ღვთის სამართალი


ერთ სახლში, ერთმანეთის მეზობლად ორი კაცი ცხოვრობდა. ერთმანეთისაგან საოცრად განსხვავებული მსოფლმხედველობა და ცხოვრების სტილი ჰქონდათ.
ერთი ღვთისმოშიში იყო – ლოცვასა და მარხვაში გაჰყავდა თავისი წუთისოფელი. წყნარი, უხმაურო, ზედმეტ სიტყვას არ ეტყოდა არავის. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, სულ ეკლესიაში იყო და ლოცულობდა. ხატი და სანთელი ცოლშვილს ერჩივნა.
მეორე, პირიქით – საშინელი უღმერთო იყო. არც ღმერთი სწამდა და არც ხატები. ეკლესიისკენ საერთოდ არც გაიხედავდა არასოდეს. აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა – ლოთობდა, მრუშობდა, ბანქოს თამაშობდა და...მოკლედ, როგორც შეეძლო, ისე ერთობოდა. თანამდებობა კარგი ჰქონდა. სინდისთან მწყრალად იყო და თუ ვინმეს რამეს გამოსძალავდა, დროსტარებასა და ქეიფში ფლანგავდა. თან არც ჯანი და ღონე აკლდა, არც ჩხუბზე და აყალმაყალზე ამბობდა უარს.
ღვთისმოშიში ღარიბი იყო, სუსტი. ხშირად, ჯანმრთელობას უჩიოდა, მაგრამ მოთმინებით იტანდა ყველა განსაცდელს, სანამ ერთმანეთის მიყოლებით ცოლი, შვილები და ყველა ახლობელი არ დაეღუპა.   მარტო რომ დარჩა, აღაპყრო ღვთისკენ ხელები და მიმართა: – ღმერთო, სადა არის შენი სამართალი? მთელი ცხოვრება შენს სათნოებაში გავატარე, არავისთვის არაფერი მიწყენინებია, ცოდვა არ ჩამიდენია. შენ კი სუყველა საყვარელი ადამიანი წამართვი. არც ჯანმრთელობა მაქვს და არც ტკბილი სიბერე. ცხოვრებაში არ გამიხარია. რაღაა ჩემი სიცოცხლე? აი, ეს ჩემი მეზობელი, მთელ ცხოვრებას ლოთობასა და ღრეობაში ატარებს, მრუშობს და  უღმერთოდ ცხოვრობს, მაგრამ არასოდეს არაფერი გასჭირვებია, არც არაფერი დაჰკლებია და არც არასოდეს მოუწყენია. ეგ ცოცხალი უნდა იყოს და ჩემი ცოლ–შვილი მკვდარი? რად მინდა ასეთი სიცოცხლე? ვინც ზედ არ გიყურებს, იმას ახარებ და ვინც სულ შენზე ფიქრობს, იმას აჭირვებ და აუბედურებ?
ასეთი ფიქრები მოეძალა ეშმაკგამჯდარს, დემონი ჩაფრენოდა სულში და თვითმკვლელობისაკენ უბიძგებდა. ითმინა კაცმა, ითმინა, მაგრამ ვეღარ აღუდგა ბოროტს და სახლთან ახლოს რომ მდინარე ჩამოუდიოდა, იქითკენ გაემართა თავის დასახრჩობად.
ამ დროს კი  მისი მეზობელი,როგორც ყოველთვის დარდიმანდიანი და მხიარული, მდინარის პირას მინდორზე იჯდა და მეგობრებთან ერთად ლაზათიანად ქეიფობდა.
უცებ, ხედავს კაცი მდინარესთან ჩაფიქრებული დგას და ცრემლები ჩამოსდის.
–მოიცა, ეს ხომ ჩემი მეზობელია, ის ღვთისნიერი კაცი, არავის რომ არაფერს აწყენინებს. ნეტა აქ რას აკეთებს? – გულმა რეჩხი უყო. წამოდგა, კაცისკენ გაემართა, მაგრამ სანამ მიაღწევდა, კაცმა ერთი ამოიბღავლა – „ღმერთო მაპატიეო“ და მდინარეში ისკუპა.
გაოგნდა და წამით გაშეშდა. მერე არც კი დაფიქრებულა, მდინარეში გადაეშვა და მეზობელს დაედევნა. ბევრი იწვალა, ძლივს წაავლო ხელი და როგორც იქნა, წვალებ–წვალებით ნაპირზე გაათრია. ჯანი და ღონე რომ არ აკლდა, იმან უშველა სწორედ. მაგრამ ძალიან დაიღალა, დინებამ გაიტაცა და თვითონ აღწევა ვეღარ მოასწრო. დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისათვის – სასტიკი და დაუნდობელი, მაგრამ ნაქეიფარმა გულმა სტიქიას ვეღარ გაუძლო და დაღლილმა და გასავათებულმა  შეწყვიტა მუშაობა.
ნაპირზე კაცი გონს მოეგო. ისევ ცოცხალი იყო, თვალებით თავის მხსნელს ეძებდა. ბუტბუტებდა – ღმერთო, ეს რა ჩავიდინეო და მეზობლის დანახვას ნატრობდა.
მაგრამ მეზობლის მაგივრად უფლის ანგელოზი დასდგომოდა თავზე და გაბრაზებული შესცქეროდა. შემდეგ თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
–ამ კაცმა, ერთ წამში ორი წარწყმედილი სული იხსნა და ეშმაკს გამოგლიჯა კლანჭებიდან. თვითონ სასუფეველი დაიმკვიდრა, შენ კი ჯოჯოხეთიდან დაგიხსნა. ახლა ხვდები რატომ სჭირდებოდა ღმერთს მისი სიცოცხლე? ბევრი სათნო ადამიანი ჰყავს უფალს დედამიწაზე, მაგრამ ორი სულის გადარჩენა, თითქმის არცერთ მათგანს არ შეუძლია. თვით მფარველ ანგელოზებსაც კი უჭირთ თითოეული სულის გამოხსნა და ხშირად ვერც ახერხებენ ამას. ამ „უღმერთომ“ კი, როგორც შენ ეძახი, შენც გამოგტაცა ეშმაკის კლანჭებიდან და თავისი სულიც იხსნა. შენი ცოლიც და შვილებიც სასუფეველში არიან, შენ კი ბოროტს ჯოჯოხეთში მიჰყავდი. 
კარგად დაიხსომე: ღვთის სამართალს ნურც ნურასოდეს გაიკვირვებ და ნურც ნურასოდეს განსჯი. არ არსებობს  სამართალი იმაზე მეტი, ვიდრე უფალს დაუდგენია. წადი ახლა და იმ კაცის სულზე ილოცე, ვინც სიცოცხლე და სული შეგინარჩუნა – თქვა და ცაში აიჭრა ნათელ სვეტად ანგელოზი უფლისა.
კაცი მიწაზე დაემხო და ცხარედ აქვითინდა.

შეგონება: ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფლისანი და არა არს სამართალი ღვთისაზე მაღალი არცა დედამიწის ზურგზე, არცა ზღვასა და არცა ცაში .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი