ფერია
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! არც არასოდეს არა ყოფილა რა და არც არასოდეს იქნება! იყო ერთი პატარა გოგო, სახელად - ფერია. ასე იმიტომ დაარქვეს, რომ დაბადებიდანვე ძალიან ლამაზი მოევლინა ქვეყანას, ისეთი ლამაზი, ადამიანის თვალს რომ არ ენახა მანამდე. მშობლებმა იფიქრეს, ღმერთმა, ალბათ, ანგელოზი გვაჩუქაო და შესაფერისი სახელი რომ ვერაფერი მოუძებნეს, ფერია დაარქვეს. იზრდებოდა ფერია და მშვენდებოდა დღითიდღე. მართლაც, ღვთისგან გამოგზავნილს ჰგავდა, ისე უყვარდა უფალი, მზად იყო, სიცოცხლეც კი დაუფიქრებლად გაეღო მისთვის. თავის სილამაზეს და მშვენიერებას არად დაგიდევდათ, მაგრამ რა ექნა, ასეთი იყო და თავს ხომ არ დაიმახინჯებდა? გამუდმებით ღმერთზე ფიქრობდა და ნატრობდა, ნეტავ, ყოველი ნაბიჯი ისეთი გადავდგა, უფალს რომ მოეწონებაო. იზრდებოდა ფერია უზრუნველად და უდარდელად, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ცხოვრებაში, ბედნიერებას უბედურებაც იქვე ჰყავს ჩასაფრებული და ჩვენს ფერიასაც დააცხრა თავისი ბასრი კლანჭებით. 14 წლისა რომ გახდა, ჯერ დედა მოუკლეს, შემდეგ კი, სულ მალე, მამაც. არ იყო იოლი პატარა გოგონასთვის ასეთი მძიმე დარტყმის გადატანა, მაგრამ ფერია არ შედრკა, უბედურება ღირსეულად მიიღო და ისე გაუმკლავდა, ბევრს შეშურდებოდა მისი სიმტკიცე და სიმამაცე. ღვთის სიყვარულს უფრო ძლიერად გრძნობდა და იცოდა, რომ უფალი არც მის მშობლებს და არც მას არ მიატოვებდა. დარჩა ფერია მარტო, უმცროს ძმასთან ერთად. ეს პატარა, ერთი შეხედვით სუსტი არსება უცებ იქცა დედადაც და მამადაც პატარა ძმისთვის, მაგრამ ერთი წამით წარბი არ შეუხრია, არ დაუჩივლია, ღვთის სიყვარულით და მორჩილებით შეუდგა ძმის აღზრდას. მრავალი გაჭირვება და განსაცდელი გადაიტანა მას შემდეგ ამ ბევრ ვაჟკაცზე უფრო ძლიერმა და გამძლე გოგონამ, მაგრამ ღირსეულად ასრულებდა ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობას და ბედნიერადაც კი მიაჩნდა თავი, უფალს რა ძლიერ ვუყვარვარო. გადიოდა წლები. ფერია უფრო და უფრო ლამაზდებოდა და მშვენდებოდა. გასათხოვარ ასაკს რომ მიაღწია, ისეთი ლამაზი იყო, მისი ბადალი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა. მის სანახავად შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიოდნენ ახალგაზრდა ყმაწვილები, რათა მისი გული და სიყვარული მოეგოთ. მაგრამ ღმერთმა ახალი დაბრკოლება მოუვლინა ფერიას. ვინც კი ახლოს მიეკარებოდა, მისგან გამომავალ ბრწყინვალებას ვერ უძლებდა და შეშინებული ამ სილამაზით და მშვენებით, უკან იხევდა და გარბოდა. მისი სილამაზე ყველას ცეცხლივით წვავდა, ვინც კი მის სიყვარულს ესწრაფოდა და ვერავინ ახერხებდა მასთან მიახლოებას. ფერია ხან ძონძებს იცვამდა, ფერუმარილს ხომ საერთოდ არ იკარებდა ახლოს, კიდევ უფრო არ დავაფრთხო მსურველებიო, ხან რას არ მოიფიქრებდა, რომ ცოტათი მაინც ნაკლებ ლამაზი გამოჩენილიყო, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, პირიქით ხდებოდა, უფრო ბრწყინავდა მისი სილამაზე. უფრო ჩანდა და უფრო მეტად წვავდა ყველას. ბრილიანტი ძვირფასი ქვების სიახლოვეს უფრო გაანათებს, თუ ნახშირში რომ ჩადო მაშინ? ხოდა ასე იყო ფერიას