ვირთხა
მთელი სიცოცხლეა ვფიქრობ, რატომ გეზიზღებით ადამიანებო? რა დაგიშავეთ? განა მეც ღვთის შექმნილი არა ვარ? განა ჩემი ბრალია რომ ასეთი საშინელი შესახედავი ვარ? განა ასეთი უფალმა არ შემქნა? უამრავი საზიზღარი ცხოველი დადის დედამიწაზე,ზოგი ტალახში გორაობს და ზოგი ლაფსა თუ შლამში. თვით გველიც კი, რომელიც შხამით სავსე დასრიალებს ბალახებში და სიკვდილი და უბედურება მოაქვს, არ არის ჩემსავით უბედური. ადამის მოდგმაც კი შეაცდინა თავიდანვე და მის მერე ცოდვაში იხრჩობით ადამიანები. ბევრი ეფერება კიდეც, უყვარს კიდეც, უვლის კიდეც. უამრავი სიცოცხლე აქვს წაღებული, უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, მაგრამ მაინც მე გეზიზღებით ყველაზე მეტად. რატომ? რას გიშავებთ? ყველაზე უბედური არსება ვარ, ყველაზე დიდი ძალისხმევა მჭირდება საკვებიდ მოსაპოვებლად. ისევ თქვენს ნარჩენებს და ნასუფრალს მივირთმევ. სახლში არ გივარდებით, არ გკბენთ, არ გაშინებთ. თქვენგან არაფერს ვითხოვ. რას მერჩით? რატომ გეზიზღებით? მე სიყვარულს არ გთხოვთ. ვიცი, რომ არ მომეფერებით, არ დამაპურებთ, არ გამათბობთ; ვიცი ჩემი მძიმე ხვედრის შესახებ, მაგრამ, რატომ გძულვართ ასე ძალიან? განა თავადვე არ ამბობთ, რომ ღვთის შექმნილი ყველაფერი მშვენიერია, ყველაფერი თავისებურად ლამაზიაო? განა მეც ღვთის შექმნილი არა ვარ? განა მე ეშმაკმა გამაჩინა? განა უფალზე უკეთესად ვინმემ იცის, უნდა ვარსებობდე თუ არა? თქვენ კი გძულვართ და ხშირად მოსაკლავადაც დამსდევთ. ხან ქვით გინდათ თავი გამიჭეჭყოთ და რომ შეგეძლოთ, ყველაზე საშინელი სიკვდილით დამსჯიდით? მითხარით, რატომ? რა დაგიშავეთ? რას მერჩით? განა ბევრი ადამიანი ჩემზე უარესი არ არის? განა მათ მოსაკლავდ დასდევთ? განა ჩემსავით გეზიზღებათ? ბევრს ხოტბასაც კი ასხამთ, ბაძავთ, ეპირფერებით, თუმცა იცით, რომ არ იმსახურებს ამას. ბევრს უთმენთ, ბევრის გეშინიათ, ბევრისგან დამცირებასაც იტანთ, უსამართლობასაც, წიხლსაც, ტკივილსაც... თქვენ გგონიათ, ბევრი ჩემზე უკეთესი ხართ? მაგრამ თქვენ მოსაკლავად არ დაგსდევენ, ქვებს არ გესვრიან, არ ეზიზღებით. რატომ, ვირთხა რომ არ გქვიათ, იმიტომ?... კარგად დაიმახსოვრეთ: რასაც ადამიანები ერთმანეთს უკეთებთ, იმას ვირთხა არასოდეს გააკეთებს. მე ყველაზე საძულველი არსება ვარ, ყველაზე დაწყევლილი, ყველაზე უბედური. არცერთ ადამიანს არ ვებრალები, არცერთი არ მწყალობს, არცერთს არ ვუყვარვარ. ...და იცით რატომ?....... ...იმიტომ, რომ ჩემი შეჭმა არ შეგიძლიათ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი