ეჭვიანი გიჟი


სკამზე ჩამოჯდა და მესამე სიგარეტს მოუკიდა. ხარბად ისრუტავდა კვამლს და ფიქრობდა:
-არა, ამის მოთმენა აღარ შეიძლება. რამდენჯერ უნდა მიღალატოს? რამდენი რქა უნდა დამადგას თავზე? მაგას ჰგონია, ვერაფერს ვერ ვხვდები, ვერ ვხედავ, ან ვერ ვგრძნობ.
არა, გენაცვალე, ყველაფერს კარგად ვხედავ. შენ გგონია, ვერ ვხვდები, რომ ყოველ მეორე დღეს მღალატობ?
იმ დღეს, სახლში რომ მოვედი და მაღაზიაში გამაგდე, პური არ გვაქვსო. თავად კი საკინძეშეხსნილი და სახეალეწილი, ახალნაფერები ალბათ, ერთი სული გქონდა, როდის გააპარებდი შენს საყვარელს, არა?
ან ხომ არ გგონია, ის დამავიწყდა, შიგნიდან რომ ჩამიკეტე კარი და დიდხანს არ მიშვებდი სახლში, აბაზანაში ვიყავიო, შემდეგ კი პერანგიანმა გამიღე კარი და ერთი წვეთი სისველეც არ გქონდა სხეულზე. ვინ იცის, ფანჯრიდან გააპარე ვაჟბატონი.
შენ გგონია, რომ აგვიანებ ხოლმე სახლში და შემდეგ სიგარეტის, სასმელის და კაცის სუნამოს სუნი გიდის, არ ვიცი, სად იყავი და ვის ლოგინში გორაობდი? ან სხვადასხვა კაცები რომ გაცილებენ ხოლმე მანქანით სახლში,ზოგს რომ თანამშრომელს ეძახი და ზოგს სკოლის მეგობარს? შენ გგონია, ვერაფერს ვხვდები ვინ არიან? აქამდე რომ ვითმენდი და ხმას არ ვიღებდი, გეგონა არაფერი ვიცოდი, ხომ?
მეზობლის ქალები ამრეზით და დაცინვით მიყურებენ. ალბათ, ფიქრობენ - ეს რა კაცია, ცოლისთვის ვერ მიუხედავსო. კაცები ისე მიყურებენ, გასაცოდავებულ და გაუბედურებულ მაწანწალას რომ შეხედავენ ხოლმე ადამიანები.
აღარ მინდა ასე ცხოვრება, მეყოფა რაც ვითმინე. არ გავახარებ, მოვკლავ, დავკუწავ, - ცხარობდა კაცი და მეოთხე სიგარეტს უკიდებდა. 
ისე უნდა გავამწარო, როგორც თვითონ გამამწარა.
დანით მოვკლა? - არა,არ ივარგებს. ბევრი სისხლი დაიღვრება და არ მიყვარს სისხლი.
თოკით დავახრჩო? - არა, არც ეს ივარგებს, უცებ ვერ მოვკლავ და ბრძოლა და ჭიდაობა კი სულ არ მინდა.
იქნებ საწამლავი გამოვიყენო? - მაგრამ ვინ მომცემს მე ასეთ საწამლავს, აფთიაქში ხომ ვერ ვიყიდი, ცოლი უნდა მოვკლა-მეთქი? - არა, არც ეს ვარგა.
”იარაღი!” - გაუნათდა გონება და სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა. იარაღს დავადებ და შუბლს გავუხვრიტავ. გავაგზავნი ჯოჯოხეთში და იქ მიღალატოს მერე.
მტკიცედ გადაწყვიტა. იცოდა,რომ დიდი ცოდვა იყო მკვლელობა, მაგრამ იმდენად დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ აიღებდა ამ ცოდვას თავზე, ოღონდ იმ საშინელი გრძნობისგან გათავისუფლებულიყო, ეჭვი რომ ერქვა.
კიდევ ერთხელ და კიდევ ათასჯერ აწონ-დაწონა ყველაფერი, ყოველი დეტალი გააანალიზა. გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც გაითვალისწინა და ერთის მაგივრად მკვლელობის სამი გეგმა შეიმუშავა. არათუ შეიმუშავა, სქემებიც კი დახაზა, სად და როგორ უნდა მოეკლა მოღალატე ცოლი. მთავარია, მიზანი შეესრულებინა და მერე გინდაც დაეჭირათ. პირიქით, მოხარულიც იქნებოდა, რომ მთელ ქვეყანას დაანახებდა, როგორ დასაჯა ადამიანი, რომელმაც ღირსება აჰყარა და ასეთი დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. საქვეყნოდ გამოაჭენა და შეარცხვინა.
იარაღი უცებ შეიძინა, არ დასჭირვებია ბევრი ძებნა. შენ ფული თქვი, თორემ რას არ იშოვი ამ გაუბედურებულ და გაოხრებულ ქვეყანაზე?
ბარში შევიდა. რამდენიმე ჭიქა გადაჰკრა მხნეობისთვის და კიდევ ერთხელ, ახლა უკვე უკანასკნელად,  ყოველი მოქმედება თავში კიდევ ერთხელ გადააანალიზა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი ზუსტად შეიმუშავა. არათუ მოქმედება, ყოველი სიტყვაც კი აწონილი ჰქონდა. რას ეტყოდა მკვლელობის წინ, როგორ დასცინებდა, როგორ  
გაასწორებდა მიწასთან. ყველაფერს მიახლიდა, რასაც გულში ფიქრობდა. წარმოიდგინა მისი შეშინებული და სასოწარკვეთილი თვალები, მუდარით და სინანულით სავსე სიტყვები, რასაც ეტყოდა სიკვდილის წინ, როგორ დაეცემოდა მუხლებზე და სთხოვდა პატიებას. ფეხებს დაუკოცნიდა, ცრემლებით დაულბობდა, თმებს დაიწიწკნიდა, სახეს ჩამოიხოკავდა, მკერდში მჯიღის ცემით შეევედრებოდა პატიებას და ათას პირობას მისცემდა სიყვარულის, ერთგულებისა და ათასი სხვა სისულელისას. ის კი შეუვალი იქნებოდა, დაუნდობელი. რა თქმა უნდა, არ დაიჯერებდა მის მუხანათურ შეპირებებს. ახლა დაანახებდა, როგორ უნდა დამცირება, ტალახში ამოსვრა და აბუჩად აგდება. დაე, თავისი სიცოცხლით ზღოს ყოველივე, რაც ჩაიდინა. ის ამას იმსახურებს. თვითონ კი წავა ციხეში და დამშვიდებული და დაწმენდილი ღირსებით მოიხდის სასჯელს.
აი, შეუდგა კიდეც გეგმის აღსრულებას.
საკმაოდ გვიანი ღამე იყო უკვე და უნდა ძინებოდა. მშვიდად და აუღელვებლად მიუახლოვდა სახლს. გასაღები ამოიღო და კარი ისე ჩუმად გააღო, ყველაზე დახელოვნებულ ”დომუშნიკსაც” კი შეშურდებოდა. ფეხის წვერებზე შეიპარა საძინებელ ოთახში და...
საწოლს მიუახლოვდა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მხოლოდ მაშინღა დაფიქრდა და გაოცებული თვალებით ცარიელ ლოგინს დააჩერდა:
–კი, მაგრამ, მე რომ ცოლი არ მყავს?...
                                                                   ***
მერე კი... მერე ექიმმა ხელი მოკიდა და თავის პალატაში წაიყვანა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი