიდესი მკრეხელობა იყო და იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ უფლისთვის ასეთი რამ ეთხოვა. ამას ხომ მხოლოდ წმინდანები აკეთებდნენ და როგორ გაბედავდა, ღმერთისთვის ეთხოვა, წმინდანი გამხადეო. ეს ისე, თავისთვის, ჩუმად ოცნებობდა და ასეთი ფიქრებით ბევრჯერ ტკბილადაც დაუძინია. მისთვის ესეც საკმარისი იყო, ფიქრს ხომ ვერავინ დაუშლიდა? თქმით კი არავის ეუბნებოდა, თვით ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანებსაც კი. ეს მისი საიდუმლო იყო, საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცოდა და მეტმა არავინ. ოცნება, რომელიც არასოდეს ახდებოდა.
მაგრამ გამოჩნდა მაინც ერთი ადამიანი, თუ ადამიანი იყო საერთოდ, ვისაც ბოლოს მაინც გაანდო თავისი გულის ნადები.
ბოლო დროს, ერთი უმშვენიერესი უფლის ანგელოზი ეცხადებოდა ულამაზესი ქალის სახით და ყოველ საღამოს ესაუბრებოდა. ხშირად ეჭვიც კი შეჰპარვია, საერთოდ, თუ არსებობდა ეს ადამიანი და მხოლოდ ანგელოზი ხომ არ იყო? მისი საოცარი უნარი აოცებდა სიყვარულისა. სიყვარულისა უფლის და ადამიანების მიმართ. ისეთი სათნო და საყვარელი იყო და თანაც ისეთი უცნაურიც, რომ ადამიანებს მისი არ ესმოდათ და მასაც ხშირად უჭირდა მათ საქციელში ჩაწვდომა. ამიტომაც ეპარებოდა ეჭვი. არადა, ადამიანი იყო, ჩვეულებრივი ტანით, ფეხით, საუბრით, ცხოვრებით. მაგრამ მაინც არ იყო მთლად ადამიანი. აი, ასეთ, გაურკვეველ არსებასთან  
ჰქონდა საქმე, ადამიან-ანგელოზთან და ისიც კარგად იცოდა, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ანგელოზი მას უფალმა გამოუგზავნა და თან ისეთი სიყვარული დაამადლა, აქამდე რომ არასოდეს განუცდია. თავდაპირველად ეგონა ეს ჩვეულებრივი, ლამაზი ქალის მიმართ სიყვარული იყო და ცოტა შეეშინდა კიდეც, არ უნდოდა ხორციელ ვნებებში გადავარდნილიყო, მაგრამ სულ მალე შეიგრძნო, რომ ეს სულ სხვა რამ იყო, უფრო ამაღლებული და დიდებული. სუფთა, არამიწიერი, ფიზიკურ ვნებებთან და ზრახვებთან რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა. საოცარი, ზღაპრული სამყარო გაეხსნა სიყვარულისა და მიხვდა, რომ ეს იყო სულ ციცქნა, პატარა მარცვალი სიყვარულისა, იმ უზარმაზარი და შეუცნობელი სიყვარულისა, რასაც ღმერთი ჰქვია. უზომოდ ბედნიერი იყო და სულ ამ სიყვარულზე სურდა ფერიასთან ესაუბრა, როგორც თვითონ ეძახდა, მაგრამ გაბრუებული და სიყვარულისგან სულის და სხეულის ყოველუჯრედგაჟღენთილი ამას ყოველთვის ვერ ახერხებდა, რადგან ფერია უზენაესი ღვთაების საიდუმლობებს მცირე დოზით აზიარებდა და ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. მართალია, ყოველთვის ვერ წვდებოდა ფერიას იგავებით ნათქვამ ფრაზებს, მაგრამ წინსვლა აშკარა იყო და ხშირად ტირილიც კი მონდომებია იმის გამო, რომ უფალმა ასეთი პატივი დასდო და ეს მშვენიერი ფერია-ანგელოზი გამოუგზავნა. ფერიამ ისიც უთხრა, რომ მარტო ადამიანი არ იყო და აწი თუ დაბინდებული გონება ოდნავ მაინც უჭრიდა, დანარჩენს თვითონ უნდა მიმხვდარიყო.ფერია ყველაფერს ვერ ეტყოდა, არ ჰქონდა უფლისგან ამის ნება მიცემული.
თავიდან ეს ყველაფერი ბოროტისგანაც კი ეგონა. ფიქრობდა, რადგან უფლის გზაზე შევდექი, ეშმაკეული მცდისო. ამას იმიტომ ფიქრობდა, რომ საშინელ ფიზიკურ ლტოლვასაც გრძნობდა ფერიას მიმართ და ეგონა, მისი დაღუპვა უნდოდა.
მაგრამ მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. მთელი არსებით, გრძნობით, სხეულით, გონებით ფერიას მიენდო და ის საიდუმლოც გაუმხილა, რომელსაც მხოლოდ უფალს ანდობდა. ახლა მისთვის ფერია, ანუ ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზი, როგორც თვლიდა და სჯეროდა, მისთვის უფალთან ასოცირდებოდა და ერთ განუყოფელს წარმოადგენდა. 
გრძნობდა, რომ მის ცოვრებაში რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო – გამოუცნობი, ჯერარგანცდილი, ზებუნებრივი, ღვთიური და მოთმინებით ელოდა.
ალბათ, არ მიწყენთ, თუ ვერ გადმოგცემთ მისი და ფერიას საუბრების შინაარსს. ეს უდიდესი საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ უფლის ნებით ცხადდება სხვათათვის და, მოდით, ნუ ჩავერევით ამ საოცარ და არაადამიანური სიყვარულით გაჯერებულ ურთიერთობაში, რომელსაც, ნუ მიწყენთ და, უბრალო, მოკვდავი ადამიანები ვერ გაიგებენ.
ფერიას ისიც გაანდო, რაც თქვენთვისაც ჯერ არ მითქვამს, ჩემო ძვირფასებო.
საქმე იმაშია, რომ მრავალი წლის წინ ჰქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ღვთის მადლით და მოწყალებით ეს ნიჭი გამოავლინა.
როდესაც საკუთარ შვილს საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა, რომელიც ვერც წამლით და ვერც ნემსებით ვერ გაუყუჩეს, სასოწარკვეთილმა და გატანჯულმა უკიდურეს ხერხს მიმართა. გაიხსენა უფლის სიტყვები მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაზე ნათქვამი და გადაწყვიტა, თავის თავზე გამოეცადა. როდესაც მარტო დარჩა შვილის ოთახში, არაადამიანურ ენერგიას, რწმენას, სიყვარულს მოუყარა თავის სხეულში თავი და ბავშვის თავისკენ გააპარა ხელები. ოდნავ მოშორებით, ისე, რომ არც კი შეხებია, ხელები თავთან მიუტანა და დარწმუნებით უთხრა: მე ეხლა შენს ტკივილებს გამოვიტან და შენ აღარ იკვნესებ. შენი ტანჯვა დამთავრდება და მშვიდად დაიძინებ.
არასოდეს, არაფერი ისე არ დაუჯერებია თავის ცხოვრებაში, როგორც ეს სიტყვები დაიჯერა. ირწმუნა და, რომ არ ასრულებულიყო, ძალიან გაუკვირდებოდა და იმას უფრო არ დაიჯერებდა.
ბავშვმა უეცრად კვნესა შეწყვიტა და მშვიდად დაიძინა. არა, არ ეჩვენებოდა. სუნთქვა თანაბარი იყო, უშფოთველი, წყნარი. ზუსტად ისეთი, როგორითაც ჩვენს პატარებს საერთოდ სძინავთ ხოლმე, როდესაც ჩუმად, სიყვარულით შევცქერით და ვტბებით, როგორი ლამაზები არიან ძილის დროსაც. 
ვერ გეტყვით,  ეს რა იყო. თვითონაც არ იცოდა. ეს იყო გამწარებული მამის უკანასკნელი გაბრძოლება ტანჯვასთან, უკანასკნელი იმედი თუ უკანასკნელი საშუალება ბოროტის დამარცხებისა და უფლის სიყვარულის და რწმენის გამარჯვებისა საკუთარ სულში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ეს მოხდა.
შემდეგ, როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, ეს ყველაფერი შემთხვევითობას დააბრალა, დამთხვევას და ისევ დაკარგა ის რუდუნებით და სასოწარკვეთილი ბრძოლით მოპოვებული რწმენა, როგორც შეიძინა. იქ სადღაც, შორს, გულში, შეიძლება ფიქრობდა კიდეც, რომ ეს უფლისგან მიეცა, მაგრამ მაინც არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ შეეძლო. განა, უფალი ასეთ ცოდვილ და უბადრუკ არსებას ამის ძალას მომცემდაო? - ფიქრობდა და ერთხელაც არ გახსენებია უფლისთვის სამადლობელი მიანც ეთქვა, რითაც, ალბათ, ვინ იცის, როგორ განარისხა. არა, ადამიანის უმადურებას საზღვარი არა აქვს. გულში ჩაიმარხა ყველაფერი და ისეთი ბოქლომი დაადო, ვერავინ შიგ ვერც ჩაიხედავდა და ვერც გაიგებდა.
აი, ეს გაანდო ფერიას და ცოტა შვებაც იგრძნო, რომ ის ამპარტავნების თუ ზედმეტად თავდაჯერებულობის გულში მიმალული საიდუმლო ამოიღო და უსაყვარლეს და უძვირფასეს არსებას დაუდო წინ.
თავს აღარ შეგაწყენთ და სულ მალე დავასრულებ.
გავიდა ცოტაოდენი დრო და ფერია კვლავ გამოეცხადა მთელი თავისი მშვენიერებით და სილამაზით. ამჯერად აღარ მალავდა თავის სიდიადეს და მის თვალწინ წარმოსდგა ნამდვილი ანგელოზი უფლისა, რომელიც ადამიანს აღარ გავდა და რომლის ბრწყინვალება და ღვთაებრივი სილამაზე თვალს მოგჭრიდათ.
-მე შენ ყველაფერი გადმოგეცი, რაც უფლისგან მქონდა დავალებული. მე შენ მოგამზადე, გაგაძლიერე, უფალში შეგიყვანე და ამით ჩემი ღვთისგან მოცემული დავალება შევასრულე ,- უთხრა ფერიამ - და ახლა, როცა ჩემი მისია დასასრულს მიუახლოვდა, მინდა გითხრა, რომ უფალი მზად არის, შენი ყველაზე სანუკვარი ოცნება აგისრულოს. ეს იქნება გარიგება შენსა და უფალს შორის. არა, ეს არ იქნება მოთხოვნა, რომ შენ ღვთის სახელი ადიდო და განავრცო ურწმუნო ადამიანებში, ეს თავისთავად. ეს იქნება ნამდვილი გარიგება -სიყვარული  
სიყვარულის წილ, მსხვერპლი მსხვერპლის წილ, ერთგულება ერთგულების წილ.
-ვერ გავიგე, ფერია, ეს რას ნიშნავს?
-ეს ნიშნავს, რომ შენ ამ მადლის გამო, რომელსაც უფალი დაუმსახურებლად გაძლევს შენდამი თავისი უზომო სიყვარულის და ერთგულების გამო, გაიღებს რა ამ მსხვერპლს, შენც უნდა იყო მზად, შენთვის ყველაზე ძვირფასი რამ დათმო.
დაღონდა, იფიქრა ახლა დამთავრდა ჩემი ცხოვრებაო. ცრემლები მოაწვა, საცოდავი თვალებით შეხედა ფერიას.
ფერიამ გაუღიმა:
-არა, შენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს არ გთხოვს ღმერთი. დაწყნარდი. ეს მხოლოდ შენ გეხება და, ნუთუ, გეგონა, უფალი უდანაშაულო ადამიანებს ავნებდა?
შენი თვალის სინათლე უნდა გაიღო. ეს არის ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია შენს სხეულში, ხომ ასეა?
მართლაც ასე იყო. რამდენჯერ უფიქრია და უნატრია, ოღონდ თვალის ჩინი ნუ წამერთმევა და თუნდაც, სულ დავსახიჩრდე, ამას ავიტანო. ყოველთვის ასე მიაჩნდა, რომ ყველა განსაცდელს შეეგუებოდა, სიბრმავის გარდა.
და აი, მართლაც უფალი ითხოვს ყველაზე ძვირფასს მისთვის – თვალის სინათლეს.
-იფიქრე, – განაგრძო ფერიამ. ეს არ არის მოთხოვნა. შენ შეგიძლია, გარიგება ან მიიღო, ან - არა. თუ უარს იტყვი, ამით არც არაფერი დაგიშავდება და არც ოცნება აგისრულდება. მაგრამ თუ დათანხმდები, ფასი უკვე იცი.
ფერიას დატოვებაც არ აცალა, მყისვე მიიღო გადაწყვეტილება. ვერასოდეს ვერ იფიქრებდა, თუ ამ ოცნებას ოდესმე შესრულება ეწერა და ახლა, როცა უფალმა, მართლაც, დაუმსახურებლად შესთავაზა ამხელა მადლი და სანაცვლოდ ასეთი მცირე რამ სთხოვა, რაოდენ უზარმაზარი უგუნურება იქნებოდა, უარი ეთქვა. სიცოცხლე არ  
ენანებოდა, ოღონდ უფალს რამე მოეთხოვა და თვალის ჩინი რა სალაპარაკო იყო?!
უყოყმანოდ მისცა თანხმობა და მადლიერების და სიყვარულის გრძნობისგან ერთიანად აკანკალებული და ბედნიერი, ფერიას ფეხებთან დაემხო და ატირდა.
გარიგება შედგა.
აქ დავასრულებ თხრობას ჩემო, ერთგულო მკითხველო. უფალი რომ ასეთი სასტიკი და მკაცრი არ მოგეჩვენოთ, ნება გაქვთ, თქვენი ვერსია დაურთოთ და ისე დაასრულოთ ეს ისტორია. ამბავი მოგონილია და უფლება გაქვთ, არ დაიჯეროთ, რაც მოისმინეთ.
იყო ეს გამოცდა უფლის მხრიდან, იყო მომზადება, რწმენაში განმტკიცება თუ მართლაც მსხვერპლის მოთხოვნა, განსჯა თქვენთვის მომინდია. ერთს შეგახსენებთ მხოლოდ:
უფალი სიყვარულია – უზარმაზარი, წარმოუდგენელი სიყვარული და ვერასოდეს ვერც ერთმა კაცმა დედამიწაზე ვერ შეიცნოს ზრახვანი მისი.
ღვთის ძალა და მადლი გფარავდეთ მუდამ!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი