კაფანდარა
ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღე გათენებულიყო, მშვიდი და უღრუბლო. ავტობუსს სტუდენტების ჯგუფი შემოხვეოდა. საოცრად ლამაზები იყვნენ - ახალგაზრდები, ჯანმრთელები, მხიარულები. უხაროდათ ექსკურსიაზე წასვლა. ლამაზ, ისტორიულ ადგილებს ნახავდნენ, გაერთობოდნენ, იმხიარულებდნენ... მისრიალებდა ავტობუსი მზიანი ცის ქვეშ და მიაქროლებდა ახალგაზრდების უდარდელ და სიცოცხლით სავსე ჟრიამულს. მღეროდნენ, თამაშობდნენ, იცინოდნენ - უბრალოდ ბედნიერები იყვნენ ერთად ყოფნით. საოცარი სისწრაფით ჩაუარეს გვერდზე ლამაზი, მოხდენილი მანქანით სახეგაბრწყინებულმა ახალგაზრდებმა, ხელის ქნევით და შეძახილებით მოესალმნენ და გააქროლეს წინ, უსასრულო ჰორიზონტისკენ. ცოტა ზედმეტად სწრაფად კი მიქროდნენ, მაგრამ, არა უშავს, მთავარია ბედნიერები იყვნენ. მხოლოდ იმის დანახვაღა მოასწრეს, რომ ორი გოგონა და ერთი ვაჟი ისხდნენ მანქანაში. მათი სიცილ-კისკისი ჯერ კიდევ აქ იყო, თუმცა თვითონ უკვე თვალს მიფარებოდნენ... მზემ მოიწყინა და თავი დახარა... სუნი იგრძნეს - უსიამო, შემაძრწუნებელი, ავის მომასწავებელი. მალე კვამლიც დაინახეს. ყველა სახეზე ერთდროულად გაქრა ღიმილი და სასოწარკვეთილებამ დაისადგურა. გაჩერდნენ, ავტობუსიდან ჩამოვიდნენ. როცა რეალობა გაიაზრეს, შეძრწუნდნენ - სწორედ ის მანქანა იწვოდა, ასე სწრაფად რომ ჩაუქროლა სულ ცოტა ხნის წინ. ცოცხლები ჩანდნენ, შველას ითხოვდნენ. გაშეშდნენ, ვერ გაბედეს მისვლა. ცეცხლის დრაკონი მანქანას ნელ-ნელა ყლაპავდა. ალი საწვავის ავზს უახლოვდებოდა და ბოროტად ახარხარებულს, ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდა მიზანს. გაოგნებულები და დამფრთხალნი შესცქეროდნენ ერთმანეთს. ვინ გაბედავდა მისვლას? – სიკვდილის ტოლფასი იყო. არც არავინ აპირებდა. თუმცა... გამოჩნდა ერთი სუსტი, კაფანდარა გოგო. სულ რომ კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა. იმდენად უხმაურო და წყნარი იყო, არც კი ახსოვდათ ხოლმე მისი არსებობა და არც განსაკუთრებით მეგობრობდნენ მასთან, უინტერესო და მოსაწყენ პიროვნებად თვლიდნენ ყოველთვის. -რას დგახართ, ჩქარა, მივეშველოთ, ცოცხლები არიან - დაიყვირა და მანქანისკენ გაიქცა. -სად გარბიხარ, გაგიჟდი? შენც დაიღუპები, გვიანია, ვერ მოვასწრებთ - მისწვდა უკნიდან თანატოლების ხმები. არ შეეპუა, მაინც მივარდა გავარვარებულ მანქანას, თითქოს დევის ძალა მიეცაო, ერთ გოგონას დაავლო ხელი და სათამაშო თოჯინასავით მანქანიდან გადმოაგდო. შემდეგ ალმოდებულ მანქანას მოაცილა და უსაფრთხო ადგილას დააწვინა. ამ დროს სხვებიც მისცვივდნენ დასახმარებლად. მობრუნდა, ისევ მანქანისკენ დააპირა წასვლა. -აღარ წახვიდე, ვერ მოასწრებ - მკლავში წაავლო ერთ-ერთმა ხელი. ისეთი თვალებით შეხედა, ადგილზე გააქვავა. ამ მზერაში იყო რაღაც მიუწვდომელი - უზარმაზარი სულისკვეთება, შემართება, თავდადება და თავგანწირვა. მიხვდა, რომ ახლა, ამ წუთას, არ არსებობდა ქვეყანაზე ძალა, რომელიც ამ პატარა გოგოს შეაჩერებდა და უხმოდ გაუშვა ხელი -აი, მეორეც მოყავს, ჩქარა,მივეშველოთ ... ისევ მიბრუნდა, უკვე მესამედ... -აღარ წახვიდე, გეხვეწებით, დაიღუპები, აფეთქდება სადაცაა, უკვე ავზს უკიდია, - ერთხელ კიდევ სცადეს მისი შეჩერება. მის თვალებში შიში არ ჩანდა, უფრო ვედრება, სასოწარკვეთილი ვედრება, რომ მოესწრო, ოღონდ მოესწრო და გადაერჩინა მესამე სიცოცხლეც. - იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო, რომ მოკვდე, არამედ იმისთვის უნდა მოკვდე, რომ იცოცხლო! - ესღა მოაძახა, პირჯვარი გადაისახა და კვამლსა და სიკვდილთან ბრძოლაში ერთიანად გამურული და დასისხლიანებული მანქანას მივარდა და გონდაკარგულ ზორბა ტანის ჭაბუკს ჩაეჭიდა. გაუჭირდა, ვეღარ დაძრა. ძალა გამოელია. თვალებში იმედგაცრუების ცრემლები ჩაუდგა. მაინც არ დანებდა, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და..... სასწაული აღარ მოხდა. აფეთქების ხმამ და ცაში აჭრილმა ცეცხლმა ერთიანად შეძრა და ააქვითინა დედამიწა და ადამიანთა გულები. წავიდა, გაქრა, მარადისობას შეუერთდა პატარა გოგოს უხმაურო სიცოცხლე. აზვირთდა, აელვარდა და აკაშკაშდა მისი თავგანწირული გმირობა და განეშორა უამრავ განცვიფრებულ და გაოცებულ თანატოლთა სახეებს. ერთმანეთში აირია სირცხვილის, დანაშაულის, სინანულის და უზარმაზარი ტკივილის გრძნობა, უსუსურობის და არარაობის განცდა, ცოტა შურიც რომ ახლდა თან... და ცრემლი, უამრავი ცრემლი, ცრემლი, ცრემლი.... „იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო, რომ მოკვდე, არამედ იმისთვის უნდა მოკვდე, რომ იცოცხლო“ – ჩაესმოდათ ყურში ეს სიტყვები და გაოგნებულებს ვერ გაეგოთ, რისი თქმა უნდოდა ამით უეცრად, ერთ წამში გმირად ქცეულ ამ პატარა, „შეუმჩნეველ და უინტერესო“, უფლის კალთაში მოულოდნელად ჩაგორებულ გოგონას. რა გვიანია ზოგჯერ სინანული, როდესაც, უეცრად, ერთ წამში უნდა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება; როდესაც მიხვდები, რომ ეს წამი აღარ დაბრუნდება და საუკუნოდ გექცევა სანანებლად. ხშირად, დიდებული ადამიანები ჩვენს ირგვლივ არიან, მაგრამ ჩვენი ამპარტავნების და მედიდურობის გამო ვერ ვამჩნევთ მათ. შემდეგ კი მათზე ლეგენდები იქმნება. ზოგჯერ სუსტი და ნაზი არსება ბევრად უფრო ვაჟკაცია, ვიდრე დევივით ჩამოსხმული კუნთმაგარი გოლიათი. "ეძიებდეთო ქრისტესთვის სიკვდილს..." მე კი მოყვასისთვის სიკვდილი სწორედ ქრისტესთვის სიკვდილი მგონია... შეგონება: ნუ მიატოვებთ განწირულ ადამიანებს. იცოდეთ, რომ ღმერთიც იქაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი