მოგზაურობა ათონის მთაზე (დოკუმენტური მოთხრობა) – დასასრული
საზეიმო წირვა ჩემს მეგობრებს, რომელთაც აქ ყოფნის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, ვკითხე, აპირებდნენ თუ არა მთლიან წირვაზე დასწრებას. მათ მიპასუხეს, რომ ამას ვერ შეძლებდნენ და მკითხეს, რა მერჩია – გვიან წავსულიყავით და ბოლომდე დავსწრებოდით, თუ ახლავე წავსულიყავით, წირვიდან ადრე გამოვსულიყავით და დაგვესვენა? რადგამ არჩევანი მე მომანდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის დაღლილი და დაქანცული ვიყავი, როგორც ფიზიკურად, ასევე გადატანილი ემოციებით, მაინც დასაწყისიდანვე დასწრება ვამჯობინე. ჯერ დავიწყოთ და მერე გამოჩნდება, სადამდე შევძლებ-მეთქი, ვუთხარი და ასეც გადაწყდა. ტაძარში რომ შევედით, წირვა რამდენიმე წუთის დაწყებული გახლდათ. ხალხი უკვე ისედაც ბევრი იყო და ნელ-ნელა კიდევ გროვდებოდა. სკამებზე ადგილები არ იყო, ყოველ სკამზე ვიღაც იჯდა და ვიფიქრე, ეტყობა ესენიც ჩემსავით დაღლილები არიან-მეთქი. სანთლები დავანთე ხატებთან და ცოტაოდენი ლოცვის შემდეგ შუა დარბაზში გავედი. იქ საკმაოდ ბნელოდა. თუ რამე სინათლე გაკრთებოდა, მხოლოდ შესასვლელიდან ან მთავარი დარბაზიდან, სანთლების წყალობით, თორემ სხვა სინათლის წყარო იქ არ გახლდათ. შუა დარბაზში დავდექი და ცრემლები კვლავ წყაროსავით წამსკდა. გამახსენდა, ბავშვობაში სიცილის ოთახები რომ იყო ხოლმე. ახლაც არის ალბათ ბავშვებისთვის. გამახსენდა იმიტომ, რომ თურმე ტირილის ოთახიც არსებულა. მე ი, დროს სწორედ იქ ვიდექი და შეუჩერებლად ვტიროდი. ბნელოდა და ვერავინ დამინახავდა და დამაბრკოლებდა. ვის სცალია ჩემი თვალების საცქერლად, როდესაც ათონის წმიდა მთაზე, მონასტერში დგას და საზეიმო წირვას ესწრება? ვფიქრობდი და ვლოცულობდი ყველასთვის, ვიზეც შეიძლებოდა მელოცა, ვინც ვიცოდი და ვინც არა, ვინც გავიხსენე და ვინც ვერა. კარგად ვაცნობიერებდი- ეს უდიდესი მადლი და წყალობა იყო ღვთისა, რომ მე ცოდვილს ჩემი სამშობლოსთვის და ჩემი ერისთვის მელოცა, ჩემი მეგობრებისთვის, მათ შორის ვირტუალური, ოჯახისთვის, გარდაცვლილებისთვის. გამახსენდა, მე თავად ემიგრანტს და სამშობლოდან წლობით გადახვეწილს, მთხოვეს, ემიგრანტებისთვის ილოცეო. ახალი ძალით იფეთქეს ცრემლებმა. გამახსენდა, რამდენი გაწამებული ქართველია უცხო მიწაზე, რამდენი სათაყვანებელი და ხელით სატარები ქართველი ქალია გაუსაძლის მდგომარეობაში, ჩვენი ტკბილი დედები, დები, შვილები. როგორ უვლიან სხვის ოჯახებს, რომ თავიანთი შიმშილით არ მოუკვდეთ. როგორ უვლიან სხვის გიჟ და გადარეულ მოხუცებს, რომ საკუთარი მიტოვებული დედებისთვის წამლის ფული იშოვნონ. მახსენდებოდა ეს ყველაფერი და ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას. ვლოცულობდი მათთვისაც, ვინც წამოსვლამდე მთხოვა და მათთვისაც, ვინც ვერ მოასწრო, ეთხოვა. განა, თხოვნა იყო მთავარი, უფალი ხომ ყველას შემწეა, ყველას მშობელი? მეც, ეს ცოდვილი კაცი, ვიდექი ამ „ტირილის ოთახში“ და ვლოცულობდი ყველასთვის, ვიზეც კი შესაძლებელი იყო და ვინც გაიხსენა ჩემმა ფიქრმა და გონებამ. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ვყოფილვარ. მთელი წირვა, რაც იქ ვიყავი, სამმა გიორგიმ ერთად განვვლეთ. ერთი გულის ჯიბეში მყავდა - წმიდა გიორგი ,მეორე გულზე მყავდა მიხუტებული -მამა გიორგი და თავად თქვენი მონა-მორჩილი - უხეირო გიორგი. ვიდექით ეს სამი გიორგი ერთად, როგორც ერთარსება და ერთად ვტიროდით, ერთად განვიცდიდით და ერთად ვლოცულობდით ამ დიდებულ ღვთის ტაძარში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, რადგან ვტიროდი, ამით იმის თქმა სულაც არ მინდა, როგორი კარგი მლოცველი ვარ. არამც და არამც... დღემდე წესიერად ლოცვა ვერ მისწავლია და ამას ვაღიარებ. მე მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ ისეთი წმიდა და ღვთიური გარემო სუფევდა იმ ტაძარში, რომ ჩემნაირი ცოდვილიც კი აატირა. აი, ეს მინდოდა მხოლოდ მეთქვა. მამა გიორგი პავლოვის ლამინირებული სურათი, რომელიც ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა - სწორედ ის სურათი, რომელსაც მირონი სდიოდა ერთ-ერთ ოჯახში -დ იდი სიყვარულით წამოვიღე ათონის მთაზე, რამეთუ ვიცოდი და ახლაც მჯერა, რომ სურათი კი არა, თავად მამა გიორგი იყო ჩემთან, ეს უტკბილესი და უსაყვარლესი მოძღვარი. ისევე, როგორც მხოლოდ ხატი კი არ მედო გულის ჯიბეში, არამედ თავად წმიდა გიორგი იყო ჩემთან, მარად ჩვენი შემწე და მფარველი. მამა გიორგის სურათზე ბევრი გაოცებულიც კი მეკითხებოდა, ვინ არისო.ზოგს წმინდანი ეგონა,ზოგს ვინმე გარდაცვლილი ახლობელი (მამა გიორგი დიდხანს გვიცოცხლოს და გვიდღეგრძელოს ღმერთმა),ზოგს ვინ და ზოგს ვინ. მე კი მოკლედ ვპასუხობდი ,რომ ეს ჩემი უსაყვარლესი მოძღვარია. მე რომ მამა გიორგიზე დამეწყო მოყოლა, არც დრო მეყოფოდა ,არც გონიერება და ვერც ვერავის ვერაფერს გავაგებინებდი. ისევე, როგორც ვერც მამა გაბრიელის შესახებ ავუხსნიდი ვინმეს, ვინც არ იცის, ვერც მამა გიორგი ბასილაძის და ვერც მამა ვიტალის შესახებ. ყველას თავისი ქვეყნის წმინდანი უყვარს და ნაკლებად, რომ სხვა ქვეყნის წმიდა მამებით დაინტერესდეს მოულოდნელად, თუ აქამდე არ გაუგია არაფერი. ხოდა, აბა, როგორ უნდა ავუხსნა უცხო ადამიანს, ვინ არის მამა გიორგი? ეს მხოლოდ მან იცის, ვინც მას იცნობს, ვისაც მასთან რაიმე შეხება ჰქონია. სიმართლე გითხრათ,მე იმან გამაოცა, რომ მამა პაისი ათონელის, ამ უდიდესი წმინდა მამის შესახებ მამა ნენადმა არაფერი იცოდა, გაგონილიც კი არ ჰქონდა და, როდესაც მოგვიანებით, იმავე სერბული მონასტრის საეკლესიო მაღაზიაში მამა პაისის სქელტანიანი წიგნი დავინახე - მისი უზარმაზარი პორტრეტით ყდაზე, გახარებულმა მაშინვე მამა ნენადს ვაჩვენე, რომელიც საბედნიეროდ იმ წუთას მაღაზიაში გახლდათ და სიხარულით ვაუწყე, რომ აი, ეს იყო მამა პაისი ათონელი, რომელიც მე ასევე უზომოდ მიყვარს. დრო გადიოდა, დაღლა ნელ-ნელა მძიმედ მეკიდებოდა.ფეხის ქუსლები მტკიოდა და ფეხები მეკეცებოდა. ძალიან მინდოდა დაჯდომა და დასვენება. ჯერ წირვა ახალი დაწყებული გახლდათ,მთელი ღამე წინ იყო და, რომ არ დავმჯდარიყავი, სადამდე გავძლებდი, არ ვიცოდი. ტაძარში შესვლისთანავე პიტერი და ტრაიანი დავკარგე და არ ვიცოდი, სად იყვნენ. შუა დარბაზიდან, ტირილით რომ გული ვიჯერე, შესასვლელ დარბაზში ჩამოვედი. ტრაიანი ერთ-ერთ სკამზე იჯდა. სხვები კი ყველა დაკავებული გახლდათ. როდესც მივუახლოვდი, წამოდგა და ადგილი დამითმო. დიდხანს ვიუარე, 80 წლის კაცს როგორ წავართმევდი ადგილს, მაგრამ დამარწმუნა, ახლა მე შევალ შიგნით და, როცა გამოვალ, მერე შენ დამითმეო. ამ პირობით დავთანხმდი და დაღლილ-დაქანცული სკამზე დავეშვი. ვიფიქრე, ნახევარ საათს დავისვენებ, მერე ტრაიანიც მოვა და ისევ ავდგები-მეთქი. არასოდეს მიყვარდა წირვის დროს ჯდომა. ბერძნულ ეკლესიებში ისევე ზიან, როგორც კათოლიკურში. ეს არასწორად მიმაჩნდა ყოველთვის. სამწუხაროდ, იგივე ხდება ლონდონის ქრთულ ტაძარში, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის დაქირავებულ შენობას წარმოადგენს და ჩვენი ქართველებიც ისევე სხედან წირვის დროს ,როგორც ინგლისელები ან იტალიელები. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. მოძღვარი კი ამას მშვიდად უყურებს და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია. ეტყობა ,რომ თვითონვე დართო ნება. მე ვინ ვარ, რომ განვსაჯო, მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობდი, რაც შეიძლება, ცოტა ხანს ვმჯდარიყავი, მაგრამ ისეთი დაღლილი გახლდით და ისე მტკიოდა ფეხები, რომ ახლა ამაზე კი არ ვფიქრობდი, არამედ ვმარჩიელობდი, რამდენ ხანს გავძლებდი წირვაზე. თუმცა დიდხანს ჯდომა მაინც არ მომიწია, ტრაინმა შუა დარბაზის შესასვლელიდან ხელი დამიქნია, სასწრაფოდ აქ მოდიო. სკამს დანანებით დავხედე, ადგილი დაიკარგება-მეთქი,მ აგრამ სხვა რა გზა იყო; რადგან მეძახდა, ავდექი და წავედი. მოდი ჩქარა, შენ ეს უნდა ნახოო, - მითხრა მიახლოებისას და მთავარი დარბაზისკენ წარმიძღვა. სწორედ მაშინ ვნახე პირველად ჭაღების ტრიალი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. პირველად იმ აზრმა გამიელვა, რომ ჭაღები თავად ტრიალებდნენ, როგორც კანდელი ივერიის ღვთისმშობლის წინ, მაგრამ თან მიკვირდა, ამდენი ჭაღი ერთდროულად რომ ტრიალებდა. ისიც ვიფიქრე, ეს რომ ღვთის ძალით ხდებოდეს, ამაზე მთელ ქვეყანას ეცოდინებოდა-მეთქი. თუმცა, მაინც გავარკვიე და მერე დავინახე კიდეც, რომ ამას ღვთისმსახურები თავად აკეთებდნენ განსაკუთრებულ მომენტებში და ეს იმდენად ლამაზი სანახაობა გახლდათ, როგორც მოგახსენეთ, ანგელოზთა ფრენას მაგონებდა. დაახლოებით, 11 საათისთვის პიტერმა და ტრაიანმა დატოვეს ტაძარი და დასასვენებლად გაემართნენ. სვეტოზარი არ ვიცოდი, სად იყო და დავრჩი მარტო ამ ჩვენი ოთხეულიდან. ამ ოთხ ადამიანს ყველაზე ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთთან და თითქმის სულ ერთად ვიყავით ხოლმე. ოთხი მუშკეტერიც კი ვუწოდეთ ჩვენს გუნდს. ტრაიანი დარტანიანი გახლდათ, პუტკუნა და საყვარელი პიტერი - პორთოსი, სუსტი და ახალგაზრდა სვეტოზარი -არამისი, თქვენს მონა-მორჩილს კი ათოსობა ერგო. ალბათ, ესეც ნიშანდობლივია, რომ ათოსი ინგლისურად ათონის მთას ჰქვია. ბერძნულად კი მას „აგიონ ოროსს“ ეძახიან – წმიდა მთას. ეს ერთი გარემოების გამო გამახსენდა: ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას,რ ოდესაც მამა ნენადმა მასთან ერთად მოგზაურობა შემომთავაზა, მან სწორედ ასე მითხრა, “აგიონ ოროსზე“ მივდივარ და, თუ წამოხვალო. მე მაშინ არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა და რამე ტაძარი მეგონა, რომელიმე წმინდანის ნაწილებით. –თუ შეიძლება, მეუღლეს წამოვიყვან- მეთქი. გაეცინა: – იქ ქალებს არ უშვებენო. გავიოცე – ქალებს ათონის წმიდა მთაზე არ უშვებენ და არ ვიცოდი, ასეთი აკრძალული ადგილი თუ კიდევ სადმე იყო-მეთქი. სწორედ ათონის მთაზე მივდივართო. “აგიონ ოროს“ ბერძნულად წმიდა მთას ნიშნავსო. აი, მაშინ იყო სწორედ, რომ ჩემს სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა და მაშინვე უყოყმანოდ დავთანხმდი. გიჟი ხომ არ ვიყავი, უარი მეთქვა? ჩვენ კი ისევ საზეიმო წირვას დავუბრუნდეთ. პიტერმა ბოდიში მომიხადა, მითხრა, რომ ხვალ მანქანა უნდა ემართა მთელი დღე და დასვენება სჭირდებოდა. ტრაიანი კი ოთხმოცი წლის კაცი გახლდათ მაინც და მთელი ღამე ვერ გაძლებდა, თუმცა არავითარი ბოდიში მას ჩემთან არ სჭირდებოდა, ეს ჩემთვისაც ნათელი გახლდათ და უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი და ხუმრობით ვუსაყვედურე კიდეც, რომ არ სჭირდებოდა ჩემთვის ამის ახსნა. მამა ნენადი, მამა ივანთან ერთად, წირვაში იღებდა მონაწილეობას. მართალია სრულად არა, მაგრამ მაინც. სვეტოზარი არ ვიცოდით სად იყო, ხოლო ჩვენი ათეულის დანარჩენი წევრები ისევე უცხო დარჩნენ ჩემთვის, როგორიც თავიდანვე იყვნენ და არავითარი ურთიერთობა მათთან არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მათგანი, ასევე ნენადი, როგორც ადრე მოგახსენეთ, პიტერის მანქანით ჩვენთან ერთად მგზავრობდა. ჩემი სერბი მეგობრების წასვლიდან სულ მალე, ასე ნახევარ საათში, ძილი ისე მომეკიდა, რომ თავის დაჭერა ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ვერც მე გავძლებდი და, ალბათ, მეც დასაძინებლად გავემართებოდი. სიმართლისათვის უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამ დღეში მხოლოდ 12 საათი მეძინა. ამას თუ დავუმატებთ იმ დაღლას, განცდებს და ყოველივეს, რაც მგზავრობას და შემდეგ ესთიგმენის მონასტერში ვიზიტს ახლდა, ალბათ, წარმოიდგენთ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას და არ განმსჯით მკაცრად. მაინც გადავწყვიტე, 12 საათამდე დავრჩენილიყავი და თუ გამოფხიზლებას ვერ შევძლებდი, დასაძინებლად წავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სკამი მოვიპოვე და დასვენება შემეძლო, დაღლამ თავისი ქნა და ისეთი ძილი მომერია, ლამის სკამზე მეძინა. მივხვდი, რომ არ ვიყავი ისეთი ძლიერი, დაღლილობას მოვრეოდი და საზეიმო წირვაზე ძილს – ასეთ უღირს საქციელს, უფლის და ღვთისმშობლის ასეთ შეურაცხყოფას, როგორც ვფიქრობდი – საწოლში ძილი ვარჩიე და გასასვლელისკენ გავემართე. კარები ჭრიალით გავაღე და გარეთ გავედი. ერთი წამით კარებთან შევჩერდი. სინდისმა დამტუქსა. შემრცხვა ჩემი მცირედმორწმუნეობის და სულმოკლეობის გამო. არ ვიცი, სინდისის ხმა იყო თუ ვინმე სხვისა, აშკარად ჩამესმა სულში: –ნუ წახვალ. დაბრუნდი უკან. ეცადე გაუძლო ბოლომდე. ეს წუთები არასოდეს დაბრუნდება და გამეორდება. ნუ გაიხდი სანანებლად. დაფიქრდი, რამხელა შეცდომას უშვებ. ღმერთმა ასეთი მადლი გიბოძა, შენ კი დასაძინებლად მიდიხარ. ძილს ყოველთვის მოასწრებ. თუნდაც სულ რომ უძილარი დარჩე, განა ესაა მთავარი? აქ გატარებული ყოველი წუთი კი შეუფასებელია, ნუ გაუშვებ ხელიდან ამ წყალობას ღვთისას. შეირგე და დააფასე, – მეუბნებოდა შინაგანი ხმა და სიმართლე უნდა ვთქვა, მართლაც ძალიან შემრცხვა. მივხვდი, რამდენად უღირსი გახლდით ასეთი მადლისა. იმ წუთში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდხანს ვერ გავუძლებდი, იმდენად არ მჯეროდა ჩემი ძალების, მაგრამ მაინც მოვბრუნდი და სინდისის ხათრით, მერე რომ სათქმელი არაფერი ჰქონოდა, ტაძარში შევედი. მთავარ დარბაზში შევედი და გავჩერდი. უნდა მოგახსენოთ, რომ ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა იმ დროისთვის და უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენდა მსახურების თავისუფლად ხილვა. არათუ შეღწევა ,თუ მოინდომებდა კაცი, პირველ რიგებშიც კი მოახერხებდა დგომას და სრულყოფილად მონაწილეობას საზეიმო წირვაში. დაახლოებით, 15 - 20 წუთი ვიდექი. შემდეგ შუა დარბაზში გავედი და ამ საკმაოდ დაბნელებულ გარემოში თავისუფალი სკამი ვიპოვე. გამიხარდა და სიხარულით გავემართე მისკენ. ვიფიქრე დასვენების საშუალება თუ მომეცემოდა, იქნებ როგორმე გამეძლო ბოლომდე. მამა გიორგი ისევ მკერდზე მყავდა მიკრული და იმედი მქონდა, რომ ისიც დამეხმარებოდა. მაგრამ ძილთან ბრძოლა არათუ დამთავრდა, ახალი ძალით დაიწყო და ისეთი გააფთრებით შემომიტია, რომ მარტო ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი ასეთ თავდასხმას. მე რომ ცოტათი ღირსი ვყოფილიყავი აქ დგომისა, იმასაც კი ვიფიქრებდი, ეშმაკი მებრძვის-მეთქი, მაგრამ ჩემნაირ უღირსთან რაში სჭირდებოდა ეშმაკს ბრძოლა? ალბათ, არხეინად მიყურებდა და სიცილით იგუდებოდა, მცირე წინააღმდეგობის გაწევაც რომ არ შემეძლო ძილის სურვილისთვის. ჩემდა სამარცხვინოდ ისიც უნდა ვთქვა, რომ რამდენჯერმე ჩამთვლიმა კიდეც, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი და ვცდილობდი სიმხნევე შემენარჩუნებინა. როდესაც მივხვდი, რომ ამას ვერ შევძლებდი, გავბედე და დასახმარებლად უფალს მივმართე. არ მინდოდა ასეთი უღირსი და სამარცხვინო თხოვნით მიმემართა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. შემდეგ კი მამა გიორგის ვევედრებოდი: –ჩემო ტკბილო, მამა გიორგი, ვიცი რომ aხლა ჩემთან ხარ და ჩემთან ერთად ესწრები ამ საზეიმო წირვას. გევედრები, გამაძლებინე, მომეცი ძალა ძილს მოვერიო და ბოლომდე გავუძლო ამ ბრძოლას. ნუ მისცემ ბოროტს უფლებას, გაიმარჯვოს და შერცხვენილმა და დამარცხებულმა დავტოვო ტაძარი. მომეცი ძალა და სიფხიზლე, გამაძლებინე ბოლომდე, გევედრები! დაახლოებით, ორი საათი საშინელი ბრძოლები მქონდა. არ მეშვებოდა ძილის ეშმაკი, მაგრამ არც მე ვუთმობდი და უკვე წასვლაზე ფიქრიც კი საერთოდ ამოვიგდე თავიდან. რომც დავცემულიყავი, აღარ ვაპირებდი ტაძრიდან უდროოდ გასვლას. მებრძოდა, მაგრამ ვუძლებდი და ღვთისა და მამა გიორგის იმედი მქონდა. წირვა დილის 4 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო. ასე იყო ნათქვამი და ეს ცოტა უიმედობას კი მისახავდა გულში, მაგრამ მაინც მჯეროდა, უკვე მტკიცედ მჯეროდა, რომ გავძლებდი. თუმცა სრულიად მოულოდნელად და ჩემდა გასახარად, ძილის ეშმაკთან ბრძოლა უფო ადრე დამთავრდა, ვიდრე მეგონა და ჩემი ტანჯვაც დასრულდა. დაახლოებით, დილის 2 საათისთვის წირვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაიწყო. მონასტრის ბერები საკურთხევლისკენ დაიძრნენ და ხატების წინ მეტანიების შესრულება დაიწყეს. ეს ძალიან ლამაზი სანახაობა გახლდათ. დედამიწის ანგელოზები თითქოს დასრიალებდნენ ტაძარში და სიწმინდეებს ეამბორებოდნენ. განსაკუთრებული პატივით ერთ-ერთ ხატს სცემდნენ თაყვანს სამი სრული მეტანიით და მივხვდი, რომ ეს რაღაც ძალიან დიდი სიწმინდეს წარმოადგენდა, თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, ვისი ხატი გახლდათ ეს. ასევე უნდა ვაღიარო, რომ მგზავრობისთვის ძალიან ცუდად მოვემზადე. არ ვიცი, რით მქონდა თავი გამოტენილი, მაგრამ ერთხელაც კი არ მიცდია ინტერნეტით ჰილანდარის მონასტრის შესახებ ინფომაციას გავცნობოდი და aხლა ჩემი უმეცრებისგან შერცხვენილი არ ვდგარიყავი ამ დიდებულ ადგილას. თუმცა, მეგონა, რომ ესთიგმენში მივემგზავრებოდით და მხოლოდ სულ ბოლო მომენტში შევიტყვე, რომ ჩვენი ღამისთევის და ძირითადი სტუმრობის ადგილი ჰილანდარი გახლდათ. ხატი კანკელის მოპირდაპირე მხარეს, ოდნავ მარცხნივ მდებარეობდა და დამსწრე მრევლისთვის შეუძლებელი იყო მისი დანახვა, მხოლოდ მიახლოების შემთხვევაში შეიძლებოდა მისი ხილვა. ხატის გვერდით, მაღალ სკამზე მონასტრის იღუმენი გახლდათ დაბრძანებული და ბერებს ხელზე ამბორის ნებას აძლევდა. ბერებს კი მრევლი მიhყვებოდა. მივყვებოდი მეც და ამ წუთიდან წირვის დასრულებამდე, ძილი საერთოდ აღარც კი გამხსენებია. აქ ისეთი ატმოსფერო სუფევდა, ძილი კი არა, ნეტავ ეს არ დასრულდეს არასოდესო, ინატრებდა კაცი. ღვთის მადლით, მოვიდა ჩემი ჯერიც და ხატს მივუახლოვდი. ეს გახლდათ დედა ღვთისმშობლის უმშვენიერესი ხატი – ორიგინალი, ოქროს, ვერცხლის და სხვა უამრავი შეწირული ძვირფასი ნივთებით შემკული ღვთაება. მშვენიერების, სიწმინდის და ღვთიური დიდებულების უმაღლესი მწვერვალი, რომლის იქით უკვე მხოლოდ უფალია. მე, ეს ცოდვილი და უღირსი კაცი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძილის ეშმაკს ვებრძოდი, ჩემს სიცოცხლეში პირველად, უტკბილესი დედა ღვთისმშობლის უდიადესი გამოსახულების წინ ვიდექი, რომელსაც სამხელიანი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ჰქვია. გაკვირვების და გაოგნების დრო არ მქონდა, უკან ხალხი მელოდებოდა. ყველას მსგავსად, მეც სამი სრული მეტანია შევასრულე და მის მცირე ასლს ვეამბორე, ხოლო შემდეგ მონასტრის იღუმენს ხელზე ვემთხვიე. შემდგომში დიდხანს ვფიქრობდი ამ საოცრად ბედნიერ წუთებზე. კიდევ კარგი, ამ ხატის ისტორია მაინც ვიცოდი და სრულ უმეცრებაში ყოფნამ არ მომიწია. წინასწარვე მინდა გითხრათ, რომ სახლში დაბრუნებისას მაშინვე ინტერნეტს ვეცი და ჰილანდარის სიწმინდეებს გავეცანი. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ამ მონასტერში ინახება ასევე ძუძუსმაწოვებელი დედა ღვთისმშობელი, აკათისტოს ღვთისმშობელი და სხვები, მაგრამ ისინი მე არ მინახავს, არ ვიცი, იმ მომენტში მათი იქ არყოფნის თუ ჩემი სიბრიყვის გამო. სამხელიანი დედა ღვთისმშობლის თაყვანისცემის შემდეგ მონასტრის ანგელოზებს წმიდა სვიმეონის წმიდა ნაწილების და ირგვლივ მყოფი სხვა ხატების თაყვანსაცემად მივყვებოდით უწყვეტ ჯაჭვად და თავი სიზმარში მეგონა. შემდგომში, სულ ერთი წამით წარმოვიდგინე, დასაძინებლად რომ წავსულიყავი, ამ ნეტარი წუთების მაგივრად ლოგინში უნდა ვწოლილიყავი და უსიამო ჟრუანტელმა დამიარა. ცივმა ოფლმა დამასხა და უფალს და მამა გიორგის გულმხურვალე მადლობას ვწირავდი, რომ ეს არ დაუშვეს და ამ დიდ ბედნიერებას ბოლომდე მაზიარეს. თუმცა ეს ყველაფერი როდი გახლდათ. მალე ტაძარში თვით ყოვლადპატიოსანი ჯვრის ნაწილი შემოაბრძანეს და ზღაპარი გაგრძელდა. აღარას ვამბობ ჭაღების ტრიალსა და ჩრდილების თამაშზე, რომელზედაც ადრე მოგახსენეთ. პატიოსანი ჯვარი დარბაზის შუაგულში დააბრძანეს. მის თაყვანსაცემად ბერები სამ-სამად მიემართებოდნენ და ასევე სამი სრული მეტანიის შემდეგ, უდიდეს სიწმინდეს ეამბორებოდნენ. ეს ისეთი ლამაზი სანახაობა გახლდათ, რომლის ენით გადმოცემა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, როდესაც იქ დგახარ და ელოდები, როდის გააკეთებ იმავეს და ასეთ ღვთიურ ბედნიერებას ეზიარები. მადლობა უფალს, რომ ასეთი დიდი სასწაულის ღირსი გამხადა. აი, ასეთ ვითარებაში დასრულდა ჯვართამაღლების ეს დიდებული ზეიმი ჰილანდარის მონასტერში და უზომოდ ბედნიერი და გახარებული დილის 3 საათზე სასტუმრო ოთახში დავბრუნდი. ახლა კი დიდი სიამოვნებით ჩავწექი ჩემს ლოგინში და 3 საათით, ალბათ, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი ძილით დამეძინა. მეტი არც დრო მქონდა და არც სურვილი, რომ ძვირფასი წუთები ძილში გამეტარებინა. საზეიმო წირვაზე ბოლომდე დასწრება კიდევ ერთი რამით აღმოჩნდა ჩემთვის მნიშვნელოვანი. წირვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მამა ნენადმა ხელი მომკიდა და თავისკენ მომქაჩა. მის გვერდით მჯდარი ბერი, სწორედ ის ქართველი ბერი ილარიონი გახლდათ, რომლის შესახებაც ადრევე ვიცოდი და, რომლის გაცნობასაც მამა ნენადი შემპირდა, რაც პირნათლად შეასრულა კიდეც. რამდენიმესიტყვიანი გასაუბრების შემდეგ ბერი ილარიონი შემპპირდა, რომ მეორე დღეს, წირვის შემდეგ გამესაუბრებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს წმინდა ადამიანი, რომელიც თოთხმეტი წელია უკვე ჰილანდარში მოღვაწეობს, სინამდვილეში, ზღვის ნაპირას, განცალკევებით ცხოვრობს. ამიტომაც არ მოხერხდა აქამდე მისი ნახვა. მეორე დღეს, მართლაც, გავესაუბრე ამ ადამიანს, თუმცა ბევრი ვერაფრის თქმა მოვახერხე, როგორც ჩემი მისდამი უდიდესი მოწიწების და პატივისცემის გამო, ასევე ჩემი სიმორცხვის და გაუბედავობის წყალობით. მაგრამ, რაც შევძელი, იმითაც კმაყოფილი ვიყავი. აქ, ამ შორეულ, უცხო მხარეში ჩემი სამშობლოს პატარა წმიდა ნაწილი, სამშობლოსა და ერზე მლოცველი ქართველი ბერი ვიხილე და უკვე ესეც დიდი წყალობა გახლდათ ჩემთვის. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბერი ილარიონი არაჩვეულებრივად საუბრობს სერბულ ენაზე, რამაც, სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გამაოცა კიდეც. უნდა მოგახსენოთ ასევე, რომ ეს ერთადერთი ქართველი არ გახლდათ, ვინც ჰილანდარში ვიხილე. ჩემდა გასაოცრად, სწორედ ჯვართამაღლების ამ დღესასწაულზე მასთან ჩამოსული გახლდათ მისი ძმა სამ მეგობართან ერთად, რომელთა გაცნობის, მათთან გასაუბრების და სურათების გადაღების ბედნიერებაც მხვდა წილად. ღმერთმა დალოცოს ბერი ილარიონი! დღეგრძელობა და სულიერი სიმშვიდე ვუსურვოთ ამ ღვთივსათნო ადამიანს! მასთან ერთად მისი ძმა თავის მეგობრებთან ერთად, ბერი ერმოლაოსი და ათონზე მოღვაწე ყველა ქართველი ბერი. სრულიად საქართველო დალოცოს ღმერთმა თავის შვილებით, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან! მე კი თქვენის ნებართვით, განვაგრძობ თხრობას. დილის წირვამაც არაჩვეულებრივ ატმოსფეროში ჩაიარა. ამჯერად დარბაზები გადაჭედილი იყო ხალხით და მთავარ დარბაზში მოხვედრა საკმაოდ რთული გახლდათ. ღვთის მადლით და წყალობით, ისევ მხვდა ბედნიერება სამ-სამი სრული მეტანიით, როგორც წინა ღამეს, ვმთხვეოდი ტაძრის უდიდეს სიწმინდეებს: სამხელიანი დედა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს, ყოვლადპატიოსანი ჯვრის ნაწილს და წმიდა სვიმეონის ლუსკუმას. დგებოდა გადამწყვეტი მომენტი – ევქარისტია, ანუ წმიდა ზიარება. მიუხედავად მამა ნენადის შეპირებისა, საზეიმო წირვაზე აღსარების ჩაბარების საშუალება არ მომეცა. ვიფიქრე, ალბათ დილას შევძლებ-მეთქი. ტრაიანმა მიმიყვანა ერთ ძალზედ დაბალტანიან სათნო ბერთან, რომელიც,თურმე, როგორც წესი, იბარებს აღსარებას. ბერმა ბუზღუნი დაიწყო. გაოცებულმა ტრაიანს შევხედე და მისი ბერძნული ენის ცოდნის წყალობით გავარკვიე რაშიც იყო საქმე. ბერი მსაყვედურობდა, რომ წინა საღამოს არ ჩავაბარე აღსარება – ეტყობა გეძინა და ამისთვის არ გეცალაო, მეუბნებოდა.გული კი დამწყდა დაუმსახურებელი საყვედურის გამო, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი? მორცხვად დავხარე თავი და დასჯილი მოსწავლესავით ავიტუზე. იცის უფალმა, ძალიანაც მინდოდა, მაგრამ არც ვინმე დამინახავს, აღსარება ჩაებარებინოს საზეიმო წირვაზე და არც მამა ნენადთან მომეცა ამის საშუალება, როგორც იმედი მქონდა მანამდე. ასეა თუ ისე, ამ პატარა ტანის სათნო ბერმა ჩაიბარა ჩემგან აღსარება და გამიხსნა გზა კიდევ ერთი უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისკენ, რასაც ათონის წმიდა მთაზე ზიარება ჰქვია. მეტს აღარ შეგაწუხებთ წვრილმანებით, ჩემო მკითხველო. ლიტურღიის მსვლელობის წესი ყველამ კარგად იცით და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს დეტალურად აღვწერო ყოველივე. არავითარი განსხვავება არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ადგილს და გარემოს, სადაც იგი აღესრულებოდა, სხვა დანარჩენი ჩვეულებრივი წესით წარიმართა და უამრავი ადამიანიც ეზიარა. წირვის შემდეგ საუზმეც ისეთივე წესით ჩატარდა, როგორც წინა საღამოს სადილი. ლოცვით, წმიდა სახარების კითხვის თანხლებით და ა.შ. განსხვავება მხოლოდ საკვებსა და სტუმართა რაოდენობაში გახლდათ. ამჯერად ვიზიტორთა რაოდენობა 100-ს აჭარბებდა. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გამახსენა წინა საღამოს განცდილი გულისტკივილი და კიდევ ერთხელ მაიძულა, დავფიქრებულიყავი, უნდა ვაწუხებდეთ თუ არა ამ წმიდა ადამიანებს ჩვენი სტუმრობით. ადრეც მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პიტერი სრულიად მართალი აღმოჩნდა. დრო იმდენად მცირე გვქონდა, რომ არანაირი საშუალება ესთიგმენის მონასტრის სტუმრობისა არ გვექნებოდა, გარდა ამისა, მოსაგვარებელი მქონდა რამდენიმე აუცილებელი საქმე -წმიდა მიწის მოპოვება მეგობრების და ახლობლებისთვის წასაღებად, სამახსოვრო ხატების და სხვა ნივთების შეძენა საეკლესიო მაღაზიაში, ვიდეო და ფოტომასალის დამატება და სხვა. ყოველივე ამის შემდეგ მხოლოდ 20 წუთი დამრჩა, სანამ ავტობუსით ნაპირისკენ დავეშვებოდით, რათა გემით დიდ მიწას დავბრუნებოდით. სანამ ათონის წმიდა მთას დავემშვიდობებით, მინდა ორიოდე სიტყვა გამგზავრების წინა პერიოდზეც მოგახსენოთ. ნაპირზე, გემის მოლოდინში მომეცა საშუალება, ცოტაოდენი ზღვის სილა ამეღო და ულამაზესი და გასაოცარი სილამაზის ზღვის ფერადი კენჭები მომეგროვებინა, რომელთაგან ბევრმა გამაოცა თავისი იშვიათობით და მათზე უცნაური ფიგურების გამოსახულებით, თორემ ზღვის ლამაზი კენჭები ვის არ უნახავს? ერთ-ერთ ქვაზე თავად ღვთისმშობლის მსგავსი გამოსახულებაც აღმოვაჩინე და მისი მშვენიერებით და უნიკალურობით ჩემი ახლადშეძენილი მეგობრებიც გავაოცე. როგორც ადრე მოგახსენეთ, ჩვენი ნავთსაყუდელი პირველი გაჩერება გახლდათ დიდი მიწიდან მომავალი სტუმრებისთვის, მაგრამ ბოლო - ათონის მთიდან მიმავალი გემისთვის. ამის აღნიშვნა უმიზეზოდ არ დამჭირვებია. გემი, რომელსაც ველოდებოდით, იმდენად დატვირთული მოვიდა, რომ ჩვენს წაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა და დავრჩით ასე, გაურკვეველ მდგომარეობაში რამდენიმესაათიანი მოლოდინის რეჟიმში. მაგრამ მიუხედავად პირველი გულგატეხილობისა და იმედგაცუებისა, მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ასე მოხდა, რამეთუ მომეცა საშუალება აქ, ათონის წმიდა მთაზე, ზღვის ნაპირზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელი წამეკითხა, რაზეც ვოცნებობდი მანამდე, თუ ამ სიწმინდის ნახვის საშუალება არ მექნებოდა. ჩემდა გასახარად, ღმერთმა ეს სურვილიც გასაოცარი და დაუჯერებელი გზით ამისრულა. თქვენ წარმოიდგინეთ, უდროობის გამო ამის საშუალებაც კი არ მომეცა ჰილანდარის მონასტერში ყოფნისას და ამისთვის საჭირო დრო უფალმა არაჩვეულებრივ გარემოში, ზღვის ტალღების სასიამოვნო შრიალის ფონზე მარგუნა. წვიმა, რომელიც ყოველ წამს აპირებდა დაშვებას, თითქოს ვინმე აკავებსო, ვერ ბედავდა ჩემს შეწუხებას და მხოლოდ მცირე წვეთებით მახსენებდა თავს, თითქოს მეუბნებოდა: აქ ვარ და დროზე წაიკითხე, რასაც კითხულობ, თორემ დავეშვები და კარგა გვარიანადაც დაგასველებო. მეც სრული სიმშვიდით აღვასრულე ჩემი საქმე. ბევრჯერ მილოცია ღია ცის ქვეშ, მაგრამ ეს იყო ლოცვა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება ჩემს სიცოცხლეში. რომლის მსგავსიც, ეჭვი მეპარება, როდისმე განვიცადო კიდევ ოდესმე. დედა ღვთისმშობლის სანუკვარ ხატამდე ვერ მივაღწიე, მაგრამ ცოტა შორიდან ვუკითხავდი საგალობელს და მჯეროდა, რომ მას ჩემი ესმოდა. სულ რამდენიმე კილომეტრი იყო ჩვენს შორის მანძილი და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხატიც და მეც ერთ მიწაზე ვიყავით მაინც და ვიცოდი, რომ წმიდა მარიამი მიიღებდა ჩემს ლოცვას ისე, მისი ხატის წინ მდგომარეს რომ მელოცა. ამაში კიდევ ერთხელ მაშინაც დავრწმუნდი, როდესაც ლოცვის დამთავრების შემდეგ გემი მოგვადგა და ჩვენი წასვლის დროც დადგა. ასე გამოზომილად ვერანაირად ვერ გავთვლიდი, ეს რომ უფლის და ღვთისმშობლის ნება არ ყოფილიყო და ღმერთს ვევედრები, მაპატიოს ეს ამპარტავნება, თუ ვცდები. კარგად ვიცი, რომ ეს მხოლოდ უფლის კიდევ ერთი (უკვე მერამდენე) წყალობა და მადლი გახლდათ, კიდევ ერთი სასწაული და არა რაიმე ჩემი დამსახურება. ჩემმა სერბმა მეგობრებმა ისიც კი მითხრეს, შენ რომ არ გელოცა, გემი ჯერ არ მოვიდოდაო. გემი, მართლაც, უფრო გვიან უნდა მოსულიყო, როგორც ვიცოდით და ახლა, ასე რომ „დაემთხვა“ ლოცვის დასრულებას, გარედან მართლაც ჰგავდა მათ მოსაზრებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ გახლდათ და მიუხედავად ჩემი მცდელობისა, დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები, რომ მე სულ სხვა ლოცვას ვკითხულობდი და გემთან ეს არავითარ კავშირში არ იყო, ვერაფრით ვერ დავარწმუნე ისინი მათი აზრის სიმცდარეში. თუმცა ბევრი აღარ ჩავციებივარ და დავანებე თავი, რადგან მაინც არაფერი გამომდიოდა. ეგონათ, ჩემი თავმდაბლობის გამო არ ვაღიარებდი ამას. ასე სჯეროდათ და არაფრის გაგონება არ უნდოდათ. აი, ეს იყო ბოლო, რაც ათონის მთის დატოვებასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. გემმა ტალღები გააპო და პორტისკენ აიღო გეზი. ისევ გამცილებელი თოლიები; სევდიანი მზერით გამოთხოვება წმიდა მიწასთან, რომელიც სულ უფრო და უფრო უკან რჩებოდა და სადაცაა თვალს მიეფარებოდა; უხალისო თვალიერება უკვე ნაცნობი ლამაზი პეიზაჟებისა და... აი, ნაპირიც გამოჩნდა. ათონის წმიდა მთა კი მხოლოდ მოგონებადღა დარჩა. დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი ათონის წმიდა მთა უკან დარჩა, თუმცა ამით ჩვენი მოგზაურობა არ დასრულებულა. წინ კიდევ უამრავი ულამაზესი სანახაობა გველოდა. ვეცდები, მოკლედ აღვწერო ყოველივე და აღარ შეგაწყინოთ თავი ზედმეტი წვრილმანებით. ურიანოპოლისში დავბრუნდით და პირველი რამაც გამაოცა, სუსტი სქესის წარმომადგენელთა სიმრავლე გახლდათ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებისა. გაოცებულმა გამოვკითხე ჩემს მეგობრებს და მხოლოდ მაშინ შევიტყვე, რომ ეს ადგილი არა მხოლოდ ათონზე გამგზავრების მსურველთათვის ყოფილა განკუთვნილი, როგორც პირველად მეგონა, არამედ ოჯახური დასვენებისთვისაც არაჩვეულებრივი ყოფილა, განსაკუთრებით კი თევზაობის მოყვარულთათვის, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამ უმშვენიერეს ბერძენ მანდილოსნებს მეთევზეობის არაფერი ეტყობოდათ. უფრო დროის სატარებლად და გასართობად იყვნენ აქ ჩამოსულები. მცირეოდენი დავისვენეთ და გზას გავუყევით.რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდით თესალონიკში. მანქანა სადგომზე დავაყენეთ და ნანატრი დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძრისკენ გავემართეთ. ტაძარი საკმაოდ დიდია და შესვლისთანავე იგრძნობა ღვთივსულიერი სინატიფე და დიდებულება, თუ ასე შეიძლება ითქვას. შესასვლელშივე, მარჯვენა მხარეს, უზარმაზარი იერუსალიმის ღვთისმშობლის ულამაზესი ხატი შემოგეგებებათ. ძნელია, თვალი მოსწყვიტო ამ სილამაზეს. მაშინვე გიჩნდება სურვილი, თაყვანი სცე და ეამბორო. წარმოუდგენელი კრძალულება გიჩნდება ადამიანს, ისეთი სიდიადე და ღვთაებრივი მშვენიერება გამოსჭვივის ხატიდან. აქამდე ეს ხატი მხოლოდ ინტერნეტში მქონდა ნანახი და თვალით ნანახმა, რა თქმა უნდა, ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა. ასეთი მშვენიერებანი არა ერთი და ორია ამ ტაძარში. ყველას აღწერას ვერ შევძლებ, რადგან ასე დაწვრილებით ამ ტაძრის დათვალიერების საშუალება არც ამჯერად მქონდა, თუმცა ყველაზე მთავარ სიწმინდეს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის წმიდა ნაწილებს ვეახელი და გარკვეული დროც დავყავი იქ. ეს პატარა, მაგრამ უაღრესი სინატიფით და გემოვნებით მოწყობილი ფარდული ისეთ სურნელებას აფრქვევს, ჟრუანტელი გივლის მთელ სხეულში და წამით უფალთანაც კი გრძნობ თავს. ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ჩემი დახასიათება მხოლოდ უსუსური მცდელობაა იმ საოცარი, არაამქვეყნიური, ღვთიური მადლის გადმოცემისა, რაც აქ სუფევს და რომლის მსგავსი, როგორც ადრე მოგახსენეთ, სიცოცხლეში არაფერი შემიგრძვნია მანამდე. თავად ფარდული, თუ ასე შეიძლება ეწოდოს, საკმაოდ მცირეა. მასში მხოლოდ დიმიტრი თესალონიკელის ლუსკუმაა დასვენებული და ორივე მხარე ღია აქვს – ერთი შესასვლელად და მეორე გასასვლელად. ფარდულის წინა მხარეს წმინდანის უზარმაზარი ხატი კიდია. სურნელებას რომ თავი დავანებოთ, ეს ისეთი სილამაზეა, რასაც იშვიათად ნახავს ადამიანი. შეუძლებელია, ეს ერთხელ ნახო და სამუდამოდ არ დაგრჩეს გულში, სულსა და გონებაში. ტაძარი უზარმაზარია და ბერძნულ ყაიდაზე, სკამებით არის გაწყობილი. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ რამდენიმე ასეული ადამიანი დაეტევა. მისი ინტერიერის დიზაინი იმდენად მდიდრულად არის მოწყობილი, რომ ენით ამის გადმოცემა შეუძლებელია. კოლონებით დამშვენებულ დარბაზში უამრავი ხატია ჩამოკიდებული. საეკლესიო მაღაზიაში ამ დიდი წმინდანის მირონი და ზეთიც შევიძინე ხატებთან და სხვა სამახსოვრო ნივთებთან ერთად და გულდაწყვეტილმა, მაგრამ საოცრად ბედნიერმა და ამაღლებულმა ამ დიდებულების ხილვის გამო, დავტოვეთ ტაძარი. არ შემიძლია, გულისტკივილით არ გავიხსენო ერთი ფაქტი. რადგან გულახდილად გიყვებით ყოველივეს, ამ მცირე უსიამოვნო ამბავსაც გავიხსენებ.ტაძრიდან რომ გამოვედით, ერთადერთი მათხოვარი შემოგვებება გზაზე. ალბათ, სხვებიც იქნებიან-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ არა, მხოლოდ ერთი იყო. ერთი ხეიბარი ქალი იყო მაშინაც, როდესაც პირველად ვნახე ეს ტაძარი.გამიკვირდა, ნეტავ, რატომ მეტი არ არის-მეთქი. ჩემი ქვეყანა გამახსენდა, უამრავი ატირებული და გატანჯული ადამიანით, რომელიც უკანასკნელ დამცირებას იტანს და სამათხოვროდ დგება ქუჩაში, განსაკუთრებით, ტაძრის კართან. ის სათნო და მოკრძალებული ადამიანები, რომლებიც ცრემლიანი და იმედიანი თვალებით ევედრებიან ყოველ გამვლელს, რომ სახლში მცირეოდენი პურის ფული მიიტანონ. მათხოვარს მცირეოდენი თანხა მივეცი. ჩემს უკან ჩვენი ჯგუფის სხვა წევრებიც მოდიოდნენ და იმედი მომეცა, ესენიც შეეწევიან-მეთქი. მწარედ შევცდი. ჯერ ერთმა ჩაურა, მერე მეორემ, მესამემ, მეოთხემ. შვიდმა თუ რვა კაცმა ისე ჩაუარა ამ გასაცოდავებულ ადამიანს, რომ შეხედვაც კი არ იკადრა არც ერთმა.ხოლო ბოლომ, რადგან მათხოვარი დაჟინებით სთხოვდა, ოდნავ ხელიც კი კრა, მომშორდიო. გული დამეწვა, გაოცებული შევყურებდი ამ ყოველივეს და თვალებს არ ვუჯერებდი. ეს ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ათონის მთაზე იყვნენ, უფლის ჯვარს და დედა ღვთისმშობლის ხატს ეამბორნენ, ხოლო ამ წუთას უდიდესი მართმადიდებლური ტაძრიდან გამოდიოდნენ, ერთადერთ მათხოვარს ზედაც არ უყურებდნენ და ხელსაც კი კრავდნენ, აქაოდა, წადი და შენი ტოლი ნახეო. გაოგნებისგან არ ვიცოდი, რა მექნა. არც ბერძნები იკლავდნენ მაინცდამაინც თავს და ტირილი მომინდა. ისევ ჩემი ქართველები გამახსენდა – ჩემი თბილი, მოსიყვარულე, მოწყალე და გულიანი ქართველები. თავად უქონელებს, გაჭირვებულისთვის ლუკმა რომ არ ენანებათ და თავისი გულის ნაჭერსას კი გაუნაწილებენ, რომ შეეძლოთ. ქართველებზე ვამბობ, ძვირფასებო, ნამდვილ ქართველებზე და სხვებში არ შეგეშალოთ. ისევ მივედი მათხოვართან, მივეცი მცირეოდენი მოწყალება და ეს მათ მაგივრად გაძლევ და გული არ დაგწყდეს-მეთქი, ვუთხარი. არა მგონია, გაეგო, თუმცა ეს არ იყო მაშინ მთავარი. მე ამ მათხოვარზე მეტად ის უგულო ადამიანები შემეცოდნენ, თავისდა უნებურად, დიდ ცოდვაში რომ ეხვეოდნენ და ვერც კი აცნობიერებდნენ ამას. “ვინც გთხოვს, ყველას მიეცი“ – გამახსენდა უფლის სიტყვები. –თქვე დალოცვილებო, იქნებ თავად უფალი გთხოვთ, თქვენ რა იცით? – მივმართე გულში და ეს გულისტკივილი დიდხანს გამყვა გზაზე. თუმცა მოგვიანებით, მომდევნო დღეს, როდესაც უკვე ბელგრადში მათხოვრისთვის ჯიბისკენ წავიღე ხელი, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემივე მეგობრები ლამის ხელებში ჩამაფრინდნენ, არ მისცე, ალბათ, დასალევად უნდაო. ვეცადე, ამეხსნა, რომ ამას არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, შესაძლოა, მშიერი იყო და ამისთვის უნდოდა, ვინ იცოდა ეხლა ეს?... და ეს მაშინ, როცა ირგვლივ, ამ ძველებურ, მაგრამ ძვირადღირებულ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში გართობის და ჭამა-სმის მოყვარული უამრავის სულელი ტურისტი ფულს რაში ყრიდა, არც კი იცოდა. მასეც რომ ყოფილიყო და ამ გასაცოდავებულ ადამიანს თუნდაც დალევა მონდომებოდა, ამათი შემხედვარე არც ეს ჩანდა დიდ საოცრებად და უბედურებად. მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო და გავუმეორე იგივე, რაც ტაძართან ვიფიქრე წინა დღეს: ვინც გთხოვს, ყველას მიეცი,– ამბობს უფალი და მორჩა. განა, ასე რთულია ამის გაგება? მე გული სხვა რამემ დამწყვიტა. როგორც უკვე მივხვდი, ამ ორი შემთხვევიდან, აქ მათხოვრებისთვის ფულის მიცემა და დახმარება არ ყოფილა, როგორც ჩანს, მიღებული და, ალბათ, ამიტომაც იყვნენ თითზე ჩამოსათვლელნი, რაკი თავადაც იცოდნენ ეს და მგონია, რომ უცხოელების იმედით უფრო იდგნენ ტაძართანაც და ბელგრადშიც, ტურისტების თავშეყრის ადგილას, იქნებ აქ მაინც სთხოვ, მაპატიოს, თუ ვცდები. სამი მათხოვარი ვნახე სხვადასხვა დროს და არც ერთი ადამიანი, ვინც მოწყალებას მისცემდა. შესაძლოა, ასეთი გაჭირვებული ადამიანები მართლაც ერთეულები არიან და ამიტომაც არ ჩანან. ღმერთმა ქნას, ასე იყოს. მოდი, ჩვენც ასე ჩავთვალოთ, ჯობს, დანარჩენი კი უფალმა განსაჯოს. ამ სევდიანი გადახვევის შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენს მოგზაურობას. წმიდა საბას ლავრა ისევ გამოვიარეთ საბერძნეთის და მაკედონიის საბაჟოები და სერბიაში დავბრუნდით. არა აქვს მნიშვნელობა, რა დროს გაივლი იმ სასტუმრო-რესტორანს, რომელზეც მოგზაურობის დასაწყისში მოგახსენეთ.ეს საგზაო სასტუმრო გახლავთ, ანუ მოტელი, როგორც ეძახიან. როგორც წესი, აქ ყველა მოდის და საუზმობს, სადილობს, ვახშმობს. აი, ღამის ტრაპეზს კი რა დავარქვა, არ ვიცი. შუა ღამეს კაი გადაცილებული გახლდათ, როდესაც უზრამაზარ გადავსებულ დარბაზში ძლივს ვიპოვეთ ადგილი და უკვე მეორედ, სერბულ ნაციონალურ საჭმელს “ბესკოვიცას“ მადიანად შევექეცით. ალექსინაცში დილის 6 საათზე ჩავედით. მამაომ ისევ თავის სახლში მიმიყვანა. მეორე დღე კი პიტერს და ტრაიანს მივყვებოდი ბელგრადში, რომელთაც თავის თავზე აიღეს ჩემზე შეფობა, როგორც ტურისტზე და უვნებლად და უსაფრთხოდ ჩემს აეროპორტში მიყვანას შეპირდნენ მამა ნენადს. ისევ, სულ რამდენიმე საათი ძილი და საუზმის და ცოტაოდენი საუბრის შემდეგ ბელგრადისკენ გავეშურეთ. ისევ გამაოცა სერბიის საქართველოსთან მსგავსებამ. სერბიის სოფლებს გავდიოდით და მსგავსება ისეთი დიდი იყო, მეგონა, საქართველოს მიწაზე ვიყავი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სოფლის სახლები და ეზოები, მომეჩვენა, რომ უფრო დიდია, ვიდრე სერბიაში. სხვა მხრივ კი ვერაფერ თვალშისაცემ განსხვავებას ვერ ვხედავდი და მიხაროდა, რომ ცოტათი მაინც გავდა ჩემს სამშობლოს ეს მხარე. მთები, მდინარეები, სიმინდის ყანები, სოფლის გზაზე გასაყიდად გამოტანილი ხილ-ბოსტნეული და მრავალი სხვა. უფრო მეტი გაოცება საქართველოსთან მსგავსების მხრივ თურმე ბელგრადში მელოდა, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. გზაზე ერთ პატარა, მაგრამ ძალზედ მყუდრო და ლამაზ წმიდა რომანის სახელობის მამათა მონასტერში გავიარეთ. გამაოცა ამ ადგილის სიმშვიდემ და უზრუნველობამ. რომ შემძლებოდა, დიდხანს დავრჩებოდი აქ და დავისვენებდი. შუა ტყეში ჩაფლულ ამ პატარა სავანეს, თითქოს არც არაფერი აკავშირებდა ცივილიზაციასთან, ისეთი გარემო გახლდათ შექმნილი. ხოლო ამ მონასტრის ბერების მიერ მორთმეული თაფლი, ერთ-ერთი უგემრიელესია, რაც კი გამისინჯავს. მინდა, აქვე აღვნიშნო,რომ სწორედ, ამ მონასტრის მოძღვარმა გვიქო მამა ნენადი დიდი სიყვარულით და პატივისცემით, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ბელგრადით ჩემი გაოცება შესასვლელიდანვე დაიწყო. ამ ულამაზეს და უზარმაზარ ქალაქში სანამ შეხვალთ, მაღალ მთაზე ფუნიკულიორის ანძის ტყუპისცალია აღმართული, რომელსაც სერბები ავალას ეძახიან. გაოცებული შევყურებდი და ვერაფრით ვერ გამეგო, რა გასხვავებაა ჩვენს ფუნიკულიორთან შედარებით. ქალაქის ცენტრალური ქუჩები ისეთივე ფართოა, როგორც თბილისში, ერთმანეთთან დამაკავშირებელი გასასვლელებიც ისეთივეა, როგორც ჩვენს საყვარელ დედაქალაქში – ზოგან ვიწრო, ზოგან განიერი, ირგვლივ რამდენიმესართულიანი კოხტა, პატარა სახლებით. მოკლედ, ძალიან მაგონებდა თბილისს. ამას დაუმატეთ ტრამვაის ხაზები, რომელიც ლამის მთელ ქალაქს გასდევს. ხოლო კულმინაცია გახლდათ ის წუთი, როდესაც გვერდზე ტროლეიბუსმა ჩამიქროლა. პირდაღებული შევჩერებოდი ჩემს მეგობრებს და ვეკითხებოდი, ეს მართლა ბელგრადია თუ 80-იანი წლების თბილისში ვარ და მეხუმრებიან? ტრამვაი და ტროლეიბუსი მსოფლიოს უამრავ ქალაქშია და ეს არ არის გასაოცარი, მაგრამ ყოველივე ისე გავდა იმ თბილისს, რომელიც მე მახსოვს, რომ ამის ახსნა უბრალოდ მიჭირს სიტყვებით. ჩემდა გასახარად, სერბმა მეგობრებმა ბელგრადის დათვალიერება წმიდა საბას ლავრით დამაწყებინეს. ამ უზარმაზარმა, განათებულმა, დიდებით მოსილმა ტაძარმა ჩემში, პირველ რიგში, წმიდა სამების ტაძრის ასოციაცია გამოიწვია – ისეთივე მშვენიერი, დიდებული და ღვთაებრივი, როგორიც ჩვენი, ქართველების სიამაყე. არც არის გასაკვირი. როგორც ამიხსნეს, წმიდა საბას ლავრა ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარია არა მარტო სერბიაში, არამედ მთელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ამ უზარმაზარ, მეფურ საოცრებას ჩემი მწირი ენით ვერ ავხსნი. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ აქ ყოფნისას მივხვდი, რას წარმოადგენს სინამდვილეში ლავრა და რა დიდებულებითაა მოსილი. ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში თუ მინახავს. გრჩება შთაბეჭდილება, რომ შენ ერთი პატარა ტილი ხარ ამ უზარმაზარ საოცრებაში და ათასობით შენნაირი რომ მოიყვანო და დააყენო შენს გვერდით, მაინც შეუმჩნეველი და უმნიშვნელო დარჩებით, იმდენად დიდ ზღაპარში ამოვყავი თავი. აღარ შევუდგები დეტალურად მის აღწერას, არ მივცემ თავს უფლებას, ჩემი მწირი მჭევრმეტყველებით შეურაცხყოფა მივაყენო ამ დიდებულ საოცრებას. ეს უნდა ნახო, განიცადო, იგრძნო. ეს არის, ალბათ, ათი ტაძარი ერთად აღებული, სიგრძეში, სიგანესა და სიმაღლეში; ათჯერ გამრავლებული თავისი საოცარი და არაჩვეულებრივი ხატებით, ფრესკებით, გუმბათებით, ზარებით, თვით ულამაზესი საეკლესიო მაღაზიებითაც კი, რომლებიც რამდენიმეა შიგ ტაძარში. თავად ლავრაში კიდევ ერთი დარბაზია, სადაც ლიტურღიის ჩატარებაა შესაძლებელი და ეს დარბაზი ისეთი დიდია, სიამოვნებით ვინატრებდი ამ ზომის ეკლესიაში სიარულს. ხოლო, რაც შეეხება ტაძრის ცენტრალურ ადგილს, ის იმდენად უზარმაზარია, არ ვიცი, იქ წირვები ტარდება თუ არა, ხალხმრავლობის შემთხვევაში, თუ ადამიანს ხელი არ ჩაკიდე, დაკარგავ და არა მგონია, რომ იოლად იპოვო. ლავრა სიდიდით იმხელაა, ალბათ, ერთი კვირა არ გეყოფა ადამიანს, ყველაფერი რომ გულდასმით დაათვალიერო. სამწუხაროდ, ჩემი იქ ყოფნის დროს ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და კედლებზე ფრესკების დანახვა შეუძლებელი გახლდათ, დაფარული იყო ბადეებით, რაც შეუძლებელს ხდიდა ამ ღვთაებრივი სილამაზის ბოლომდე აღქმას. ასეა თუ ისე, შესაძლებლობისდაგვარად, მაქსიმალურად გამოვიყენე დრო, როგორც მისი დათვალიერების, ასევე ხატების და სიწმინდეების მოლოცვისათვის, სანთლების დასანთებად, საეკლესიო მაღაზიაში სამახსოვრო ნივთების შესაძენად და უაღრესად კმაყოფილმა და მადლიერმა დავტოვე ეს არამიწიერი საოცრება. ბელგრადი. სერბიის საკათედრო ტაძარი. მოგზაურობის დასასრული. შემდგომ ამისა, ჩემმა სერბმა მეგობრებმა ბელგრადის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ რაიონში წამიყვანეს. როგორც ამისხნეს, ამ ადგილას წინა საუკუნეებში ქვეყნის სახელგანთქმული მწერლები, პოეტები, მხატვრები, არქიტექტორები და სხვა სახელოვანი ადამიანები იკრიბებოდნენ. ის ადამიანები აღარ იყვნენ, ხოლო ის ძველებური გარემო თავისივე კოლორიტით შენარჩუნებული გახლდათ, რითაც უამრავ ტურისტს იზიდავდნენ. მეგობრებმა სიამაყით მაჩვენეს ქვაფენილებით მოფენილი გზა, რომლის ორივე მხარეს ადგილი მხოლოდ ძველებურ ტავერნებს ეკავათ. ჩემმა პასუხმაც არ დააყოვნა და ავუხსენი ჩემს მეგობრებს, რომ თბილისში უამრავი ქუჩა გვაქვს ქვაფენილებით დამშვენებული და ამით ვერც გამაოცებენ და ვერც მომხიბლავენ. რაც შეეხება ტავერნებს, იქ ცოცხალი მუსიკა უკრავს. აკორდეონზე, გიტარასა თუ სხვადასხვა სერბულ ნაციონალურ საკრავზე ამღერებული მუსიკოსები მაგიდებს გარშემო უვლიან და სტუმრებს ართობენ, რომლებიც იძულებულნი არიან, უნდათ თუ არა, იხტიბარის გაუტეხელად საფულეს მოჰკიდონ ხელი და მუსიკოსებისათვის გასამრჯელო გაიმეტონ. ეს ის ადგილია სწორედ, რაზედაც ცოტა ზემოთ მოგახსენეთ, როდესაც მათხოვარზე მქონდა საუბარი. ვუყურებდი ამ ქარფშუტა, უდარდელ და უზრუნველ ტურისტებს თუ აქაურ გართობისმოყვარულ სერბებს და სიმართლე გითხრათ გული, მეკუმშებოდა. დიდ ხანია ასეთი სანახაობები და გართობები აღარ მიტაცებს და რაც უფალთან ახლოს არ დგას, ჩემში უკურეაქციას და ზიზღსაც კი იწვევს. მაგრამ ჩემს სერბ მასპინძლებს ჩემი გრძნობების გამო ვერ დავწყვეტდი გულს და ვაძლევდი საშუალებას, ბოლომდე დაეხარჯათ სტუმართმოყვარეობის ის განცდა, რომ ამით უზარმაზარ პატივს მცემდნენ და დიდ სიამოვნებას მანიჭებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ტავერნაში ჩემი სურვილის წინააღმდეგ შემიყვანეს კიდეც, ვითომ ლუდის დასალევად. თუმცა ლუდს არ ვსვამ და პიტერისა და ტრაიანისგან განსხვავებით, მხოლოდ ხილის წვენით დავკმაყოფილდი. მაგრამ როდესაც მუსიკოსებმა ჩვენთვის დაიწყეს სიმღერა, სიმართლე გითხრათ, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ ვარ მე ღირსი იმ პატივისა, ვინმემ პერსონალურად მიმღეროს და მეორეც, ყოველივე იმის შემდეგ, რაც განვიცადე და გამოვიარე, ყოველივე იმ ღვთიურისა და ამაღლებულის შემდეგ, ახლა, აქ ჯდომა და გართობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ვულგარულად მეჩვენებოდა. თავისი კოლორიტულობის და მიმზიდველობის მიუხედავად, მეჩვენება, რომ არ არის ეს ის ადგილი, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იჯდეს და დარდიმანდულად ერთობოდეს. თუმცა ჩემი მეგობრების ხათრით ყოველივე დავითმინე და ჩემი უსიამო განცდები მათთვის არ მიგრძნობინებია. ასე იყო თუ ისე, ეს ადამიანები ამას ყოველივეს ჩემს პატივსაცემად აკეთებდნენ და რა უფლება მქონდა ჩემი ახირებების გამო თუმდაც მცირე საყვედური ან უკმაყოფილება გამებედა მათთვის? მეორე დილას ბელგრადის დათვალიერება გაგრძელდა. თითქოს აქ შეიძლებოდა დაგვემთავრებინა კიდევაც, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩენა. სანამ ჩემი მეგობრები დილიდან ისევ ექსკურსიაზე გამაქანებდნენ, ერთ ცნობილ და სახელგანთქმულ პატარა კაფეში შემიყვანეს სასაუზმოდ. ამის თქმას არ ჩავთვლიდი ალბათ საჭიროდ და არ შეგაწუხებდით მისი აღწერით, რომ არა ერთი რამ. სერბებს ჰქონიათ ნაციონალური საჭმელი ცომში ჩადებული ყველის სახით, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ფენოვანი ხაჭაპური, რომელსაც ისინი ბურეკს ეძახიან. შევყურებდი ამ საოცრებას ჯერ ვიზუალურად, ხოლო გემოს გასინჯვის შემდეგ გულდაწყვეტილმა აღვნიშნე, რომ ხაჭაპური ქართველების სიამაყე მეგონა და მას თუ აქ, ცხრა მთას იქით, შორეულ სერბიაში მივირთმევდი,ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. ანუ, სერბებმა, ასე ვთქვათ, თავიანთ სახაჭაპურეში შემიყვანეს და ფენოვანი ხაჭაპურით - ბურეკით გამიმასპინძლდნენ. მაგრამ მარტო ეს არ გახლდათ გასაოცარი. იქვე ვიხილე ზუსტად ისეთივე გამოცხობილი რამ, რაც ზუსტად ისევ გამოიყურება,როგორც აჭარული ხაჭაპური. ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი. არ ვიცი, რამდენად ხაჭაპური იყო ეს საოცრება, მაგრამ ვიზუალურად რომ ზუსტი ასლი გახლდათ, ეს აშკარად ჩანდა. თუმცა არ გამისინჯავს და ამაზე მეტს ვერ გეტყვით. სამართლიანობისთვის ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სერბებს ყველიანი ბურეკის გარდა, ეროვნულ სამზარეულოში აქვთ ხორციანი, ჰემიანი, ყველით და ხორცით ნარევი და სხვა სახის ბურეკებიც. თუმცა მაინც მჯერა, რომ ამას იქით ისინი არ „შემოჭრილან“ ჩვენს ნაციონალურ სამზარეულოში და ხაჭაპურის იმ უამრავ სახეობას, ჩვენ რომ გვაქვს, ქართველებს, მათი ერთი ფენოვანი ბურეკი მაინც ვერ გაუტოლდება. აღარას ვამბობ ხინკალზე, კუბდარსა თუ ჩვენს სხვა უამრავ ნაციონალურ სიამაყეზე, რომლებიც სერბებს არც კი დაესიზმრებათ. “ბესკოვიცა“ და „ბურეკი“ გახლდათ ის ყველაზე საამაყო, რითაც ჩემი სერბი მეგობრები თავს იწონებდნენ, მაგრამ მიუხედავად მათი არაჩვეულებრივი გემოსი და მადის აღმძვრელი სურნელებისა, ალბათ დამეთანხმებით,ქართველს დიდად ვერ გამაოცებდნენ. საუზმის შემდეგ უამრავი ლამაზი სანახაობა ვიხილე. ვნახე ნატოს მიერ დაბომბილი შენობებიც, რომელთაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. დავათვალიერეთ ბელგრადის ყოფილი სამხედრო ფორტი, რომელიც რომაელებს ეკუთვნოდათ და ახლა მუზეუმადაა ქცეული თავისი უძველესი სამხედრო ექსპონატებით და ულამაზესი სკვერებით და კაფეებით. ძველებური ციხე-სიმაგრე თანამედროვე გამწვანებით, ასე დავარქმევდი უფრო. ბოლოს ჩემმა მეგობრებმა სერბიის საკათედრო ტაძარში მიმიყვანეს. როდესაც ეს უღვთაებრივესი სილამაზე ვიხილე, ჩემს მეგობრებს ხუმრობანარევი საყვედურით მივმართე – ეს საოცრება თუ გქონდათ ბელგრადში, პირველად ეს უნდა გეჩვენებინათ-მეთქი და აქვე ბიბლიიდან ის ნაწყვეტი გავიხსენე, როდესაც უფალმა პირველი სასწაული მოახდინა და წყალი ღვინოდ გადააქცია. გამახსენდა, სტუმრებმა მასპინძელს რომ მიმართეს - ქორწილში ჯერ საუკეთესო ღვინო მიაქვთ და შენ პირიქით რატომ მოიქეცი, თუ ასეთი ღვინო გქონდა, რატომ აქამდე არ გამოიტანეო. ტრაიანმა მოკლედ და ლამაზად მიპასუხა – ჩვენ შენ მოგართვით ტორტი, ბელგრადის სახით, ხოლო ეს, რაც ბოლოს იხილე, ამ ტორტის წვერზე დამშვენებული მარწყვი გახლავსო. სიამოვნებით დავეთანხმე ასეთ შეფასებაში. ეს იყო საშუალო ზომის, მაგრამ დიდებულებით, საოცარი ფრესკებით და ხატებით დამშვენებული ტაძარი; ბრწყინვალე არქიტექტურით, მდიდრული ქვით ნაგები კოლონებით, წითელი ხალიჩებით, ულამაზესი ძვირფასი ხისგან გამოთლილი და მოჩუქურთმებული კანკელით და მდიდრული საეპისკოპოსო დასაბრძანებელი სკამებით, ულამაზესი ფრესკებით მორთული გუმბათებით. მსგავსი მშვენიერება მართლაც არასოდეს მინახავს ცხოვრებაში და ასეთი ზეციური სილამაზის ხილვით დასრულებული ჩემი მოგზაურობა მართლაც მწვერვალი გახლდათ იმ ბედნიერებისა, რაც უფალმა მომმადლა და მიწყალობა. ჩემი ეს მოთხრობაც, როგორც მოგზაურობა, დასასრულს მიუახლოვდა. თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტში დაეშვა და სულ რამდენიმე საათში უკვე სახლში ვიყავი ჯერ კიდევ გაოგნებული და გაბრუებული იმ საოცარი და დაუვიწყარი თავგადასავალით, რაც ღვთის მადლით გადამხდა. ის გრძნობები, განცდები, სიხარულის თუ ბედნიერების წუთები, რაც ამ მოგზაურობის დროს გადავიტანე, ვერ შეედრება ვერაფერს, რაც აქამდე მქონდა ცხოვრებაში განცდილი. ეს არის ის, რასაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ, რაც სამუდამოდ დარჩება გულში, სულსა და გონებაში. დასასრულს, მინდა გულწრფელად განვაცხადო, რომ ძალიან კარგად ვიცი და ვაცნობიერებ, რომ ყოველივე ის, რაც გადამხდა, არამც და არამც არ ყოფილა ჩემი რაიმე დამსახურების გამო და უამრავზე უამრავი ადამიანია ირგვლივ, ვინც ჩემზე მეტად იმსახუბდა და იმსახურებს ღვთის მადლსა და წყალობას. ნურასოდეს ნურავინ იფიქრებს, რომ დამსახურების გამო მიეზღვება რაიმე ღვთისაგან. უფლის სიდიადეს, სიბრძნეს და გონიერებას ვერასოდეს ვერც შევწვდებით და ვერც გავიგებთ, რატომ წყალობს უღირსებს და რატომ არ აჯილდოებს ღირსეულთ ამავე ცხოვრებაში. ეს ჩვენი საქმე არ გახლავთ და დაე, ისევ უფალს მივანდოთ ყოველივე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, არ ვიყავი ღირსი უფლის ასეთი საჩუქრისა და, თუ მაინც ვეღირსე, ეს ჩემთვის დიდი საიდუმლოა და, ალბათ, ვერასოდეს ამოვხსნი. მხოლოდ ის ვიცი, რომ უფალს უზომოდ ვუყვარვართ ყველანი და და მე ეს სიყვარული ძალიან კარგად ვიგრძენი. თუ თავი შეგაწყინეთ ჩემი განცდებით, ზედმეტი წვრილმანებით ან რაიმე სხვა უინტერესო მოგონებებით, უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიოთ ! მე კი, თუ რამე უღირსი საქციელი ჩავიდინე ამ მოგზაურობის დროს, ან ისე ვერ მოვიქეცი, როგორც უფალი ელოდა ჩემგან, ვევედრები ღმერთს შენდობას და მოტევებას. ვევედრები, მე ცოდვილი, წყალობას უზენაესს - სამებას, ერთარსებას და განუყოფელს, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი