აფთარი


იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? არც არასოდეს არა ყოფილა რა და არც არასოდეს იქნება!!!
ერთ უღრან ტყეში აფთარი გამეფებულიყო. ისეთი პირსისხლიანი და ვერაგი იყო, მუსრს ავლებდა ყველაფერს. რა არ იღონეს მის წინააღმდეგ, ლამის მთელი ცხოველთა სამყარო წუნ აღუდგა, მაგრამ მაინც ვერაფერი მოუხერხეს. ორგულს და მოღალატეს რა გამოლევდა? ხოდა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელნიც აფთრის გადაგდებულით კმაყოფილდებოდნენ და ყოველგვარ სისაძაგლეს სჩადიოდნენ. იმას ისედაც არ აკლდა სახრავის გამო ყველაფრის გამკეთებელი წურბელები – ქლესა მელაკუდები, გველები და ქვეწარმავლები, მგლები და ტურები...და განსაკუთრებით სახედრები, რომელთაც, მართალია, ჭკუა საერთოდ არ მოეკითხებოდათ, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ჩაწიხლვა იცოდნენ, მტრისას, ვისაც მათი ფლოქვი მოხვდებოდა.
აი, ამათით ჰქონდა მშიშარ და ლაჩარ აფთარს ძალაუფლება გამაგრებული და არხეინად ხრავდა და ხრავდა, თუ რამეს თვალს დაადგამდა. გამწარებული ჰყავდა საწყალი ცხოველები – ზოგი გამოქვაბულში ჰყავდა შერეკილი, ზოგიც ლეშად აქცია და ჭაობში მოისროლა. მოკლედ, სულს ხდიდა, როგორც შეეძლო. 
მაგრამ, უეცრად, ლომი გამოჩნდა – ლამაზი, ძლიერი, კეთილი, დინჯი. ერთი ისეთი დაიღრიალა, რომ აფთარს და მის მოძმეებს გულები შიშისაგან სად გაპარვოდათ, არავინ იცოდა. გაიხარეს ცხოველებმა, აჟრიამულდნენ, გამხიარულდნენ. იმედი მიეცათ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დალაგდებოდა და ტყის ბინადარნიც თავისუფლად ამოისუნთქავდნენ, ხოლო აფთარს და მის პირსისხლიან მოძმეებს საკადრისად დასჯიდნენ.
მაგრამ ამისათვის ჯერ კიდევ ბრძოლა იყო საჭირო. მარტო ერთი ლომი ვერ დაამარცხებდა ამხელა გამძვინვარებულ ჯოგს. ამიტომაც ლომმა ნელ–ნელა დაიწყო მებრძოლი ცხოველების შემოკრება გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად.
ყველა ხალისიანად მიჰყვებოდა ლომს. იცოდნენ მისი ბუნება, წარმომავლობა, ვაჟკაცობა, სიმართლე. ბევრი მისი გაკეთებული საქმეებიც გაიხსენეს და აბა ვინ არ ამოუდგებოდა გვერდში ასეთ მეომარს? – აქებდნენ, ადიდებდნენ და ხოტბას ასხამდნენ.
რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა: გამოფხიზლდით, თვალები გაახილეთ, ეგ ლომი არ არისო, გეჩვენებათო, შემოგზავნილიაო. მაგრამ ასეთ გამოხტომებს არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ხედავდნენ, აშკარად ლომი იყო და კარგადაც იცნობდნენ. ამათ კი პროვოკატორებს და აფთრის აგენტებს ეძახდნენ.
გამოხდა ხანი. ლომმა საბოლოოდ დაამარცხა აფთარი და სუყველამ ისეთი სიხარულით გაიხარა, მათი ზეიმის ხმა ზეცას სწვდებოდა. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და ახალ ცხოვრებას შეუდგნენ.
მართალია, ჯერ არაფერი უკეთესობისკენ არ დაძრულა, მაგრამ გულს არ იტეხდნენ. ჯერ ცოტა დრო იყო გასული. აფთრის გაფუჭებული საქმე ხომ უნდა გამოსწორებულიყო?! ამას კი დრო სჭირდებოდა და ესენიც მოთმინებით იტანდნენ, ელოდნენ და იმედით იყვნენ აღვსილნი.
დრო კი გადიოდა. ნელ ნელა იმედი იმედგაცრუებამ შეცვალა, სიხარული – შიშმა, ლოდინი – დაღლამ, მოთმინება –სასოწარკვეთამ. თან ისიც შეამჩნიეს, რომ ლომს ფერი ეცვლებოდა და რაღაც უცნაურ ცხოველს ემსგავსებოდა. ვერაფერი გაეგოთ, რა ხდებოდა.
როდესაც ტყის ცხოვრება უკეტესობისკენ კი არა უარესობისკენ წავიდა; როცა ნაყოფიერი მიწები მეზობელი ტყეების სამფლობელოში გადავიდა; როცა ერთ დროს აყვავებული მდელოებისგან მხოლოდ ჭაობიღა დარჩა; როცა ისეთ ტანჯვაში და ვაებაში ჩავარდნენ; რომ დღის გათენება აღარ უნდოდათ და სიკვდილს ნატრობდნენ, სწორედ მაშინღა დაინახეს – გარკვევით, საღად – რომ ლომის ტახტზე ზუსტად ისეთივე აფთარი იჯდა. ოდნავ მუქი ფერის, მაგრამ აფთარი, რომელსაც ყოველგვარი გრიმი ჩამორეცხოდა და აღარფერი ლომისას აღარ მიუგავდა. მართალია უფრო ჭკვიანი, მაგრამ უფრო ცბიერი, ვერაგი. აღარც ცდილობდა თავი ლომად მოეჩვენებინა. აღარ იყო საჭირო. თავისი საქმე უკვე გაეკეთებენა და ვიღას ჰქონდა, ისედაც გაუბედურებულებს და ღონემიხდილებს, იმის თავი, რომ წინ აღდგომოდა ახალ მტარვალს და ბრძოლა გამოეცხადებინა?
შემოირტყეს თავში ხელები. ბევრიც იტირეს, ბევრიც ივიშვიშეს, ბევრიც ინანეს, მაგრამ აბა აწი რაღას უშველიდნენ? ყველაფერი დამთავრებული იყო და ეხლა მხოლოდ სასწაულიღა თუ მოხდებოდა, რომ რამე შეცვლილიყო.
ასე მთავრდება ესე ამბავი უგუნური ცხოველებისა, რომლებმაც ლომი აფთრისგან ვერ გაარჩიეს და დაიღუპეს კიდევაც თავი.

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? არც არასოდეს არა ყოფილა რა და არც არასოდეს იქნება!!!

შეგონება:  ის, რასაც ბევრი ამოწმებს და ბევრს სჯერა, სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებას. ზოგჯერ ჭეშმარიტება ის არის, რაც არავის სწამს და არავის სჯერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი