მათხოვარი


ერთ ჩვეულებრივ ქალაქში ერთი ჩვეულებრივი კაცი ცხოვრობდა. არც არაფრით გამორჩეული და არც სხვაზე ნაკლები, როგორც თვითონ ფიქრობდა. ალბათ ისეთი, როგორიც ამ ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა .როგორც მრავალი მათგანი, ესეც „საჭირო” ადამიანებს მეტ პატივს სცემდა; ზოგს თავსაც კი უხრიდა, ხოლო დანარჩენებს ისე, ზრდილობის გამო თვლიდა ადამიანებად.
დადიოდა სამსახურში ყოველდღე და ავტობუსისის გაჩერებაზე რომ მოხუცი მათხოვარი იჯდა, ფიქრობდა: ნეტა ვის რაში არგია ეს საცოდავი? დილიდან დაღამებამდე აქ ზის და ფულს მათხოვრობს. არ რცხვენია მაინც? მე ვიშრომო, ვიწვალო და ფული ამას ვაძლიო? არა, ვისაც უნდა იმან აძლიოს, მე ვერაფერს მივცემ. რაში უნდა დამჭირდეს ცხოვრებაში, რა უნდა მოხდეს ისეთი? – ფიქრობდა ყოველ მის დანახვაზე და არხეინად აგრძელებდა გზას. თუმცა, ერთხელ, კაზინოდან მომავალმა და მოგებით და სიმთვრალით გაბრუებულმა, მაინც გაიმეტა ლარიანი და მოხუცს მედიდურად დაუგდო: – აჰა, მარო ბებო(ასე ეძახდა ყველა), შენც გაიხარე ცოტაო.
ერთხელაც, ერთ ჩვეულებრივ დღეს, სამსახურში მიმავალს მანქანის მუხრუჭის საშინელი ხმა შემოესმა. ვერაფრის დანახვა ვერ მოასწრო, ერთმანეთში აირია მანქანის საბურავები, მზის სხივი და უეცარი ელდა. უცებ დაბნელდა ყველაფერი და შეგრძნებაც გაქრა.თვალები რომ გაახილა, ერთ დიდ ოთახში ლოგინზე იწვა. გვერდით თვალებდაწითლებული მეუღლე ეჯდა და იმედიანად შესცქეროდა.
–რა მოხდა, სად ვარ? – იკითხა გაკვირვებულმა.
–საავადმყოფოში ხარ,რეანიმაციაში – მიუგო მეუღლემ, საშინელ ავარიაში მოჰყევი, ვიღას ჰქონდა შენი მობრუნების იმედი? უამრავი სისხლი დაკარგე. ვერაფრით დონორი ვერ ვნახეთ.
–როგორ თუ ვერ ნახეთ? – გაიკვირვა კაცმა – ვაჟას, ნიკოს და მე ხომ ერთი ჯგუფის სისხლი გვაქვს? – ბავშვობის ყველაზე ერთგულ მეგობრებზე ამბობდა – ყოველთვის ვამაყობდით ხოლმე? ქალმა უარყოფის ნიშნად თავი სევდიანად გააქნია.
–არც გიგლამ? – აკი ჯარში რომ მივდიოდით იმასაც ჩემი ჯგუფი აღმოაჩნდა? ქალმა კვლავ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
–არც... – არავინ – შეაწყვეტინა ქალმა. ბევრი სისხლი გჭირდებოდა და შეეშინდათ. მაგრამ გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ქალი, მგონი მარიამი ჰქვია, თავისი ნებით მოვიდა და სიცოცხლის რისკის ფასად უსასყიდლოდ გაიღო სისხლი შენთვის. ისიც აქ წევს, გვედით ოთახში, ძალიან სუსტად არის.
–დაიღალა, თვალები მილულა და ფიქრებს მიეცა: მარიამი, ალბათ თვითონ ღვთისმშობელი გამომეცხადა, ან ვინმე გამომიგზავნა. მეგობრებზე კი ძალიან მეტკინა გული, არ ველოდი, ასე თუ გამიმეტებდნენ. უცებ ფრთებს მოკრა თვალი, უმშვენიერესი არსება დალანდა. როგორც იქნა მიხვდა, რომ ანგელოზი იყო. მოუახლოვდა, თვალებში ჩახედა და უთხრა: – შენმა ჯან–ღონით სავსე მეგობრებმა სასიკვდილოდ გაგიმეტეს, ამ პატარა, უმწეო და სუსტმა მათხოვარმა კი, მარო ბებოს რომ ეძახით, თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო და სიცოცხლე შეგინარჩუნა.
–მარო ბებო? ის..., გაოგნდა კაცი – ხო,ის – სწორედ ის, შენ რომ არაფერში გჭირდებოდა.
ძალიან შერცხვა, ცრემლი ჩამოუგორდა სინანულისა. გაახსენდა ლარიანი რომ მიუგდო ერთადერთხელ და ანგელოზს უთხრა: – ესე იგი ჩემი სიცოცხლე ლარად გადამირჩენია?
–ლარად კი არ გადაგირჩენია, უპასუხა ანგელოზმა – არამედ შენი სიცოცხლე ლარზე მეტი არ ღირს და ახლა მაინც იცოდე ეს...და თუ უფალმა სიცოცხლე შეგინარჩუნა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის სათნო ადამიანის მადლი დაფასდეს და არა იმიტომ, რომ შენ ამას იმსახურებ – თქვა და გაუჩინარდა.

შეგონება: ნურასოდეს დაახარისხებთ ადამიანებს საჭიროების მიხედვით. არავინ იცის, ვინ როდის გამოგადგებათ და ვინ როდის გიმტყუნებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი