საუბარი სიკვდილთან
–ვინ ხარ? –სიკვდილი. –მერე, რა გინდა? –რა უნდა მინდოდეს? შენს წასაყვანად მოვედი. –რა დროს სიკვდილია, მე რომ არ ვარ ჯერ მზად? –ეგ იმან უკეთ იცის, ვინც გამომაგზავნა. –ვინ გამოგაგზავნა? –ვინც ყოველთვის მაგზავნის ხოლმე, ვისაც ვემსახურები. –ვის ემსახურები, აღარ იტყვი? –განა ეს ძნელი მისახვედრია? –მაინც? –უფალ ღმერთს ვემსახურები და მის დავალებებს ვასრულებ. –ღმერთი გაგზავნის სულების წასაყვანად? –კი, მარტო უფალი წყვეტს, ვინ როდის გაიყვანოს ამ სოფლიდან. –რაღა მე დამადექი თავზე? –მარტო შენ არა, სხვა ბევრსაც. ერთდროულად ბევრგან ვარ. –წყეულიმც იყავ შენ, სიკვდილო. –რატომ მწყევლი? მე რა დაგიშავე? განა ჩემი ნებით მოვსულვარ? –გავიგე, მაგრამ ხომ შენ მიგაქვს სიცოცხლე მაინც? –კი, მე მიმაქვს, მაგრამ მიმაქვს ღმერთთან. –მაინც წყეული ხარ. –ეს აქ, დედამიწაზე მწყევლით თქვენ ცოცხალი ადამიანები, თორემ იცი რამდენი მლოცავს? –ვინ გლოცავს? –სულები, ვინც ზეცაში არიან. –რატომ გლოცავენ, რა გაუკეთე ასეთი? –ტანჯვაში იყვნენ. გავათავისუფლე და უფალთან მივიყვანე. ეხლა კი ნეტარებაში არიან. როცა აქ იყვნენ, ვერ გრძნობდნენ ამას, არ იცოდნენ. ეხლა იციან და უზომოდ ბედნიერები არიან. ამიტომაც მლოცავენ. –მაინც სიკვდილი ხარ და არავის უყვარხარ. ვის გაუხარდება შენი დანახვა? –მე მხოლოდ უფლის დავალებებს ვასრულებ, ჩემი ნებით არავისთან მივდივარ. შენთანაც უფალმა გამომგზავნა. –მე რა სასიკვდილო მნახე, განა რამდენი წელი ვიცოცხლე? –შენი სიცოცხლე წლებით კი არ იზომება, არამდე იმ სიკეთით, რაც სხვისთვის გაგიკეთებია – იმ მადლით, რაც გითესია; ან იმ ბოროტებით, რაც ჩაგიდენია. –მაინც ადრეა ჩემთვის სიკვდილი. არ ვარ ჯერ ისეთ ასაკში, რომ წამიყვანო... და საერთოდ, რამდენი ახალგაზრდა მიგყავს უსამართლოდ, რამდენი ბავშვი, რამდენი ძვირფასი ადამიანი. რამდენ ტკივილს და ცრემლებს ტოვებ, რამდენ დარდს და ვარამს. –ღვთის სამართალს შენ ნუ განსჯი. თქვენ ბოლომდე არ იცით სიკვდილ–სიცოცხლის არსი. იმას კი არ უნდა ტიროდეთ, ვინ როდის მიყავს სიკვდილს უფალთან, არამედ იმას უნდა ტიროდეთ, რა მიაქვს თან და რითი წარსდგება უფლის წინაშე. როცა ადამიანი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული და უფალს ადრე მიყავს, რომ სასუფეველი დაუმკვიდროს, მე სიხარულით მოვდივარ ასეთი სულის წასაყვანად. მაგრამ ხანდახან მთელი სიცოცხლე ელოდება მადლს და სიკეთეს, მაგრამ მაინც არაფერი შედის ზოგიერთი ადამიანის გონში და იძულებული ვარ, ჯოჯოხეთისთვის გამზადებული, ისიც უფალს წარვუგინო. ასეთ დროს მეც გული მიკვდება, მაგრამ მე არ მაქვს ძალაუფლება არცერთ სულზე. –ეხლა ანგელოზად ნუ მოგაქვს თავი. –მე არც ანგელოზო ვარ და არც დემონი. მაგრამ იცოდე, რომ უფალს ვემსახურები და არა ეშმაკს. –ყოფილა შემთხვევა, რომ არ წაგიყვანია სული? –კი, როგორ არა, ძალიან ბევრჯერ. თავად ვევედრები ხოლმე უფალს, რომ აცალოს კიდევ ცოტა ხანს. ხან თმობს უფალი და აძლევს სულს კიდევ დროს, ხან არა. –პატარა ბავშვები რატომ მიგყავს, იმათ რა ცოდვები აქვთ? –მე მარტო ცოდვილები არ მიმყავს, ეგ მცდარი აზრია. პატარა ბავშვები ანგელოზები არიან. თქვენ რომ იცოდეთ ისინი სად ხვდებიან, ყველანი ბავშვობაში ინატრებდით სიკვდილს. თქვენ, ადამიანებმა, არ იცით მათი მომავალი, უფალმა კი იცის და ამიტომ დროზე ზრუნავს მათზე. –ზრდასრულები მარტო ცოდვილები მიგყავს ადრე? –არა, რა თქმა უნდა. ყოველი სულის გარდაცვალება უფლის დიდი განსჯის და ფიქრის შემდეგ წყდება. მან უკეთ იცის, ვინ როდის გაიყვანოს. მე ვინ მეკითხება? –არ ვიცი, არა, სიკვდილი მაინც სიკვდილია, რაც არ უნდა მითხრა. –კი, მართალი ხარ, მაგრამ მე მხოლოდ ხიდი ვარ უფალთან მისაყვანი. სინამდვილეში მე მხოლოდ გარდაცვალება ვარ. მოვა დრო და საერთოდ აღარ ვიქნები. არ დავჭირდები უფალს და იმიტომ. ჩამაგდებენ ცეცხლის ტბაში ჯოჯოხეთთან ერთად და გავქრები. აი ის იქნება საბოლოო სიკვდილი. –თუ ასეთი კარგი ხარ, ცეცხლის ტბაში რატომ უნდა ჩაგაგდონ? –ხომ გითხარი, მე ანგელოზი არ ვარ მეთქი. შენ გგონია ჯოჯოხეთში მარტო ბოროტი სულები არიან? –აბა კეთილ და სათნო სულს რა უნდა ჯოჯოხეთში? –თუ სული კეთილია, არ ჩადის ბოროტ საქმეებს, მაგრამ არ დგას ჭეშმარიტ რწმენაზე, ის სული სასუფეველს ვერ იმკვიდრებს, გაიგე? –მერე ჯოჯოხეთსთვის როგორ იმეტებს უფალი? –ჯოჯოხეთში ყველა არ იტანჯება. არიან სულები ტანჯვის გარეშე, მაგრამ ვერც უფლის დიდებას ხედავენ და განიცდიან. ეს შენი განსასჯელი არ არის. უფლის სიბრძნეს და განგებას შენ ვერ ჩაწვდები. ჯობია გაემზადო, უნდა წაგიყვანო. –მე სად მოვხვდები? –მაგას უფალი გადაწყვეტს. შენ თვითონ დაფიქრდი. რა გიკეთებია ცხოვრებაში? მადლი და სიკეთე გადაძალავს თუ ცოდვები და ბოროტი საქმეები. –ცოტა მაინც მაცალე. სთხოვე რა უფალს, მომცეს ცოტა დრო კიდევ. არ ვარ მზად. –დრო საკმარისად გაქვთ ყოველ ადამიანს, მაგრამ თქვენ უაზროდ ფლანგავთ და რაც ყველაზე მთავარია, ის აღარ გახსოვთ. –რა არის ყველაზე მთავარი? –მადლი, სიკეთე, სიყვარული – ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ამაზე რომ ჯეროვნად ფიქრობდეთ, მაშინ ჩემი ასე აღარ შეგეშინდებოდათ. მშვიდად და უმტკივნეულოდ გამომყვებოდით. –არა, არ მჯერა. არავის არ უნდა სიკვდილი მაინც, სასოწარკვეთილი ადამიანების გარდა. ნეტავ რატომ იკლავენ თავს? –ისინი ვინც თავს იკლავენ, მე არ მელოდებიან და თვითონ ისწრაფებენ სიცოცხლეს. ამიტომ მე არ შემიძლია ისინი უფალთან წარვადგინო. გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ეს, მაგრამ ხომ გითხარი, მე ვარ გზა და ხიდი უფალთან მიმყვანებელი. იქ კი ღმერთი წყვეტს, რომელ სულს სად მიუჩინოს ადგილსამყოფელი. –ესე იგი, არ მეტყვი მე სად მოვხვდები? –არ მაქვს ამის თქმის უფლება. მხოლოდ უფალმა იცის, რას მოგიტევებს და რას არა. –მომეცი ცოტა დრო, სიკვდილო, ცოდვები მაინც მოვინანიო. –სამწუხაროდ დრო აღარ გაქვს. მე მეტი არაფერი შემიძლია. *** გამომეღვიძა. ვაიმე, ეს რა იყო? დიდება შენდა ღმერთო! რა ბედნიერი ვარ, რომ ეს სიზმარი იყო მხოლოდ. წავედი. სანამ ცოცხალი ვარ, უნდა შევძლო და შევიყვარო უფალი მთელი გულით, მოყვასი უნდა შევიყვარო მთელი გულით. იქნებ შევძლო, რომ მხოლოდ მადლი და სიკეთე ვთესო? ძალიან ძნელია, მაგრამ იქნებ შევძლო? იქნებ გადავრჩე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი