მოგზაურობა ათონის მთაზე (დოკუმენტური მოთხრობა)


შესავალი

           დიდება ღმერთსა ყოვლადმოწყალესა და მოსიყვარულეს!!!

საოცარია ცხოვრება. ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე, რომელზე არათუ ოცნება, ხშირად გაფიქრებაც კი არ მოგივა თავში ადამიანს. ასევე განსაცდელებიც, რომლის წარმოდგენა კი არა, გულში გავლებაც არასოდეს მოგინდება კაცს.
მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ყველაფერი ჩაივლის ხოლმე, მერეღა ვხვდებით, რა უსუსურები და უმეცრები ვართ ადამიანები; მაშინ ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებით და დაშვებით ხდება. უდიდესი მადლიც და ძლიერი განსაცდელებიც, თუმცა ორივე წყალობაა ჩვენთვის. ჩვენივე სასიკეთოდ და საცხოვნებელად უშვებს ღმერთი ყოველივეს.
სწორედ ერთ ასეთ გასაოცარ შემთხვევაზე მინდა მოგითხროთ, არ მომერიდება ვთქვა - სასწაულზე, რომელიც უფლის წყალობით განვიცადე და, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულსა და გონებაში.
მინდა მოგითხროთ იმ საოცარ მოგზაურობაზე, რომელიც უფალმა უდიდესი მადლით და სიყვარულით მარგუნა და, რომელსაც თვით ყველაზე ნეტარ სიზმარშიც კი ვერასოდეს ვერც წარმოვიდგენდი და ვერც გავიფიქრებდი.
მაგრამ სანამ მოგზაურობის აღწერას შევუდგებოდე, მინდა, მცირეოდენი წინასიტყვაობა წავუმძღვარო მას.
უპირველესად, მინდა მოგახსენოთ, რომ ყოველივეს ისე აღვწერ, როგორც ჩემი მწირი გონება და მეტყველება მომცემს ამის საშუალებას, რაც, ალბათ, საკმაოდ დაშორებული იქნება იმისგან, რაც ჭეშმარიტად ვიხილე და განვიცადე. თუმცა მთელი ჩემი არსებით ვეცდები მაქსიმალური სიზუსტით და სიწრფელით გადმოგცეთ ყოველივე ნანახი და განცდილი. გადმოგცემთ იმასაც, რაც არცთუ სასიამოვნოა ჩემთვის და, ალბათ, უნდა მრცხვენოდეს კიდეც, მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ სასიამოვნი განცდები არ არის და ყოველმა ქრისტიანმა, რომელიც ყვება თავის შესახებ, ის სამარცხვინო მომენტებიც უნდა აღიაროს, რაც განიცადა და გადახდა. ასე ვთვლი და სწორედ ასედაც ვეცდები სრული სიმართლით, ყოველ შემთხვევაში, როგორც პირადად ვფიქრობ, გადმოგცეთ ყოველი სიტყვა თუ აზრი.
არ შეგაწყენთ თავს იმის აღწერით, როგორ და როდის დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. მართალია, ჭეშმარიტებისგან ჯერ ძალიან შორს ვარ, მაგრამ ვცდილობ, ვწვალობ და ვფიქრობ, რომ ღვთის მადლით მივიწევ წინ და მაქვს იმედი, რომ ჯერ ადამიანად ვიქცევი, შემდეგ კი - ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად, თუ უფლის ნება იქნება, რა თქმა უნდა.
ჩემს სულიერ ნათლიად მამა გაბრიელს ვთვლი. მან ჩამაფიქრა უფალზე სერიოზულად, ღრმად. მისმა უდიდესმა სათნოებამ, სიყვარულმა და სიბრძნემ ჩამინერგა წყურვილი, შემეცნო უფალი და დავდგომოდი ჭეშმარიტების გზას.
შემდეგ იყო მამა გიორგი ბასილაძე, მამა ვიტალი და ის უდიდესი და უწმიდესი ჩვენი მამები, რომელთაც ხარბად დავეწაფე, როგორც თოთო ბავშვი დედის რძეს.
 
ემიგრაციაში მყოფს, მართალია, ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ ვცდილობდი, როგორც შემეძლო, ისე გამომეყენებინა ეს დრო, ჩემივე სულის გადასარჩენად.
ვუსმენდი მამა არჩილ მინდიაშვილის, მამა გიორგი პავლოვის, მამა ილია ჩიკვაიძის და სხვა უსაყვარლესი ჩვენი მოძღვრების ქადაგებებს და გული სიყვარულით ივსებოდა, სულში კი ჩაუქრობელი ცეცხლი გიზგიზებდა.
ვცდილობდი, არც ერთი წირვა არ გამეცდინა. ჩემს ქალაქში ქართული ეკლესიის არარსებობის გამო, სიარული სერბულ ეკლესიაში დავიწყე ოჯახთან ერთად, რადგან ლონდონში სიარული ყოველ წირვაზე, უბრალოდ, შეუძლებელი გახლდათ. გაცდენა კი არ მინდოდა, რადგან კარგად გავათვითცნობიერე, რომ დედამიწის ზურგზე არ არის უკეთესი ადგილი, ვიდრე ღვთის ტაძარია და ვერასოდეს უკეთესად ვერ გამოიყენებ ისედაც მცირე დროს ადამიანი, ვიდრე წირვაზე, რომელზეც უამრავი წმინდანი და ანგელოზი ესწრება თავად უფალთან და დედა ღვთისმშობელთან ერთად და, განა, შეიძლება სადმე უკეთესი ადგილი არსებობდეს, განა, შეიძლება უკეთეს ადგილას წავიდეს ადამიანი ან რაიმე მიზეზი გამონახოს წირვაზე დაუსწრებლობისა?
 
მე წირვას ვადარებ ულამაზეს და უმშვენიერეს ქორწილს, რომელზეც მიწვეულები ვართ და მასზე არ წასვლა დიდ უგუნურებას ნიშნავს, ხოლო როდესაც ადამიანი არ ცდილობს,  ხშირად ეზიაროს, მაგონებს ამ წვეულებაზე დაპატიჟებულ სტუმარს, რომელიც ქორწილს შორიდან ადევნებს თვალს, თვითონ კი არც ჭამს, არც სვამს და არც მხიარულობს ნეფე-პატარძალთან და სხვა სტუმრებთან ერთად. ასე ვფიქრობ და მართალი ვარ თუ არა, დაე, უფალმა განმსაჯოს.
სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე ჩემი პირადი მონაცემები გავაუქმე და მთლიანად ღვთის სიყვარულს და წმიდა მამების ქადაგებებს მივუძღვენი. სახელი იცით, ალბათ -“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ დავარქვი, რომელიც ათონის ესთიგმენის მონასტრის დევიზია და ნიშნავს არა მათ სიკვდილს, ვინც მართლმადიდებელი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია და ზოგჯერ მლანძღავენ და მაგინებენ კიდეც ამის გამო, არამედ იმას, რომ ამ ადამიანებს მართლმადიდებლობის დაკარგვას სიკვდილი ურჩევნიათ; რომელთათვისაც მართლმადიდებლობა ყველაზე უზენაესი ფასეულობაა და სიკვდილსაც სიხარულით მიიღებენ ამის გამო. სწორედ ამიტომ მომეწონა მეც მათი ეს დევიზი და ჩემი ფეისბუქის სახელად შევარჩიე. მინდოდა, ჩემი მცირედი შრომით ჩემს სულსაც დავხმარებოდი და სხვისასაც, ერთად გაგვევლო ყოველი ნაბიჯი და ვზიარებოდით უფლის ჭეშმარიტებებს და წმიდა მამათა სიბრძნეებს, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა. მე თავად „თოთო ბავშვი“ სარწმუნოებაში, სხვა „ბავშვებსაც“ ვიწვევდი ჩემ გვერდზე, რომ ერთად გაგვევლო ის ტკბილი გზა, უფლისკენ რომ მიდის და სულს და გულს ახარებს და აცისკროვნებს.
 
...და როგორც იცით, რამდენიმე წელია, არსებობს გვერდი სახელით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“, რომლის წამყვანიც თქვენი მონა-მორჩილი გახლავთ.
ამაზე არ გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას, ეს რომ მნიშვნელოვანი არ იყოს შემდგომი თხრობისათვის.
არ ვიცი ამის გამო, თუ უფრო ჩემი დიდი ცოდვილობის გამო, უფალმა ჩემზე უდიდესი მადლი და წყალობა გამოიღო და ისეთ სასწაულს მაზიარა, რასაც ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობა ჰქვია.
ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი სერბი მოძღვარი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა ნენადი მეძახის და მასთან ერთად ჯვართამაღლების დღესასწაულზე ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობას მთავაზობს. აღელვებისგან ჯერ დავიბენი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაფიქრების ვადა მომცა, არც კი შევყოყმანებულვარ, მაშინვე დავთანხმდი. არათუ დავთანხმდი, იმ დღესვე ავიღე გასამგზავრებელი და უკან დასაბრუნებელი ბილეთები.
მითხრა, რომ ჯერ ბელგრადში ჩავიდოდით, სადაც მამა ნენადი მასპინძლობას გამიწევდა, მერე კი მანქანით ათონის მთისკენ გავემგზავრებოდით. მითხრა ისიც, რომ ჩავიდოდით სალონიკშიც და მოვილოცავდით დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძარს და მის წმიდა ნაწილებს.
 
არ ვიცი, ვინ რას იფიქრებდა, მე კი ყველაზე უგუნური არსება ვიქნებოდი დედამიწის ზურგზე, ამ შემოთავაზებაზე უარი რომ მეთქვა. ჩემი მორცხვი ბუნების გამო ძალიან მაწუხებდა პირადად მამაოსთან სტუმრობა და მოწიწებით სასტუმროში დაბინავების ნებართვა ვითხოვე, თუმცა მაშინვე უკუაგდო ეს წინადადება და ისე დამაჯერებლად გამაჩუმა, რომ მეორედ ამაზე ხმა აღარ ამომიღია.
რა თქმა უნდა, სიხარულის და ბედნიერების გრძნობა უზომო იყო, მაგრამ არც გაოგნება და შოკი ახლდა ამ ყველაფერს და რომ აღარ მოვეშვი მამაოს მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვას, რამდენჯერმე გამიმეორა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო და ურჩიეს ჩემი წაყვანა, თუმცა ჩემს გახარებულ თავში ეს ნაკლებად შედიოდა და და მხოლოდ მოგვიანებით, მოგზაურობის ბოლოს გავიგე, რომ მამა ნენადი არ ტყუოდა და ჩემი წაყვანა მრევლის ნაწილმა და, მათ შორის, ტაძრის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ, ასე ვთქვათ, ზედამხედველმა ურჩია, როგორც ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსიარულე ადამიანის.
ასე იყო თუ ისე, ღმერთმა ამ ადამიანების სახით უდიდესი სიხარული და ბედნიერება მაჩუქა და მომცა საშუალება, ეს უდიდესი წმიდა ადგილი მომელოცა. 
როდესაც ცოტათი დავწყნარდი და ვიგრძენი, რომ ეს სიზმარი არ იყო და ნამდვილად ხდებოდა, რაზეც ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, ვეცადე, წარმომედგინა წინასწარ, როგორ იქნებოდა ყველაფერი და როგორ წარიმართებოდა ყოველივე.
დარწმუნებული ვარ, ყოველი ქართველი, რომელიც ათონის მთაზე მიემგზავრება, უპირველესად ივერონის მონასტერსა და ივერიის ღვთისმშობლის მოლოცვაზე ოცნებობს. რა თქმა უნდა, არც მე ვიყავი გამონაკლისი, თუმცა კარგად ვხვდებოდი, რომ ეს, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა. არ ვიცოდი, ხუთდღიანი მოგზაურობიდან რამდენი დღე დავყოფდით ათონის მთაზე და რომელი მონასტრების ნახვის საშუალება გვექნებოდა. რა თქმა უნდა, გუმანით ვხვდებოდი, რომ მამაო სერბულ მონასტერში, ჰილანდარში წამიყვანდა, მაგრამ ვფიქრობდი იმაზეც, რომ იქნებ როგორმე, ერთი საათით მაინც, კარის ღვთისმშობელს ვხლებოდი და, თუნდაც, დაუჯდომელი წამეკითხა. ვფიქრობდი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვნახავდი ესთიგმენის მონასტერსაც, რომლის დევიზიდანაც მოდიოდა ჩემი გვერდის სახელი და, რომელზეც ოცნებაც კი საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. თუმცა, სიმართლეს ვიტყვი, უიმედობაც მეუფლებოდა – 20 მონასტრიდან რაღა იმ მონასტერში წავიდოდით, სადაც მე მინდოდა? ეს წარმოუდგენელი გახლდათ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაო სერბულ მონასტერში, ჰილანდარში წამიყყვანდა.
ვფიქრობდი ამ ყველაფერს და ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი მოძღვარს შემდეგ წირვაზე, რომ ყველაფერი ზუსტად გამეგო, რადგან იმ პირველ დღეს ისეთი აღგზნებული და დაბნეული ვიყავი ასეთი მოულოდნელი ბედნიერებისაგან, რომ არც კი მიკითხავს, სად და რამდენი დღით მივდიოდით.
როდესაც მამა ნენადი ვნახე, მოწიწებით ვკითხე, მექნებოდა თუ არა საშუალება, თუნდაც ერთი საათი, კარის ღვთისმშობელი მენახა ივერონის მონასტერში.
მამაომ მიპასუხა, რომ მივდივართ ესთიგმენის მონასტერში, საიდანაც ივერიის მონასტერი ძალიან შორია. ლაპარაკია ერთ ან ორ ღამეზე. თუ ორი ღამით დავრჩებოდით, მექნებოდა ამის საშუალება, ხოლო თუ ერთით, სავარაუდოდ - არა.
 
ესთიგმენის მონასტერს რომ მოვკარი ყური, ენა დამება და მოულოდნელობისგან დავმუნჯდი, მხოლოდ კითხვა შევუბრუნე, სად მივდივართ-მეთქი? – ესთიგმენის მონასტერშიო, დამიდასტურა მამაომ.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ მივდიოდით, რა თქმა უნდა, ჰილანდარში, ხოლო ესთიგმენის მონასტერში სტუმრობა იყო დაგეგმილი და, რადგან მე ივერონის მონასტერში სტუმრობაზე ვეკითხებოდი მამაოს, მანაც სწორედ ეს იგულისხმა. თუმცა ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, რომ ვნახავდი იმ მონასტერს, რომელზეც ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. მე, რომლის გვერდსაც „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ ერქვა, ვნახავდი იმ მონასტერს, რომლის თავზეც ფრიალებს დროშა წარწერით - “მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.
 
ეს იმდენად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი გახლდათ, რომ დიდხანს ვიყავი გაბრუებული და შოკირებული. არ მახსოვს, როგორ დავჯექი მანქანაში, როგორ წავედი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ასეთი დამთხვევა შეუძლებელი იყო, წარმოუდგენელი და განსაცვიფრებელი. არც მამაომ და არც სხვა ვინმემ არც ის იცოდა, რომ მე ფეისბუქში გვერდი მქონდა „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ და არც ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის. იცოდა მხოლოდ უფალმა ღმერთმა, უზენაესმა და უსასრულომ.
ამ ფიქრებში გართულს წინ კიდევ ერთი სასწაული მელოდა. მანქანაში ხშირად ვუსმენ სხვადასხვა მოძღვართა ქადაგებებს, როგოც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე. იმ დღესაც, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ჩართული მქონდა ერთ-ერთი რუსი მამის ქადაგება სიკდილის შემდგომ ცხოვრებაზე.
ტაძრიდან გამოსულმა გავაგრძელე ქადაგების მოსმენა, მაგრამ ბედნიერებისაგან დაბინდულს და გაოგნებისგან არეულს ერთი სიტყვა არ გამიგია ქადაგებიდან. მხოლოდ ამ უეცარ და გამაოგნებელ სასწაულზე ვფიქრობდი, იმ მადლსა და წყალობაზე, რაც უფალმა ჩემზე გამოიღო. ვერ ვიჯერებდი, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო.
–არა, ეს შეუძლებელია, ასეთი დამთხვევა წარმოუდგენელია. ნუთუ, შემთხვევით დაემთხვა ასე? ვფიქრობდი და ...
უცებ, თითქოს ყურში ჩამძახესო, ზუსტად იმ წამში მკაფიოდ მომესმა რუსი მოძღვრის სიტყვები, რომელთაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„Случайность-это псевдоним Бога. Ничего случайного не бывает.“
ანუ: „დამთხვევა – უფლის ფსევდონიმია. არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე“...
მეტს ამაზე არაფერს გეტყვით, თავად წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ და რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. ამის გადმოცემა სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია.
მოგვიანებით, როდესაც ეს ადგილი განმეორებით მოვისმინე, გავოცდი, როგორ არის გამოყოფილი ეს ფრაზა მთელი ქადაგებიდან, თითქოს შეგნებულადაა ეს გაკეთებული და განსაკუთრებულად ხმამაღლა და გამორჩეულად ნათქვამი.
სიმართლისათვის მინდა მოგახსენოთ – ძალიან კარგად ვიცოდი მანამდეც, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და ყოველივე უზენაესის ნებაა, მაგრამ იმდენად უღირსად ჩავთვალე ჩემი თავი ასეთი დიდი წყალობისთვის, ამის დაჯერება კი არა, წარმოდგენაც მიჭირდა. ახლა კი ვხვდები, რომ უფლის წყალობა არა მხოლოდ ღირსეულებზე, არამედ უღირსებზეც ხშირად გადმოდის, რათა თვალები აეხილოთ და სწორი გზით იარონ. ალბათ, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ რაიმით დავიმსახურე ეს დიდი წყალობა ღვთისა.
...დაბოლოს, დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ჩემდა გასაოცრად, როდესაც მოგვიანებით ათონის მთის რუკას დავხედე, აღმოვაჩინე, რომ სერბული მონასტერი ჰილანდარი და ესთიგმენის მონასტერი გვერდიგვერდ არიან ერთმანეთთან. იმდენად ახლოს, რომ გეგონება ერთი მონასტრიდან რომ ფეხს გადადგამ, მეორე მონასტერში აღმოჩნდები. 
აი, ეს მინდოდა წინასიტყვაობის მაგიერ მეთქვა და, თუ უკვე არ დაგღალეთ და თავი არ შეგაწყინეთ, დავიწყებ მოგზაურობის აღწერას.


                                         მოგზაურობის დასაწყისი

ბელგრადის საერთაშორისო აეროპორტში დავეშვით. უკვე ღამის 12-ის ნახევარია. მამა ნენადი მეუღლესთან ერთადაა, მე - მარტო. სამივე ტაქსიში ვსხდებით და ავტოსადგურისკენ მივდივართ. ძალიან ლამაზიაო ბელგრადი, გამიგია, მაგრამ აეროპორტი ქალაქგარეთაა. არაფერი განსაკუთრებული ჯერ არ ჩანს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა ბელგრადის დათვალიერების საშუალება. ახლა კი სხვა ქალაქში უნდა წავიდეთ – ალექსინაცში. იქ, სადაც მამა ნენადი დაიბადა და გაიზარდა,სადაც მისი სახლია. მივედით ავტოსადგურში. ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ დამინახავს. არც ვფიქრობ ახლა ამაზე. ისედაც დაღლილებს, კიდევ ორსაათ-ნახევრიანი მგზავრობა გვიწევს ავტობუსით. ამდენივე დაგვჭირდა ლონდონის აეროპორტამდე, ამდენივე ვიფრინეთ. ხოდა, საკმაოდ დაღლილ–დაქანცულებს ერთი სული გვაქვს,როდის მივალთ სახლამდე, რომ დავწვეთ და დავიძინოთ. თანაც ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ათონის მთისკენ უნდა დავიძრათ. ამიტომაც მეჩქარება დაძინებაც და მეორე დღის გათენებაც.
დილის სამ საათზე მამაოს სახლში ვართ. მამაო თავის დედას მაცნობს, თავისივე ოთახს მითმობს და მივდივართ დასაძინებლად.
დაღლილ-დაქანცულს ოთახის დათვალიერების თავიც არ მაქვს, ვხედავ კედელზე ჩამოკიდებულ ხატებს, მამაოს გამოსაცვლელ ანაფორებს, ჯვრებს, წიგნებს და უამრავ სხვადასხვა ნივთს. მყუდრო და პატარა ოთახის უზარმაზარ საწოლზე ვწვები და ვიძინებ.
მამა ნენადი 35 წლისაა. 5 წლის შეუღლებულია, მაგრამ შვილი ჯერ არ ჰყავს. ბირმინგემის სერბულ ტაძარში დიდი ხანი არაა, რაც მოღვაწეობს. ყოფილა მანამდე რამდენჯერმე ჩამოსული, მაგრამ სულ ცოტა ხნით. ახლა კი მუდმივად ამ ტაძრის მსახურია, თუმცა მუდმივი ვიზა ჯერ არა აქვს. ენაში მეცადინეობს, რომ გამოცდები ჩააბაროს და რეზიდენტის სტატუსი მიიღოს. მანამდე კი წვალობს, როგორც შეუძლია. მიდის და მოდის სერბიიდან ინგლისში და ემსახურება უფალს და ხალხს. მანამდე რუსი მოძღვარი გვყავდა, მაგრამ რაღაც პრობლემების თუ გაუგებრობის გამო დატოვა ეკლესია და სხვა ტაძარში მსახურობს ამჟამად.
 
მამა ნენადის ჩამოსვლისთანავე მასთან საოცრად თბილი და კეთილმოსურნე ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. მიკვირდა კიდეც, განა, რით დავიმსახურე, ასეთი ყურადღებით და სითბოთი რომ მეპყრობა-მეთქი. არ ვარ მიჩვეული გადამეტებულ ყურადღებას ჩემს მიმართ. ერთხელ სამრეკლოზეც კი ამიყვანა და ზარები დამარეკინა. მხოლოდ გვიან მივხვდი, რომ მამაო ბუნებით არის სათნო და კეთილი. ყველასთან მომღიმარი და მოსიყვარულე და მე აქ არაფერ შუაში ვარ. სერბიაში სტუმრობისას კი დავრწმუნდი, როგორ უყვარს ყველას მისი დანახვა და მასთან ყოფნა, ვინც კი მას იცნობს. ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი პიროვნება სერბულ ეკლესიაში. მოგვიანებით, სულ სხვა დასახლებაში, ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა გაიგო რა, რომ მისი მრევლი ვიყავით, დიდი სიყვარულით მოიხსენია და ძალიან გონიერ და ნიჭიერ ადამიანად დაახასიათა.
აი, ამ ადამიანის წყალობით მოვხვდი ამ მოგზაურობაში და ახლა მის პირად ოთახში ვწევარ და მძინავს. 
სამი-ოთხი საათის ძილის შემდეგ ვდგები. სად გვაქვს ძილის დრო, ათონისკენ მივემგზავრებით. ძილს მერეც მოვასწრებთ. დილის ლოცვებს ვკითხულობ და თან მამაოს ოთახს, ამჯერად უფრო გულდასმით ვათვალიერებ. უფლის და ღვთისმშობლის ხატებთან ერთად, წმიდა პარასკევას და წმიდა გიორგის ხატები უკიდია მთავარ კედელზე. სწორედ ამ ხატების ქვეშ მეძინა ღამით უზარმაზარ საწოლზე. მამაო მესალმება და თავის საქმეებზე გარბის. ის არის ამ მოგზაურობის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. ჩემს გარდა, ვიცი, სხვებიც მოდიან ათონზე, თუმცა ჯერ არ ვიცი, ვინ და რამდენი.
სანამ მამაო ბრუნდება, მე მის დედასთან ყავის სმით ვიქცევ თავს და რუსულ-ინგლისურად, რაღაცნაირად ვახერხებთ გასაუბრებას. მისგან გავიგე ბევრი რამ. გავიგე, რომ მამა ადრე გარდაცვლია მამაოს და დედას გაუზრდია. მისგან გავიგე, რომ 5 წლის დაოჯახებულს შვილი ჯერ არ ჰყავს და ასე შემდეგ...
მამაო მალე ბრუნდება და წასასვლელად ვემზადებით. ვალაგებ ჩემს ბარგს და გავდივართ. ასე მგონია, აქ აღარ დავბრუნდები და მის სათნო დედას გულმხურვალედ ვემშვიდობები. მანქანაში ვსხდებით და ალექსინაცის ეკლესიაში მივდივართ. მანამდე კი მამა ნენადი მამა ივანს მაცნობს კიდევ ორ ადამიანთან ერთად, რომლებიც ასევე მოდიან ჩვენთან ერთად ათონზე. სწორედ მამა ივანი ზის საჭესთან, რომელსაც ეკლესიისკენ მივყავართ.
იქ, მეორე მანქანით კიდევ გვხდება ხალხი. ისინიც ჩვენთან ერთად მოდიან. მამა ნენადის გარდა, მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ. ტრაიანი, ჩვენი ეკლესიის სული და გული. ეს ადამიანი ეკლესიას საკუთარი შვილივით დაჰფოფინებს. სანთლებს უვლის, ნამწვავებს აგროვებს და ცალკე ყუთში ალაგებს. მოკლედ, ჩვენი ეკლესიის ზედამხედველია. მას ვიცნობდი, მაგრამ არც ისე ახლოს. მხოლოდ მისალმებით და მცირეოდენი გასაუბრებით. თუმცა მამაოსგან ვიცოდი, რომ აქ იქნებოდა და ჩვენთან ერთად იმგზავრებდა ათონზე.
ტრაიანი 80 წლისაა, თუმცა 70-ზე მეტს ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი და როცა ასაკი მითხრა, გაოცებული შევყურებდი. ღმერთმა ჯანმრთელობა ნუ მოუშალოს. საკმაოდ მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურება.
მამა ნენადი მანქანებში გვანაწილებს. ამჯერად სხვა მანქანაში ვჯდები, თუმცა ორივე ერთი ფერის ფოლქსვაგენია და ისე გვანან ერთმანეთს, ტყუპები გეგონებათ. ტრაიანი მძღოლს მაცნობს. პიტერი ქვია, ჩემო ძმააო, ამბობს. პუტკუნა და სასიამოვნო გარეგნობის კაცი, ასე 55-60 წლის იქნება. ტრაიანის შემყურე, აღარ მიკვირს, რომ საკმაოდ ბევრი შემეშალოს ასაკის განსაზღვრისას. გვერდზე ტრაიანი უზის. უკან კი კიდევ ერთი ნენადი და მე ვსხედვართ. 
ალბათ, ფიქრობთ, რად უნდა ამდენს რომ მიედ-მოედებაო. მართალიც იქნებოდით, მაგრამ შემდგომში თავადვე მიხვდებით, ამ ადამიანებს რაოდენ დიდი ადგილი აქვთ დათმობილი ჩემს მომავალ თხრობაში და საერთოდ, რამხელა მნიშვნელობა – ჩემს მოგზაურობაში. ამიტომაც შევჩერდი მათზე ოდნავ დაწვრილებით, ტრაიანს და პიტერს ვგულისხმობ.
ორი მანქანით 9 კაცი ვიძვრებით და ვიწყებთ მგზავრობას. მეც კომფორტულად ვეწყობი და სასიამოვნო სიურპრიზების და ახალი განცდების მოლოდინში სიამოვნებით ვიყურები აქეთ-იქით. ყველაფერი მაინტერესებს. დღის სინათლეზე კარგად დავინახავ სერბიას, მაკედონიას,საბერძნეთს. დიახ, სწორედ ეს ქვეყნები უნდა გავიაროთ, რომ ათონის მთამდე მივიდეთ.
ალექსინაცი პატარა და მყუდრო ქალაქია. წყნარი და უშფოთველი. საქართველოს პატარა ქალაქს ან დაბას მაგონებს, სადაც ადამიანები უხმაუროდ, მშვიდად ცხოვრობენ. ქუჩებით, სახლებით, მაღაზიებით  ძალიან წააგავს ჩვენს გარემოს. შემდგომში უამრავი რამ ვნახე ისეთი, რამაც საქართველო გამახსენა და გამაოცა. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.
მალე ქალაქიდან გავდივართ და გზა მთებისკენ მიემართება. ვიყურები აქეთ-იქით და თვალებს არ ვუჯერებ. 
ირგვლივ მთებში პატარა სახლები, დასახლებები იმერეთის, რაჭის თუ მაღალმთიანი აჭარის სოფლებს მაგონებს. როგორ გავს. აქეთ მდინარე ჩამოედინება. აღფრთოვანებული ვუხსნი ჩემს თანამგზავრებს, რომ აქაური ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას, რომ ჩვენთანაც არის ასეთი მთები, მდინარეები, მთებში მივარდნილი სოფლები და მიკვირს კიდეც, ნეტავ, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, რითი ირჩენენ თავს? ტყეები მაღალი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებითაა დაფარული. ტრაიანი მიხსნის, რომ როდესაც მაკედონიაში გადავალთ, იქ ამ სიმაღლე ხეებს ვეღარ ვნახავ და, რომ ყველაზე მაღალი ხე 50 სანტიმეტრისაა. ხუმრობს, რა თქმა უნდა. 
ცოტა ხანში გზიდან გადავდივართ და ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმრო-რესტორანთან ვაჩერებთ. მოგვიანებით ვიგებ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასაუზმე თუ სასადილოა (არც კი ვიცი, რა ვუწოდო), სადაც უამრავი მგზავრი ჩერდება და გვარიანად ნაყრდება. უზადო სისუფთავე და მყუდროება სუფევს უზარმაზარ რესტორანში, რომელსაც ძალიან კოხტა, ასევე უზარმაზარი გარე აივანი აქვს ლამაზი ფანტანებით და წინ მთების ულამაზესი ხედებით. თბილი და საამური ამინდია და ჩვენც აივანზე ვსხდებით სასაუზმოდ. 
სწორდ აქ გავსინჯე პირველად სერბული ნაციონალური საჭმელი „ბესკოვიცა“, რომელიც მრგვალი პურის შუაში ჩადებულ დიდი ხორცის ნაჭერს წარმოადგენს. როგორც ბურგერი, ოღონდ ბევრად დიდი და ნოყიერი. შიგთავსი, როგორც ამიხსნეს, საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცის ნარევია. ცოტათი წვნიანიც კი. 
დავნაყრდით, ყავაც დავაყოლეთ, ცოტა დავისვენეთ და გავუდექით გზას. აღარ ვამბობ, რომ ვცდილობ, ყველგან სამახსოვრო ფოტოები და ვიდეოკლიპები გადავიღო. ვგონებ, ეს ისედაც ნათელია და ამის შესახებ აღარ ღირს საუბარი და რამდენჯერმე გამეორება.
გარკვეული დროის შემდეგ, გავდივართ სასაზღვრო შემოწმებას და მაკედონიის ტერიტორიაზე შევდივართ. როგორც ტრაიანმა ადრევე გამაფრთხილა, ტყეები მართლაც მეჩხერი და დაბალტანიანი ხეებით იცვლება, თუმცა გზა ისევ მთებში გადის და დანარჩენი ისევ იგივეა, ერთი განსხვავებით. ორივე მხარეს უამრავი ვენახი გადაშლილა და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კახეთის გზატკეცილზე მივქრივარ. თუმცა, ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ვენახები ბევრად მაღალი და ფართოა. თუმცა მაინც ძალიან გაოცებული და გახარებული  ვარ და გულში ვღიღინებ: – აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო შენა, ჰა?.. 
რა თქმა უნდა, ჩემს თანამგზავრებს კვლავ აღფრთოვანებული და განცვიფრებული ვუხსნი, რომ ეს ყოველივე ძალიან ჰგავს საქართველოს; რომ ჩვენი მადლიანი სამშობლო ღვინის ქვეყანაა და, რომ ქართული ღვინო უმეტეს შემთხვევაში უმაღლეს ჯილდოებს იღებს ღვინის ამა თუ იმ საერთაშორისო ფესტივალებსა თუ კონკურსებზე.
საუბარს საუბარი მოყვება, ხუმრობას - ხუმრობა. პიტერი საკმაოდ ხუმარა კაცია, ხანდახან ვერც კი გაიგებ, ისე ხუმრობს. ჩვენც ვხუმრობთ და  მხიარულად და ხალისიანად მივუყვებით გზას.
წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად დავუახლოვდი და შემდგომში ამ სიახლოვემ უზარმაზარი, გადამწყვეტი როლი ითამაშა ერთ-ერთ, ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვან მომენტში, რაზეც თავის დროზე მოგახსენებთ.
აი ასე, მხიარული განწყობით და ბედნიერი გამომეტყველებით მივადექით კიდეც საბერძნეთის საზღვარს.
სასაზღვრო შემოწმება აქაც ყოველგვარი გართულების გარეშე გავიარეთ და გავუყევით საბერძნეთის გზას სალონიკისკენ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არც ბერძნულ, არც სერბულ და არც ინგლისურ ენაზე ამ ქალაქს სალონიკი არ ჰქვია. მას თესალონიკს ეძახიან, ისევე, როგორც ადრიან ხანაში. სალონიკი ქართულ ენაში კი სავარაუდოდ რუსულიდან შემოვიდა. ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ და შეიძლება ვცდებოდე კიდეც. თუმცა მე თხრობისას, ჩვენი ტკბილი ენის პატივსაცემად მაინც სალონიკად მოვიხსენიებ.
პირველი შთაბეჭდილება ქალაქში შესვლისას არც ისე სახარბიელო დამრჩა. უფრო პირიქით, ცოტა იმედგაცრუება და სევდა დამეუფლა. ჭუჭყიანი და საღებავით დათხაპნილი შენობები. წარწერებით და უაზრო ნახატებით აჭრელებული. ღარიბული ქუჩები უინტერესო და უფერული პეიზაჟებით. სამწუხაროდ, რაღაცით ჩვენს ზოგიერთ ქუჩებს მიმსგავსებული. თუმცა, მადლობა უფალს, ეს პირველი შთაბეჭდილება ცრუ აღმოჩნდა და შემდგომში საკმაოდ ლამაზი და კოხტა ქალაქი ვიხილე. ლამაზი სკვერებით, შენობებით და განსაკუთრებით ტაძრებით. გადატვირთული გზების და ფეხით მოსიარულეთა ფონზე ეს ქალაქი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ურიგო, როგორც თავიდან მეგონა. შემრცხვა ჩემი სულსწრაფობის და ნაადრევად გამოტანილი დასკვნები გამო.
მამა ნენადმა ცოტა ხნით დაგვტოვა და რაღაც საქმეების გასარკვევად გაემართა. ამასობაში, კაფეში დავსხედით და ვინ ყავით და ვინ უბრალოდ ცივი წყლის სმით შევიქციეთ თავი. სწორედ ამ დროს მამა ივანს გავესაუბრე და უფრო ახლოს გავიცანი. ფეისბუქზე მეგობრობაც კი გადავწყვიტეთ და შემდგომში დავმეგობრდით კიდეც.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მამა ნენადიც, მამა ივანიც, პიტერიც და სხვა სერბი მეგობრებიც საკმაოდ კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ გამჭირვებია. აღარაფერს ვამბობ ტრაიანზე, რომელიც, როგორც გაირკვა, 1953 წლიდან ინგლისში ცხოვრობს და ფაქტობრივად, სუფთად და უშეცდომოდ საუბრობს ამ ენაზე. დედით ბერძენს, ცოტა ბერძნულ ენაზე საუბარიც ეხერხება და მისი ეს ცოდნა მომავალში ზიარებისას გამომადგა, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.
მამა ნენადი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა. როგორც შემდგომში შევიტყვე, დაგეგმილი ყოფილა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძრის მოლოცვა, მაგრამ უდროობის გამო ეს ვერ მოვახერხეთ, თუმცა მამაო შეგვპირდა, რომ უკანა გზაზე ამ ტაძარს აუცილებლად მოვილოცავდით. მანამდე კი მამა ნენადმა და მე ტაძარში რამდენიმე წუთით შევირბინეთ. ისევ ჩემდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მამაომ წამიყვანა თან. მანქანები, გადატვირთულობის გამო, შორს გავაჩერეთ და მხოლოდ ორნი გავემართეთ ტაძრისკენ, სადაც მამაოს გერმანიიდან ჩამოსული ბულგარელი მეგობარი, სვეტოზარი ელოდა, რომელიც შემდგომში ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრი აღმოჩნდა ათონისკენ მიმავალ გზაზე. როგორც მოგახსენეთ, მამაოს ნებართვით ამ დიდებულ ტაძარში რამდენიმე წუთით მაინც შევედი და მის ყველაზე დიდ სიწმინდეს ვეახელი. 
ლუსკუმაში მოთავსებულ დიმიტრი თესალონიკელის წმიდა ნაწილებს ისეთი სურნელება ასდის, რომლის მსგავსიც, მე პირადად, ცხოვრებაში არასოდეს არაფერი მიგრძვნია.თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე უმეცარს და უგუნურს, თითქმის არც არაფერი მინახავს და მომილოცავს მანამდე. უზარმაზარი განცდებით და შთაბეჭდილებებით სავსე, გულდაწყვეტილი გამოვედი ტაძრიდან და უკვე ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა დავბრუნდებოდი ამ ტაძარში და სიჩქარის გარეშე, გულიანად მოვილოცავდი ამ დიდებულ და ენით აღუწერელ წმიდა ადგილს. ერთადერთი ის მამშვიდებდა, რომ ათონის მთაზე მივემგზავრებოდი და არანაკლებ დიდი სიწმინდეების ნახვა მელოდა წინ. მარტო ფეხის დადგმა ამ წმიდა მიწაზე უკვე უდიდეს ბედნიერებად მიმაჩნდა და მიმაჩნია. 
დიდმოწამე დიმიტრის ტაძრიდან რომ გამოვედით, უკვე გვარიანად შებინდებული იყო. ცხადი იყო და მანამდეც ვიცოდი, რომ ათონისკენ მომდევნო დღეს გავემგზვრებოდით. ამ ღამეს კი სად გავათევდით, ჯერ არ ვიცოდი. კითხვაც მერიდებოდა. სადაც მიმიყვანდნენ, იქ გავათევდი და აღარ ჩავთვალე საჭიროდ ზედმეტი კითხვებით შემეწუხებინა ვინმე.
სალონიკიდან კარგა ხანს ვიარეთ და მივადექით ქალაქ ურიანოპოლისისთან , ზღვის პირას მდებარე ერთ პატარა დასახლებას, რომელიც კაფე-ბარებით და სასტუმროებით არის სავსე. საცხოვრებელი კორპუსები არც შემინიშნავს და არც ყოფილა თურმე,როგორც გავარკვიე. ეს არის ადგილი ტურისტებისთვის, უმეტესად იმ ადამიანებისთვის, ვინც ათონის მთაზე გამგზავრების წინ ღამის გათევას,დანაყრებას და დასვენებას საჭიროებენ. 
თავიდან, იმ საღამოს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან ქალი თითქმის არ დამინახავს, მომსახურე პერსონალის  გარდა. კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებას ვხედავდი, თუმცა უკანა გზაზე მგზავრობისას ქალთა სქესის უამრავი წარმომადგენელიც ვიხილე და გაირკვა,რომ, თურმე თევზაობის მოყვარულებიც ხშირად დადიან ამ ადგილზე დასასვენებლად. 
ასეა თუ ისე, ამ ლამაზ და მყუდრო, პალმებით და სხვა ტროპიკული ხეებით გამშვენებულ პაწაწინა კურორტზე ჯერ გვარიანად დავნაყრდით, შემდეგ კი დასასვენებლად ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდით.  
მეორე დილას კი სანატრელი და სანუკვარი მიზნისკენ, ათონისკენ გავემართეთ.


                                                        ათონი

ათონის წმიდა მთა ნახევარკუნძულია, თუმცა მასზე მოხვედრა ხმელეთიდან აკრძალულია და მხოლოდ ზღვიდანაა შესაძლებელი. არავინ იცის, ასე ვინ და რატომ დაადგინა, ზოგმა გველები მომიყვანა მიზეზად, ზოგმა კიდევ რა, თუმცა მე პირადად ნამდვილი მიზეზი ვერ დავადგინე. ასეა დაწესებული და ყველანი ამ გზით მიდიან ათონზე, ვიზიტორებიც და თავად ათონელი ბერებიც, რომელნიც არაერთი ვნახე ნაპირზე. ზოგს პროდუქტი მიჰქონდა, ზოგს კიდევ - რა. 
ჩვენი ღამისთევის ადგილიდან, დაახლოებით, 15-20 წუთი კიდევ ვიარეთ და არაერთი სასტუმრო და კაფე-რესტორანი გავიარეთ. თავად ის დასახლებაც, საიდანაც გემები ათონზე მიდიან, ასევე სასტუმროებით არის გადაჭედილი, თუმცა როგორც მითხრეს, აქ ღამის გათევა გაცილებით ძვირია და ცოტა მოშორებით, ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში,უფრო იაფი და მოხერხებულია. სიმართლე გითხრათ, ეს დეტალები მე ნაკლებად მაინტერესებდა და იმ დროს ჩემთვის სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად, რა და როგორ ღირდა. მთავარი იყო, რომ მე აქ ვიყავი, ამ ნაპირზე და მალე ათონზე გავემგზავრებოდი.
ნაპირზე უამრავი მაღაზიაა ნაირნაირი ლამაზი ნივთით გამშვენებული;  კაფე-ბარები, სასაუზმეები. მოკლედ ყველაფერი, რაც ტურისტებისთვისაა საჭირო, თუმცა ყველაზე მეტად მე საეკლესიო მაღაზიებმა დამაინტერესა. ნებისმიერი ზომის უამრავი ლამაზი ხატები, ჯვრები, კრიალოსნები, სუვენირები ათონის მთის გამოსახულებით. შევყურებდი ამ სილამაზეს და ყველაფერი მინდოდა, რომ შემძლებოდა, ყველა ნივთს შევიძენდი. დავაპირე კიდეც რამდენიმე ხატის ყიდვა, განსაკუთრებით, ივერიის ღვთისმშობლისა, მაგრამ უკანა გზაზე დაბრუნების მომენტისთის გადავდე ყველაფერი და მერე გაირკვა, რომ სწორედაც მოვქცეულვარ, რადგან ათონის არც ერთ მონასტერში ამის ნაკლებობა ნამდვილად არ არის და, ალბათ, დამეთანხმებით,რომ წმიდა მთიდან წამოღებული ყოველი ნივთი ბევრად ფასეულია და ძვირფასი, ვიდრე იქვე, ნაპირზე გასაყიდად გამოტანილი, თუმცა შეიძლება ერთიც და მეორეც ბერების ხელით იყოს დამზადებული. ამიტომ, ამჯერად, მხოლოდ ფოტორეპორტიორობით დავკმაყოფილდი.
სანამ ამას ყველაფერს ვნახავდი და გადავიღებდი, მანამდე მამა ნენადმა ყველას ათონზე გამგზავრების ვიზა და გემის ბილეთები გამოგვიტანა ერთ-ერთი შენობიდან, რომელიც იქვე მდებარეობს. გახარებულმა ჩავიხუტე გულში ეს ძვირფასი ქაღალდი –ვიზა, რომელსაც ბერძნულად „დიამონტირიონს“ ეძახიან. ამჟამად ბილეთიც და ვიზაც საგულდაგულოდ მაქვს შენახული ძვირფასი მოგზაურობის მოსაგონებლად.
 
ათონზე მიმავალ ხომალდს რა დავარქვა არ ვიცი. ეს არც გემია, არც კატარღა, უფრო რაღაც - საშუალო. საერთოდ, მათ კატარღებს ეძახიან და ასეთებს ხშირად ნახავთ საზღვაო თუ სამდინარე ექსკურსიებზე. მე მაინც გემს დავუძახებ ჩემს თხრობაში და ვეცდები, ცოტა გასაგებად აგიხსნათ. 
გემი რამდენიმე სართულიანი გემბანისგან შედგება. პირველი ორი სართული დახურული კაბინებია, სადაც, ალბათ, 50-60 ადამიანი თუ დაეტევა თითოში. ამდენივე ეტევა ზედა ღია გემბანზე, რომელიც საზაფხულო თეატრს გაგონებს ადამიანს. გეცნოთ, ხომ? დიახ, სწორედ ასეთი გემები დადიან ათონისკენ. კარგ ამინდში ყველა ზედა გემბანზე ცდილობს მოხვედრას, რათა მოგზაურობის ყოველი წამით დატკბეს და სრულად შეიგრძნოს ის ნეტარება, წმიდა მთასთან მიახლოებას რომ ახლავს თან.
ჩემს მოგზაურობას, სამწუხაროდ, წვიმიანი ამინდი დაემთხვა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ზედა გემბანი მაინც სავსე ყოფილიყო ხალხით, რომელთა შორის ჩვენი ჯგუფიც გახლდათ. 
ვინ ფეხზე იდგა, ვინ უსაფრთხო ადგილას იჯდა, რომ არ დასველებულიყო, ვინ სველ სკამს ამშრალებდა და ტენტის ქვეშ დგამდა, რომ მასზე დამჯდარიყო. მოკლედ, ყველა თავის თავს უვლიდა და პატრონობდა, როგორც შეეძლო.
საოცარი იყო და არ შემიძლია არ ვთქვა, როგორ მოსდევდნენ თოლიები გემს. მთელი გუნდი, როგორც საჰაერო გამცილებლები, არ მოგვშორებიან და უკან მოგვყვებოდნენ. 
ვისთვისაც ეს მგზავრობა პირველი არ იყო, მათ უკვე კარგად იცოდნენ თოლიების ამბავი და ზოგს მათთვის საკვებიც მოემზადებინა და პირდაპირ ხელიდანაც კი აჭმევდნენ. საოცარი სანახაობა გახლდათ. არაფერი ამის მსგავსი აქამდე მე არ მენახა. ვუყურებდი ამას ყოველივეს და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ყოველივე ეს ღვთიურთან ძალიან ახლოს იყო და გასაოცარი ამაში არაფერიც არ გახლდათ. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა, არ მივცურავდით ჩვეულებრივი მიწისაკენ და არც ის ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი, ვისთან შეხვედრასაც ვაპირებდით. ეს გახლდათ თავად დედა ღვთისმშობლის მფარველობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოაზისი და ამას ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებდით.
გემი რამდენიმე პატარა ნავსადგურში ჩერდება. პირველივე ნავსადგური ჩვენია. იქ მიკროავტობუსები დგანან, რომელთაც სტუმრები ჰილანდარის მონასტერში მიყავთ. გემი კი აგრძელებს სვლას და ახლა შემდეგი ნავსადგურისაკენ იღებს გეზს. დრო არ დამინიშნავს, მაგრამ, ალბათ, დაახლოებით 40-50 წუთი ვიცურეთ. როგორც ვვარაუდობ, ერთი ამდენი დრო დასჭირება, ალბათ, ბოლო ნავსადგურამდე მისვლას, თუ მეტი არა.
“დიამონტირიონში“ წინასწარ იწერება, რამდენი ღამით და სად სურს სტუმარს გაჩერება. როგორც წესი, უარს არავის ეუბნებიან სარწმუნოების თუ აღმსარებლობის მიუხედავად. პირადად მე ჰილანდარის სტუმრებში ერთი ჩინელიც კი ვიხილე. მართალია, სავსებით შესაძლებელია , იგი მართლმადიდებელიც ყოფილიყო, მაგრამ ეს არ არის სტუმრის მიღების ძირითადი პირობა და როგორც მოგახსენეთ, ყველა მამრობითი სქესის სტუმარს, რამდენადაც ვიცი, ვიზიტზე თანხმობას უცხადებენ.
ათონზე სტუმრობის ყველა წესსა და კანონზე რომ ვისაუბროთ, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ვგონებ, ამას ახლა არც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძირითადს ისედაც მოგახსენებთ, რომ ადვილი წარმოსადგენი იყოს ყველაფერი, ხოლო დანარჩენი, სიმართლე გითხრათ, თავადაც არ ვიცი სრულყოფილად.
როგორც კი ათონის წმიდა მიწაზე ფეხი დავდგი, დავემხე მუხლებზე და უფალს მადლობა შევწირე ამ უსაზღვრო და ენით უთქმელი წყალობისათვის. განა, შეიძლება ასეთ დიდ მადლს ეზიარო ასეთი ცოდვილი, ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე დადგა ფეხი და არ ემთხვიო მას და თაყვანი არ სცე? მე ეს ვერც წარმომედგინა სხვანაირად და არც მიფიქრია შემეხედა, სხვა როგორ მოიქცეოდა. რომ შემძლებოდა,  ჩავემხობოდი ამ წმიდა მიწას და დიდხანს არ ავიღებდი თავს. თუმცა ყველამ თავისი საქმე იცის. მთავარი ის არ არის, რას მოიმოქმედებ გარეგნულად, მთავარია, რას გრძნობს გული და რით სუნთქავს სული... და, თუ გული გეუბნება, მაშინ შეგიძლია გააკეთო ის, რასაც თვლი საჭიროდ და აუცილებლად.
მიკროავტუბუსებით გავუყევით გზას მონასტრისკენ. ალბათ, არ არის საჭირო იმის აღწერა, თუ რა საოცრად ლამაზი და მშვენიერი ბუნებაა ირგვლივ. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ გზაზე თხელი, ყვითელი ქვიშაა დაყრილი, რომელიც სულ ახლახანს დაუყრიათ და ადრე არ ყოფილა. როგორც შევიტყვე, ხანძრის ჩასაქრობად აჩქარებული ერთ-ერთი მღვდელმსახური მანქანით გადავარდნილა გზიდან და დაღუპულა.  
სწორედ ამიტომ დაუყრიათ მთელ გზაზე ქვიშა, რომ მსგავსი სამწუხარო ინცინდენტები აღარ მოხდეს, რადგან გზა საკმაოდ ვიწროა და მძღოლის უდიდეს პროფესიონალიზმს და ყურადღებას მოითხოვს, ხოლო წვიმიან ამინდში, როგორშიც ჩვენ ვმგზავრობდით, გზაზე დაყრილი სილა სწორედ რომ მოსწრება გახლდათ უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. ერთი-ორჯერ ისეთი შეგრძნებაც კი გაგვიჩნდა, თითქოს მანქანა ეს-ესაა, გადავარდებაო, ორივე მხარეს საკმაოდ ღრმა ხევი იმზირებოდა. პიტერმა რამდენჯერმე გადამახედა კიდეც ფანჯრიდან,  აქაოდა, ნახე, რა ბეწვის ხიდზე დადისო. თუმცა სიმართლე გითხრათ, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ მძღოლი, რომელიც, ალბათ, მეათასედ მაინც გადიოდა ამ გზას, ხატებით და ჯვრებით შემკულ მიკროავტობუსს უპრობლემოდ მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე. ასეა თუ ისე, ღვთის წყალობით, მშვიდობით მივადექით სერბულ მონასტერს ჰილანდარს, რომელიც ისეთი ლამაზი ჩანდა გზიდანაც და მიახლოებისასაც, რომ ჯობს სურათებზე იხილოთ, ვიდრე ჩემი მწირი ენით ვცადო ამის გადმოცემა. 
მამა ნენადმა ყველაფერი ზუსტად გათვალა. 26 სექტემბერია. ჯვართამაღლების დღესასწაულს ათონის წმიდა მთაზე შევხვდებით. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ღამე გვაქვს ათონზე გასატარებელი. მამაოსგან ვიცი, რომ ამ მონასტერში პატიოსანი ჯვრის ნაწილი აქვთ და გვექნება ბედნიერება, ამ უდიდეს სიწმინდეს ვემთხვიოთ. წარმოუდგენელია, მე, უდიდესი ცოდვილი და უღირსი, უნდა ვემთხვიო იმ ჯვრის ნაწილს, რომელზეც უფალი იესო ქრისტეს სისხლი დაიღვარა, რომელზეც ის ეწამა ჩვენი ცოდვების გამო. ამის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია, ეს უდიდესი სასწაულია, სიზმარია. თუმცა, მოდი, ამაზე მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ, მანამდე კი მივყვეთ ქრონოლოგიას. 
ქვაფენილებით მონასტრის ქვედა შენობებისკენ მივდივართ. მაცნობენ, რომ ეს თანამედროვედ აგებული პატარ შენობები ახალი აშენებულია და სპეციალურად სტუმრებისთვისაა გამოყოფილი. ბარგს გარეთ გვატოვებინებენ და ერთ დიდ სასადილო ოთახში შევყავართ. მყუდრო და ხისგან ლამაზად მოწყობილ ოთახში პატარ-პატარა ჯგუფებად გვსვამენ მაგიდებთან. თმაშებნეული ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, მორჩილი, სტუმრების სიას კითხულობს, რათა დაადგინოს, ყველა არის თუ არა ჩამოსული, ვინც ვიზაში ითხოვა მონასტრის სტუმრობა. ყველა ადგილზეა. თავიდანვე გვაფრთხილებენ, რომ შენობების შიგნით, ასევე ტაძარში ფოტო და ვიდეოგადაღება კატეგორიულად აკრძალულია. გარეთ კი, რამდენიც გენებოთ, კი ბატონო. გულდასაწყვეტია, მაგრამ სხვა რა გზაა? აქაურ კანონებს უნდა დავემორჩილოთ. 
ლახათ-ლუხუმით და ყავა-ჩაით გვიმასპინძლდებიან. გვთავაზობენ სერბულ ნაციონალურ სასმელს რაკიასაც. თუმცა მარხვაზე მყოფი ზიარებისთვის ვემზადები და ალკოჰოლურ სასმელზე უარს ვამბობ, დანარჩენს კი საიმოვნებით შევექცევი.
გვაცნობენ დღის განრიგსაც. 4 საათზე საღამოს ლოცვაა ტაძარში, შემდეგ სადილი. 8 საათზე კი საზეიმო წირვა-ლოცვა დაიწყება, რომელიც დილის 4 საათამდე გასტანს. დილის 7 საათზე ლიტურღია, 9-ზე - საუზმე. 12 საათისთვის უკვე უნდა გავემგზავროთ. ახლა კი სასტუმრო ოთახებში მივყავართ, სადაც 4 საათამდე თავისუფალი დრო გვაქვს. სამკაციან ჯგუფებად გვყოფენ და ოთახებში გვანაწილებენ. ტრაიანი, პიტერი და მე ერთად ვართ. ერთ უზარმაზარ სასტუმრო დარბაზში შევყავართ, სადაც, ალბათ, 50-მდე საწოლია. შესაძლოა, უფრო მეტიც, დათვლა შეუძლებელია, მაგრამ პიტერმა, რომელიც მეორედ არის ჰილანდარში ,იცის, რომ გვერდით, რამდენიმესართულიან პატარა შენობაში, იქვე, უფრო პატარა ოთახებია და სთხოვს, იქ მოგვათავსონ, რაზეც თანხმობას ვიღებთ და მალე მეორე სართულზე 7-საწოლიან სასტუმრო ოთახში ვხვდებით. 
ჯერ მხოლოდ სამნი ვართ და საწოლებს თავად ვირჩევთ. ერთ კედელზე უფლის ხატია, მეორეზე დედა ღვთისმშობლის. ბულგარელი მეგობარი სვეტოზარი, რომელიც ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრად დაგვემგზავრა, გახსოვთ, ალბათ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სხვა ოთახში ხვდება და გული გვწყდება. დავმეგობრდით გზაში უკვე და აქაც ერთად გვინდა ყოფნა, მაგრამ რა ვუყოთ, ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ არის.
12 საათზე ცოტა მეტია, 4 საათამდე თავისუფალი ვართ. გარეთ ისევ წვიმს. მამაოს ვეკითხები, თუ როდის ვნახავთ ესთიგმენის მონასტერს. ამას ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამის სრულყოფილად ახსნა არ შემიძლია, თუმცა მოკლედ მამა ნენადისთვისაც და ჩემი ახალი სერბი მეგობრებისთვისაც ნათქვამი მაქვს, რომ ჩემი ფეისბუქის სახელი „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“  სწორედ ესთიგმენის მონასტრიდან მოდის და ჩემთვის უაღრესად დიდი ბედნიერება იქნებოდა ამ მონასტრის მოლოცვა,რაზეც ადრე ოცნებაც კი წარმოუდგენელი გახლდათ. მამაო მპასუხობს, რომ ესთიგმენის მონასტერი დღეს უნდა გვენახა, მაგრამ წვიმის გამო ახლა წასვლა შეუძლებელია, რადგან გზა ცოტა შორია და ტალახიანი იქნება, მაგრამ მპირდება, თუ გადაიღებს, მოვა და წაგვიყვანს. ჯერ წმიდა ვასილის პატარა მონასტერს, შემდეგ კი ესთიგმენს ვეწვევით, თუ არადა, მაშინ ხვალ, ოღონდ პირობა ისევ მშრალი ამინდია, ანუ თუ არ იწვიმებს.
გულდაწყვეტილი ვარ, იმედგაცრუებული. ნუთუ, ისე უნდა დავტოვო ათონის მთა, რომ ვერც ესთიგმენის მონასტერი ვერ უნდა ვნახო? ვერც-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა ივერონში საბოლოოდ გამოირიცხა და ეხლა ესთიგმენიც სანატრელი მიხდება. თუმცა უკმაყოფილებას როგორ გამოვთქვამ? ღმერთმა ასეთი დიდი წყალობის ღირსი გამხადა. მე უგუნური როგორ გავბედავ, ხმა ამოვიღო და რაიმე პრეტენზია გამოვხატო? გული მწყდება მხოლოდ, რომ მოლოდინი არ მართლდება, რომ წვიმს და ეს ხელს მიშლის იმ ოცნების ასრულებაში, რომელიც სრულიად მოულოდნელად ახდენადი გახდა და, რომელზეც მამა ნენადმა ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას გამომიცხადა.
რას ვიზამ, “რაც უფალს გულში არ უწერია, იმას ახდენა არ უწერია“, მახსენდება ჩემივე სიტყვები და უფლის ხატთან მივდივარ სალოცავად. ვემხობი მუხლებზე და ვევედრები:
„–უფალო, გევედრები, ნუ გამიშვებ აქედან ისე, რომ ესთიგმენის მონასტერი არ ვნახო. ასეთი დიდი წყალობა გამოიღე ჩემზე, უღირსზე. მომანიჭე ეგ ბედნიერებაც, მოაწყვე ისე, რომ მოვახერხო მისი ნახვა. ოღონდ თუ იქნება ნება შენი და არა ჩემი. გევედრები უფალო!“–  დაახლოებით ასე. ვდგები და ჩემს საწოლზე ვჯდები.
 
ყველანი დაღლილები ვართ მგზავრობით. პიტერი მაშინვე წამოწვა და დაძინებას აპირებს. დაძინებას აპირებს ტრაიანიც. მე საეკლესიო მაღაზიაში მინდა წასვლა. პიტერი მპირდება, რომ მოგვიანებით გამომყვება, ახლა კი ჯობს, ყველამ დავისვენოთ. წვიმს და არ ღირს არსად წასვლა.
ახლა კი კიდევ ერთ სასწაულზე მინდა გიამბოთ, რომელსაც მე სხვა სახელს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. როდესაც ყველაფერი გავიხსენე და ავწონ-დავწონე, დავრწმუნდი, რომ უფალმა ღმერთმა კიდევ ერთი დიდი სასწაულის, უზარმაზარი მადლის და წყალობის ღირსი გამხადა. მე მოგიყვებით და თქვენ თავად განსაჯეთ.

                                                       სასწაული

გაოგნებული შევყურებდი საწოლზე მწოლიარე ჩემს სერბ მეგობრებს და გულდაწყვეტილმა მივმართე:
–მე რომ ეხლა წამოვწვე და დავიძინო, მთელი სიცოცხლე სანანებელი მექნება ეს წუთები და ვერასოდეს ვერ მოვიშორებ გულიდან. არათუ წუთი, ყოველი წამი ამ მიწაზე იმდენად ძვირფასია, რომ ამის გადმოცემაც კი არ ძალმიძს და მე ეს წუთები ძილში გავატარო? არასოდეს არ მაპატიებს უფალი ამას .ხომ მეტყვის: მე მოგეცი ამ წმიდა მიწაზე ფეხის დადგმის საშუალება და შენ შენი დრო ძილში გაატარეო?
მოკლედ, მე ახლა ვერაფრით ვერ დავიძინებ და გავალ, სურათებს მაინც გადავიღებ,თუნდაც წვიმაში-მეთქი.
        
ფანჯარასთან მივედი და...ჰოი საოცრებავ, აღარ წვიმდა. მხოლოდ უმნიშვნელოდ ცრიდა. აღარ წვიმს-მეთქი, შეიძლება გარეთ გასვლა. 
...და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, პიტერი, ეს ზორბა კაცი, რომელიც კარგად ვიცოდი, როგორი დაღლილიც იყო (თან ის ჩვენი მძღოლიც გახლდათ), საწოლიდან წამოხტა და მეც შენთან მოვდივარო, გამომიცხადა. მაინცდამაინც არ მჭირდებოდა სურათების გადაღებისთვის დახმარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ერთად გავედით ოთახიდან. მაშინ ამაზე არც მიფიქრია რაიმე სერიოზულად, პატივი მცა ადამიანმა და გამომყვა.
ტაძრის ეზოში გავედით და რამდენიმე სურათი გადავიღეთ. ეზოში ერთადერთი ადამიანი შევნიშნეთ და ჩვენდა გასაოცრად, ის ჩვენი ბულგარელი მეგობარი სვეტოზარი აღმოჩნდა. მართლაც, საოცარი იყო, რას აკეთებდა მარტოდმარტო ასეთ ამინდში ეს ადამიანი ტაძრის ეზოში. ვიფიქრე, ალბათ, თვითონაც სურათებს იღებს-მეთქი. 
პიტერმა მონასტრის გარეთ გასვლა შემოგვთავაზა, რათა საუკეთესო პეიზაჟები გადაგვეღო, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით და სამივე ერთად გავემართეთ. მალე მონასტრის გარეთ აღმოვჩნდით გზაზე, რომელიც აქამდე არ ვიცოდით და საკმაოდ ძველი და საინტერესო ჩანდა. პიტერმა აგვიხსნა, რომ ამ გზით ადრე სერბი მეფეები მონასტერში დადიოდნენ მოსალოცად. იქვე  ზეთისხილის ბაღები გვაჩვენა. მონასტრის ხედიც აქედან ძალიან ლამაზი გახლდათ.
შემდეგ პიტერმა შემოგვთავაზა, ამ გზას გავყოლოდით და მალე ზღვის ნაპირზე გავიდოდით, სადაც ულამაზესი ხედები იშლებოდა. სიამოვნებით გავყევით, რადგან, როგორც გვითხრა, სავალი სულ 10 წუთის მანძილზე იყო. მაგრამ, როდესაც 10 წუთიც გავიდა 15-იც, მეტიც  და ზღვა ჯერ არ ჩანდა, შევწუხდი. პიტერს ვთხოვე, მოდი, უკან დავბრუნდეთ, ხომ ხედავ, აღარ წვიმს და მამა ნენადი მოვა ჩვენს წასყვანად, ჩვენ კი არ დავხვდებით-მეთქი. არ მინდოდა,  ჩემი უგუნური საქციელის გამო ესთიგმენის მონასტრის ნახვის შესაძლებლობა დამეკარგა და სამუდამოდ სანანებელი გამხდომოდა. ისიც მინდა გითხრათ, რომ ტელეფონები საერთოდ გათიშულები გახლდათ და არავითარი საშუალება მამაოსთან დაკავშირების არ გვქონდა. 
პიტერი მომიბრუნდა და მითხრა:
–გინდა ესთიგმენის ნახვა?  წავიდეთ და ვნახოთ, ახლა, ამ წუთას. მამაო არ მოვა წასაყვანად. ხომ ხედავ, ხან წვიმს, ხან ჩერდება(მართლაც ასე იყო). ხვალ კი არავითარი დრო არ გვექნება ამისთვის. დამიჯერე, ეს ერთადერთი შანსია. არც იმის გარანტია გვაქვს, რომ ხვალ არ იწვიმებს.  ჩვენ შეგვიძლია, წვიმაშიც ვიაროთ, ვინ გვიშლის? დაფიქრდი, სანანებელი არ გაგიხდეს შემდეგ, უკეთეს მომენტს ვერ იპოვი და ისე წახვალ, რომ საერთოდ ვერ ნახავო.
თავიდან კატეგორიულად ვიუარე, მამაოს ნებართვის გარეშე ამას ვერ ვიზამ. მერე რა ვუთხრა, თავი რით გავიმართლო? ის ჩვენს წაყვანას აპირებს, ჩვენ კი ჩუმად გავიპაროთ-მეთქი? თან გზაც არ ვიცი, იქნებ აქეთ არც არის? 4 საათზე კი უკვე მონასტერში უნდა ვიყოთ. არა, მოდი ახლავე გავბრუნდეთ, სანამ გვიან არ არის, იქნებ გვეძებს კიდეც-მეთქი.
-ისევ წვიმა წამოვიდა. აი, ხომ ხედავ, წვიმს, არ მოვა ახლა მამაო ჩვენთან, – მეუბნება პიტერი – მე ყველაფერს ავუხსნი. სიმართლეს ვეტყვით, ჩვენ ხომ თავიდან წასვლა არც გვქონდა გადაწყვეტილი და მხოლოდ სურათების გადასაღებად წამოვედით? მერე მოხდა ასე და წამოვედით.
-არა, არ შემიძლია, – ვეუბნები პიტერს გულდაწყვეტილი და გულში ცეცხლი მიგიზგიზებს. რა თქმა უნდა, სიგიჟემდე მინდა  ესთიგმენის ნახვა, მაგრამ არა უსინდისობის, ორპირობის და ღალატის ხარჯზე. მამაოს ვერ დავაღალატებ, არ შემიძლია, ვამბობ გულდაწყვეტილი.
ამ დროს პატარა მოტორიანი საოცრება ჩერდება ჩვენთან და წაყვანას გვთავაზობს. მოტორიანი ლაფეტი, ალბათ, ასე დავარქმევდი.
-კარგი, წამო, ზღვა მაინც ვნახოთ, – მეუბნება პიტერი და უხალისოდ მივყვები. თან იმას ვფიქრობ, ვაითუ, მამაო მოვიდეს და არ დავხვდეთ. საკმაოდ დიდი მანძილი გაგვატარა და ერთ პატარა მონასტერთან ახლოს გაგვიჩერა. წმიდა ვასილის რეკონსტრუქციაში მყოფი მონასტერი აღმოჩნდა, რომლის ნახვასაც მამა ნენადი ასევე შეგვპირდა ესთიგმენის ნახვამდე. მონასტრამდე ასე, სამასიოდე მეტრია. ისე, ცნობისმოყვარეობის გამო ესთიგმენის ადგილმდებარეობას ვეკითხები ჩვენს მძღოლს. ხელით მიმართულებას მაჩვენებს და ნახევარი საათის სავალიაო, მეუბნება. წმიდა ვასილის ტაძარი საპირისპირო მიმართულებითაა.
დავადექით გზას. პიტერი კვლავ ცდილობს ამიხსნას, რომ ამაზე კარგი საშუალება ესთიგმენის ნახვისა ჩვენ არ გვექნება და ჯობს, ახლავე გადავწყვიტოთ.
–ხომ ხედავ, ღმერთიც გვეხმარება, რამხელა გზა გამოვიარეთ ტრანსპორტით. დრო საკმაოდ გვაქვს, მოვასწრებთ. მამაოს მე ავუხსნი ყველაფერს. კარგი კაცია, გაგვიგებს და და არ გაგვიბრაზდება, აი, ნახავ, – მეუბნება პიტერი.
მახსენდება ჩემი ლოცვა, თხოვნა უფლისადმი. იქნებ ეს სწორედ ის არის? საიდან გაჩნდა ასე მოულოდნელად ესთიგმენის ნახვის საშუალება? ჯერ წვიმამ გადაიღო, მერე ეს კაცი ლოგინიდან წამოხტა და აქეთ წამომიყვანა. ეს ტრანპორტი საიდანღა გაჩნდა? პიტერი ესთიგმენში წასვლას მთავაზობს და მე ვეურჩები, თუმცა მიზეზიც სოლიდური მაქვს. მაგრამ იმასაც ვფიქრობ, თუ პიტერი მართალია და არ დავუჯერე, სამუდამოდ სანანებელი გამიხდება და მთელი ცხოვრება სინანულის გრძნობა არ მომასვენებს. ვგრძნობ, რომ მართალს ამბობს, ხვალ ჩვენ ასეთი შანსი აღარ გვექნება, დრო არ გვეყოფა.მამა ნენადს მეც გულწრფელად ავუხსნი ყველაფერს და იმედია, გამიგებს... და, როგორც იქნა, ვთანხმდები იმ პირობით, თუ მომეხმარება, მამაოს სიმართლე ვუთხრათ და ავუხსნათ, რომ ყოველივე სრულიად შემთხვევით მოხდა და გამიზნულად არ წამოვსულვართ.
პიტერი უყოყმანოდ მთანხმდება და ისე უხარია, თითქოს მისი ოცნება ყოფილიყოს ესთიგმენის ნახვა და მე ვუშლიდი ამაში ხელს. სვეტოზარი ხმას არ იღებს, იღიმის და ყველაფერზე თანახმაა.
ოღონდ ჯერ წმიდა ვასილის მონასტერი ვნახოთ, აქ ვართ ბარემ, გვთავაზობს პიტერი და ორივე უყოყმანოდ ვთანხმდებით. დრო გვაქვს. ჩაირთო ჩემი მათემატიკური აზროვნება და ზუსტად ვთვლი, რამდენი წუთი შეგვიძლია ვიყოთ აქ, წმ. ვასილის მონასტერში, რამდენი წუთი დაგვრჩება ესთიგმენისთვის, თუ გზის დროს გამოვაკლებთ და იმის გათვალისწინებით, რომ 4 საათზე უკვე ჰილანდარში უნდა ვიყოთ. 40 წუთიდან ერთ საათამდე დრო გვექნება და მიხარია. გააჩნია, რამდენ ხანში დავადგებით ესთიგმენის გზას. მივდივართ ამ ძალიან პატარა მონასტრისკენ და გული და ფეხები უკან მრჩება. ახლავე დავადგებოდი სანატრელ გზას, მაგრამ არ მაქვს უფლება. ამ ორ ადამიანსაც უნდა გავუწიო ანგარიში და თანაც უსინდისობა იქნება ჩემი მხრიდან ამ მონასტრის მონახულების გარეშე სხვა მონასტრისკენ წავიდე. 
შევდივართ წმიდა ვასილის მონასტერში. შიგ არავინ ცხოვრობს, მხოლოდ მუშები არიან და მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი პიტერის მეზობელი აღმოჩნდა ბელგრადიდან და სიამოვნებით გვიწევს მეგზურობას. დავდივართ, ვათვალიერებთ ძველებურ ფრესკებს და სურათებს ვიღებთ მონასტრის თუ ზღვის ლამაზი პიეზაჟების ფონზე.
მონასტრის წმიდა ადგილებს ვათვალიერებთ. ვნახულობთ ხატწერის სახელოსნოსაც,სადაც ხატები იწერება. შევდივართ ერთ-ერთ პატარა დარბაზში და წმიდა ხატებს ვეამბორებით და თაყვანს ვცემთ. გავდივართ აივანზე, სადაც ულამაზესი ზღვის პეიზაჟები იშლება და კვლავ სურათებს ვიღებთ. 
დრო კი გადის. ჩემთვის გულში დაგეგმილი ათი წუთის მაგივრად ბევრად მეტი გადის და გულში ცეცხლი მინთია. ერთი სული მაქვს, როდის დაამთავრებს პიტერი მეზობელთან საყოფაცხოვრებო საკითხებზე საუბარს და როდის დავადგებით ესთიგმენის გზას, ვხვდები, რომ ყოველი ზედმეტად დახარჯული წუთი ესთიგმენის დროს აკლდება და ლამის გული ამომვარდეს მოუთმენლობისგან. პიტერი მატყობს შფოთვას და, როგორც იქნა ამთავრებს უაზრო საუბარს.  ჩვენს გიდს მადლობას ვუხდით და ვემშვიდობებით. თუმცა მანამდე ისევ ესთიგმენამდე მანძილს ვაზუსტებთ. შორს ზღვის ნაპირზე კოშკივით ნაგებობა მოჩანს. იქიდან ნახევარი საათის სავალია, გვეუბნება ჩვენი გიდი და უკვე ვხვდები, რომ დრო უფრო და უფრო ცოტა გვაქვს, თითქმის არაფერი...
საათს დავყურებ. დრო არც ისე ბევრია. თუმცა 20-30 წუთი, ალბათ, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, მაინც გვაქვს.
ეეჰ, ახლა ტაქსი გვინდა, – სევდანარევი კილოთი ვხუმრობ და ჩემს მეგობრებს ვთხოვ, წინ იარონ, რათა მე ჩემი შუადღის ლოცვა გზადაგზა მაინც შევძლო. 
როგორც კი ლოცვებს ვამთავრებ, გზაზე პიკაპის ტიპის მანქანა ჩნდება. თუმცა არც ის ვიცით საიდან მოდის და არც ის, საით მიდის. პიტერი ხელს უქნევს და მანქანაც აჩერებს. ვსხდებით და მივყვებით. მანქანას ბერი ატარებს. ეს გასაოცარი არც არის. ათონზე ტრანსპორტი არ დადის. ბერები კი, საჭიროების შემთხვევაში, ხან მანქანებს ხმარობენ, როგორც ამ წუთას ვიხილეთ, ხან მოტორიან ლაფეტს, რითაც ვიმგზავრეთ უკვე და ხანაც საკუთარ ფეხებს. აქ არავინ არავის ეკითხება, სად მიდიხარ და რატომ. გჭირდება? – გაგიჩერებს და წაგიყვანს, რაღაც მანძილზე მაინც. აქ ისეთი გარემო სუფევს, რომ გრძნობ, ყველა ყველას ძმაა. მოწიწებით უნდა მოეპყრო ყველას. თავად სინდისიც არ მოგცემს საშუალებას,  სხვანაირად იფიქრო. ათონზე ხარ ბოლოს და ბოლოს, ღვთისმშობლის წმიდა მთაზე.
საკმაო მანძილის გავლის შემდეგ ესთიგმენის შესახვევთან ჩამოვდივართ და ბერს ვემშვიდობებით.
–ესეც შენი ტაქსი,ხომ ინატრე? – მეუბენა პიტერი და იცინის.
ახლაღა მახსენდება, რომ ტაქსი მართლაც ვინატრე და ახლაღა მოვედი აზრზე, რომ ეს კიდევ ერთი სასწაულია და წყალობა უფლისა. უკვე მერამდენე? ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ვხედავ, თავად უფალი გვეხმარება და სიხარულით ვადგებით ესთიგმენის გზას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გათვლები მაინც მცდარი გამოდგა, რადგან ნახევარი საათი არ იყო საკმარისი მონასტერში მისასვლელად და უკან დასაბრუნებელ გზასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არა ლაფეტი და ბოლოს ეს ღვთის მიერ გამოგზავნილი „ტაქსი“, ესთიგმენის მონასტრის მონახულებას ვერ მოვასწრებდით, ფიზიკურად არ გვეყოფოდა დრო. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ჰილანდარში დაბრუნებულმა სველი ტანსაცმლის გამოცვლა ძლივს მოვასწარი, რომ საღამოს ლოცვაზე დაგვიძახეს.
გზაში წვიმამ ბევრჯერ შეგვახსენა თავი, დავსველდით კიდევაც გვარიანად, მაგრამ, განა, ამას ახლა ჩვენი შეჩერება შეეძლო? მივიწევდით დასახული მიზნისკენ ბედნიერები და მხიარულები. აი, მონასტერიც გამოჩნდა, ულამაზესი დიდებული შორეული ხედით.
 წვიმისა და ქარის გამო ზღვა საკმაოდ ბობოქრობდა, მაგრამ ეს მეტ სილამაზესაც კი მატებდა ამ დიდებულებით და იდუმალებით მოსილ უზარმაზარ ქვის ნაგებობას. დავინახე კოშკიც, რომლის თავზეც ამაყად ფრიალებს შავი დროშა წარწერით - “მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.
პირველად მონასტერს უკანა მხრიდან მივადექით. როგორც გაირკვა, ზღვიდან მხოლოდ მონასტრის უკანა მხარე ჩანს, შესასვლელი კი საპირისპირო მხარესაა. მივემართებით იქით და პატარა ტალავერის გავლით გზას ვადგებით. მინდა შავ ყურძენს მოვეფერო და ისევ ვფიქრობ: – აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო შენა, ჰა?..  ვერ გავბედე, მომეწყვიტა და ერთი მარცვალი მაინც მეხმია, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. ალბათ, არ იქნებოდა დიდი დანაშაული. მალე მონასტრის ცენტრალურ კედელსაც მივადექით.
 
მადლობა უფალს, ღირს-მყო ამის ხილვისა. უზომოდ მადლიერი და ბედნიერი ვარ. ნუთუ, ეს მართლა ხდება და მე აქ ვარ, ათონის მთაზე, ესთიგმენის მონასტრის წინ და ამას ყოველივეს საკუთარი თვალებით ვხედავ? მიჭირს დაჯერება, მაგრამ ასეა, აქ ვარ. რამდენი ინატრებდა ჩემს ადგილას ყოფნას, ჩემზე ბევრად ღირსეული და დამსახურებული. მე კი, ეს უღირსი და ცოდვილი კაცი ვდგავარ ამ წმიდა მიწაზე და მაინც ვერ ვხვდები, რატომ გაიღო უფალმა ჩემზე ასეთი დიდი წყალობა. ვემხობი მიწას და მადლობას ვწირავ უფალს ყველაფრისთვის.  ეს უკვე გვიან,  კარგად დაფიქრების შემდეგ ვხვდები, როგორ მაზიარა უფალმა კიდევ ერთ სასწაულს, როგორი გზებით მომიყვანა აქ და როგორ უცებ, თვალის დახამხამებაში ამისრულა ლოცვაში ნათხოვი სურვილი. რომ არა პიტერი, ვერასოდეს ვნახავდი ესთიგმენის მონასტერს და ისე დავტოვებდი ამ წმიდა მიწას, სამუდამო ტკივილს გავიყოლებდი თან ამის გამო. 
შემდგომში კარგად გავაცნობიერე, რომ მეორე დღეს, როგორც პიტერი ამბობდა, არავითარი შანსი არ იყო აქ მოსვლისა, რადგან მხოლოდ 15-20 წუთიღა თუ დამრჩა თავისუფალი დრო და ესთიგმენზე ლაპარაკიც კი საერთოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა უფალმა ეს არ დაუშვა და მართლაც, საოცარი სასწაულის ღირსი გამხადა. საოცარია თავად პიტერის არჩევა და მისი სახით ჩემი ესთიგმენში მოყვანა. მთელი დღის ნამგზავრები და დაღლილ-დაქანცული კაცი, უკვე დაწოლილი და ლამის ჩაძინებული, ლოგინიდან დგება და წვიმიან ამინდში მივყავარ სწორედ იქ, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ უფალს შევევედრე ჩემი რამენაირად მოხვედრა.
ახლა რომ ვფიქრობ ამაზე, კარგად ვხვდები, რომ მხოლოდ ეს იყო, ალბათ, ერთადერთი გზა ჩემი სურვილის ასრულებისა. ვერანაირად, ვერც მარტო და ვერც სხვა ადამიანის დახმარებით, წვიმიან ამინდში ესთიგმენს ვერ ვნახავდი. არათუ ვნახავდი, წასვლაზეც კი ვერ ვიფიქრებდი. დიახ, რომ არა პიტერი, ეს ოცნება, ალბათ, სამუდამოდ აუსრულებელ ოცნებადვე დარჩებოდა და დავბრუნდებოდი სახლში ბედნიერი, მაგრამ მაინც გულგატეხილი.  
სწორედ ამ სასწაულის შესახებ გიამბობთ ახლა თქვენ და თქვენთან ერთად განვიცდი თავიდან ყოველივეს. უღრმესი მადლობა პიტერს ამისთვის და უპირველეს ყოვლისა, უფალს, რომელიც ხშირად ისეთი გამაოგნებელი გზებით მიგიყვანს მიზანთან, რომ დიდხანს ვერც კი იჯერებ ადამიანი და მხოლოდ გვიან ხვდები მის სიბრძნეს და სიდიადეს, თუმცა მხოლოდ სულ პატარა, მცირე დოზით, იმდენად, რამდენადაც ეს უმეცარ ადამიანს შეუძლია.
მინდა წინასწარ ისიც მოგახსენოთ, რომ მამა ნენადმა გაიგო რა, რომ ესთიგმენის მონასტერი მოვილოცეთ, გაუხარდა კიდეც, რომ სურვილი ავისრულე და, ალბათ, მხრებიდან ტვირთიც კი ჩამოსცილდა პირობის შეუსრულებლობის. არათუ წყენა არ გამოუხატავს, მომიწონა კიდევაც საქციელი, მითხრა, რომ სწორად მოვიქეცი და ჩათვალე, რომ ჩემი კურთხევა გქონდაო. ეს კიდევ ერთი საოცრება იყო ჩემთვის, მაგრამ იმის მერე რასაც ვეღირსე, ეს, სიმართლე გითხრათ, დიდად აღარ გამკვირვებია, თუმცა ძალიან მესიამოვნა და დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო არა იმიტომ ,რაც მამა ნენადმა მითხრა, არამედ იმიტომ, რომ ეს უფლის ნება, მისი უდიდესი მადლი და წყალობა გახლდათ, თუმცა ჩემთვის ასევე დიდი და დაუვიწყარი სასწაული. 
აი, ეს არის, რის შესახებაც მინდოდა მომეთხრო ამ თავში, თუმცა სანამ დავასრულებდე, მინდა, ბოლომდე გიამბოთ ესთიგმენის შესახებ ის, რაც ვნახე და განვიცადე.
მაშ ასე, უფალს მადლობა შევწირე და მონასტრის შესასვლელისკენ დავიძარით. შესვლისთანავე აპარატი მოვიმარჯვე და გადასაღებად მოვემზადე, თუმცა ერთ-ერთმა ბერმა კატეგორიულად აგვიკრძალა ყოველგვარი გადაღება და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მხოლოდ ერთი სურათის გადაღების უფლება გამოვითხოვე. თუმცა ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ „ერთი“ რამდენიმედ ვაქციეთ უჩუმრად და ეს უფლება ბოროტად გამოვიყენეთ, იმდენად ძვირფასი გახლდათ ჩემთვის აქ გადაღებული ყოველი კადრი და ამ დაუმორჩილებლობისთვის უფალს შენდობას ვთხოვ. 
ესთიგმენის მონასტერი დანარჩენი 19-სგან გამორჩეულია და აქაური ბერების ყოფაცხოვრებაც განსხვავებულია სხვებისგან. ამას თავისი მიზეზები აქვს. ამ მონასტრის ცხოვრებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო ტრაგიკული მოვლენები, რამაც გავლენა იქონია მონასტრის ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მომლოცველებისადმი .ამ მონასტრის ბერები ცდილობენ, ღირსეულად ატარონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სახელი და მათი მონასტრული ცხოვრება მკაცრად უფრო ასკეტურია, ვიდრე სხვა მონასტრებისა. მისი ბინადარნი არ ხმარობენ ელექტროენერგიას, სავარაუდოდ, არც გაზს და საკმაოდ მკაცრი რეჟიმით ცხოვრობენ. როგორც შევატყვე, არ ჰყავთ ვიზიტორები, ღამისთევით მისული სტუმრები, როგორც ეს სხვა მონასტრებში ხდება, თუმცა არა მგონია რომელიმე სტუმარს უარი უთხრან ღირსეულ მასპინძლობაზე. 
მონასტრის ეზო ძალიან ლამაზია თავისი გამწვანებით და მოვლა-პატრონობით. ეტყობა სათუთი, ნაზი დამოკიდებულება და დიდი შრომა აქაური ბერებისა. აღარაფერს ვამბობ ულამაზეს შენობა-ნაგებობებსა და კოშკებზე. სამწუხაროდ, ტაძრის კარი დაკეტილი დაგვხდა და მოლოცვა ვერ მოვახერხეთ. საეკლესიო მაღაზიაში უშუქობის გამო ცოტა ბნელოდა, თუმცა მცირეოდენი სამახსოვრო ნივთების და ხატების შეძენა მაინც მოვახერხე, მაღაზიის ზედამხედველი ბერის აშკარა უკმაყოფილების და ჩვენს მიმართ საკმაოდ უხეში და მკაცრი დამოკიდებულების მიუხედავად. ეტყობა, რომ მომსვლელებს აქ ეჭვით უყურებენ, მაგრამ ვიცი რა ამ მონასტრის ისტორია, ეს არ მიკვირს და ამ მცირე უსიამოვნო და ერთადერთ უარყოფით გარემოებას ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო, რამეთუ უკვე შემოსასველიდანვე ნანახი მყავს საკმაოდ კეთილგანწყობილი და სათნო გამომეტყველების ადამიანები. 
უდროობამ მაინც თავისი ქნა და, სამწუხაროდ, იძულებული ვართ უკან გავბრუნდეთ ჰილანდარისკენ. ახლა, ამ დროს კიდევ უფრო მკაფიოდ შევიგრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ჯერ პატარა ლაფეტის, ხოლო შემდგომ მანქანა – „ტაქსის“ გამოჩენა, თორემ საერთოდ ვერაფერს მოვასწრებდით და უზომოდ მადლიერი ღვთისა, დაღლილები, მაგრამ ბედნიერები და კმაყოფილები სერბული მონასტრისკენ მიმავალ გზას ვადგებით. 
სველები და დაცემამდე დაქანცულები მონასტერში ვბრუნდებით და ის არის ვიცვლი და საწოლზე ვწვები, რათა თუნდაც 10 წუთი მაინც დავისვენო, რომ საღამოს ლოცვაზე გვეძახიან. გაკვირვებული საათს ვუყურებ. მეგონა, ცოტაოდენი დრო კიდევ მქონდა დასასვენებლად.  არა, არ მქონია. უკვე 4 საათია.


                                                            ტაძარი 

ტაძარი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილს პირობითად შესასვლელი ვუწოდოთ.საკმაოდ ფართე დარბაზი არაფრით არ არის გადატვირთული.მეორე დარბაზში გასასვლელთან, ორივე მხარეს, დიდი ხატები კიდია. 
მარჯვნივ უფლის, მარცხნივ კი - ღვთისმშობლის. ხატების წინ ორი პატარა მაგიდა დგას სანთლების დასანთებად. უფლის ხატთან ახლოს განიერი, მაგრამ თხელი მრავალუჯრიანი კარადა დგას. როგორც შემდგომ გაირკვა, სანთლების და სხვა საეკლესიო ნივთების შესანახად. ირგვლივ ლამაზად ხის ხელნაკეთი დასაკეცი სკამებია დამაგრებული. შუაში კი ადგილი საკმაოდ ფართეა და მრავალი ადამიანი ეტევა.
მეორე დარბაზში რომ გახვიდე, რამდენიმე საფეხური კიბეზე უნდა აიარო. ბევრი არა, სულ 2-3. ეს დარბაზი ოდნავ უფრო მაღალზეა, ვიდრე წინა. ფართი თითქმის იგივეა, თუ არ ჩავთვლით შუაში მდგარ ორ მსხვილ კოლონას, რომელთაც ეტყობა, გამაგრების ფუნქცია აკისრიათ. ეს დარბაზიც წინას ჰგავს – მესამე დარბაზში, შესასვლელთან, ორივე მხარეს, უფლის და ღვთისმშობლის დიდი ხატებია ზუსტად იგივე განლაგებით, როგორც წინა დარბაზში. ნაკლები განათება მეტ სიმყუდროვეს და სიმშვიდეს ანიჭებს ამ დარბაზს. ესეც, როგორც წინა დარბაზი, ირგვლივ ხის სკამებით არის შემოსაზღვრული. თითოეულში, დაახლოებით, 20-25 სკამია. 
სკამს ვეძახი, თორემ მეფის დასაბრძანებელს უფრო გავს მაღალი სახელურებით და უმშვენიერესი დიზაინით, რომელზეც შეგიძლია, სურვილის შემთხვევაში, ისე დაჯდე, თითქოს დგახარო და მაღლიდან იყურები, როგორც ავტობუსის მეორე იარუსიდან. ხოლო თუ ჩვეულებრივად დაჯდები, მაშინ სახელურები იმდენად მაღლა დარჩება, რომ ხელებს ზედ ვერანაირად ვერ დააწყობ, თუ არ ადექი და ისე ხარ შიგ შეყუჟული, როგორც პატარა ქოხში. სკამები პატარა ამბიონივით ამაღლებულია, ხისსავე ფესხასდგამი აქვთ და ესეც თავისებურ დიდებულ ელფერს მატებს მათ. ყოველი სკამი, ფეხისადგილიდან დაწყებული და სახელურებით დამთავრებული, ერთ მთლიანს, დიდ მასიურ საბრძანებელს წარმოადგენს. ალბათ, ასეთ მშვენიერ ტაძარს სხვანაირი არც მოუხდებოდა. მართალია, შესასვლელი კარები გვერდიდან ამ დარბაზსაც აქვს, მაგრამ ის უფრო მცირეცაა და არც ისე ჭრიალებს, როგორც მთავარი შემოსასვლელი, რომელიც ხშირად იღება მომსვლელების გამო და პირველ დარბაზს უფრო ხმაურიანს ხდის. ამ კარით კი უფრო სასულიერო პირები სარგებლობენ. 
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ტაძარში მდებარე ყოველი ხატის  დაბლა კუთხეში, ან შუაში პატარა ხატი – ასლია დამაგრებული და ყოველი მომლოცველი,  როგორც წესი, მთავარი ხატის თაყვანისცემისას პატარა ხატს ეამბორება. ეს, როგორც მივხვდი, აქაური წესია, რადგან ჩვენ, სტუმრები, მხოლოდ იმას ვიმეორებთ, რასაც აქაური ბერები აკეთებენ, ანუ ისევე ვეამბორებით და ვეთაყვანებით ხატებს, როგორც ისინი. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ არ დამინახავს, როგორ ეამბორებიან თავად უზარმაზარ ხატებს და ეს არავის აუკრძალავს. მაგრამ, როცა ხედავ, რომ თავად მონასტრის ბერები პატარა ხატებს ეამბორებიან და დიდ ხატებს ერიდებიან თავმდაბლობის და საკუთარი უღირსების გრძნობის გამო, ვფიქრობ, შენც უნდა მოერიდო ადამიანი და პატივი სცე მათ წესებს, რათა დიდი ხატის ამბორით უფრო მეტიჩრობა არ გამოხატო, ვიდრე თაყვანისცემა. მე პირადად ასე გავიგე და შეიძლება ვცდებოდე კიდეც.
მესამე და მთავარი დარბაზი ამ ორისგან სრულიად განსხვავებულია. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში შედიხარო.
 
ეს არის ღვთიური სიმდიდრის და სილამაზის არაჩვეულებრივი ნაზავი. მდიდრულად მორთული უზარმაზარი სასანთლე ჭაღი მეფურ იერს აძლევს აქაურობას. ირგვლივ  რამდენიმე ასევე ულამაზესი პატარა ჭაღია სხვადასხვა ზომის სანთლებით გაწყობილი.დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ ღვთისმსახურებისას ამ  ჭაღებს დროდადრო აქანავებენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ანგელოზები დაფრინავენო. ამის გადმოცემა სიტყვებით ცოტა რთულია.რთულია წარმოდგენაც. ეს ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს. მე მსგავსი მანამდე არაფერი მენახა. ეს არის იშვიათი სანახაობა,ულამაზესი მსახურება და თაყვანისცემა ღვთისა.
მთავარი დარბაზი მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული, არც მხოლოდ მდიდრულად გაწყობილი კანკელით და  ლამაზი ხალიჩებით თუ სხვა აქსესუარებით. აქ არის, სულ ცოტა, ორი (რაც მე ვიცი, ყოველ შემთხვევაში) უდიდესი სიწმინდე, რომელთანაც მიახლოება ალბათ ყოველი მართლმადიდებლის სანუკვარი ოცნებაა. ერთი წმიდა სვიმეონის ლუსკუმაა, რომელშიც მისი წმიდა ნაწილები ინახება. ხოლო მეორე თვით დედა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, რომელმაც მობრძანება ჰილანდარის მონასტერში თავად ინება, თუმცა, ალბათ, მისი ისტორია გეცოდინებათ და თავს აღარ შეგაწყენთ ამით.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე ტაძარში კიდევ ერთი უდიდესი სიწმინდე გამოაქვთ, პატიოსანი ჯვრის ნაწილი. დიახ, სწორედ იმ ჯვრის, რომელზეც მაცხოვარი გაეკრა ჩვენი ცოდვების გამო. ამის გაფიქრება და წარმოდგენა ცოტა რთულია, შეიძლება სიზმარში გეგონოს კაცს თავი. მქონდა ბედნიერება, ამ უწმიდესი ჯვრის ნაწილს, რომელიც თავადაც პატარა ჯვარს წარმოადგენს, ისევე, როგორც წმიდა სვიმეონის ნაწილებს და სამხელიანი ღვთისმშობლის დიდებულ ხატს, ორჯერ ვხლებოდი და თაყვანი მეცა, როგორც საზეიმო წირვაზე, ასევე მეორე დილით, ლიტურღიაზე.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი აღმწერი ვარ და არ შემიძლია არათუ სრულად, არამედ მიახლოებითაც კი იმ დიდებულების და ღვთიური მშვენიერების აღწერა, რაც ტაძრის მთავარ დარბაზს ახასიათებს. ამიტომ ბოდიშის მოხდით ამაზე შევჩერდები და თხრობას განვაგრძობ.
საღამოს ლოცვა 40-50 წუთს გაგრძელდა. ტაძრის უმთავრესი დარბაზი უმეტესად ყოველთვის სავსეა და იქ, წინა რიგებში მოხვედრა ყოველთვის რთულია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შეუძლებელი არ არის. ყველა წირვაზე, ასე თუ ისე, ღვთის მადლით და წყალობით ეს რამდენიმეჯერ მოვახერხე. მსურველები არც მეორე დარბაზში არიან ნაკლები, თუმცა იქიდან მხოლოდ მთავარი დარბაზის შესასვლელი კარი ჩანს და სრულად აღქმა იმისა, რაც იქ ხდება, შეუძლებელია. მხოლოდ ჭაღების ტრიალისას ეფინება ნათელი მთელ ტაძარს და არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნის. ასევე მრავლადაა ხალხი შემოსასვლელ დარბაზშიც, თუმცა იქიდან უკვე საერთოდ არ ჩანს, რა ხდება კანკელის წინ.
საღამოს მსახურებამ მშვიდად ჩაიარა. ის ზღაპრული ღვთისმსახურება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, მოგვიანებით, საზეიმო წირვაზე ვიხილე. დარწმუნებული ვარ, ბევრს საოცარი და განსაკუთრებული გრძნობა დაეუფლებოდა იქ ყოფნისას და, ალბათ, ზღაპარშიც ეგონებოდა თავი, თუმცა ვერ ვიკადრებ ტყუილს და ვერ ვიტყვი, რომ მსგავსმა განცდებმა შემიპყრო.
 
ახლა რომ ვფიქრობ ყველაფერზე, დარწმუნებული ვარ, ვერ გავაცნობიერე სრულად, სად ვიმყოფებოდი, რა სიწმინდეებთან მქონდა საქმე. რას ვიზამთ, როცა ადამიანი უგუნური და ბრიყვი ხარ, თავად ღმერთის წინაც რომ დაგაყენონ, მაინც უგუნურად დარჩები.
თუმცა არც ის შემიძლია ვთქვა, რომ გულგრილი შევცქეროდი ყოველივეს. ყველაზე მკაფიო, რაც შევიგრძენი, გახლდათ საშინელი სურვილი ტირილისა, მონდომებაც არ იყო საჭირო, ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას და მოდიოდნენ დაუსრულებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წმიდა ხატების წინ ვიდექი და უფალს და დედა ღვთისმშობელს ჩემს გატანჯულ სამშობლოსა და გაწამებულ ხალხს ვავედრებდი. მახსენდებოდა, რამდენი დარდი, ტკივილი, ცრემლი და უბედურება გადაიტანა ჩემმა ქვეყანამ, რამდენი გაუბედურებული, გაჭირვებული, სნეული ადამიანია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და საშველი კი არსაიდან აქვთ. არ ვიცი, ეს რა იყო. ტირილი ხშირად მომნდომებია, მაგრამ ასეთი? არასოდეს მსგავსი არ განმიცდია.ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა და ამის შეჩერება არც მინდოდა და არც მიცდია. შეიძლება, სწორედ ეს არის ის განსაკუთრებული, რასაც ამ ტაძარში განიცდის ადამიანი და ტყუილად მქონდა მანამდე იმედი რაიმე სხვა განსხვავებული გრძნობისა. ვიდექი და ვტიროდი... და თქვენ წარმოიდგინეთ, მსიამოვნებდა კიდეც ეს ტირილი. გული მეწვოდა, მაგრამ ტირილი მსიამოვნებდა და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დაუსრულებლად ვიტირებდი ასე მარადიულად. ნეტავ საკუთარი ცოდვებისთვის  ტირილი შემეძლოს ასე. მაშინ ნამდვილად მომიტევებდა უფალი და სასუფევლის ღირსს გამხდიდა. შესაძლოა, სულ ოდნავ, მაგრამ უკვე წარმოდგენილი მაქვს, რა ნეტარებაა უფლის წინ დგომა და ტირილი. მე ეს, ღვთის წყალობით, ცოტათი ვიგრძენი.
ახლა ცოტა ხნით სასადილოში, სადილზე გადავინაცვლოთ, რომელიც საღამოს ლოცვის შემდგომ გაიმართა და ვნახოთ, რით იკვებებიან მონასტრის ბინადარნი და მათი სტუმრები. 
არ ვიცი, სასადილო დავარქვა თუ რამე სხვა იმ უზარმაზარ დარბაზს, სადაც მაგიდები გახლდათ გაშლილი. ეს მაგონებდა ქორწილის სუფრას, რომელზეც უამრავი სტუმარი იყო მიწვეული. ადგილები ჯერ ბერ-მონაზვნებმა და სხვა ღვთისმსახურებმა დაიკავეს, შემდეგ კი ჩვენ, ცოდვილებსაც გვერგო პატივი. მცირე ლოცვის შემდეგ ყველანი დავსხედით. მთელი სადილის განმავლობაში პატარა ამბიონზე იდგა ერთ-ერთი ბერი და სახარებიდან ადგილებს კითხულობდა. კითხულობდა შეუჩერებლად, მანამდე, სანამ სადილი არ დასრულდა. სადილად მწვანე ლობიოს ხილვამ, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამაოცა. არ მეგონა, თუ აქ, ამ შორეულ წმიდა მხარეში ჩვენი ჭყინტი ლობიოს მსგავსს რამეს ვიხილავდი. იქვე თეფშზე წვრილად დაჭრილი კიტრი ელაგა. მაგიდაზე ეწყო აგრეთვე ლამაზი ჭურჭლით მარილი, ძმარი, საწებელა და ასევე ლამაზი ლიტრიანი გრაფინით ღვინო და ალუმინის დოქით წყალი. საკმარისად იყო მონასტერშივე გამომცხვარი პური, რომელთაც დროთა განმავლობაში ამატებდნენ, რათა არავის მისი ნაკლებობა არ ეგრძნო. უზეთო მარხვაზე მყოფი შეშფოთებული ვუყურებდი საკვებს და არ ვიცოდი, მეხმია თუ არა, იყო მასში ზეთი თუ არა. მაგრამ, როცა წამოდგომა დავაპირე საკითხავად, ერთ-ერთმა ბერმა მაშინვე შემამჩნია, ხელით მანიშნა იყავიო და სასწრაფოდ მოირბინა ჩემთან. კითხვა დაწყებული არ მქონდა, რომ უცებ მიპასუხა, არ შეშფოთდე, ყოველივე უზეთოაო. მეც დამშვიდებული დავჯექი და უდიდესი სიამოვნებით მივირთვი ეს განსაკუთრებული და გასაოცარი ბერული სადილი, რომელიც, დაახლოებით, 20 წუთს გაგრძელდა, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველა დანაყრებულიყო. ხოლო სადილის დასრულებისას, ისევ მცირე ლოცვის შემდეგ, ისეთივე სიმშვიდით და ორგანიზებულობით დავტოვეთ სასადილო, როგორც შევედით.
შესაძლოა, არც იყო საჭირო ასე დაწვრილებით აღმეწერა ყველაფერი, მაგრამ არ შემიძლია ერთი გულისტკივილი არ გამოვხატო, რაც სადილის დროს დამეუფლა.
მათემატიკური გონებით უცბად გადავთვალე სტუმართა რაოდენობა და აღმოვაჩინე, რომ მაგიდას 80-ზე მეტი ვიზიტორი უჯდა. დაახლოებით, 40-50 ღვთისმსახური ბერებთან ერთად. ანუ დარბაზში, დაახლოებით, 130 კაცი იჯდა (მეორე დილას, საუზმისას ვიზიტორთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა).
ვიჯექი ჩემთვის და სირცხვილის გრძნობა მაწუხებდა. ამ ბერებს რომ შევყურებდი, შეწუხებული ვფიქრობდი: ვინ იცის, ამ სათნო ადამიანებს რა ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ საერო ცხოვრება მიეტოვებინათ და უფლისთვის მიეძღვნათ თავი. ამ შორეულ, ცივილიზაციისგან მოწყვეტილ მხარეში მოსულიყვნენ და  ღვთისადმი ლოცვაში, მარხვასა და მღვიძარებაში გაეტარებინათ დარჩენილი სიცოცხლე. ხოლო მე, ვინმე უგუნური და უბადრუკი, 80 ჩემნაირ უბადრუკთან ერთად ვზივარ აქ, მათ გვერდით და იმის საშუალებასაც კი არ ვაძლევ, რომ სადილი წყნარად, ხალხის გარეშე მიირთვან საკუთარ, მონაზვნურ წრეში. 
სტუმართმოყვარეობის გამო მიგვიღეს, დაგვაბინავეს, გვაჭმევენ, გვასმევენ, მერე ტაძარში ღვთის მადლსა და წყალობას გვაზიარებენ და ჩვენ, გაბღენძილები და კმაყოფილები დავტოვებთ ამ წმინდა მიწას და შემდეგ მეგობრებსა და ახლობლებში ვიტრაბახებთ, რა წმიდა ადგილები მოვინახულეთ და რას ვეღირსეთ. ეს ჩუმი და წყნარი არსებანი კი ხვალ კიდევ ათეულობით ჩემნაირ ვიგინდარას მიიღებენ და მოემსახურებიან, ზეგაც,მაზეგაც  და ასე, დაუსრულებლად. რამდენი ადამიანი უნდა გამოკვებონ ყოველდღიურად იმ ბერებმა, რომლებიც გასასვლელ კარებში თავდახრილები გვაცილებდნენ ნასადილევ სტუმრებს და ამ საქციელით ბოდიშსაც კი გვიხდიდნენ, თუ რამე მათი მომზადებული არ მოგვეწონა... ამის შესახებ ადრევე ვიცოდი და თავდახრილი ბერები რომ დავინახე, საცოდავად მოკუნტულები და მორჩილები, მაშინ გამახსენდა და მივხვდი, რა არარაობა და უსაქმური ვარ. 
ვფიქრობდი და მიკვირდა, როდის აქვთ ამ ადამიანებს მოსვენება ჩვენგან, საერო ადამიანებისგან? რატომღაც ამაზე ადრე არ მიფიქრია. ალბათ, იმიტომ, რომ არ ვიყავი აქ ნამყოფი და ასე დაწვრილებით არ ვიცოდი ყველაფერი, თუმცა უმეტესად წაკითხული მქონდა ყოველივეზე და ცოტაოდენი წარმოდგენა მქონდა. შემრცხვა და ძალიან ვინანე, რომ ჩამოვედი და ჩემი უმეცრებით, თუმცა მარტომ არა, ყველასთან ერთად, ეს სათნო და ღმრთისმოყვარული ადამიანები შევაწუხე. მე ხვალ წავიდოდი, ეს ადამიანები კი ახალ სტუმრებს მიიღებდნენ, მერე ისევ და მერე ისევ... და როგორც გავიგე,ზაფხულის სეზონში იმდენი ხალხი აწყდება თურმე ათონს,რომ წარმოდგენაც კი ძნელია. თითქოს კურორტი იყოს ეს ადგილი, დამთვალიერებლები მოდიან და მოდიან. წმინდა ადგილის მოლოცვას რა სჯობს, მაგრამ რაღაა იმ ბერების ცხოვრება, თუ ყოველდღე ათეულობით უცხო ადამიანი ეჩხირება თვალში და აწუხებს? რამდენი პროდუქტი სჭირდებათ ამ ადამიანებს ჩემნაირების გამოსაკვებად?... და იმისთვის, რომ მე პატივი მცენ, რამდენიმე ბერმა სამზარეულოში უნდა იტრიალოს დილიდან დაღამებამდე და ლოცვას და მსხურებას მოწყვეტილმა ჩემნაირების დანაყრებაზე იზრუნოს, სადილის დროს ოფიციანტივით გვემსახურობოდეს ცოდვილებს ,ხოლო სადილის შემდეგ კარებში თავმოხრილი დადგეს და ბოდიში მიხადოს, თუ რამე არ მომეწონა მათი დამზადებული. კარგი, ისინი მორჩილებას ასრულებენ და მათ თავმდაბლობას და მოყვასის სიყვარულს არა აქვს საზღვარი. მაგრამ ჩვენ? ჩვენ სინდისი არ გაგვაჩნია? ჩვენ ვფიქრობთ მათზე?
 ეს გრძნობა საზეიმო წირვაზეც გამიმძაფრდა, როდესაც ხალხით გადაჭედილ ტაძარში ბერებს გავლაც კი უჭირდათ და იძულებული იყვნენ, ხალხის მასაში ვიწრო გასასვლელები ეძებნათ, რომ მთავარ დარბაზში შესულიყვნენ და უდიდესი სიწმინდეებისთვის თაყვანი ეცათ. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ ეს სათნო ადამიანები, მე კი, ჩემი ცოდვილი ბუნებით მოფიქრალს, ეს არ მომეწონებოდა და, ალბათ, საერთოდ ცალკე სკიტში გავიდოდი საცხოვრებლად, სადაც რამდენიმე ბერი ცხოვრობს მშვიდად, ლოცვასა და ღვთისმსახურებაში ათენ–აღამებენ და რომელთაც ჩემნაირი უმეცარი ადამიანები არ აწუხებენ. ვფიქრობდი, ამას ყოველივეს და გული მტკიოდა ჩემი ეგოიზმის და ამპარტავნების გამო. ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო, სულ რამდენიმე საათით სიწმინდეების მონახულება და უკან გაბრუნება, რომ ამ სათნო ადამიანებისთვის ჩვენი იქ ყოფნით ხელი არ შეგვეშალა და დაგვებრკოლებინა. არ ვიცი როდიდან, მაგრამ ასეა თუ ისე, ასეთი ცხოვრების წესი მონასტრებში დიდი ხანია დამკვიდრებული გახლავთ და მთელი გულითაც რომ მომენდომებინა, ვერაფერს გავაწყობდი, მე თუ არა, ჩემს ადგილას სხვა უგნური იქნებოდა. თუმცა ეს მე სრულებითაც არ მამშვიდებდა და ის გულისტკივილი და სინანული, რაც იქ,  იმ დარბაზში სადილობისას გამიჩნდა, ბოლომდე გამყვა და იმ განწყობილებამდე მიმიყვანა, რომ არასოდეს აქ აღარ მოვალ და არ შევაწუხებ ამ ადამიანებს. არ ვიცი, შეიძლება ვინმემ გამოთაყვანებული და იდიოტი მეძახოს, მაგრამ გულწრფელად და სრული ჭეშმარიტებით მოგახსენებთ ჩემს განცდებს და ფიქრებს.
საზეიმო წირვა 8 საათზე იწყებოდა. ამიტომ მანამდე საკმარისი დრო მქონდა აღსარების და ზიარებს წინა ლოცვებიც წამეკითხა და ცოტა დასვენებაც მომესწრო. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ რაც აუცილებელი იყო, იმას ვერაფრით ვერ გადავდებდი. დარწმუნებული ვიყავი, წირვის მერე ვერ შევძლებდი ლოცვების წაკითხვას, რადგან დილის 4 საათზე უნდა დამთავრებულიყო და ლიტურღიამდე, რომელიც 7 საათზე იწყებოდა, სულ 3 საათიღა მრჩებოდა დასაძინებლად. ამიტომ თავს ძალა დავატანე, ლოცვების წიგნს მოვკიდე ხელი და დაბლა ჩავედი, რათა მორჩილისთვის მეკითხა, სადმე სამლოცველო ოთახი ხომ არ ჰქონდათ, რომ წყნარად მელოცა. სამწუხაროდ, ასეთი ოთახი არ აღმოჩნდა. საძინებელ ოთახში კი სტუმრები ისვენებდნენ და არ შემეძლო ჩემი ლოცვებით შემეწუხებინა. თან  სხვისი თანდასწრებით ლოცვა მიჭირს, თვით ტაძარშიც კი და ყურადღება მეფანტება. თანაც ხმამაღალი ლოცვა მიყვარს. მაშინ გადავწყვიტე, ტაძრის ეზოში, ფარდულში მელოცა, რადგან ისევ წვიმდა და გარეთ ვერსად შევაფარებდი თავს. დავიწყე კიდეც, მაგრამ ორპირ ქარში უკვე გაციების საშიშროება დამემუქრა და ერთი საათი ასეთ ქარში დგომა დიდი უგუნურება იქნებოდა ჩემი მხრიდან და საზეიმო წირვის და, მით უმეტეს, ხვალინდელი ზიარების წინ არავითარი სურვილი არ მქონდა, ავად გავმხდარიყავი. არ ვიცი, შემთხვევით მოხდა თუ ღვთის ნებით, გულმა პირდაპირ ტაძრისკენ გამიწია. კარები ღია აღმოჩნდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იქვე რუსი მომლოცველი ფსალმუნებს კითხულობდა. გავეცანით და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, სიკეთე და კეთილდღეობა ვუსურვეთ და ჩვენ ლოცვებს დავუბრუნდით. ცოტა ხნის შემდეგ რუსმა დაამთავრა ლოცვა და წავიდა. დავრჩი ამ უზარმაზარ და დიდებულ ტაძარში მარტოდმარტო. თუმცა შუა და, მით უმეტეს, მთავარ დარბაზში შესვლა ვერ გავბედე და ლოცვები იქვე, უფლის და ღვთისმშობლის ხატებთან წავიკითხე. მოვასწარი დასრულება და დაბნელდა კიდეც. 
სამწუხაროდ, დრო ისევ ვერ გამოვთვალე და დასასვენებლად რომ მოვემზადე,უკვე 8 საათი ხდებოდა და საზეიმო წირვა იწყებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი