"უფალო, შემიწყალე"
...აი, აღსასრულიც მოახლოვდა. ჯერ ფეხები წაერთვა, შემდეგ წელი მოსწყდა, მერე ხელები და აი, სიკვდილის ხელი თავს შეეხო, ოდნავ შეაჯანჯღარა და სულმაც ნელ-ნელა დატოვა სხეული. გაქრა, დამთავრდა ყველაფერი; მაგრამ, გონება თუ სული – რაც გინდათ დაარქვით – მუშაობდა, აზროვნებდა. ახლა ნახავს იმას, რაზეც ამდენი ხანი სიცოცხლეში ფიქრობდა. ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ დატოვებდა სული სხეულს, როგორ მიადგებოდა უფლის კარიბჭეს და როგორ გადაწყდებოდა საერთოდ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის საკითხი. ძალიან ხშირად უფიქრია ამაზე და აჰა, ახლა ნახავს, განიცდის ყველაფერს. რა თქმა უნდა, შიში იპყრობდა. არ იცოდა, რა ელოდა. თითქოს ცოტა სულიც უგუბდებოდა. უცნაურად გრძნობდა თავს. საკუთარ სხეულს ხედავდა. არა, არ ეშინოდა, არც სტკიოდა, შეშფოთება იპყრობდა მხოლოდ და შეუცნობლის და გარდაუვალი განცდების მოლოდინს გრძნობდა და ეს აფრთხობდა. აჰა, საშინელი არსებებიც გამოჩდნენ. ისეთი სისწრაფით მოემართებინ მისკენ, ალბათ გადათელავენ, გასრესენ. რამ უნდა გადაარჩინოს? რა საშინელ ხმებს გამოსცემენ, არასოდეს, არსად სმენია ასეთი შემზარავი ხმები. რა საშინელი სახეები აქვთ. იცოდა, რომ საზიზღარი სანახავები იყვნენ, მაგრამ ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, თუ ასეთ ამაზრზენ სახეებს იხილავდა, საშინელი შიში და სასოწარკვეთილება რომ მოჰქონდათ თან. ...და სუნი, ენით გამოუთქმელი სიმყრალის და შმორის სუნი. რატომღაც ამაზე არასოდეს უფიქრია. იქ, დედამიწაზე, ასეთი სუნი არასოდეს უგრძვნია არსად. ისევ ცოცხალი რომ ყოფილიყო, მარტო ეს სუნი დაახრჩობდა, მთელ გულ-მუცელს ამოუბრუნებდა და სუნთქვას გაუჩერებდა. აქ კი... უჭირდა სულს, გრძნობდა, მაგრამ მაინც იტანდა. თითქოს თვალები დახუჭაო, წამით გაირინდა და ჯოჯოხეთში წარმოიდგინა თავი. უნდოდა თუ არა, დარწმუნდა, ეს იყო მისი ხვედრი და აწი ვერაფერი ვეღარ უშველიდა. ...და ამ დროს ისინიც გამოჩდნენ – ანგელოზები. თვალისმომჭრელად ლამაზები და საამურნი. ისეთი სურნელი მოჰქონდათ, უცებ გაქრა ყოველგვარი შმორის და სისაძაგლის სუნი. ბევრნი არ იყვნენ ამ საზიზღარი დემონების მსგავსად, სულ რამდენიმე, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ სული დამშვიდებულიყო, პირვანდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა და ის შეუცნობელი მდგომარეობა მიეღო, სულის სხეულთან გაყრისას რომ დაუფლებოდა. – ისევ აშინებთ ხომ ახლად გარდაცვლილ სულს, თქვე საზიზღრებო? – მიმართა ერთ-ერთმა ანგელოზმა დემონებს – განა რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ჯერ უფლის სამსჯავრო უნდა გაიაროს და საკითხავია, გეკუთვნით ეს სული თქვენ თუ არა. მოშორდით და ნუ აშინებთ, ისედაც უჭირს რეალობის შეცნობა და თქვენ ნუღარ აფორიაქებთ და აშფოთებთ უმიზეზოდ. ჩვენია, ჩვენია! – აზმუვლდნენ გაბოროტებულები და ცმუკვა დაიწყეს, თუმცა მაინც განზე გადგნენ და ანგელოზებს დაუთმეს გზა. რა სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ ერთი ანგელოზი ათას დემონზე უფრო ძლიერია და მეტი ძალაუფლება აქვს უფლისგან მინიჭებული. – წამოდი ჩვეთან, ნუ გეშინია, ესენი ვერას გავნებენ, – გაუღიმეს ანგელოზებმა და ზეცისკენ, იქ, სადღაც უსასრულო და იდუმალებით სავსე სიმაღლეში გასრიალდნენ მასთან ერთად. გული რომ ჰქონოდა, ალბათ ვერ აიტანდა ასეთ მღელვარებას, განცდებს, ამ საოცარ და ენით გამოუთქმელ მდგომარეობას. სული კი უძლებდა, ნელ-ნელა უსაზღვრო სიხარულით და საოცარი ბედნიერების გრძნობით ივსებოდა და არ იცოდა, რა იყო ეს. არა, ამას ადამიანური ენით ვერასოდეს გამოხატავდა. სიტყვები იმდენად უძლური აღმოჩნდებოდნენ, მცდელობაც კი სასაცილო და უსუსური იქნებოდა. ამიტომ, ანგელოზებს მიენდო და ცდილობდა, სრულად შეეგრძნო ეს უთქმელი ნეტარება. მერე კი...მერე რა იქნებოდა, ახლა ამაზე ფიქრი არ უნდოდა, იმდენად ტკბილი და სასიამოვნო იყო ეს მდგომარეობა... და თან, რაც უფრო ზევით მიიწევდა, უფრო და უფრო ნეტარი და თავბრუდამხვევი ხდებოდა. არა, ამას ვერც მე და, ალბათ, ვერც ვერავინ ენით ვერ აგიწერთ და სჯობს, დროზე გავჩერდე. მით უმეტეს, ვერ აგიწერთ იმ შეგრძნებებს, რაც ჯერ ზეციური სასუფევლის და შემდეგ ცეცხლოვანი სატანჯველის ნახვისას განიცადა. ამას ვერც ენით, ვერც სხეულით, ვერც სხვა რაიმე გამოხატვის მეთოდებით – ყველაზე საუკეთესო დამხმარე სპეცეფექტების გამოყენებითაც კი – ვერა არსება ვერასოდეს ვერ შეძლებს და მეც აღარ შეგაწყენთ ზედმეტად თავს. ...და როდესაც დადგა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, ყველაზე მთავარი ყოველი სულისთვის, მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და განემზადა სამსჯავროზე წარსადგომად. მარცხნივ დემონთა უთვალავი არმიაა, მარჯვნივ სულ რამდენიმე ანგელოზი. წინ კი საზვერეების 20 საფეხური. მხოლოდ ოცი ნაბიჯი იმ სანუკვარ და უძვირფასეს არსებამდე, ღმერთი რომ ჰქვია. 20 უკანასკნელი საფეხური იმ სამოთხემდე, უფლის სასუფეველი რომ ჰქვია. ან სულაც ერთი ან რამდენიმე ნაბიჯი სამუდამო სატანჯველამდე, სადაც ენით გამოუთქმელი კვნესა და ვაება იხილა სულ ახლახანს. რამდენს გაივლის, რამდენით მიუახლოვდება უფალს, ან გადალახავს თუ არა მეოცე, უკანასკნელ ზღუდეს, ეს ახლა სულ მალე გადაწყდებოდა. ჩემს უმეცრებას არ მივცემ იმის უფლებას, რომ დაწვრილებით დავიწყო იმის გადმოცემა, რაც არ ვიცი, რისი უფლებაც არ მაქვს, რაც იმდენად იდუმალი და შეუცნობელია, რომ ვერ ვიკადრებ ასეთი მკრეხელობის საკუთარ თავზე აღებას და ამიტომ საზვერეების შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ დაიწყო უსასტიკესი და დაუნდობელი ბრძოლა ცოდვებსა და მადლს, სიკეთესა და ბოროტებას შორის, რაც კი სულს მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩაუდენია. ბრძოლა დემონებსა და ანგელოზებს შორის მისი სულის უფლებაზე. უყურებდა გაოგნებული და არაფრის გაკეთება არ შეეძლო. იქ, მიწიერ სიცოცხლეში ბევრჯერ უფიქრია ამაზე, ბევრჯერაც წარმოუდგენია, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ნანახი და განცდილი ოდნავადაც კი ვერ შეედრებოდა იმ უსუსურ და მკრთალ წარმოდგენას, ადრე რომ ჰქონდა სხეულში ყოფნისას. ... მეოცე საზვერეს მიადგა. ახლა უნდა გადაწყვეტილიყო, გადალახავდა თუ არა ამ უკანასკნელ, ყველაზე მთავარ და ყველაზე ძნელ დაბრკოლებას. ახლა წყდებოდა მისი სამუდამო ადგილსამყოფელის ბედი. ბრძოლა თანაბარი იყო. სასწორზე დადგა მისი უკანასკნელი დარჩენილი ცოდვა – ბოროტებანიც და სიკეთენიც – ყოველი სიტყვა, ყოველი ფიქრი, ყოველი მოქმედება. მორჩა, ამოიწურა ყველაფერი. არაფერი აღარ დარჩა. დადგა გადამწყვეტი წამიც. სასწორი დემონების სასარგებლოდ გადაიხარა. სულ ოდნავ, შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც. სულ მცირედი დააკლდა, სულ პატარა სათნოება. თუნდაც სულ ერთი კეთილი სიტყვა, რომელიც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ყველაფერი ამოწურული იყო. ანგელოზებმა მის დასაცავად ყველაფერი ამოალაგეს, რაც შეეძლოთ და მეტი აღარაფერი ჰქონდათ გასანეიტრალებლად. დემონები კი ხარობდნენ. ისეთი ხმით ღმუოდნენ და წიოდნენ, რომ მარტო ეს ხმაც საკმარისი იყო, ცხადად შეეგრძნო, თუ რა ელოდა. ახლა, სულ ერთი წამით ისევ სხეულში ყოფნა ინატრა, რათა გულიანად ეტირა. ებღავლა ისეთი ძალით, რომ მთელი სამყარო შეეძრა. აი, წამოვიდნენ კიდეც დემონები მისკენ. დაავლებენ ახლა ხელს და გააქანებენ თავიანთ სამყოფელში. ანგელოზებს კი თავები დაუხრიათ, თითქოს ტირიან კიდეც, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ეს არ არის ადამიანთა სასამართლო, სადაც შეიძლება ზოგიერთ რამეზე თვალი დახუჭო. დაუმსახურებლად აპატიო მოუნანიებელი საქციელი. ეს უფლის სამსჯავროა – ყველაზე სამართლიანი და პირუთვნელი. განემზადა. ახლა გვიანია სინანული. არც შეუძლია. ერთ სიტყვასაც ვერ იტყვის, ერთ ფიქრსაც კი ვერ გაივლებს, თორემ ეს რომ შეეძლოს, მიუტევებდა უფალი ამ მცირე დანაკლისს. მაგრამ არ შეუძლია, შებოჭილია მისი სული და არაფერი მეტი არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ ცხადად დაინახოს, როგორ დაავლებენ ეს ამყრალებული საშინელებანი ხელს და გააქანებენ ცეცხლსა და გეენაში. – მოიცათ – გაისმა საოცარი, ნაზი ხმა. კარგად დააკვირდა. ქვემოდან ანგელოზის მსგავსი არსება უახლოვდებოდა სწრაფად. კი, ნამდვილად ანგელოზი იყო. გაბრწყინებული, სიხარულის და იმედისმომცემ გრძნობას აფრქვევდა. არ იცოდა, ეს რა იყო, მაგრამ სიხარული და სიმშვიდე დაეუფლა. ამას კარგად გრძნობდა. ანგელოზი დემონებსა და სხვა ანგელოზებს შუა დადგა და საოცარი ხმით, გალობას რომ გავდა, განაცხადა: – თქვენ ყველაფერი დაალაგეთ სასწორზე, რაც ამ სულის განსასჯელად იყო საჭირო, მაგრამ მაინც გამოგრჩათ – როგორც ვხედავ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი – ამ სულმა სიკვდილის წინ წარმოსთქვა ორი სიტყვა, რომელიც არც ერთ სიაში არ არის აღრიცხული და მე უფლებამოსილი ვარ, განვაცხადო მათ შესახებ. ვერ აღგიწერთ, რა ხდებოდა. გაავებული დემონები ცეცხლს ყრიდნენ თვალებიდან. სიბრაზისგან ლამის გამსკდარიყვნენ და სიმყრალით და სისაძაგლით მოეფინათ იქაურობა. ყველა ერთად ღრიალებდა და ცოფისმაგვარ დუჟს ისროდნენ პირიდან. – არ უშველის, მაინც ჩვენია, გაგვატანეთ დროზე! – ისმოდა აქეთ-იქიდან და მოუთმენლობისგან გააფთრებით იგლეჯდნენ ბინძურ, აყროლებულ ბალანს. ანგელოზებს თვალები აუციმციმდათ. იმედიანი მზერა მიაპყრეს ახლადმოსულ ანგელოზს და მიმართეს: – რა არის ის ორი სიტყვა? – უფალო, შემიწყალე! – იყო პასუხი. თითქოს ცა შეიძრაო. დემონებმა ერთი უკანასკნელად ამოიღნავლეს და იქ, სადღაც შორს, უფსკრულისკენ შთაინთქნენ. ზეცა საოცარმა ნათელმა მოიცვა. ეს ორი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა მის გადასარჩენად. ისევ ადამიანის სხეულში მოუნდა ყოფნა. ისევ ტირილი, ოღონდ ამჯერად ტკბილი, მადლიერი ტირილი. უფლის ხატთან დაჩოქება და გულწრფელი, სამადლობელი ტირილი. თუმცა ეს ახლა უკვე სრულებით ზედმეტი ნატვრა გახლდათ. მალე თავად უფალს მიეახლებოდა და მის ფერხთან შეეძლო ყოველივე ამის გაკეთება. სიტყვა გაეხსნა, ფიქრი აეხადა. ახლა უკვე ყველაფერი შეეძლო. ანგელოზებით გარშემორტყმული უფლისკენ მიისწრაფოდა და უსაზღვროდ ბედნიერი და ენით გამოუთქმელი ნეტარებისაგან გაბრუებული ფიქრობდა: "ღმერთო, რა უგნური ვიყავი სხეულში ყოფნისას. რა მადლიანი და შეუფასებელი ყოფილა ყოველი ფიქრი, ყოველი მოქმედება, ყოველი სიტყვა ჩემს მიერ ნაფიქრი, ჩადენილი, თქმული. ადამიანები არ ფიქრობენ ამაზე, როცა დროა, მაშინ. როგორ მინდა, ყველა ადამიანმა იცოდეს ეს. რომ შემეძლოს, სათითაოდ ჩამოვუვლიდი ყველას და შევევედრებოდი: – აწონეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, რასაც ფიქრობთ, რასაც ამბობთ. ნეტავ, იცოდეთ, რა უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ყოველივეს. ადიდეთ უფალი გამუდმებით, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. თუნდაც ფიქრში, თუნდაც სიტყვით. ...და რომ იცოდეთ, რა სანუკვარია, რა ტკბილია ორი, სულ ორი პატარა სიტყვა – ”უფალო,შემიწყალე“. არა არს რა უფალზე ტკბილი და სანატრელი ქვეყანაზე – მიწასა თუ წყალში, არცა მიწის ქვეშ და არცა ცაში. უფალო, შეგვიწყალენ !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი