ვალი
ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ. ლუკა 6:30 ერთ სახლში ორი კაცი ცხოვრობდა. მეზობლები იყვნენ. ერთს ძალიან უჭირდა, მეორე კი შედარებით შეძლებული გახლდათ. ჩვეულებრივი მეზობლობა ჰქონდათ – უფრო კარგი, ვიდრე ცუდი. ერთად დადიოდნენ თუ სამეზობლოში რამე ჭირი ან სიხარული იყო...და ცხოვრობდნენ ასე კაი ხანს. ერთხელაც, იმას, რომელსაც ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, ძალიან გაუჭირდა და ფულის სათხოვნელად შეძლებულ მეზობელს მიმართა. ის ცოტა ჩაფიქრდა, თავი მოიფხანა და ასესხა, ოღონდ ვადა დაუთქვა – როდის უნდა დაებრუნებინა უკან. შეწუხდა მოვალე, ასე მალე არ აპირებდა, ვერ იშოვიდა ალბათ, მაგრამ სხვა გზა რომ არ ჰქონდა, შეპირდა დაგიბრუნებო. მევალემ ხელწერილიც კი დააწერინა და ვალის დაბრუნების თარიღი დაუნიშნა. გადახდის დრო რომ მოვიდა, მევალემ მეზობელს ფული მოსთხოვა. მოვალემ თავი დახარა, შერცხვა, არ ჰქონდა უკან მისაცემი ფული. მაპატიე, ცოტა მაცალე და დაგიბრუნებო. მევალე გაბრაზებული გაბრუნდა უკან. რამდენიმე დღე მისცა ვადა. მოვალემ ისევ ვერ დაუბრუნა ფული. მევალემ ამჯერად კატეგორიული მოთხოვნები წამოუყენა და სასამართლოთი დაემუქრა. ისევ ევედრა მოვალე, მაცალე ცოტა და დაგიბრუნებო, მაგრამ მევალეს არაფრის გაგონება აღარ უნდოდა. რამდენიმე დღის მერე, როცა მევალემ ფული ისევ ვერ მიიღო, ადგა და მართლაც სასამართლოში უჩივლა. სასამართლოს დიდხანს არ დასჭირვებია „სამართლის“ დადგენა, მითუმეტეს, რომ მოვალემ მოსამართლეს ხელწერილიც აუფრიალა თვალწინ. უცებ გამოიტანა დადგენილება და მოვალეს არა მარტო ვალის დაბრუნება, არამედ სასამართლოს ხარჯებიც დააკისრა. სასამართლოს შენობიდან გარეთ გამოსულმა გაბღენძილმა მევალემ გამარჯვებულის იერით გადახედა თავდახრილ და მოწყენილ მეზობელს. მოვალემ იგრძნო მზერა და მანაც ასწია თვალები, მაგრამ უცებ მისი გამომეტყველება წამში შეიცვალა. სევდა და წუხილი შეცბუნებამ და სასოწარკვეთილებამ შეცვალა. ადგილიდან მოწყდა და მთელი სისწრაფით მევალესკენ გაექანა. მევალემ იფიქრა საცემრად იწევსო და საჩხუბრად მოემზადა. მოუახლოვდა თუ არა, მუშტიც კი უთავაზა, იმან არ მომასწროსო. მოვალემ თავი დახარა, რათა დარტყმა აერიდებინა, ან შეესუსტებინა მაინც და მთელი სხეულით მევალეს დაეტაკა. რამდენიმე მეტრში გადააგდო და.... მანქანის მუხრუჭმა ვეღარ შეცვალა მდგომარეობა. მოვალე საბურავების ქვეშ აღმოჩნდა. მან მევალესკენ მიმავალი უმართავი მანქანა შენიშნა და მის გადასარჩენად ადგილიდან მოწყდა. დაეტაკა და მანქანის დარტყმას აარიდა, მაგრამ თვითონ გადახტომა ვეღარ მოასწრო და მანქანის ქვეშ აღმოჩნდა. როცა მევალე გონს მოეგო, ირგვლივ უკვე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მალე სასწრაფოც მოვიდა და გარდაცვლილი მეზობელი საკაცეთი წაასვენეს. მოვალის მეუღლემ დასაფლავებიდან შემოსული თანხის ნაწილი მევალეს მიუტანა და ვალი გაუსტუმრა. ბევრს უარობდა მევალე, არ მინდა თქვენი ფულიო, კაცმა ჩემს გადასარჩენად სიცოცხლე გასწირა და ვალი რა სათქმელიაო და სხვა, მაგრამ მოვალის მეუღლე კატეგორიული იყო და უკანასკნელ კაპიკამდე ჩაუთვალა ვალი. მევალეს გული აუჩქარდა, შერცხვა. სინდისმა გაიღვიძა მის სხეულსა თუ სულში – ჰქონია თურმე. მევალეს მოვალის ოჯახის წევრების დანახვაზე, გული მისდიოდა, წითლდებოდა, მუხლების კანკალი ეწყებოდა სირცხვილისგან. არადა სულ ცდილობდა, შორი გზით ევლო, რათა მათ არსად გადაყროდა. ბევრი ტანჯვისა და წვალების შემდეგ, ბინა გამოიცვალა და შორს გადასახლდა. თუმცა ამან მაინც არ უშველა, სინდისი ხომ უკან გაჰყვა. მოგონებები, რომელნიც, რომ ეგონა იმ სახლში დავტოვებო, ვერ მოიცილა. დარდისა და სინანულისგან მძიმედ დასნეულდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მევალე მოვალის საფლავზე მუხლდაჩოქილი დაემხო და აქვითინებულმა შენდობა სთხოვა. არ ვიცი, შეუნდო თუ არა გარდაცვალებულმა მეზობელმა მეზობელს. ამას მერე გაიგებდა უკვე, როცა უფალთან წარსდგებოდა. შეგონება: ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რასაც მერე მთელი სიცოცხლე ვეღარ გამოასწორებ. ჩივილი და დაბეზღება ადვილია, სხვის კანში შეძრომა და ტკივილის და დარდის გათავისებაა ძნელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი