როცა გული გულობს
ეს ამბავი ერთმა მეგობარმა მიამბო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ნაძალადევად და უინტერესოდ ვუსმენდი მის მონათხრობს, მაგრამ შემდეგ უფრო და უფრო გამიტაცა და გადავწყვიტე, პატარა მოთხრობის სახით გადმომეცა თქვენთვისაც. თავად განსაჯეთ, რამდენად საინტერესოა ეს ისტორია და ღირდა თუ არა მისი უყურადღებოდ დატოვება. მაშ ასე... ერთ პატარა ქალაქში ორი მეგობარი ცხოვრობდა – გია და გოჩა. ბავშვობიდან მეგობრობდნენ . ჯერ იყო და, ერთ ბაღში დადიოდნენ, შემდეგ სკოლაში ერთ მერხზე ისხდნენ, ბოლოს კი სამედიცინო ინსტიტუტიც ერთად დაამთავრეს ერთი და იგივე სპეციალობით, ორივე კარდიოლოგი გახლდათ. მართალია, განსხვავებული ხასიათის და თვისებების ადამიანები იყვნენ, მაგრამ ისე კარგად შეეთვისნენ ერთმანეთს, ალბათ, ტყუპ ძმებს გაუჭირდებოდათ ასეთი მეგობრობა. სიმართლისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გია ცოტა ზარმაცი, მაგრამ ბევრად ნიჭიერი გახლდათ. გოჩა კი უზომოდ გულმოდგინე და ბეჯითი, თუმცა გიას ნიჭიერებასთან მაინც ვერ მოვიდოდა. ამის მიუხედავად, ეს არ უშლიდა არც ერთს ხელს, ჭეშმარიტი მეგობრული სიყვარულით ყვარებოდათ ერთმანეთი და ჭირსა და ლხინში ერთად ყოფილიყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ორივემ უყოყმანოდ გადაწყვიტა კარდიოლოგი გამხდარიყო და ჰქონდათ კიდეც ამის მიზეზი. გოჩას ბავშვობიდანვე გულის მანკი, იშემიური დაავადება აწუხებდა და გულის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა, გიას მამა კი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, გულის დაავადებამ შეიწირა და ბავშვობიდანვე დაფიცებული ჰქონდა, გულის ექიმი გამოსულიყო და ყველა დაავადებას, რომელიც კი გულს უკავშირდებოდა, მთელი ძალებით შებრძოლებოდა. თუმცა ერთმანეთის მიზეზებიც საკმარისი იყო ბიჭებისთვის, რომ ეს გზა აერჩიათ, რამეთუ ერთმანეთის გარეშე, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში თავი ვერ წარმოედგინათ. ინსტიტუტის წლებმა უცებ გაიარა, შემდეგ ამას ასპირანტურაც დაერთო და აგერ უკვე გამოცდილი და ხელმარჯვე ექიმები რამდენი წელია ადამიანებს კურნავდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიბეჯითე, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ნიჭიერებასთან ბევრად სუსტია, თუკი ამ ნიჭიერებას საკმარისი გასაქანი, მონდომება და შრომა ახლავს თან. გიას ბუნებრივი სიზარმაცის მიუხედავად, მან დასძლია ეს სენი და საკმაოდ შრომისმოყვარე და გულისხმიერ ადამიანად ჩამოყალიბდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მას ხომ ადამიანთა გულებთან ჰქონდა საქმე, ადამიანის სხეულის ყველაზე ძვირფას და ყველაზე მთავარ ნაწილთან. ადამიანები მას სიცოცხლეს ანდობდნენ და არ შეეძლო, სხვანაირად მოქცეულიყო. ის სიზარმაცე კი, რომელიც ბავშვობის და ახალგაზრდობის წლებში ახლდა სწავლისას, ადამიანთა უზომო სიყვარულის და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობით დაჯაბნა და, შეიძლება ითქვას, დაამარცხა კიდეც. მართალია, ხშირად ოპერაციის შემდეგ ისეთი დაღლილი ჩამოჯდებოდა ხოლმე თავის კაბინეტში, ხანდახან ტელეფონი რომ რეკდა, ყურმილის აღებაც კი ეზარებოდა, მაგრამ ეს ბავშური სიზარმაცის მხოლოდ წამიერი გაელვება გახლდათ და, როგორც კი ახალი პაციენტის სამკურნალოდ ეძახდნენ, წამსვე წამოხტებოდა მაგიდიდან და დევივით შემართული მიემართებოდა დასახმარებლად. სიზარმაცის უფლებას კი მხოლოდ სახლში აძლევდა თავს და როდესაც შინ გახლდათ, ჯობდა, არ შეგეწუხებინათ სხვა საქმეზე, მაინც არაფერს გააკეთებდა. ეს მეუღლემ და შვილებმაც კარგად იცოდნენ და არც აწუხებდნენ ზედმეტად. რამდენი ხანია, ერთ თემაზე მუშაობდა, მაგრამ ვერა და ვერ დააყენა საშველი. ისევ ბუნებრივი სიზარმაცე უშლიდა ხელს. დაიწყებდა – გაჩერდებოდა, მერე ისევ და ისევ... და ასე გაუთავებლად. მანამდე, სანამ... ...თუმცა, მოდი ცოტა ხნით აქ შევჩერდეთ და გოჩას მივუბრუნდეთ. გოჩა და გია უკვე კაი ხანია, ერთად არ მუშაობდნენ. გია წამყვან კლინიკაში მიიწვიეს და საკმაოდ მალეც გაითქვა სახელი თავისი ნიჭიერების და გულისხმიერების წყალობით. გოჩა კი, სიმართლე უნდა ითქვას, ერთი ჩვეულებრივი ექიმი გახლდათ და არაფრით გამორჩეული სხვისგან. ასეთები კი დიდ მწვერვალებს, მოგეხსენებათ, ვერ აღწევენ. გოჩამ ეს ძალიან კარგად იცოდა და არ სწყდებოდა გული. პროფესორი იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო, და ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ლექციებსაც კითხულობდა. გიას წარმატებები კი ძალიან უხაროდა. როდესაც ვინმე მის სახელს დადებით კონტექსტში ახსენებდა, ბავშვივით ეცრემლებოდა თვალები და გული სიამაყით ევსებოდა. გოჩას გულის იშემიამ სწრაფად დაიწყო განვითარება და თავისი უარყოფითი ასახვა ჰპოვა. ბოლო წლებში უფრო და უფრო უტევდა მის ჯანმრთელობას და, შესაბამისად, სიცოცხლესაც. გოჩა ბოლომდე მალავდა გიასგან დაავადების გართულებას და ცდილობდა, თავად მორეოდა სნეულებას, მაგრამ მეგობრის გამოცდილ თვალს და ალღოს, განა, გამოეპარებოდა რამე? საკმარისი იყო, გიას პაციენტის თვალის გუგები ენახა, სახის ფერზე შეეხედა და უცდომელად იცოდა მისი გულის მდგომარეობა. ასე იყო გოჩას შემთხვევაშიც. უცებ აღმოაჩინა მისი ჯანმრთელობის ცვალებადობა და შეწუხებულმა სასწრაფოდ თავის კლინიკაში დაიბარა. გასინჯვის შემდეგ აბსოლუტურად დარწმუნდა თავის ეჭვებში და თავზარდაცემულმა არ იცოდა, როგორ ჩაეხედა მეგობრისთვის თვალებში. მისი სიცოცხლე არათუ წლებს, თვეებს ითვლიდა მხოლოდ და წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რომ ერთ დღესაც გოჩა გვერდით არ ეყოლებოდა. მაგრამ ამაზე მძიმე მისთვის გოჩასთვის სიმართლის თქმა გახლდათ, თუმცა ეს გარემოება სულ ტყუილად ტანჯავდა ერთგულ მეგობარს – გოჩამ ისედაც მშვენივრად იცოდა ყველაფერი და, თუ გიას კლინიკაში გასინჯვას დათახმდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრის დაჟინებულ, კატეგორიულ მოთხოვნასთან ვერაფერი გააწყო და დანებდა. გოჩას ცოლი არ ჰყავდა. ბავშვობაში, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ერთი გოგო უყვარდა, თუმცა საპასუხო გრძნობას ვერ ეღირსა. ან რას ეღირსებოდა, არც კი გაუმხელია გოგოსთვის გულის ნადები, იმდენად მორცხვი და მორიდებული გახლდათ. სკოლის შემდეგ გოგო გათხოვდა და არავინ იცის, ამის გამო თუ სხვა მიზეზით, გოჩა აღარ დაოჯახებულა და იყო ასე მარტოხელა, სანამ ანდრო გამოჩნდებოდა. თუმცა გიას ორივე შვილის ნათლია გახლდათ და უზომოდ უყვარდა ისინი, საკუთარი შვილებივით ეპყრობოდა. რაც შეეხება ანდროს, იგი, ასე ვთქვათ, მისი ქორწინების გარეშე შვილი გახლდათ. ანდრო გოჩას ბათუმიდან ჩამოუყვანეს. იყო ერთი ისტორია, როდესაც გოჩას ჰქონდა ერთ იქაურ ქალთან ურთიერთობა. ოჯახის შექმნაზეც ფიქრობდა, მაგრამ ვერაფრით შეიყვარა ქალი, რომელსაც თვითონ გოჩა უზომოდ უყვარდა და ცდილობდა, მისი ცოლი გამხდარიყო. მოსახდენიც კი მოხდა, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა. გოჩას მცდელობა, შეეყვარებინა ქალი, უშედეგოდ დასრულდა და მაინც დაშორდნენ. ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოხდა, როდესაც გოჩა ერთწლიან მივლინებაში ბათუმში გახლდათ გაგზავნილი. ანდრო გოჩას 7 წლის ჩამოუყვანეს და, როგორც მისი შვილი, ისე წარუდგინეს. დედა გარდაცვლოდა, სხვა მამა არ ჰყოლია და ერთადერთმა ახლო ნათესავმა – ბებიამ, იგი გოჩას ჩამოუყვანა. თვითონ ავადმყოფ ქალს მისი მოვლა არ შეეძლო და ოხით და ცრემლებით ევედრებოდა გოჩას, შვილისთვის მიეხედა. გოჩამ უყოყმანოდ დაიტოვა ბავშვი და მოულოდნელი სიხარულით და სინანულით აღსავსე გრძნობით გულში ჩაიხუტა პატარა. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ანდრო უკვე 25 წლის ვაჟკაცი გახლდათ და მამის მსგავსად, ექიმის პროფესიას დაუფლებოდა, თუმცა, გულის ნაცვლად, მან პატარების ექიმობა არჩია. ანდრომ, რა თქმა უნდა, იცოდ, მამის გულის შესახებ, შეძლებისდაგვარად გვერდში ედგა მას და ეხმარებოდა. უნდა ითქვას, რომ ანდრო უაღრესად კარგი შვილი გახლდათ, რაც ძალზედ დიდი იშვიათობაა ჩვენს დროში. შეიძლება არ დამეთანხმოს ბევრი, მაგრამ ვგონებ, ეს ასეა. შვილები არ ვართ საკმარისად ყურადღებიანი მშობლების მიმართ, მათ ცხოვრებაში და მხოლოდ შემდეგ, როდესაც ისინი ამ ცოდვილ მიწას ტოვებენ, მაშინღა ვიშენთ თავში ხელს და სინანულის უზარმაზარი გრძნობა გვეუფლება იმის გამო, თუ რამდენი სითბო და ალერსი დავაკელით, რამდენი გამოუმჟღავნებელი სიყვარული, რამდენი ტკბილი სიტყვა, ზრუნვა და ყურადღება... ამას, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნებით, მაგრამ ვხედავ, უმეტესად ასე ვართ თითქმის ყველანი. განა, ასე არ არის? კარგი შვილობა უაღრესად ძნელია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ვიდრე კარგი დედობა თუ მამობა, კარგი დედმამიშვილობა, კარგი მეგობრობა და ასე შემდეგ. მე უფრო მეტს ვიტყოდი, ადამიანის შეფასება სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს, მისი შვილობიდან. თუ ადამიანის ავკარგიანობა გაინტერესებთ, უპირველესად გაარკვიეთ, როგორი ურთიერთობა აქვს მას მშობლებთან. ჯერ მშობელი – დანარჩენი მერე. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და თქვენი ნებაა, დამეთანხმებით თუ არა. ეს ყველაფერი ანდროს კარგმა შვილობამ გამახსენა და ალბათ, მიხვდებით, რა მაქვს მხედველობაში. ახლა კი ისევ გიას ვუბრუნდები და ვაგრძელებ გაჩერებული ადგილიდან. როგორც მოგახსენეთ, გია ერთ თემაზე მუშაობდა, უფრო სწორად, ერთ პრობლემაზე, რომელიც გულის უკურნებელი სენის დამარცხებას ეხებოდა. მას შემდეგ, რაც მეგობრის მდგომარეობა გაიგო, გიამ ინტენსიურად დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობდა და წარმატებითაც დაასრულა. მან შექმნა ქირურგიული ჩარევის მეთოდი, რომელიც გულის სისხლით მომარაგებას თითქმის სრულყოფილად აღადგენდა და მომაკვდავ ადამიანს სიცოცხლეს დაუბრუნებდა. გიას, ფაქტობრივად, რამდენიმე თვე არ ეძინა. მისმა გასაოცრად დაუღალავმა შრომამ და თავგანწირვამ ნაყოფი გამოიღო და მისი მეთოდი მაიმუნებზე რამდენიმეთვიანი ცდის შემდეგ პრაქტიკაში დანერგეს, ანუ მწვანე შუქი აუნთეს. გია ბედნიერი იყო, რომ ამ მეთოდით მეგობრის გადარჩენას შეძლებდა. ვერ აღგიწერთ იმ ბრძოლას, რაც გიამ სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატთან გადაიტანა, რათა მისი მეთოდი დროზე დაენერგათ ხალხის გადასარჩენად. ამ აპარატის საბოლოოდ დამარცხება განაპირობა გიას სერიოზულმა და თავგამოდებულმა მუქარამ, რომ დატოვებდა ქვეყანას და მის მეთოდს სხვა ქვეყნის სახელით მაინც დანერგავდა. თუმცა სახელმწიფოს გაუკუღმართებულ კლანჭებს მაინც ვერ დაუძვრა და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, უცხოელი სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პროტექცირებული ადამიანები საოპერაციოთა სიაში წინ ჩაუსვეს. გიას სხვა გზა არ ჰქონდა, დათანხმდა და გოჩას ოპერაციის თარიღი მხოლოდ სამი კვირის თავზე, ანუ 21 დღის შემდეგ დანიშნა. იმედი ჰქონდა, მოასწრებდა. ჯერ კიდევ იყო დრო. ..და აი, ორი კვირაც მიილია. გოჩა კვირაში ერთხელ გადიოდა კლინიკურ შემოწმებას და ოპერაციისთვის ემზადებოდა. ახლაც შემოწმებაზე მიდიოდა. ანდრო მიყვებოდა მამას. კიდევ ერთი შემოწმება და რამდენიმე დღეში გოჩა კლინიკაში დაწვებოდა საოპერაციოდ. ადრე იყო და იქვე, კლინიკასთან ახლოს მდებარე კაფეში გადაწყვიტეს შესვლა ჩაის დასალევად. გოჩა გვერდით, მაგიდასთან მჯდომ ქალბატონებს დააცქერდა. ქალები უშნოდ შეიშმუშნენ და უკმაყოფილო მზერა ესროლეს უტიფრად მომზირალ მამაკაცს. გოჩამ თავი დახარა და შემდეგ კვლავ მიაცქერდა განსაკუთრებით ერთ ქალბატონს, რომელიც ასე, ორმოციოდე წლის თუ იქნებოდა და გოჩა სულ რამდენიმე წლით თუ იქნებოდა მასზე უმცროსი. აშკარა გახლდათ, გოჩას ქალი მოეწონა და ვერაფერს უხერხებდა თავს. –რა იყო მამა, ქალი მოგეწონა? – გაეცინა ანდროს. ლამაზი ქალია, მართალი ხარ, მაგრამ მე მის გვერდით რომ გოგონაა, ის უფრო მომწონს. –რა თქმა უნდა, ის უფრო მოგეწონება – გაეღიმა გოჩას, ის ცხრამეტი-ოცი წლის თუ იქნება, აბა, დედის ტოლა ქალი შენ რად გინდა? –არც ისე დედის ტოლაა, მამა, – შეეწინააღმდეგა ანდრო – საკმაოდ ახალგაზრდა და ლამაზი ქალია, სწორედაც რომ, შენი შესაფერისი. –კაი ერთი, აბა, რას ამბობ, – დაიმორცხვა გოჩამ და ლოყები აუწითლდა. ქალმა ისევ იგრძნო მამაკაცის მზერა და უკვე საკმაოდ უკმაყოფილო გამომეტყველებით აგრძნობინა მამაკაცს, რომ შეუფერებლად იქცეოდა. გოგოს ხელი მოჰკიდა და საჩქაროდ გაიყვანა კაფედან. ცოტა ხნის შემდეგ გოჩამ და ანდრომ ქალბატონები გიას კაბინეტის წინ მოსაცდელში იხილეს და ლამის გვერდით მიუსხდნენ. ქალმა რომ გოჩა დაინახა, ჭარხალივით გაწითლდა და პირდაპირ მას მოუბრუნდა: –თქვენს თავხედობას უკვე აღარ აქვს საზღვარი! – ამოხეთქა ქალმა –წეღან კაფეში უტიფრად მომჩერებოდით. გაგეცალეთ, არაფერი გითხარით, თქვენ კი უკან ამედევნეთ და მითვალთვალებთ. ვინ ხართ და რა გნებავთ? –დაწყნარდით, ქალბატონო! – შეწუხდა გოჩა – თქვენ სულაც არ გითვალთვალებთ, საიდან მოიტანეთ? – აქ ჩემს საქმეზე ვარ მოსული. –უცებ დაგიჯერეთ, არც კი გრცხვენიათ, დამსდევთ ამხელა კაცი უკან. რა იყო, ქალი არ გინახავთ თუ ასე ვულგარულად გამოვიყურები? –აგრძელებდა ქალი გულისწყრომას. გოჩას უზომოდ მოეწონა ეს აწითლებულსახიანი ქალი, ასე ახლოს რომ იხილა, მისი სუნთქვა იგრძნო, თვალებში ჩახედა და თავბრუ დაეხვა, ტკბილმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და ათრთოლებულმა, გაოგნებულმა და დარცხვენილმა მხოლოდ ისღა მოახერხა: – მაპატიეთ, ქალბატონოო, – და თავი დახარა. სწორედ ამ დროს ქალბატონი და მისი მხლებელი, რომელიც შემდგომში მისი უფროსი ქალიშვილი აღმოჩნდა, გიას კაბინეტში დაიბარეს და ინცინდენტიც ამით ამოიწურა. ქალმა კიდევ ერთხელ, გაბრაზებით გადმოხედა გოჩას და კაბინეტში შევიდა. კაბინეტიდან გამოსულ ქალებს გია უკან მოჰყვებოდა და ატირებულ ქალს და მის ქალიშვილს აწყნარებდა. ქალმა რომ გოჩა დაინახა, ტირილს უმატა და ის-ის იყო, უნდა აფეთქებულიყო, რომ გიამ გოჩა შენიშნა და... უი, აქ ხარ? შემოდი ახლავეო. ქალი, ამის შემყურე, დაბნეული გაჩუმდა. –ახლავე წაგიყვან ანალიზებზეო... - და სანამ კიდევ რამეს იტყოდა, გოჩამ გია გააჩუმა და ქალის ვინაობა და ტირილის მიზეზი ჰკითხა. –ჩემი პაციენტია, – უპასუხა გოჩამ, ლიანა... ლიანა მენაბდე მგონი, ხო, მენაბდე. რატომ მეკითხები? –მაინტერესებს, რადგან გეკითხები. რა სჭირს, საოპერაციოა? –კი, საოპერაციოა, მაგრამ შენ იცი რა მძიმე მდგომარეობაა ამ რიგებზე. ხან მთავრობის სახელით მიწერენ ხალხს სიაში, ხან კიდევ ვისი და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ეს ქალი კი მძიმედ არის და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, რაც შეიძლება, ჩქარა. არ ვიცი, რა გავაკეთო. მხოლოდ 40 დღის შემდეგ შევძელი ჩამესვა სიაში. იმედია, გაძლებს მანამდე. წამლები მივეცი და უფალს ვევედრები, რომ არაფერი მოუვიდეს.ასეთ დღეში ვარ, ძმაო, რა გავაკეთო, ვერ ავუდივარ ერთი კაცი ამდენ გაჭირვებულს და გული მტკივა მეც –ამოიოხრა გიამ – აქეთ საჭირო მედიკამენტებით და ხელსაწყოებით ვერ მამარაგებენ, თორემ არ გავჩერდებოდი, შეუჩერებლად გავაკეთებდი ოპერაციებს, მაგრამ ვინ გიწყობს ხელს? ერთს ძლივს ვახერხებ დღეში, თორემ, აბა, აქამდე ასე მეყოლებოდი შენც? თან იმხელა ფასები დაადეს, ყველას არ აქვს გადახდის საშუალება. ამათ რა ენაღვლებათ, მთავრობის ახლო ნათესავებს...და, აბა, მე მკითხე ახლა, თუმცა სულ არ ვუყურებ, ვინ იხდის და ვინ არა, მე ვუკეთებ და მერე მომთხოვონ პასუხი, რატომ გაუკეთეო, – წუხდა მეგობარი და თავს იქნევდა უკმაყოფილოდ. –მე ვიცი, რა უნდა ქნა, – მიმართა გოჩამ მეგობარს, - ეს ქალი ჩემს რიგში უნდა ჩასვა და ოპერაცია გაუკეთო, მე კი მის რიგში ჩამსვი. –ვინ ქალი, ეს.... ლიანაზე ამბობ? –კი, ქალბატონ ლიანაზე გეუბნები. გიას და ანდროს ერთნაირად ეცვალათ სახე და ისეთი გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს, აშკარად იგრძნობოდა ორივეს გამომეტყველებაში ერთი და იგივე ფრაზა: ეს კაცი ვერ არის კარგადო. –გაგიჟდი, შენ? – აენთო გია. -მამა, რას ამბობ? – თვალები აუწყლიანდა ანდროს. –ერთი ამას უყურე, გამომივიდა კეთილშობილი მსხვერპლი, –გაცხარდა გია – თუ იცი, ნეტავ, როგორ ველოდები იმ დღეს, როცა ოპერაციას გაგიკეთებ?... და შენ მოდი ახლა და ჩასვი ყველა შენ წინ რიგში, მერე მოვალ საიქიოში და იქ გაგიკეთებ ოპარაციას. სულ გადაირიე? –დაწყნარდი, გია ,ნუ ცხარობ, რამდენი დღეაო, 40 ხომ? მერე 33 დღეა სულ გასხვავება, ამაზე ბრაზობ? - სცადა დაწყნარება გოჩამ. –მამა, არ ხარ ახლა მართალი, გია ძიასაც გაუწიე ანგარიში, რა საჭიროა ეგ საქციელი? მე არ გეცოდები მაინც? – სცადა ანდრომაც გიას მხარდაჭერა. –რას ქვია დავწყნარდე? რას მეუბნები, თუ იცი? წადი ახლა, მოუსვი აქედან და სამ დღეში გელოდები, დაწვები და გაიკეთებ ოპერაციას, როცა მოვა დრო. თითქოს, არც არაფერი გამიგონია და მოვრჩეთ ამაზე საუბარს, – დაასრულა თავის ჭკუით გიამ. –გია, ჩემო ტკბილო და კარგო ადამიანო – შეცვალა ტაქტიკა გოჩამ –ვიცი, როგორ გიყვარვარ და ზრუნავ ჩემზე, ვიცი,რამდენი გაიღე, რომ ეს ოპერაციები დაგეწყო და მოგერჩინე. მაგრამ ახლა დამშვიდდი და ცივი გონებით განსაჯე. არა ისე, როგორც მეგობარმა, არამედ როგორც ექიმმა და პატიოსანმა ადამიანმა. დაფიქრდი და გულწრფელად მიპასუხე, ვინ არის უფრო სასწრაფო საოპერაციო, ქალბატონი ლიანა თუ მე? სანამ მისი რიგი მოვა, რომ ვერ მიაღწიოს, ხომ სანანებელი გვექნება მთელი ცხოვრება შენც და მეც, რომ შეგვეძლო ადამიანის გადარჩენა და არ გადავარჩინეთ? ექიმები ვართ ბოლოს და ბოლოს და ჩვენი ვალია ეს... და ახლა, თუ ღმერთმა შენს ხელში ჩააგდო ეს შანსი, არ უნდა გამოიყენო, ძმაო, აბა, მითხარი, ვტყუივარ? 33 არ არის სხვაობა? 33 დღეზე მევაჭრები სულ? გავა ეს 33 დღეც და გამიკეთებ, აბა, რას იზამ? დაიდე მაგ შენს თბილ გულზე ხელი და მითხარი, ვის უფრო სჭირდება სასწრაფო ოპერაცია, მე თუ ქალბატონ ლიანას? –ქალბატონ ლიანას! – აღმოხდა გიას – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ..... მცირე ხანს კიდევ იდავეს. ანდროც ბევრს ეცადა, გადაეფიქრებინა მამას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თავისთვის ორივე ფიქრობდა გულში, რომ გოჩა მართალი იყო და წინააღმდეგობაც ნელ-ნელა სუსტდებოდა, ისეთი მყარი და დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავდა გოჩას თავის სასარგებლოდ, საბოლოოდ დავა მისი სურვილისამებრ გადაწყდა, თუმცა მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ქალბატონი ლიასთვის სრული სიმართლე უნდა ეთქვათ. ეს იყო პირობა, რითაც გია დათანხმდებოდა გოჩას წინადადებას და მეტი ამაზე არაფრის გაგონებაც არ უნდოდა .სხვა გზა არ იყო, გოჩა უხალისოდ დათანხმდა ამ პირობას. ლიანას მეუღლე ათი წლის წინ დაეღუპა. სამხედრო მოსამსახურე გახლდათ და ხშირად უწევდა ცხელ წერტილებში სამსახური. მისი დაღუპვის ამბავი რომ აცნობეს, ლიანა ჩაიკეცა და დიდხანს ვერ მოვიდა გონზე. მისი ცხოვრება დამთავრდებოდა, რომ არა სამი ლამაზი ასული, რომელიც ლიანას ამ დიდი და ძლიერი სიყვარულისგან დარჩა. 17 წლის გათხოვდა და 21 წელიწადი იყვნენ ერთად. ერთი ჰქონდათ სიხარული და ტკივილი, დარდი და ბედნიერება. მოკლედ, უსაზღვროდ ბედნიერი გახლდათ და არასოდეს უნანია, რომ ბეჟანის (ასე ერქვა მის ქმარს) მეუღლე გახდა. ქმრის სიკვდილმა მაინც დაატყო თავისი კვალი ლიანას ჯანმრთელობას. მართალია, შვილების გამო ცოცხლობდა და არსებობდა, მაგრამ დანაკარგს ვერაფრით ვერ ეგუებოდა და ხშირად ჩუმად ლოგინში ტიროდა, დარდობდა და განიცდიდა. გული კი რკინა არ არის, ყველაფერს გაუძლოს. ის კი არა და, რკინაც გაწყდება შუაში, წვეთ-წვეთობით წყალი რომ მიუშვა მუდმივად. ცრემლმა და დარდმა კი ლიანას გული დაავადმყოფა და აგერ უკვე ისეთ დონეზე იყო მისული, ოპერაცია თუ სულზე არ მიუსწრებდა, გაეშურებოდა თავის საყვარელ მეუღლესთან. მაგრამ ბავშვები ენანებოდა. ნინო, უფროსი, მართალია, უკვე 20 წლის იყო, მაგრამ მაინც პატარად თვლიდა ჯერ. პატარები კი 15 და 12 წლის იყვნენ და მათი უდედოდ დარჩენა თვითონაც კარგად იცოდა, რომ დიდი საცოდაობა იქნებოდა. ...და აი, უეცრად, ღვთის წყალობით, გამოჩნდა ექიმი, რომელმაც თურმე ახალი მეთოდი გამოიგონა და აქამდე უკურნებელი სენის დამარცხება შეძლო. მაგრამ მისთვის ოპერაცია მხოლოდ 40 დღის შემდეგ იყო შესაძლებელი და რამდენად მიაღწევდა იქამდე, არ იცოდა. ამიტომაც გამოვიდა ატირებული ექიმის კაბინეტიდან. თითქოს იმედი მიეცა, მაგრამ ეს იმედიც ხელიდან ეცლებოდა და ახლა მხოლოდ უფლის იმედზეღა იყო დარჩენილი, თუმცა გრძნობდა, რომ ამდენს ვეღარ იცოცხლებდა, იმდენად ცუდად იყო და როდესაც ექიმებმა გამოწერეს საავადმყოფოდან ბოლოს, ნაღვლიანი თვალები გამოაყოლეს, რაც საკმაოდ კარგად გაიგო, რასაც ნიშნავდა – მას ემშვიდობებოდნენ. ოპერაციამ, როგორც ყველა სხვა შემთხვევებში, წარმატებით ჩაიარა და ლიანა რომ გონზე მოვიდა, გია ექიმი ღიმილით შეჰყურებდა და დაბრუნებას ულოცავდა. მერე მისი გოგონები შემოეხვივნენ და ბედნიერები და გახარებულები ეფერებოდნენ დედას აქედან თუ იქიდან. მოდიოდნენ ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები. მოკლედ, ყველა, ვინც ლიანას იცნობდა და უყვარდა. ...მოვიდა გოჩაც. ლიანა თავიდან ისევ გაწითლდა, ოღონდ ამჯერად - სირცხვილისაგან. მან ყველაფერი იცოდა, რაც გააკეთა გოჩამ მისი გულისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო, სხვისი ადგილი დაეკავებინა და, ვინ იცის, სხვისი სიცოცხლეც, გოჩამ მაინც თავისი გაიტანა და ახლა ეს კაცი, რომელსაც იგი რამდენიმე დღის წინ ლანძღავდა და უღირსად მოიხსენიებდა, რომელმაც შემდგომ მისი სიცოცხლე ფაქტიურად გადაარჩინა, ახლა აქ, მის წინ იჯდა და უღიმოდა. –ისეთი დამნაშავე ვარ თქვენთან და ისეთი მადლობელი... დაიწყო დარცხვენილმა ქალმა საუბარი, მაგრამ გოჩამ თითი პირზე ტუჩებზე დაადო, – არ არის საჭიროო – ანიშნა და გაუღიმა. ქალს ცრემლები წამოუვიდა და თავი კედლისკენ შეაბრუნა... ეს პირველი შეხვედრის დროს, თორემ მერე, კარგად რომ გაიცნეს ერთმანეთი, ერთად იცინოდნენ და მხიარულობდნენ კიდეც. გოჩა სახალისო ისტორიებს უყვებოდა და ართობდა ავადმყოფს, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ისევ კლინიკაში უნდა წოლილიყო. გოჩა ყოველდღე მოდიოდ. ხან ყვავილები მოჰქონდა, ხან შოკოლადის კანფეტები. ერთხელ დიდი შეკვრით ათასნაირი ნაყინი მოიტანა და ლამის მთელ კლინიკას გაუმასპინძლდა. გოჩა ბედნიერი იყო. ქალი, რომელიც მოსწონდა, ან იქნებ უყვარდა კიდეც, გახარებული იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ბედნიერი იყო ლიანაც, თუმცა ჯერ ვერ უტყდებოდა თავს ნამდვილ მიზეზში და ამას სიცოცხლის გადარჩენას აბრალებდა. თუმცა გრძნობდა, რომ ეს მარტო ამის ბრალი არ იყო. ის სულ სხვანაირად, ამ ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად, სულ განსხვავებულად გრძნობდა თავს და მიუხედავდ იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდა მიზეზი, ახლა ამაზე ფიქრი არ უნდოდა. მოსწონდა გოჩა, როგორ არა, მაგრამ რცხვენოდა კიდეც. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ქმარს ღალატობდა, რაიმე უკადრისს სჩადიოდა, თუმცა არაფერს ისეთს არ აკეთებდა. ყოველდღე მოუთმენლად ელოდა გოჩას და შემდეგ სააათობით მასლაათობდა მასთან, იცინოდა და მხიარულობდა. ამ ხშირი ვიზიტებისას ორივემ შეამჩნია, რომ ანდრო და ნინო გულგრილი სულაც არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთთან ლაპარაკში თითქოს არ ეწინააღმდეგებოდნენ ამ მოულოდნელ მოვლენას, თუმცა გულის სიღრმეში ორივეს რაღაც გაუცნობიერებელი შიში იპყრობდა და არც ერთს არ უნდოდა ეფიქრა, რისი შიში იყო ეს. გოჩა ერთსა და იმავე დროს მოდიოდა ხოლმე. ხანდახან ცოტას თუ დააგვიანებდ , ლიანა ნერვიულობას იწყებდა და ვერ ისვენებდა. რომ გეკითხათ, რა ანერვიულებდა, ვერ გეტყოდათ, განიცდიდა და მორჩა. მერე გოჩა გამოჩნდებოდა ხოლმე და დაგვიანებისთვის თავს დახრიდა, ბოდიშს იხდიდა და თვალებით პატიებას ევედრებოდა ძვირფას ქალს. იმ დღესაც დააგვიანდა გოჩას. ლიანას, როგორც ყოველთვის, მოუსვენრობა შეეპარა, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ გოჩა ისევ მოვიდოდა, დახრიდა სიყვარულით სავსე თვალებს და ბოდიშს მოუხდიდა. გოჩა კი არ ჩანდა. გავიდა საათი, მეორე, მესამე. ლიანა უკვე ლოგინში ვერ ჩერდებოდა. რომ შეძლებოდა, წამოხტებოდა და სირბილით გაიქცეოდა გოჩას სახლამდე. ნერვიულობდა ნინოც, რადგან არც ანდრო ჩანდა.მერე კი ცოტა ხნით დერაფანში გავიდა. დასწყევლოს ღმერთმა ეს კვირა დღე, – ფიქრობდა ლიანა – არც გია ექიმია კლინიკაში. ტელეფონის ნომერი მაინც ეკითხა, არასოდეს არ უფიქრია ამაზე. იქნებ მორიგე ექიმმა იცოდეს გია ექიმის ტელეფონი მაინც, რომ დავურეკო და გავიგო ამბავი? მაგრამ არა ,უხერხულია, რა უნდა ვუთხრა, რატომ ვკითხულობ-მეთქი? სირცხვილია, მაგრამ მეტიც რომ არ შემიძლია?! მერე შეეხვეწა ნინოს, მისულიყო მორიგე ექიმთან და გია ექიმის ტელეფონის ნომერი ეკითხა. არ არის საჭირო, დედა, – უთხრა ნინომ – მე ანდროს ტელეფონის ნომერი მაქვს. ჩვენ გარეთაც ვხვდებით ერთმანეთს. მერე, რას გაჩუმებულხარ? დარეკე ეხლავე! – აფორიაქდა ლიანა. დავრეკე დედა, წეღან დავრეკე უკვე – თქვა ნინომ და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა. ამ დროს პალატაში გია შემოვიდა და პირდაპირ ლიანასკენ გაემართა. მერე მის ფეხებთან ჩამოჯდა, გაოგნებულ ქალს ხელი ხელზე მოუჭირა, თვალები დახარა და ჩუმად უთხრა: ქალბატონო ლიანა, გოჩა აღარ მოვა, გოჩა აღარ არის... არ შემიძლია და არც მინდა იმ საშინელი განცდების აღწერა, რაც ლიანას გულში დატრიალდა. სჯობს, თავად მკითხველმა გაიაზროს, თავისი გულით გაიაზროს ყოველივე. სამწუხაროა, მაგრამ სიცოცხლე არ ექვემდებარება ადამიანთა კანონებს, ლოგიკას, სურვილებს და მხოლოდ უფლის ნებაზეა გათვლილი. ჩვენ არ გვესმის ბევრი რამ. არ გვესმის, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა. ხშირად ღვთის უსამართლობაზე ვწუწუნებთ, უფალი კი ყოველ ჩვენგანზე ისე ზრუნავს, როგორც თავგადაკლული დედა თავის პირმშოზე. ჩვენ, მოკვდავ ადამიანებს გვავიწყდება ყველაზე მთავარი: ეს წუთისოფელი წამია და მხოლოდ დროებითი ნავთსაყუდელია სულისა, რომელიც მარადიულობის ხომალდისკენ ნელ-ნელა მიდის და მიაქვს თან ის სიმდიდრე, რაც ამ დროებით სამკვიდრებელში დაუგროვებია. შემდეგ ჩაჯდება ამ ხომალდში, როდესაც ბილეთს გამოუგზავნიან და გაემართება იქ, უსასრულობასა და დაუსაბამობაში, რომელსაც ერთი უზენაესი და მარადიული მფარველი და პატრონი ჰყავს – უფალი ღმერთი. რამდენჯერ მიხსენებია უდროოდ გარდაცვლილები, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სიკვდილი არასოდეს არ არის უდროო. უფალმა უზუსტესად იცის, როდისაა საჭირო სულის ერთი სოფლიდან მეორეში გადასახლება და, თუ ჩვენ სხეულში მყოფებს ეს არ გვესმის, ეს დიდი უბედურება არ არის.ისევე, როგორც არც ერთი სიცოხლე არ არის უდროო. როგორც დედის საშოში შეწყვეტილი სიცოცხლე არასოდეს იყო უდროო, ასე არ არის უდროოც არც ერთი ადამიანის გასვლა იმქვეყნად. სიცოცხლე სინამდვილეში წლებით კი არ იზომება, არამედ იმით, თუ რა დაუთესია ადამიანს ამქვეყნად სხვის საკეთილდღეოდ. ზოგი მცენარე ერთ წელიწადს ხარობს და ზოგიც ათწლეულები, მაგრამ ნაყოფია მთავარი და არა ხის სისქე ან სიმაღლე. შეიძლება, ერთი ადამიანის ერთი დღის სიცოცხლე მეორე ადამიანის ასი წლის სიცოცხლეს ჯობდეს. ბედნიერია ის, ვისაც თავისი სიცოცხლე სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად გაუწირავს. ამით მისი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც ათასჯერ მეტად დაფასდა. იქნებ ამ საზომით რომ მივუდგეთ, ბავშვების ბედნიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სულაც აღარ მოგვეჩვენოს გოჩას გარდაცვალება უდროოდ და უმიზნოდ? ...მერე, მრავალი წის შემდეგ, ნინო და ანდრო თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივლენ გოჩას და ლიანას საფლავზე და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. ...და მხოლოდ უცხო გამვლელი თუ იფიქრებს, რომ საფლავის დიდ, საერთო ქვაზე ქალი, რომელიც 30 წლით ასაკოვანია კაცზე, დედა ან რომელიმე ახლო ნათესავია მისი... და, თუ არაფერი ყოფილან ერთმანეთის, სამაგიეროდ, შვილებმა და შვილიშვილებმა გააერთიანეს მათი სულები სამარადისოდ. დიდება, ღმერთო შენდა, დიდება შენდა ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი