კოჭლიკა


ზაფხული თავის პირველ საათებს ითვლიდა. მზე მედიდურად ასრიალებულიყო ცაზე და უხვად აფრქვევდა თავის სითბოს და სილამაზეს.
აუ, რა კარგია, ცოტაც და დამთავრდება ეს ტანჯვა. მშვიდობით, სკოლავ, და გამარჯობა, ახალო ცხოვრებავ, - მიდიოდა, ფიქრობდა და სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდა. უკვე წარმოდგენილი ჰქონდა როგორ დააბიჯებდა რომელიმე ინსტიტუტის დერეფანში და ლამაზ-ლამაზ გოგონებს ათვალიერებდა აქეთ-იქიდან.
სკოლას რომ მიუახლოვდა, კლასელები დალანდა. ჯგუფად შეყრილიყნენ და რაღაცაზე დავდახრილები მსჯელობდნენ.
რას ჩამოგტირით ყურები, სწავლას გვიგრძელებენ? - გახუმრება სცადა.
-არ იცი?
-რა უნდა ვიცოდე? რა მოხდა?
-წუხელ კოჭლიკა დაიღუპა, მანქანამ გაიტანა... 
-როგორ, რანაირად? - ცრემლები მოაწვა თვალებში, მოულოდნელი ელდისგან საშინელი სიმშრალე იგრძნო პირში. ახლა, ალბათ, ერთ ბიდონ წყალს დალევდა, ისეთი წყურვილი მოეძალა.
-ქუჩაზე გადადიოდა, მანქანას მუხრუჭი გაფუჭებია. კი უსიგნალა თურმე, მაგრამ ამან თავის კოჭლობის გამო ვეღარ გაასწრო და...

***
კოჭლიკა მათი კლასელი იყო. კოჭლობის გამო ასე ეძახდა ყველა. დაცინვით, რა თქმა უნდა. გარიყული იყო ყველასგან. აბა, ვის რაში სჭირდებოდა, ფეხბურთს ეს ვერ თამაშობდა და ცეკვით ვერ ცეკვავდა. სახელიც კი არ იცოდნენ ხეირიანად. მასწავლებლები გვარით მიმართავდნენ და თვითონ ხმას არ ამოიღებდა ზედმეტად.  
მხედველობაც აწუხებდა, სათვალეები ეკეთა და ზოგი ბრუციანსაც მიაყოლებდა ხოლმე.
გაახსენდა, როგორ იგდებდნენ აბუჩად, როგორ ამასხარავებდნენ. რამდენჯერ ცრემლი შეუნიშნავს მის თვალში, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. “არ ჯობს, იყო კუზიანი,ვიდრე კოჭლი, ბრუციანი?“ ეუბნებოდა ხოლმე და აცინებდა ირგვლივ მყოფებს. მაშინ გოგონების თვალწინ იწონებდა თავს. ნახეთ, რა ენაკვიმატი ვარ, როგორ მოსწრებულად ვამასხარავებო. ისიც უხმოდ იტანდა და უკვე ისე მიეჩვია, იღიმებოდა კიდეც, როცა დასცინოდნენ. წლები ისე გადიოდა, უკვე ჩვეულებად ექცა ყველასგან კოჭლიკას და ბრუციანის ძახილი. იცოდნენ, არ სწყინდა. უკვე დიდებიც იყვნენ, ამდენი წელი ერთად მოდიოდნენ და აბა, რაღა იყო საწყენი. ასე თვითონ ფიქრობდნენ, თორემ არავის თავში აზრადაც არ მოსვლია, ერთხელ მაინც ეკითხათ –ხომ არა გწყინს, ასე რომ გეძახითო. ასე იყო თუ ისე, აწი ვეღარც კითხავდნენ ვერასოდეს, ცოცხალი აღარ იყო კაცი და...
სახლში დამძიმებული მივიდა. მეგობრად არასოდეს თვლიდა, მაგრამ სიკვდილისთვის მაინც შეეცოდა და დაენანა. ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, გულშიც ჩაიკრავდა და სახელს დაუძახებდა. გაიხსენა ის წლები, რაც ერთად გაუტარებიათ სკოლაში და გაოცდა –ვერავინ გაიხსენებდა მისგან ზედმეტ სიტყვას, წყენას, უგულო მიმართვას. პირიქით - მათემატიკაში იყო ძლიერი და ვისაც დასჭირდებოდა, ყველას ეხმარებოდა. მთელი კლასის საკონტროლოს მარტო აკეთებდა და ხშირად თავისას ვერც ასწრებდა. ისიც გაიხსენა, მეშვიდე კლასში გოგო რომ უყვარდა და კოჭლიკაზე იეჭვიანა. თავზე მძიმედ წამოარტყა და იმ გოგოსკენ აღარ გაიხედო, თორემ დაგინაყავ ცხვირ-პირსო , - დაემუქრა. მოკლედ, ბევრი ასეთი და შერცხვა კიდეც, ვერაფერი გაიხსენა ისეთი, თავისი დამოკიდებულებით რომ რამე პატივისცემა გამოეხატა კოჭლიკას მიმართ და გული დასწყდა. რატომ აქამდე არასოდეს უფიქრია ამაზე.
დედამ შეატყო უხასიათობა და მიზეზი ჰკითხა:
-კლასელი დამეღუპა, დედა, კოჭლიკას ვეძახდით, წუხელ მანქანას გაუტანია. მშობლებიც არ ჰყავს. ბებიამ გაზარდა.  შენ არ იცნობ, დედა, არ მყოლია აქ არასოდეს. სკოლაში კიდევ შენ არ დადიხარ. 
-საწყალი. რა ერქვა მაინც?
-ხვიჩა ერქვა, დედა, ხვიჩა არაბული.
-რა ერქვა? - დედას ფერი წაუვიდა.
-ხვიჩა, დედა, ხვიჩა, ხომ გითხარი, რა მნიშვნელობა აქვს ახლა?
-თვალებიც ხომ არ აწუხებდა, ელდანაკრავივით წამოხტა დედა სკამიდან და უარის იმედით საცოდავად შეჰყურებდა შვილს.
-კი, აწუხებდა - გაოცებულმა შეხედა დედას, - შენ საიდან იცი?
-ვაიმე შვილო, - ამოიბღავლა დედამ და შადრევანივით წასკდა ცრემლები -  შე საცოდავო და უბედურო, საწყალო ბიჭო –სლუკუნებდა დედა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და გულში იკრავდა გაოცებისგან გაოგნებულ შვილს.
-რატომ მე არ მოვკვდი შენს ადგილზე, ჩემო საბრალო ბიჭო, -განაგრძობდა დედა მოთქმას და თავში იცემდა მუშტებს.
-დედა, გამაგებინე რა ხდება? - ამოიბღავლა შვილმა და მიაცქერდა დედას დაწითლებულ სველ თვალებში, თვითონაც ანაზდად ატირებული.
როცა ტირილისგან გული იჯერა, დაისვა უკვე დავაჟკაცებული შვილი გვერდით და უთხრა:
-მაპატიე, შვილო, დამნაშავე ვარ შენთან. დიდი ხანია მინდოდა თქმა, მაგრამ არ მინდოდა შენი ფაქიზი გულის ტკენა. ვიფიქრე, რომ წამოიზრდება, მერე ვეტყვი-მეთქი.  შენ გიფრთხილდებოდი, დამიჯერე. აუცილებლად გეტყოდი დროზე, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე მოხდებოდა ყველაფერი.
-რა, დედა, რა? გამაგებინე, რა თუ მოხდებოდა?
-ყველაფერს გეტყვი, შვილო. აწი რაღა აზრი აქვს დამალვას? –ყველაფერს თავიდან მოგიყვები, ვაი ჩემ ცოდვას – ატირდა ისევ ქალი.
ფეხმძიმედ ვიყავი, როცა „კეთილისმსურველისგან“ გავიგე, მამაშენს სხვა ქალი ჰყოლია,რომლისგანაც ასევე ბავშვს ელოდა.
-მერე? 
-მერე, რა თქმა უნდა, ერთი ამბავი ავტეხე. მეუბნებოდა,რომ ეს შემთხვევით მოუვიდა და ჩემი მიტოვება არც უფიქრია. არ დავუჯერე, სახლიდან გავაგდე. ყოველდღე სადარბაზოსთან მხვდებოდა და პატიებას მთხოვდა. მე დრო მჭირდებოდა. ვერ ვპატიობდი. თან ფეხმძიმედ ვიყავი შენზე. მერე იმ ქალმა იმშობიარა და სამწუხაროდ, მშობიარობას გადაყვა. მამაშენი ბავშვით ხელში მომადგა, მეხვეწებოდა, მიმეღო. ბავშვი რომ დავინახე, საერთოდ გონება დავკარგე. კინაღამ გავგიჟდი. დანას დავავლე ხელი – ახლა აქედან გამეცალე, თორემ ორივეს ღორებივით დაგკლავთ-მეთქი და სახლიდან გავაგდე.
დედამ ცრემლიანი თვალები მოიწმინდა, ყლუპი წყალი დალია და გააგრძელა:
-მერე გავიგე იმ ქალის საპატივცემულოდ, მისი გვარი მიუცია - არაბული. სახელად კი ხვიჩა დაურქმევია, იმ ქალის მამის სახელი.
-რაა?
-მაცალე, შვილო, გეხვეწები, დამამთავრებინე. ხოდა, ზრდიდა მამაშენი იმ ბავშვს მარტო.
-ესე იგი, კოჭლიკა ჩემი ძმა იყო? – აღმოხდა შვილს და ცრემლებისგან ლამის დამხრჩვალს სიტყვა გაუშრა ყელში.
-ხო, შვილო, ასე გამოდის, ოღონდ ეგ კიდევ ყველაფერი არაა და დამამთავრებინე, ძალიან გთხოვ, - ატირდა ისევ დედა და საცოდავად მიაჩერდა შვილს.
ცოტა რომ დაწყნარდა, ისევ გააგრძელა:
-მერე მოხდა ის, რაც შენ არ იცი. პატარაობაში ფეხის ტკივილები დაგეწყო. ძალიან გტკიოდა და სულ ტიროდი. ბოლოს სიმსივნე აღმოგაჩნდა ფეხის ძვალში და მოსაჭრელი გაგიხდებოდა, დონორი რომ არ გვეპოვა. ოღონდ მონათესავე დონორი გჭირდებოდა, უცხო სხეულს  ორგანიზმი არ მიიღებდა. ძვლის გადანერგვა იყო საჭირო. წავედი, მამაშენს ჩაუვარდი ფეხებში – მიშველე-მეთქი. არც დაფიქრებულა, გიჟივით გამოვარდა. არც ჩემი და არც მამაშენის უჯრედები შენსას არ დაემთხვა, შეუსაბამო აღმოჩნდა და ბოლოს  
უკანასკნელი იმედი დაგვრჩა –შენი ძმა. ყველაფერი დაემთხვა და გავიხარეთ, მაგრამ თითქოს ბოროტი ბედისწერა დაგვცინოდა, ოპერაცია სრულყოფილად ვერ ჩაატარეს, ხვიჩა დააინვალიდეს და სამუდამოდ დააკოჭლეს. გიჟებს ვგავდით მე და მამაშენი. მერე ამან თვალებზეც იმოქმედა და მხედველობა დაუქვეითდა. სხვა გზა აღარ იყო, საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ.
მერე მამამ ვერ გადაიტანა ეს ყველაფერი და ერთხელაც გულმა უმტყუნა.
ისევ ცრემლები... ისევ გულამოსკვნილი ტირილი და გამშრალი და გაოგნებული ბიჭი მოტირალ დედას მიჩერებული.
-მერე ბებიასთან მივედი, ბავშვის წამოყვანა მინდოდა, მაგრამ ისეთი ზიზღით გამომაგდო სახლიდან, ხმა ვერ ამოვიღე. ვიფიქრე, ჩუმად დავეხმარები და შვილივით შევიყვარებ-მეთქი, მაგრამ ეტყობა ბებიას გულმა უგრძნო და ბავშვიანად სადღაც გადაიკარგა. ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერსად მათ კვალს ვერ მივაკვლიე. ბოლოს, სასოწარკვეთილმა ჩავიქნიე ხელი და ბედს შევეგუე.
-აი,ეს არის, შვილო, სულ. ეს წლები მარტომ ვატარე ეს ტკივილი და ახლა შენც იცი, მაგრამ, ვაი რომ, უკვე ძალიან გვიანია.

ძნელია გადმოცემა იმ მდგომარეობის, რასაც დედა და შვილი განიცდიდნენ იმ მომენტში. მე მაინც ვეცდები ძალიან მოკლედ გადმოგცეთ:
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სიცოცხლე აღარ გინდა, როცა გრძნობ, გული გაგეპო უბეში და სადაცაა სისხლი ამოხეთქავს სხეულის ყოველი წერტილიდან. მარტო თვალებით კი არა, სხეულის ყოველი ნაწილაკით გინდა იტირო და იმხელა იბღავლო, რომ მთელ ქვეყანას გააგებინო, რა უბედური ხარ. სწორედ მაშინ გეუფლება ყველაზე მეტად უსუსურობის განცდა, სინანულის და მწუხარების უმაღლეს მწვერვალზე დგახარ და ყველაზე კარგად გრძნობ, რა არის სულის ტკივილი. როცა სხეულის არც ერთი ნაწილი არ გტკივა, მაგრამ ყველაზე ძალიან გტკივა ქვეყანაზე. როცა იცი, რომ ვერავინ და ვერაფერი გაგიყუჩებს ამ ტკივილს და გგონია, რომ ეს  
მდგომარეობა სამუდამოა, უსასრულო, განუკურნებელი... და აი, მაშინ ნატრობ სიკვდილს, ნანობ, რომ ცოცხალი ხარ და განიცდი ამ საშინელ წამს, რომელიც არა და არ გადის. თითქოს გაჩერდა და გეუბნება, არ წავალ, არ დაგანებებ თავს. უნდა გტკიოდეს, ძალიან უნდა გტკიოდეს და იტანჯებოდეო.
...დაბოლოს, პოულობ ერთადერთ გამოსავალს - ემხობი მუხლებზე და მთელი გულით წარმოსთქვამ: - მიშველე, ღმერთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი