სწორი არჩევანი
ერთხელ, ერთ ბატონს, რომელსაც ბევრი მონა ყავდა, შელაპარაკება მოუვიდა მეფის შიკრიკთან და შეხლა–შემოხლაში შემოაკვდა კიდეც. ბატონმა შიკრიკის მკვლეობა ერთ–ერთ მონას გადააბრალა და სხვა მონებიც მოისყიდა. როდესაც მეფის სასამართლოზე ამ ამბის შემსწრე ერთ –ერთი მონა დაიბარეს, ისიც თავიდანვე ფიქრობდა, ბატონის მხარე დაეჭირა, რადგან ის ამის სანაცვლოდ დიდ ფულს და გათავისუფლებასაც კი შეჰპირდა. მაგრამ, როცა სასამართლოზე წარსდგა, მან ნათლად წარმოიდგინა, რა იდო პინას ორივე მხარეს: ერთის მხრივ ჯილდო და თავისუფლება სხვა მონის სიცოცხლის ფასად, მეორეს მხრივ კი – მონობა, მაგრამ სამართალი და სუფთა სინდისი. ანუ ერთ მხარეს ბატონი იდგა, მეორე მხარეს უფალი . მონას ბევრი აღარ უყოყმანია და ღმერთის მხარე აირჩია. მან სრულად და სიმართლის დაცვით ამცნო სასამართლოს რაც იცოდა და დაინახა. მეფემ ცრუ ბატონი და მისი დამქაში მონები სიკვდილით დასაჯა, ხოლო სიმართლის მთქმელ მონას და სასიკვდილოდ გამეტებულ უდანაშაულო მონასაც ჯილდო და თავისუფლება უბოძა. ეს პატარა იგავი სიზმრად ვნახე ოდნავ შეცვლილი სახით და გადავწყვიტე დამეწერა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი ყოფა გამახსენდა. რა ხშირად ყიდიან ადამიანები უფალს საკუთარი კომფორტის და კეთილდღეობის სანაცვლოდ და არად დაგიდევენ ირგვლივ მყოფ უამრავ გამწარებულ და გაჭირვებულ ადამიანს. სხვისი ცრემლების ხარჯზე მიღებული კეთილდღეობა, არავის შერჩება საბოლოოდ მაინც, იქ – დიდი მეუფის სამსჯავროზე. არა მგონია მათ ეს იგავი წაიკითხონ და გული და გონება გაუნათდეთ, მაგრამ მე მაინც გულისტკივილით დავწერე და მინდა რომ თქვენც გადმოგცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)