შემთხვევაშიც. არაადამიანურად ლამაზი იყო - ბრილიანტივით. წლები გადიოდა, ფერია დადარდიანდა. გათხოვების ასაკსაც დიდი ხანია გადააბიჯა, მაგრამ არ გაბოროტებულა, პირიქით, ისე შეიყვარა ადამიანები, მხოლოდ მათ სიხარულსა და ბედნიერებაზე ფიქრობდა და თვითონაც უზომოდ ბედნიერი იყო ამით. ნატრობდა და სჯეროდა, რომ სულ მალე დადგებოდა დრო, როდესაც ყველა ადამიანს ეყვარებოდა ერთმანეთი და დედამიწაზე სამოთხე დამყარდებოდა. ზოგი ეუბნებოდა, რომ ეს არ მოხდებოდა, ზოგს გიჟადაც კი მიაჩნდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გადაარწმუნებდით, რომ ასე არ იქნებოდა. ისე საოცრად უყვარდა ღმერთი, იფიქრებდით, ნამდვილად მასთან იყო დაბადებამდე და მისი გამოგზავნილიაო. სულ ასე ამბობდა, ისე უნდა გიყვარდეს უფალი, რომ გულში სხვისი ადგილი აღარ რჩებოდესო. გულთან ახლოს კი,მაგრამ გულში არა, გული მხოლოდ უფალს ეკუთვნისო. ხომ გეუბნებით, ბევრი გიჟადაც თვლიდა, მაგრამ მაინც ისე უყვარდათ, უმისოდ ყოფნა ვერც კი წარმოედგინათ. ყველასთვის მფარველი ანგელოზი იყო და, თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა, თვით წარმოუდგენელი რამეც კი, სუყველა ფერიასთან გარბოდა. თან მკურნალიც გახლდათ და ეს კიდევ უფრო საჭიროს ხდიდა მის არსებობას. როცა სადმე აპირებდა წასვლას, ეხვეწებოდნენ, მალე დაბრუნდი, უშენოდ დიდხანს ვერ გავძლებთო. აღარ შევუდგები იმის აღწერას, ვისთვის რამდენი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული ფერიას, ამას ვერც აქ დავატევთ და არც დრო გვეყოფა ამისთვის. სია რომ ჩამოვწეროთ, დედამიწიდან ცას ასწვდება ნაწერები, იმდენი გამოვა. მიუხედავად ამისა, ფერია ისევ მარტო იყო და არაფრით არ გამოჩნდა ადამიანი, ვისაც მისი სიყვარულის და ხვედრის გაზიარების არ შეეშინდებოდა, ვინც მის სიხარულს და ტკივილს გაიზიარებდა და ბედნიერ ქალად აქცევდა. ფერია კი ოცნებობდა. ოცნებობდა ოჯახზე, შვილებზე და მორჩილად ელოდა თავისი რჩეულის გამოჩენას. სიყვარულით კი ბევრს უყვარდა. ლექსებს და ბალადებს უძღვნიდნენ, სიმღერებს უწერდნენ, ოცნებობდნენ კიდეც მასზე, მაგრამ ვერა და ვერ ეკარებოდნენ. ის კი არა და, ეშინოდათ კიდეც მისი. ცოტაც და, მონასტერში წავალ, – ფიქრობდა ფერია – მაინც არავის ვჭირდები, უფალს მივუძღვნი ჩემს სიცოცხლეს. ძმა უკვე დიდი იყო, სადაცაა, დაქორწინდებოდა კიდეც და ვიღას ველოდოო, ასე ფიქრობდა. მაგრამ მაინც რაღაც იჭერდა, არ უშვებდა. რა იყო ეს? იმედის ნაპერწკალი? წინათგრძნობა? თუ ფიქრი იმისა, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ მისი იქ, მათ გვერდით ყოფნა? ასე იყო თუ ისე, ფერია სერიოზულად ფიქრობდა თავისი ცხოვრების შეცვლას. ადამიანებს ხომ მონასტერიდანაც დავეხმარებიო, ფიქრობდა გულში, მაგრამ მაინც ჯერ ვერ დგამდა ამ ბოლო, გადამწყვეტ ნაბიჯს, თან სულიერი მოძღვარიც უკრძალავდა. შენ ლამაზი შვილები უნდა გააჩინო და სამშობლოს აღუზარდო, ვინ გითხრა, მონასტერში წადიო. დრო კი გადიოდა. კი არ გადიოდა, მიჰქროდა ფერიასთვის და იმედიც ნელ-ნელა უიმედობით იცვლებოდა, ლოდინი – დაღლით, ოჯახზე ნატვრა – უფლისთვის თავშეწირვის სურვილით. და აი, დადგა ის დღეც, როდესაც ფერიამ გააკეთა საბოლოო არჩევანი და მზად იყო გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად, როდესაც წინ უმშვენიერესი ყმაწვილი გადაუდგა. ახლოს მივიდა მასთან, ძალიან ახლოს. ეტყობოდა, რომ მასაც წვავდა ფერიას სილამაზე და ბრწყინვალება, მაგრამ უძლებდა. ისეთი სიყვარულით ჰქონდა თვალები ანთებული, ფერიას გულისთვის ამას კი არა, ჯოჯოხეთის ცეცხლოვან ტბაში რომ ჩაგეგდოთ, იმას გაუძლებდა, ამოძვრებოდა და ფერიასთან დაბრუნდებოდა. არასოდეს, არსად ასეთი სიყვარულით ანთებული თვალები არ უნახავს ფერიას, არც ერთ ადამიანში.სიტყვები არ იყო საჭირო. გულმა გული იცნო, სულმა - სული და ფერიას თვალებიც ასეთივე სიყვარულით აინთო. ერთია მხოლოდ, საიდანღაც ეცნობოდა ეს სახე, მაგრამ ვერაფრით ვერ იხსენებდა. ისეთი ცეცხლი ტრიალებდა მის გულში, ამაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა. ბედნიერების და უსაზღვრო სიყვარულის იმედმა თავბრუ დაახვია და კინაღამ გონებაც დაკარგა. ვიცი,რომ მიცანი, – გაუღიმა ყმაწვილმა – ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. –საიდან? გაოცდა ფერია და სიყვარულით სავსე ცრემლიანი თვალები დაბლა დახარა. –ჩვენ ორივე ანგელოზები ვიყავით დასაბამიდან. შემდეგ უფალმა დედამიწაზე მოგავლინა, რომ ირგვლივ სიყვარული და სიკეთე გეფრქვია. სიმართლე გითხრა, არ უნდოდა უფალს შენი გათხოვება. იმდენად უყვარხარ, ვერ გიმეტებდა ვერავისთვის და მხოლოდ თავისთვის უნდოდი. მაგრამ განსაცდელთა იმ რაოდენობამ, რაც შენ ღირსეულად გადაიტანე, შენმა უზომო სიყვარულმა, შენმა უტკბილესმა გულმა და უმშვენიერესმა სულმა, შენმა უდიდესმა თავდადებამ და ერთგულებამ ღვთისადმი, გული მოულბო უფალს და გადაწყვიტა აქაც, დედამიწაზე, აგისრულოს ნატვრა და მოგცეს ოჯახი, შვილები. მაგრამ დედამიწაზე მცხოვრებთაგან უფალმა ვერავინ მოძებნა ღირსეული სასიძო თავისი საყვარელი ფერიასთვის და ამიტომ მე გამომგზავნა. ადამიანად მაქცია და ახლა აქ ვარ, შენთან. შენს გასაბედნიერებლად მოვედი, ჩემო ფერიავ. ყველაზე ბედნიერ ქალად უნდა გაქციო დედამიწის ზურგზე და, როცა დრო მოვა, მრავალი წლის შემდეგ, ისევ ანგელოზებად დავბრუნდებით ღმერთთან ორივე. ვერ აღგიწერთ ფერიას მდგომარეობას. სიყვარული და ცრემლი ერთმანეთში არეული, მადლიერება და ცოტაც სირცხვილი, უმანკო, როგორც თავად ფერია. მოულოდნელი სიხარულისგან ათრთოლებული პატარა გული, მუხლებშიც რომ იწვევს სისუსტეს და ძლივს უძლებს, რომ არ ჩაიკეცოს... და რაც მთავარია უსაზღვრო, უკიდეგანო და აქამდე ჯერ არგანცდილი ბედნიერების გრძნობა, უფლის სიყვარულთან მიახლოებული, რომელიც ისე ისწრაფვის გულიდან ამოხეთქვას, როგორც ცხელი ლავა მიწიდან, რომელიც ეს ესაა შეინძრა, სადაცაა, ვულკანად გარდაიქმნება და ამოიფრქვევა... და გაასკეცებული, გაათასკეცებული სიყვარული უფლისა, ენით გამოუთქმელი მადლიერება და უამრავი ცრემლი, ცხელი, როგორც თავად ეს სიყვარული და ტკბილი, როგორც თავად უფალი. ასე თავდება ამბავი უმშვენიერესი ფერიისა,ზღაპარი, რომელიც სინამდვილიდანაა მოსული და სინამდვილე, რომელიც ზღაპრად იქცა. იყო და არა იყო რა... ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? არც არასოდეს არა ყოფილა რა და არც არასოდეს იქნება!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი