სამი ბერი
ერთხელ, ერთ მონასტერს სამი ბერი ესტუმრა, რომლებმაც მონასტერში სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტეს. მონასტრის წინამძღვარი სიხარულით შეეგება ახალომოსულებს და გასაუბრების შემდეგ უთხრა: –ძმებო, მიხარია თქვენი აქ დარჩენა, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ სამი ერთნაირი კელია არ მაქვს. მაქვს სამი თავისუფალი ადგილი, ოღონდ ერთი კელია ძალზედ ღარიბულია, არც ფანჯარაა შიგნით და არც სხვა რაიმე პირობები. მეორე კელია ნახევრად კომფორტულია. ის ძალიან ღარიბული არ არის, მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებული პირობებით გამოირჩევა. აი მესამე კელია კი, მართლაც დიდებულია. ყველაფერია შიგ, რაც ადამიანს არა მარტო ლოცვისათვის, არამედ კარგი დასვენებისთვისაც სჭირდება. თქვენ ჩემთვის სამივე ერთნაირი ძმები ხართ. ამიტომ ვერ შემოგკადრებთ, ვინ რომელ კელიაში უნდა იცხოვროთ. უდიდესი მოწიწებით და მორიდებით გთხოვთ, ეს თავად გადაწყვიტოთო – თავი დაუკრა წინამძღვარმა და ცოტა ხნით დატოვა ბერები გადაწყვეტილების მისაღებად. ბერები დაფიქრდნენ და დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ. –მე ყველაზე კომფორტულ კელიაში შევალ,თუ წინააღმდეგი არ იქნებით – თქვა ერთმა ბერმა. –მაშინ მე ნახევრად კომფორტულ კელიას ვირჩევ –თქვა მეორემ. –რა გაეწყობა, რახან ასეა, მე ყველაზე ღარიბულ კელიაში ვიცხოვრებ –წარმოსთქვა მესამე ბერმა და საკითხიც მოგვარდა. ბერები თავიანთ არჩეულ კელიებში დასახლდნენ. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, რომელი იყო მათ შორის ყველაზე კეთილშობილი? * * * წინამძღვართან საუბრის შემდეგ სამივე ბერი ჩაფიქრდა. პირველი ფიქრობს: ესენი ჩემი ძმები არიან და კარგად ვიცნობ მათ ბუნებას. ვიცი, რომ ორივე მათგანი ჩემსავით ყველაზე ღარიბულ კელიას აირჩევდა, მაგრამ მათი სიმდაბლის და ჩვენი ერთმანეთის სიყვარულის გამო, ამას არ გააკეთებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ დანარჩენ ორს უკეთეს პირობებიანი საცხოვრისი ერგებათ, რაზეც ისინი თანახმა არ იქნებოდნენ, მათი ნება რომ ყოფილიყო. ამიტომ, მე თუ ყველაზე კომფორტულ კელიას ავირჩევ, ერთ ჩემს ძმათაგანს მაინც შეხვდება სასურველი ღარიბული კელია და მე მათი შემცილე არ ვიქნები. ჩემი კელიიდან კი ყველა ზედმეტ ნივთს გავიტან და ისეთივე ღარიბულ კელიად გადავაკეთებ, როგორიც ის არის, ყველასთვის სასურველი და ამით ჩემს პირობებს ჩემი ძმის პირობებს გავუთანაბრებ. ისიც ვიცი, რომ ვინც ნახევრად კომფორტულ კელიაში შევა, ისიც გაიტანს ზედმეტ ნივთებს და ღარიბულ კელიას გაუთანაბრებს თავის საცხოვრისს. ამიტომ, რადგან ყველაზე მეტი საზრუნავი და მოსაწესრიგებელი კომფორტული კელიაა, ჯობია მას მე ავირჩევ, რათა ჩემს ძმებს ნაკლები საზრუნავი დარჩეთ. შესაძლოა წინამძღვარმა ამპარტავნებაში ან ეგოიზმში ჩამითვალოს ეს საქციელი, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს ძმებს არჩევანს შევუმსუბუქებ და ეს ეხლა ყველაზე მთავარია, ვიდრე ჩემი რეპუტაცია. ეს მეტი კეთილშობილება იქნება ჩემი მხრიდანო. მეორე ფიქრობს: გასაგებია, რატომაც აირჩია ძმამ კომფორტული კელია. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მაშინ ყველა მიხვდებოდა, რომ მე ყველაზე კეთილშობილი მინდა გამოვჩნდე და ამიტომ ვაკეთებ ამას. მე ჩემს ძმას არ გადავახტები და პატივს ვცემ მის არჩევანს. რადგან აირჩია, დაე მას შეხვდეს მეტი დიდება. მეორეს მხრივ, მე რომ ეხლა ღარიბული კელია ავირჩიო, ეს დიდი მკრეხელობა იქნება ჩემი მხრიდან. ამიტომ ამას არ გავაკეთებ, თუნდაც იმიტომ, რომ მესამე ძმას ნაკლები საზრუნავი დარჩეს და თავისუფლად შევიდეს სასურველ კელიაში. თან ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ამიტომ, სჯობს, მე ნახევრად კომფორტულ კელიას ავირჩევ. თუ პირველი ძმა გადაწყვეტს, რომ თავისი კელია ღარიბულს გაუტოლოს, მაშინ მეც იგივეს გავაკეთებ, რათა სამივეს ერთნაირი კელიები გვქონდეს. ხოლო თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ არც მე გავაკეთებ, რათა ძმას გული არ ვატკინო ზედმეტი თავგამოდებით და ჩემი მეტიჩრობის გამო ანგარება და პატივმოყვარეობა არ ვაგრძნობინო. ჯობს მოკრძალებით ვიყო და ისე გადავწყვიტო შემდეგში, როგორც საქმე მოითხოვსო. მესამე ფიქრობს: ეეჰ, ჩემი ნება რომ იყოს, რა თქმა უნდა კომფორტულ კელიას ავირჩევდი და ისეთივე ღარიბულად გადავაკეთებდი, როგორიც ის –ყველასთვის საურველი კელიაა. მაგრამ ძმებიც ხომ ასევე ფიქრობენ, როგორც მე? რითი ვარ მათზე მეტი, რომ ასეთი პირველობა გამოვიჩინო? რათა ღვთისგან მადლი მოვიპოვო? არა, ჯობია ეს მადლი ჩემს ძმებს შეხვდეთ. მე რასაც მარგუნებს უფალი, ისიც მეყოფა. განა სულ მაგას არ ვთხოვ ღმერთს, ჩემს ძმებს ჩემზე მეტი მიმადლე მეთქი? მე არა მაქვს უფლება, რომელიმე ძმაზე უწინარესად ამოვიღო ხმა, რადგან უმცირესი ვარ ჩვემ სამს შორის. როგორც ძმები გადაწყვეტენ, დაე ისე იყოს. რაც შემხვდება, მადლით და სიყვარულით მივიღებ ყოველივეს. ხოლო როცა ძმები თავიანთი კელიების გადაკეთებას გადაწყვეტენ, დიდი სიხარულით და მადლიერებით დავეხმარები მათ. ამიტომ, მივენდობი ძმების სიბრძნეს და შევალ იმ კელიაში, რომელსაც ისინი ჩემთვის განსაზღვრავენ დაე, იყოს ნება ღვთისაო. ეხლა მე კვლავ გეკითხებით, ვინ იყო მათ შორის ყველაზე კეთილშობილი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი