ანგელოზის ჩურჩული
შემოდგომის გრილი დილა თენდებოდა. ტელეფონის მჭექარე ზარმა სიმყუდროვე გახლიჩა და მშვიდად მძინარე ნინოს ლამაზი სიზმარი წამში დაუსრულა. ნინომ ტელეფონი უხალისოდ აიღო. იცოდა, რომ ასეთ დროს არ დაურეკავდნენ, თუ რამე მნიშვნელოვანი არ ხდებოდა.
საათს დახედა. დილის 4 საათი სრულდებოდა. რედაქტორი რეკავდა.
- მესამე მსოფლიო ომი დაიწყო? - მიმართა ნინომ თავის უფროსს, სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიების განყოფილების მთავარ რედაქტორს ვარლამ ნიორაძეს.
- მსოფლიო ომს მოგიწყობ, თუ ეხლავე აეროპორტში არ გავარდები და მასალას არ მომიმზადებ - იყო აღელვებული რედაქტორის პასუხი.
- კი, მაგრამ, რა მოხდა, არ მეტყვით?
- სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მალე უნდა გაფრენილიყო, კინაღამ აფეთქდა. ჩქარა ჩაავლე შენ თავს ქეჩოში ხელი და გავარდი. მე უკვე გზაში ვარ. ვაჟას მე გავუვლი და წამოვიყვან. ჩქარა, დროს ნუღარ დაკარგავ.
ნინო ლოგინზე წამოჯდა. თვალები კარგად მოიფშვნიტა და ლოგინიდან წამოხტა. სამგზავრო თვითმფრინავი რაღას უნდა აეფეთქებინა? - ფიქრობდა მოულოდნელი ახალი ამბისგან გაკვირვებული.
უცებ ჩაიცვა, პირი ჩქარი ტემპით დაიბანა და სახლიდან გავარდა. ნახევარ საათში უკვე აეროპორტში იყო.
პოლიციის რაზმები ტერიტორიის ირგვლივ მობილიზებულიყვნენ და აეროპორტისკენ ყველა მისასვლელი გადაეკეტათ. აქა იქ დარჩენილი მგზავრები ტერიტორიიდან გაყავდათ და საგანგებოდ მოყვანილ ავტობუსებში სვამდნენ.
- რა მოხდა, ტერორისტული აქტია? - მივარდა ნინო პოლიციელების ჯგუფს - ჟურნალისტი ვარ, შემიშვით.
- ვერავის ვერ შევუშვებთ - გაიწიეთ, გოგონი - ჟურნალისტები უკვე შიგნით არიან და პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემენ. შეგიძლიათ ტელევიზიას უყუროთ.
ნინომ მაშინვე ვარლამს დაურეკა:
- არ მიშვებენ, ბატონო ვარლამ, მიშველეთ რამე.
- ვიცი, ვიცი, საგანგებო მდგომარეობაა, მეც ძლივს შემოვაღწიე. გამნაღველები ყველა თვითმფრინავს ამოწმებენ. შენი აკრედიტაცია პოლიციის უფროსთან უკვე შევათანხმე. სად ხარ? პოლიციელის ჟეტონის ნომერი მითხარი და დაურეკავენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნინო უკვე არაფეთქებული თვითმფრინავის წინ იდგა. მისგან, დაახლოებით 100 მეტრში, რაღაც საშინლად ბოლავდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოტანა კი მოასწრეს, მაგრამ გაუვნებელყოფა ვერ შეძლეს და იძულებული გახდნენ იქვე აეფეთქებინათ. თუმცა, რასაკვირველია, უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომა გამოყენებულ იქნა. ასეთ რამეს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არ ელოდა. ტერორისტული აქტი გახლდათ, გასაგები იყო, მაგრამ ვინ და რატომ, ეხლა ეს იყო გასარკვევი. გასაოცარი ის გახლდათ, რომ თვითმფრინავი სახალხო ზონიდან საკმაოდ შორს იდგა. ის არავითარ შემთხვევაში აქ არ უნდა მდგარიყო. მისმა მახვილმა გონებამ უცებ მოისაზრა, რომ თვითმფრინავი წინასწარ გაეყვანათ მოშორებულ ადგილას. თითქოს იცოდნენ, რომ უნდა აფეთქებულიყო. ნინოს, როგორც ჟურნალისტს, პირველ რიგში ცხელი მასალა უნდა მოემზადებინა. ვაჟას, ნინოს ოპერატორს, კამერა უკვე მზად ჰქონდა. ნინომ მოკროფონი მოიმარჯვა და ჩაწერას შეუდგა. რა თქმა უნდა, თავისი მოსაზრება მაშინვე გააჟღერა ჩანაწერში. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო. როგორც საგამოძიებო ჟურნალისტს, მას მომხდარის შესახებ მეტი მასალა უნდა მოეგროვებინა.
იქვე, ახლოში, პირდაპირ რეპორტაჟს უკვე გადასცემდნენ სხვადასხვა ტელევიზიების ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები.
ნინომ რამდენიმე წუთი დაუთმო თვთმფრინავის მოსალოდნელ კატასტროფას და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რათა მომხდარის შესახებ რაიმე გაეგო, მაგრამ მათგან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მიიღო - რომ გაანეიტრალეს ტერორისტული აქტი და მომხდართან დაკავშირებით აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. არც ვერსიებზე და არც რაიმე ფაქტებზე შსს მეტ ინფორმაციას არ იძლეოდა.
ნინომ ამჯერად აეროპორტის თანამშრომლების ძებნა დაიწყო, რათა მათგან მაინც გაერკვია რამე. თუ ვინმე შეხვდებოდა, ყველას ეკითხებოდა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა, ან გაფთხილებულები იყვნენ და ხმას არ იღებდნენ.
ნინომ შეამჩნია, რომ ერთი ქალი დაჟინებით მისჩერებოდა. ნინომაც კითხვის ნიშნით შეხედა ქალს. ქალმა თითი ისე დაუქნია, თითქოს თან ეშინოდა, არავინ დამინახოსო. ნინო მიუახლოვდა.
- გამარჯობა, ქალბატონო ნინო, მოწიწებით მიესალმა ქალი - მაშინვე გიცანით. თქვენს რეპორტაჟებს ყოველთვის დიდი გულმოდგინებით ვუყურებ ხოლმე. მე აქ დამლაგებლად ვმუშაობ.
- გამარჯობა. იცით რამე მომხდარის შესახებ?
- ყველანი გაგვაფრთხილეს, რომ არავისთან ხმა არ ამოვიღოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩასხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიღაცას დაურეკავს და თვითმფრინავში ბომბიაო, განუცხადებია. დროც უთქვამს, როდის აფეთქდებოდა. ატყდა ამბავი. სანამ გამნაღველები მოვიდოდნენ, ყოველი შემთხვევისათვის, თვითმფრინავი მოშორებით, უსაფრთხო ადგილას დააყენეს. გამნაღველები მოვიდნენ თუ არა, თვითმფრინავიდან რაღაც გამოიტანეს და აგერ, კვამლი რომ ასდის, იქ მიიტანეს. მერე რაღაცეები დააყარეს, თუ დაასხეს, არ ვიცი და გაეცალნენ. იმანაც იფეთქა და კი ხედავთ მის ნარჩენებს ეხლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ესაა სულ, რაც ვიცი. დაგინახეთ და მინდოდა მეთქვა თქვენთვის, სანამ პოლიციელები აქედან გამაბუნძულებენ. აეროპორტის უფროსმა სასტიკად გაგვაფრთხილა, სიტყვა არავისთან დაგვეძრა. ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ნინო, თქვენს რეპორტაჟში მე ნუ მახსენებთ. ისე კი, ვერავინ გაიგებს, ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ.
- არა, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, ქალბატონო...
- არ არის სახელი საჭირო, გთხოვთ!
კარგი. დიდი მადლობა. მეტი ხომ არაფერი იცით?
- არა, მეტი არაფერი. დანარჩენი, რაც მოხდა, თავადაც ხედავთ. რას გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის.
- აი, თურმე, რატომ იდგა თვითმფრინავი მოშორებით. ასეც ვიფიქრე, იცოდნენ, რომ უნდა აფეთქებულიყო.
- დიახ, დიახ, ნამდვილად იცოდნენ. ვერაფერი ვერ მოასწრეს, მარტო ხალხი გაიყვანეს სამშვიდობოდ. კარგი, წავალ მე , სანამ ძალით გამაგდებენ.
- კარგი, ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი სახელი მაინც მიხარით, ვიცოდე, ვის ვუმადლოდე ამ ინფორმაციას.
- არა, არა, ქალბატონო ნინო, არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მე ნუ მახსენებთ თქვენს რეპორტაჟში! - მუდარით მიაჩერდა ქალი ნინოს.
- არა, არ გახსენებთ, რა თქმა უნდა. სიტყვას გაძლევთ. არ ინერვიულოთ მაგაზე.
დამლაგებელი ქალი ნინოს გაშორდა და გასასვლელისკენ გაემართა, სადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა დაინახა თუ არა, ხელი ჩაავლო და ლამის სირბილით გააქანა გასასვლელისკენ. თან ისეთი სახე ჰქონდა - აქ საიდან გაჩნდიო - თვალებით ეკითხებოდა.
ნინომ ეს ყველაფერი თავის ბლოკნოტში ჩაიწერა და მოწმეების ძებნა გააგრძელა. ბევრი გამოჰკითხა, მაგრამ როგორც დამლაგებელმა ქალმა აუწყა, არავინ არაფერი უთხრა. ნინომ უკვე ისედაც იცოდა, რომ ყველა გაფრთხილებული ყავდათ, მაგრამ მაინც სცადა.
ბოლოს, აეროპორტის უფროსამდეც მიაღწია.
- ბატონო დავით, გასაგებია, გაფრთხილებული გყავთ ყველანი, რომ არავითარი ინფორმაცია არ გასცენ, მაგრამ ასეც არ შეიძლება. ამხელა ამბავს ვერ დამალავთ და ბოლოს მაინც იძულებული გახდებით, რაიმე თქვათ. თანაც უკვე ვიცი, რომ ვიღაცამ წინასწარ დაგირეკათ და აფეთქების შესახებ გაუწყათ, რის შემდეგაც თვითმფრინავი სასწრაფოდ გადაიყვანეთ უსაფრთხო ადგილას. ისიც ვიცი, რომ გამნაღველებმა ვერ მოასწრეს და ბომბი იქვე, ახლოში ააფეთქეს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამას ჯერ კიდევ ინფორმაციის მიღებამდე მივხდი, როდესაც თვითმფრინავის ადგილმდებარეობა ვნახე. ცოტა დაწვრილებით რომ მომიყვეთ, ბატონო დავით? - მიმართა ოდნავ მუდარის კილოთი ჟურნალისტმა აეროპორტის უფროსს.
დავით გაბელაია ოდნავ შიშმუშნა, კაბინეტში რამდენიმე ნაბიჯი გაიარ-გამოიარა და მცირე ყოყმანის შემდეგ ჟურნალისტს მიმართა:
- დიახ, ქალბატონო ნინო, ჩვენ თავად სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი უწყებისგან(არ დავაკონკრეტებ, თავადაც მიხვდებით) ვართ გაფრთხილებული, რომ არსად არაფერი ვთქვათ. მაგრამ, მოგეხსენებათ, შუბი ხალთაში არ დაიმალება.
- არც ნემსი.
- რა ბრძანეთ?
- არც ნემსი არ დაიმალება, ბატონო დავით. ვისაც სჭირდება, მოძებნის მაინც.
- ხო, არც ნემსი - გაეცინა დავითს - ხოდა იმის თქმა მინდოდა, ქალბატონო ნინო, რომ თქვენ მაინც გამოქექავთ ყველაფერს, კარგად ვიცი თქვენი ნიჭის შესახებ. ვინ იცის, პოლიციაზე ადრეც კი გამოიძიოთ მომხდარი ფაქტი. მაგრამ დამერწმუნეთ, ბევრი არაფერია მოსაყოლი. თითქმის ყველაფერი გცოდნიათ უკვე.
- მაინც, ბატონო დავით, რაც შეგიძლიათ, ის მითხარით.
- რა გითხრათ აბა მეტი? უცნობმა მამაკაცმა აეროპორტის ცხელ ხაზზე დარეკა და გამოგვიცხადა, რომ დილის 3 საათსა 50 წუთზე თვითმფრინავის ესა და ეს რეისი აფეთქდებოდა და სასწრაფოდ ზომები მიგვეღო, რომ რეისი გაგვეჩერებინა და ხალხი გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, თავიდან ეს უშნო ხუმრობად მივიღეთ, მაგრამ მან ისეთი დეტალები დაგვისახელა, რაც მხოლოდ თვითმფრინავის კარგად მცოდნეს შეეძლო სცოდნოდა. მაშინ უკვე სერიოზულად აღვიქვით საფრთხე. მან გვითხრა, რომ ტერორისტი არ იყო, მაგრამ იცოდა, რომ თვითმფრინავი აფეთქდებოდა და ხალხი დაიღუპებოდა. საქმე იმაშია, რომ რეისი ზუსტად დილის 3:50-ზე უნდა შესრულებულიყო და აფეთქების დროს თვითმფრინავი ხალხით იქნებოდა სავსე. ყველაფერი ისე იყო გათვლილი, რომ თვითმფრინავი აფრენასაც კი ვერ მოასწრებდა, ისე აფეთქდებოდა მგზავრებთან ერთად. თქვენ წარმოდიგინეთ, ჩასხდომაც კი დაწყებული გვქონდა უკვე. რა თქმა უნდა, საწრაფოდ დავრეკეთ შესაბამის უწყებებში და თვითმფრინავში უკვე ჩამსხდარი მგზავრების ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში მოვახერხეთ. დრო ძალიან ცოტა გვქონდა, სულ რამდენიმე წუთი, და სანამ გამნაღველები მოვიდოდნენ, თვითმფრინავი მოშორებულ ადგილას გადავიყვანეთ. ბომბი უცებ იპოვეს, მაგრამ განაღმვა ვერ შეძლეს, რადგან თვითნაკეთი გახლდათ და რისკის და მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მისი უსაფრთხოდ აფეთქება გადაწყვიტეს. აი, ეს იყო სულ. აღარ ვყვები უკვე პოლიციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე, ხალხის აეროპორტიდან ევაკუაციაზე, კორდონების გაკეთებაზე და ასე შემდეგ, ამას თავადაც კარგად ხედავთ. აი, ეს არის სულ, რისი თქმაც შემიძლია. მეტი არაფერი ვიცი არც მე და არც სხვა ვინმემ.
ქალბატონო ნინო, მე თქვენი ნიჭიერების შესახებ რომ ვიცი, იმედი მაქვს რამეს გამოქექავთ და როცა დასრულებულ რეპორტაჟს მოამზადებთ, მაიმცდამაინც ნუ მიახლით მაყურებელს, რომ ინფორმაცია ცხელ კვალზე პირდაპირ აეროპორტის უფროსმა მოგაწოდათ. სამუშაო ხომ მაინც ბევრი გაქვთ ჩასატარებელი და ყოველივეს ამას ჩემს გარეშე მაინც გაიგებდით. თქვენი ობიექტურობის და სამართლიანობის წინაშე ქედს ვიხრი და იმიტომ გიყვებით ამას, თორემ არცერთ სხვა ჟურმალისტს, მერწმუნეთ, არათუ ამდენს, ერთ სიტყვასაც არ ვეტყოდი. თქვენ კი იმხელა რეიტინგი გაქვთ, რომც გამთქვათ, დიდი არაფერი დანაშაული იქნება. უბრალოდ, ერთ კარგ საყვედურს მომარტყავენ ზემდგომი ორგანოები - ირონიულად ჩაეღიმა აეროპორტის უფროსს.
- ბატონო დავით, უღრმეს მადლობას გიხდით ჩემი ასეთი შეფასებისთვის. თქვენ მე დიდი ხანია მიცნობთ და ისიც იცით, რომ არასოდეს ჩემს რეპორტაჟებში ინფორმაციის მომწოდებელს არ ვაბეზღებ და ვინაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვასახელებ, თუ ეს სისხლის სამართლის გამოძიებას სჭირდება და ისიც მხოლოდ პოლიციის წინაშე და არა ჩემს რეპორტაჟებში. უფრო მეტსაც გეტყვით, სანამ პოლიციას ვინმეს ვინაობას გავუმხელ, ჯერ ნებართვას ვიღებ ამ ადამიანისგან და მხოლოდ მას შემდეგ ვუსახელებ მის ვინაობას შინაგან საქმეთა თუ უშიშროების საგამოძიებო სტრუქტურებს. ამიტომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და ზემდგომი ორგანოებიდან საყვედურის შიში არ გქონდეთ - გაუღიმა ნინომ აეროპორტის უფროსს.
- დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, ვიცი, ქალბატონო ნინო და ამიტომაც გადმოგილაგეთ ყველაფერი, რაც ვიცოდი. ეს ისე, ცოტა ლირიულ გადახვევასავით მიიღეთ. რომ არ გენდობოდეთ, რა თქმა უნდა სიტყვასაც არ გეტყოდით.
- ბატონო დავით, მხოლოდ ერთს გთხოვთ კიდევ. თუ შეგიძლიათ ტელეფონის ზარის ზუსტი დრო რომ მითხრათ?
- ეხლავე - ჩაფიქრდა დავითი და თითი შუბლზე მიიდო - 3 საათი და 24 წუთი. დიახ, ეს დროა დაფისირებული. დილის 03:24.
- ბატონო დავით, თქვენ გინდათ თქვათ, რომ 26 წუთში ევაკუაციაც მოასწარით და თვითმფრინავის გადაყვანაც? - გაკვირვებისგან პირი დააღო ნინომ.
- თქვენ წარმოიდგინეთ. ამაში ხელი იმ გარემოებამ შეგვიწყო, რომ ჩასხდომა გვიან დაიწყო და მხოლოდ რამდენიმე მგზავრმა მოასწრო თვითმფრინავში შესვლა. დროზე რომ დაგვეწყო, თვითმფრინავი სავსე იქნებოდა, ვერაფერს ვერ მოვასწრებდით და დიდი მსხვერპლიც გვექნებოდა. თქვენ რომ იცოდეთ, ამ სტრესულ სიტუაციაში რა გმირულად მოიქცა ყველა თანამშრომელი და რა თავდადების ფასად გადაარჩინეს სიკვდილს ყოველი მგზავრი. ეს წარმოუდგენელი იყო. თქვენ ეს უნდა გენახათ. ამას ენით ვერ აღვწერ.
- მესმის, ბატონო დავით. მართლაც, წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ მოასწარით ეს ყველაფერი. ამხელა თვითმფრინავის დაქოქვას და გაყვანას ეხუმრებით? ეს ხომ პატარა ავტომობილი არაა, წამებში გადაიყვანო, სადაც გინდა.
- რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება და რომ იტყვიან, ამოსუნთქვამდე მოვასწარით. როგორც კი თვითმფრინავი მოშორებულ ტერიტორიაზე გავიყვანეთ და გავეცალეთ, გამნაღველებიც მოვიდნენ. თითქოს წამებში იყო ყველაფრი გათვლილიო. სულ ცოტაც რომ დაგვეყოვნებინა, მსხვერპლი გარდაუვალი გახლდათ, განსაკუთრებით ეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომელთა შორის. მთავარი საქმე მათ გააკეთეს...და ჩვენმა პილოტმა, რა თქმა უნდა, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად უყოყმანოდ გადაიყვანა თვითმფრინავი უსაფრთხო ადგილას. დანარჩენი უკვე გამნაღველების რისკზე გალხდათ. მათაც შეუძლებელი შეძლეს და თვითმფრინავი აფეთქებას გადაარჩინეს.
ამ დროს კაბინეტში პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შემოვიდა და ბატონ დავითს თან გაყოლა სთხოვა. გამჭრიახი ჟურნალისტისთვის ნათელი გახლდათ, რომ აეროპორტის უფროსს სახელმწიფო უშიშროების მაღალ ეშელონებში იბარებდნენ.
ნინო მაინც კმაყოფილი წამოვიდა დავითის კაბინეტიდან. ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო, ვიდრე ელოდა. კი, იცნობდა ბატონ დავითს, არაერთხელ შეხვედრია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ, ასეთ დროს, ასეთი გულახდილი თუ იქნებოდა, მაინც არ ეგონა. ყველაზე მეტად ის სიამოვნებდა, ასეთი რეპუტაცია რომ ჰქონდა ბატონი დავითის თვალში, თორემ ხალხს რომ ძალიან უყვარდა, ეს დიდი ხანია იცოდა.
ეხლა მთავრი საფიქრალი სხვა რამ ჰქონდა - საიდან დაეწყო გამოძიება და რა უნდა მოემოქმედებინა, რომ სიმართლე დაედგინა. დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ ტერორისტებს იპოვიდა, მაგრამ იქნებ ის კაცი მაინც მოენახა, ვინც ცხელ ხაზზე დარეკა და აფეთქების შესახებ შეატყობინა. თუმცა ესეც საკმაოდ რთული საქმე გახლდათ. მას ხომ თავისი ვინაობა არ დაუსახელებია.
„თვითმფრინავის შესახებ ისეთი დეტალები იცოდაო“ არა? - გაიხსენა ნინომ დავითის ნათქვამი - სავარაუდოა, რომ ეს კაცი ახლოს იყოს თვითმფრინავებთან და შესაძლოა აქაც კი მუშაობდეს. მაშ ასე, ძებნას ვიწყებ აეროპორტის თამამშრომლებიდან.
***
ვარლამ ნიორაძის კაბინეტში თათბირი მიმდინარეობდა. როდესაც ჯერი ნინოს მუშაობაზე დადგა, ნინომ მხრები მორცხვად აიწურა.
- აბა, ქალბატონო „გამომძიებელო“, რა გამოიკვლიეთ თვითმფრინავთან დაკავშირებით და სადაა ცხელი მასალა? - მიმართა რედაქტორმა ჟურნალისტს ოდნავ დამცინავი კილოთი.
- ბატონო ვარლამ - ნინომ მხრები ისევ მორცხვად აიწურა - მასალა უკვე მზად არის და ეხლავე შეგიძლიათ გაუშვათ ეთერში, მაგრამ რომ გითხრათ გამოძიებამ წარმატებით ჩაიარა თქო, არ შემიძლია.
- რატომ, რამ შეგიშალა ხელი, ქალბატონო „მეგრე“?
- ნუ დამცინით, ბატონო ვარლამ. მე ჩემი მხრიდან რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, აეროპორტის თითქმის ყველა თანამშრომელი გამოვკითხე. ჩემი არხებით საგამოძიებო სტრუქტურებშიც შევძვერი, მაგრამ არავინ არაფერი იცის და მე ჯადოქარი ხომ არ ვარ, ტერორისტი ვიპოვო?! ერთადერთი, რისი დადგენაც შევძელი, ის გახლავთ, რომ შეტყობინება, რომელიც აფექთების თაობაზე შეუვიდათ აეროპორტის ცხელ ხაზზე, გაკეთებულია ცოტნე დადიანის გამზირზე განთავსებული ერთ-ერთი ტაქსოფონიდან, ახალგაზრდა მამაკაცის მიერ.
- ეგ როგორღა დაადგინეთ?
- კამერებით, ბატონო ვარლამ, კამერებით. მოგეხსენებათ ჩვენს საუკუნეში კამერების თვალს არაფერი გამოეპარება.
- საინტერესოა...და კამერებთან წვდომა ასე იოლია?
- არა, ბატონო ვარლამ - გაეღიმა ნინოს, რა თქმა უნდა იოლი არ გახლავთ და ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ეს შეუძლებელიცაა. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისიც მხოლოდ სპეციალური დაშვების შემთხვევაში აქვთ წვდომა ვიდეო კამერების ქსელთან. ან უშიშროებას, თავისთავად ცხადია.
- აჰა, თქვენ ალბათ შეთავსებით პოლიციის მაღალჩინოსანიც ბრძანდებით, თუ უშიშროების თამამშრომელი ხართ? - სცადა გახუმრება ვარლამმა.
აქა იქ ჩუმი სიცილი გაისმა. გაეცინა ნინოსაც.
- ჩვენს საქართელოში ვცხოვრობთ, ბატონო ვარლამ.
- მერე?
- მერე ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაცნობ-მეგობრობით, თუ ადამიანი მოინდომებს, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ძალიან გთხოვთ, მეტ დაწვრილებით ინფორმაციას ნუ მომთხოვთ. მაინც ვერ გეტყვით, მითუმეტეს ასე, საჯაროდ.
- კარგი, მაშინ, რა გაარკვიეთ, ის თქვით.
- როგორც მოგახსენეთ, გავარკვიე ადგილი, საიდანაც დარეკეს. რა თქმა უნდა, ინფორმატორი ცოტა შენიღბულივით გახლდათ, რომ არ ეცნოთ, მაგრამ რაც კამერაზე დავინახე, გახლავთ ის, რომ იგი ახალგაზრდა მამაკაცია, ასე 25-30 წლის და სავარაუდოდ სადმე ახლო-მახლო ცხოვრობს, ან მუშაობს. აი ნახეთ - ნინომ საქაღალდე გახსნა და კამერებიდან გადაღებული რამდენინე ფოტოსურათი აჩვენა. კამერების კვალს მივყევით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავადგინეთ, საიდან მოვიდა. მოგეხსენებათ ქალაქში ე.წ. ბნელი ლაქებიც ბევრია და მთლიანი ვიდეოჩანაწერის აღდგენა, ვინ სად დადის, ძნელია. თუმცა, მე ჯერ კიდევ ვეძებ, იქნებ გვერდით რაიონებში სადმე დაფიქსირდა. სულ ვეძებ, ბატონო ვარლამ, ეხლაც ამით ვარ დაკავებული და ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ასევე ვეკითხები ყველას, ვისაც შეეძლო მსგავსი პიროვნება დაენახა, მაგრამ კამერებიდან ამობეჭდილი ამ სურათებით, მაინცდამაინც ვერ ცნობენ.
- ხო, საკმაოდ ბუნდოვანი სურათებია, სახე კარგად არ ჩანს. თან ეს კაპიუშონი რომ ახურავს, ნახევარ სახეს ეს ფარავს.
- დიახ, ბატონო ვარლამ. თუმცა მე ფარხმალს არ ვყრი და დღე და ღამ ამით ვარ დაკავებული. რადგან იმედი მაქვს, რომ თუ ამ ადამიანს ვიპოვით, სავარაუდოდ, ტერორისტზეც გავალთ. ვინაიდან ინფორმატორმა აფეთქების შესახებ იცოდა და თანაც ზუსტი დრო მიუთითა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამფეთქებელსაც იცნობს. უფრო მეტიც, მე მგონია, რომ ისინი თანამზრახველები არიან. ალბათ რამე ვერ გაიყვეს, ერთმა მეორეს ზურგი აქცია და აფეთქების შესახებ განაცხადა, რატომღაც ასე მგონია.
- ნინო, ხომ იცი, რომ ბევრი დრო არ გვაქვს - ამჯერად შინაურულად მიმართა ვარლამმა გოგონას - მოგვასწრებენ.
- ბატონო ვარლამ, თუ გნებავთ გადაცემას დღესვე გავაკეთებ, მაგრამ ამ მწირი ინფორმაციით ვერც ვერავის დავაინტერესებთ და ვერც რეიტინგს გავიუმჯობესებთ. ჯერ სულ ორი დღე გავიდა და რაც მე მოვიპოვე, საგამოძიებო სტრუქტურებს თუ აქვთ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერჯერობით ინფორმატორს ჩემსავით არ ეძებენ. ბომბის დამზადების ტექნოლოგიას სწავლობენ და სავარაუდო დამამზადებლის ძებნით არიან დაკავებულები. თუმცა, ალბათ, ამ პიროვნების ძებნასაც დაიწყებენ, ცხადია.
- ეგ საიდანღა იცი? - ისევ გაეცინა ვარლამს.
ნინომ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.
- ააა, ხო, საქართველოში ვცხოვრობთ - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია ვარლამმა - ნაცნობები, მეგობრები.
- სწორედაც, ბატონო ვარლამ - ისევ გაუღიმა ნინომ.
ვარლამი ცოტა ხნით ჩაფიქრდა, რამდენიმე წუთი აკაკი წერეთელივით იჯდა თავის მაგიდასთან ჩაფიქრებული და მერე ისევ ნინოს მიმართა:
- მოდი ასე მოვიქცეთ: შენ გადაცემა მოამზადე და დღეს ან ხვალ გავუშვათ. თან დაამატე, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და მაყურებელი ახალ ამბავს მაშინვე შეიტყობს, როგორც კი რამე გაირკვევა.
- კარგი, ბატონო ვარლამ, როგორც იტყვით.
- ხო, და კიდევ: რაც შეეხება ინფორმატორს, არ არის საჭირო სრული დეტალების გამომზეურება. თქვი მარტო, რომ ის, სავარაუდოდ, ახალგახრდა მამაკაცია. შენი ვარაუდებიც დაამატე ტერორისტის თანამზრახველობის შესახებ. ეს გაამძაფრებს ცნობისმოყვარეობას და უფრო დააინტერესებს მაყურებელს. სურათები აუცილებლად, რა თქმა უნდა, იქნებ ვინმემ იცნოს და დაგვირეკოს. იმედია საქართველოზე და ნაცნობ-მეგობრობაზე არაფერს იტყვი- ალმაცერად გადმოხედა ვარლამმა ნინოს.
- არა, ბატონო ვარლამ, აბა რას ამბობთ?! ჩემი ინფორმაციის წყაროებზე სახალხოდ როგორ დავიწყებ საუბარს? ეს ხომ გამორიცხულია. ან როდის მისაუბრია?! - იწყინა ნინომ - თქვენ არ გეუბნებით და ტელევიზიით გამოვაცხადებ?
- ხო, კარგი, კარგი. რაც შეიძლება ჩქარა მოამზადეთ მასალა და მაჩვენეთ დასამტკიცებლად - ბრძანა ვარლამმა და ამით ეს საკითხი ამოიწურა.
ნინომ საქაღალდე დახურა და ვარლამის კაბინეტიდან გავიდა.
***
ნინო ქუჩის იმ ტელეფონს ჩაუსაფრდა, საიდანაც ტერორისტის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად დარეკეს. იმედი ჰქონდა, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი სადმე ახლოს ცხოვრობდა და ადრე თუ გვიან, ამ ადგილას გაივლიდა. მართალია, კამერებზე სახე ბუნდოვნად ჩანდა, მაგრამ ნინომ მაქსიმალურად გაასუფთავებინა ამობეჭდილი და ასე თუ ისე, წარმოდგენა ჰქონდა მის სახესა და აღნაგობაზე. მისი მიხრა-მოხრაც კი კარგად შეისწავლა, რომ ადვილად ეცნო, თუკი სადმე დაინახავდა.
მისმა ლოდინმა ნაყოფი გამოიღო. რამდენიმე დღეში მოჰკრა კიდეც თვალი იმას, ვისაც ასე ეძებდა. ცოტა გული აუფართხალდა, მთელ სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. არ იცოდა, ვისთან ექნებოდა საქმე, ტერორისტის ხელისსშემწყობთან თუ ჩვეულებრივ მოქალაქესთან. ფიქრებში ათასჯერ ჰქონდა გადახარშული, რა და როგორ უნდა ეთქვა, რომ არც ის დაეფრთხო და თავადაც საფრთხე არ შექმნოდა.
მთელი გამბედაობა მოიკრიბა და მიუახლოვდა:
- ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მეგობრებთან ნიძლავი წავაგე. პირობის თანახმად, ვალდებული ვარ უცხო მამაკაცი გავიცნო და თავი მოვაწონო - გაუღიმა ნინომ და მოჩვებითი სიმორცხვით დახარა დაბლა თავი - არჩევანი თქვენზე შევაჩერე და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ გავიცნოთ ერთმანეთი?
ნინო საკმაოდ ლამაზი ქალიშვილი გახლდათ. ნუშის ფორმის ხავერდოვანი, ხავსივით მწვანე თვალები და ოდნავ ტალღოვანი, მხრებამდე ჩამოშლილი მუქი ქერა თმა საოცრად ჰარმონიულ სილამაზეს ქმნიდა და თოჯინას ჰგავდა. ლამაზად მოყვანილი ოდნავ დაბერილი ტუჩები ისეთი მიმზიდველი ჰქონდა, მამაკაცებს პირველივე დანახვაზე თავგზას უბნევდა. სწორი პატარა ცხვირი და მრგვალი პირისახე უარღესად უხდებოდა მის ულამაზეს თვალებს და მშვილდივით გადაჭიმულ წარბებს. აღარაფერს ვამბობ უმშვენიერეს სწორ ფეხებზე, უზადო ტანსა და საშუალო ზომის ლამაზად ამობურცულ მკერდზე, რომელიც ცალკე ისეთ ვნებას აღუძრავდა მამაკაცებს, რომ თავს ძლივს იკავებდნენ. სიმაღლეშიც 1,70 გახლდა და ეს ყველაფერი იმდენად ერწყმოდა ერთმანეთს, რომ ეს შველივით მოქნილი და დამატყვევებლად ლამაზი გოგო მეტადრე ყველა ჟურნალისთვის სანატრელი მოდელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ჟურნალისტი. აკი ბევრი შეთავაზებაც ჰქონდა ამ სფეროდან, თუმცა მოდელობა არასოდეს აინტერესებდა. მას არ სჭირდებოდა და არც უყვარდა გადამეტებული მაკიაჟის ხმარება. ბუნებრივი სილამაზე ისედეც უმაღლეს დონეზე ჰქონდა ღვთისგან მიმადლებული და იმდენად მშვენიერი გახლდათ, რომ ზედმეტი აღარაფერი სჭირდებოდა. ჯერ მხოლოდ 25 წლის შესრულებულიყო, მაგრამ ტელევიზაში 3 წლიანი მუშაობის შემდეგ საკმაოდ ცნობადი სახე გალხდათ. ასეთ მშვენიერ და მითუმეტეს უაღრესად ნიჭიერ გოგონას, ვინ არ ინატრებდა თავის სამსახურში?! ვარლამმაც უყოყმანოდ მიიღო, როდესაც ჟურნალისტური გამოძიების რედაქციაში ტელეჟურნალისტის კანდიდატურა დასჭირდა. მიიღო კი არა, რასაც ქვია, კლანჭებით გამოსტაცა სხვა რედაქციებს, რათა თავისთან წაეყვანა. ნიჭიერი და გონიერი რომ იყო, იცოდა, მანამდე კორესპონდენტად მუშაობდა...და გარეგნობასაც რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა, ისიც კარგად იცოდა. სწორედ ნინოს მისვლის შემდეფ გახდა ვარლამის გადაცემა ყველაზე რეიტინგული. ნინოს საოცარი სილამაზე არა მარტო გვერდით მყოფებს, ტელემაყურებელსაც კი უბნევდა თავ-გზას.
რა თქმა უნდა, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ყველას გასაოცრად, ის არავის იკარებდა. არავინ იცოდა, საერთოდ ჰქონდა მამაკაცებზე გული აცრუებული თუ რამე სხვა მიზეზი იყო. ფაქტია, არავის იკარებდა და არც არავის აძლევდა რაიმე შანსს. ზოგი იმასაც კი ჭორაობდა, ლესბოსელიაო, მაგრამ ქალთან დაახლოებულიც არავის უნახავს. ამ მხრივ მეტად ჩაკეტილი იყო, თორემ სხვა მხრივ საკმაოდ აქტიური და გახსნილი გალხლდათ და მასთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო.
თუ ვინმე, ძალიან მომაბეზრებელი, უხეშად გაბედავდა მისი ყურადღების მიპყრობას, ჯიუ-ჯიცუ-ზე ნავარჯიშები გოგონა იოლად ახერხებდა ასეთი თავდასხმების მოგერიებასაც. იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა და ერთი მოხულიგნო ტიპი ისე გალახა, რამდენიმე კვირა პოლიციაში მოუწია სირბილი და ახსნა-განმარტებების მიცემა, თორემ ლამის დასაჭერად ჰქონდა საქმე.
მოკლედ, ეს საოცრად მომხიბვლელი გოგონა დიდსაც და პატარასაც თავგზას უბნევდა. ჯერ მარტო ღიმილი ჰქონდა ისეთი, შეუძლებელი იყო მის მიმართ სიყვარულით არ განწყობილიყავი.
ნინომ ეს ძალიან კარგად იცოდა და ამიტომაც, იმ ათასი გეგმიდან, რომელიც თავში უტრიალებდა, გასაცნობად ბოლოს ეს ხერხი შეარჩია. თუმცა, რა თქმა უნდა, ვარაუდობდა, რომ როგორც ჟურნალისტს, უცებ იცნობდნენ. მერე რა მოხდა, ჟურნალისტმა არ შეიძლება ნიძლავი დადოს?! - ფიქრობდა გულში და ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში პასუხებიც წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მამაკაცმა ღიმილიანი და ირონიული გამოხედვით აგრძნობინა, რომ არ სჯეროდა ნინოს ზღაპრების, მაგრამ მაინც ძალიან თავაზიანად უპასუხა:
- დიდი სიამოვნებით გაგიცნობთ, ქალბატონო ნინო, ასეთ ლამაზ მანდილოსანს გასაუბრებაზე როგორ ვეტყვი უარს?! ბატონი ვარლამი ალბათ გაგიჯავრდებათ, თუ დროზე არ შეასრულებთ დავალებას და სენსაციურს მასალას არ გამოაცხობთ გადაცემისთვის - ისევ გულინად გაუღიმა მამაკაცმა და ნინოს ლამაზ თვალებს დაჟინებით ჩააცქერდა.
ნინომ დაიმორცხვა, თავი დახარა და ამით აირიდა მამაკაცის ღია თაფლისფერი თვალების მზერა.
- მაშ, თქვენ გადაცემაში ნანახი გყავართ?
- არა, თქვენ გადაცემებს მე მაინცდმაინც არ ვუყურებ, მაგრამ ვიცი, ვინც ხართ. არავითარი გართულება ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, გიორგი მქვია, ყიფიანი ვარ გვარად - გაუღიმა ისევ მამაკაცმა და ისევ შეანათა თავისი მწველი თვალები.
ნინო უხერხულად შეიშმუშნა და ისევ აარიდა თავი მის თვალებს. რაღაც უცნაურად უფორიაქებდა გულს მამაკაცის ეს გამჭოლი მზერა.
- კარგი, მაშინ ჩამოვჯდეთ და გავისაუბროთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
- დიდი სიამოვნებით, როგორც გენებოთ. რადგან აეროპორტში ყოფნისას ვერაფერი საინტერესო ვერ გაიგეთ, მკითხეთ რაც გენებოთ.
იქვე ახლოს მდებარე სკვერში ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდნენ.
ნინომ ოდნავ გაკვირვებით შეხედა გიორგის, მაგრამ მერე სახე ისევ დაუმშვიდდა და ოდნავ ირონიული ღიმილიც კი დაეტყო ტუჩებზე.
- როგორც ვატყობ, ლოგიკას არ უნდა უჩიოდეთ, ეტყობა, რომ ანალიზის კარგი უნარი გაქვთ, ბატონო გიორგი.
- არა, ლოგიკა აქ არაფერ შუაშია...მოდი გიორგი დამიძახეთ, ბატონოს გარეშე, გთხოვთ, ძალიან გამახარებთ.
- კარგი, ეგრე იყოს. მაშ საიდან მიხვდით?
- მოდი ასე ვთქვათ. უბრალოდ ვიცი, ისევე, როგორც ის, რომ აეროპორტის უფროსს ელაპარაკეთ. მან კი ვერაფერი საინტერესო დამატებითი ინფორმაცია ვერ მოგაწოდათ. მანამდე კი დამლაგებელმა შეგატყობინათ, რომ აფეთქების შესახებ შეტყობინება ტელეფონის საშუალებით მიიღეს.
ნინომ ეხლა უკვე გულწრფელი გაკვირვება გამოხატა.
- დიახ, მე ვიყავი, ვინც ტელეფონზე დარეკა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თქვენ ხომ ეს უკვე იცით და ვიდეოკამერების მეშვეობით ჩემი მიახლოებითი პორტრეტიც კი შექმენით. შემდეგ დამიდარაჯდით და აჰა... ბინგო, დღეს მიპოვეთ კიდეც, ჩემო მშვენიერო ქალბატონო ნინო - ისევ გაუღიმა გიორგიმ ქალწულს - ეხლა კი გინდათ გაიგოთ, საიდან მქონდა მე ეს ინფორმაცია და ვარ თუ არა ტერორისტის თანამზრახველი.
- მითვალთვალებდით? - გაფართოებული თვალებით და აღელვებული კილოთი მიმართა ნინომ ვაჟს.
- რას ამბობთ, ამას როგორ ვიკადრებდი?! - ღიმილიანი სევდანარევი კილოთი უპასუხა გიორგიმ.
- კი, კი, მითალთვალებდით - თვალი მოჭუტა ნინომ ნიშნისმოგებით, თითქოს, აჰა, გამოგიჭირე ტყუილშიო - სხვანაირად ვერანაირად ვერ მიიღებდით მაგ ინფორმაციას.
- ჩემო მშვენიერო ასულო, მე ისიც კი ვიცი, რომ დილას დედამ დაგირეკათ და გთხოვათ, საღამოს მასთან შეიაროთ, რომ თქვენს ცელქ ძმას, ანდროს დაელაპარაკოთ და დაარიგოთ. ესეც თვალთვალის შედეგია? ან თუ გინდათ იმას გეტყვით, რატომ არ იკარებთ არცერთ მამაკაცს იმ შემთხვევის შემდეგ, მე-12 კლასში რომ დაგემართათ.
- არ ვიცი, გიორგი, თქვენ მე ფსიქოლოგიულ ტესტებს მიტარებთ თუ გაოცების გაკვეთილს. ეხლავე უნდა ამიხსნათ, საიდან იცით ეს ყველაფერი.
- ამას სხვა დროს აგიხნით, ქალბატონო ნინო - მწუხარე სახით უპასუხა გიორგიმ - სამწუხაროდ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სულ მალე პოლიციის თანამშრომლები დამაკავებენ და ჯობია დროზე დამისვათ თქვენი კითხვები. ჩემი სურვილი რომ იყოს, თქვენთან დიდხანს ყოფნა და საუბარი მირჩევნია ცივ საკანში ჯდომას და გამომძიებლის გაუთავებელ ეჭვიან კითხვებზე პასუხების გაცემას, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. პოლიციის თანამშრომლები თქვენზე არანაკლებ საზრიანები არიან და მათაც იგივე მეთოდებით მოაგნეს ჩემს კვალს. თუმცა, მე არც ვიმალებოდი. უფრო მეტიც, ვიცოდი რომ თქვენ გნახავდით და შეგნებულად მოვედი ზუსტად ამ დროს, ამ ადგილას. მაპატიეთ, რომ რამდენიმე დღე გალოდინეთ. ადრე მოსვლა არ შემეძლო, ამას ეხლა ვერ აგიხნსით. აი, სულ რაღაც 5 წუთში დამაკავებენ.
ნინოს მოუსვენრობა დაეტყო, გული გამალებით უცემდა. ჯერ კიდევ გაოგნებული იყო და სულ გადავიწყებოდა თვითმფრინავის აფეთქების მცდელობა, ეხლა გიორგის რომ არ შეეხსენებინა.
- მართლა გამაოცეთ. აღარც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა და ისე დამაბნიეთ, ყველაფერი ამერია თავში. ის მაინც მითხარით გულწრფელად, თანამონაწილე ხართ?
- არა, ქალბატონო ნინო, რა თქმა უნდა არა. თქვენ კლასელ შოთას სთხოვეთ და მამამისის დახმარებით ჩემთან დაკავების იზოლატორში შემოგიშვებენ. იქ ვისაუბროთ, რამდენიც გენებოთ - სევდიანად გაუღიმა გიორგიმ და გოგონას ანიშნა, აი, მოვიდნენ კიდეცო - რაც შეეეხება ანდროს, მისი ბრალი არაფერი ყოფილა, ის გოგონას გამოესარჩლა და ვაჟკაცურად მოიქცა - ისევ გაუღიმა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.
მართალია ნინომ ვერაფერი გაიგო, მაგრამ განცვიფრებისგან პირი რომ ჰქონდა დაღებული, მხოლოდ მაშინღა მიხვდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა გიორგის ხელბორკილები დაადეს, პოლიციის მანქანაში ჩასვეს და სირენების თანხლებით სწრაფად გააქროლეს ნინოს თვალთახედვიდან.
***
განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი გამომძიებელი ილია მუჯირი გამოცდილი დეტექტივი გახლდათ. მის გამჭრიახ გონებას და არაჩვეულებრივ ალღოს, ბევრი რთული საქმე ჰქონდა გახსნილი. მისი დეტალებზე დაკვირვების და სწორი დასკვნების გამოტანის უნარი აოცებდა ყველას.
არც იყო გასაკვირი, რომ თვითმფრინავის საქმე გამოსაძიებლად სწორედ მას მიანდეს.
გამოცდილ სამძებრო მუშაკს, რა თქმა უნდა, არ გასჭირვებია გიორგის კვალის აღება და მისი თანამშრომლები ისევე ელოდნენ გიორგის გამოჩენას, როგორც ნინო. გიორგის გამოჩენისთანავე პოლიციელებმა, რა თქმა უნდა, ამოიცნეს იგი, მაგრამ ილიას ბრძანებით, აცალეს ჟურნალისტს მასთან გასაუბრება და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეს მისი დაკავება. გიორგი ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, იქიდან და პირდაპირ განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებაში გადაიყვანეს.
ილია ცოცხალი თავით არავის დაუთმობდა მის დაკითხვას, მაგრამ დიდი მოთმინება გამოიჩინა და ორი დღე დაკავების იზოლატორში ამყოფა, რათა კარგად დაეღალა და მისი გამოტეხვა უფრო იოლი ყოფილიყო. ეს, ასე ვთქვათ, ილიას ერთ-ერთი პატარა ეშმაკური ხერხი გახლდათ. თუმცა, გამოიღო თუ არა ამან თავისი ნაყოფი, ამას სულ მალე გავიგებთ.
დაკავებული მშვიდად შემოვიდა ილიას კაბინეტში და მის მიერ მითითებულ სკამზე აუღელვებლად მოთავსდა.
- ბატონო ილია, სულაც არ იყო საჭირო თქვენი მეთოდების ჩემზე გამოყენება. ისედაც გულწრფელად გეტყოდით, რისი თქმაც შემიძლია - გაუღიმა გიორგიმ გამომძიებელს - ვფიქრობ თქვენ უფრო დაიტანჯეთ ჩემთან გასაუბრების ლოდინით, ვიდრე მე.
- ვგონებ, მე უკეთ ვიცი, როდის რა მეთოდები გამოვიყენო - უსიამოდ შეიშმუშნა მუჯირი, თუმცა ეცადა ზრდილობის ფარგლებს არ გასცდენოდა.
- ნება თქვენია - ისევ გაუღიმა დაკავებულმა.
- სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და საცხოვრებელი მისამართი - თავაუღებლად წარმოსთქვა გამომძიებელმა.
- გიორგი ყიფიანი, დავიბადე 1996 წლის 7 აპრილს, ვცხოვრობ მიხეილ მესხის ქუჩაზე, 7 ნომერში. სხვათა შორის, თქვენი სახლიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით.
- თქვენ საიდან იცით, მე სად ვცხოვრობ? - გაკვირვებით ამოხედა გამომძიებელმ გიორგის - ან სახელი საიდან იცით, ყოფილხართ ჩემთან?
მუჯირს საკმაოდ კარგი მეხსიერება ჰქონდა და მშვენივრად იცოდა, რომ არასოდეს აქამდე მის წინ მჯდომ ადამიანს არ შეხვედრია, მაგრამ გაკვირვებულმა და დაბნეულემა, უბრალოდ, უცებ ვერ მოისაზრა, რა ეპასუხა.
- ვიცი, ბატონო ილია - ისევ გაუღიმა გიორგიმ. თანაც თქვენ საკმაოდ წარმატებული და ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი ბრძანდებით და არ არის გასაკვირი, ვინმემ თქვენს შესახებ რამე იცოდეს.
- ჰმ, ეგ საიდანღა იცით? არასოდეს მიფიქრია, რომ საუკეთესო გამომძიებელი ვარ - აყვა მუჯირი დაკავებულის თამაშს - ან ჩემი წარმატების შესახებ რა იცით ასეთმა ახალგაზრდამ? - ყალბად გაუღიმა ილიამ. უნდოდა დაკავებულისთვის კეთილგანწყობა ეჩვენებინა და გულახდილ საუბარში ჩაეთრია.
- თქვენ საკმაოდ ჭკვიანი კაცი ბრძანდებით, ბატონო ილია. მესმის თქვენი განზრახვის, თუმცა დამერწმუნეთ, არ გჭირდებათ ყალბი გრძნობების გამოხატვა. ისედაც გულახდილი ვიქნები თქვენთან.
ილია შეცბა და თვალით ანიშნა, გააგრძელეო
- როგორ შეიძლება წარმატებული და საუკეთესო არ იყოს გამომძიებელი, რომელმაც 386 საქმიდან 347 წარმატებულად გახსნა. 8 საქმიდან მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღო შედეგი, რომ ზემდგომი ამხანაგების(ასე ვთქვათ) მითითებებით დაახურინეს და თაროზე შემოადებინეს. რამდენი ნერვიული ღამე გაქვთ ამ საქმეების გამო გათენებული. თითქმის გახსნილიც რომ გქონდათ, მაგრამ არ დაგანებეს და მავანთა ინტერესების გამო დაგახურინეს, როგორც გაუხსნელი. თუ გნებავთ იმ 31 გაუხსნელ საქმესაც ჩამოგითვლით. მაგალითად მოგიყვანთ 2 მათგანს: ირლანდიელი ტურისტის მკვლელობის და გაუჩინარებული ბიზნესმენის საქმეებს. ის ირლანდიელი ტურისტი, ბატონო გამომძიებელო, მაიკლ დონოვანი, სხვა, მექსიკელმა ტურისტმა მოკლა და იმ დღესვე გაუჩინარდა ქვეყნიდან. ამიტომ ვერ შეძელით მისი კვალის აღება, თუმცა კი ჩაუდექით. თუ გნებავთ მის სახელსაც და ადგილმდებარეობასაც ზუსტად გეტყვით. ბიზნესმენი მელორ შამუგია კი ეხლა კაიმანის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს და აი, ზუსტად ეხლა, საკუთარ კატერზე ზის და ორ ლამაზმანთან ერთად ზღვაზე სეირნობით ტკბება. თუ გნებავთ კუნძულის სახელსაც გეტყვით და მის ზუსტ მისამართსაც. დანარჩენი საქმეებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, მაგრამ მოდი ეს მომავლისთვის გადავდოთ.
- გამომძიებელს ცივმა ოფლმა დაასხა და გაკვირვებისგან თვალები შუბლზე კი არა ლამის კეფაზე გადაუვიდა.
- ვინ ხართ და საიდან იცით ამდენი? - ოფლი ცხვირსახოცით შეიმშრალა მუჯირმა.
- ბატონო ილია, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მე იმდენი რამე შემიძლია მოგახსენოთ, გაოგნდებით. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ თვითმფრინავის აფეთქების შესახებ შევიტყე და წინასწარ შეგატყობინეთ. მე რომ თანამზრახველი ვყოფილიყავი, განა ამას გავაკეთებდი?! თქვენ ხომ ძალიან ძლიერი ლოგიკის პატრონი ბრძანდებით და თავიდანვე ეჭვი შეგეპარათ ჩემს თანამზრახველობაში, თუმცა ხმამაღლა ვერ თქვით ეს, ზემდგომი თანამშრომელების მიმართ კოლეგიალობის გამო. ასეც რომ ყოფილიყო, განა ჩემი ნებით გამოვცხადდებოდი ჩემს დასაპატიმრებლად, როცა კარგად ვიცოდი, რომ აფეთქების შემდეგ რამდენიმე დღე ჩასაფრებული იყავით? ხო, მართლა, მადლობა მინდა მოგიხადოთ, რომ ჟურნალისტთან მცირეოდენი გასაუბრების საშუალება მომეცით, თუმცა იქვე იყავით და მითვალთვალებდით. სწორედ თქვენი ბრძანებით არ დამაპატიმრეს გამოჩენისთანავე. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამისთვის.
ილიამ აღარ იცოდა ნერვიული ხელები სად წაეღო, გაოგნებისგან ყელი გაუშრა და ლაპარაკის უნარი დაკარგა. დაკავებული ყველაფერში მართალი იყო. მას თავიდანვე ეჭვი ეპარებოდა მის თანამზრახველობაში, მაგრამ ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი, მერაბ ჩადრიშვილი, ვინც ილიას ეს საქმე ჩააბარა, დაჟინებით უკიჟნებდა, რომ გინდა თუ არა, ვინც დარეკა, თანამზრახველი უნდა ყოფილიყო და სასწრაფოდ უნდა დაეკავებინათ. ილიას აღარ უცდია მისი გადარწმუნება, ის სიტუაცია არ იყო. ამიტომ გაჩუმდა და მორჩილად დაუქნია თავი.
რაც შეეხება ორ გაუხსენ საქმეს, ეხლა ამაზე ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა. თავი ასტკივდა და ერთი სული ჰქონდა, დაკითხვა დაემთავრებინა. შემდეგ კი დაწყნარებულზე ყველაფერს გადახარშავდა.
ესეც მისი ერთ-ერთი კარგი თვისება გახლდათ. ცხელ გულზე არასოდეს გამოიტანდა დასკვნებს, რაც არ უნდა დამაჯერებელი ფაქტები ჰქონოდა წინ. კარგად აწონ-დაწონიდა, ათასჯერ გადახარშავდა გონებაში, საწინააღმდეგო არგუმენტებსაც შეგნებულად დააყენებდა და როცა ყველაფერს გადალახავდა და ლოგიკურად დასვამდა, მხოლოდ მაშინ გამოჰქონდა დასკვნები. ამიტომაც იყო, რომ თითქმის არასოდეს ცდებოდა. მას არ უყვარდა სიჩქარე და ფაციფუცობა. ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ და კიცხავდნენ კიდეც უფროსები, მაგრამ ის თავის გზას არ ღალატობდა და გახსნილი საქმეებით უმტკიცებდა ყველას თავისი მეთოდების მართებულობას. გაკიცხვას კი ჩუმად და თავდახრილი ხვდებოდა, რამეთუ კარგად იცოდა, როდის რა იყო საჭირო და ამდენი ხნის გამოცდილების შემდეგ, არავის დაკრულზე არ დაიწყებდა ცეკვას. ამიტომაც ჰქონდა უამრავი ჯილდოები და პროფესიული წინსვლა. იმიტომაც გახლდათ მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი გამომძიებელი. უფროსები ბევრი გამოიცვალა, ილია მუჯირი კი ერთი იყო - ერთადერთი და განუმეორებელი თავის საქმეში.
რაც შეხება მისი სახელის და მისამართის ცოდნას, ეს უკვე ისეთ წვრილმანებად ჩანდა, როგორც მზესუმზირის ჭამა და ამაზე ფიქრით თავის გადაღლას არც აპირებდა.
მუჯირმა წიქა წყალი შესვა, ცოტა სული მოითქვა და ორი სიტყვა ძლივს გამოცრა კბილებიდან:
- ვინ ხართ?
- დამწყები ფსიქოლოგი გახლავართ, ბატონო გამომძიებელო - თანაგრძნობით, სევდიანი გამომეტყველებით უპასუხა გიორგიმ - სხვა მეტი არაფერი.
- რა ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრეთ ამისთანა, ასე რომ მოგამზადეს? მეც მასწავლეთ და იქნებ ვისწავლო? - ნაძალადევად გაიღიმა მუჯირმა.
- არა, ბატონო გამომძიებელო, ფსიქოლოგია აქ არაფერ შუაშია, ეს მე მჭირდება. მაპატიეთ და ამას ეხლა აქ ვერ აგიხსნით. ეს ძალიან პირადულია.
მუჯირი ჯერ კიდევ გაოგნებული იჯდა და არ იცოდა საუბარი როგორ გაეგრძელებინა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კი გადაწყვიტა დაკავებული თავის კამერაში დაებრუნებინა და დღეს ამით დაესრულებინა. ის იყო უნდა ეთქვა კიდეც ამის შესახებ, რომ გიორგიმ დაასწრო:
- კარგი, ბატონო ილია, თანახმა ვარ.
- რაზე ხართ თანახმა? - გაიკვირვა მუჯირმა.
- თანახმა ვარ, რომ დღეს ამით დავასრულოთ და სხვა დროს გავაგრძელოთ. თქვენც დაიღალეთ და სიმართლე გითხრათ, მეც აღარ მსურს მეტი თქვენი გაოცება. დღეისთვის საკმარისია.
- ისე, მე უნდა ვწყვეტდე, როდის დავამთავრო და როდის გავაგრძელო - ნაძალადევად გაბრაზებული სახე მიიღო ოდნაც ღირსებაშელახულმა მუჯირმა - მაგრამ...იყოს ასე. დღეს დავამთავროთ.
თქვა და მორიგე პოლიციელი გამოიძახა, რათა დაკავებული კამერაში დაებრუნებინა.
- ბატონო ილია, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან - მიმართა გიორგიმ მუჯირს.
ილიამ უხმოდ დაუქნია თავი.
- თქვენ მალე ქალბატონი ნინოს ჩემთან შეხვედრას გთხოვენ. იმ ჟურნალისტის, თქვენ რომ ჩემს დაკავებამდე საუბარი აცალეთ. ნინო მეტრეველს ვგულისხმობ. გთხოვთ, თქვენი პრინციპულობის გამო ნუ ეტყვით უარს! ის 28 დღე, რაც აქ უნდა გავატრო, ცოტა ძნელი იქნება ჩემთვის და ეს მაინც დაუშვით, რათა ოდნავ მაინც შემიმსუბუქდეს აქ ყოფნის პერიოდი. თქვენ მალე დარწმუნდებით, რომ მე სრულიად უდანაშაულო ვარ და გამიშვებთ აქედან. მე კი მადლიერი დაგრჩებით და შეძლებისდაგვარად, ყველა კითხვაზე მაქსიმალური გულწრფელობით გიპასუხებთ. მეტსაც გეტყვით, ჩემი დახმარებით თქვენ ყველა გაუხსნელ საქმესაც გახნით და თქვენი ისედაც მაღალი ავტორიტეტი ძალიან გაიზრდება - ისევ გაუღიმა ილიამ მუჯირს და მშვიდად დაუკრა თავი.
უკვე მერამდენედ გაოცებულმა მუჯირმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ მორიგე პოლიციელს ანიშნა, გაიყვანეო და გიორგიც დროებითი დაკავების საკანში დააბრუნეს.
***
საკანში გიორგისთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი იჯდა. როდესაც გიორგი იზოლატორში პირველად შევიდა, მისი აბუჩად აგდება მოინდომეს, მაგრამ გიორგიმ აბეზარა „ხუმარები“ იოლად მოიშორა თავიდან. როდესაც მის შესაშინებლად კოვზების გალესილი ტარების ტრიალი დაიწყეს, ვითომც დანებად ვიხმართო, გიორგიმ მშვიდად მიმართა:
- ტყუილად ატრიალებ მაგას, არ ხარ შენ დანის დამრტყმელი. აქ კორუფციის ბრალდებით ზიხარ და სინამდვილეში ხელს აფარებ დამნაშავე უფროსს, ვინც დანაშაულის საკუთარ თავზე აღებისათვის დიდ თანხას შეგპირდა. დამიჯერე, გადაგაგდებს და დარჩები ტყუილად დასჯილი, არ გადაგიხდის არაფერს. ის ფული კი, შვილის სამკურნალოდ რომ ელოდები, არ მოგივა და რომც მოგსვლოდა, არ შეგერგებოდა.
მერე მეორეს მიმართა:
- შენ ძმაო, მადლობა თქვი, რომ ის გაუპატიურებელი გოგო არ გიჩივის, თორემ რა სტატიითაც წახვიდოდი „სროკზე“, კი იცი. თუ გინდა სხვა „საგმირო“ საქმეებსაც მოგიყვები.
- გაოგნებულმა პატიმრებმა ჯერ „დანები“ დაუშვეს, შემდეგ კი კუთხის ლოგინზე მჯომ მამაკაცს გადახედეს.
იმან გიორგის თითი დაუქნია და თავისთან მიიხმო:
სანამ გიორგი მასთან მივიდოდა, მეორე პატიმარი მიეჭრა:
- ასიანი შემოგზავნილია, „მაკარიჩ“, „ნასედკა“ შემოგვიგზავნეს ბოზებმა.
- „დასპაკოინდი“ - თვალები დაუბრიალა „მაკარიჩამ“ პატიმარს.
გიორგი კამერის მაყურებელს მიუახლოვდა.
- აქა მშვიდობა!
- გაგიმარჯოს. მოდი ძმაო, ჩამოჯექი ერთი აქ და გვითხარი, ვინ ხარ და რაზე ზიხარ? - ზრდილობიანად მიიპატიჟა „მაკარიჩამ“ ახლადშემოსული პატიმარი.
- გიორგი ვარ, ყიფიანი. უდანაშაულო ვარ და მალე გავალ აქედან.
- კამერაში აქა იქ სიცილ-ხარხარის ხმა გაისმა.
- რა გაცინებთ? - გაიკვირვა გიორგიმ.
- აქ, ძმაო, სუყველა უდანაშაულონი ვართ, აბა კითხე ვისაც გინდა.
- უდანაშაულო აქ მხოლოდ მე ვარ - უპასუხა გიორგიმ - აი ის ჯეელი კი, კოვზს რომ მიტრიალებდა წინ, ნაწილობრივაა დამნაშავე. დანარჩენებს კი ყველას გაქვს ჩადენილი დანაშაული. მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, ღმერთმა ყველას მოგცეთ სიკეთე და გამძლეობა. მე აქ თქვენი „ხუმრობები“ არ მჭირდება ძმაო, მშვიდად მინდა ვიჯდე ეს 4 კვირა და გავიდე აქედან.
- შენ რა იცი, ვინაა დამნაშავე და ვინ არა? აბა, მაგალითად, ეს რაზე ზის იცი? - და გვერდზე მჯდომ პატიმარზე მიუთითა.
- ამან ცოლს საყვარელთან შეუსწრო და ორივე ზედ დაააკლა.
- ამას რას ედავებიან? - მიუთითა „მაკარიჩამ“ მეორეზე.
- ამან სამი ბანკი გაძარცვა, მაგრამ ბოლოს“პადდელნიკმა“ ჩაუშვა და დაიჭირეს.
- ე, მართალი უთქვამ ამ ჩემისას - გაუღიმა „მაკარიჩამ“ პატიმარს და მხარზე დაჰკრა ხელი.
- იმაზე რას ამბობდი, სხვისი დანაშაული აიღოო? - ანიშნა პირველ პატიმარზე „მაკარიჩამ“, რას ეუბნებოდი, გადაგაგდებსო? მოგვიყევი ერთი აბა, რაშია საქმე.
- ეს კაცი ღვინის ქარხანაში მუშაობდა მთავარ ტექნოლოგად. დირექტორის დავალებით, ფალსიფიცირებულ ღვინოს აკეთებდა და მაღაზიებში უშვებდა. კარგ ღვინოს და „ლევად“ ყიდდა მაღალ ფასში და შემოსავალს მალავდა. ეს საქმე რომ გასკდა - „ჩერეზ“ ბუღალტერი, რომ იცოდე, გადახედა გიორგიმ გაკვირვებისგან პირდაღებულ პატიმარს - დირექტორი დიდ ფულს შეპირდა, ოღონდ შენ თავზე აიღე დანაშაულიო. ამის ბავშვს პოლიომელიტი სჭირს და თუ დროზე საზღვარგარეთ არ წაიყვანა, ბავშვი შეიძლება დაინვალიდდეს. ამას კი დიდი ფული სჭირდება. ხოდა, ესეც დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას დათანხმდა. დირექტორი ამას 150 ათას ამერიკულ დოლარს შეჰპირდა. ჯერ მხოლოდ 20 ათასი მისცა და 130 ათასი სასამართლოს შემდეგ უნდა მისცეს. მაგრამ გადააგდებს და არ მისცემს.
- შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? ვინ ხარ „ვაფშე“ - გადაირია ხსენებული პატიმარი.
- ამას არა აქვს მნიშვნელობა, ჩემო ძმაო. ნუ გეშინია, „ნასედკა“ არ ვარ. „ნასედკა“ კი არა, ტერორისტობას მაბრალებენ და იმიტომ ვარ აქ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების იზოლატორში.
- მე სერჟიკა მქვია, ძმაო, „მაკარიჩას“ მეძახიან - ხელი გაუწოდა კამერის მაყურებელმა გიორგის.
მანაც ხელი ჩამოართვა და მითითებულ საწოლზე მოთავსთდა.
გიორგი საწოლზე ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ მასთან ის პირველი პატიმარი მივიდა:
- გიორგი ხო, ძმაო - მე გენადი მქვია - ხელი ჩამოართვა პატიმარმა - არ გეწყინოს რა, მიღებულია „შუტკები“ აქ და მეც გაგეხუმრე რა.
- კი, გიორგი მქვია. მესმის და არ მწყენია. ისიც ვიცი, რომ კამერის მაყურებელმა დაგავალა და შენც ხათრი ვერ გაუტეხე. აქ ყველა სხვანაირად იქცევა და თავის წარმოჩენა სურს.
- ხო, ალბათ. შენ თქვი რომ გადამაგდებს ჩემი დირექტორი და ფულს არ მომცემს? ეს მართალია?
- კი, გადაგაგდებს.
- აბა, რა ვქნა, რას მირჩევ?
- სიმართლე თქვი და ნუ იღებ სხვის დანაშაულს საკუთარ თავზე. ეს არაფერს მოგიტანს და პირიქით, შენს ოჯახს დააზარალებს, ძმაო.
სხვისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება კეთილშობილებაა მხოლოდ მაშინ, თუ ამას სიყვარულით და თანაგრძნობით აკეთებ და არა ანგარების, შიშის ან მუქარის გამო.
როცა შენ აქედან გამოხვალ, შენი გოგო უკვე ჯანმრთელი იქნება. მე გაძლევ სიტყვას.
- მე არ ვიცი, შენ ვინ ხარ. პირველად გნახე და შენ სიტყვას როგორ ვენდო?
- მესმის, გენადი, ძმაო, ძნელია ასე უცებ დაუჯერო ვიღაცას, რომელიც საკანში შემოდის და ყველაზე ყველაფერი იცის. დამიჯერე, არავისთან არ ვარ შეკრული.
- აბა, საიდან იცი ეს ყველაფერი?
- რომ გითხრა ექსტრასენსი ვარ მეთქი, დამიჯერებ?
- აუუ, რაის ექტრასენსი, თუ ძმა ხარ.
- მომისმინე, ეგერ იმ საწოლზე მანუჩარა რომ წევს, ხომ ხედავ?
- ხო, მერე?
ეხლა ის ადგება, ორ „კრუშკა“ წყალს დალევს და დადგმას რომ დააპირებს, დაუვარდება. ერთს ლაზათიანად შეიგინება „კრუშკას“ მაგიდზაე დადგამს და ისევ დაწვება...და ეს ზუსტად სამ წუთში მოხდება. თუ გინდა დრო დაინიშნე. ხო, საათი არ გაქვს ვიცი, უბრალოდ 212 - მდე დათვალე, როცა გეტყვი.
- რატომ 212-მდე, სამ წუთში ხომ 180 წამია?
- იმიტომ რომ შენ წამი წამში ვერ დათვლი და ცდომილებას მიიღებ. ერთი, ორი და სამი, დაიწყე.
გენადიმ თვლა დაიწყო. 212-ზე რომ ავიდა, მანუჩარი ლოგინიდან წამოდგა და ზუსტად ის მოიმოქმედა, რაც გიორგიმ უთხრა. გენადიმ გაოგნებისგან აღარ იცოდა, რა ექნა.
- ეხლა გჯერა? - მიმართა გაღიმებულმა გიორგიმ განცვიფრებისგან ჯერ კიდევ გამოურკვეველ პატიმარს.
- კი, მჯერა, ძმაო, შენ ვინ ყოფილხარ.
- ხოდა დამიჯერე, რასაც გეუბნები. ცუდს არ გირჩევ.
- განცვიფრებული გენადი თავისი ლოგინისკენ წალასლასდა. ცოტა ხნის შემდეგ კი „მაკარიჩასთან“ მივიდა და ყველაფერი მოუყვა.
ასე დაიწყო გიორგის ცხოვრება დაკავების იზოლატორში. ის მალე დაუმეგობრდა ყველა პატიმარს და არაერთი „სიურპრიზი“ შესთავაზა. ზოგი რა რჩევას ეკითხებოდა და ზოგი რას. ისიც უშურველად ეხმარებოდა ყველას და არიგებდა, როგორ მოქცეულიყო ამა თუ იმ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ყველას თავისი მომავალი ბედი აინტერესებდა და გიორგიმაც ჩამოურიგა „სროკები“, ვის რას მიუსჯიდნენ და რატომ.
„მაკარიჩამ“ გიორგი იმ დღესვე გვერდით საწოლზე განათავსა და ვინც იქ იყო, სხვაგან გადაიყვანა. ისეთი პატივით ეპყრობოდა, როგორც ძვირფას სტუმარს. მეტსახელიც კი მოუგონა - „ ექტრასენსა“.
„მაკარიჩა“ კამერის შუაგულში დადგა და ხმამაღლა გამოაცხადა:
- ეს კაცი, ჩემი ძმაა და ვინც აწყენინებს, ჩემთან ექნება საქმე - მიუთითა გიორგიზე. მისი „კლიჩკაა“ „ექსტარსენსა“. ყველამ გაიგო?
- პატიმრებმა თავები დაუქნიეს.
- ხოდა ესე - დაუბრუნდა თავის საწოლს „მაკარიჩა“.
ამის შემდეგ თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა, ყველა „ექტრასენსასთან“ მიდიოდა, ოღონდ ჯერ „მაკარიჩასგან“ უნდა აეღო ნებართვა, შეიძლებოდა თუ არა „ექტრასენსას“ შეწუხება.
***
როდესაც ნინო თავისიანებთან მივიდა და თვალდალურჯებული ძმა დაინახა, დედას ორაზროვნად შეხედა და თავი ანდროსკენ გააქნია.
- იჩხუბა ვაჟბატონმა. სკოლაში დამიბარეს და საყვედური მომარტყეს. ბიჭების ჯგუფში ერკემალივით შევარდა და ყველას ჩხუბი აუტეხა. აგერ, დაალილავეს კიდეც. რა უნდოდა და რას მამლაყინწობდა, არ ვიცი. მე არაფერს მეუბნება, არც მამაშენს. იქნებ შენ გითხრას რამე? - შესჩივლა დედამ ქალიშვილს.
ნინომ ანდრო მეორე ოთახში გაიხმო და თავისდაუნებურად, მერე თავადაც რომ უკვირდა, ძმას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- ანდრო, ვიცი რომ გოგოს გამოესარჩლე და ამიტომ ატეხე ჩხუბი. მეტყვი, რა მოხდა სინამდვილეში?
ანდროს გაკვირვებისგან ტუჩები მოეღრიცა:
- ვინ ჩამიშვა?
- არავის არ ჩაუშვიხარ, მართლა, უბრალოდ გავიგე. ამას ეხლა ვერ აგიხსნი. მე ხომ შენი „ძმაკაცი“ ვარ, მითხარი რა მოხდა?
ანდრო 16 წლის მოზარდი გახლდათ. დიდი ხანია, ერთი გოგო უყვარდა. სკოლის წინ მეგობართან ერთად იდგა, მოშორებით კი უფროსკლასელები ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ.
როდესაც ირინამ, მისმა შეყვარებულმა, ჩაიარა, ერთ-ერთმა მოზარდმა იუხამსა გოგონაზე და მისი ლოგინში ჩაგორება ინატრა.
- ხო, მაგარი ნაშაა, მეც სიამოვნებით გავჟიმავდი - დაუდასტურა მეორემაც და მთელმა ჯგუფმა იქედნურად გადაიხითხითა.
ანდრომ ეს ყველაფერი გაიგო და რა გასაკვირია, რომ ვერ მოითმინა შეყვარებულის ასე მოხსენიება. მერე კი მუშტებით შევარდა მოზარდების ჯგუფში და დაუშინა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. რა თქმა უნდა, თვითონაც მოხვდა, მაგრამ მალევე გააშველეს და იმ დროს გავლილმა ერთ-ერთმა პედაგოგმა მთელი ეს ჯგუფი დირექტორის კაბინეტში წაიყვანა. თავის დასაც სიტყვა-სიტყვით მოუყვა, როგორც იყო. ნინოს და ანდროს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან და თითქმის ყოველ სიტყვაზე უგებდნენ ურთიერთს. ამიტომაც ერთმანეთს ძმაკაცებს ეძახდნენ.
- აბა, როგორ ხარ ძმაკაც, ხომ არავინ გიჩმახებს? ხომ იცი თავს მოვაჭამ? -მოიკითხავდა ხოლმე ნინო ძმას და თვალს უკრავდა.
- არა, ძმა, შენი შიშით ვინ რას გამიბედავს? - ღიმილითვე პასუხობდა ანდრო. ის ჯერ კიდევ პატარა იყო და ვერ ხვდებოდა, რომ ეს ნინოს დიდი ტაქტის და სიყვარულის შედეგი უფრო იყო, ვიდრე ერთნაირჭკუობის, როგორც ანდროს ეგონა და ტრაბახობდა კიდეც ამით. თუმცა, ნინო მართლა მოაჭამდა თავს ნებისმიერს, ვინც ანდროს აწყენინებდა, ისე ძლიერ უყვარდა ერთადერთი ძმა.
ანდროს მოყოლილმა ისტორიამ ჩააფიქრა და თავისი მწარე გამოცდილება გაახსენა. ისიც გაახსენდა, გიორგიმ რომ უთხრა, ვიცი რატომაც არ იკარებ არავისო და თავსგადახდენილ შემთხვევაზე მიუთითა. მართლაც, მე-12 კლასში გახლდათ მაშინ. მალე სკოლას ამთავრებდა. პარალელურ კლასელს უზომოდ უყვარდა და სიყვარულს ეფიცებოდა. ნინო გულგრილი არ იყო მის მიმართ, მაგრამ სულაც არ უნდოდა მალევე გადაეშალა გული და მკლავებში ჩავარდნოდა. ამის უფლებას სიამაყის და ღირსების გრძნობა არ აძლევდა. სიყვარულით ვინ აღარ ეფიცებოდა და ვინ არ ჰპირდებოდა ოქროს კოშკებს, მაგრამ ნინო ყველას მიმართ გულგრილი გახლდათ...და აი, მხოლოდ ნიკომ, მისმა პარალელურმა კლასელმა, თითქოს მოინადირა მისი გული. ნინო ბედნიერი იყო. გრძნობდა, როგორ ეწვია პირველი სიყვარული. წარმოსახვაში ოცნებობდა, ბევრი წვალების შემდეგ, როგორ შეიბრალებდა შეყვარებულ ჭაბუკს და გამოუტყდებოდა სიყვარულში. მანამდე კი ბიჭი წერილს წერილზე სწერდა, ყვავილებს და შოკოლადის ფილებს უგზავნიდა. თანაც სწორედ იმათ, თვითონ რომ ასე უყვარდა - სნიკერსს და ბაუნტის. ხან კი მის საყვარელ შოკოლადმოსხმულ ვანილის ნაყინს მიართმევდა ხოლმე. ნინო, რა თქმა უნდა, თავიდან უკადრისობდა, მაგრამ როცა შეატყო თავს, რომ გულგრილი სულაც არ იყო ბიჭის მიმართ, დაიწყო საჩუქრების მიღება. მერე სახლში გაცილების უფლებაც მისცა. ბიჭი უხმოდ მიყვებოდა და მთელი გზა გაჩუმებული იყო ხოლმე, ხმას ვერ იღებდა. პაემანზე არც დასცდენიათ არცერთს სიტყვა. ნიკოს ეშინოდა და ნინო კი პირველი, ამის შესახებ, ცოცხალი თავით არც იტყოდა. უფრო პირიქით, ათასჯერ გაუვლია გულში, რომ შემომთავაზოს, არ დავთანმხდები, სანამ სკოლას არ დავამთავრებთო. ისედაც ჭორაობდენ უკვე და ეხლა კიდევ მეტი საბაბი მივცე ყბედებსო?
ასე მიდიოდა პირველი სიყვარულის ბედნიერი დღეები, როდესაც, ერთ დღეს, ყველაფერი მოულოდნელად დამთავრდა.
ნინო ძალიან ლამაზი გოგო გახლდათ და ბევრს უყვარდა. უყვარდა ერთ-ერთ ავარდნილ ბიჭსაც, რომელსაც სკოლაში გავარდნილი ჰქონდა სახელი და მისი შიშით ბევრი კრთოდა, ბევრი კი ემლიქვნელებოდა და ვითომ ეძმაკაცებოდა. პრესტიჟულად ითვლებოდა მისი ძმაკაცობა. მის გარშემო ყოველთვის ბიჭების ჯგუფი იყო შემოკრებილი. ისიც ბლატაობდა და ქვეყანა თავისი ეგონა.
ხოდა, შეუყვარდა ამ ვაჟბატონს ნინო და გადაწყვიტა თავისი გაეხადა, როგორც რაიმე ნივთი. მიჩვეული იყო ძალადობით ფონს გასვლას და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას. სკოლის გარეთაც საეჭვო ძმაკაცები ყავდა და არაერთხელ მოხვედრილა პოლიციის განყოფილებაშიც, მაგრამ ვიღაცის გავლენებით ყოველთვის გამოძვრებოდა ხოლმე. სკოლაშიც ერიდებოდნენ მასთან სიტუაციის გამწვავებას როგორც პედაგოგები, ისე დირექციაც. აგერ, ამთავრებდა უკვე მალე, მიაშავებდნენ ერთ ატესტატს და ყველა დაისვენებდა მისგან.
შარიანი და ჩხუბისთავი გახლდათ. ვისაც ამოიღებდა თვალში, არ გაახარებდა. ტურების ჯგუფი კი ყავდა ირგვლივ და დიდი „უშიშარ“ ვინმედ მოჰქონდა თავი. მოკლედ, ებლატავებოდა და ბლატაობდა, სანამ შეეძლო.
სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ბევრი გვხვდება ცხოვრებაში. როგორც წესი, ბოლოს ცუდად ამთავრებენ ხოლმე. კოკას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მოაქვს წყალი. ხანდახან ცეცხლი მოაქვს, თუკი არ დაშოშმინდა და ჭკუაში არ ჩავარდა მავანი. საბედნიეროდ, ასეც ხდება ხოლმე.
იმ დღეს, ეს ჩვენი „ბლატნოი“ ბიჭი ნინოს ჩუმად მიეპარა, თავის მკლავებში, როგორც მარწუხებში, ისე მოაქცია და ტუჩებში აკოცა.
ნინომ, ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა თავი დაიძვრინა და მოძალადეს ერთი კარგი ალიყურიც უთავაზა. შემდეგ კი მოშორებით მდგარი ნიკო დაინახა, რომელსაც თვალები დაბლა დაეხარა და ვითომც არაფერი დაენახა, უხმოდ გააგრძელა გზა.
ნინომ ფერი დაკარგა, მუხლები მოეკეცა. თავი მარტოდ, განადგურებულად იგრძნო. არა მარტო ნიკოსი, იმ სხვა ბიჭებისაც, რომლებიც სიყვარულს ეფიცებოდნენ, სილაჩრემ გააოცა და გააოგნა. ზოგი ხომ ტურების ჯგუფშიც ამოიცნო. ვერ აგიწერთ, როგორ სტკიოდა გული. ამან უფრო დაანგრია, ვიდრე ნაძირალა მოძალადის კოცნამ.
გაახსენდა ნინოს ეს ყველაფერი და ძმის გამო სიამაყის და სიხარულის ცრემლი გადმოუგორდა. არიან ქვეყნად ვაჟკაცი ბიჭები და სანდროც ასეთი იზრდებაო - გაიფიქრა გულში და ცრემლი ჩუმად შეიმშრალა.
სწორედ იმ შემთხვევის მერე იყო, ნინომ რომ ჯიუ-ჯიცუზე ისეთი გულმოდგინებით დაიწყო ვარჯიში, თითქოს სულ მალე ქვეყნის ჩემპიონატზე უნდა გასულიყო. მე თავად დავიცავ თავსო - ფიქრობდა და მთელი მონდომებით ვარჯიშობდა. ორ წელიწადში კი ისეთი ჩხუბი ისწავლა, 4-5 ჯანიან მამაკაცს უპრობლემოდ გაუმკლავდებოდა. მართალია, ამ სპორტს აღარ გაჰყვა და პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია, მაგრამ თავისუფალ დროს დარბაზში დადიოდა და ვარჯიშობდა. იქ ჰყავდა ნადვილი მეგობრები და რაც მთავარია - ძვირფასი დამრიგებელი, რომელიც ჩხუბს თავდაცვის მიზნით გამოყენებას ასწავლიდა და არა ვინმეს დაჩაგვრის სურვილის გამო. ბატონი ბონდო, რომელსაც არაჩვეულებრივი ინტელექტსი გამო „პროფესორს“ეძახდნენ, მისი სულიერი მასწავლებელი და ყველაზე კარგი მრჩეველიც გახლდათ.
„ვაჟკაცობა ის კი არ არის, როდესაც შენზე სუსტს დაჩაგრავ, არამედ როცა შენზე ძლიერს გაუმკლავდები კეთილი მიზნების გამო“ - ასწავლიდა თავის მოწაფეებს „პროფესორი“.
გოგონებს კი ხშირად ეუბნებოდა:
- დაიმახსოვრეთ, ხმლის ქნევა და ცხენის მარჯვედ ჯირითი ვაჟკაცობა როდია?! ზოგჯერ სუსტი და ნაზი არსება ბევრად უფრო ვაჟკაცია, ვიდრე დევივით ჩამოსხმული კუნთმაგარი გოლიათი.
რაღაც ხნის მერე, გადაეყარა კიდეც მოძალადე და რომ ეგონა ისევ ჩავიგდებ ხელშიო, ისე დალეწა და დაალილავა, რომ ნინოსკენ გამოხედვაც კი აღარასოდეს უფიქრია.
მას მერე რამდენიმე წელმა გაიარა და ნინოს სხვაც ბევრი გაულახია ზედმეტად შემაწუხებელი და მომაბეზრებელი.
სახლში რომ დაბრუნდა, ნინო კარგა ხანს იყო გაოგნებული. გამუდმებით გიორგის სიტყვებზე ფიქრობდა და არ იცოდა, როგორ აეხსნა ყოველივე. ამ ადამიანმა რამდენიმე წუთში ისეა გააოცა, როგორც არავის გაუოცებია ცხოვრებაში. უნდოდა ლოგიკურად აეხსნა გიორგის სიტყვები და ეძებდა კიდეც ყველანაირ ახსნას, შესაძლოს და ფანტასტიკურსაც კი, მაგრამ ვერანაირი გამოსავალი რომ ვერ იპოვა, დაანება ამაზე ფიქრს თავი და ტელეფონი აიღო. კლასელს, რომლის მამაც ქალაქის პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთ მაღალ თამამდებობაზე მუშაობდა, დაურეკა და სთხოვა, მამისთვის გიორგისთან შეხვედრის უფლება მიეცათ. შოთამ ნინოს ყურადღებით მოუსმინა და შეჰპირდა, რომ მამას დაელაპარაკებოდა. ნინომ ტელეფონოი დადო და უკვე შეხვედრაზე დაიწყო ფიქრი.
- უნდა ამიხნსას ყველაფერი, სხვა გზას უბრალოდ არ მივცემ და არ მოვეშვებიო - გაიფიქრა და დაღლილი საწოლზე ტანსაცმლიანად დაეშვა.
ცოტა სხვა გრძნობაც რომ უღიტინებდა და უფორიაქებდა სულს, ამის აღირება ჯერ არაფრისდიდებით არ უნდოდა და ყველანაირად ბლოკავბდა ამის შესახებ გაფიქრებასაც კი.
***
ილია მუჯირი ყიფიანის მეორედ დაკითხვას არ ჩქარობდა. ჯერ კარგად უნდა გაეანალიზებინა, საიდან შეიძლებოდა დაკავებულს ამდენი ინფორმაცია მიეღო როგორც მასზე, ისე მისი საქმიანობის შესახებ. კარგად უნდა გადაეხარშა ყველაფერი, სათანადოდ მომზადებულიყო და ისე წარემართა დაკითხვა და არა ისე, როგორც პირველ შეხვედრაზე დაემართა, ბრინჯივით რომ დაიბნა და პატარა ბავშვივით რომ გააბითურეს. თუმცა, ბევრი ფიქრის შემდეგაც კი ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანა და ჩიხში შევიდა. არათუ დასკვნები, ერთი ვერსიაც კი ვერ მოიფიქრა, საიდან შეიძლებოდა დაკავებულს ამდენი ინფორმაცია მიეღო.
როდესაც გიორგი მეორედ აიყვანეს მუჯირთან დაკითხვაზე, გამომძიებელმა ის უფრო კეთილგანწყობით მიიღო. გაუღიმა კიდეც და დაბრძანება შესთავაზა.
- ბატონო გიორგი, ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დამრჩა. ვიმედოვნებ ყველაფერზე მივიღებ სათანადო ახსნა განმარტებას - დაიწყო მუჯირმა საუბარი - პირველ რიგში, მოდი გავარკვიოთ, საიდან გქონდათ ინფორმაცია თვითმფრინავის მოსალოდნელი აფეთქების შესახებ. დანარჩენზე შემდგომ ვისაუბროთ. თქვენ ხომ ამის გამო დაგაკავეს?!
- ბატონო ილია, გიორგი დამიძახეთ, გთხოვთ - ღიმილითვე უპასუხა ეჭვმიტანილმა.
- კეთილი, გიორგი, მაშ საიდან? - კვლავ გაუღიმა მუჯირმა.
- ბატონო ილია, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ეს ინფორმაცია მე ამფეთქებლისგან არ მიმიღია. არც ვინმე თანამონაწილისგან და არც რომელიმე ადამიანისგან საერთოდ.
- აბა საიდან იცოდით? - ოდნავ მოიღუშა გამომძიებელი.
- მაპატიეთ, მაგრამ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ შემიძლია - თავი დახარა გიორგიმ.
- თქვენ ხომ გესმით - გააგრძელა მუჯირმა - რომ სანამ სრულ ინფორმაციას არ მოგვაწოდებთ, აქედან ვერ გაგიშვებთ და ეს მარტო ჩემზეც არ არის დამოკიდებული, სულ რომ უდანაშაულო მეგონოთ.
- ძალიან კარგად მესმის, ჩემო ბატონო, მაგრამ არ შემიძლია და რაც გინდათ ის მიყავით. მე მხოლოდ ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, მაგრამ წყაროს ვერ დაგისახელებთ, ამის უფლება არ მაქვს.
- რატომ? – გაიკვირვა მუჯირმა
- ეს ძალიან პირადულია, იმდენად პირადული, რომ მზად ვარ თქვენს საკანში 28 დღე ვიჯდე, სანამ გამიშვებენ. წყაროს კი ვერანაირად ვერ გავცემ.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ ისიც იცით, რა დროს გახვალთ აქედან? - ნაძალადევი სიმშვიდით ჰკითხა მუჯირმა და თან თვალები აარიდა, რომ აღელვება დაეფარა.
- დიახ, ბატონო ილია, აგერ 72 საათი იწურება, რაც აქ ვარ და თქვენ ვალდებული ხართ, ბრალდება წამიყენოთ. მაგრამ ამავ დროს, იცით, რომ უდანაშაულო ვარ. თქვენ რომც მოინდომოთ, თქვენი უფროსები მე არ გამიშვებენ და მხოლოდ 28 დღის შემდეგ გახდებიან იძულებული, ეს გააკეთონ. ყველაფრის მიუხედავად, მე მზად ვარ ამისთვის და არც კი ვაპროტესტებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადვოკატიც კი არ მყავს, რომ თავი დავიცვა უსამართლო პატიმრობისგან.
- ბრალდებას, რა თქმა უნდა, წაგიყენებენ, უკანონოდ არავინ არ მოგექცევათ...და რატომ 28 დღის შემდეგ?
- იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ დამნაშავეებს დააკავებენ და გაირკვევა, რომ მე უდანაშაულო ვარ. მე შემიძლია თანამშრომლობა შემოგთავაზოთ და ამფეთქებლების ვინაობა და ადგილსამყოფელი გაცნობოთ.
- კი, მაგრამ, თუ ასეთი ინფორმაცია გაქვთ, რატომ 28 დღე?
- იმიტომ, რომ ტერორისტებმა დატოვეს საქართველო და თქვენ მის ასაყვანად ზუსტად ეს დრო დაგჭირდებათ.
თქვენ შეხვალთ ჩადრიშვილთან კაბინეტში და ჩემს გათავისუფლებას მოსთხოვთ(დეტალებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას), მაგრამ ის უარს გეტყვით და 28 დღე აქ მაყურყუტებს.
- არასდიდებით ამას არ გავაკეთებ, აი აქ კი ძალიან ცდებით - აღშფოთება ვერ დამალა მუჯირმა.
- გიორგიმ სევდიანმად გაიღიმა.
- თუ არ იტყვით, ასეთ ინფორმაციებს საიდან იღებთ, გაგვიჭირდება დაგიჯეროთ.
- ყველაფერი კარგად მესმის, ბატონო ილია. მოდი ასე გეტყვით, ძალიან მოკლედ. მაქვს ნიჭი, ადამიანის ცხოვრების განვლილი ან მომავალი ეპიზოდები დავინახო. ამას გნებავთ ნათელმხილველობა დაარქვით, გნებავთ ექსტრასენსობა. მე ასე გეტყოდით, პარაფსიქოლოგი ვარ.
- ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რასაც ამბობთ. არა მგონია ამით გაიმართლოთ თავი.
- ბატონო ილია, დღეს რომ ვაჟიშვილთან კამათი მოგივიდათ, მე არ ვყოფილვარ იქ, ხომ ასეა? მიუხედავად თქვენი მშვიდი ბუნებისა, ისე გაგაბრაზათ, ლამის ხელიც კი შემოჰკარით, მაგრამ ბოლო წამს თავი შეიკავეთ. „შვილია, ეს შობელძაღლი, როგორ დავარტყაო“, გაიფიქრეთ. ნუ ნერვიულობთ მასზე, ბატონო ჩემო. კარგი შვილი გაგეზრდებათ. ახლაგაზრდაა და უყვარს თანატოლებთან ერთად დროს ტარება და სახლში გვიან მოსვლა. ღამე კი იმიტომ ვერ მოვიდა, რომ ერთ ქალბატონთან დარჩა ღამის გასათევად. მიმიხვდით ალბათ. ეს მისი პირველი ქალი იყო ცხოვრებაში და ვერ დათმო ეს სიამოვნება, რომ მიეტოვებინა და ღამე სახლში მოსულიყო. სხვა ცუდი არაფერი გაუკეთებია და თუ ცოტა სასმელის სუნი ასდიოდა, ეს არაფერი დიდი დანაშაულია. მესმის, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ნაადრევია მისთვის ყველაფერი, მაგრამ ამის გულისთვის შვილის მომდურება და მითუმეტეს ხელის გარტყმა, არ ღირდა, ისედაც ჩაუშხამეთ წუხანდელი გატარებული ღამე. თქვენ კარგად იცით, რომ ეს პირველი შემთხვევა გალხდათ, როცა სახლში დილისკენ და თანაც ნასვამი მოვიდა. ჯობდა ტკბილად დალაპარაკებოდით, გაგერკვიათ, რატომ არ მოვიდა სახლში. მაშინ აღარ მოგივიდოდათ უთანხმოება და ყველაფერი მშვიდად დალაგდებოდა. თქვენ მეუღლესაც გულის წვეთები არ დასჭირდებოდა დასამშვიდებლად.
ილია მუჯირი პირდაღებული უსმენდა გიორგის და სიტყვები ყელში ჰქონდა გაჩხერილი. ხმას ვეღარ იღებდა და იჯდა ასე, გახევებული.
- ბატონო ილია, ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო და მე თქვენ გჭირდებით. თუმცა, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე მყოფიც სიამოვნებით დაგეხმარებით ბევრ რამეში.
- თქვენ უნდა დამეხმაროთ? მე? - გაეცინა მუჯირს - ადამიანი, რომელსაც ტერორიზმის სტატია ჰკიდია კისერზე და 15 წლიანი სასჯელი ემუქრება?
- ეგ უცებ გაქარწყლდება, ჩემო ბატონო - გაეცინა გიორგისაც - სხვა რომ არაფერი, უნდა დამიმტკიცოთ, ბოლოს და ბოლოს.
- კარგი - ნაძალადევად მშვიდი სახე მიიღო მუჯირმა - კიდევ ერთხელ გეკითხებით, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია თვითმფრინავის აფეთქების შესახებ. რა ვუთხრა უფროსს, ნათელმხილველია და გაუშვით მეთქი? მომეცით საფუძველი, რომ დაგიჯეროთ.
გიორგი დუმდა
- რადგან ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებთ, მაშინ დაგვისახელეთ იმ ტერორისტების სახელები და გვარები... და თუ იცით, მისამართებიც, ვინც თვითმფრინავის აფეთქების დაგეგმვაში მონაწილეობდა.
- ბატონო ილია, ამ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოგაწოდებთ, როდესაც ჟურნალისტ ნინო მეტრეველს შემახვედრებთ. აკი გთხოვათ კიდეც ბატონმა გენო დათუაშვილმა და თქვენც შეპირდით.
- როგორც ვატყობ, საკმაოდ გამოცდილი ინფორმატორები გყოლიათ. საკანშიც კი შემოაღწია ინფორმაციამ- უსიამოდ შეიშმუშნა გამომძიებელი - ქალბატონ ნინოს აუცილებლად შეგახვედრებთ. თქვენ კი, იმედია სიტყვას არ გასტეხთ და ტერორისტების ვინაობას და ადგილსამყოფელს დაგვისახელებთ. ალბათ შეამჩნევდით, რომ საკმაოდ ლოიალურად გექცევით და პატივისცემითაც კი გეპყრობით. მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა თქვენი ზღაპრების. მე პრაგმატიკოსი კაცი ვარ და ფანტაზიების არ მჯერა. ჩემი ავტობიოგრაფიის და მისამართის გაგება, არც ისე ძნელია. ეტყობა წინასწარ მოემზადეთ და გეგონათ, რომ ძალიან გამაოცებდით და ყველაფერს დაგიჯერებდით. ჩემი შვილის შესახებ საიდან შეიტყვეთ, არ ვიცი. ალბათ იცნობთ ან მეგობრობთ კიდეც და მან გითხრათ ეს ყოველივე. ეტყობა საკანში წერილი შემოგიგზავნათ. ამას გავარკვევ, რა თქმა უნდა. ჩემი ფიქრები კი უბრალოდ დაემთხვა და სხვა არაფერი. ძნელი არ არის წარმოიდინო გაბრაზებული მამის ფიქრები. ამდენი სიცრუის და ილუზიონისტური ხრიკების შემდეგ, მაინც თავაზიანად გეპყრობით. დამერწმუნეთ, სხვა გამომძიებელი საშინელ დღეში ჩაგაგდებდათ, სანამ მთელ ინფორმაციას არ დაფქვავდით.
- რა თქმა უნდა ბატონო ილია, რა თქმა უნდა - თანხმობის ნიშნად თავი მოწიწებით დაუკრა გიორგიმ - მე ამას ვგრძნობ და დიდად ვაფასებ. ამიტომაც ვარ თქვენთან ასეთი გულწრფელი. ბოლოს და ბოლოს ადამიანის კეთილშობილების შეფასება ზრდილობიდან იწყება. დამერწმუნეთ, ის „სხვა გამომძიებელი“ ჩემგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებდა, სულ რომ დავესისხლიანებინე თქვენს სარდაფებში, როგორც ამას ხშირად აკეთებენ ხოლმე. თანაც, თქვენ ხომ სასწავლებლიდან ჩემს შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეთ და უკვე იცით, რომ მე კრიმინალი არ გახლავართ. ეს დაგიდასტურეს ჩემმა მეზობლებმაც და ყველამ, ვინც კი გამოკითხეთ - გაუღიმა ყიფიანმა გამომძიებელს - რაც შეეხება სიცრუეს და ილუზიონისტურ ხრიკებს, ამაზე ეხლა არ გიპასუხებთ, ბატონო ილია. სულ მალე თავად შეგრცხვებათ თქვენი სიტყვების.
- დიახ, გამოვიკითხე და ყველა ისე გახასიათებთ, როგორც სამაგალითო ქრისტიანს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ეს ჯერ ვერ დავინახე.
- რაც შეეხება ქრისტიანობას, სიამოვნებით გაგესაუბრებით ამ ძვირფასი თემის შესახებ, რა თქმა უნდა. თქვენი სულიერი მოძღვარი მამა ისიდორე არაჩვეულებრივი ადამიანია და მისგან კარგის მეტს ვერაფერს ისწავლიდით. როგორც კარგმა ქრისტიანმა, ალბათ ისიც იცით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი უფლის ნებას და სურვილს ემორჩილება.
- ამით რისი თქმა გინდათ?
- მხოლოდ იმის, რომ ჩვენი შეხვედრა შემთხვევით არ მომხდარა და ეს მხოლოდ უფლის ნებით განხორციელდა. ჩვენ ძალიან დიდხანს ვითანამშრომლებთ და კარგი მეგობრებიც გავხდებით - გაუღიმა გიორგიმ აშკარად დაბნეულ გამომძიებელს.
მუჯირმა ცივი ოფლი შეიმშრალა და ბადრაგს დაკავებულის საკანში დაბრუნება უბრძანა.
მან მართლაც გამოკითხა ყველა, ვინც გიორგის იცნობდა, რათა უკეთ გაეგო მისი პიროვნება. უნივერსიტეტიდანაც, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა და სკოლიდანაც, სადაც გიორგი სწავლობდა, გამოითხოვა ინფორმაცია მის შესახებ და მასწავლებლიდან დაწყებული დირექტორამდე დამთავრებული, ყველა გამოჰკითხა. პატარა ხინჯიც კი არ არსებობდა გიორგი ყიფიანის ბიოგრაფიაში. მის პიროვნებას ყველა დადებითად ახასიათებდა - უაღრესად კეთილშობილ ადამიანად და უერთგულეს და მოსიყვარულე მეგობრად; ამასთან, ძალიან მორწმუნე და ეკლესიურ მართლმადიდებელ ქრისტიანად. უკვირდა კიდეც, დაკავებულს ერთხელაც არ უხსენებია ღმერთი. ამასთან, მუჯირი თავადაც მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ, აღმსარებელი და მაზიარებელი.
სიმართლე უნდა ითქვას, მუჯირს გულში სხვა ინტერესიც ჰქონდა, მაგრამ ამას ჯერ საკუთარ თავსაც კი ვერ უმხელდა. ამ ადამიანმა პირველივე დაკითხვის შემდეგ საგონებელში ჩააგდო და ძალიან ძლიერი სურვილი აღუძრა, მის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაეგო. თუმცა, რა ინტერესი იყო ეს, ასე გადამეტებული, ეს ჯერ თავადაც არ იცოდა ხეირიანად. გულის და უფრო საკუთარი მახვილი გონების ინსტიქტებს მიყვებოდა და უნდოდა, მასაც რაიმე კოზირები სჭეროდა ხელში და გაეკვირვებინა ყიფიანი მისი ბიოგრაფიის ცოდნით. მშობლებიც წესიერი და განათლებული ადამიანები იყვნენ. მამა, ივანე ყიფიანი თავის დროზე ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა ფილოსოფიაში, დოქტორი, პროფესორი გახლდათ. დედა, ქეთინო - ბავშვთა ექიმი - თერაპევტი.
რა თქმა უნდა, მეგობრებიც გამოკითხა, მეზობლებიც და უბრალო ნაცნობებიც კი, მაგრამ არა თუ მტერი, არამედ ერთი უბრალოდ ანტიპათიით განწყობილი ადამიანიც კი ვერ იპოვა. აქებდნენ და ადიდებდნენ და ეს უფრო უძლიერებდა სურვილს, გაეგო, ვინ იყო ასეთი, ყველა რომ აღმერთებდა.
ამას ისიც ამძაფრებდა, რომ გიორგის, თურმე, არცერთი მშობელი ცოცხალი აღარ ყავდა და მუჯირს, როგორც კარგ ადამიანს და ჭეშმარიტ ქრისტიანს, გულწრფელად ებრალებოდა იგი.
ბოლოს, იძულებული გახდა ჩადრიშვილის ახირებულ მოთხოვნას დამორჩილებოდა და გიორგისთვის კამერაში თავისი კაცი შეეშვა, ე.წ. „ნასედკა“, თუმცა გრძნობდა, რომ ეს უაზრობა გახლდათ.
***
მესამე დღეს გიორგიმ კამერის მაყურებელი კუთხეში სალაპარაკოდ დაისვა:
- „მაკარიჩ“, ძმაო, ხვალ კამერაში ახალი პატიმარი შემოვა. მას ჩემთან შემოაგზავნიან, რომ რაიმე ინფორმაცია დამტყუოს.
- „ნასედკა“?
- ხო.
- მე მაგის დედას...
- არა, მომისმინე. სწორედ ეგ უნდა გთხოვო, არავინ ხელი არ დააკაროს. იმას თავისი გაჭირვება ეყოფა. შემპირდი, რომ არაფერს ავნებთ.
„მაკარიჩა“ ცოტა ხანს დაფიქრდა;
- შენ მე გადამრევ, „ექტრასენს“, რა, „ნასედკას“ გიგზავნიან, იცი და არაფერი დაუშავოო მეუბნები. რათა, ტოო?
- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის მე ვერაფერს დამიშავებს. სწორედ იმიტომ, რომ წინასწარ ვიცი და თან არაფერი მაქვს ისეთი ჩადენილი, რომ მეშინოდეს, ვინმემ არაფერი დამაცდენინოს. ეს ჩადრიშვილი რომაა ხომ იცი? - უფროსი, იმის „გაჩალიჩებულია“, თორემ მუჯირი კაი კაცია და იცის, რომ ეს უნაყოფოა და არაფერს მოიტანს. მე რომ აქედან გავალ, მაგ კანტორაში ცვლილებები მოხდება და ჩადრიშვილს საერთოდ დაიჭერენ და დიდი ხნით ჩასვამენ ციხეში.
- ვააა, მართლა, ტოო?
- კი, მართლა. ხოდა მეორეც, მაგ ჩადრიშვილს ანკესზე ყავს ეს საცოდავი და აშანტაჟებს, არ იცი რატომ „ნასედკობენ“? ყველას ფულს კი არ უხდიან. ზოგს აშანტაჟებენ. ხოდა ესეც ერთი გაჭირვებული კაცია და იძულებულია, გაიგე? ხოდა უთხარი რა შენ ჯეელებს, არაფერი დაუშავონ. ცოტა მშიშარა კაცია და თქვენს „შუტკებზეც“ კი გული წაუვა. დაანებონ რა თავი, ცოდოა.
- შენ რა ღვთისნიერი კაცი ყოფილხარ, ტო, გამაგიჟებ რა.
- ეე, ჩემო ძმაო, ღმერთი მოწყალეა ყველა ჩვენს მიმართ და ჩვენც ასევე უნდა ვწყალობდეთ ერთმანეთს. აბა, რა ადამიანები ვართ მაშინ?!
- კაი, ძმაო, არაფერს ვეტყვით მაგ შენ „ნასედკას“, მარა მერე არ გაგიტყდეს ძმაო, შენი არჩევანია ეგ. ღმერთისა კი რა გითხრა აბა? მე აისორი კაცი ვარ, ეგ თქვენი ღმერთი სულ არ ვიცი, მაგრამ პატივს ვცემ ტოო, ეგრე კი არაა საქმე.
- კარგი, „მაკარიჩ“, მადლობა. აბა არაფერს დაუშავებთ ხომ?
- არა, არ დავუშავებთ, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? როგორ იგებ, ვინაა კაი კაცი და ვინ გოთვერანი?
- მე მასე არ ვახარისხებ ადამიანებს. მამა გაბრიელი ხომ გაგიგია?
- ხო, მაშ. მერე?
- ხოდა ის ამბობდა, მე ცხოვრებაში ცუდი ადამიანი არ შემხვედრიაო.
- კაი, თუ ძმა ხარ, ერთი. ეხლა, აი ეს „პიდარასტი“ - და „პარაშის“ გვერდზე საწოლისკენ გაიშვირა ხელი „მაკარიჩამ“ - ანგელოზივით ცოლი რომ მოკლა და კინაღამ საკუთარი შვილიც ზედ მიაყოლა, კაი კაცია? ბავშვი შემთხვებვით გადარჩა ტოო, მეზობელმა შეუსწრო და ვეღარ მოასწრო ბავშვის გაგუდვა. ეს ჩათლახი ეხლა კაი კაცია?
- აგიხსნი, თუ მომისმენ.
- გისმენ აბა.
- ღმერთმა ყველა ადამიანი ნორმალური შექმნა. სიკეთით და სიყვარულით აავსო. ჩათლახი და გოთვერანი არ შეუქმნია. მერე როდესაც ადამიანი ღმერთს გაშორდება, იმას ეშმაკები ჩაუჯდებიან და ათას ცოდვას ჩაადენინებენ ხოლმე. მაგასაც ეჭვიანობის დემონი ჩაუჯდა სულში და გააკეთებინა ის, რაც გააკეთებინა.
- აუუ, შენ ვინა ხარ, ტოო, ამას ამართლებ ეხლა შენ?
- არა,“მაკარიჩ“, არ ვამართლებ და რაც ჩაიდინა, მიიღებს იმის საზღაურს. მე მხოლოდ გიხსნი, რატომ მოუვიდა ეს. ცოლი იმიტომ კი არ მოკლა, რომ ჩათლახი და „პიდარასტი“ კაცია, როგორც შენ ეძახი, არამედ ეჭვიანობამ დაუავადმყოფა სული და გონება. გადაიყვანა ჭკუაზე და ჩაადენინა ის, რაც ჩაადენინა. თანაც, ღალატობდა ის ქალი სხვასთან და ჰქონდა ეჭვიანობის მიზეზიც. უთვალთვალებდა ჩუმად და როცა დარწმუნდა ცოლის ღალატში, გადაეკეტა გონება და მოკლა ცოლი, გაიგე?
- ეგ თუ მართალია, ღირსი ყოფილა, ძმაო, მაგრამ ბავშვს რომ ახრჩობდა და მეზობელმა შეუწსრო, ეგ რა იყო?
- ხოდა ხომ გეუბნმები, დაებინდა თქო გონება და ვერ აზროვნებდა, რას აკეთებდა. მისი გაჩენილი შვილიც არ მინდა, არ იქნება ჩემი შვილიო. ასე შთააგონა ბოროტმა და ჩაადენინა ეს საშინელი დანაშაული.თქვენ რომ ეგ ცემაში გახიეთ და „პარაშასთან“ დააწვინეთ, უფრო კაი ბიჭები ხართ? სამართლიანად მოექეცით?
- ექსტრასენს“, მე შენ რა თქმა უდა პატივს გცემ, ძმაოჯან, მაგრამ შენ ციხის კანონები ჩემზე კარგად იცი? მაგან თავისი ცოლი ჯერ მაგრად ცემა, მერე გააუპატიურა და მოკლა. შემდეგ კი ბავშს ახრჩობდა და მეზობელმა შეუსწრო. ასე არ იყო? მოვიდა, ძმაო, „ქსივა“ და ვიცით ყველაფერი. „პარაშასთანაც“ იმიტომ წევს. მე „მაყურებელი“ ვარ თუ „პროპკა“. აბა რა უნდა მექნა? რა გინდა ეხლა შენ? ხომ არ გინდა ადგილი გაუცვალო?
- მე არაფერი პრობლემა არ მაქვს ადგილის გაცვლაზე,“მაკარიჩ“. ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე მხოლოდ გიხსნი და მინდა, რომ სხვა თვალით დაინახო. ცემა და დამცირება შენ არ აგამაღლებს და უკეთეს ადამიანად არ გაქცევს. ასე ექცეოდნენ ქრისტესაც, მაგრამ სად არიან ეხლა მისი მწამებლები ხომ არ იცი?
- ეე, ქრისტე მე არ ვიცი ძმაო, მე არ მიწამებია.
- ყველანი ღვთის შვილები ვართ,“მაკარიჩ“ და ერთმანეთს თუნდაც ამის გამო უნდა ვცეთ პატივი, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. რომც არ იმსახურებდეს, მაინც. ესაა კაცობა.
პატივი უნდა ვცეთ სწორედაც რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, თორემ ღირსეული ადამიანები თავისთავად პატივცემულნი არიან. დაუმსახურებელი მოწყალება მადლიერების და სინანულის გრძნობებს აღძრავს ადამიანში და ეს ძალიან კარგია.
შენ ხომ გყავს ძმაკაცები, ავტორიტეტები, ვისაც პატივსა სცემ?
- კანეშნა, მერე რა რო?
- ხოდა იმათ შვილს რომ ვინმემ აწყენინოს, დამნაშავეც რომ იყოს,
რას უზამ?
- რას ქვია, რას ვუზამ, გავჭრი შუაზე, ტოო.
- აბა ღმერთის შვილს რომ სცემ და ამცირებ, ღმერთმა რა უნდა გიქნას?
უფალი ამბობს, „რაც გაუკეთე ერთ მცირე ჩემ ძმათაგანს, მე გამიკეთე.“ გესმის „მაკარიჩ“? თავად ღმერთი გეუბნება ამას. მე იმ კაცის დანაშაულს კი არ ვამართლებ(ის მიიღებს თავისას), მაგრამ შენ ვინ მოგცა უფლება, რომ ღმერთის საქმეს ითავსებ?
- რა ღმერთის საქმეს ვითავსებ, „ექტრასენს“, რეებს მიქარავ, ტოო?
- შენ განსაჯე ადამიანი და ცემა და „პარაშასთან“ წოლა მიუსაჯე, ასე არ არის? რამდენჯერ ცემეთ უკვე, დაამცირეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ, დათვალე?
- კაროჩე რა, შენ ეხლა რა გინდა ტოო, ვერ გავიგე.
- ყარალაშვილების ოჯახს რომ შეუვარდით და დააყაჩაღეთ, კაცი რომ ცოლშვილის წინ ცემეთ ფულის მოთხოვნით, კარგად მოიქეცით? ცოლის გაუპატიურებით რომ დაემუქრეთ და ფული და ოქროულობა წაართვით, კარგად მოიქეცით? თუ გინდა იმას გაგახსენებ, „საპოჟნიკა“ ცემით რომ გახიეთ, რადგამ წაგებული თავანი დროზე ვერ ჩაგაბარათ. ძალიან ბევრი შემიძლია გაგახსენო, „მაკარიჩ“, მაგრამ შენ არავის დაუსჯიხარ, ხომ სწორია?
- ეეე, შენ ეხლა მართლა უბერავ, აი - წამოენთო „მაკარიჩა“ - პატივს რომ გცემ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ეგეთები მაკადრო. მე ქურდულს ვაწვები, ძმაო, და მოსულა ასეთები. თანაც გითხარი, მე თქვენი ღმერთი არ ვიცი. პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიცი და რა გინდა, ვერ გავიგე. ზედმეტები მოგდის უკვე და ცოტა დაატორმუზე, ტოო. არ გამომივიდა მოსამართლე?
- იცოდე, ყველაზე დიდი მოსამართლე საკუთარი თავის სახით გყავს. როგორიცაა მოსამართლე, ისეთივე იქნები შენც.
- ეგ რას ნიშნავს? ვერ გავიგე.
- შენი სინდისია ყველაზე დიდი მოსამართლე, მასზე დიდი არავინაა, ამას გეუბნები.
- კაროჩე რა...
- შენი წყენინება სულ არ მინდა, „მაკარიჩ“- გაუღიმა გიორგიმ კამერის მაყურებელს - მე შენი სინდისი ვიცი. არ ხარ შენ უსინდისო კაცი და მენანები, ნუ დაიღუპავ თავს. დაფიქრდი, რაც გითხარი და აწონ-დაწონე ყველაფერი. რაო, ქურდი გინდა გახდე?
- რომც მინდოდეს, შენ რა?
- არაფერი, ძმაო, მე შენს არჩევანში კი არ ვერევი. შენი ნებაა, გინდა ქურდი გახდი და გინდა თავზეხელაღებული ბანდიუგა. „მაკარიჩა“ ხომ იმიტომ დაგარქვეს, მაკაროვის პისტოლეტი რომ გიყვარს ძალიან, დამალულიც გაქვს ერთ-ერთ სარდაფში. ხათაბალას დაგმართებს ეგ იარაღი, თუ ფრთხილად არ იქნები.
- ჩუმად იყავი, ტოო, რა იარაღი, რის იარაღი? - შეცბა „მაკარიჩა“ პისტოლეტის ხსენებაზე
- მე ამას გეტყვი, ჩემო ძმაო:
სინდისი თვალი არ არის, როცა გინდა დახუჭო და როცა გინდა გაახილო. ის გულივით თან უნდა ატარო - სიზმარშიც და ცხადშიც. იფიქრე ამაზე.
ისე კი, რომ იცოდე, ქურდს ყოველი ნაპარავით ბევრად მეტი აკლდება, ვიდრე ემატება.
- ეგ როგორ, რა აკლდება?
- მადლი აკლდება, „მაკარიჩ“, ღვთის მადლი, რომელიც ყველაზე ძვირფასია ქვეყანაზე. მასზე უკეთესს შენ ვერაფერს მოიპარავ. მოპარული ჩაივლის და წავა, გაქრება ისევე, როგორც მოვიდა. მადლს კი ვეღარ დაიბრუნებ, თუ მოპარული არ მოინანიე, რა თქმა უნდა.
- კაროჩე, მე ეგ შენი ფილოსოფია არ მესმის, „ექტრასენს“. მე ჩემი გზა მაქვს, ძმაო, შენ შენი. არ გიდა რა ეგ აგიტაცია-პროპაგანდა. კომუნისტი ხომ არ ხარ, ტოო?
- კაი. მე გითხარი და შენი საქმის შენ იცი. მოკლედ, იმ კაცს არაფერს დაუშავებთ, ხომ შემპირდი?
- არა მეთქი, ხომ გითხარი? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა „მაკარიჩამ“ და გვერდი იბრუნა, რითაც გიორგის მიანიშნა, მოვრჩი შენთან საუბარსო.
მეორე დღეს საკანში ახალი პატიმარი შემოიყვანეს, ვასო ბედოშვილი. „მაკარიჩამ“ დაწვრილებით გამოჰკითხა. გიორგიც გვერდზე ეჯდა და კამერის მაყურებელს ნიშნისმოგებით უღიმოდა.
ვასო, ვითომც, დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის იყო დაჭერილი. „მაკარიჩამაც“ ვითომ დაუჯერა და ერთ-ერთი საწოლი მიუჩინა.
- ეხლა რას აპირებ „ექტსრასენს“? - მიმართა გიორგის „მაკარიჩამ“.
- არაფერს, დაველაპარაკები ჩემებურად. თქვენ ხელი არ ახლოთ, ხომ შემპირდი? ეგ ჩემთანაა მოსული და მე ვიცი ჩემი საქმის.
- კაი, ძმაოჯან, ეგრე იყოს - ხელები აწია „მაკარიჩამ“ თანხმობის ნიშნად.
ცოტა ხნის შემდეგ გიორგისთან გენადი მივიდა.
- „ექსტრასენს“, უი, ბოდიში, გიორგი, ძმაო...
- დამიძახე, არ მწყინს - გაუღიმა გიორგიმ მეგობრულად.
გუშინ ჩემს ადვოკატს ველაპარაკე და ყველაფერი მოვუყევი. მოკლედ, დაგიჯერე რა, ძმაო.
- მერე, რაო ადვოკატმა?
- ჩაიწერა ყველაფერი და პროკურორს დაველაპარაკები, მუხლი შეგიცვალოსო. მთლად მშრალზე ვერ გავალ, მაგრამ თანამშრომლობაში ჩამითვლიან და ცოტა შემიმსუბუქებენ, ალბათ, სასჯელს. თანამონაწილედ გავალ და ნაკლებს მომისჯიან.
- პროკურორი 5 წელს მოითხოვს, გენადი, ძმაო. მაგრამ 3 წელს მოგისჯიან და ისიც პირობითს. გამოხვალ და ოჯახს დაუბრუნდები. კარგად მოიქეცი, რომ დამიჯერე. ის საბუთები, სარდაფში რომ გაქვს დამალული, ამოიღე და ადვოკატს გადაეცი.
- ეგ საიდანღა იცი? - თვალები გაუფართოვდა გენადის.
- კაი, ეხლა, თავიდან ხომ არ დავიწყებ ახსნას?
- მაგ საბუთების შესახებ არავინ იცის. რა საჭიროა მაგათი გამოჩენა? მანდ ყალბი ფაქტურებია დირექტორის ხელმოწერებით და თუ გასკდა, მაგრად დაერხევა.
- გამოაჩინე მეთქი, გეუბნები. ასეა საჭირო. ხომ გინდა დროზე დაუბრუნდე ოჯახს? შენ თანამონაწილედ კი არ გახვალ, არამედ უკანონო ბრძანებების შესრულების და დანაშაულის დაფარვის გამო მოგისჯიან 3 წელიწადს. ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ითანამშრომლე გამოძიებასთან, პირობითით შეგიცვლიან. მაგ საბუთების გარეშე 8 წლიანი მკაცრი რეჟიმი გაქვს კისერზე. მარტო უფროსის ჩაშვება ვერ გადაგარჩენს, გესმის?
- ხო, გასაგებია - თავი დახარა გენადიმ.
- შენი გოგოც მალე მომჯობინდება და სულაც არ დაგჭირდება მისი საზღვარგარეთ წაყვანა. ჩვენ ძალიან კარგი ექიმები გვყავს. უბრალოდ, უნდა იცოდე, ვისთან მიხვიდე. დაგიწერე უკვე.
კიდევ რა უნდა გითხრა. შენმა ბიჭმა ამ ორიოდე წლის წინ ფეხი რომ მოიტეხა, ხომ გახსოვს?
- კი, როგორ არა. ფეხბურთს თამაშობდა და...
- ხო, ფეხბურთს თამაშობდა და ბურთს რომ ესროლეს ქვა, ფეხში მოხვდა და მოტყდა. მერე ცუდად შეუხორცდა და ოპერაცია დასჭირდა, რომ გაესწორებინათ. 6 თვე იყო ლოგინად ჩავარდნილი. ფეხი თითქოს მოურჩა, მაგრამ ტკივილები მაინც დარჩა. ექიმი კი გეუბნებოდათ, გაუვლისო, მაგრამ ბოლომდე არ გაუარა. ეხლაც ტკივა ხოლმე. მართალია ყრუდ, ძალიან არა, მაგრამ მაინც. ხოდა, აი ამ ექიმთან მივიდეს და ის მოარჩენს - და გიორგიმ ქაღალდზე დაწერილი ექიმების საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდა გენადის.
- როგორ, შენ ეს წინასწარ დაწერე? იცოდი რომ მოვიდოდი სალაპარაკოდ? - გაოცებას ვერ მალავდა გენადი.
- რა თქმა უნდა, მე ხომ „ექსტრასენსა“ ვარ? - გაუღიმა გიორგიმ გაოცებულ პატიმარს და მხარზე მოუთათუნა ხელი - ყველაფერი კარგად იქნება. შენ მხოლოდ გჯეროდეს.
***
ნინო დილიდანვე ნერვიულობას და ფორიაქს შეეპყრო. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა გიორგის. ისევ ათასჯერ გადაალაგ-გადმოალაგა ტვინში, რა უნდა ეთქვა და როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ სულ რაღაც არ მოსწონდა და უარყოფდა. ბოლოს ხელი ჩაიქნია და - როგორც იქნება, ისე იყოსო - გაიფიქრა. მასთან პაემანი საღამოს 5 საათზე იყო დანიშნული.
დათქმულ დროს უკვე პაემნების საკანში იჯდა და გიორგის ელოდა. ვაჟას წაყვანაც უნდოდა, მაგრამ გადაღების გაგონებაზე მუჯირმა ისეთი სასტიკი უარი სტკლიცა, რომ კინაღამ შეხვედრაც გაუუქმა. აპირებდა კიდეც გაბრაზებული, მაგრამ მხოლოდ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ 30 წუთი მისცა და საღამოს 5 საათისთვის დაიბარა.
ბადრაგმა გიორგი შემოიყვანა და კარები გაიხურა.
- მიხარია, რომ ისევ გხედავთ, ქალბატონო ნინო - თავისი თაფლისფერი თვალები შეანათა გიორგიმ გოგონას - რა თქმა უნდა, არ მოგცემდათ ბატონი ილია გადაღების საშუალებას. ნუთუ ეს არ იცოდით?
- თქვენ რა, გულთმისანი ხართ? - გაიოცა ნინომ - ვიცოდი, როგორ არა, მაგრამ მე ჩემი ვეცადე.
- ამას მისნობა რად უნდა, ჩემო კეთილო ქალბატონო - გაუღიმა გიორგიმ - ეს ხომ ისედაც ცხადია.
- ხო რა თქმა უნდა - უსიამოდ დაეთანხმა ნინო.
გიორგიმ კი განაგრძო :
- მოდი ასე მოვიქცეთ. მე თქვენ გეტყვით, რისი თქმაც შემიძლია და თქვენც თქვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში ამას გამოიყენებთ. ხო, მართლა, მიხარია, რომ ანდროს დაელაპარაკეთ და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
- ეს საიდანღა იცით? - განცვიფრება ვეღარ დამალა ნინომ.
- კარგი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მოვა დრო და ყველაფერს აგიხსნით. ეხლა კი საქმეზე ვილაპარაკოთ. თქვენ ხომ სულ 30 წუთი მოგცეს. თუმცა...თვალი ჩაუპაჭუნა გიორგიმ, 7 წუთს კიდევ გვაცლიან, მერე კი ბადრაგი შემოვა და „უკაცრავად, თქვენი დრო დასრულდა. ის კი არა, ბატონი ილიას თხოვნით, 7 წუთი ზედმეტიც კი გალაპარაკეთ. ეხლა კი გთხოვთ დატოვოთ ოთახი“ - ასე გეტყვით და მეც ჩემს კამერაში დამაბრუნებენ. ვიცი, რომ გაინტერესებთ, საიდან ვიცი ეს ყველაფერი და აქაც იმ მიზნით მოდიოდით...როგორ გაიფიქრეთ? - თვალები ჭერისკენ აღმართა გიორგიმ - ხო, „უნდა ამიხნსას ყველაფერი, სხვა გზას უბრალოდ არ მივცემ და არ მოვეშვებიო“, არა?
- ნინომ, გაკვირვებისგან პირი ფართოდ დააღო და უბრალოდ აღარ იცოდა, რა ეთქვა. ენა დაება და სიტყვები გაუჩერდა.
- კარგი, კარგი, ნუ გაოცდებით - გაუღიმა ისევ გიორგიმ. ეხლა ამისი დრო არ არის. საქმეს მივხედოთ - მაჯაზე საათისკენ ანიშნა გიორგიმ - მოვა დრო და ყველაფერს აგიხსნით.
- აუცილებლად ამიხსნით, აუცილებლად და მართლაც, არ მოგეშვებით, სანამ არ გავიგებ, საიდან იცით ეს ყველაფერი - აღელდა გოგონა - ახლა კი გისმენთ.
- მაშ ასე. რაც შეეხება თვითმფრინავის აფეთქების მცდელობას, მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს. არც თანამზრახველი ვარ და არც ტერორისტების ნაცნობი ან შემთხვევით მათი გეგმის გამამზიურებელი. აფეთქების მსურველი გახლავთ ეროვნებით... მოდი არ ვიტყვი ამას ჯერ... ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც დაგეგმა საქართველოში არეულობის გამოწვევა. უნდა ყოფილიყო დიდი მსხვერპლი, რომელიც დაბრალდებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს და ეს ჩაშლიდა იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც უახლოეს მომავალში მოსკოვშია დაგეგმილია. დამკვეთი კი გახლავთ აფხაზეთის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც არ აწყობს რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების გამართვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.
- ეს ყველაფერი, თქვენ, საიდან იცით? შეგიძლიათ დაამტკიცოთ?
- დამტკიცებით ვერაფერს დაგიმტკიცებთ, ქალბატონო ნინო, ეს მხოლოდ ინფორმაციაა, მაგრამ ნამდვილი, უტყუარი. თქვენ თუ თქვენს გადაცემაში ამაზე საუბარს დაწყებთ, თუნდაც მტკიცებულების გარეშე, ეს დააფრთხობს აფხაზეთის ხელისფლებას და ხელს ააღებინებს მსგავსი ქმედებებისგან(ყოველ შემთხვევაში, უახლეს მომავალში მაინც). ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თქვენს გადაცემაში გააჟღეროთ.
- კი, მაგრამ...
- ვიცი, ვარლამ ნიორაძე უარს გეტყვით დაუდასტურებელი ფაქტების გადაცემაში გაჟღერებაზე, მაგრამ თქვენ ეტყვით, რომ თუ ის ამაზე გადაცემას არ გაუშვებს, მაშინ გამომზიურდება ის ამბავი, რაც მის თავს მოხდა 3 წლის წინ.
- რა მოხდა ასეთი, მისი დაშანტაჟებისკენ რომ მიბიძგებთ?
- არა, შანტაჟი არა. მოუყევით ჩემს შესახებ და უთხარით, რომ, ეს მე დავიმუქრე. ჯერ ერთი, ეს თქვენთვისაც რეიტინგული გადაცემა იქნება და მეორეც, თქვენ, ჟურნალისტებს, ზოგადად, ხომ გჩვევიათ ასეთი ფრაზა: „ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებთ“. გამოიყენეთ ეს ფრაზა და გააკეთეთ გადაცემა. მთავარი ის კი არ არის, თქვენ რას დაამტკიცებთ და რას არა, მთავარია ეს ინფორმაცია გაჟღერდეს ტელევიზიით. დანარჩენი თავისთავად დალაგდება. დამერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
- ესე იგი, თქვენ არ გსურთ, რომ მე თქვენ ინფორმაციის წყაროდ დაგასახელოთ ხომ? ასე გამოდის.
- დიახ, ზუსტად ასეა, ჩემო კარგო. ჩემი გამოჩენა ჯერ არ შეიძლება. თუნდაც ჩემი უსაფრთხოების გამო. გესმით ხომ?
- იცით რა მაინტერესებს? რატომ მე? მე რატომ ამირჩიეთ ამისთვის? ეს დაგეგმილი გქონდათ? როგორ, რანაირად? ეს ხომ მე ვიყავი ჩასაფრებული თქვენზე? წინასწარ იცოდით, ეს ყველაფერი რომ ასე აეწყობოდა? ვინ ხართ?
- ჩემო ქალბატონო, დამერწმუნეთ, მე ძალიან დიდი მფარველები მყავს და ისინი განაგებენ ყოველივეს. მე მხოლოდ პატარა შემსრულებელი ვარ, რასაც დამავალებენ.
- ვინ არიან ისინი? ხო, რა თქმა უნდა, ამას არ მეტყვით - თითი ტუჩებთან მიიტანა ნინომ.
- ჯერ ვერა, ჩემო ქალბატონო - სინანულით გაუღიმა გიორგიმ.
- და საერთოდ, ნუ მეძახით ჩემო ქალბატონოს და ეგეთებს, ეს რა ჩვევაა? - გაურკვევლობის გრძნობის აღშფოთების იმიტაციით ჩანაცვლება სცადა ნინომ.
- გაბრაზებაც როგორ გიხდებათ? - ისევ შეანათა თავისი მწველი თვალები გიორგიმ ნინოს.
- მეარშიყებით? - ეხლა გაოცების გამოხატვა დააპირა გოგონამ.
- როგორ გეკადრებათ, ეხლა მაგისი დრო მაქვს? - მწარედ ჩაიცინა გიორგიმ.
- კარგი, კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?
- ეს ინფორმაცია, რაც გითხარით, სასწრაფოდ, არაუგვიანეს ხვალისა, უნდა გადაიცეს ტელევიზიით.
- წინააღმდეგ შემთხვევაში?
- წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახური, რამეთუ ზეგ დილას ეს ყველაფერი(და უფრო მეტიც) უნდა მოვუყვე გამომძიებელს, ბატონ ილია მუჯირს. ამიტომ, ინფორმაციის გაჟღერება დასწრებაზეა და თქვენი ნებაა, თქვენ გადასცემთ ექსკლუზიურად თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ათქმევინებთ ბრიფინგზე.
- ეს ყველაფერი კარგი. დავუშვათ, დაგიჯერეთ და გავუშვით ეს ინფორმაცია გადაცემაში. მე მაინც მაინტერესებს, როდის ამიხსნით იმ უცნაურ ინფორმირებულობას ჩემსა და ჩემი ოჯახის შესახებ, ასე რომ ჩამაგდეთ საგონებელში? - უკვე მუდარა იგრძნობოდა ნინოს კითხვაში.
- აუცილებლად ყველაფერს აგიხსნით, ნინო, აუცილებლად. ოღონდ ეხლა ამისი დრო არ არის. პირადულზე მერე ვისაუბროთ. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი დრო გვექნება. თუ გნებავთ, ქალბატონოთი მოგმართავთ ისევ, მაგრამ, დამერწმუნეთ, მალე ჩვენ ისე დავუახლოვდებით ერთმანეთს, რომ მერე ეს სასაცილოდაც კი მოგვეჩვენება და ვხედავ რა თქვენს გაოცებულ, ლამაზ სახეს, მინდა რომ დღეს ასეთად დაგიმახსოვროთ.
- კარგი, ნინო დამიძახეთ. არავითარი საწინააღმდეგო არ მაქვს. მეც გიორგის დაგიძახებთ, თუ ნებას მომცემთ.
- რა თქმა უნდა, გამიხარდება კიდეც - ბედნიერი სახით გაუღიმა გიორგიმ.
- მაძლევთ უფლებას, რომ ეს ინფორმაცია ჩემი ინტერპრეტაციით დავამუშავო და ეთერში ისე გავუშვბა?
- რა თქმა უნდა. მეც სწორედ ეს მინდა. ეხლა კი მოვიდა თქვენი წასვლის დრო - ნაღვლიანი სახე მიიღო გიორგიმ.
ის იყო, ნინოს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, რომ ბადრაგი შემოვიდა და გამოუცხადა: - უკაცრავად, თქვენი დრო დასრულდა. ის კი არა, ბატონი ილიას თხოვნით, 7 წუთი ზედმეტიც კი გალაპარაკეთ. ეხლა კი გთხოვთ დატოვოთ ოთახიო - და დაკავებულთან მივიდა საკანში დასაბრუნებლად.
ნინოს უკვე მერამდენედ გაოცებულ გამომეტყველებაზე აღარ შევჩერდები. ამაზე მნიშვნელოვანი უფრო ის იყო, რა გრძნობებით და ემოციებით დატვირთულმა დატოვა მან პაემნების ოთახი.
***
ვარლამ ნიორაძეს გველის ნაკბენივით ახსოვდა სამი წლის წინანდელი ამბავი. ან რა დაავიწყებდა, ისეთი საშინელი დღეები გაიარა.
მაშინ ჟურნალისტური გამოძიების წამყვან ტელეჟურნალისტად ციური ახობაძე ჰყავდა. ერთ ძალიან მძიმე საქმეზე მუშაობდნენ. ნარკოტიკების საქართველოში ტრანზიტის შესახებ, სადაც სავარაუდოდ მთავრობის მაღალჩინოსნებიც იყვნენ გარეულები. ციური ახობაძემ უნიკალური ვიდეო მასალა მოიპოვა და გადაცემაში მათი გაშვება დააპირა. რა თქმა უნდა, ყოველივე ვარლამს წარუდგინეს. ვარლამი თავიდან უხალისოდ შეიშმუშნა. საქმე ძალიან ცნობილ პიროვნებებს ეხებოდა და გადაცემის გაშვება ძალიან დიდი რისკი გახლდათ. მეორეს მხრივ, ციურის ისეთი კადრები ჰქონდა მოპოპვებული, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მაღალჩინოსნები ნარკორიკების ტრაფიკის ხელშესაწყობად საკმაოდ დიდ თანხებს იღებდნენ.
ვარლამმა იცოდა, რომ დიდ რისკზე მიდიოდა, მაგრამ გადაცემის ეთერში გაშვებას მაინც დათანხმდა, თუნდაც ეს სიცოცხლის რისკთან ყოფილიყო დაკავშირებული. მას, როგორც პატიოსან კაცს, არ შეეძლო თანამშრომლების დიდი ხნის შრომა უბრალოდ წყალში ჩაეყარა და სიმხდალის გამო უარი ეთქვა სენსაციურ გადაცემაზე. ციური, მისი ოპერატორი ერეკლე კაპანაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნებაყოფლობით ეხმარებოდნენ ციურის გუნდს, თვეზე მეტ ხანს უთალთვალებდნენ მაღალჩინოსნებს და საკმაო მტკიცებულებებიც მოიპოვეს. მართალია, თვალ-თვალი და აუდიო და ვიდეომასალების მოპოვება უკანონო გახლდათ, მაგრამ, ითვალისწინებდა რა ვარლამი დანაშაულის სიმძიმეს და დამნაშავეების თანამდებობრივ მდგომარეობას, მწვანე შუქი მისცა მაღალჩინოსნების კორუფციულ დანაშაულებში მხილებას.
ორი დღით ადრე, სანამ დანიშნული გადაცემა ეთერში გავიდოდა, ვარლამის მობილურ ტელეფონზე ზარი შემოვიდა:
- ეი, შენ, არამკითხე მოამბევ, ზედმეტი მოგდის და იქნებ ჯობდეს შენი და შენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე იფიქრო? - გაისმა ტელეფონში უხეში ტონით მუქარის ხმა - თუ ეხლავე ხელს არ აიღებ ჩანაფიქრზე, მწარედ განანებთ და დაბადების დღეს გაწყევლინებთ. ვის ეჭიდავებით, იცით? ვადას ხვალამდე გაძლევთ. ყველა აუდიო და ვიდეოფირს გაანადგურებ და გადაცემას გააუქმებ. განადგურების დამადასტურებელ ვიდეოს იმ ელფოსტაზე გამოგზავნი, რომელსაც სულ მალე მიიღებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოგივა, საკუთარ თავს დააბრალე.
- ვინ ხართ და როგორ ბედავთ, რომ მემუქრებით? - აღშფოთდა ვარლამი - გადაცემა გავა როგორც დაგეგმილია და თქვენი მუქარებით ვერ შემაშინებთ, გინდაც მოკვლით დამემუქროთ.
გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი და იმაზე დაიწყო ფიქრი, ვის შეეძლო ინფორმაციის მიწოდება. გადაცემის შესახებ ხომ სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და რა გულსატკენი იყო, რომ ერთ-ერთი გამცემი აღმოჩნდა. ეს უკვე უდაო გახლდათ.
საქმემ უფრო საშიში სახე მიიღო. გადაცემის გასვლის შემდეგ უსაფრთხოება ბევრად უფრო გარანტირებული იქნებოდა, ვიდრე ეხლა, როდესაც დამნაშავეებმა მისი გეგმები იცოდნენ. იცოდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე. ცოტა კი დაიბნა, მაგრამ ეხლა გადაცემის გაუქმება არაფრით არ შეიძლებოდა. ან როგორ უნდა აეხსნა ეს ან ციურისთვის, ან სხვისთვის, შემეშინდა და გავაუქმეო? - არა, გადაცემა უნდა გავიდეს, რადაც არ უნდა დამიჯდეს - გაიფიქრა ვარლამმა და კაბინეტიდან გავიდა.
სახლში რომ მივიდა, ისევ დაურეკეს:
- ეტყობა კარგად ვერ გაიგე, რაც გითხარი. ეხლა კარგად მომისმინე, შე სირო შენა. გადაცემას გააუქმებ და ყველა თანამშრომელს, ვინც მონაწილეობდა, გაათავისუფლებ. თუ გინდა, რომ შენი გოგონა ცოცხალი ნახო. თუ არა და ჯერ წრეში ვიხმართ ყველაზე ამაზრზენი მეთოდებით, მერე კი, თითიდან დაწყებული ელენთით დამთავრებული ნაწილ-ნაწილ გამოგიგზავნით იმ კაბინეტში, სადაც გადაცემა დაგეგმეთ. ხვალ, ზუსტად 12 საათზე მასალას, კარგად შეფუთულს ყვავილებთან ერთად, მოიტან საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიასთან ახლოს მოძებნი ნ.მ - საფლავს და იქ დააწყობ. იქიდან დატოვებულ შეკვრას აიღებ, გაბრუნდები და წახვალ. კოპირება არც კი გაიფიქრო, თორემ სიცოცხლეს ტანჯვა-წამებად გიქცევთ. ეხლა მითხარი, რომ ყველაფერი კარგად გაიგე შე ყ...ო და ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებ. არც პოლიციის ჩარევა იფიქრო, ჩვენი ხალხი გვყავს იქაც, თორემ შენი გოგოს შემდეგ შენს ცოლს და ბიჭსაც მივდგებით და უარეს დღეს დავაწევთო.
ვარლამს მუხლები მოეკეცა, თაბახის ფურცელივით გათეთრდა და სავარძელზე ჩაიკეცა.
- გავიგეო - ძლივს ამოილუღლუღა ხახაგამშრალმა და თავში შემოირტყა ხელი.
ცოტა სული რომ მოითქვა, თავისი 16 წლის სალომე მოიკითხა, მაგრამ სახლში არ აღმოჩნდა. 1 სააათის წინ უნდა მოსულიყოო, შესჩივლა მეუღლემ და ტელეფონს ეცა მის მეგობართან დასარეკად, სადაც, წესით, სალომე უნდა ყოფილიყო.
- რამდენი ხანია, უკვე სახლში წამოვიდაო - უპასუხა სალომეს გაკვირვებულმა მეგობარმა ნათიამ - ეხლა დიდი ხნის მოსული უნდა იყოს სახლშიო.
ვარლამს სული შეუგუბდა. დარწმუნდა, რომ ბავშვი მართლაც „იმათ“ ჰყავდათ, თუმცა არც სატელეფონო ზარის შემდეგ ეპარებოდა ეჭვი, რომ ასე იქნებოდა. საკმაოდ გავლენიან ხალხთან ჰქონდა საქმე და უბრალო მუქარით რომ არ შემოიფარგლებოდნენ, კარგად ხვდებოდა ამას.
- რა ხდებაო? - ცოლმა გაფითრებულ მეუღლეს შიშით შეხედა.
- სუ, სუ, ხმა არ ამოიღო - ამოილუღლუღა ვარლამმა და ლუკა მოიკითხა, თავისი 14 წლის ბიჭი.
ლუკა სახლში აღმოჩნდა. თავის ოთახში კომპიუტერზე თამაშობდა.
- რა სუ, რის სუ, სადაა ჩვენი გოგო? - გადაირია მედეა, ვარლამის მეუღლე - ეხლავე ამიხსენი, თორემ პოლიციაში ვრეკავ - ყვიროდა ქალი.
ვარლამმა ძალად ჩაიხუტა და დაწყნარება დაუწყო:
- ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები. ოღონდ ეხლა გაჩუმდი და ნუ ყვირიხარ. ჩვენი გოგო გატაცებული ყავთ და თუ ვინმე გაიგებს, ცოცხალს არ დაგვიბრუნებენ. ძალიან გავლენიანი პირები მემტერებიან.
- რას ამბობ, გაგიჟდი?- ფერი წაუვიდა მედეას.
- გავგიჟდები, თუ არ გაჩუმდები და კარგად არ მომისმენ. ჩვენი გოგო ხვალვე სახლში იქნება, ჯანმრთელი და უვნებელი. ამაზე მე ვიზრუნებ. მაგრამ თუ ერთ ამბავს ატეხავ, მაშინ ძალიან ცუდად გვექნება საქმე ყველას - აწითლებული თვალებით ემუდარებოდა ვარლამი მეუღლეს.
სასოწარკვეთილმა მედეამ ჯერ მუშტები დაუშინა მეუღლეს მკერდში, მერე კი იატაკზე მოიკეცა და ტირილი დაიწყო.ვარლამმა მეუღლე ააყენა და დივანზე დასვა. შემდეგ კი წყალი მოუტანა და ძალით დაალევინა. შემდეგ კი იმაზე დაიწყო ფიქრი, ეს ღამე როგორ გადაეტანა, თორემ ხვალ რომ ზუსტად აასრულებდა, რაც უბრძანეს, ეს მისთვის უკვე ცხადზე ცხადი გახლდათ.
ცხოვრებაში ხშირად დგება ისეთი მომენტი, როდესაც არჩევანის წინაშე დგები. არ იცი როგორ მოიქცე, სინდისს უღალატო თუ ძვირფას ადამიანს. ეს ვარლამს, ეხლა, ალბათ ძალიან რბილად ნათქვამი მოეჩვენებოდა. აქ მარტო ღალატზეც არ იყო საქმე, მისი საყვარელი ქალიშვილის ღირსება და სიცოცხლე იდო სასწორზე. განა შიძლებოდა სხვა არჩევანი გაეკეთებინა? რომელ ღალატზე შეიძლებოდა ფიქრი, როდესაც იძულებით აკეთებინებდნენ იმას, რაც არ უნდოდა. არც ციურის და არც სხვას არაფერი ისეთი საშიშროება არ ელოდათ, რომ საკუთარი შვილი გაეწირა.
- პოლიცია? - გაიფიქრა ვარლამმა - არა, პოლიციის ნდობა არ შეიძლება - იქვე უკუაგდო ეს ფიქრი გამწარებულმა მამამ - ქვეყანაზე ვერაფერი მაიძულებს, სალომეს სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო და უგნური გადაწყვეტილება მივიღო. დაე, იყოს, როგორც იქნება და დანარჩენი უფალმა იცოდეს - გაახსენდა ღმერთი ვარლამს - არამზადებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათი ვინაობა ვიცი და არა მგონია რამე დაუშავონ ჩემს გოგონას, ვერ გაბედავენ - იმშვიდებდა თავს ვარლამი და ამ ფიქრებით გაათენა უსაშველოდ გაწელილი ღამე ხან მოტირალ და ხან მკვნესავ ცოლთან ერთად.
მეორე დღეს, ვარლამმა ყოველივე ზუსტად შეასრულა და საღამოს თავის გოგონას ისე ჩაეხუტა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ჰყოლოდა.
მართალია, გადაცემის გაუქმებას და თანამშრომლების გათავისუფლებას დიდი შეხლა-შემოხლა მოყვა, მაგრამ ეხლა ციურის გაბრაზება და მუქარა იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნდა, რომ არც კი მიუქცევია სერიოზული ყურადღება. შემდეგ კი, ერთ საღამოს, ისევ ზარი და ისევ ის საძულველი ხმა:
- ბატონო ვარლამ, გვიხარია, რომ კეთილგონიერება გამოიჩინეთ და ჩვენი მითითებები ზუსტად შეასრულეთ. ჩვენ ველურები არ ვართ და თქვენს გოგონას არაფერს დავუშავებდით, მაგრამ გვაიძულეთ, რომ ასე მოვქცეულიყავით - დატკბა და ზრდილობიან საუბარზე გადავიდა რამდენიმე დღის წინ უზრდელად მოსაუბრე შანტაჟისტი - თავადაც კარგად ხვდებით, რომ სხვა გზა არ დაგვიტოვეთ. იმუშავეთ მშვიდად და დაივიწყეთ, რაც მოხდა.
ხო, მართლა, თუ კიდევ ეცდებით გაფართხალებას, ქრთამის აღების გამო კარგა ხნით ვირის აბანოში ამოყოფთ თავს. იმედია, შეკვრა გახსენით და ნახეთ. სასაფლაოზე თქვენი ყოველი მოძრაობა გადაღებული გვაქვს და თავს ვერ დაიძვრენთ. ეხლა კი ოჯახურ სიმყუდროვეს გისურვებთ და გემშვიდობებითო - ჩაიცინა მოსაუბრემ და გათიშა ტელეფონი.
- არამზადებო - ჩაილაპარაკა გესლიანად ვარლამმა თავისთვის და ეხლაღა გაახსენდა, რომ სასაფლაოდან წამოღებული შეკვრა არც კი გაუხსნია და იქვე მიაგდო. ვარლამი ფუთას ეცა და ხელის კანკალით გახსნა. შიგ 10 ათასი დოლარი აღმოჩნდა და ქაღალდი წარწერით „როგორც მოვილაპარაკეთ“. ვარლამმა ფული მოისროლა და გულამოსკვნით ატირდა.
ეს ამბავი სამი წლის წინ მოხდა და მას შემდეგ ვარლამს მძიმე დაღად ჰქონდა გულში ჩარჩენილი. ამას რა დაავიწყებდა, როგორც არ უნდა ეცადა. განგებამ თავისებურად განსაჯა და იმ ოთხი არაკაციდან, ვისზედაც გადაცემა კეთდებოდა, ერთი საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს, მეორე ინსულტმა დააგდო და აგერ უკვე სამი წელი მართლაც ბოსტნეულივით ეგდო ლოგინში და მარტო გახელილი თვალებით თუ მიხვდებოდით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ერთი სხვა დანაშაულის გამო ეხლაც ციხეში იჯდა და საკნის სარკმლიდან უყურებდა მზის სინათლეს. მხოლოდ ერთი დარჩა დაუსჯელი, ყველაზე მთავარი, მაგრამ ალბათ მისი დროც მოვიდოდა, როცა იქნებოდა. თითქოს სამართალმა ნაწილობრივ იზეიმა, მაგრამ ვარლამი კი დარჩა განადგურებული და გულმოკლული.
სწორედ ციურის გათავისუფლების შემდეგ აიყვანა ვარლამმა ნინო სამსახურში და როდესაც ამ გოგონამ ვარლამს ეს შეახსენა, გაცოფებისგან აღარ იცოდა რა ექნა. ნინომ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი და ვარლამიც იძულებული გახდა, ჟურნალისტისთვის გეგმის განხორციელების საშუალება მიეცა. თუმცა, იმ ამბავმა, რომ ვიღაც პატიმარმა მისი 3 წლის წინ მომხდარი ისტორია იცოდა, საგონებელში ჩააგდო.
***
როგორც მოსალოდნელი იყო, ვასო ბედოშვილი გიორგის მიუჩოჩდა და საუბარი გაუბა. გიორგიმ არაფერი შეიმჩნია და ლაპარაკში აყვა. გაცნობის ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
- გავიგე, „ექსტრასენსას“ გეძახიან, ძმაო გიორგი, მართლა ექსტრასენსი ხარ?
- არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ დავიბრალე - გაუღიმა გიორგიმ - რაღაც-რაღაცეები რომ ვიცი, უკვირთ და ამიტომ დამარქვეს.
- მართლა? რა რაღაც-რაღაცეები?
- აი, მაგალითად ის, რომ შენ ჩემთან „ნასედკად“ შემოგაგზავნეს და ინფორმაცია გინდა დამტყუო, რა კავშირი მაქვს ტერორისტებთან. ხოდა მიდი, გააკეთე შენი საქმე და მკითხე, რაც გინდა.
ბედოშვილი გაშრა, ფერი დაკრაგა, მერე საცოდავად ამოილუღლუღა:
- მე...მე...დამაძალეს, ჩემი ნებით არ მოვსულვარ.
- ვიცი ყველაფერი, არ გინდა არაფრის ახსნა. კაი ხანს ნარკომანი იყავი. მერე შეძელი და თავი დაანებე, მაგრამ უბნის პოლიცია მაინც არ გასვენებს და გაშანტაჟებს - ნარკოტიკს ჩაგიდებთ და სროკზე გაგიშვებთო. ხოდა, გაიძულებენ მათთვის ჯაშუშობას, რათა უფროსებს აამონ და როცა დასჭირდები, გეძახიან. თან, სულ რომ ერთი და იგივე ლეგენდას გიქმნიან, ახლის მოგონებაც კი ეზარებათ. ვიცი, რომ ოჯახი გყავს და აღარ გინდა ციხეში წასვლა. მესმის ყველაფერი, მაგრამ ასე, სულ შიშით ვერ იცხოვრებ. უნდა აირჩიო - „ბოზური“ ცხოვრება გირჩევნია თუ ადამიანური. გაგშიფრავენ ერთხელაც იქნება და რას გიზამენ, ხომ იცი? „მაკარიჩამ“ იცის, ვინც ხარ, მაგრამ ვთხოვე და ხელს არ დაგაკარებენ.
ბედოშვილს შიშისაგან მუხლები აუკანკალდა. გიორგიმ განაგრძო:
- ხვალ რომ შენს კურატორს შეხვდები, ასე გადაეცი, ის კაცი ტერორისტი არ არის, ექტრასენსია და იმიტომ იცის ყველაფერი თქო. თუ არ გჯერათ, კამერაში პატიმრებს კითხეთ, რეები ჩაუტარა თქო. ესეც მოუყევი, რაც გითხარი. გაიგე?
- კი, ძმაო, გავიგე.
- ხოდა, დროზე გაგიყვანონ აქედან, თორემ მე ვერ მოგცემ გარანტიას, რომ არაფერს დაგიშავებენ. წადი ეხლა და იფიქრე, რაც გითხარი. ჩემს საქმეზე კი არ გეუბნები, შენს მომავალზე.
ბედოშვილი საცოდავად, წელმოხრილი გალასლასდა თავის საწოლისაკენ. თავი ბალიშში ჩარგო და დიდხანს აღარ აუწევია.
***
ილია მუჯირი გაცოფებული შევარდა თავის კაბინეტში. ეს რა გამიკეთაო, ყიფიანზე ყრიდა ცოფებს. ეხლახანს ჩადრიშვილმა ლამის ტყავი გააძრო გუშინდელი გადაცემის გამო და ცალკე იმაზე იყარა ილიაზე ჯავრი, ინფორმაციამ ტელევიაზიაში რომ გაჟონა და ცალკე იმაზე, ჟურნალისტი რომ შეუშვა დაკავებულთან პაემანზე. სინამდვილეში კი იმან გადარია, ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ რომ გაცილებით მეტი იცოდა, ვიდრე გამოძიებამ. ეს თავზე ლაფის დასხმაზე მეტი იყო. ხოდა ისიც, გამწარებული, შესდგა მუჯირს.
ნინომ, როგორც მოსალოდნელი იყო, არაჩვეულებრივად საინტერესო გადაცემა მოამზადა და მიუხედავად დროის სიმცირისა, გიორგისგან მიღებული ინფორმაცია ისე შეალამაზა და თავისი ჟურნალისტური ხრიკებით ისე გაამდიდრა, რომ შეუძლებელი იყო ბობმივით არ აფეთქებულიყო. ხოდა აფეთქდა კიდეც მერაბ ჩადრიშვილის კაბინეტში.
თავის მხრივ, დამცირებული და შეურაცხყოფილი მუჯირი ყიფიანზე აპირებდა ჯავრის ამოყრას და შევიდა თუ არა კაბინეტში, იმწამსვე ბრძანა დაკავებულის დაკითხვის ოთახში ამოყვანა.
გიორგი ისე შემოვიდა და დაჯდა დაკითხვის სკამზე, რომ მუჯირს მისთვის არც კი შეუხედავს. მან იცოდა, რომ გამომძიებელი მასზე გაბრაზებული იქნებოდა. ეს ყველაფერი წინასწარ გათვილილი და ასჯერ ნაფიქრი ჰქონდა. მასზე უკეთ არავინ იცოდა, რა ეფექტს გამოიწვევდა ნინოს გადაცემა გამოძიების გვერდის ავლით. ამიტომ, მაქსიმალური სირბილით და დამნაშავის კილოთი მიმართა მუჯირს:
- ბატონო ილია, მესმის, რომ გაბრაზებული ხართ ჩემზე, მაგრამ დამერწმუნეთ, მე სხვა გამოსავალი არ მქონდა.
- თქვენ იმაზე მეტი მიიღეთ, რასაც იმსახურებთ, მაგრამ თქვენი საქციელი ღალატზე უარესია. არც კი ვიცი, რა დავარქვა. ამის შემდეგ რა უნდა დავიჯერო თქვენი? - უპასუხა გაბრაზებულმა მუჯირმა.
- მე არ მითქვამს, რომ ჟურნალისტს ინფორმაციას არ მივაწოდებდი - თავი იმართლა გიორგიმ - ამას გარდა, მართლაც არ მქონდა სხვა გზა და საშუალება, რათა დასახული მიზნისთვის მიგვეღწია. მე ამას ეხლავე ყველაფერს აგიხსნით და მჯერა, გამიგებთ და მიხვდებით, რომ სწორად მოვიქეცი.
მუჯირს რომ თავის ფლობის დიდი უნარი არ ჰქონოდა, ალბათ სიბრაზისაგან გაგლეჯდა გიორგის, მაგრამ იგი საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი გამომძიებელი გახლდათ. მან იცოდა ნერვების მოთოკვა, როცა საჭირო იყო. ამას გარდა, გიორგი მას ჯერ კიდევ უამრავი ინფორმაციის წყაროდ სჭირდებოდა. თუნდაც უკვე მიწოდებული ინფორმაციის განსამარტად და მასთან ემოციური აფეთქების გამო ურთიერთობის გაფუჭება არანაირად არ აწყობდა. აქ მარტო პირადულზეც არ იყო საქმე. მას იმედი ჰქონდა, რომ გიორგის დახმარებით ძველ საქმეებსაც გახსნიდა და თვითვმფრინავის აფეთქების მცდელობის საქმესაც დაუსვამდა წერტილს. მართალია, ასეთი დასკვნების დიდი საფუძველი ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ მისი უზადო ინტუიცია და გამჭრიახი ალღო მას ასეთ იმედებს აძლევდა.
- გისმენთ - მიმართა გიორგის ცივად, ისე რომ თავიც არ აუწევია და ისეთი სახე დაიჭირა, თითქოს ქაღალდებში უფრო მნიშვნელოვან საქმეებს ეცნობოდა, გიორგის კი ისე, სამადლოდ მოუსმენდა, თუ რამე ჰქონდა სათქმელი.
გიორგიმ ჩაიღიმა და მუჯირის ასეთი მოქმედება არ შეიმჩნია, იცოდა რა, მისმა ჟურნალისტთან მიცემულმა ინტერვიუმ როგორ ძლიერ გააბრაზა გამომძიებელი. უფრო მეტ რეაქციასაც კი მოელოდა მისგან და მზად იყო თავდასხმა მოეგერიებინა. მაგრამ მუჯირის ასეთმა თავშეკავებამ და საქმის გამო საკუთარი ღირსების შელახვაზე თვალის დახუჭვამ, თუნდაც დროებით, ერთი ორად გაზარდა გიორგის პატივისცემა გამომძიებლის მიმართ.
- ბატონო ილია, მე თქვენ იმდენ ინფორმაციას მოგაწვდით, რომ იმედი მაქვს, მომიტევებთ „ჩადენილ დანაშაულს“ და ასე ძალიან აღარ გამიბრაზდებით - გაუღიმა გიორგიმ გამომძიებელს - ბატონი მერაბიც კმაყოფილი დაგრჩებათ და დაივიწყებთ, რაც მის კაბინეტში დაგამცირეს. მინდა ვაღიარო, რომ ნამდვილად უსამართლოდ.
- ისევ ბევრს იღებთ საკუთარ თავზე - ხმას აუწია მუჯირმა. თუ რამე სათქმელი გაქვთ, გისმენთ.
- კარგი, მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით და დანარჩენი თქვენს პროფესიონალიზმს მივანდოთ. როგორც უკვე გადაცემიდან მიხვდით, საქმე ეხება საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზეთის მთავრობამ დაიქირავა ტერორისტების ჯგუფი, რათა მოლაპარაკებები ჩაეშალადა და ტერორისტული აქტი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის დაებრალებინა. თავდაპირველად მთავრობის სასახლესთან ტერორისტული აქტის მოწყობა გახლდათ დაგეგმილი, მაგრამ ეს მეტ ძალისხმევას და უსაფრთხოებას მოითხოვდა. შემდეგ ამაზე ხელი აიღეს და უფრო მეტი რეზონანსის გამოწვევის მიზნით გადაწყდა, უდანაშაულო ხალხი დაეხოცათ და ხელი რუსეთისკენ გაეშვირათ. იმედია, თქვენმა ექპერტებმა უკვე დაადგინეს, რომ ნაღმი რუსული წარმოების გახლდათ. ზუსტად ისეთი, რომელთაც რუსები ავღანეთში, ერაყსა თუ სხვა ქვეყნებში იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნაღმი ხელნაკეთი გახლდათ. მოგეხსენებათ, რუსეთის სპეცსამსახურებს ეხერხებათ ასეთი ხრიკები, რათა თავიდან აიცილონ პირდაპირი ბრლადებები. აბა „Made in Russia”-ს ხომ არ დააწერენ? ზუსტად იმავე მეთოდით გახლდათ ტერორისტების ბომბიც დამზადებული. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო რუსების მამხილებელი და დამადასტურებელი მათი ტერორისტულ აქტში მონაწილეობისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დეტონატორი ისე იყო აწყობილი, რომ გამნაღველებმა ვერაფერი გაუგეს და იძულებული გახდნენ იქვე აეფეთქებინათ.
ოპერაციის განხორციელებაში მინაწილეობდა შვიდკაციანი ჯუფი. მათ შანტაჟის გზით დააშინეს აეროპორტის უსაფრთხოების ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ერთ-ერთ მგზავრს ბარგი შემოწმების გარეშე შეატანინა თვითმფრინავში.
- ვინ და რა შანტაჟის გამო?
- ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ გეტყვით - აეროპორტის გამშვები პუნქტის უსაფრთხოების უფროსი ვინმე რომან ვალიევი. მისი დანაშაული, რა თქმა უნდა დიდია, მაგრამ მის ოჯახს სამი ტერორისტი შეუვარდა და ცოლ-შვილის ამოწყვეტით ემუქრებოდნენ, თუ ერთ-ერთი მგზავრის ხელ-ბარგს თვითმფრინავში არ გაატარებდა.
ოპერაცია კარგად იყო დაგეგმილი და შესრულებადიც, რომ არა ბოლო წუთებში მათი ჩაშლილი გეგმები ჩემი ზარის წყალობით. შვიდიდან ექვსი ტერორისტი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და თქვენ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ისინი დააკავონ და თქვენ გადმოგცენ. სამი ჩეჩნეთშია, ერთი მოსკოვში და ორიც როსტოვის ოლქში. მეშვიდე კი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება და მისი დაკავება ცოტა გვიან მოგიწევთ. ამაში რუსეთის მთავრობა დაგეხმარებათ და მოგვიანებით მასაც დააკავებენ.
- თქვენ, ამდენი, საიდან იცით? - მართლაც ვეღარ დამალა გაოცება მუჯირმა.
- ბატონო ილია, მომიტევეთ, მაგრამ მე თქვენ იმ ინფორმაციას გაწვდით, რისი თქმის უფლებაც მაქვს. მოდი ასე ვთქვათ, მე მყავს ძალიან გავლენიანი პატრონი, ვის ბრძანებებსაც ვასრულებ და გაწვდით ზუსტად იმ ინფორმაციას, რასაც ის მოისურვებს. იმის იქით მეტის თქმის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია.
- ეხლაღა დაეჭვდა მუჯირი, რომ გიორგი თავად ერთ-ერთი სპეცსამსახურის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ უნდა სცოდნოდა იმდენი რამ, რაც იცოდა. მარტო ექსტრასენსობით ამას ვერ გაამართლებდა, თუმცა ის-ის იყო უკვე მუჯირმა ლამის მართლა დაიჯერა, რომ გიორგის ზებუნებრივი ნიჭი ჰქონდა.
- აი, თურმე საიდან იცის ჩემი საქმეები და მათ შორის გაუხსნელიც კი. დანარჩენი კი უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა იყო - ფიქრობდა მუჯირი და წონიდა მიღებული ინფორმაციის სიმძიმეს.
- გასაგებია, რომ თავად შემოგზავნილი ხართ ინფორმაციის მოსაწოდებლად და დაახლოებით ვხვდები, რომ თავადაც ძლიერი ორგანიზაციის თანამშრომელი ხართ, მაგრამ მაინც გამაოცეთ. გარდა ამისა, საქმე იმაშია, რომ რუსულ მხარეს ჩვენ მხოლოდ მშრალი ინფორმაციით ვერ დაველაპარაკებით, საჭიროა მტკიცებულებები.
- მტკიცებულებებს მიიღებთ ვალიევისგან, რომელსაც დაკითხავთ. შემდეგ კი ვიდეოკამერებიდან ჩანაწერებს ამოიღებთ და ჯგუფის ყველა წევრის სახეებს დაადგენთ. მე კი მათ სახელებს და მისამართებს გეტყვით.
ამ მასალით წარუდგებით რუსულ მხარეს. პირადად თქვენ არა, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები და ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩვენი მხარე სიმართლეს ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ტერორისტების დაკავება მათ ინტერესებშიც რომ არ შედიოდეს, ისინი ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისინი აუცილებლად გადმოგცემენ დაკავებულებს და ამით ქულებსაც კი ჩაიწერენ ჩვენი მთავრობის წინაშე.
რაც შეეხება თქვენს ახლადაღმოჩენილ დასკვნებს, რაც გულში გაიფიქრეთ, ბატონო ილია, მე არცერთი სპეცსმსამსახურის თანამშრომელი არ გახლავართ - გაუღიმა გიორგიმ მუჯირს.
ილია ცოტა ხანს დაფიქრებული დადიოდა დაკითხვის საკანში და უხმოდ აანალიზებდა მიღებულ ინფორმაციას. შემდეგ გიორგის მოუბრუნდა და ჰკითხა:
- თქვენ ახსენეთ ჩემი გაუხსნელი საქმეები და ისიც თქვით, რომ იცით დამნაშავეების ადგილმდებარეობა. რა იყო ეს, თვალში ნაცარს მაყრიდით?
- არავითარ შემთხვევაში, ბატონო ილია - ნაწყენი სახე მიიღო გიორგიმ - ჩემი ყოველი სიტყვა სიმართლეა და ამას დაგიმტკიცებთ კიდეც. თქვენ ამ საქმეებს აუცილებლად გახსნით.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ მექსიკელი ტურისტის(როგორც თქვენ ასახელებთ მკვლელად) და შამუგიას ზუსტი ადგილმდებარეობები იცით?
- დიახ, ბატონო ილია, ვიცი და გეტყვით კიდეც, ოღონდ ჯერ ეს საქმე დაასრულეთ. გადაეცით მიღებული ინფორმაცია ჩადრიშვილს და შემდეგ ჩვენ დავუბრუნდეთ სხვა საქმეებს. ამ საქმემ კი უნდა მიიღოს მსვლელობა და ბოლოს და ბოლოს, მეც არ მინდა საკანში დაუსრულებელი ვადით ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება მაინც წამიყენეთ, რომ როგორმე დაგეტოვებინეთ პატიმრობაში.
- კი, მაგრამ...
- მესმის, ბატონო ილია, მესმის, რომ თქვენ არ მიგიძღვით „წვლილი“ ამაში და არც გიბრაზდებით - გაუღიმა გიორგიმ - მაგრამ, როდისმე ხომ უნდა გამიშვათ ეს უდანაშაულო კაცი?!
...და კიდევ: გამოიყვანეთ ის საწყალი კაცი, ვასო ბედოშვილი, „ნასედკად“ რომ შემომიგზავნეთ კამერაში. ძალათი აჯაჯუშებინებენ თქვენი კოლეგები და „სროკზე“ გაშვების მუქარით აიძულებენ ამას. ცოდოა ის კაცი, მოიხადა სასჯელი და დაანება ნარკოტიკებს თავი. ოჯახს მოეკიდა და ნუ გაუმწარებთ სიცოცხლეს. არ გემსახურებათ ის კაცი ნებაყოფლობით. გაანებონ თავი, ძალიან გთხოვთ!
- ეს მე არ ვიცოდი და გავარკვევ ყველაფერს.
ილიამ დაკითხვა დაამთავრა და ბადრაგს ანიშნა, პატიმარი საკანში დაებრუნებინა.
***
ვალიევმა, რომელიც გიორგის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე დააკავეს, აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაწვრილებით მოუყვა გამომძიებელს, როგორ დაემუქრნენ ტერორისტები ოჯახის განადგურებით, თუ მითითებულ ბარგს თვითმფრინავისკენ არ გაატარებდა. მათ არ უთქვამთ, რომ ეს ასაფეთქბელი მოწყობილობა გახლდათ, რამეთუ იყო რისკი, ბოლო წამს ვალიევს გაეწირა ოჯახი და მგზავრები გადაერჩინა. ამიტომ, მას უთხრეს, რომ ჩემოდნით დიდი რაოდენობით ფული გადაჰქონდათ და მცირე თანხას ისიც მიიღებდა. მიიღო კიდეც. მას 5 ათასი ლარი გადაუხადეს. ვალიევმა კამერების ავლით, დიპლომატიური გასასვლელით ბარგი კონტროლის გარეშე გაატარა და ამით თავისი ოჯახიც გადაარჩინა და სარგებელიც მიიღო. თუმცა, ტერორისტები მანამდე აპირებდნენ მის სახლში დარჩენას, ვიდრე თვითმფრინავი არ აფრინდებოდა. ვალიევს იმედი ჰქონდა, რომ აფრენისთანავე ის ინფორმაციას მიაწვდიდა შესაბამის ორგანოებს და თვითმფრინავის დასმის შემდეგ უკონტროლოდ გაშვებულ ბარგს მაინც დააკავებდნენ. მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ტერორისტების მიზანი სულ სხვა გახლდათ და ისინი არც კი ფიქრობდნენ, რომ თვითმფრინავი რეისს შეასრულებდა და დანიშნულების ადგილს მიაღწევდა. ტერორისტები ვალიევს უთვალვალებდნენ და დარწმუნდნენ რა, რომ ჩავარდნილი ოპერაცია მისი ბრალი არ ყოფილა, დაანებეს თავი მასაც და მის ოჯახსაც, რადგან უკვე საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ და ქვეყანა სასწრაფოდ დაეტოვებინათ,
ასეა თუ ისე, ვალიები დააკავეს და მანაც გულწრფელად აღიარა ყოველივე.
მისი ჩვენების შემდეგ საქმის გახსნა რთული აღარ გახლდათ. გამოძიება თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა კემერების კვალს და ყველა თანამონაწილის სახე დაადგინა. მათი ვინაობა კი ილია მუჯირს გიორგიმ დაუსახელა.
- ბატონო მერაბ, საქმე თითქმის გახსნილია - მეტეორივით შევარდა ილია ჩადრიშვილის კაბინეტში - აი მტკიცებულებები - და მივარდა მაგიდაზე მდგარ კომპიუტერს, რათა მეხსიერების ბარათი ჩაეტვირთა, სადაც ყოველივე ერთად იყო შეკრებილი.
- მოიცა, ადამიანო, ჯერ ამოისუნთქე და გამაგებინე, რაშია საქმე - გაუბრაზდა ჩადრიშვილი.
- ეხლავე, ბატონო მერაბ, ეხლავე აგიხსნით ყველაფერს - ილიამ მეხსიერების ბარათი გახსნა და დაიწყო მშვიდად და დალაგებულად ყოველივე იმის ახსნა, რაც თავად უკვე იცოდა.
ჩადრიშვილი ყურადღებით უსმენდა და ხელებს სიამოვნებისგან იფშვნეტდა. უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, რა სიამაყით წარსდებოდა მინისტრის წინაშე და მოახსენებდა, რომ ასე მოკლე დროში შეძლეს საქმის გახსნა და ტერორისტების დადგენა.
როდესაც მუჯირი ყველაფერს მორჩა და თავისუფლად ამოისუნთქა, ჩადრიშვილს თხოვნით მიმართა:
- ბატონო მერაბ, ყიფიანი უნდა გავათავისუფლოთ, ის უდანაშაულოა. ამასთან ერთად, ის გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას და ბევრ საქმეშიც დაგვეხმარება. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ძველი, გაუხსნელი საქმეები ჩამაბაროთ. იმედი მაქვს, რომ ყიფიანის დახმარებით მათ ყველას გავხსნით.
- თქვენ რა გაგიჟდით? - განცვიფრება ვერ დამალა ჩადრიშვილმა - ვიღაც შარლატანის ანკესზე წამოეგეთ და ეხლა გინდათ, მეც გამაბრიყვოთ? ჯერ ის გაარკვიეთ, საიდან იცის ყიფიანმა ამდენი რამ. ეჭვიც არ მეპარება, რომ თავადაც თანამონაწილეა და რადგან დავაკავეთ, თავისი ამფსონები ჩაუშვა. მათ შეახოცა ხელები, რომ თვითონ მშრალზე გამოძვრეს.
გაშვება კი არა, კეთილი ინებეთ და მის შესახებ ყველაფერი გამოიკვლიეთ: ვინ შემოაგზავნა, რა მიზნები ამოძრავებს, რატომ გათქვა თანამონაწილენი და სხვა.
- უკვე გამოვიკვლიეთ, ბატონო მერაბ, აკი მოგახსენეთ კიდეც - თავის მართლება სცადა მუჯირმა.
- ესე იგი, ვერ გამოიკვლიეთ კარგად. არ შეიძლება, უბრალო, ცინგლიან ყმაწვილს ამხელა ინფორმაცია ჰქონდეს, თუ თავად არ არის მონაწილე. იქნებ მოისყიდეს? იქნებ დაავალეს, რომ ასე ელაპარაკა?
- როგორ, ბატონო მერაბ, რომ ტერორისტული აქტი ჩაეშალა და მგზავრები გადაერჩინა?
- დიახ. შეიძლება ხალხის დახოცვა არც ჰქონდათ გეგმაში და ეს ყველაფერი მხოლოდ შესაშინებლად იყო დაგეგმილი?
რაც შეეხება ძველ საქმეებს, ჯერ ეს საქმე დავასრულოთ. დავადგინოთ ყიფიანის როლი ყოველივე ამაში და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. საქმის გახსნისთვის კი მადლობას გიხდით. თუმცა ვფიქრობ, სწორედ ასე ხომ არ ჰქონდათ დაგეგმილი ტერორისტებს? რაღაც ძალიან იოლად გაიხსნა და ცოტა ეჭვიც კი მეპარება, ხომ არ გვაბითურებენ ყველას?
ყიფიანი მთავარი ფიგურაა, რომ ეს რებუსი ამოვხნათ. თქვენ კი მის გათავისუფლებაზე მელაპარაკებით. გამაოცეთ პირდაპირ.
როდესაც ილიამ ჩადრიშვილის კლაბინეტი დატოვა, მერეღა გაახსენდა ყიფიანის სიტყვები: „თქვენ შეხვალთ ჩადრიშვილთან კაბინეტში და ჩემს გათავისუფლებას მოსთხოვთ, მაგრამ ის უარს გეტყვით და 28 დღე აქ მაყურყუტებსო.“
ისიც გაახსენდა, როგორ უპასუხა, არაფრისდიდებით ამას არ გავაკეთებო. გაახსენდა ეს ყოველივე და შეაჟრჟოლა. რა ხდება მის თავს? ვინ არის ეს ყიფიანი, ასეთი დიდი გავლენა რომ მოახდინა მასზე და ლამის ძილი დააკარგვინა? თითქოს ენდობოდა ბოლომდე, ისე მოაჯადოვა ამ ყვაწვილმა, მაგრამ ვაი თუ ჩადრიშვილი მართალი აღმოჩნდეს და გვაბითურებდეს ყველას? - ფიქრობდა ილია - მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ არსებობს საღი აზრი, ლოგიკა? რაში უნდა სჭირდებოდეს ეს ყიფიანს? გასაგებია, რომ თავისი ნიჭიერების გამო, რომელიმე საიდუმლო სპეცსამსახურის თანამშრომელია და მათ დავალებებს ასრულებს, მაგრამ არა მგონია ეს უცხო, ჩვენი სახელმწიფოს მტერი ქვეყნის სპეცსამსახურები იყოს. მთავარი ხომ შედეგია და ჩვენ რა მივიღეთ? - გავხსენით საქმე და დავადგინეთ ტერორისტები. მაშ სხვა რა მიზანი უნდა ამოძრავებდეს ყიფიანს და მის ბოსებს? არ ვიცი, არ ვიცი, ამაზე შემდეგ ვიფიქრებ და ვეცდები გამოვტეხო, ვის სამსახურშია. მაგრამ ეჭვი მეპარება, გათქვას. მეორეს მხრივ, მან იმდენი რამ იცის ჩემზე, რაში უნდა სჭირდებოდეს თუნდაც ყველაზე ზესაიდუმლო სპეცსამსახურებს ჩემს საქმეებში ასე დაწვრილებით ქექვა? გასაოცარია. ან საიდან უნდა იცოდეს იმდენი რამ, რაც არცერთ სპეცსამსახურს არ შეიძლებოდა ცოდნოდა - ჩემს შვილს ვეჩხუბე თუ არა, გულში რა გავიფიქრე, ისიც კი. არა, ეს წარმოუდგენელია. იქნებ, მართლაც, არცერთი ორგანიზაციის წევრი არ არის და სიმართლეს ამბობს? ამ ბიჭს მართლაც აქვს რაღაც ზებუნებრივი ნიჭი თუ უნარი. ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, მაგრამ მე, როგორც გამომძიებელი, ყოველთვის დამდგარი შედეგიდან გამოვდივარ. არ ვიცი ჩადრიშვილი რა ჰიპოთეზებს აგებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კაცმა საქმე გაგვახსნევინა და ეს მხოლოდ დადებით შედეგად შეიძლება ჩაითვალის. რაში უნდა აწყობდეთ ტერორისტებს, რომ ჩვენ მათი ვინაობა დავადგინოთ და შესაძლოა დავაკავოთ კიდეც? ასეა თუ ისე, თუ ყველაფერი კარგად აეწყო და რუსეთის მხარემ ტერორისტები გადმოგვცა, ყველაფერს ფარდა აეხდება და ვნახოთ მერე, რას იტყვის ჩადრიშვილი - თავს იმშვიდებდა მუჯირი.
სწორდ ამ დროს, როდესაც ილია ასეთ ფიქრებში იყო, ჩადრიშვილი მინისტრის კაბინეტში იჯდა და ყოველივეს მინისტრს უამბობდა. როგორც კი მინიტრმა ბოლომდე მოისმინა მერაბის მოხსენება, მაშინვე აკრიფა ნომერი და პრეზიდენტთან ვიზიტი მოითხოვა.
პრეზიდენტმა თავის მხრივ მოუსმინა მინისტრს და მისცა დავალება, დაერეკა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ყოველივე ეცნობებინა და ტერორისტთა საქართველოსთვის გადმოცემა ეთხოვა.
მინისტრიც დაბრუნდა თუ არა თავის კაბინეტში, მაშინვე დაურეკა პოტაპოვს.
- იური სემიონიჩ, მოგესალმებით ძვირფასო - საქართველოს უშიშროების მინისტრი, ლევან გიორგაძე გაწუხებთ - მიესალმა რუსეთის მაღალჩინოსანს ქართველი მინისტრი - როგორ ბრძანდებით, ხომ კარგად ხართ?
- ლევან ვახტანგოვიჩ, თქვენ ხართ? - მოისმა მეორე მხრიდან - გამიხარდა თქვენი ხმის მოსმენა. არა გვიშავს, არა გვიშავს. რამ შეგაწუხათ, მეგობარო?
- იური სემიონიჩ, საქმე ეხება თვითმფრინავის აფეთქების მცდელობას, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენთან, იცით ალბათ.
- დიახ, რა თქმა უნდა. მადლობა ღმერთს, რომ უმსხვერპლოდ დამთავრდა. ჩვენ რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ?
- ჩვენმა გამომძიებლებმა საქმე ოპერატიულად გახსნეს და დაადგინეს, რომ ტერორისტები, ვინც ეს აქტი დაგეგმა და ასრულებდა, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ჩვენ გვინდოდა თქვენთვის მათი დაკავება და საქართველოში ექსტრადიცია გვეთხოვა. რა თქმა უნდა, ამას ოფიციალურად გავაკეთებთ და სრულ დამამტკიცებელ მასალას გამოგიგზავნით, მაგრამ მინდოდა წინასწარ გამესაუბრა თქვენთან და მეცნობებინა ამის შესახებ. თანაც ჩვენ ძველი მეგობრობა გვაკავშირებს და ესეც გამოვიყენე, ასე ვთქვათ - ჩაიღიმა მინისტრმა.
- რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო, ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც საჭიროა, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.
- ვიცი, იური სემიონიჩ, როგორ არა. წინასწარ მინდა გაცნობოთ, რომ ტერორისტული აქტი დაგეგმილი გახლდათ იმისთვის, რომ ეს თქვენი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის დაებრალებინათ და ჩვენს ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაეშალათ. ამიტომ, ვიმედოვნებ, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. გადაეცით „იქ“, ვინც წყვიტავს ასეთ საკითხებს, რომ თქვენი მხრიდან ამ საქმეზე დახმარება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის აღდგენის დაჩქარებას.
- ოოო, ეს ძალიან სამწუხაროა, ბატონო ლევან. ჩვენ ყოველთვის გვყავდა მტრები და არამოსურნენი. ხომ ხედავთ, იქამდეც კი მიიყვანეს ჩვენი ურთიერთობები, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ომიც კი გაგვაჩაღებინეს. გასაგებია ყველაფერი. თქვენ მასალები გადმოგზავნეთ და მე მჯერა, რომ ყოველივე თქვენ და ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება.
- დიდი მადლობა, იური სემინოიჩ. კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან.
- დიახ, გისმენთ, ლევან ვახტანგოვიჩ.
- საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება მის დასაკავებლად. ამიტომ, გთხოვთ შუამდგომლობას, რომ ის თქვენი დახმარებით საქართველოში ჩამოვიყვანოთ და სხვა ტერორისტებთან ერთად გავასამართლოთ. ჩვენი მასალებიდან თქვენ შეიტყობთ, რომ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში სწორედ აფხაზეთის მთავრობის ხელი ურევია.
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ პოტაპოვმა პირობა მისცა, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებდა და საუბრის შესახებ დაწვრილოებით მოახსენებდა „იქ, ზემოთ“.
სხვა შემთხვევაში ლევან გიორგაძეს არავითარი იმედი არ ექნებოდა, რომ რუსეთისგან რაიმე დახმარებას მიიღებდა, მაგრამ რადგან ეს მათაც ეხებოდათ და ტერორისტები იმ ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც თავად რუსეთსაც ებრძოდა, ამიტომ პატარა შანსი იმისა, რომ ტერორისტებს დაიჭერდნენ და საქართველოს გადმოსცმედნენ, მაინც არსებობდა. თუმცა, არავითარი ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ აფხაზეთის მთავრობას არავითარი სასჯელი არ შეეხებოდა და ის მშრალად გამოვიდოდა, როგორც ყოველთვის, რამეთუ მაინც რუსეთის მფარველობით სარგებლობდა. ის ადვილად გაიმართლებდა თავს თავის დიდ ბატონთან, თუ რატომ ჩაიფიქრა ამ ტერორისტული აქტის განხორციელება.
რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ეს არ მოხდებოდა, ამას სულ ცოტა 2-3 კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ ის მაინც რომ სცოდნოდათ, რუსეთი ნამდვილად დააკავებდა და გადასცემდა ტერორისტებს საქართველოს მხარეს, ეს გიორგაძესაც და სხვა ბევრსაც დიდ შვებას მიანიჭებდა.
***
ნინო მეტრეველმა კიდევ ერთხელ დიდი მოწიწებით სთხოვა მუჯირს დაკავებულთან შეხვედრა, მაგრამ სასტიკი უარი მიიღო. მიუხედავად ყიფიანის ახსნა-განმარტებისა, მუჯირი აღარ აპირებდა ფოცხისთვის მეორედ ფეხის დაბიჯებას და გააფთრებული ჩადრიშვილის მხრიდან დამცირებას და მიწასთან გასწორებას. ეხლა ეს მისთვის დათუაშვილს კი არა, თავად პრეზიდენტს რომ ეთხოვა, იმასაც უარს ეტყოდა. ნინო ასეთ რეაქციას ელოდა და აღარ უცდია ყიფიანთან შეხვედრა, თუმცა ძალიან სურდა. იმედი ჰქონდა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ და მერე შეძლებდა მასთან იმდენ ხანს საუბარს, რამდენსაც მოისურვებდა.
შოთას მამის შეწუხება აღარ უნდოდა. მითუმეტეს, რომ უარს ელოდა და არ უნდოდა ამ კაცის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. ამიტომ, თხოვნით პირდაპირ მუჯირთან მივიდა და რა პასუხიც მიიღო, უკვე ვიცით.
სცადა მაინც. ნუ, არ გამოვიდა, არ გამოვიდა.
როგორც კი მუჯირმა ნინო მტკიცე უარით გაისტუმრა, თავად გამოითხოვა ყიფიანთან შეხვედრა და დაკითხვის საკნისკენ გაემართა.
მცირე პროცედურების შემდეგ მუჯირმა გიორგის მიმართა:
- თქვენ მართალი იყავით. ჩადრიშვილმა თქვენი გათავისუფლების თხოვნაზე მტკიცე უარი განაცხადა. ეხლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გულწრფელი იქნებით და რა დოზით მოგვაწოდებთ სიმართლეს როგორ თქვენს შესახებ, ასევე ტერორისტებთან კავშირის შესახებ.
- ბატონო ილია, ნუ აყვებით ჩადრიშვილის ფანტაზიებს. მე თქვენ სრული სიმართლე გითხარით და თუ კიდევ არ გჯერათ, ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როდესაც ტერორისტებს გადმოგცემენ და მათ დაკითხავთ. თუმცა, მე ვიცი, რომ არ გჯერათ, მაგრამ ვალდებული ხართ მისი მითითებები შეასრულოთ და ასე მოიქცეთ. მე ისიც გითხარით, რომ არ გამიშვებდა და შემდგომ, თქვენ ეს ყველაფერი გაგახსენდათ, როდესაც მისი კაბინეტიდან ჩაფიქრებული გამოხვედით - უპასუხა ყიფიანმა გამომძიებელს.
მუჯირი ეცადა განცვიფრება დაემალა, მაგრამ ეს ცუდად გამოუვიდა. ის არ იყო დაჯილდოებული მსახიობის ნიჭით. ძალიან გულწრფელი და პირდაპირი ადამიანი გახლდათ, თუმცა თავშეკავების და მშვიდი განსჯის უნარი ამ ადამიანს კარგად დააბერტყა უფალმა. მან ოდნავ ჩაახველა და დაკითხვა განაგრძო:
- თქვენი ექტსრასენსობის ნიჭი დასაფასებელია, მაგრამ მოდი საქმეზე გადავიდეთ. მე კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა კავშირი გაქვთ ტერორისტებთან და საიდან გაქვთ ის ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეთ? საიდან იცით შვიდივე ტერორისტის ვინაობა და მისამართებიც კი?
- ბატონო ილია, მე მოკლე პასუხით შემოვიფარგლები - ინფორმაციის მთავარ წყაროს ვერ დაგისახელებთ. თუ გნებავთ, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო, დაე, ასე იყოს. მაგრამ, არა მგონია, აქედან თქვენ რაიმე სარგებელი მიიღოთ. გასაგებია, რომ ჩადრიშვილის მითითებებს ასრულებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გირჩევთ, ნუ აყვებით მის უნიჭოდ შეთითხნილ ვერსიებს და თქვენი საღი აზრი და ლოგიკა გამოიყენეთ, როგორც გჩვევიათ. კიდევ გიმეორებთ, ტერორისტების დაკითხვის შემდეგ თქვენ მთლიან სურათს მიიღებთ. ინფორმაციის წყაროს კი ვერასდიდებით ვერ დაგისახელებთ, ჯერჯერობით მაინც...და როცა დავმეგობრდებით, მერე გეტყვით. ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ, ისევ ჩადრიშვილის მითითებებით გააგრძელებთ ჩემს დაკითხვას და დამადუმებთ, თუ გულახდილ საუბარს ამჯობინებთ.
- მეგობრობის რა გითხრათ, შეიძლება დავმეგობრდეთ კიდეც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩადრიშვილის მითითებები არაფერ შუაშია. არის დარჩენილი კითხვები და გამოძიებას აინტერესებს მასზე პასუხები. რადგან არ გინდათ პასუხების გაცემა, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ისევ ეჭვმიტანილი ხართ. ეგ თქვენი წინასწარმეტყველება კი, 28 დღის შემდეგ გათავისუფლების შესახებ, მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი. სავსებით დასაშვებია, რომ თქვენც, ისევე როგორც ტერორისტებს, დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა გემუქრებოდეთ.
გიორგიმ გულიანად გაიცინა:
- როგორ მინდა, რომ გჯეროდეთ, რასაც ამბობთ, ბატონო ილია. მაგრამ რა ვქნათ, რომ ასე არ არის? მსახიობობა თქვენ არ შეგიძლიათ და აშკარაა, რომ არ გჯერათ საკუთარი ნათქვამის.
მე კი უკვე მესამედ გიმეორებთ, რომ ყველაფერს შეიტყობთ ტერორისტების დაკითხვის შემდეგ.
- ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ რუსეთის მხარე ტერორისტებს გადმოგვცემს?
- დიახ, აუცილებლად, ზუსტად 3 კვირაში. მომდევნო სამი დღის განმავლობაში მათ თქვენ დაკითხავთ და როგორც უკვე გითხარით, ჩემი აქ ყოფნის 28 დღის შემდეგ გამათავისუფლებთ.
- არ ვიცი ასეთი დასკვნები საიდან გამოგაქვთ. ასეც რომ იყოს, და მართლაც ასე ახდეს ყველაფერი, ჯიბრში რომ ჩაგიდგეთ და 29 დღე გაგაჩეროთ, მერე რაღას იტყვით?
- ბატონო ილია, თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც ასე იქცევა. თქვენ სინდისი არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ჯიბრში ჩამიდგეთ და იმის გამო, რომ ჩემი სიტყვები არ ასრულდეს, ზედმეტად, უაზროდ დამაყოვნოთ აქ. თქვენ იმასაც მპირდებოდით, რომ არაფრისდიდებით არ სთხოვდით ჩადრიშვილს ჩემს გათავისუფლებას, მაგრამ მალე დაივიწყეთ დანაპირები და მოიქეცით ისე, როგორც ჭკუადამჯდარი და პატიოსანი გამომძიებელი მოიქცეოდა. თქვენი ქადილი კი მხოლოდ მაშინ გაგახსენდათ, როდესაც ჩადრიშვილის კაბინეტიდან გამოხვედით. განა ასე არ იყო? - გაუღიმა გიორგიმ გამომძიებელს.
- უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ასე იყო.
- გარდა ამისა, ჩემი ზედმეტად აქ დაყოვნება თქვენ არაფერ სარგებელს არ მოგიტანთ. პირიქით, უფრო გააფუჭებს თქვენს ჩემთან ურთიერთობას. მე კი ძალიან სასარგებლო შემიძლია ვიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ, რას გასწავლიდათ მამა ისიდორე: „ყოველთვის ისე მოიქეცი, როგორც სინდისი გიკარნახებს და არა ისე, როგორც უფრო მოსახერხებელია ამა თუ იმ მომენტში. საკუთარ სინდისს ვერ მოატყუებ. ის ყოველთვის გამხელს“.
რას გეუბნებათ თქვენი სინდისი, ბატონო ილია?
- თქვენ მამა ისოდორეს მრევლი ხართ?
- არა, არც კი ვიცნობ.
- მაშ, საიდან იცით ამდენი?
- მამა ისოდორე წმინდა მოძღვარია. მისი სწავლებები კი სულისთვის დიდად შესარგი.
- ააა, თქვენ მისი სწავლებები გაქვთ წაკითხული? არ ვიცოდი თუ სადმე იწერებოდა მისი დარიგებები.
- არსად არ იწერება, ბატონო ილია. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. არა და კარგი იქნებოდა რომ იწერებოდეს, იმდენი სიბრძნე იფრქვევა მისი ბაგეებიდან. მრევლი მონუსხულივით უსმენს, მაგრამ არავის აზრადაც არ მოსვლია, ისინი ჩაეწერა და სამუდამოდ აღებეჭდა ქაღალდზე. მამა ისიდორე კი არ არის ის კაცი, სოციალურ ქსელებში იჯდეს და აზრებს აფრქვევდეს.
სოციალურ ქსელებში მჯდომი სასულიერო პირები კი ნახეთ, როგორ განიკითხავენ, არათუ უბრალო მოკვდავთ, არამედ სასულიერო პირებსაც კი. მათი ე.წ. მრევლი კი პირდაფჩენილი უსმენს და თავადაც ვარდება განკითხვის ცოდვაში. დღეს მოდაში შემოვიდა ყველაფერზე მხილების დარქმევა. „ამხელენ“ თავიანთი ჭკუით და მდინარესავით კი არა, ჩანჩქერივით მოედინება ცოდვების კორიანტელი სოციალური ქსელებიდან.
ადამიანს აღარ უნდა ღვთის ტაძარში სიარული. აგერ ყავს მღვდელი ფეისბუიქზე, შევა და ისიც დალოცავს. მოსახსენებელს მიაწვდის და ისიც შეპირდება, რომ მოიხსენიებს. უკვე აღსარებასაც კი აბარებენ ვოდეოპლატფორმებით. ერთი ზიარებას ვერ უხერხებენ ვერაფერს, თორემ იმასაც გადაიტანდნენ სოციალურ ქსელებში.
ღმერთს კი რა უნდა? ადამიანის გულწრფელი სიყვარული და ერთგულება. ვისაც ეკლესიაში სიარული ეზარება, ის ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი.
ვისაც ხეზე აძრომა ეზარება, ის მოკრეფილის ღირსი არ არის და მხოლოდ ძირს ჩამოცვენილით უნდა დაკმაყოფილდეს.
აკი, უდებება სასიკვდილო ცოდვათა სიაშიც კია შესული, ეს ხომ იცით, ბატონო ილია?
- მე დიდ მორწმუნედ ვერ ჩავთვლი თავს. დავდივარ ეკლესიაში შეძლებისდაგვარად, აღსარებას ვაბარებ და ვეზიარები. მე მასე ღრმად არ ვარ ჩახედული არც სოციალურ ქსელებში და არც სასულიერო პირების ცხოვრებაში. ან რა ჩემი საქმეა, ვინ ვის განიკითხავს?
- მართალიც ბრძანდებით, ბატონო ილია. ეს ჩვენი საქმე არაა. მე მხოლოდ ის მინდოდა თქვენთვის დამენახვებინა, რამდენაც წმიდა მამა გყავთ, ისიდორე.
- თქვენ, როგორ ჩანს, რელიგიურ საკითხებში კარგად ერკვევით.
- არც ისე კარგად, ჩემო ბატონო. ვცდილობ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის ეს. უბრალოდ, კარგი მასწავლებელი მყავს და ძალიან მინდა, მას დავემსგავსო. ის ძალიან ბევრს მასწავლის და მეც ვცდილობ, დავიმახსოვრო ყოველივე და ისე ვიცხოვრო. მყავს ასევე არაჩვეულებრივი მოძღვარი მამა იოანე, სანთელივით კაცი, წმიდა გულით და სიბრძნით სავსე გონებით. ისიც ბევრ რამეს მასწავლის ხოლმე.
- მაინც რას გასწავლით?
- ბევრ კარგ რამეს.
- მაგალითად?
- მაგალითად:
ადამიანი ტირილით იბადება და ტირილით კვდება. დაბადებისას ტირის იმიტომ, რომ იცის, სადაც მოვიდა, ხოლო სიკვდილისას ტირის იმიტომ, რომ არ იცის, სად მიდის;
სიცოცხლე არ არის ყველაზე მთავარი, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია. მასზე ძვირფასი უამრავი რამ არის ქვეყანაზე, თუნდაც სხვა ადამიანების სიცოცხლე;
ვისაც მთელი სიცოცხლე სიყვარულში, კეთილშობილებასა და სათნოებაში გაუტარებია, მისთვის სიკვდილი არარაობად იქცევა.
ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სიკვდილი მეგობარია და არა მტერი.
- მაგაში ვერ დაგეთანხმებით. მივხვდი რასაც გულისხმობთ, მაგრამ ადამიანები მაინც ცოდვილები ვართ და სიკვდილს უმეტეს შემთხვევაში ჯოჯოხეთში მივყავართ და არა სამოთხეში. თქვენ გაქვთ გარანტია, რომ სამოთხეში მოხვდებით?
- არა, რა თქმა უნდა. მოდი სხვა თვალით შევხედოთ, ბატონო ილია. სიკვდილი არ არის ადამიანის მტერი. მას არ მოაქვს ცოდვები. ცოდვებს ადამიანი სიცოცხლეში ჩადის, სიცოცხლეშივე იღუპავს თავს ან ემზადება მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენ რომ სულის ცხონებას ვეძახით. სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ გადამყვანი გიდია, ასე ვთქვათ. როგორც იცხოვრებს ადამიანი და სადაც უფალი მიუჩენს ადგილს, იქ წაიყვანს სიკვდილიც. თანაც, თქვენ, როგორც ქრისტიან კაცს, კარგად უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ სულის სიკვდილი არ არსებობს. არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს ქართველებს - გარდაცვალება. სამწუხაროდ, ადამიანთა უმეცრების გამო ეს დიდ ტრაგედიად აღიქმება. არადა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დიდი ბედნიერებაც კია სულისთვის, შვება და ნეტარება. ადამიანის გარდაცვალება კი არ გახლავთ ტრაგედია, არამედ ის, თუ რამდენად ცოდვილი იყო ის სიცოცხლეში.
უფალზე ფიქრით სიკვდილი ბედნიერებაა, უფლის სახელით სიკვდილი – ძალიან დიდი ბედნიერება, ხოლო უფლის სახელის გამო სიკვდილი – უდიდესი ნეტარება. ასე მასწავლის ჩემი მოძღვარი.
- კი, ეს მასეა, მაგრამ მაინც...ღმერთმა ადამიანი სიცოცხლისთვის შექმნა.
- დიახ, ღმერთმა ადამიანი სიცოცხლისთვის შექმნა, მან კი თავისი ცოდვებით სიკვდილი აირჩია. მაგრამ ღმერთს ისე ძლიერად უყვარს ადამიანი, რომ თავისი ძე გამოგზავნა, რათა ჯვარზე გაკრულიყო და ადამიანთა ცოდვები გამოესყიდა. ცოდვა კი კვლავაც არსებობს, მრავლდება და წარსაწყმედელისკენ მიყავს ადამიანი. მაშ, რა არის ასეთ დროს ყველაზე მთავარი?
- და რა არის?
- ზრუნვა ცხონებისათვის, ანუ მზადება გარდაცვალებისათვის და სიკვდილთან შესახვედრად.
- ეგ ძალიან მოკლე პასუხია. ცხადია, რომ ცხონება ყველას სურს, მაგრამ ეს ხომ ასე იოლი არ არის?!
- რა თქმა უნდა, იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია. თუ ღმერთს შეუშვებ გულში, ის სულ შენთან იქნება და დაგეხმარება ამაში. სოცოცხლე გამუდმებული ბრძოლაა ცოდვებთან და როდესაც უფალთან წარსვდგებით, იქ გამოჩნდება, რა ბარგით მივედით მასთან.
- ეს მართლაც ასეა და ძალიან კარგად არის ნათქვამი. მაგრამ ეხლა სიკვდილს დადებით მოვლენად ნუ აქცევთ.
- სიკვდილი სიკვდილია, ის თავის მოვალეობას ასრულებს. ის არც ანგელოზია და არც დემონი, არამედ მხოლოდ უფლის მიერ დადგენილი მოვლენაა და ასეც უნდა შევხედოთ. ადამიანი სიცოცხლეს მაშინ ტოვებს, როდესაც თავის მისიას ასრულებს დედამიწაზე, როდესაც მისი გარდაცვალება უკეთესია, ვიდრე სიცოცხლის გაგრძელება.
აი, თუნდაც ავიღოთ დიდი ადამიანები:
ზოგიერთი დიადი ადამიანის სიკვდილი ნაადრევია, მაგრამ სამართლიანი, რამეთუ სიკვდილით მისი ღირსება უფრო დაფასდა, ვიდრე სიცოცხლის გაგრძელებით დაფასდებოდა.
ბოლოს და ბოლოს, სამი სახის სიკვდილია, რომელიც სანატრელია და სასურველი ყოველი ქრისტიანისთვის.
- მართლა? მაგალითად რომელი?
- მნიშვნელობის მიხედვით გეტყვით: სიკვდილი მოყვასისათვის, სამშობლოსთვის თავდადება და უფლისთვის ზვარაკად თავშეწირვა.
- კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, ოღონდ ასეთი სიკვდილის სახეები ძალიან იშვიათია და მაინც იძულებითი ფორმა აქვს. მაგრამ, მოდი უარყოფით მხარეებსაც შევეხოთ მაშინ. პატარა ბავშვები რომ კვდებიან, ეს დადებითი მოვლენაა?
- რომ გითხრათ, კი მეთქი, რა თქმა უნდა არ დამიჯერებთ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასეა. ჩვენ არ ვიცით, ის ბავშვი რომ გაიზრდებოდა, რას ჩაიდენდა და მისი სული სად მოხვდებოდა. უფალმა კი იცის. მან ყველაზე უკეთ უწყის, ვინ როდის გაარიდოს ამ ქვეყანას. ამას გარდა, უფალს ისინი ანგელოზებად მიყავს ზეცაში და ბავშვის მშობლებმა რომ იცოდნენ, მათი შვილი რა ნეტარებაშია, თავადაც გაიხარებდნენ და ბედნიერი იქნებოდნენ. მაგრამ არა, ადამიანი ხომ ბუნებით ეგოისტია. ის იმიტომ კი არ მისტირის შვილს, რომ მისი სულის მომავალი აწუხებს, არამედ იმიტომ, რომ ვეღარ ნახავს, ვეღარ მოეფერება და ვერ დაიკმაყოფილებს მშობლის გაუმაძღარ ინსტიქტს. ესაა სულ. ჭეშმარიტი ქრისტიანი კი, ვინც ამას აცნობიერებს, მორჩილად იღებს ყოველივეს და მადლობს უფალს ყველაფრისათვის, რა გინდ მძიმე განსაცდელიც არ უნდა იყოს მის თავს.
- ძალიან უცნაური ახსნაა. მე ვფიქრობ, მშობელი იმიტომ მისტირის შვილს, რომ სიგიჟემდე უყვარს. რა შუაშია აქ ეგოიზმი?
- მშობელი რომ შვილის სულზე მეტად ფიქრობდეს, მაშინ ის მიხვდებოდა, რომ მისი სიკვდილი უბედურება კი არა, დიდი მადლია ღვთისგან ბოძებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას შესაძლოა მლოცველი და მფარველი გაუჩნდეს უფლის წინაშე.
- თქვენ ამტკიცებთ, რომ ყველა, ვინც უდროოდ მიდის უფლის სავანეში ხვდება?
- არა, რა თქმა უნდა არა. სამწუხაროდ ასე არაა. მაგრამ სიკვდილი მაინც მადლია მისთვის.
- თუ ადამიანის სული ჯოჯოხეთში მიდის, მადლი როგორღაა?
- როგორღაა ჩემო ბატონო და...მოგეხსენებათ, რომ გარდაცვლილ სულზე უამრავი ლოცვები აღევლინება, როგორც ეკლეისიის მიერ, ასევე პირადი ლოცვები. ხომ იცით, რა დიდი ძალა აქვს კვეთაში მოხსენიებას, პანაშვიდებს, შეკვეთილ წირვებს?
უფალს მიყავს სულები რომელთა ხსნაც სიცოცხლეში უკვე შეუძლებელია და სანამ ბოლომდე წარიწყმიდავს სულს, მანამდე გაჰყავს, რომ თუნდაც ასეთი მსახურებით გადარჩეს მისი სული.
ავიღოთ ასეთი მაგალითი. ლოთი, ან ნარკომანი თუ ადრე გარდაიცვალა, ეს მადლია მისთვის, რადგან მართალია მისი სული ჯოჯოხეთში მიდის, მაგრამ მისი ხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია ლოცვებით, პანაშვიდებით თუ შეკვეთილი წირვებით. მაგრამ თუ ის ასი წელი იცოხლებს, ისე წარიწყმიდავს სულს, რომ არაფერი აღარ უშველის? გესმით რას ვამბობ? თუმცა რასაც ვამბობ, ჩემით არ ვამბობ, ღმერთისას გეუბნებით ჩემი მასწავლებლის პირით გამოთქმულს.
როდესაც ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი სამუდამოდ იღუპავს თავს, მაინც უტოვებს შანსს მის ახლობლებს, რომ გადაარჩინონ მისი სული. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ხშირად ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანს უფალთან, აბრუნებს ღმერთთან.
ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა გასაოცარი გზებით ცდილობს უფალი ყოველი ადამიანის გადარჩენას და თავის წიაღში დაბრუნებას, სიკვდილს სიხარულით შევხვდებოდით და არავითარი გლოვა არ გვექნებოდა.
- ამაში ვერ დაგეთანხმებით. გამოდის რომ ადამიანის სიკვდილი უნდა გვიხაროდეს?
- არა, მე ეს არ მითქვამს. ადამიანის გარდაცვალება სატირალია და უნდა ვიტიროთ კიდეც, მაგრამ არა იმიტომ, რომ უფალთან წარსდგება, არამედ იმიტომ, რომ დამძიმებული სული მიაქვს თან და ამისთვის გახლავთ სატირალი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ და გამუდმებით ვიგლოვოთ. არამედ მორჩილად უნდა მივიღოთ უფლის ნება და ვილოცოთ მისთვის. ვაკეთოთ ის, რაც ცოცხლად დარჩენილებს გვავალია.
სიცოცხლე სიკვდილთან ბრძოლა არაა მარტო, სიცოცხლე სიკვდილთან ერთად ცხოვრებაცაა.
ჩემი მასწავლებელი მე ასე მასწავლიდა:
„კარგად დაიხსომე: მომაკვდავი ადამიანი იმიტომ კი არ არის სატირალი, რომ სიცოცხლეს ტოვებს, არამედ იმიტომ, თუ რამდენი ცოდვა მიაქვს თან;
გამუდმებით იფიქრე სიკვდილზე და იდარდე იმაზე, თუ რა საგანძურს წაიღებ თან და არა იმაზე, რომ გახრწნილ სხეულს დატოვებ“
- საოცარია, რასაც ამბობთ. არასოდეს ასე არ მიფიქრია.
- არც მე მიფიქრია, ბატონო ილია, მეც მასწავლეს. ეხლა მე დაგისვამთ ასეთ კითხვას: როგორ ფიქრობთ, აბრაამს არ უყვარდა ისაკი უფლის ბრძანებით დასაკლავად რომ მიჰყავდა? უყვარდა, ჩემო ბატონო, ძალიან უყვარდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ღმერთი მის შვილს ცუდს არ უსურვებდა და თუ წაიყვანდა, ჩაიკრავდა კიდეც გულში.
- მაგრამ მაშინ ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, ასე გამიგია მამა ისოდორესგან და როგორ ჩაიკრავდა?
- რწმენის ამბავია, ბატონო ილია, ძლიერი რწმენის. ისეთი ძლიერის, შვილის სიცოცხლეზეც რომ დაუფიქრებლად აღგამართინებს ხელს. შეიძლება აბრაამმა მაშინ ბევრი რამ არ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ რადგან უფალმა ასე ინება, ასე იყო საჭირო. აბრაამს არ შეუტანია ეჭვი, რომ ეს მის შვილს ავნებდა. არ დაუწყია გამოკითხვა, რატომ მიგყავს ჩემი შვილიო, არამედ უხმოდ აღასრულებდა ღვთის ნებას. ის ბოლომდე ენდობოდა უფალს და ამიტომაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა.
როგორ ფიქრობთ, დღეს რომ იგივე მოხდეს, ვინმე გაიმეტებს შვილს მოსაკლავად? აქვს კი დღეს ვინმეს აბრაამის დონის რწმენა და სიყვარული უფლისა?
- ცოტა უცნაური კითხვაა. რა საჭიროებაა დღეს ამისა?
- კარგი, მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამთ: თუ დაფიქრებულხართ ოდესმე, რას გრძნობდა უფალი, როდესაც თავისი ძე ჯვარზე გასაკრავად გაიმეტა? რას გრძნობდა დედა ღვთისმშობელი, როდესაც ნაწამებ და მომაკვდავ შვილს ჯვარზე ხედავდა? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის ტკივილი?
- თუ ასეა და ღმერთი სიკვდილით არიდებს ადამიანს ბევრ ცოდვას, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ ასევე გაეყვანა ნაადრევად გიტლერი, მაგალითად, ლენინი, კალიგულა, პოლ პოტი, პინოჩეტი ან კიდევ ჯეკი მფატრავი, ჩიკატილო, ბრეივიკი თუნდაც და სხვა უამრავი ბოროტმოქმედი. ამით ხომ უამრავი უბედურებისგან დაიხსნიდა კაცობრიობას?
- კარგი კითხვაა და ალბათ ბევრს გაუჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. როგორ ფიქრობთ, ბატონო ილია, ღმერთი სამართლიანია?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- ღმერთს რომ დედამიწზე სამოთხის დამყარება უნდოდეს, როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება ამის გაკეთება?
- არა, რა თქმა უნდა.
- ჩვენ უნდა გვახსოვდეს ღმერთის მიერ ადამინისთვის მინიჭებული ყველაზე დიდი მადლი - თავისუფალი ნება. თქვენ გგონიათ ედემში ურჩობის გამო ღმერთმა ადამიანი დასაჯა? არამც და არამც. პირიქით, მისცა ის, რაც ისურვა - კეთილის და ბოროტის გარჩევის უნარი. თუ როგორ იყენებს ადამიანი ამ უნარს, ეს უკვე სხვა თემაა.
ადამიანმა არ ისურვა უფლის მიერ მიცემული მარადიული სიცოცხლე და აირჩია კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი. ამ უნარზე გაცვალა მარადიული სიცოცხლე. ღმერთს შეეძლო მართლაც დაესაჯა, დაეტუქსა ორივე და შემდეგ ისევ დაებრუნებინა სამოთხეში. მაგრამ ღმერთი ასე როდი მოიქცა. მან პატივი სცა ადამის და ევას არჩევანს, თუნდაც შეცდენილთ, და მისცა მათ ის, რაც უნდოდათ. ამის შემდეგ შემოვიდა ადამიანის სიცოცხლეში სიკვდილი.
უფალს შეეძლო, წამში გაენადგურებინა თავისი ქმნილება, მაგრამ იმდენად უყვარდა, რომ ეს არ გააკეთა, არამედ მისცა მას სამყარო და უთხრა: იხარეთ და იმრავლეთ. მისცა მათ ყველაფერი, რაც კი შეუქმნია და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამის და ევას უგუნურების გამო, თავის ძეც კი გაიმეტა კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად. ამას ჩვენი გონება ვერ ჩაწვდება. ვერ ჩაწვდება იმ სიყვარულს, რომელმაც უფალს ეს დიდი მსხვერპლი გააღებინა. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ღმერთს ათასჯერ მეტად უყვას ყოველი ადამიანი, ვიდრე ეს შეიძლება დედას, მამას, ძმას, ან საერთოდ ვინმეს უყვარდეს დედამიწის ზურგზე...და რა დონეზე ეყვარებოდა და უყვარს თავისი ძე, ამის წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია.
- კი, მაგრამ, მე ბოროტ დამნაშავეებზე გკითხეთ.
- სწორედ მაქეთ მივდივარ. თუ ადამს და ევას აუსრულა უფალმა ნება, რატომ დაუშლის ვინმეს, რა გინდ ბოროტიც არ უნდა იყოს ის?! კაენმა მოკლა აბელი, მაგრამ უფალს არ დაუშლია ამის გაკეთება, თუმცა ძალიან იოლად შეეძლო. ისრაელი ზოგჯერ თავად ანადგურებდა ერებს და უფალი უწყობდა ამაში ხელს, ზოგჯერ კი კერპთაყვანისმცემლობის და უფლისგან განდგომის გამო ისჯებოდა მეზობელი ერების შემოსევებისგან, იქნებოდნენ ეს ფილისტიმელები, ამორეველები, მოაბელები, ყამონელები თუ სხვა ათასი ჯურის ხალხი.
კიდევ ერთხელ მივდივართ იმ მთავართან. უფალმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება და ის არ ერევა მის გადაწყვეტილებებში. ადამიანი მარიონეტი არ არის, რომ უფალმა თავისი ნებით მართოს. რა არის ადამიანის შექმნის მთავარი პრინციპი? - შევქნათ ადამიანი ხატად და მსგავსად ჩვენდა - ბრძანა უფალმა და შექმნა ადამიანი ისეთივე თავისუფალი, როგორიც თავად არის.
მაგრამ, მომიტევეთ და რადგან ადამიანმა არჩია ღვთისგან განდგომა და ეს ისტორიის მანძილზე ბერჯერ დაამტკიცა, ამიტომ უფალი უშვებს, რომ ის დაისაჯოს და ამით განიწმინდოს. იქნება ეს ომი, მიწისძვრა თუ სხვა რამ უბედურება. ამისთვის აძლევს სიცოცხლის საშუალებას გიტლერსაც, ლენინსაც, კალიგულასაც, პინოჩეტსაც და სხვა უამრავ არამზადასაც, მათ შორის სერიულ მკვლელებლას, რა თქმა უნდა. ეს ძალიან დიდი, ღრმა თემაა და ასე მარტივად ცოტა ძნელი ასახსნელია. უფლის სიბრძნეს და გონიერებას განა ჩაწვდება ვინმე? მაგრამ ბოლოს მაინც მივდივართ იქამდე, რითიც დავიწყეთ.
- რას გულისხმობთ?
- სიკვდილს. იმას, რომ სიკვდილი უბედურება არაა. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ომში მოკვდება, საკონცენტრაციო ბანაკში დასჯიან სიკვდილით, მეწყერში მოყვება, მანქანა გაიტანს, სერიული მკვლელი მოკლავს თუ დედის მუცელში დაბადებამდე მიაბარებს სულს. ღმერთი ყველაფერს წონის და საზღვრავს. მან უკეთ იცის, ვინ როდის წაიყვანოს თავისთან. იქ კი, ყველას თავის საკადრისს მიუზღავს: ვის გმირად შერაცხავს, ვის წამებულად, ვის მსხვერპლად, ვის ანგელოზად, ვის ჯოჯოხეთის კერძად და ასე შემდეგ.
დიოკლეტიანემ უამრავი ადამიანი წამებით მოკლა, მაგრამ ისინი დღეს წმინდანები არიან. უფალს რომ ნდომოდა, დიოკლეტიანე და მისთანები საერთოდ არ დაიბადებოდნენ, მაგრამ ისევ იქ მივდივართ - სიკვდილი ტრაგედია არ გახლავთ. მოწამეობრივი სიკვდილი სანატრელიც კია ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის...და არა მარტო მოწამეობრივი, მოყვასისთვის სიკვდილი, თავგანწირვა. სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაღებული სიცოცხლე. გითხარით უკვე ამის შესახებ. რომ იცოდეთ, როგორ ვნატრულობ ასეთ სიკვდილს.
რა სჭირდება დღევანდელ ქრისტიანს ყვეალაზე მეტად? ეკლესიებში სიარული და რიტუალების შესრულება? მარტო ამას ითხოვს უფალი ჩვენგან? რა თქმა უნდა არა. ყველაზე მთავარია რწმენა, უფლის ნდობა და სიყვარული. თუ შენ ღმერთს ჭეშმარიტად ენდობი, მაშინ არაფრის აღარ შეგეშინდება ქვეყანაზე. სიკვდილი კი ისეთი უმნიშვნელო რამ გახდება, როგორც ადამიანის ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი ეპიზოდი.
ჩვენი ცხოვრება ხომ წამია, სულ ერთი წამი. აი, ნამდვილი სიცოცხლე კი - მარადიული და უსასრულო - სწორედ სიკვდილის, უფრო სწორედ კი გარდაცვალების შემდეგ იწყება. სიკვდილმა როგორ უნდა შემაშინოს(ან ჩემმა ან სხვისმა), თუ უფლის იმედი მაქვს და ვიცი, რომ სული მასთან მიდის?! დღეს იქნება თუ ასი წლის შემდეგ, აქ ჩანს დროდ, თორემ სინამდვილეში არც დრო არსებობს. წამია სიცოცხლე და როცა გაივლის, წამიც აღარ გრძელდება. გაქრება და გაქარწყლდება.
ადამიანები ათას წვრილმანს ვეპოტინებით და ვერ ვამჩნევთ ირგვლივ მყოფ უამრავ ძვირფას ადამიანს..და რა გვიან ხვდებით, თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის მიერ ბოძებული ყოველი წუთი, რომელიც სიყვარულში, სიკეთესა და სათნოებაში უნდა გავატაროთ. ეს არის მთავარი.
ჩვენ მხოლოდ გართობაზე ვფიქრობთ, კარგად ჭამაზე, დროსტარებაზე და ასე გადის ჩვენი უბადრუკი სიცოცხლე. ჩემი მასწავლებელი კი სხვა რამეს მასწავლის გამუდმებით და მეუბნება:
„გახსოვდეს, რომ სიცოცხლე ნეტარებისთვის კი არ მოუცია შენთვის ღმერთს, არამედ იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გაუნაწილო;
მაშინ შენს სიცოცხლესაც ექნება აზრი და სიკვდილსაც ფასი“.
ზოგის სიცოცხლე მარადიული სიკვდილია, ბატონო ილია, და ზოგის სიკვდილი – მარადიული სიცოცხლე.
„იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო, რომ მოკვდე, არამედ იმისთვის უნდა კვდებოდე, რომ იცოცხლო“- მე ასე მასწავლიან.
- ეგ რას ნიშნავს?
- იმას ნიშნავს, ჩემო ძვირფასო ილია ბატონო, რომ უაზროდ სიცოცხლე ბოლოს სიკვდილამდე მიგიყვანს ადამიანს, სამუდამო სიკვდილამდე, ჯოჯოხეთი რომ ქვია; ხოლო თუ შენი მოყვასისთვის, უფლისთვის, სიკეთისა და სიყვარულისთვის მზად ხარ მოკვდე, თავი გასწირო, მაშინ მარადიულად იცოცხლებ უფალში. სიკვდილიდან სიცოცხლეში გადახვალ და არა პირიქით. ეს წუთისოფელი კი თავიდანვე სიკვდილია. ადმიანის მიზანი კი რა არის? - სულის ცხონება, ანუ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა, მარადიულ სიცოცხლეში, ჩვენს ტკბილ მაცხოვართან ერთად. ეს არის სულ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ.
რომ ვიცოდე, უფალი მომიტევებს ცოდვებს და მიმიღებს თავისთან, ნეტა იცოდეთ, რა მოუთმენლად დაველოდებოდი სიკვდილს და რა სიხარულით გავყვებოდი ღმერთთან, ამ უერთგულეს და უღალატო მეგობარს.
„სიკვდილის კი ნუ გეშინია, ადამიანო, არამედ უფალთან რითი წარსდგები, იმისი გეშინოდეს - ცოდვებთან ერთად რამე მადლი თუ მიგაქვს თან?!“ - ამბობს ჩემი ზეციური მასწავლებელი.
- შემიძლია გკითხოთ, ვინ არის თქვენი მასწავლებელი? მოძღვარს არ ვგულისხმობ. თქვენ თქვით რომ მასწავლებელი გყავთ. აგერ ზეციურიც კი დაუძახეთ. ღმერთს გულისხმობთ?
გიორგიმ ოდნავ გაიღიმა და სიჩუმე ამჯობინა.
- კარგი, თუ არ გინდათ, ნუ მეტყვით, თქვენი ნებაა. ვხედავ, რომ კარგი მასწავლებელი გყოლიათ.
- დიახ. ძალიან კარგი, ყველაზე კარგი.
ეხლა მუჯირს გაეღიმა:
- მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ხომ გაგიგიათ?!
- დიახ, რა თქმა უნდა. ბატონო ილია, მოდი დღეს დავამთავროთ და დანარჩენი მომავლისთვის გადავდოთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვისაუბრებთ ბევრ თემებზე, გპირდებით.
- კარგი, ასე იყოს. დღეს ცოტა გაგვიგრძელდა. მაგრამ იცოდეთ, გაუხსნელ საქმეებზეც მოგვიწევს საუბარი.
- აუცილებლად, ბატონო ილია. მე თქვენ ყველა საქმეს გაგახსნევინებთ.
- მუჯირმა კიდევ ერთხელ გაოცებულმა შეხედა ამ უცნაურ ეჭვმიტანილს და ბადრაგს მისი საკანში დაბრუნება უბრძანა.
- ბატონო ილია - მოუბრუნდა კარებიდან გიორგი გამომძიებელს მუდარის გამომეტყველებით - ერთი პირადი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ ნებას მომცემთ.
- დიახ, გისმენთ.
- თუ შეიძლება, ჟურნალისტი ნინო მეტრეველი შემოუშვით ჩემთან პაემანზე. სიტყვას გაძლევთ, რომ, რაც მოხდა, ის აღარ განმეორდება. მხოლოდ პირადი საუბარი გვექნება.
მუჯირი ოდნავ მოიღუშა - ვნახოთო - ორაზროვნად გადაიქნია თავი და ყიფიანს მოწიწებით დაემშვიდობა.
ის ჯერ კიდევ მოსმენილის შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და ეხლა მასაც ძალიან სჭირდებოდა დასვენება და კარგად გააზრება, რაც ყიფიანისგან მოისმინა. ეს კაცი ამ ხნის გამოცდილ გამომძიებელს არა მარტო საგონებელში აგდებდა და ანცვიფრებდა, არამედ აღაფრთოვანებდა კიდეც.
***
გიორგი დაკითხვიდან დაღლილი დაბრუნდა. კამერაში შესული არ იყო, რომ გენადი შეეგება და მიახარა:
- ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარი, „ექტრასენს“. ადვოკატი პროკურორს ელაპარაკა და შეიძლება საქმე წარმოებაში დააბრუნონ.
- შეიძლება კი არა, დააბრუნებენ და შენს უფროსს გვერზე მოგისვამენ, ეჭვი არ შეგეპაროს.
- ყველაფერი გასაგებია. ჩემს ცოლს „ქსივა“ გავუგზავნე და ის 20 ათასი დოლარი უკან დავაბრუნებინე. შენ იმედზე ვარ, სხვა არაფერი დამრჩენია. იცოდე, არა მარტო ჩემი შვილის, ჩემი ოჯახის და ჩემს სიცოცხლეს განდობ. მჯერა რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მითხარი. მე კი, რასაც მომისჯიან, მოვიხდი ძმაო და დავუბუნდები ოჯახს.
- ხოდა ეგრე ქენი, ოღონდ ჩემს იმედზე კი არა, ღმერთის იმედზე უნდა იყო - გაუღიმა გიორგიმ გენადის და თავის საწოლისკენ გასწია. იქ მას „მაკარიჩა“ ელოდა:
- რაო ბოზებმა, არ გაგიშვებთო?
- რას ერჩი, „მაკარიჩ“? ყველა თავის საქმეს აკეთებს. რატომ არიან ბოზები? აა, თუმცა, შენ ხომ ქურდულს აწვები.
- ქურდები ღმერთის მოყვარული ხალხია, ძმაო. მე ძმაკაცი მყავს ქურდი, იცი, რამხელა ტაძარი ახატია უკან? მთელ ზურგზე ეგ ნაკოლკა აქვს, ტოო. ჯვრები და ეგეთები. მარტო მაგას კი არა, ყველას. ჩვენ ღმერთის წინააღმდეგ კი არ ვართ, „ექსტრასენსჯან“, პირიქით. შენ იცი, რომ ქურდებმა იესოს ჯვარზე გასაკრავი ლურსმნები მოიპარეს და იმდენი ვეღარ დაარჭეს, ძმაო?
გიორგიმ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ეგ ვინ გითხრა, „მაკარიჩ“?
- ეე, ძმები ამბობენ, ტოო, ყველამ იცის.
- აუუ, დაგვერხა.
- რათა, ძმაო?
- ბიბლია თავიდანაა გადასაწერი. იქ რომ არ წერია ეგენი?
- როგორ ეწერება, ხომ გეუბნები მოიპარეს მეთქი, ბიჭო. არ ვიცი, რა წერია მაგ თქვენს ბიბლიაში, მარა მე რაც „ფაიზახია“, იმას გეუბნები. არა გჯერა? ძმებს კითხე, ტოო, ქურდებს. ნახე რა მაქვს - „მაკარიჩამ“ მაისური გადაიძრო და გიორგის გულის ქვეშ ამოტვიფული პატარა ჯვარი დაანახა.
- ვაა, „მაკარიჩ“, ჯვარი გაქვს, ძმაო? მერე შენ რომ ქრისტიანი არ ხარ?
- მერე რა, რომ არ ვარ. მე ქრისტე მიყვარს, ძმაო. თანაც ეს ქურდული ნაკოლკაა, უბრალო ჯვარი არ გეგონოს. შენ კი მაინც ყველაფერი იცი, მაგრამ გეტყვი. მე სიტყვაზე ვარ, ძმაო, მალე ქურდი გავხდები.
- კარგად ვერ გავიგე, რაც მითხარი, მაგრამ შენი საქმის შენ იცი, „მაკარიჩ“. ისე, თუ ასე ახლოს ხართ ქურდები ღმერთთან...
- არა, ძმაოჯან, ჯერ არ ვარ ქურდი, მასე არ თქვა, არ შეიძლება.
- ხო, კარგი, როგორც არის. ხოდა იმას ვამბობდი, ბიბლია მაინც წაიკითხე, არ გაინტერესებს?
- აბა, ეხლა მე ბიბლიის წაკითხვის დრო მაქვს,“ექტსრასენს“? მოვა დრო და წავიკითხავ, რატომაც არა...და რაო, რა წერია მაგ ბიბლიაში ასეთი?
- ქურდობა „გრეხიაო“, მაკარიჩ, გაიგე? ცოდვააო.
- კაი, ნუ გაატრაკე - თვალები ყვლიპა მაკარიჩმა.
- 10 მცნება გაგიგია?
- არა, არ ვიცი.
- ღმერთმა ადამიანებს მოსეს პირით 10 მცნება დაუტოვა. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა არა.
- მერე?
- მერე და ის, რომ მე-8 მცნებაა - „არა იპაროო“. არ მოიპაროო, „მაკარიჩ“, ღმერთმა, არ მოიპაროო, არ იქურდოო. ქურდობა ცოდვააო, გესმის? ხოდა ეგ როგორ მოდის ქურდულ გაგებასთან?
„მაკარიჩა“ ერთიანად გაწითლდა. დაიბნა, არ იცოდა, რა ეთქვა. მერე ხელი აიქნია და:
- ატრაკებ ეხლა შენ, „ექსტრასენს“.
- მე ვატრაკებ კიდევ? ეგ არის შენი პასუხი?
- არ ვიცი ძმაო, ვკითხავ ჩემს ბრატკებს მაგას და გიპასუხებ. იქნებ შენ მატყუებ?
- არ გატყუებ, „მაკარიჩ“, ძმაო, არ გატყუებ. რაში უნდა მჭირდებოდეს?
კამერის მაყურებელმა ცოტა მოიწყინა. მერე ისევ გიორგის მოუბრუნდა:
- „ექტსრასენს“, შენ ათივე ის იცი? რა ქვია...
- 10 მცნება?
- ხო, რა. ხოდა, იცი ეგენი სუყველა?
- კი, ვიცი, „მაკარიჩ“
- მითხარი რა!
- კარგი, მოკლედ გეტყვი. პირველი მცნებაა - მე ვარ ერთი ღმერთი და სხვა არავინ იწამოო.
მეორე: კერპები არ გაიკეთოო?
- ეგ რას ნიშნავს?
- ვეცდები უბრალოდ აგიხსნა. ადამიანი ღმერთს უნდა ეთაყვანებოდეს, გაიგე? სხვას არაფერს. აი, მაგალითად კომუნისტებს ჯერ ლენინი ყავდათ კერპად, მერე სტალინი. მერე ხან ვინ და ხან ვინ. ადრე, ძველ დროში, ხისგან და რკინისგან აკეთებდნენ რაღაცეებს და ღმერთებს ეძახდნენ. ხოდა ნუ გააკეთებ ასეთ რამესო, უფალი გეუბნება. ქურდებს ავტორიტეტები ხომ გყავთ, უფრო სწორედ ხომ ყავთ, განსაკუთრებულ პატივს რომ სცემენ?
- ხო, მერე?
- ეგეც კერპთაყვანისმცემლობაა. ღმერთს უნდა სცე თაყვანი და არა ადამიანს, ან ნივთს რამეს, ან ნარკოტიკს ან სასმელს.
ეხლა მიღებულია, ბელადებს სცემენ თაყვანს, ზოგი ვის და ზოგი ვის. კერპთაყვანისცემლობაა ეგ ყველაფერი. „მაკარიჩ“, რომ იცოდე. კი ბატონო, პატივი ეცი ვისაც გინდა, მაგრამ ნუ გააკერპებ, ცამდე ნუ აიყვან. ჩემი მოძღვარი იცი რას მეუბნება ამაზე?
- რას?
- „ნუ გააკერპებთ და არ გაუფასურდება;
ნუ აღაზევებთ და არ დაეცემა;
ნუ გააღმერთებთ და არ ისატანებს.
სიმართლე მარად ერთადერთია - უზენაესი მხოლოდ ღმერთია!!!
- კაი, სხვებიც მითხარი რა, რა „ინტერესნი ბაზარი“ იცი, ტოო. - ხელები შემოჰკრა „მაკარიჩამ“.
- მესამე მცნებაა - არ ახსენო ღმერთის სახელი ზედმეტად, ტყუილუბრალოდო. ზოგმა დაჟე ფიციც იცის, ღმერთს გეფიცებიო. ეს საშინელი მკრეხელობაა. ხან „ღმერთო ჩემოს“ გაიძახიან წარა-მარა, განსაკუთრებით უცხოეთში. ხომ გინახავს ფილმებში, “0h, my God” ან “Oh, my Goodness”- ო რომ გაიძახიან?
- კი, ტოო, მართალია - თვალები გაუბრწყინდა „მაკარიჩას“.
- ქართველებმაც ხშირად ვიცით ღმერთის სახელის ხსენება და ეს არ არის სწორი, ამას გვეუბნება უფალი მესამე მცნებაში, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ „ნუ მახსენებთ წარა-მარაო“, გაიგე?
- კი, ტოო, იასნია. მერე?
- მეოთხე მცნება ისაა, რომ ექვსი დღე აკეთე რაც გინდა, ხოლო ერთი დღე, შაბათი(ჩვენს შემთხვევაში კვირა), უფალს დაუთმეო. ამიტომაა კვირა დღეს ტაძრებში წირვები. ქრისტიანები ცდილობენ ეს დღე უფალს დაუთმონ.
- გასაგებია. მერე?
- ოოო, მერე მოდის ძალიან მნიშვნელოვანი მცნება, მეხუთე - პატივი ეცი დედას და მამას, თუ გინდა რომ დღეგრძელი იყო ქვეყანაზეო.
- მე სულ ვცემ პატივს, ძმაო. აბა ისე როგორ იქნება?
- შენ შეიძლება კი სცემ, „მაკარიჩ“, მაგრამ ბევრი არად აგდებს, ამწარებს და ვერც ხვდება ამას. ადამიანი თუ მშობელს პატივს არ სცემს, კაპიკია მისი ფასი. ჩემი მოძღვარი ხშირად გვეუბნება ხოლმე ასეთ რამეს:
„თუ ადამიანის ავკარგიანობა გაინტერესებს, გაარკვიე, როგორი ურთიერთობა აქვს მას მშობლებთან“
გესმის მაკარიჩ? განათლებას კი არ გეუბნება, ან ზრდილობას, ან რა გაუკეთებია კარგი ან სხვა რამ კიდევ, პირველ რიგში მისი მშობლებთან ურთიერთობა გაარკვიეო. იმიტომ, რომ თუ კაცი შვილად არ ვარგა, სხვა დანარჩენის ფასი ნულია.
„იყო კარგი შვილი - უაღრესად ძნელია, მაგრამ ბევრად უფრო აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ვიდრე იყო კარგი მეუღლე, კარგი მშობელი, კარგი დედმამიშვილი, კარგი მეგობარი და ა.შ.“ ესეც ჩემმა მოძღვარმა მასწავლა.
- აუუ, რა ნაღდი რამე თქვი, ტოო - აღტაცებაში მოვიდა „მაკარიჩა“ -ასიანია რა. თუ კაცი სახლში პრ...ია, გარეთაც იგივე იქნება, არა?
- ხო, პრინციპში ეგრეა რა - ღიმილით დაეთანხმა გიორგი.
- მერე, შემდეგი რა არის?
- შემდეგი მცნებები ძალიან მარტივი გასაგებია და დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. მეექვსე ცნებაა არა კლაო, ანუ არავინ მოკლაო.
- აჰა, იასნია. მერე
- მეშვიდე, არ იმრუშოო.
- ეგ რას ნიშნავს?
- ეგ ნიშნავს, ქალებში გულაობა რომ გიყვარს, ჩემო „მაკარიჩ“, ეგ არ შეიძლებაო. ცოლთან უნდა იყო მარტოო.
- აუუ. აი ეხლა ეგ კი გამიტყდა, ხო იცი. მაიცა რა, ქალებში ვინ არ დადის, ტოო?
საქმეც მაგაშია, რომ ბევრი დადის და ბევრი მრუშობს ან მეძავობს, ღმერთი კი გეუბნება, არ იმრუშოო.
- რაო, რა სიტყვა თქვი კიდევ?
- სიძვა ვთქვი მაკარიჩ, მრუშობა და სიძვა, თითქმის ერთი და იგივეა. სიძვაა, როცა დაუქორწინებელი ხარ და თუ მეუღლე გყავს და ღალატობ, იმას მრუშობა ქვია, გაიგე?
- კაი, გასაგებია, მარა ეგ მცნება მაგრად ტეხამს, ტოო.
- ტეხამს თუ არ ტეხამს, სიმონ, ღმერთი გეუბნება ამას - გამოაჯავრა გიორგიმ „მაკარიჩა“- უფრო მეტსაც გეტყვი. მარტო ფიზიკურ სიახლოვეზე კი არაა ლაპარაკი, სურვილიც თუ აღგეძრა ქალის მიმართ, ანუ გულში თუ რამე გაიფიქრე, ეგეც მრუშობააო, ძმაო.
- აუუ, ეგ უკვე „ჩერეზჩურია“ რა. არც მო---ნა და არც იფიქრო? ვაფშე ტეხამს რა - მოიღუშა “მაკარიჩა”.
- სხვათა შორის, უცენზურო სიტყვებიც ცოდვაა „მაკარიჩ“ - გაუღიმა გიორგიმ სერჟიკას - კაი, გავაგრძელოთ. მერვე, კი იცი, არ იქურდოო. მეცხრე - ცილი არავის დასწამოო. ანუ, უფრო გასაგებად რომ გითხრა, „ნახალკა“ არავის შეტენოო.
- აი, ეგ ნაღდია - სიამოვნებისგან გაიბადრა „მაკარიჩა“ - ეგ ქურდულადაც „გრეხია“ ძმაო და მართალი უთქვამს ღმერთს.
გიორგის გაეცინა.
- და ბოლო, მეათე მცნება, არაფერი ინდომო შენი მოყვასისო, „მაკარიჩ“, არც ქონებაო, არც მანქანაო, არც ცოლიო, ანუ არ შეგშურდესო, გაიგე?
- იასნია, ტოო, ძმაკაცის ცოლი როგორ უნდა მოინდომო, თუ ჩათლახი არ ხარ კაცი?
- „მაკარიჩ“, მოყვასი ძმაკაცს არ ნიშნავს მარტო. სხვა ადამიანისა არ უნდა მოინდომო არაფერიო, არც შეგშურდეს და...სხვათა შორის, არც მოიპაროო. რახან იპარავ, ესე იგი გინდა მისი ის, ნივთია თუ რაც არის, რასაც იპარავ. ეგრე არ არის? ესე იგი შეგშურდა, იმას რომ აქვს და ჰპარავ. აბა ეხლა რას იტყვი?
- კაროჩე, ეგ მცნებაც ცოტა „ნი ტოა“ რა. მაშინ მონასტერში უნდა წახვიდე რა, ძმაოჯან. ქალი არაო, გინება არაო, მოპარვა არაო, სასმელიც არაო, კერპი არაო, ეგრე არ თქვი? ხოდა მაშ რა უნდა ვაკეთოთ კაი ბიჭებმა, ტოო, ამიხსენი.
მაგას მე ვერ აგიხსნი,“მაკარიჩ“, თუ გინდა რომ კარგი ადამიანი იყო ღვთისათვის, და არა მარტო ხალხისთვის, მაშინ ბიბლია წაიკითხე და ყველაფერს გაიგებ.
- ბოზისშვილი ვიყო თუ არ წავიკითხო, ტოო - მკერდზე ხელი მიირტყა „მაკარიჩმა“ - ისეთი რამეები მითხარი, ძმაო, მაგრად დამაინტერესე, ტოო. იასნია, წავიკითხავ.
- „მაკარიჩ“, მეორედ ეგ სიტყვა არ თქვა რა, ძალიან გთხოვ, ჩემთან მაინც! დაუფიქრდი რას ამბობ?
მაკარიჩს შერცხვა და თავი დახარა:
- პრივიჩკაა რა, „ ექსტრასენს“, ვეცდები აღარ ვთქვა, „ფაიზახი“ სიტყვას გაძლევ. ხომ იცი, როგორ პატივს გცემ, ძმაო?! მართლა ტეხავს, ტოო. „პროსტო“ მიჩვეული ვარ რა ეს დედამ... და დროზე გაჩერდა, რომ არ შეეგინებინა.
- კაი, „მაკარიჩ“, მჯერა რომ აღარ იტყვი, თორემ არ გამოვა ისე ჩვენი ძმობა. ხომ გინდა რომ „სვაბოდაზეც“ „ბრატები“ ვიყოთ?
- იასნია, „ექსტრასენს“, ძმაოჯან, ძმობას გეფიცები, ჩემი ბრატი ხარ, ტოო - გულზე ხელი მიირტყა მაკარიჩამ.
შემდეგ ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე უსურვეს და დასაძინებლად გაემზადნენ.
***
ნინომ მოსვენება დაკარგა. სიგიჟემდე უნდოდა გიორგის ნახვა. გული გამალებით უცემდა. არ იცოდა, რა იყო ეს, ან არ უნდოდა საკუთარი თავისთვისაც კი გაემხილა. ეს არ იყო რესპონდენტის გამოკითხვის უბრალო ჟურნალისტური ჟინი. ამას კარგად გრძნობდა. არც მხოლოდ ცნობისმოყვარეობა, შეეტყო, საიდან იცოდა გიორგიმ მასზე ამდენი. იყო რაღაც ბევრად მეტი, გამოუცნობი, იდუმალი, გოგონას გულს რომ ასე უფორიაქებდა და სუნთქვას უხშირებდა. მისი ოვალურად მოყვანილი ძალიან მიმზიდველი თაფლისფერი თვალების მზერა თვალწინ ედგა და შიგნიდან წვავდა და ბუგავდა. რა იყო ეს, ნუთუ ისევ სიყვარული ეწვია?
არა, არა - ამის გაფიქრებაც კი არ უნდოდა. რამდენი ახოვანი ჭაბუკი ცდილობდა მისი გულის დაპყრობას და არავისკენ გაქცევია არც თვალი და არც გული. ამ უცნაურმა ყმაწვილმა კი რა მოაჯადოვა ასეთი, მასზე ფიქრისას სასიამოვნი ჟრუანტელი რომ უვლიდა მთელ სხეულში?
დევნიდა და დევნიდა ფიქრებს, მაგრამ გული არ ემორჩილებოდა და თავისას გაჰკიოდა.
ეხლაც, მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გაატარა. არ იცოდა, რა ეღონა, რომ გიორგი ისევ ენახა. ვინ იცის, როდის გამოუშვებენ, ან გამოუშვებენ კი საერთოდ? - ფიქრობდა მოუსვენრად და თითებს ნერვიულად აწვალებდა. შემოათენდა კიდეც.
ადგა, პირი უხალისოდ დაიბანა. ნაუცბადევად მოიწესრიგა თავი და ის იყო ფინჯანში ყავა უნდა დაესხა, რომ ტელეფონზე დაურეკეს და ილია მუჯირის დანაბარები გადასცეს: თუ ყიფიანთან პაემნის სურვილი კვლავ გაქვთ, მე წინააღმდეგი არ ვიქნებიო.
სიხარულისგან ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და უზროდ დაიწო ხტუნაობა. მერე, როდესაც ცოტა დამშვიდდა, აბაზანაში დაბრუნდა და თავისი გარეგნობის კაპიტალურ მოწესრიგებას შეუდგა. მანამდე კი მუჯირს დაურეკა და პაემნის დილასვე დანიშნვა სთხოვა. მუჯირი პაემანს მხოლოდ 18 საათისთვის დათანხმდა და შეპირდა, რომ ყველა საჭირო ქაღალდს მოამზადებდა და საღამოს მისაღებში დაახვედრებდა.
ისე უსაშველოდ, როგორ ეს დაუსრულებელი დღე, ნინოსთვის არცერთი დღე არ გაწელილა. ხან რას მოპკიდა ხელი და ხან რას, მაგრამ ვერაფერს გული ვერ დაუდო - გული შმაგი, აფორიაქებული, მოუსვენარი, დაუოკებელი... და, სიმართლე ვთქვათ, შეყვარებულიც.
ამ გაწამებულ მოლოდინში, როგორც იქნა, საღამოც დადგა და ნინო უშიშროების მთავარი სამმართველოს შენობისკენ გაქანდა. მალევე მოაგვარა ადმინისტრაციულო პროცედურები და ზუსტად 18 საათზე პაემნების ოთახში იჯდა და გიორგი ყიფიანს ელოდა.
გიორგი პაემნების ოთახში მძიმედ შემოვიდა, ნინოს შეხედა და თბილად გაუღიმა:
- როგორ მიხარია, რომ ისევ გხედავთ. ესე იგი, ბატონ ილიას ჩემი თხოვნა გაუთვალისწინებია.
- ეს თქვენ დაითანხმეთ? - გაოცება და სიხარული ერთად აღებეჭდა ნინოს სახეზე.
- არ იცოდით? არ უნდა მეთქვა - შეწუხდა გიორგი.
- თქვენ იმდენი რამე იცით და ეს არ იცოდით?
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ მე არ ვიცოდი - გაიღიმა ნინომ.
- ხოო, არა, აი ეს არ ვიცოდი - გაუღიმა საპასუხოდ გიორგიმ - ასეა თუ ისე, ძალიან მიხარია, რომ ისევ გხედავთ.
- მე არ შემეძლო, არ მოვსულიყავი. ბევრ კითხვაზე მაინტერესებს თქვენგან პასუხები.
- მარტო ეგ? - ცბიერად გაიღიმა გიორგიმ,
- აბა, სხვა რა უნდა იყოს? ოდნავ გაწითლდა ნინო და თავი დახარა.
- კარგი, მკითხეთ, რაც გაინტერესებთ.
- მხოლოდ პირადულზეო, ასე გამაფრთხილა გამომძიებელმა. სამწუხაროდ, თვითმფრინავის საქმეზე ვერ დავილაპარაკებთ.
- მაგაზე უკვე არც ღირს ლაპარაკი, ნინო. რისი თქმაც თქვენთვის შემეძლო, უკვე გითხარით და თქვენც თქვენი საქმე შესანიშნავად შეასრულეთ.
- ესე იგი, ეს ყოველივე დაგეგმილი გქონდათ, არა?
- რა თქმა უნდა.
- ვინ ხართ? გამაგებინეთ, ვინ ხართ, ბოლოს და ბოლოს, ასე მარიონეტებივით რომ ათამაშებთ ადამიანებს? - ოდნავ წყენა შეეტყო ნინოს ხმაში.
- არა, ნინო, რას ამბობთ, რა მარიონეტებივით? თქვენი დახმარება სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ხაზს ვუსვამ - ქვეყანას, და არა მე. განა ჩემი მიზნებისთვის გამოგიყენეთ რამეში? ამას არც ვიკადრებ არასოდეს.
ჩემს შესახებ ინფორმაცია საიდან გაქვთ? ან ჩემი ძმის შესახებ, რა იცოდით, რა მოხდა? არ მოგეშვებით, სანამ არ მიპასუხებთ.
- კარგი, მხოლოდ თქვენ გაგიმხელთ საიდუმლოს, ოღონდ ყურში გეტყვით.
ნინო გიორგისკენ გადაიხარა და თავის პატარა ლამაზი ყური მიუშვირა.
ოჰ, როგორ უნდოდა ეხლა გიორგის ნინოს სხეულის ეს პატარა ნაწილი დაეკოცნა, მაგრამ თავი შეიკავა და ჩუმად ჩასჩურჩულა.
- თავად ღმერთი მეუბნება ანგელლოზის პირით.
- ძალიან სასაცილოა - ირონიული სახე მიიღო ნინომ.
- მართლა, ყველაფერს ანგელოზი მჩურჩულებს ხოლმე ყურში. აბა მე საიდან ვიცი?
- ეს ხუმრობაც აღარაა, ცინიზმია თქვენი მხრიდან.
- კარგი, რადგან არ გჯერათ, მაშინ...მოდი შემამოწმეთ. არ ვიცი, სხვა რა გითხრათ. ამ შემთხვევაში ხომ ვერ მოგატყუებთ, არა?
- საინტერესოა, სხვა რა ჩაგჩურჩულათ კიდევ ჩემზე მაგ თქვენმა ანგელოზმა? - სცადა თამაშში აყოლა ნინომ.
- ის ჩამჩურჩულა, რომ მთელი ღამე არ გძინებიათ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მოგეხერხებინათ ჩემთან შეხვედრა. ბატონმა ილიამ კატეგორიული უარი გითხრათ და სხვა გზას უბრალოდ ვერ პოულობდით. დათუაშვილის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება კი არ გინდოდათ, რამეთუ იცოდით, რომ ილია მუჯირი აღარ შემოგიშვებდათ. ნერვიულობაში გაათენეთ მთელი ღამე. დილას, ის იყო ყავა უნდა დაგელიათ, რომ დაგირეკეს და მუჯირის დანაბარები გადმოგცეს, რომ ის თანახმა იყო ჩემთან პაემანზე შემოეშვით.
- თქვენ თავხედიც ყოფილხართ - სახე ალელწა ნინოს - რამხელა წარმოდგენა გქონიათ საკუთარ თავზე.
- მკითხეთ და გიპასუხეთ - თავი იმართლა გიორგიმ. მე ხომ თქვენს გრძნობებს არ შევხებივარ?
- რა გრძნობებს უნდა შეეხოთ, არ გამაგიჟოთ - წამოენთო ნინო.
- კარგი, დამშვიდდით. არ ვეხები. დაე, მარტო თქვენთან იყოს. მართალია მეც მეხება და მეც იგივეს ვგრძნობ, მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
ნინო უხეხულად შეიშმუშნა. აღარ იცოდა რა ეთქვა.
- თქვენ მართლა კარგი ფსიქოლოგი და მანიპულატორი ყოფილხართ - თითქოს ცოტათი დამშვიდდა ნინო - ოღონდ ამას ვერ ვიგებ, საიდან იღებთ ინფორმაციებს. ჩემი წარსული თქვენ საიდან უნდა გცოდნოდათ?
ააა, გასაგებია, ვიღაცამ მოგიყვათ ჩემს შესახებ. ამიტომაც გადაწყვიტეთ ჩემთან შეხვედრა. შემდეგ, რაღაც მანქანებით, ჩემი ძმის ჩხუბის შესახებაც გაიგეთ და გინდათ, ეხლა, გამაოცოთ. რაც შეეხება მთელი ღამე იმაზე ფიქრს, როგორ შეგხვედროდით, ეს სრული სიცრუეა და თქვენი მონაგონია. ალბათ თვალებქვეშ დაღლილობის ნაოჭები შემამჩნიეთ და დაასკვენით, რომ არ მძინებია. შესანიშნავად მეძინა და საერთოდ არ ვფიქრობდი თქვენზე, მუჯირს რომ არ დაებარებინა და თქვენთან შეხვედრა არ შემოეთავაზებინა. მე, რა თქმა უნდა, მქონდა კითხვები და დავთანხმდი. აბა გისმენთ, რატომ გინდოდათ ჩემთან შეხვედრა? ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია ჩემს შესახებ?
- კარგი, დავიჯეროთ რომ ვითომ ღამე კარგად გეძინათ. ინფორმაციაზე უკვე გითხარით, ანგელოზი მიჩურჩულებს ყურში. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ამის შესახებ ჯერ ნურავის ეტყვით. აი, მკითხეთ, რაც გინდათ და გიპასუხებთ. მაგალითად, გაიფიქრეთ რამე და გეტყვით.
- სისულელეა, მაგრამ კარგი, ვითამაშოთ...და ნინომ გაიფიქრა: მაინტერესებს, ამ ნათურის მაგივრად რომ შენ ჩამოგკიდონ, თუ გაანათებო და სიცილი წასკდა. ის იყო უნდა ეკითხა, აბა რა გავიფიქრეო, რომ გიორგიმ უპასუხა:
- ვერა, რა თქმა უნდა, ვერა.
- რა ვერა? - გაიოცა ნინომ.
- ნათურის მაგივრობას ვერ გამწევ, როგორც არ უნდა ჩამომკიდო - გაუღიმა ნინოს გიორგიმ - რამე სერიოზული მკითხე.
ნინო სერიოზულად დაფიქრდა: მაშინ ის მითხარი, რატომ ამიფორიაქე სული და შეც ასევე ფიქრობ ჩემზე თუ არაო?
- არა, ჩემო ძვირფასო, არ ვფიქრობ ისევე, როგორც შენ. ათასჯერ მეტად ვფიქრობ. ყოველ წუთს, ყოველ წამს თვალწინ მიდგახარ და ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც სულ ერთად ვიქნებით... და ვიქნებით კიდეც, მე ეს ნამდვილად ვიცი. მაპატიე, არ მინდოდა შენი ლამაზი სულის აფორიაქება. მინდა რომ მშვიდად იყო და იცოდე, რომ უზომოდ მიყვარხარ. პირველივე ნახვით შემიყვარდი და მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ ეხლა ცოტა რთული პერიოდი გვიდგას და გრძნობებს ბოლომდე გასაქანი არ უნდა მივცეთ - ნაღვლიანი თვალებით მიუგო გიორგიმ. მისი თვალები, ასევე, სიყვარულის ცრემლებითაც იყო სავსე - ცეცხლოვანი, მწველი და მიუწვდომელი სიყვარულის ცრემლებით.
ნინოს იმის თქმა უნდოდა, შენობით რატომ მელაპარაკები, ვინ მოგცა უფლებაო, მაგრამ იმდენად გაოგნებული და განცვიფრებული დარჩა, ენას ვერ იბრუნებდა პირში. ხახა გაუშრა, მუხლებში სისუსტე იგრძნო. სახეზე ფერებს ცისარტყელასავით იცვლიდა: ხან გაწითლდა, ხან გაფითრდა, ხან გალურჯდა და გამწვანდა. მერე ცოტა სული მოითქვა და ძლივს ამოღერღა. თან უნდოდა დამცინავი სახე მიეღო:
- ვის აღარ აუხსნია ჩემთვის სიყვარული, მაგრამ საპატიმროს საკანში, უფრო სწორედ, პაემნების ოთახში, პირველად მიხსნიან.
კარგი, შენობით რომ მელაპარაკებით, მაგაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ფიქრების გამოცნობის ასეთი უნარი თუ გქონდათ, არ ვიცოდი. ტელეპატი ხართ?
- გითხარი უკვე, მაგრამ არ გჯერა. არავითარი განსაკუთრებული ნიჭი მე არ მაქვს. რასაც ყურში მკარნახობენ, იმას ვამბობ და რასაც მიბრძანებენ, იმას ვაკეთებ.
- და ვინ გიბრძანებთ?
- ჩემი პატრონი და მბრძანებელი.
- და ვინ არის ეგ თქვენი პატრონი, აღარ იტყვით?
- უფალი, ნინო, თავად უფალი ღმერთი.
ნონომ გაოცებით შეხედა. აღარ იცოდა, რა ეფიქრა. ეს კაცი აშაყირებდა თუ მართლაც რაღაც ზებუნებრივთან ჰქონდა საქმე?
- მაიმუნობას არ მოეშვებით?
- შენ გგონია ღმერთზე მაიმუნობა შეიძლება? ასეთი სულწაბილწული გგონივარ? - იწყინა გიორგიმ.
- აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ცრემლები მოადგა ნინოს თვალებზე. ერთის მხრივ, იმდენი რამე იცით ჩემზე, ფიქრებსაც კი ვერ ვმალავ. ყველაფერს ზუსტად მეუბნებით. მეორეს მხრივ, კი რასაც მეუბნებით, დაუჯერებელი და წარმოუდგენელია.
- ნინო, შენ გგონია აფეთქების შესახებ ტერორისტებმა დამირეკეს და მომახსენეს თავიანთი გეგმები? ან აფხაზეთის მთავრობიდან შემომითვალეს, არიქა, ესა და ეს შევუკვეთეთო? დაფიქრებულხარ, საიდან უნდა მცოდნიდა შენი წარსული, ან შენი ძმის ჩხუბი? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ შენ შეგხვდებოდი მაინც და მაინც? ან შენი ფიქრები საიდან უნდა ვიცოდე, ან შენი თეთრად გათენებული ღამე? გგონია ასეთი ყოვლისშემძლე ვარ? არა, ჩემო მშვენიერო ქალბატონო. ამას ერთი მარტივი, თუმცა დაუჯერებელი ახსნა აქვს. ყოველივეს ანგელოზი მკარნახობს ყურში - ვისთან რა ვთქვა, რითი გავაოცო და როგორ დავითანხმო, რომ გააკეთოს ის, რაც უფალ ღმერთს უნდა. ამიტომაც არ იყო ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი. ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა. ჩვენი პირადი გრძნობებიც, არა მგონია, შემთხვევითი იყოს. ალბათ იმიტომაც შეგვახვედრა, ღმერთმა, ერთმანეთს, რომ ერთმანეთის ბედი ვართ, ასე ვთქვათ. შენ გგონია შემთხვევით რამე ხდება ქვეყანაზე? ღმერთი ამბობს:
„შემთხვევითობა - ჩემი ზედმეტსახელია. არაფერი შემთხვევით არ ხდება“.
ხედავ, რას ამბობს უფალი? მე პირველივე ნახვისთანავე შემიყვარდი. ანგელოზი მეუბნება, რომ არც შენ ხარ გულგრილი. აბა, რა გვიდგას მაშინ წინ? სიყვარულზე ძვირფასი და ამაღლებული შეიძლება რამე იყოს?
ნინო მონუსხულივით იჯდა და ლამის პირდაღებული უსმენდა. მერე გაწითლდა და თავი დაბლა დახარა.
გიორგი კი აგრძელებდა:
- მაგრამ გრძნობები ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩვენ წინ ბევრი საქმე გვაქვს ერთად გასაკეთებელი - კარგი, კეთილი საქმეები. შენთან და ბატონ ილიასთან ერთად. ამიტომ დაგვაკავშირა ღმერთმა ჩვენ სამი ერთმანეთს. ესეც უფლის ნებაა. თუმცა, ბატონ ილიას ჯერ ვერ ვეუბნები ანგელოზის შესახებ, არ დაიჯერებს და გიჟად ჩამთვლის. ამიტომ, ანგელოზი მეუბნება, რომ ჯერ მხოლოდ შენ შეგიძლია იცოდე ამის შესახებ. თუმცა, ჩემმა მეგობრებმა, ძმამ, ბებიამ და ჩემმა მოძღვარმა იციან. აუცილებლად ყველას გაგაცნობ. მოვა დრო, და მუჯირიც გაიგებს, მაგრამ ჯერ ნაადრევია. დღეს შენთან შეხვედრა კი არა მარტო გრძნობების გამოსახატად მინდოდა, არამედ იმიტომაც, რომ ერთი არასასიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა.
- რა უნდა მითხრათ? - შეცბა ნინო.
- შენი დედა, ქალბატონი მანანა, მძიმე სენით არის დაავადებული. ამის შესახებ არავინ იცის, თავადაც კი. ამიტომ, დედა სასწრაფოდ უნდა წაიყვანო ონკოლოგთან, რომ მერე გვიან არ იყოს. მე კი გეტყვი, როგორც ანგელოზი ჩამჩურჩულებს, რომ დედა კარგად იქნება და გამოკეთდება, ოღონდ ეხლავე უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ნინო გაშრა და ფერი წაუვიდა.
- ეს მართალია?
- კი, ნინო, მართალია.
- მაშ, მართლა ანგელოზი გელაპარაკება? - ეხლა უკვე ნინო გადავიდა შენობით ფორმაზე.
- კი, ანგელოზი მელაპარაკება, მართალია. ოღონდ ამის შესახებ ჯერ არავინ არ უნდა იცოდეს. ეს ჩვენი საიდუმლო იქნება. ანგელოზმა მომცა უფლება, ანუ, უფრო სწორედ, უფალმა, მისი პირით, რომ ეს შენთვის გამემხილა. შენ ეს უნდა გცოდნოდა. გესმის, რასაც გეუბნები?
- ნინომ თავი დაუქნია.
- კარგი, წადი ეხლა და დედას მიხედე სასწრაფოდ. ეხლა ბადრაგიც შემოვა და წამიყვანს.
დაასრულა თუ არა ეს სიტყვები, მართლაც, ბადრაგი შემოვიდა და პაემნის დამთავრების და გიორგის წაყვანის შესახებ განაცხადა.
ნინო კარგა ხანს იჯდა გარინდებული. ბოლომდე გონს ვერ მოსულიყო. მუხლები არ ემოჩილებოდა, რომ ამდგარიყო. მაგიდაზე მდგარი გრაფინიდან წყალი დაისხა და ხარბად შესვა. მერე, როგორც იქნა ნელ-ნელა წამოდგა და გასასვლელი კარებისკენ გალასლასდა.
***
5 წლის წინ, დედა რომ გარდაეცვალა, გიორგი 23 წლის გახლდათ. ძალიან განიცადა. უზომოდ უყვარდა და უეცრად გამოეცალა ხელიდან. საშინელმა სენმა, რომელიც ეხლა ნინოს დედას ემუქრებოდა, წაიყვანა მისი დედა უსასრულობაში. მისი ცხოვრება თითქოს დაინგრაო. მამა, უფრო ადრე, 11 წლის წინ გარდაეცვალა და დედა იყო მისთვის ყველაფერი. მამის სიკვდილმაც, რა თქმა უნდა, ძლიერ დათრგუნა, მაგრამ მაშინ მაინც პატარა იყო და გადაიტანა, ასე თუ ისე. დედის სიკვდილმა კი დაანგრია და გაანადგურა. არაფერი აღარ უხაროდა, ყველაფრის ხალისი დაეკარგა. ცხოვრობდა ინერციით და ხშირად ღამეებს ტირილში ატარებდა. ტიროდა არა მარტო დედის დაკარგვას, არამედ მის მიმართ თავის სიცივეს და უყურადღებობას, როცა ცოცხალი ჰყავდა. მაშინ ვერ აცნობიერებდა ბოლომდე, რა ძვირფასი იყო დედა მისთვის და მხოლოდ მისმა სიკვდილმა გაახსენა დედის ნამდვილი მნიშვნელობა, ფასი და სიდიადე.
3 მარტი იყო, როდესაც დედა დაასაფლავა. ე.წ. დედის დღე. მრავალი ცრემლით გათენებული ღამის შედმეგ, ზუსტად 1 წლის თავზე მის საფლავან მდგარს ცრემლები ჩანჩქერივით ცვიოდა და თან გულში დედას ელაპარაკებოდა:
- ვერავინ დამაჯერებს, რომ დედა 3 მარტს უფრო უნდა მიყვარდეს ვიდრე 15–ში, 20–ში, ან მაისში, სექტემბერსა თუ თებერვალში. ვისაც დედისთვის ყურადღება და სიყვარული დაუკლია მთელი წლის მანძილზე, 3 მარტს მირთმეული საჩუქრით ან ყვავილებით შეავსებს? ეს ისეთივე უაზრობაა, როგორც ვალენტინობა, სიყვარულის დღე და ა.შ. ადამიანი გიყვარს სულ, ყოველთვის, ყოველ წამს, დღე და ღამე, ზამთარ–ზაფხულ - განსაკუთრებით დედა.
ჩემო საბრალო, ჩემო გატანჯულო დედა, ვერცერთი დღე ვერ შემიცვლის შენს მონატრებას, ვერ შემივსებს შენს სიყვარულს, ვერ დამიოკებს უზარმაზარ ტკივილს. ტკივილს იმიტომ, რომ აღარ მყავხარ. ვეღარ ვხედავ შენს თვალებს, შენს ღიმილს. აღარასოდეს მეტყვი: „მე კარგად ვარ,შვილო“, მაშინაც კი, როცა ავად ხარ, როცა სევდით გაქვს გული სავსე, როცა მიმალავ დარდს და მაინც მიღიმი, რათა გული არ მატკინო. ერთი უმცირესი ტკივილიც კი არ გინდა მომაყენო, თითქოს უფრო მეტი საზრუნავი არსებობდეს დედამიწაზე, ვიდრე დედაზე ზრუნვაა, ვიდრე დედაზე ფიქრია.
„ძნელია კარგი მშობლობა, კარგი მეუღლეობა, კარგი დედმამიშვილობა, კარგი მეგობრობა და ა.შ. მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც კარგი შვილობაა – ყველაზე მთავარი, ყველაზე აუცილებელი. უამისოდ არაფერს დანარჩენს ფასი არა აქვს ცხოვრებაში“.
რამდენჯერ მიფიქრია, დედა, დადგა კი ჩემგან ადამიანი, ნამდვილი კაცი, როგორიც შენ გინდოდა რომ დამდგარიყო, რისთვისაც არაერთი ღამე გითენებია, უამრავი ცრემლი დაგიღვრია? რა აანაზღაურებს შენ ცრემლებს, დედა? ჩემი ცრემლები? ჩემი მოგონებები? დაგვიანებული სიყვარული? დრო ყველაფრის მკურნალიაო – იტყვიან უგუნური ადამიანები. განა ძვირფასი ადამიანის დაკარგვას შეიძლება მკურნალი ყავდეს ვინმე ან რამე? აბა კითხეთ შვილდაკარგულ დედას, მშობელდაკარგულ შვილს, ძმამოკლულ ძმას. არა, არა არის დრო მკურნალი. უდიდესი სიცრუეა ეს, უდიდესი ტყუილი.
სანამ ცოცხალია, ფიქრობ ადამიანი დედაზე და სულ იმის ცდაში ხარ, არაფერი დააკლო, არაფერი აწყენინო. განა როდისმე გადაიხდი ამაგს? –ვერა, ვერასოდეს. მაგრამ მაინც ცდილობ, გინდა სულ გულში ჩაკრული გყავდეს და ეხლა შემ მოუყვე ლამაზი ზღაპრები, უმღერო, მოუალერსო, მოეფერო და გამუდმებით უმეორო რომ ძალიან გიყვარს. მაგრამ...ისევ ვუბრუნდებით ცხოვრების სასტიკ ირონიას. ფიქრობ, მაგრამ ვერასოდეს ახერხებ ამას, ვერ ბედავ, გერიდება. ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას, თითქოს დაუსრულებლად გაგრძელდება ეს ყველაფერი. თუმცა ხვდები, რომ ერთხელაც დედას ვეღარ ნახავ და დაგრჩება ეს უამრავი სათქმელი გულში გამოუთქმელი, შენი ამპარტავნების თუ ზედმეტი პატივმოყვარეობის გამო. მას კი განა ბევრი რამ უნდა? ყველაფერს აიტანს, ყველაფერს მოითმენს. ოღონდ შენ არაფერი მოგაკლდეს, შენს თვალებში სევდას ნუ დაინახავს. მხოლოდ შენს მოწყალე გამოხედვას ელის, შენს სიყვარულს. მხოლოდ ორ სიტყვას, ყველაზე სანატრელს და ყველაზე საოცნებოს ყველა დედისათვის – „მიყვარხარ,დედა“.
რაც არ უნდა ბევრი გაუკეთო დედას, ყოველთვის ცოტაა, ყოველთვის მცირეა, იმიტომ, რომ დედას ყველაზე მეტად შენი ალერსი, შენი სიყვარული სჭირდება. ესაა მისი სიმდიდრე და ქონება, ესაა მისი ბედნიერება.
...და მერე, როცა, ერთ დღეს, დედა აღარ გეყოლება, თავში იცემ ხელებს, ნანობ ყველაფერს, რაც სანანებელია და რაც არა. მაშინღა ხვდები შენს გულგრილობას, შენს ამპარტავნებას და ლამის გული გაგისკდეს დარდისგან...და განუწყვეტლივ ნატრობ, ნეტავ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით დაბრუნდებოდეს. რამდენს ეტყოდი, რამდენს მოეფერებოდი. ფეხებში ჩაუვარდებოდი, მუხლებს დაუკოცნიდი, გულში ჩაიკრავდი და არასოდეს გაუშვებდი ხელს. დგახარ საფლავთან უძლური, სასოწართმეული და ტირიხარ, თითქოს შენს ცრემლებს რამე ფასი ჰქონდეს ახლა. გახსენდება ყველაფერი და ტირიხარ. გულში სინანული ისადგურებს და ცოტათი ემსგავსები ადამიანს. იცოდი, რომ დადგებოდა ეს დღე. ისიც იცოდი, რომ ასე ინანებდი, ასე იტირებდი, მაგრამ მაინც ისე მოიქეცი, როგორც მოიქეცი. დგახარ ასე განადგურებული, დამწუხრებული და მთელი ხმით გინდა იყვირო, მთელ ქვეყანას გააგებინო – მოეფერეთ დედებს, სანამ ცოცხალი გყავთ.
მერე ყველა ნაცნობს თუ უცნობს უმეორებ იგივე სიტყვებს და გიკვირს, რომ არ ეფერებიან, არ უფრთხილდებიან, არ სჯერათ შენი. ისევე იქცევიან, როგორც შენ ექცეოდი შენ დედას მის სიცოცხლეში და გიკვირს, ბრაზდები – რა გულქვები და უმადურები არიან ადამიანები. შენ ეს უკვე იცი, განიცადე, გაითავისე და გინდა რომ სხვა ადამიანები დაიცვა, თუმცა თვითონაც არაერთხელ გაგიგია, მოგისმენია, წაგიკითხავს – მოეფერე დედას, გაუფრთხილდი. შენ კი ხანდახან დარეკვაც კი დაგვიწყებია, მოკითხვაც კი არ გაგხსენებია, მოფერებას სულ შემდეგისთვის გადადებდი ხოლმე. გეგონა სულ ცოცხალი გეყოლებოდა, არასოდეს დაგტოვებდა და უამრავი დრო გქონდა მოსაფერებლად და მოსასიყვარულებლად. ხოდა დგახარ ეხლა მის საფლავთან და გულწრფელად ნატრობ, ნეტა შენ იყო ეხლა მის ადგილზე.
ფრაგმენტებად, მაგრამ მაინც თითქმის ყველაფერი მახსოვს, დედა – ყოველი შენი ტკივილი, ყოველი შენი დარდი, ყოველი ცრემლი. ეხლა უფრო მეტი მახსოვს, ვიდრე მაშინ, როცა ცოცხალი მყავდი და არ ვფიქრობდი ამაზე. უფრო მეტად განვიცდი ეხლა ყველაფერს, უფრო მეტად ვნანობ. მძიმეა ცრემლი სინანულისა, ძალიან მძიმე, ძალიან მტკივნეული, მაგრამ ეს არის ერთადერთი მაცოცხლებელი, სიცოცხლის განმგრძელებელი. ეს არის უფლის ყველაზე დიდი წყალობა და საჩუქარი.
რატომ ხდება, რომ გარდაცვლილი დედა ყოველთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ცოცხალი? საოცარია, მაგრამა ასეა...და არა მარტო დედა. ალბათ დამეთანხმება ყველა, ვისაც ძვირფასი ადამიანის დაკარგვის სიმწარე განუცდია.
ხოდა ვფიქრობ ეხლა ამაზე ყველაფერზე, დედა, და ისევ მეტირება, ისევ ლამობს დარდი გულიდან ამოფრქვევას. ისევ მეუფლება სინანული და ისევ დაუსრულებლად მინდა გიმეორო – „მაპატიე,დედა“
ვიცი, რომ გესმის ჩემი, ვიცი რომ მგრძნობ, ისევე, როგორც ყოველთვის; ისევე როგორც მაშინ, შენს მუცელში რომ ვფართხალებდი; ისევე, როცა ძუძუს მაწოვებდი, როცა ხელში მაძინებდი, დაღლილი, ღამენათევი, ლამის დაცემამდე დაქანცული მაგრამ მაინც ბედნიერი – ბედნიერი ჩემი არსებობით. იმ პატარა არსებით, რომელიც სიცოცხლეზე ძვირფასი გახდა შენთვის. მგრძნობ და ჩემი ცრემლები გულს გიკლავს. გინდა რომ მომეფერო, დამამშვიდო, გულში ჩამიკრა. მე კი არ შემიძლია, ვერ ვმშვიდდები.
ვერ დავწყნარდები, სანამ არ გნახავ, საბოლოოდ, სამუდამოდ; სანამ ისევ გულში არ ჩაგეკვრები და პატიებას არ გთხოვ. პატიებას ყოველი წუთი დაკლებული ყურადღების და ალერსის გამო, ყოველი წამი დაკლებული სითბოსა და სიყვარულის გამო. ვერ დავწყნარდები, სანამ არ გნახავ ბედნიერს, გაბრწყინებულს, უფალთან დავანებულს. ამიტომ – ვილოცებ, ვინატრებ, შევევედრები უფალს შენს სულს, სანამ შემეძლება, სანამ უკანასკნელი სუნთქვა აღმომხდება, სანამ ღმერთი მომცემს ამის ძალას. ეხლა მაინც მეყვარები ისე, როგორც მაშინ უნდა მყვარებოდი, ცოცხალი რომ მყავდი – ახლოში, გვერდით
...და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის 3 მარტია თუ არა.
იმიტომ, რომ ყოველი დღე ჩემთვის დედის დღეა – ყოველი წუთი, ყოველი წამი. იმიტომ, რომ სულ ჩემთან ხარ, სულ შენზე ვფიქრობ განუწყვეტლივ; იმიტომ რომ ჩემში ხარ ისევე, როგორც მე ვიყავი ოდესღაც შენს სხეულში. ჩემი გულის, ჩემი სულის უდიდესი ნაწილი ხარ. იმიტომ რომ...მიყვარხარ, დედა!!!
რა მნიშვნელობა აქვს, რა დღეა დღეს? დედისაა ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი – 7 დღე კვირაში, 24 საათი დღეში და მართლაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს 3 მარტია დღეს თუ 15 ოქტომბერი.
...და ისევ, ყველას გასაგონად, მთელი ხმით მინდა ვიყვირო –მოეფერეთ დედას, სანამ ცოცხალი გყავთ – გევედრებით ყველას!!!
სიკვდილი ისევე ძლიერია, როგორც სიყვარული. ისევე ვერიდებით სიკვდილს, როგორც ვუფრთხილდებით სიყვარულს, რამეთუ, ორივე შემთხვევაში, ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს და საყვარელ ადამიანს.
როდესაც ვობლდებით, მაშინღა ვხვდებით, თუ რაოდენ უსამართლონი ვიყავით შვილები მშობლების მიმართ მათ სიცოცხლეში.
არაფერი ისე არ თრგუნავს ადამიანს, როგორც უსუსურობა ახლობელი ადამიანის სიკვდილის წინაშე.
პატიოსანი ადამიანი ვერასოდეს მოიშორებს სინდისის ტკივილს ყველა იმ საქციელის გამო, რაც მას გარდაცვლილი ახლობლების წინაშე აქვს ჩადენილი.
სინდისის ქენჯნას კიდევ შეიძლება შეეგუოს ადამიანი, სინდისის ტკივილს - ვერასოდეს.
შემდეგ კი...შემდეგ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. დარჩა პატარა ძმა, სოსო და ერთადერთი ბებია, პენსიაზე გასული ფილოლოგი ქალბატონი თამარი. ბაბუა და დედის მხრიდან ბებია-ბაბუა დიდი ხნის გარდაცვლილები ყავდა და აღარც კი ახსოვდა. ბებია თამარი(თამრიკო, როგორც გიორგი ეძახდა) იყო მისთვის დედაც და გადიაც. გიორგი დიდი მორწმუნე არასოდეს ყოფილა, არც ეკლესიური ცხოვრების იცოდა რამე. კი, სწამდა, გაუგია ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს შესახებ, ბოლოს და ბოლოს ჯონ ჰეიმანის ცნობილი ფილმი „იესო“ ჰქონდა ნანახი...და მორჩა, ამით ამოიწურებოდა მისი რელიგიური ცოდნა. იშვიათად, ტაძარში თუ მოხვდებოდა, ისიც თამრიკო თუ წაიყვანდა ხოლმე თხოვნით ან სინდისზე შეგდებით. სანთელსაც დაანთებდა ხოლმე და თავისებურ ლოცვასაც წარმოსთქვამდა, მაგრამ, ტაძრიდან გასვლის შემდეგ ღმერთი აღარ ახსოვდა და თავის რუტინულ ცხოვრებას უბრუნდებოდა. თამრიკო ბებია რელიგიური ჰყავდა. ბავშვობაში საბავშვო ბიბლიასაც კი უკითხავდა ხოლმე და იმედი ჰქონდა ბავშვს ეკლესიას შეაყვარებდა, მაგრამ გაიზრადა თუ არა, ყოველგვარი ინტერესი დაკარგა და ჩვეულებრივ ერულ ცხოვრებას ეწეოდა. დედის გარდაცვალების შემდეგ თამრიკო, მართალია ყველანაირად უვლიდა და პატრონობდა ბიჭებს, მაგრამ შვილის გარდაცვალებამ მაინც ძალიან მოტეხა და თუ სადმე შვებას ნახულობდა, ეს ტაძარი გახლდათ და მთელ თავისუფალ დროს იქ ატარებდა. თანაც ბიჭები დიდები იყვნენ უკვე და ორივე უმაღლესში სწავლობდა.
მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ იბრუნდა პირი ეკლესიისკენ. ესეც თამრიკომ დაარწმუნა, ეკლესიაში შესაწირავი მიეტანა დედისთვის. პანაშვიდი გადაეხადა და წირვებზე მოსახსენებელი მიეწოდებინა. ისე, როგორც ამას თავად აკეთებდა. დედის სიკვდილმა გააცნო მას ღმერთი და წმინდანები. ისწავლა, რა იყო ჭეშმარიტი ლოცვა, მარხვა, სინანული, წირვა, აღსარება და ზიარება. შეკვეთილი წირვების შესახებაც შეიტყო და ასე დაიწყო მისი ეკლესიური ცხოვრება. ლამის ყოველ წირვაზე დადიოდა და დედ-მამის მოსახსენებელს ტოვებდა. აღსარებასაც აბარებდა და ხშირადაც ეზიარებოდა. თამრიკოს გული უნათდებოდა, როცა გიორგის ტაძარში გვერდით ხედავდა.
24 წლის ხდებოდა, როდესაც პირველი აღსარება ჩააბარა. სული არ უჩერდებოდა, უნდოდა დროზე მოენანიებინა დედის წინაშე ჩადენილი დანაშაულები - უყურადღებობა, არასაკმარისი ალერსი და სიყვარული, ხშირად უხეში, ეგოისტური დამოკიდებულება და ა.შ.
მოინანია, ცრემლებით იტირა ყველა დანაშაული, რასაც გრძნობდა დედის წინაშე. მათთან ერთად სხვა ცოდვებიც, რა თქმა უნდა, თუკი რამე გაიხსენა...და ასე დაიწყო მისი ახალი ცხოვრება - ცხოვრება ღმერთთან ერთად. ფართოდ გაუღო გულის კარი იესო ქრისტეს და მასში ჰპოვა დასაყრდენიც და დედის გარდაცვალებით დარჩენილი ტკივილის წამალიც.
შემდეგ, ხარბად დაეწაფა ქრისტიანულ ლიტერატურას, წმიდა მამათა სწავლებებს, წმინდანთა ცხოვრებას, გამონათქვამებს, ეპისტოლეებს, ქადაგებებს და სხვას - იქნებოდა ეს იოანე ოქროპირი თუ გრიგოლ ღვთისმეტყველი, ისააკ თუ ეფრემ ასურები, იოანე სინელი თუ იოანე დამასკელი, ეგნატე ბრიანჩანინოვი თუ მიქაელ პომაზანსკი, ნექტარიოს ეგინელი თუ ნიკოდიმოს მთაწმინდელი, ნიკოლოზ სერბი თუ იუსტინე პოპოვიჩი, სერაფიმე საროველი თუ იოანე კრონშტადტელი, ბერი გაბრიელ ურგებაძე თუ პაისი ათონელი... და მრავალი, მრავალი სხვა. განსაკუთრებულად უყვარდა მამა გაბრიელი და მამა ვიტალი, მამა გიორგი ბასილაძე და მამა პაისი ათონელი. ასევე ქსენია პეტერბურგელი და მატრონა მოსკოველი, სერაფიმე საროველთან და სერგი რადონეჟელთან ერთად. ეცნობოდა წმიდა მამათა სწავლებებს და ნელ-ნელა ძლიერდებოდა ქრისტეში. თავისთავად ცხადია, დაიწყო სისტემატიურად ლოცვა, მარხვა, დაუდჯომელების და სავედრებელი ლოცვების კითხვა, აღსარების ჩაბარება, ზიარება და სხვა. მოკლედ, გახდა ეკლესიური. სწორედ ამ დროს შემოვიდა მის ცხოვრებაში მამა იოანე.
***
მამა იოანე(ერისკაცობაში ნოდარ სანთელაძე) უდიდესი ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობდა არა მარტო კლირიკოსთა შორის, არამედ მრევლში განსაკუთრებულად. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს მისი მრევლი იქნებოდა და რომელიმე სხვა ტაძრის. მისი სიწმინდის და განსაკუთრებით სასწაულმქმედების ნიჭის შესახებ ბევრმა იცოდა.
ბავშვობა ობლობაში გაატარა. მამა ადრეულ ასაკში ტრაგიკუალად დაეღუპა. მდინარეში დაიხრჩო საწყალი. შემთხვევით ჩავარდნილი ქალის გადასარჩენად გადამხტარა. ქალი კი გადაურჩენია, მაგრამ თავად ვეღარ შეძლო თურმე ნაპირზე გამოსვლა. სამი დღე ეძებდნენო მის გვამს. ბოლოს აზერბაიჯანის საზღვართან აღმოუჩენიათ. მაშინ ნოდარი 9 წლის იყო.
დედა ზრდიდა მას და მის სამ დას. არ ულხინდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოთმინებით და ერთმანმეთის სიყვარულით გაჰქონდათ თავი. ბებია-ბაბუებიც ეხმარებოდნენ, თუმცა თავადაც ბევრი არაფერი გააჩნდათ. თავიდან დედა მარტო წვალობდა. შემდეგ დები წამოიზარდნენ და ცოტა შეუმსუბუქდათ ყოფა. ნოდარმა, ჯერ კიდევ სულ პატარამ დაიწყო მუშაობდა. როდესაც სკოლა დაამთავრა, არც კი დაფიქრებულა, სწავლა სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. საკმაოდ ნიჭიერი გახლდათ და არ გასჭირვებია არც მისაღები გამოცდების ჩაბარება და არც სწავლა. უფლის სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა ჩანერგილი ჯერ მამისაგან, შემდეგ კი დედისგანაც. ახსოვს, როგორ დაყავდა მამას ტაძარში და აზიარებდა ხოლმე ჯერ კიდევ სულ პატარას. სახლში კი ბიბლიას უკითხავდა და მის ენაზე უხსნიდა ღმერთის და სამყაროს არსს. ისიცი ყურადღებით უსმენდა ხოლმე და ცდილობდა დაემახსოვრებინა მამის ნათქვამი თუ წაკითხული.
სანამ სკოლას დაამთავრებდა, უკვე თითქმის ყველა რელიგიური წიგნი ჰქონდა წაკითხული, რაც კი ქართულ, რუსულ თუ ინგლისურ ენაზე მოიპოვა. 15 წლის გახლდათ, როდესაც პირველად მამა გაბრიელი ნახა და ეს შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა მის ცვხოვრებაში. მამა გაბრიელი ლოყაზე მოეფერა ნოდარს, მერე თავზე ხელი გადაუსვა და მის გვერდით მდგომ მონაზონს უთხრა: ეს ბიჭი ჩვენია. დაიმახსოვრე, სასულიერო გზაზე დადგება და დიდ მწვერვალებს მიაღწევსო.
- ოღონდ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ჩემო ბიჭო - მოუბრუნდა ბერი გაბრიელი ნოდარს - თავში არ აგივარდეს, თორემ ეშმაკი ჩასაფრებულია და შავ დღეში ჩაგაგდებს. შენ რომ უკვე დიდი მამა გახდები, ჩუმად მოგეპარება, რომ ხიბლში ჩაგაგდოს და თუ მიწამდე არ დასწევ თავს, დაგცემს და გაგანადგურებსო.
მართალია, მაშინ ნოდარიმ ბოლომდე ვერ გაიგო დიდი ბერის ნათქვამი, მაგრამ დაიმსახსოვრა სიტყვები და გულით ატარებდა მას. რაც მთავარია, მან ყველაზე მთავარი იცოდა - ის სასულიერო პირი უნდა გამხდარიყო. სხვა არაფერი აინტერესებდა და თუ აქამდე კიდევ ყოყმანობდა, გაბრიელ ბერთან შეხვედრამ სამუდამოდ გადაწყვიტა მისი მომავალი.
ჩვეულებისამებრ, ჯერ დიაკონი გახდა, ორი წლის მერე კი მღვდლად აკურთხეს მამა იოანეს სახელით და ერთ-ერთ შორეულ ეპარქიაში გაუშვეს პატარა სოფლის ეკლესიის წინამძღვრად.
მამა იოანე არა მარტო სოფლის სულიერი მამა, არამედ ყოველი მცხოვრების თანამდგომი და დასაყრდენი გახდა. მისმა სითბომ და ადამიანებისადმი უზომო სიყვარულმა მას სახელი სოფლის გარეთ შორს გაუთქვეს. მისი ბრძნულ ქადაგებებს იწერდნენ და ავრცელებდნენ.
დროთა განმავლობაში მას ჯერ მკურნალობის, ხოლო შემდეგ ნათელმხილველობის ნიჭი აღმოაჩნდა. თუ ვინმე სნეული მამა იოანესთან მივიდოდა, ის თავის ლოცვებით მას კურნავდა და სწორ გზაზე აყენებდა. ანუ, არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც უკურნავდა და სნეულების მიზეზსაც უხნიდა. როდესაც მისი სახელი უკვე ძალიან შორს გავარდა, მამა იოანეს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს და დედაქალაქში, წმიდა ნიკოლოზს სახელობის ტაძარში გადაიყვანეს წინამძღვრად. მამა ოანეს არც ხარისხი და არც რაიმე პრივილეგიები არ აინტერესებდა. მისი მთავარი საზრუნავი ღმერთის და მოყვასის სიყვარული გახლდათ. ბევრჯერ შესთავაზეს დიდი ძღვენი - ბინა იქნებოდა ეს, ძვირადღირებული მანქანა თუ სხვა რაიმე ძვირფასი საჩუქარი, მაგრამ მამა იოანე არაფერს იღებდა და თუ მჩუქნელი არ ეშვებოდა, აიღებდა, ფულად აქცევდა და დახმარების სახით გასცემდა ყველაზე უქონელთათვის, ისე, რომ თავისთვის არაფერს იტოვებდა. ასეთი უვერცხლო და უნგარო რომ გახლდათ, ხალხში სიყვარულით „სანთელი“ შეარქვეს. გვარიც ხომ უწყობდა ამაში ხელს. თუმცა მას არ უყვარდა, როცა მას ასე ეძახდნენ. ვინ გაუბედავდა, მაგრამ, იცოდა რომ ასე იხსენიებდნენ და ეს არ მოსწონდა. სანთელს ნუ აჭუჭყიანებთ, მის სახელს ნუ ბილწავთო - ამბობდა ხოლმე ქადაგებებში.
ხოდა ეს ჩვენი „სანთელი“, მართლაც სანთელივით სუფთა გული და სინდისი რომ ჰქონდა, უკვე კაი ხნის საშუალო ასაკს გადაცილებული გახლდათ, როდესაც პირველად გიორგის შეხვდა. გიორგიმ სწორედ მის ტაძარში დაიწყო სიარული და მათი სულებიც ძალიან მალე ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ეს ორი წლის წინ იყო.
გიორგის უზომოდ უყვარდა მამა იოანე. მის ქადაგებებს ისე უსმენდა როგორც მშიერი ძაღლი შეჰყურებს პატრონს ხელებში. წირვების შემდეგ ბვევრჯერ დარჩენილა და უსაუბრია მასთან ათას ცხოვრებისეულ საკითხზებზე.
ერთხელ, გიორგის სამსახურში რაღაც უსიამოვნება შეემთხვა. ცილი დასწამეს და დააბრალეს, რაც არ გაუკეთებია. არადა ის, რაც დააბრალეს, ახალმოსული გოგონას დანაშაული გახლდათ. მაგრამ გიორგიმ ვერ შეძლო დაბეზღება, თავი დახარა და დამცირება უხმოდ აიტანა. მერე ეს ყველაფერი ახრჩობდა და რომ ვერ ინელებდა, ისევ მამა იოანემ დაუამა და უმკურნალა.
- გაითვალისწინე, რომ ძლიერი პიროვნება ის არის, ვინც მართალია და თავის გამტყუნება შეუძლია და არა ის, ვინც მტყუანია და თავს იმართლებს - ასწავლიდა მამა იოანე გიორგის.
- ისიც იცოდე, რომ ვინც შეურაცხყოფას შიშის გამო იტანს, ის სუსტი და ლაჩარია. ვისაც დამცირების ატანა სიყვარულის გამო შეუძლია, ისაა ძლიერი და ვაჟკაცი. თუმცა, სხვისი ცოდვის საკუთარ თავზე აღება თავგანწირვას და კეთილშობილებას ნიშნავს და არა იმას, რომ ეს ცოდვა იმას მოეკითხება, ვინც თავის თავზე აიღო.
შეურაცხყოფა და დამცირება არამც და არამც არ აკნინებს ადამიანის სულს. პირიქით, მოთმინება და მიტევება უფრო ამაღლებს მას. ტაძარში ათასი ცოდვილი შედის, მაგრამ, განა, ამით მის სიწმინდეს რამე აკლდება?
რომ არ დააბეზღე, ძალიან კარგად მოქცეულხარ. საერთოდ, იცოდე და სამუდამოდ ჩაიბეჭდე გულში:
ნუ მიუტან ენას ნურავის. იცოდე, ენის მიმტანი მქმნელზე უარესია.
ვინ იცის, რამდენი ასეთი რჩევა-დარიგება მიუღია გიორგის და სხვა უამრავ ადამიანს მამა იოანესგან. ნებისმიერი მძიმე სიტუაციიდან ის ისეთ გამაოგნებელ რჩევას მისცემდა ხოლმე ადამიანს, არ შეიძლებოდა არ აღფრთოვანებულიყავი მისი უდიდესი სიყვარულით, სიბრძნით და თანადგომით, რომ არაფერი ვთქვათ მის სასწაულმოქმედების ნიჭზე, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
ალბათ ერთი წელი იქნებოდა გასული, რაც გიორგი მამა იოანეს ტაძარში დადიოდა, როდესაც მისი ცხოვრება სასწაულებრივად შეიცვალა. ეს კი ასე მოხდა:
ერთ ჩვეულებრივ ღამეს, როდესაც გიორგი დაღლილი და დაქანცული დასაძინებლად დაწვა, მას ზარის წკრიალის მაგვარი ხმა მოესმა. შემდეგ ჰაერში პატარა ბრწყინავი ბურთულები დაინახა. რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნიდნენ. ასე განმეორდა ზუსტად სამი ღამე. გიორგის ძალიან უნდოდა „სანთელისთვის“ ეამბნა ყველაფერი, მაგრამ წირვის დღე ჯერ არ დამდგარიყო, ისე უდროოდ შეწუხებას კი ერიდებოდა.
- რა უნდა ვუთხრა, ღამე ჩემს საძინებელ ოთახში მბრწყინავი ბურთულები მელანდება თქო? - ფიქრობდა გიორგი და არ უნდოდა ამის გამო მამაოს შეწუხება. იქნებ გადაღლის ბრალია ან რამე სხვა მჭირს და მართლა მელანდებაო - ვარაუდობდა გიორგი - მოდი ცოტას დავიცდი და თუ დიდხანს გაგრძელდა, მერე ვეტყვი მამა იოანესო.
მაგრამ მეოთხე ღამეს სრულიად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი რამ მოხდა. მბზინავი ბურთულები, წინა ღამეების მსგავსად რომ გამოჩდნენ, ერთამენთს შეერწყენენ, გაიზარდნენ და ერთ დიდ ნათელ უზარმაზარ წერტილად იქცნენ. შემდეგ, ეს ნათელი ისევ გაბრწყინდა და გაიფანტა ვითარცა ფეიერვერკი, მის ადგილას კი ჰაერში ჩამოკიდებული არსება გაჩნდა. გიორგი თვალებს არ უჯერებდა. კარგად მოიფშვიტა კიდეც, ხომ არ მელანდებაო. არსება ისეთი ლამაზი გახლდათ, ვისი მსგავსიც არასოდეს უნახავს ცხოვრებაში. ოღონდ ეს ვერ გაარჩია, ქალი გახლდათ თუ კაცი. როდესაც ცოტა აზრზე მოვიდა და ექვსი თეთრი, ქათქათა ფრთა დაინახა, მაშინღა მიხვდა რომ მის წინ ანგელოზი იდგა, თუ ამას დგომა ერქვა საერთოდ.
ამის გააზრებისთანავე გიორგი დაფრთხა და იატაკზე განერთხო. ცრემლები თავისთ წამოუვიდა და კანკალმა აიტანა.
- ნუ გეშინია, მე შენს შესაშინებლად არ მოვსულვარ - მოესმა გიორგის ნაზი და ხავერდოვანი ხმა. თავი ოდნავ გაუბედევად ასწია და მორჩილი სახე მიიღო. ხმის ამოღება არ შეეძლო. არც ის იცოდა, რა ეთქვა და არც ის, რისი თქმის უფლება ჰქონდა საერთოდ.
- მე მინდა გითხრა, რომ შენ განსაკუთრებული მისია გეკისრება და უნდა შეასრულო, რასაც უფალი მოითხოვს შენგან - გაისმა ისევ ალერსიანი ხმა.
- მე რა შემიძლია, ანგელოზო, ცოდვილს და უღირსს? - ძლივს, ხახაგამშრალმა ამოიღნავლა გიორგიმ.
- შენ იმიტომ კი არ აურჩევიხარ ღმერთს, რომ დიდი ღირსეული ვინმე ხარ ან უცოდველი - გაუღიმა ანგელოზმა დაბნეულ ბიჭს - ის ხშირად ყველაზე ცოდვილებს სწყალობს ხოლმე. რა, არ გაგიგია ამის შესახებ?
- კი, როგორ არ გამიგია. ღმერთის სიყვარულის და მოწყალების შესახებ ვინ არ იცის?! დავიბენი, არ ველოდი. მაპატიე, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?
- დამისვი, რამდენიც გინდა
- შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ?
- დიახ, სწორად მიხვდი.
- ...და რა ნებავს უფალს ჩემგან?
- უფალს რაც ნებავს, ამას მოგვიანებით გაიგებ. მე მინდა წინასწარ იცოდე, რომ როდესაც ყურში ხმა ჩაგესმება, არ გაგიკვიდრეს და არ შეშინდე. ეს მე ვიქნები. მე შენ გასწავლი, რა უნდა გააკეთო. მე შენ გატარებ ცხოვრების გზაზე და უფლის დანაბარებს ჩაგჩურჩულებ ხოლმე ყურში. შენ კი ყველაფერს ისე შეასრულებ, როგორც გეტყვი. მე ვეღარ დამინახავ, მარტო ჩემს ხმას გაიგებ. თავიდან ეს შენთვის ცოტა უცნაური და სახამუშოც კი იქნება, მაგრამ შემდეგ მიეჩვევი და ჩვეულებრივი ამბავი გახდება.
უნდა გაგაფრთხილო, რომ ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს მანამ, სანამ მე ამის უფლებას არ მოგცემ. შენ არა მარტო ბევრ ადამიანს გააოცებ და გააკვირვებ შენი წინასწარმეტყველებებით, არამედ ბევრ სასიკეთო საქმესაც გააკეთებ და ამით აამებ უფალს. მაგრამ სანამ შენ მთავარ საკეთებელს შეუდგებოდე, გარკვეული დროის მანძილზე გავარჯიშება დაგჭირდება, იმიტომ, რომ როდესაც დრო მოვა, უკვე მომზდებული და კარგად გათვიცნობიერებული იყო, რას აკეთებ და რატომ.
ყველაზე მთავარი გახსოვდეს. რასაც მე ჩაგჩურჩულებ ყურში, ის ჩემგან არაა, ის ღმერთისგან მოდის. გაიგე რასაც გეუბნები?
- გავიგე, ანგელოზო.
- ეხლა კი დაიძინე და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. კარგად გაანალიზე და ჩაიბეჭდე სულსა და გულში.
შემდეგ კი ანგელოზი გაქრა და სანამ გიორგი აზრზე მოვიდოდა, თუ რა ხდებოდა მის თავს, ყურში სითბო იგრძნო და ჩუმი ჩურჩული გაიგო:
- შეგიძლია მამა იოანეს მოუყვე, რაც გითხარი. უსმინე მას და დაუჯერე, რასაც გეტყვის. ის დიდი წმინდა მამაა. ოღონდ ჯერ მხოლოდ მამა იოანეს, შენს ძმას, ბებიას და შენს მეგობრებს, შენს ორ ახლო მეგობარს, ზურას და ემზარის უთხარი - ანუ ყველაზე ძვირფას ადამიანებს. არ არის საჭირო, ამის შესახებ ხმამაღლა გამოაცხადო.
***
როდესაც გიორგიმ ეს ყველაფერი მამა იოანეს მოუყვა, ის ჩაფიქრდა, სახე მოეღუშა. დიდხანს იფიქრა და მერე გიორგის ჰკითხა:
- დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად ანგელოზი იყო? ხომ იცი, ეშშმაკსაც შეუძლია ანგელოზის სახის მიღება. აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.
- არ ვიცი მამაო. თავიდან ისე გაოგნებული ვიყავი, მაგაზე არც მიფიქრია. მერე, როცა ყველაფერი გავაანალიზე, მაშინ დავფიქრდი მეც, ეშმაკთან ხომ არ მქონდა საქმე? მაგრამ არ ვიცი, გადაჭრით ვერც ამას ვიტყვი და ვერ იმას. ბოლოს იმან დამაეჭვა, რომ მითხრა, შეგიძლია მამა იოანეს მოუყვეო. ეშმაკი რატომ მეტყოდა ამას? ხომ იცის თქვენს შესახებ. რომ აეკრძალა, ხომ ვერ გეტყოდით? მიუხედავად იმისა, რომ არ მეცოდინებოდა ანგელოზი მელაპარაკა თუ სატანა. ასეთი რამ ხდება, საერთოდ, სადმე?
- ნუ გაგიკვირდება, თუ ცხოვრებაში ხშირად ხდება ის, რასაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვს მოხდენისა, ანუ, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. სიცოცხლე ღვთის ლოგიკას ექვემდებარება და არა ადამიანისას.
- კი, მაგრამ მე რა ვქნა მამაო, როგორ მოვიქცე?
- როგორ უნდა მოიქცე და გააგრძელე ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობდი - გიყვარდეს ღმერთი და ადამიანი. არ იფიქრო, რომ განსაკუთრებული ხარ. როგორც კი შეატყობ, რომ ბოროტ საქმეს გიკარნახებს ყურში, მაშინცვე უთხარი, გამშორდი წყეულო თქო. ხოლო თუ სიკეთეს გაგაკეთებინებს და ხედავ, რომ ეს ღვთისმოსაწონი საქმეა, მაშინ უხმოდ აღასრულე, რასაც გეტვის. დრო გამოაჩენს, ეს ბოროტისგანაა თუ კეთილისგან. მე კი ვილოცებ შენთვის, რომ არ ჩავარდე საცდურში და არ გაცდუნოს ბოროტმა.
- კარგი, ასე მოვიქცევი. იცით, ბოლოს რა მითხრა, მამაო?
- რაო?
- მამა იოანეს უსმინე, რასაც გეტყვის, ის დიდი წმიდა მამააო.
- რა წმინდა მამა მე ვარ? - იუხერხულა მამა იოანემ და ხელი ჩაიქნია - კარგი, წადი ეხლა და მშვიდობით იარე.
- დამლოცე მამა იაონე!
- ღმერთმა დაგლოცოს, გიორგი, ჩემო შვილო. დაგლოცოს და სწორი გზით გატაროს !
მამა იოანემ თავდახრილ გიორგის პირჯვარი გადაწერა და ამით ეს უცნაური საუბარიც დასრულდა.
***
გიორგის ორი ძალიან ახლობელი მეგობარი ყავდა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან, ემზარი და ზურა. ემზარი უნიჭიერესი მათემატიკოსი გახლდათ, ხოლო ზურამ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აირჩია და მშობლიურ სოფელში სურდა ცხოვრების გაგრძელება - დამღალა ქალაქმაო, სულ იმას იძახდა. ხოდა ყველაზე მეტ ცუღლუტობებს გიორგი მათ უტარებდა და მათზე ვარჯიშობდა. ემზარი ასევე ნიჭიერი პოეტი და მწერალი გახლდათ. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს, იგავებს, ესსებს და სხვას. თუმცა თავის ჩანაწერებს არ აქვეყნებდა და მხოლოდ ვიწრო წრეში თუ გამოაჩენდა ხოლმე. მეგობრები სულ საყვედურობდნენ - ე, ბიჯო, ერთი წიგნი მაინც შეადგინე და ნარჩევი მაინც გააკეთეო, მაგრამ ემზარი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჯერ ერთი - მე მწერალი არ ვარ, და მერეც - ყველა ჩემი შვილები არიან, როგორ გავარჩიო, ვინ რომელს ჯობიაო.
- ხოდა აგაშენა ღმერთმა, ყველა გამოაქვეყნე მაშინო - ეუბნებოდნენ მეგობრები. ამისთანა ლექსებს წერ და ეს ყველამ უნდა ნახოსო.
ემზარის ქება არ უყვარდა და მუდამ უარყოფითი რექცია ჰქონდა ასეთ დაჟინებებზე:
ჭკვიანი ადამიანისთვის დაუმსახურებელი ქება იმდენად მძიმე ასატანია, რამდენადაც ბრიყვისთვის - სასიამოვნო და გასახარი.
ემზარი საკმაოდ ჯიუტი იყო და მისი გადარწმუნება წყლის ნაყვა გახლდათ. მეგობრებში უყვარდა თავის ნაწარმოებების წარმოჩენა და მორჩა, ამითაც კმაყოფილი გახლდათ. განსაკუთრებით ერთსტროფულები(ერთსტოფიან ლექსებს დაარქვა ასე) უყვარდა და ხშირად მოყავდა ხოლმე საუბრებში, როგორც ეს, როცა აქებდნენ ხოლმე:
„მე არ ვწერ ლექსებს, ღმერთი წერს ჩემით, მე კი კალამი გახლავართ მისი;
როგორ გავბედო, მე მივითვალო, უგნურმა, რისიც არა ვარ ღირსი?
მიწა და მტვერი გახლავართ მხოლოდ , მოსიარულე ცოდვილი ერთი
...და თუ ვწერ რამეს, ვწერ მხოლოდ იმას, რასაც ინებებს უფალი ღმერთი.“
რატომ გიყვარს ასე ერთსტროფულებიო, რომ კითხეს მეგობრებმა, ლექსითვე უპასუხა:
„სულ ერთი სტროფი, ხანდახან, მრავალ დიდ ლექსზე კარგია;
ზომით და რაოდენობით ხარისხს არავინ აფასებს;
რაც მდინარეში წყალია, განა სასმელად ვარგია?!
ერთი პატარა წყარო კი წყურვილს მოუკლავს ათასებს.“
ამის თქმაც უყვარდა ხოლმე:
„ლექსში მთავარი რითმა როდია და ან სიტყვათა კოხტა კრებული?!
ზოგჯერ სიტყვები თავად მოდიან, როცა გულია ამღერებული;
ხალხის გულებთან მისვლა რთულია - არც მუზა კმარა და არც წადილი;
ლექსში მთავარი სიყვარულია, მრავალთა სულის გამოძახილი.“
ემზარიც და ზურაც მამა იოანეს მრევლი იყვნენ და ბევრი მამა იოანეს გამონათქვამი ემზარიმ ლექსებადაც კი აქცია. სულ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:
მამა იოანე ამბობდა:
„სანამ ცოცხალი ხარ ადამიანი, იმაზე უნდა იზრუნო, რომ საჭირო იყო სხვისთვის და არა ისე, რომ სხვები გჭირდებოდეს წარამარა. უფალიც ამას ელის შენგან. აწი გეუბნება კიდეც: „რაც გაუკეთე ერთ მცირეთაგანს, მე გამიკეთე“. სიცოცხლე მაშინ თავდება, როცა აღარავის სჭირდები.“
ემზარიმ კი გალექსა:
„სანამ დავდივართ, უნდა ვზრუნავდეთ ერთმანეთისთვის, კაცი თუ ქალი;
„რაც გაუკეთე ერთ მცირეთაგანს, მე გამიკეთე“ – ამბობს უფალი;
როცა არავის აღარ ვარგივართ, მაშინ ვილევით, მაშინ ვმცირდებით;
სოცოცხლე უკვე მაშინ თავდება, როცა არავის აღარ ვჭირდებით.“
მამა იოანე ამბობდა:
„კოჭლი და ხეიბარი უფრო ადრე შევა ღვთის სასუფეველში, ვიდრე ჯანმრთელი და კუნთმაგარი. კოჭლმა იცის ტკივილის ფასი და ის ფეხს სხვას არასოდეს დაუდებს. ჯანმრთელი კი, სანამ რამე არ ასტკივდება, სხვის ტკივილს ვერ გაიგებს“.
ემზარიმ გალექსა:
„კაცი კოჭლი, ხეიბარი ღმერთთან უფრო ადრე მიდის,
რადგან სხვას ფეხს არ დაუდებს, მან ტკივილის ფასი იცის;
ჯანმრთელი და კუნთმაგარი, ვერ გაიგებს სხვის ცრემლს, კივილს,
სანამ თავად არ განიცდის სნეულების მწარე ტკივილს.“
მამა იოანემ თქვა:
„სანამ ვინმესგან რაიმე სიკეთეს მოითხოვ, ჯერ დაფიქრდი და შენს თავს ჰკითხე, თავად რა სიკეთე გაგიკეთებია მისთვის? ხარ თუ არა ამის ღირსი?
თუ არ ხარ, მაშ რატომ მოითხოვ?... და თუ ხარ, ესე იგი გაცემული ვალის საზღაურს ითხოვ უკან და რაღა ფასი აქვს მასეთ სიკეთეს?
ემზარიმ გალექსა:
„სანამ ვინმესგან რამეს მოითხოვ, ჯერ შენ თავს ჰკითხე, თუკი ხარ ღირსი,
შენ რა გაქვს მისთვის გაკეთებული, შენ თუ ყოფილხარ მოკეთე მისი?
თუ არ ყოფილხარ, მაშ რატომ ითხოვ, რაც არ გეკუთვნის ისეც და ასეც?
ან თუ ყოფილხარ, ვალს ითხოვ უკან? ... და რა ფასი აქვს სიკეთეს მასეთს?“
ასეთები ბევრი ჰქონდა. ჰქონდა ასევე საკუთარ ესსეებზე აგებული ლექსებიც და ჰქონდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთსტროფულებიც. ზოგი განსაკუთრებულიც კი. მაგალითად ასეთები:
„ყვავმა უთხრა ვარდსა ტურფას: რით მჯობიხარ ნეტავ ქალო?
მე ზეცაში დავნავარდობ, შენ მიწაზე ფორთხავ, წვალობ;
მან კი უთხრა: რა ფასი აქვს ფრთების უქმად ქნევას, ნეტა?
ცაში ჩხავილს მირჩევნია დედოფლობა მიწის ზედა.“
ან ეს:
„ანკარა ცრემლი წყაროსავით ცივი როდია?
ჩუმად დაღვრილი წმინდა არის, როგორც სანთელი;
წრფელი გულისთვის სიყვარული მძიმე ლოდია
და სანატრელი, ვით ზაფხულში თოვლის ფანტელი.“
ან კიდევ ეს, რომელიც გიორგის გამორჩეულად უყვარდა, განსაკუთრებით დედის გარდაცვალების შემდეგ:
„დედაა ჩემი ნუგეში, სიხარული და სევდა;
დედის ამაგს და სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვხედავ;
დედის გარეშე სამყარო რა იქნებოდა ნეტავ?
დედა ჰყავს ცას და მიწასაც, თავად ღმერთსაც ჰყავს დედა...“
ემზარის ლაპარაკი, ხშირად, სწორედ ლექსებით და გამონათქვამებით უყვარდა. ამავდროს ის ასკეტური სულის პიროვნება გახლდათ. ხშირად უთქვამს, არა აქვს მნიშვნელობა, რას შევჭამ, მთავარია კუჭი დაკმაყოფილდეს, თორემ ფაფა იქნება ეს თუ ხინკალი, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობაო.
ზურა და გიორგი კი დასცინოდნენ ამის გამო და რა თქმა უნდა, არ სჯეროდათ, რომ ემზარისთვის სულერთი იყო, ხინკალს ან მწვადს შეჭამდა თუ გერკულესის ფაფას ან უბრალოდ ცარიელ შავ პურს.
- ისე ფაფაზე თუ მიდგა საქმე, აგერ გიორგის ბრინჯის ფაფა სიგიჟემდე უყვარს, ასე არაა? - ჰკითხა ზურამ გიორგის.
- ეხლა, სიგიჟემდე არ ქვია, მაგრამ მიყვარს კი, ძალიან მიყვარს. მაგრამ დიოგენა სხვა რამეს გულისხმობს.
- ვიცი, რასაც გულისხმობს, აჩმახებს და უხარია - ხითხითებდა ზურა.
რა თქმა უნდა ბიჭებს ესმოდათ, რომ ემზარის იმის თქმა უნდოდა, რომ მისთვის არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, თუ რას შეჭამდა, რომ ამაზე ფიქრში დრო დაეხარჯა, მაგრამ მაინც ქილიკობდნენ ამაზე.
ემზარის საყვარელი ფრაზა დიოგენეს ეს გამონათქვამი გახლდათ:
„ყველაზე მეტი აქვს, ვინც ყველაზე ნაკლებით კმაყოფილია“.
სწორედ ამიტომ, მეგობრებმა მას მეტსახელად „დიოგენა“ შეარქვეს. თანაც, მოგეხსენებათ, დიოგენე ღვინის კასრში ცხოვრობდა. ემზარის კი ღვინო(და განსაკუთრებით ლუდიც) ძალიან უყვარდა.
ერთ დღეს, როდესაც ბიჭები ისევ ლუდის დასალევად ბარში შევიდნენ, გიორგიმ ზურას მიმართა:
- რა იყო, ბიჭო, გუშინ შენი დეიდაშვილის დაბადების დღეზე იმ გოგოს რომ ეფანცქვალებოდი და ფერი-ფური გადაგდიოდა. უთხარი რა, თუ მოგწონს, რა გჭირს, რატომ ხარ ასეთი მორცხვი? ტახი ხარ რა სუფთა, ნამდვილი ტახი.
ემზარის კი ეუბნებოდა:
- შენ, კიდევ, რა გადაყევი მაგ ფერმას თეორემას? ხომ ხედავ, რომ ვერ ამტკიცებ და დაანებე რა თავი. რამდენი ღამე უნდა გაათენო? სანამ თავი არ აგტკივდა წუხელ დილის 5 საათზე, არ უნდა მიმხვდარიყავი,, რომ დაგეძინა? მერე, კიდევ, დახუჭავ თვალებს და სულ მაიაზე ოცნებობ. არ უყვარხარ და ხომ ხედავ, როგორ იტანჯები, დაანებე რა თავი. მარტო სლამაზე ხომ არ არის, არა? არ არის ის შენი შესაფერისი არც განათლებით, არც ჭკუით და არც სხვა რამეთი. მარტო შენზე ბევრად ლამაზი და მდიდარია, ესაა სულ.
- ეე, არ გესმის შენ ძმაო ქალის არაფერი. მაიასნაირი გოგო მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე
- არ დადის, რა თქმა უნდა. არც მეორე დიოგენა დადის, თუ მამაშენს შენი ტყუპისცალი არ ყავს სადმე გადამალული - და ზურა და გიორგი გემრიელად ახარხარდნენ.
ზურამ ჩუმი სიცილი იცოდა, კბილებს არ გამოაჩენდა, ისე იცინოდა, თანაც გულიანად. თვითონაც მსუქანი გახლდათ და ლოყებიც მსუქანი ჰქონდა. სწორი ყავისფერი თმა, თეთრი მრგვალი პირისახე და ცისფერი თვალები ძალიან საყვარელ არსებად აჩენდა. ჯერ კიდევ პატარაობაში, გიორგი და ემზარი ჩუმად მიეპარებოდნენ და გემრიელად ჩაუკოცნიდნენ ხოლმე ლოყებს. უყვარდათ მისი პუტკუნა ლოყების კოცნა. ისინი პირველი კლასიდან ერთად მოდიოდნენ.
ემზარი ზურას სრული ანტიპოდი გახლდათ. მაღალი, გამხდარი, ოდნავ ქოჩორა შავი თმით და მუქი კანის ფერით.
გიორგიზე ალბათ საშუალო უფრო ითქმოდა და ორივეს აბალანსებდა. მათი პირველი დანახვისას, შეიძლებოდა გასცინებოდა კიდეც ადამიანს, იმდენად გასნხვავებულები იყვნენ ფიზიკურად. თუმცა, სრულიად გასხვავებული ხასიათების მიუხედავად, შინაგანად იმდენად ერწყმოდნენ ერთმანეთს, სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ ერთმანეთის გარეშე. დათქმულიც ჰქონდათ, რომ ერთმანეთის მეჯვარეები უნდა გამხდარიყვნენ, როცა ამის დრო მოვიდოდა - ზურა ყიფოსი(როგორც ბიჭები გიორგის ეძახდნენ), გიორგი დიოგენასი და დიოგენა ზურასი. ასე მოილაპარაკეს.
- სხვათა შორის - დიდი ზარზეიმით მიმართა ემზარიმ გიორგის - ფერმას თეორემის რაღაც ნაწილები დავამტკიცე(საუბარია ფერმას დიდ თეორემაზე: არ არსებობს ისეთი a, b და c მთელი რიცხვები,რომელთათვისაც სრულდება ტოლობა - a ხარისხად n + b ხარისხად n = c ხარისხად n, სადაც n > 2 მთელი რიცხვია).
- ხოო? რა, აბა?
- მაგალითად, შენ იცოდი, რომ პითაგორას თეორემა მთელი რიცხვებისათვის მხოლოდ მაშინ სრულდება, თუ ერთ-ერთი წევრი მაინც იყოფა სამზე.
- ეგ საიდან დაასკვენი?
- აი, უყურე - ყოველი რიცხვის კვადრატი, რომელიც არ იყოფა სამზე(და არა მარტო კვადრატი სხვათა შორის, ლუწ ხარისხში ყველა), სამზე გაყოფისას ნაშთში გვაძლევს ერთს.
- მერე?
- მერე ის, რომ ორი ერთნაშთიანის ჯამი ნაშთში 2-ს მოგვცემს, ხომ სწორია?
- კი, სწორია.
- ხოდა, ეგეთი რიცხვი არ არსებობს და მხოლოდ მაშინ, თუ ერთ-ერთი იყოფა სამზე, სრულდება პითაგორას თეორემა.
გიორგი ჩაფიქრდა და რამდენიმე რიცხვის კვადრატი გადაამოწმა. მათემატიკაში თავადაც ძლიერი გახლდათ და უცებ დარწმუნდა, რომ დიოგენა მართალი იყო.
- მაგარია. მერე არავის უთხარი ამის შესახებ?
- არა, რა აზრი აქვს? ეს ისეთი არაფერია. ეს ხომ ფერმას თეორემაში არ შედის. როცა ხარისხი 2-ზე მეტიაო. ეს ისე, უბრალოდ, ფიქრმა მოიტანა. მე მთლიანი თეორემის დამტკიცება მინდა და არა ნაწილ-ნაწილ.
- სხვა ნაწილიც დაამტკიცე რამე?
- კი. კენტი რიცხვებისთვის ლუწ ხარისხში.
- მიდი აბა, მითხარი.
- მეთოდი იგივეა. უბრალოდ ეხლა ოთხზე ვყოფთ. ყოველი კენტი რიცხვი ლუწ ხარისხში რომ გაყო ოთხზე, ნაშთში ერთს მიიღებ. ხოდა ორი კენტი რიცხვის ლუწ ხარისხში ჯამები რომ გაყო ოთხზე, ნაშთში 2-ს მიიღებ. მათი ჯამი ხომ ლუწი რიცხვია. ასეთი რიცხვი კი არ არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერი ლუწი რიცხვი ლუწ ხარისხში თავისუფლად იყოფა ოთხზე. არა მარტო ლუწ ხარისხში, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ნაშთში 2 არანაირად არ დარჩება.
გიორგი ისევ ჩაფიქრდა და ისევ აღმოაჩინა, რომ დიოგენა მართალია.
- მართალია ხარ, ძმაო, რა მაგარია. ესე იგი, რა გამოდის? პითაგორას თეორემა კენტი რიცხვებისთვის არ სრულდება?
- ხო, ეგრეა. არც ლუწი რიცხვებისთვის, იმიტომ რომ, შეკვეცისას, ბოლოს მაინც ერთს კენტს მიიღებ. ორივე კენტზე არ გამოვა.
- საიდან რას მიაგნებს ხოლმე ეს კაცი, სად გამოძებნა ეხლა ამან პითაგორას თეორემას აქამდე უცნობი დეტალები? - გულწრფელად გაიოცა ზურამ.
- არ იცი, რა ჭკვიანია, ზურა? - გაუღიმა გიორგიმ - ეგრეა ძმაო, ჭკვიანი კვადრატში მეხუთე კუთხესაც იპოვნის, სულელს კი ერთის პოვნაც გაუჭირდება.
- კი, ვიცი როგორ არა. ისიც ვიცი, რომ არ მოისვენებს, სანამ არ დაამტკიცებს. არა და დაამტკიცებს, ეჭვიც არ მეპარება.
- ღმერთმა ქნას, ზურია, ძმაო. ისე კი, რაც დაამტკიცე უკვე, უნდა გამოაქვეყნო და უთხრა მათემატიკურ წრეებში - მიმართა უკვე დიოგენას გიორგიმ - რა მარტივია და რამხელა მიგნებაა. ეს არ უნდა დაიკარგოს.
- კაი რა, თუ ძმა ხარ, ნეტა ვის სჭირდება შენი მეოთხედი დამტკიცებული თეორემა. ვერაფერი კენტ ხარისხებს ვერ მოვუხერხე და ეგენია ღამეებს რომ მათენებინებს.
- ხო, მაგან გაგათენებინა წუხელ ღამე და მერე მაიაზე ფიქრში ქე ჩაგეძინა დილისკენ. ამ გამობენტერებულს კიდევ ვიღაც გოგო მოეწონა და ვერაფრით სიტყვა ვერ უთხრა, მარტო შორიდან ეტრფოდა.
მოკლედ, ასეთ ექსტრასესნულ „შტუკებს“ უტარებდა გიორგი მეგობრებს, მათზე ვარჯიშობდა და აკვირდებოდა, რაზე რა რექაცია ექნებოდათ. ისინი ხან ოცდებოდნენ, ხან ცოფდებოდნენ. მერე კატეგორიულად მოითხოვეს, ეთქვა, რაში იყო საქმე და საიდან გაუჩნდა ეს ნიჭი. ერთი ორი მეგობრული მუჯლუგუნიც კი წაჰკრეს და ბოლოს ყველაფერი ათქმევინეს. გიორგიც, რა თქმა უნდა, ვითომც მათი დაჟინებული თხოვნით „გატყდა“ და მეგობრებს ანგელოზის შესახებ მოკლედ მოუყვა.
- გვაშაყირებს, ეს მაიმუნი, ხომ იცი - გადაულაპარაკა ზურამ დიოგენას.
- მოიცა, ბოლომდე მოყვეს ერთი თავისი ზღაპარი. მიყვარს ზღაპრები - უპასუხა ემზარიმ და ბოთლიდან მორიგი ყლუპი ლუდი გამოწრუპა.
- რატომ გიყვარს ზღაპრები, კარგი დასასრული რომ აქვს იმიტომ ხომ? - დაუსვა მეგობარს კითხვა გიორგიმ.
- არა მარტო მაგიტომ. ისვენებ და არ იძაბები. იცი, რომ ბოლო კეთილია და სასიამოვნო, წინასწარ იცი. ბავშვებს უყვები და ამ ტკბილი ისტორიებით ართობ, განსაკუთრებით ძილის წინ. რას მახსნევინებ ერთი?
- რაღა დროს ჩვენი ზღაპრებია, თუ ძმა ხარ. აი, დასვენების და სიამოვნების წყარო - და ზურამ ლუდის ბოთლი ცხვირწინ აუწია მეგობრებს.
- ღმერთის ხომ გწამთ? - მიმართა დიოგენამ მეგობრებს.
- მერე, ეგ რა შუაშია ზღაპრებთან? - გაიოცა ზურამ.
- ზღაპარი იმიტომ კი არ არის კარგი, რომ ბავშვებს ართობენ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.
უფლის მოსვლა ზღაპარი იქნება.
- ეგ ახალი ბროლის ჭიქაა? - გაეცინა ზურას და გიორგის მიაპყრო მზერა იმ იმედით, რომ ისიც დაეთანხმებოდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთხელ გიორგიმ მეგობრებს თავისი მოგონილი ანეგდოტი მოუყვა:
„ქალი ზის და მზესუმზირას ყიდის.
ადრე იჯდნენ ხოლმე ასე ქუჩაში და ყიდნნენ მზესუმზირას, ბევრს ემახსოვრება ალბათ.
ხოდა, მივიდა ერთი ჯეელი და ეკითხება:
- რა ღირს, დეიდა, შენი მზესუმზირაო?
- ჭიქა 10 კაპიკი შვილოო.
მერე მეორეს ეკითხება:
- ბებო, შენ როგორ ყიდიო?
- ჭიქა აბაზიო.
- რატომ ასე ძვირადო? - ჰკითხა ჯეელმა.
- იმიტომ, რომ ბროლის ჭიქით ვყიდიო.“
გიორგის მეგობრებმა ეს ანეგდოტი პირველად რომ მოისმინეს, ბევრი იცინეს, ოღონდ არა ანეგდოტზე, არამედ გიორგიზე. ხოდა მერე სულ დასცინოდნენ ხოლმე და როცა ბროლის ჭიქას ახსენებდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ კიდევ რამე უკბილო იყო ნათქვამი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისკენ იყო ეს მიმართული, შეიძლება სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო. თუ ვინმე რამე სიბრიყვეს ან უაზრობას იტყოდა, ბიჭებს მაშინვე ბროლის ჭიქა ახსენდებოდათ ხოლმე. ასე რომ, როდესაც ზურა ან ემზარი(გიორგი არ ამბობდა, რა თქმა უნდა, თუმცა გულში კი ეთანხმებოდა მეგობრებს, რომ ანეგდოტი მართლაც უხეირო გამოდგა) ბროლის ჭიქას ახსენებდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ რამე სისულელე იყო ნათქვამი და მთქმელი დაცინვის ღირსი იყო.
- თუ მაგ კუთხით შევხედავთ, ეგ რა თქმა უნდა, ეგრეა - დაეთანხმა გიორგი - მაგრამ ცხოვრება ხომ ზღაპარი არ არის? ხშირად ბოროტი უფრო იმარჯვებს, ვიდრე კეთილი. მთლად ბროლის ჭიქა ჯერ არ არის - გადაუცინა გიორგიმ ზურას.
- ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, სადაც მრავლად არიან ფიფქიები, ჯუჯები, ნაცარქექიები, მეფეები, მსახურები, კეთილი და ბოროტი ჯადოქრები, კონკიები, მათხოვრები, ურჩხულები, უფლისწულები, დევები და ა.შ. ოღონდ სუყველა მასკარადის ფორმაში არიან გამოწყობილი და ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვიჭირს, ნიღბის მიღმა გავარჩიოთ, ვინ ვინ არის. სიკვდილის შემდეგ ზღაპარი უკვე ნიღბების გარეშე გრძელდება და, რა თქმა უნდა, კეთილი იმარჯვებს და ბოროტი ნადგურდება. დაფიქრდით, თქვენ ვინ ხართ? - ჩაუფილოსოფოსა დიოგენამ მეგობრებს.
- აუუ, გაუბერეს ამათმა ისევ თავისებური რა - აბუზღუნდა ზურა, რამეთუ იცოდა, რომ გიორგის და დიოგენას უყვარდათ ცოტა ფილოსოფიური საუბარი და ამ ჭრილში სხვადასხვა საგნების თუ მოვლენების განხილვა - დაიწყებს ეხლა ისევ თავის ესსეებს და ლექსებს.
- ნუ გეშინია, შენთვის გასაგებ ენაზე ვილაპარაკებთ - დაამშვიდა დიოგენამ მეგობარი და გიორგის მიუბრუნდა
- სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, რომ დროა, სანამ უფლის წინაშე წარვსდგებით, ჩვენი სულის წონის დაკლებაზე ვიფიქროთ.
- სულის ოპერაციის ჩატარება რომ იყოს შესაძლებელი, ბევრისთვის მაინც არ ექნებოდა აზრი, რადგან იმდენი ნარკოზი დასჭირდებოდა, რომ სხეული ვერ გაუძლებდა - უპასუხა გიორგიმ მეგობარს.
- მედიცინა ისეთ დონეზე განვითარდა, თითქმის ყველაფრის პროთეზირებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, სულის პროთეზირების სპეციალისტიც არსებობს - მისი უდიდებულესობა სატანა.
- აბსოლუტურად გეთანხმები ძმაო. მეტსაც გეტყვი:
სულის სარკე რომ არსებობდეს, მრავალ ადამიანს შიგ ჩახედვისას შიშისგან გული გაუსკდებოდა.
- მე კი მგონია:
სარკე რომ არ არსებობდეს, ადამიანები უფრო კეთილშობილები იქნებოდნენ.
- რატომ ვითომ? - მოითხოვა ახსნა ზურამ.
- იმიტომ, ძმაო, რომ ნაკლებ ყურადღებას დაუთმობდნენ საკუთარ თავს. მეტად იფიქრებდნენ სხვაზე. როცა ადამიანს მოსწონს საკუთარი თავი სარკეში, მერე უკვე დიდი პრეტენზიები უჩნდება და სხვაზე მეტი ჰგონია თავი; ქალებს განსაკუთრებით.
- კაი ახლა, მოდას მიყვებიან, რა გინდა? ქალი გაიპრანჭება, აბა რას იზამს? - შეეპასუხა ზურა მეგობარს.
- ქალის მშვენება სხივდება მისი სითბოთი გულისა,
ჰარმონიული ერთობით სხეულისა და სულისა;
და არა მკერდის სიშიშვლით, მოკლე და ვიწრო კაბითა,
სუნამოს სურნელებით და უწესო გრეხვა-პრანჭვითა.
- ჩაუერთსტროფულა დიოგენამ და დააყოლა:
- მოდაზე უაზრო მცნება ჯერ არაფერი გამიგია ქვეყანაზე. ჭეშმარიტ ფასეულობას ვერც მოდა დააკლებს რამეს, ვერც დრო და ვერც ამინდი. მოდის ცვალებადობა კი ადამიანის მერყევ ხასიათზე მეტყველებს.
- ცივილიზაციაა, ძმაო, რა შუაშია მერყევი ხასიათი? - არ ცხრებოდა ზურა.
- ცივილიზაციის პროცესისა რა მოგახსენო(გააჩნია, რას ეძახი ცივილიზაციას), მუტაციის პროცესი კი მშვენივრად მიმდინარეობს ადამიანებში, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით.
- ეგ რას ნიშნავს?
- ადამიანის სულში ზოოპარკია ჩაბუდებული. ამიტომ იგი ცხოვრებაში უამრავი ცხოველის სტადიას გადის და ხშირად სრულიად ემსგავსება მათ. განსაკუთრებით გავრცელებული კი ღორის, ვირის და ნიანგის სტადიებია.
- ნიანგი რაღა შუაშია? - გაეცინა ზურას.
- სიცრუეს არა მარტო მოკლე ფეხები, გრძელი ენა და გრძელი კუდი აქვს. ამიტომ, ნიანგს მაგონებს.
- სხვათა შორის, გრძელი კუდი ჭორს აქვს - თქვა გიორგიმ.
- ჭორს აყოლილი კაცი ქარს გაყოლილი ფარატინა ქაღალდივით უტვინო და უმწეოა - დაასკვნა ზურამ.
გიორგიმ და ემზარიმ გაკვირვებით შეხედეს მეგობარს.
- ზოგჯერ ერთმა სულელმა შეიძლება ისეთი გენიალური რამ თქვას, რასაც ათასი ბრძენი ერთად ვერ მოიფიქრებდა. თუმცა ეს მის გონიერებაზე როდი მეტყველებს?! - დაასკვნა დიოგენამ.
- მაგით რისი თქმა გინდა? - გაწიწმატდა ზურა. მერე დააყოლა:
სჯობს, ბრძენი იყო და ბრიყვი გეძახონ, ვიდრე სულელი იყო და ბრძენი გეძახონ.
- ა, ხო გითხარი - გადაუცინა დიოგენამ გიორგის.
- ბიჭო, შენ, ეხლა, უკვე ზედმეტები მოგდის. ხუმრობასაც აქცს საზღვარი.
- კარგი, ხო, ესსე ვთქვი, შენ კი არ მიგულისხმიხარ - ეცადა თავის დაძვრენას ემზარი - სხვათა შორის, ბრიყვი და უგუნური ადამიანები თავად ავლენენ თავიანს სიბრიყვეს, არავინ ექაჩებათ ენაზე. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ამას დიდი ქედმაღლობით და სიამაყით აკეთებენ, რითაც კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურებიან. შენ არ გეხება, ზურა ეს, არ გამიბრაზდე ეხლა ისევ. ზოგადად ვამბობ.
- ცბიერება გონიერებასთან ახლოსაა, მაგრამ პატიოსნებასთანაა მწყრალად - ეხლა გიორგიმ ჩაუანდაზა ემზარის.
- ასპროცენტიანი ხარ - ესიამოვნა ზურას გიორგის ანდაზური გამოქომაგება და ხელი ხელზე გულიანად დაურტყა.
- ორი ერთზე ხართ? - გაეცინა დიოგენას.
- აბა რატომ მიჩაგრავ ძმაკაცს? - გაუღიმა გიორგიმ მეგობარს.
- თქვენ ფილოსოფოსობაში ვინ შეგეჯიბრებათ, ან ერთს და ან მეორეს? გვეყოფა რა მაიმუნობა - სამშვიდობო ნოტა ჩამოაგდო ზურამ - საიდან სად წავედით.
- სიცრუე ხანდახან ყველას სჭირდება. შენ რა, არ გითქვამს ტყუილი? - არ თმობდა ზურა.
- სხვათა შორის, სადღაც მართალი ხარ:
სიცრუე, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს და სათნოებას ემსახურება, კეთილშობილია და გამართლებული.
თუმცა, ადამიანებს პინოქიოსავით რომ ეზრდებოდეთ სიცრუისგან ცხვირები, კაცობრიობა ცხვირების გადახლართვით დაიღუპებოდა.
ბიჭებმა გულიანად გაიცინეს.
- სარკეზე რომ ისვრით „ბრძნულ“ გამონათქვამებს და ქალებს რომ კიცხავთ, შენი მაია არ იპრანჭება? ასეთი წარმოდგენა გაქვს ქალებზე? - ისევ შეუტია ზურამ მეგობარს.
ემზარის მაიას ხსენებაზე სული გაუთბა და ეს სახეზეც შეეტყო:
- ზურია, ძმაო, შენ იცი, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და შეხედა რა, რომ რაღაც აკლდა, შეუქმნა მას ევა; მაგრამ ადამმა ამით უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა, რამეთუ მას შემდეგ ქალი გახდა მრავალი ცოდვის მიზეზი...და ძალიანაც კარგი, რომ გახდა, თორემ ქალის გარეშე სიცოცხლე ჯოჯოხეთი იქნებოდა უკვე აქვე, დედამიწაზე.
აი ასეთი წარმოდგენა მაქვს ქალებზე და კარგად უნდა გაგეგო, რა ვთქვი. „კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო“.
„კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო“ - მართალია, მაგრამ კარგი გაგონება სულაც არ ნიშნავს ნათქვამის ჭეშმარიტებას - ჩაერია გიორგი.
- გენაცვალე გულში - გაუხარდა ზურას მეგობრის გამოქომაგება.
ემზარი ცოტა ხანს ჩაფიქრდა. კარგი აზრიაო, თითი ზემოთ ასწია და ცოტა ხანში ჩააექსპრომტა:
„კარგ მთქმელსო კარგი გამგონი უნდაო“- გამიგონია,
ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ მე ასე მგონია -
მთავარი არის რას იტყვი და არა ვინ რას მიხვდება;
კარგი გაგება არ ნიშნავს ნათქვამის ჭეშმარიტებას.“
ბიჭებმა ერთად გამოხატეს აღფრთოვანება და დიოგენას ტაში დაუკრეს.
- მაგარი ხარ, ძმაო, როგორ ახერხებ ასე ლამაზად თქმას, მიკვირს - შეაქო ზურამ მეგობარი.
- თუ იტყვი რამეს, უნდა თქვა ისე, მისწვდეს მსმენელის გულსა და სულთქმას,
რომ აუჩქარდეს ძაღღვებში სისხლი, რომ შეუჩერდეს თრთოლვისგან სუნთქვა;
ბოროტს მოუნდეს სიკეთის ქმნა და მოულბეს გული ყველაზე გულქვას;
თუ იტყვი რამეს, უნდა თქვა ისე, როგორც არასდროს არავის უთქვამს. - უცებ, იქვე ჩაუერთსტროფულა ისევ ემზარიმ - ასე ძმაო.
- ეხლა ამოღერღე, საიდან იცი ეს ყველაფერი, რაც გვითხარი. წესიერად აგვიხსენი. რა ანგელოზი მჩურჩულებსო, რას ამბობდი? - მიუბრუნდა ემზარი გიორგის.
... და გიორგიმ მეგობრებს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, მათ შორის მამა იოანესთან ვიზიტსა და კურთხევაზეც.
ბიჭები ცოტა ხანს დუმდნენ. პირველი სიტყვა, რა თქმა უნდა, დიოგენას უნდა ეთქვა. ის ყველაზე ჭკვიანად ითვლებოდა ამ სამში და მისი აზრი ყველაზე მეტად ფასობდა.
- თუ სიმართლეა, რასაც ამბობ, ძალიან მაგარი ამბავია - დაასკვნა ყველაზე ჭკვიანმა მეგობარმა - მაგრამ იცოდე, თავში არ აგივარდეს და არ დაგავიწყდეს, ვინ ხარ. მერე, რას აპირებ ახლა?
- ჯერ არაფერს. აგერ ვვარჯიშობ, ხომ ხედავ? თქვენზეც კი. ჯერ ყველაფერს კარგად უნდა შევეჩვიო, უნდა გამიჯდეს შინაგანად, ხომ გესმის?
- ესე იგი, სულ ყველაფერს გაიგებ, რასაც მოინდომებ? - ეხლა ზურა დაინტერესდა.
- ყველაფერს გავიგებ თუ არა, მაგდენი არ ვიცი, მაგრამ რასაც ანგელოზი მეტყვის, ალბათ კი.
- აუუ, რა მაგარ მაყუთს ვიშოვით, ყიფო, შენ აზრზე ხარ? სეანსები მოვაწყოთ. ჩვენც მოგეხმარებით - ოცნებებში გადავარდა ზურა - ავთანდილ ლომსაძე ხომ გახსოვს, რეებს აკეთებდა? აგიჟებდა ხალხს. ხოდა შენც მასე იქნები რა.
- ავთანდილ ლომსაძე არა, კიდევ, ვოლფ მესინგი არ გინდა?
- არა მგონია ამისი უფლება ჰქონდეს - დაფიქრებულმა წარმოსთქვა ემზარიმ.
- მართალი ხარ, დიოგენა, ძმაო, არ მაქვს უფლება, ეს ნიჭი ფულის საკეთებლად კი არ მომეცა. ჯერ ერთი, რა ნიჭია, ანგელოზი მეუბნება ყველაფერს. არ დაუშვებს, რომ ეს ფულის საკეთებლად გამოვიყენო. ეს თქვენზე და არა მარტო, ჩემს თანაკურსელებზეც ვვარჯიშობ და ასე ვთქვათ „კვალიფიკაციას“ ვიმაღლებ, რომ შევეჩვიო ხალხთან ამგვარ ურთიერთობას, თორემ მასე ერთხელ შევალ კაზინოში, ჯეკპოტს მოვიგებ და მთელი ცხოვრება მეყოფა, ეგრე სადაა ძმაო?
- კი, მაგრამ, რაცხა ხეირი ხომ მაინც უნდა ნახო? - არ ცხრებოდა ზურა - აბა ისე რა პონტია? იწვალე და იარე ჯიბეგაფხეკილმა. ლუდის ფულს რომ ძლივს ვაგროვებთ ხოლმე, ეგრე უნდა გააგრძელო?
- ლუდის ფული კი არა, მალე დალევის დროც არ მექნება, ზურიკელა - მხარზე ხელი მოხვია გიორგიმ. თუ კეთილი საქმეები გიხარიათ, მომყევით ბოლომდე და თუ ფულის კეთება გინდათ, ეს ჩემგან შორსაა.
- სულ ფულისკენ ნუ გაგირბის გონება, ბიჭო - შემოსწყრა მეგობარს ემზარი. ვინც ეს ფული მოიგონა რა.
- და რა, ვინც მოიგონა? თორემ შენ არ გინდა - ისევ არ ცხრებოდა ზურა.
- ვინც ფული მოიგონა, მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის კაცობრიობის აღსასრულის დაჩქარებაში - გამოიტანა დასკვნა დიოგენამ და დაამატა:
- ფულს რომ სინდისი ჰქონდეს, სირცხვილისგან დაიწვებოდა.
- ნეტავი არ ატრაკებდე რა - არ თმობდა ზურა. შემდეგ ისევ გიორგის მიუბრუნდა.
- შენ რა ტიპი ხარ, ბიჭო, ვერ გავიგე. ჯერ კითხე მაგ შენ ანგელოზს, იქნებ ერთი-ორ ჯეკპოტს გაგებინებს და მერე აკეთე ეგ შენი საქმეები, დაგიშალა ვინმემ?
- კაი ხოო, ნუ ჩაიხვიე რა, ვკითხავ და პირველს შენ გაგაგებინებ პასუხს - როგორც იქნა დაამშვიდა ზურა გიორგიმ.
- რამე არასწორს ვამბობ, ძმაო? - მიმართა მხარდაჭერისთვის ზურამ დიოგენას - ასეთი შანსი არ უნდა გამოიყენოს?
- ვისაც ბედნიერება მატერიალურ კეთილდღეობაზე ჰგონია დამოკიდებული, ის ყველაზე უბედური არსებაა ქვეყანაზე, რამეთუ ვერანაირი სიმდიდრე ვერ დააკმაყოფილებს მის გაუმაძღარ სულს. ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანები კი, პირველ რიგში, სულიერად მდიდარი ადამიანები არიან.
მათხოვარი, რომელიც საკვებს შოულობს, ბევრად უფრო ბედნიერია, ვიდრე მილიონერი, რომელმაც ახალი აგარაკის შეძენა ვერ მოახერხა - უპასუხა დიოგენამ.
- მე ვარ გაუმაძღარი? - თვალები ყვლიპა ზურამ.
- რომ არ ხარ, იმიტომ მიკვირს შენგან ეგ ახირება. რა ჯეკპოტები აგიტყდა?
ზურამ ემზარის ხელი აუქნია და ისევ გიორგის მოუბრუნდა:
- ბიჭო, ყიფო, უთხარი რა, მაგ შენ ანგელოზს, ფერმას თეორემა დაამტკიცებინოს ამ გაჭირვებულს, თორემ ქალზეც ვეღარ ფიქრობს უკვე ხეირიანად, გადაეწვა ტვინი.
- კაი, ვეტყვი - გაეცინა გიორგის. ისე კი წესით თავად უნდა დაამტკიცოს, ამაშია მუღამი, თორემ ღმერთმა თუ გიკარნახა, ეგ რაღა გამოვა?
- ბიჭო, შენ თვითონ ყველაფერს კარნახით აკეთებ თურმე და ერთი ფერმას თეორემა დაგენანა ამისთვის? - ახითხითდა ზურა.
- არავისი კარნახი არ მინდა, თავად დავამტკიცებ და თქვენ ნუ ნერვიულობთ მაგაზე - სცადა დიოგენამ მეგობრების დამშვიდება.
- ისე, რა უნდა აკეთო, მართლა? - ისევ მიუბრუნდა ზურა გიორგის.
- არ ვიცი, ზურა, ჯერ. რასაც უფალი მოითხოვს ჩემგან, ის უნდა ვაკეთო. მე ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი. ეს უნდა მიიღოთ, ძმებო.
- ჩვენი თავი თუ დაგჭირდეს, იცოდე შენთან ვართ, ხომ იცი? - მიუგო ემზარიმ.
- რად მინდა მაგის თქმა, აბა ძმები რისთვის ვართ? დამჭირდებით კიდეც და ჩემს გვერდით უნდა იყოთ. მათემატიკური ტვინი ყოველთვის და ყველგან საჭიროა, მაგრამ, აი, სასოფლო-სამეურნეო განათლება როგორ გამოივიყენოთ, ეს საფიქრალია - გადახედა გიორგიმ დიოგენას და თვალი ჩაუკრა.
- ისე ყველაფერს იღბალი უნდა რა. რაღა ამას გამოეცხადა ანგელოზი? ჩემთან მოსულიყო რა - ამოიოხრა ზურამ.
- იღბალი ბრმაა და ხშირად მისამართი ეშლება, ძმაო - გაუღიმა დიოგენამ მეგობარს.
ზურა ძალიან უბრალო და ერთი შეხედვით გულუბრყვილო შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში კი ძალიან ალალი და თბილი გახლდათ, დიდი ბავშვი - მორცხვი და გაუბედავი. გიორგი და ემზარიც ხშირად ეხუმრებოდნენ ხოლმე და ის არც კი ბრაზდებოდა.
გულუბრყვილო ადამიანები უმეტეს შემთხვევაში კეთილი და თბილი არსებანი არიან. მათი გულუბრყვილობა ხშირად კეთილშობილებიდან გამომდინარეობს და არა უმეცრებიდან, როგორც ბევრს ჰგონია;
ხოლო გაუბედავობა ხშირად მოკრძალების ნიშანი უფროა, ვიდრე შიშის. ისევე, როგორც გაბედულება ზოგიერთ შემთხვევაში უტიფრობის და მოურიდებლობის ნიშანია და არა ვაჟკაცობის.
ემზარი კი არა მარტო ჭკვიანი და განათლებული, ის ამავე დროს უზომოდ კეთილი და მეგობრისთვის თავდადებული პიროვნება გახლდათ. მის გონებრივ შესაძლებლობებზე კი მსჯელობაც გამიჭირდება. ისიც კი არ ვიცი, ვის შეიძლება შევადარო.
როგორც ცნობილია, არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. არც ორი ერთნაირად ჭკვიანი არსებობს. ერთნაირად ბრიყვი კი, რამდენიც გნებავთ.
***
შემდეგი ერთი წელიწადი ანგელოზი გიორგის პატარ-პატარა საქმეებს აკეთებინებდა და როგორც დარწმუნდა, ეს კეთილი საქმეები იყო, რამეთუ ადამიანებს ეხმარებოდა მძიმე სიტუაციებში.
ამ ერთი წლის მანძილზე გიორგიმ ისევე გააკვირვა ბევრი ადამიანი, როგორც ეხლა ილია მუჯირს და ნინო მეტრეველს აკვირვებდა, იმ გასხვავებით, რომ ეს მისთვის ვარჯიში გახლდათ. ასე გამოუცხადა ანგელოზმა. თუმცა დრო და დრო იყო ისეთი საქმეები, რითაც ის ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში ეხმარებოდა, იქნებოდა ეს მისი თანაკურსელი, მეგობარი, მეზობელი, ნაცნობი თუ საერთოდ უცნობი.
მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:
ერთხელ გიორგი უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა. ანგელოზმა გზიდან გადახვევა და სახლში სხვა გზით მისვლა „უბრძანა“. გიორგიც დაემორჩილა. შემდეგში აღმოჩნდა, რომ მის სახლთან ახლოს, მთვრალ მძღოლს მანქანა ვერ დაუმორჩილებია და ხეს შეჯახებია... და დროში ეს სწორედ გიორგის იქ გავლას ემთხვეოდა. ამით ანგელოზმა გიორგი არა მარტო ხიფათს გადაარჩინა, არამედ მისი ნათქვამის უტყუარობასა და მისი ბრძანებების შესრულებაში დაარწმუნა.
ერთხელაც, როდესაც სახლიდან გამოვიდა, მეზობელი შეეგება. ლიფტთან იდგა და მის მოსვლას ელოდა. ამ დროს ანგელოზმა ყურში ჩასჩურჩულა: უთხარი, ლიფტში არ შევიდეს, შუქი ჩაქრება და შიგ დარჩებაო. გიორგიმაც სიტყვა-სიტყვით გაუმეორა ანგელოზის ნაკარნახევი. მეზობელმა გაკვირვებით გადმოხედა გიორგის:
- შენ საიდან იციო?
- მეგობარი მყავს თელასშიო - ათქმევინა ანგელოზმა გიორგის.
მეზობელმა დაუჯერა და ფეხით წავიდა. მართლაც, სანამ ორ სართულს ჩაივლიდა, დენი გაითიშა და სადარბაზოში ანთებული ნათურებიც ჩაქრა.
- კარგია, რომ მეზობელი ლიფტში გაჭედვას გადავარჩინეთ, მაგრამ ტყუილი რა საჭირო იყო? - ოდნავ დამწუხრებით მიმართა გიორგიმ გულში ანგელოზს, როცა თვითონაც გარეთ გამოვიდა.
- სიცრუე, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს და სათნოებას ემსახურება, კეთილშობილია და გამართლებული - უპასუხა ანგელოზმა.
- ეგ როგორ?
- აი, მაგალითად, შენ იცი, რომ ადამიანი მალე მოკვდება და მას ვერაფრით უშველი. ასეთ დროს სიმართლის თქმა დიდი უტიფრობა და სიბრიყვეა. იმედის მიცემა, კი, თუნდაც სიცრუე იყოს, კეთილშობილებაა.
- კი, მაგრამ სიცრუე ხომ მაინც ცოდვაა?
- ცოდვაა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს ცოდვა უფრო მძიმე ცოდვას გადასწონის, როგორიც, ზოგჯერ, უტიფარი სიმართლის თქმაა, მაშინ დასაშვებიცაა და მისაღებიც. ამიტომ, კარგად დაიმახსოვრე:
პატიოსნება ყოველთვის სიმართლის თქმას როდი ნიშნავს? ის, პირველ რიგში, კეთილშობილებას გულისხმობს, რამეთუ ხშირად სიმართლე ბოროტების მსახურია და არა სიკეთის.
ხშირად, როცა ადამიანს აბეზღებენ, ანუ ენა მიაქვთ, სიმართლეა, მაგრამ ის არ ემსახურება სიკეთეს. მე კი გეტყვი, რომ ენის მიმტანი იმაზე უარესია, ვისაც აბეზღებენ( მამა იოანემაც გითხრა ეს). ის არ არის სიკეთის მსახური, არამედ შურს, მისი სული ბოროტებას შეუპყრია და სიყვარული არ არის მასში. ამიტომ, ასეთი „სიმართლე“ ბოროტებაა და არა სიკეთე.
სიმართლის თქმა ბევრ შემთხვევაში ცოდვადაც კი ითვლება.
- რომელი სიმართლე?
- განკითხვა, გიორგი, განკითხვა. როცა განიკითხავს ვინმეს, უმეტეს შემთხვევაში ადამიანი სიმართლეს ამბობს, მაგრამ დასაშვებია და მოსაწონია ეს ღვთისათვის? ეს ისეთი ცოდვაა, რომელიც ადამიანს ტკიპასავით აქვს აკრული და ვერასდიდებით ვერ იცილებს. განიკითხავს და განიკითხავს დაუსრულებლად. შემდეგ კი ამას მხილებას ეძახის, რათა თავისი ბინძური სულის ნამოქმედარი გაამართლოს. ხომ სიმართლეა ესეც, განკითხვა რომ ქვია? მაგრამ დიდი ცოდვაა. გაიგე?
- არ მიფიქრია ამ კუთხით არასოდეს.
- სამწუხაროდ ადამიანები ძალიან ცოტას ფიქრობთ ყველაზე მნიშვნელოვანზეც კი და ათასი სისულელეებით იბინძურებთ გონებას. ეცადე იმაზე იფიქრო, რაც შენ სულს გაამდიდრებს და უფალთან დაგაახლოებს და არა იმაზე, გემრიელად რა მიირთვა და დრო სად გაატარო. სიცოცხლე ძალიან მოკლეა, უფალთან მისასვლელი გზის პოვნა კი ძალიან რთული.
გაითვალისწინე რომ ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვით ღარიბდება და სხვაზე ზრუნვით მდიდრდება. ვინც სხეულზე ზრუნავს, სხეულთან დარჩება და ვინც სულზე ზრუნავს, სულს გაჰყვება.
- ეგ რას ნიშნავს?
- იფიქრე და მიხვდები. ეკლესიაში დადიხარ და ეგ არ უნდა იცოდე?
ასევე ასწავლიდა ქცევის წესებს - როდის რისი თქმა ჯობდა და როდის საერთოდ დუმილი. ვისთან როგორ უნდა მოქცეულიყო და სხვა.
სხვათა შორის, ხშირად ანგელოზის შეგონებები ძალიან წააგავდა მამა იოანეს შეგონებებს. იმდენად წააგავდა, რომ გიორგი გაოცებულიც კი რჩებოდა ხოლმე
მაგალითად, ანგელოზი ასწავლიდა ასე:
„ღმერთმა ადამიანის სულის სარკედ თვალები შექმნა. არაფერი გამოხატავს ადამიანის რაობას ისე, როგორც თვალები. თავისი ზრახვების დასამალად ადამიანს შეუძლია შეიცვალოს ხმა, კილო, ინტონაცია, მანერები, სახის გამომეტყველება და მრავალი სხვა. მაგრამ ვერასოდეს შეიცვლის თვალებს.
ხშირად ჩახედე ადამიანებს თვალებში და შენ მათი სულების დანახვას ისწავლი“.
მამა იოანე კი ეუბნებოდა შემდეგს:
„ნუ შეაფასებ ადამიანებს მხოლოდ ფიზიკური შთაბეჭდილებებით. ეცადე მათი სულების დანახვა ისწავლო. რომ იცოდე, ადამიანის სული რაოდენ უფრო ლამაზია, ვიდრე სხეული. სულს კი, პირველყოვლისა ადამიანის თვალები გაგიხსნიანო.“
გიორგიც ცდილობდა თვალებში ეყურებინა ადამიანებისთვის და იქიდან წაეკითხა მათი რაობა. ეს იოლი არ გახლდათ, მაგრამ ის სწავლობდა და უფრო და უფრო ვითარდებოდა ამ საქმეში.
ანგელოზი ასევე ასწავლიდა, რომ ზედმეტი ლაყბობა ზიანის მომტანი იყო და სხვა არაფერი:
„ეცადე, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკო. იცოდე,
გრძელი ენა მოკლე ჭკუის მანიშნებელია და პირიქით“;
მამა იოანე კი ასე ასწავლიდა:
„გონიერი ბევრს ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს, ბრიყვი კი ცოტას ფიქრობს და ბევრს ყბედობს. კარგად მოუსმინე მას, ვინც ბევრს ლაპარაკობს და მიხვდები, რა სიბრიყვეა ზედმეტი ლაყბობა“;
თუ ანგელოზი სიყვარულს ასე ასწავლიდა:
„გული ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მთელი სიყვარული ჩაატიო. ამიტომ უფალი გეხმარება და გეუბნება, შემიყვარე მე. მისი სიყვარული კი უსაზღვროდ შეიძლება“;
მამა იოანე ასე ეუბნებოდა:
„გული სიყვარულით უნდა გქონდეს სავსე. იმდენად სავსე, რომ მასში სიძულვილის ადგილი აღარ რჩებოდეს. თუ გული სიყვარულით გაქვს სავსე, მაშინ ღმერთი გყოლია გულშიო“.
კიდევ მრავალ ასეთ უფლის სიბრძნეს ასწავლიდნენ გიორგის ცალკე ანგელოზი და ცალკე მამა იოანე, მაგრამ მოდი მათ შესახებ გზადაგზა მოგახსენებთ.
გიორგი უსმენდა და იმახსოვრებდა შეგონებებს. მასაც გულით სურდა, რომ უკეთესი ადამიანი გამხდარიყო, ისეთი, ღმერთს რომ ესათნოება. თანაც, ეს საქმისთვისაც იყო საჭირო, ის მზად უნდა ყოფილიყო დიდი მიზნებისათვის. ამისთვის კი ბევრი რამ უნდა ესწავლა და ანგელოზიც ასწავლიდა.
შემდეგი შემთხვევა უნივერსიტეტში მოხდა:
ანგელოზმა გიორგი სწრაფი ნაბიჯით კიბეებისკენ მიმართა და ზემოდან ჩამომავალი პროფესორისკენ გააქანა. პროფესორს კიბეზე ფეხი დაუცდა და ის იყო ქვის ფილებზე უნდა დაგორებულიყო, რომ გიორგი წინ შეუვარდა, პროფესორი დაიჭირა და დაცემას გადაარჩინა.
იყო ასეთი შემთხვევაც, გიორგის ერთ ადგილას ახალგაზრდა გოგონა უნდა შეეჩერებინა. ანგელოზი ზუსტად კარნახობდა, სად უნდა მისულიყო და როდის რა უნდა გაეკეთებინა. მან გოგონას პალტოში ხელი ჩაავლო და აღარ უშვებდა. დამიჯერე, ასეა საჭიროო - ჩაყვიროდა გოგონას, მაგრამ ის ხელების ქნევით და მუშტებით ცდილობდა „მოძალადისგან“ თავის დაცვას. ამ დროს, სწორდ იმ ადგილას, სადაც გოგონას უნდა გაევლო, ბეტონის ბოძი შუაზე გადატყდა და ძირს დაენარცხა. ეს რომ გოგონამ დაინახა, ფერი წაუვიდა და მუხლებში ჩაიკეცა. ის იმწამსვე მიხვდა, რომ გიორგიმ ის სიკვდილს გადაარჩინა. როდესაც გონსამოვიდა, ის უკვე სკამზე იჯდა და ირგვლივ რამდენიმე ადამიანი ასულიერებდა. მისი გადამრჩენელი კი აღარსად ჩანდა.
ერთხელ გიორგიმ ბავშვი ტბაში დახრჩობას გადაარჩინა. ერხელაც ყავარჯნიანი მოხუცი მანქანის დაჯახებას, რომელიც მშვიდად გადადიოდა ზებრა გადასასვლელზე.
ჩვენი მძღოლები ხომ არად დაგიდევენ არც წესებს და არც ფეხით მოსიარულეებს. ოღონდ ჩქარა მიაღწიონ დანიშნულ ადგილამდე. ჩვენთან რომ დადიან, ისე ალბათ არსად არ დადიან მსოფლიოში. ჩვენი მძღოლები საერთოდ „ჯადოსნურ“ მანევრებს ატარებენ და ისეთ ტრიუკებს სჩადიან, უცხოელს ალბათ გაკვირვებისგან ყბები მოეღრიცება. თავად მაქვს განცდილი ჩვენი მძღოლების უდარდელობა და ეგოიზმი და ისე შემაზიზღეს ამ ქვეყანაში მანქანის ტარება, რომ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში ვჯდები საჭესთან. რამდენჯერ მითქვამს: მე რომ უფლებამოსილება მქონდეს, 90%- ს მართვის მოწმობას ჩამოვართმევდი და მანქანის ტარებას ავუკრძალავდი, სანამ არ ისწავლიდნენ სხვა მძღოლების თუ ფეხით მოსიარულეთა პატივისცემას. ეს ისე, როგორც ლირიკული გადახვევა, ისე მიიღეთ.
ასეთი შემთხვევები, დრო და დრო, გამოერეოდა ხოლმე გიორგის ცხოვრებაში. უმეტესად კი ანგელოზის ჩურჩული და კარნახი უწყინარ ხუმრობებსა თუ მეგობრების გაოცებაში გამოვლინდებოდა ხოლმე, როგორიც იყო, მაგალითად: წინასწარ რა ნიშანს მიიღებდა ესა თუ ის თანაკურსელი, როდის რა ამინდი იქნებოდა, ვინ რას აკეთებდა წინა საღამოს, ვინ როგორ მოიგებდა სპორტის ამა თუ იმ სახეობაში და სხვა. კი, ეს ყველაფერი უწყინარ თამაშებს გავდა, თუმცა ანგელოზი ასე იმიტომ ავარჯიშებდა და აწრთობდა გიორგის, რომ გაკვირვებულ ადამიანებზე სწორი რეაქცია გამოემუშავებინა.
როდესაც გიორგის უწყინარმა თამაშებმა უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო და მას ჯერ თხოვნით, მერე ქრთამით, შემდეგ კი მუქარით მოსთხოვეს ტოტალიზატორის შედეგების წინასწარ დასახელება, ანგელოზმა გიორგის ამის გაკეთება კატეგორიულად აუკრძალა. ესეც ერთ-ერთი ვარჯიში გახლდათ, როგორც შემდგომში ანგელოზმა აუხსნა, რამეთუ ექნებოდა ცხოვრებაში მომენტები, როდესაც ადამიანები მას ანგარების გამო რაიმე არასასურველის გაკეთებას მოსთხოვდნენ. ის მზად უნდა ყოფილიყო, წინ აღდგომოდა ასეთ გამოხტომებს. მართალია, მე შენ ბევრ რამეს გასწავლი - ეუბნებოდა ანგელოზი გიორგის - მაგრამ არასოდეს მოგცემ უფლებას ჩემი თანადგომა გამდიდრების ან სხვა ისეთი საქმიანობისათვის გამოიყენო, რაც ანგარების ელემენტებს შეიცავს, გინდა შენი, გინდა სხვისი მხრიდან.
ასე ნელ-ნელა აჩვევდა და ავარჯიშებდა ანგელოზი გიორგის და მომავალში უფრო დიდი საქმეებისათვის ამზადებდა.
ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გიორგი ფილოსოფიის ფაკულტეტს ამთავრებდა. მას უყვარდა ფიქრი, აზროვნება და ახლა, როდესაც მას ანგელოზი ჰყავდა მრჩეველად და გზის გამკვალავად, მისთვის ცხოვრება უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. სამწუხაროდ, მეგობრებისთვის გიორგის უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებოდა და ზურა და ემზარი სულ ბუზღუნებდნენ ამის გამო. თვითონ თუ მოინახულებდნენ ხოლმე სიყრმის მეგობარს და თითო ჭიქასაც დალევდნენ, თორემ გიორგის მათთვის არ ეცალა. თუმცა, როცა საჭირო იყო, სულ ერთად იყვნენ.
მაგრამ, მოდი, მომავალი მომავალს დავუტოვოთ და გავაგრძელოთ თხრობა იქიდან, სადაც გავჩერდით.
***
ნინოს აღარ ეპარებოდა ეჭვი გიორგის ნათქვამში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გონიერი და ძნელად მოსატყუებელი გახლდათ, რატომღაც გიორგის მაშინვე მიენდო და დაუჯერა. რა თქმა უნდა, ბევრიც იფიქრა, ყველაფერი გაანალიზა და ერთადერთ დასკვნამდე მივიდა - გიორგის ნათქვამი ტყუილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის გაქნილი არამზადა და ყოვლად ნამუსგარეცხილი ადამიანი აღმოჩნდებოდა. ამისი კი ნინოს არც სჯეროდა და არც უნდოდა, დაეჯერებინა, პირადი გრძნობები სულაც გვერდზე რომ გადაგვედო.
ამიტომ, პაემნიდან გამოსული მაშინვე დედასთან გაიქცა და დიდი ხვეწნა - მუდარის შემდეგ, მეორე დღესვე გამოკვლევებზე წასვლაზე დაითანხმა.
ნინომ ის ღამეც თეთრად გაათენა. შინაგანი ბრძოლებიც დაეწყო. აღარ იცოდა, რა ერჩივნა - ადამიანი, რომელიც უეცრად შეეჭრა გულში, გამართლებულიყო თუ დედა ყოფილიყო ჯანმრთელი და გიორგი შემცდარიყო. ვაი, რომ ორივე ერთად არანაირად არ გამოვიდოდა. ერთი ჭირი აუცილებლად უნდა მიეღო - ან გიორგის ტყული და არამზადობა, ან დედის ავადმყოფობა. თუ გიორგი მართალი იყო, მაშინ იმასაც დაიჯერებდა, რომ დედა გამოკეთდებოდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რამდენი ბრძოლის და ტკივილის გადატანა მოუხდებოდა ყველაზე საყვარელ არსებას მის ცხოვრებაში, დედა რომ ერქვა.
მეორეს მხრივ, თუ გიორგი გამართლდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ მას მართლაც ანგელოზი ეჩურჩულებიოდა და ეს იმდენად დაუჯერებლად ეჩვენებოდა, რომ იმის გახსენებაზე, ჩვენ სამს წინ დიდი საქმეები გვაქვსო, ცივმა ოფლმაც კი დაასხა შუბლზე. ანუ, მისი ცხოვრება სრულიად სხვა კალაპოტში უნდა ჩამდგარიყო და ეს, ცოტა არ იყოს, აშინებდა კიდეც. აშინებდა არა რაიმე განსაცდელი, არამედ გაურკვევლობა, გაუთვიცნობიერებლობა, რამეთუ ნინო მიჩვეული იყო ყოველი ნაბიჯის წინასწარ დაგეგმვას, თავის ჭკუით და გონებით ცხოვრებას და ეხლა თუ გიორგის ან თუნდაც ანგელოზის ჭკუაზე უნდა ეცხოვრა, ეს აშინებდა და აკრთობდა.
ამ ფიქრებში არაერთი ღამეც გაილია და დადგა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პერიოდი ნინოს ცხოვრებაში.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გიორგი მართალი აღმოჩნდა და ნინოს დედას, ქალბატონ მანანას ავთვისებიანი მენინგიომა დაუდგინეს. ეს, რა თქმა უნდა, უცებ არ მომხდარა და ამის დადგენას დრო დასჭირდა, თუმცა ეს საშინელი ჯოჯოხეთი ნინოსაც და მის ოჯახსაც უნდა გაევლო და მან ეს უკვე იცოდა. ნინომ მთელი ძალები მოიკრიფა და საშინელ სენთან საბრძოლველად მოემზადა იმ იმედით, რომ ისინი ამ სენს დაამარცხებდნენ, როგორც ეს გიორგიმ აუწყა. მაგრამ ამისთვის მარტო ნინოს თავდაჯერება არ კმაროდა, ის ქალბატონ მანანასაც უნდა ჰქონოდა. ის კი ძალზედ მგრძნობიარე და გულჩვილი ადამიანი გახლდათ. არ იყო იოლი მისი დარწმუნება, რომ სენს დაამარცხებდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ნინო, თავის შეუპოვრობით და სიმტკიცით მამას უფრო ჰგავდა, ვიდრე დედას.
... და ნინომ, რჩევის საკითხად ისევ გიორგისთან მისვლა გადაწყვიტა.
***
თითქმის სამი კვირის თავზე ყიფიანი თავად ჩადრიშვილმა დაიბარა თავის კაბინეტში დაკითხვაზე. აინტერესებდა, ვინ იყო ეს უცნაურობებით აღსავსე პიროვნება, თვით მუჯირიც რომ გამოასულელა და თავის ჭკუაზე ატარებდა.
- მე მაგას ვაჩვენებ, გასულელება როგორ უნდაო - ფიქრობდა ჩადრიშვილი და სიამოვნებისგან იფშვნეტდა ხელებს, რომ წარმოიდგინა, თუ რა პრესში გაატარებდა და მუჯირსაც აჩვენებდა, რა არის ნამდვილი პროფესიონალიზმი - ცივი და პრაგმატული. მუჯირის გარდა კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელიც მიიწვია, თავის მოადგილესთან, ლადო კალანდაძესთან ერთად.
როდესაც ბადრაგმა გიორგი ჩადრიშვილის კაბინეტში შეიყვანა, ის მაგიდის თავში იჯდა და თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა. გვერდით მჯდომ კალანდაძეს ესაუბრებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, ვითომ გიორგი კი არა, ვინმე დამლაგებელი ყოფილიყო, რომელიც ყურადღებას არ საჭიროებდა. კალანდაძის მოპირდაპირედ მჯდომი მუჯირი ნერვიულად იშმუშნებოდა. მის გვერდით მჯდარი ორიოდე თანამშრომელი გიორგის შეჰყურებდა და საინტერესო დაკითხვის მოლოდინში ჩუმად ესაუბრობოდა ერთმანეთს.
ბოლოს, როგორც იქნა ჩადრიშვილმა ყურადღების მიქცევა იკადრა, ფეხზე მდგარ გიორგის მაგიდის ბოლოში დაჯდომის უფლება მისცა და ბადრაგს გარეთ გასვლა უბრძანა. შემდეგ მაგიდიდან ადგა, გიორგის უკნიდან შემოუარა, თითქოს რამე საქონელს აფასებსო, აათვალიერ-ჩაათვალიერა. შემდეგ მაგიდას დაუბრუნდა და მუჯირს მიმართა:
- ეს არის ჩვენი გულთმისანი?
- ეს გახლავთო - თავი დახარა მუჯირმა.
- აბა, ბატონო წინასწარმეტყველო, იქნებ გაგვაოცოთ თქვენი უნიკალური ნიჭით და რამე სახალისო გვითხრათ? - მიმართა ჩადრიშვილმა დაკავებულს.
- მე მასხარა არ ვარ, ჩემო ბატონო - მშვიდად მიუგო გიორგიმ.
- ოჰ, ერთი ამას უყურეთ, მასხარა არ ვარო - გასცინა ჩადრიშვილმა - შენ მე მუჯირი ხომ არ გგონივარ? ფერებას კი არ დაგიწყებ? თუ დანაშაულს არ აღიარებ, ჩაგიყვან დაბლა სარდაფში და ისე დავალეწინებ შენ თავს, თვალი და ყური ერთმანეთში გქონდეს არეული.
ჩადრიშვილს მუჯირის ხსენება რატომ დასჭირდა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ გახლავთ. ამით მისი დამცირება და სხვის თვალში თავის ამაღლება სცადა. მან კარგად იცოდა, რომ მუჯირი მასზე ბევრად ნიჭიერი და გამოცდილი გახლდათ და ვერაფრით ვერ ინელებდა ამას. ამიტომ, ყოველთვის, როცა კი საბაბი მიეცემოდა, სხვისი თანდასწრებით ყოველთვის ამცირებდა და ლანძღავდა, როგორც ეს მეტრეველის გადაცემის გასვლის შემდეგ გააკეთა. თუმცა, მოხსნით ვერ მოხსნიდა და სამსახურიდან ვერ გააგდებდა. მას საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდა და თავად მინისტრის მეგობარი გახლდათ. მუჯირს არ სჩვეოდა ენის მიტანა და ჩუმად იტანდა ჩადრიშვილის ოინებს. ისღა აკლდა, ჩადრიშვილისთვის ეთქმევინებინა, ეს კაცი მაბეზღარაც ყოფილაო. ასეა თუ ისე, ჩადრიშვილი მხოლოდ ზეპირისტყვიერებით იოხებდა გულს და იმის იქით წასვლას ვერ ბედავდა. ენით კი კბენდა, როცა ამის საშუალებას იხელთებდა.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას შეძლებთ, ბატონო, რაც არაერთხელ გაგიკეთებიათ - მშვიდად უპასუხა გიორგიმ.
- შე ნაბოზარო შენა, წამოვარდა ადგილიდან ჩადრიშვილი - არა მარტო თანამზრახველად გახვალ, არამედ“პარავოზად“ გაგიშვებთ და იმხელა „სროკს“ მოგარჭობთ, მოხუცი თუ გამოხვალ საპყრობილედან, თუ ცოცხალი გამოხვალ საერთოდ. შენი დაგეგმილია ყველაფერი და თუ მსხვერპლი არ არის, ალბათ ბოლო წამს შეგეშინდა და ეს შენს სილაჩრეს უნდა დავაბრალოთ და არა იმას, რომ დანაშაული აღკვეთე. რა ზღაპრებიც არ უნდა მოუყვე მუჯირს, ჩემთან ეს არ გაგივა.
შემდეგ დაწყნარებული სახე მიიღო. წამოდგა, პასტა და ფურცელი აიღო და ნელი ნაბიჯით გიორგისკენ გაემართა. დაიხარა და ვითომ ყურში, თან სხვებსაც რომ ესმოდათ ისე, ყიფიანს მიმართა:
- დაწერე, როგორ იყო და მე გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეძლებისდაგვარად დაგეხმარო. რად გინდა, დაბლა ჩაგიყვანონ და ძვლები სხვადასხვა რკინის იარაღებით დაგითვალონ? ნუ გვაიძულებ ამას. დაფიქრდი, აწონ- დაწონე და სიმართლე დაწერე.
გიორგიმ ფურცელი გამოართვა და წერა დაიწყო. ჩადრიშვილი კი გამარჯვებულის იერით დაბრუნდა მაგიდის თავში და დამცინავი იერით გადახედა მუჯირს. მუჯირი ჩუმად იჯდა და თავს მაღლა არ წევდა.
გიორგიმ წერა დაამთავრა და ფურცელი ასწია. მუჯირის გვერდით მჯდომმა თანამშრომელმა ფურცელი გამოართვა და უფროსს მიართვა.
მანაც სათვალე გაიკეთა და კითხვა დაიწყო. აქ კი ყველა ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა ჩადრიშვილს და მოვლენების მომავალ განვითარებას სულმოუთქმელად ელოდა.
ჩადრიშვილს ნელ-ნელა ფერი ეცვლებოდა. ჯერ გაწითლდა, შემდეგ გაფითრდა. ჰალსტუხი უსიამოვნოდ შეიხსნა. ორი ჭიქა წყალი დაისხა და ხარბად შესვა. შემდეგ ფურცელი დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო. ორიოდე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა. როცა ჩადრიშვილი მოფერიანდა და ცოტა სული მოითქვა, ბადრაგს დაუძახა და წაათრიე აქედანო - ძლივს ამოილუღლუღა.
გიორგი მშვიდად ადგა მაგიდიდან. კარებთან მისულმა უკან მოიხედა და ჩადრიშვილს მიმართა:
- სხვათა შორის, ბატონო მერაბ, თქვენს მეუღლეს, ქალბატონ ელენეს, წელი რომ სტკივა და რადიკულიტი ჰგონია, ხელხემლის ძვლის მესამე და მეოთხე მალებს შორის დისკი აქვს დაზიანებული. ამას დისკოზი ქვია. გადაეცით, რომ დაანებოს ბაზრიდან მძიმე ჩანთების თრევას თავი. მისი ტვირთის მაქსიმალური წონა 2-3 კილოგრამია და ეს გაითვალისწინოს, თუ არ უნდა, რომ დისკოზი გაუუარესდეს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, რაც სულაც არ გახლავთ გარანტია, რომ გამოჯანმრთელდება. გასაგებია, რომ თქვენ ძალიან დაკავებული ბრძანდებით, მაგრამ ჯანმრთელობა მაინც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით თუ ეს ოჯახის წევრს ეხება. ბოლოს და ბოლოს, მძღოლი ლამის მსახურად გყავთ გადაქცვეული და ბაზარშიც ის დაიხმარეთ ბარემ.
...და კიდევ - არა მგონია, გასართობად გამოგადგეთ, რაც გითხარით(ასე რომ გინდოდათ ჩემი მასხრად გამოყვანა), მით უფრო, რაც დაგიწერეთ. იმედია გეყოფათ გონიერება და ყურად იღებთ ყოველივეს. მართალია, დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდება და მერე თქვენ თავს დააბრალეთ. უფლის ნებას წინ დაუდგება რამე?
ჩადრიშვილი თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა. ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე წუთის წინ გამარჯვებულის იერი დაჰკრავდა და მუჯირს დამამცირებლად შეჰყურებდა, ეხლა თავად იჯდა დამცირებული და განადგურებული. ირგვლივ მჯდომები კი გაკვირვებისგან პირდაღებულები ხან ჩადრიშვილს შესცქეროდნენ და ხან ყიფიანს. გაოგნებულებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.
ბადრაგმა გიორგი კაბინეტიდან გაიყვანა თუ არა, ჩადრიშვილმა ყველანი დაითხოვა და მარტო დარჩენა ისურვა. ხოლო ის, თუ რა დაუწერა გიორგიმ ფურცელზე უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი უმაღლესი თამამდებობის პირს, საიდუმლოდ დარჩა ყველასთვის.
***
ნინო ნერვიულობისგან ადგილზე ვეღარ ისვენებდა. ერთი სული ჰქონდა, როდის შიყვანდნენ გიორგის პაემნების ოთაში. ამჯერად მუჯირი უყოყმანოდ დათანხმდა პაემანზე და ნინოც, ეხლა, იჯდა და გიორგის ელოდა.
მალე ბადრაგმა გიორგიც მოიყვანა. ნინოს მოპირდაპირე სკამზე დასვა და თვითონ ოთახიდან გავიდა.
მისალმების შემდეგ, რამდენიმე წამი, ნინო და გიორგი ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ. ხელებმა თავად მოძებნეს ერთმანეთი და ორივე ადამიანის სხეულში უცებ ჩაიღვარა სითბოსა და სიყვარულის გაჟრჟოლებამ. ნინოს დიდი ტკივილი და ამავ დროს იმედიანი თვალები ჰქონდა, თითქოს შეჰღაღადებდნენ - მიშველეო. გიორგის კი თანაგრძნობით და სიყვარულით ჰქონდა თვალები სავსე. ორივეს უკვე უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის.
საუბარი გიორგიმ დაიწყო:
- მე ყველაფერი მესმის, ნინო, ჩემო ძვირფასო ადამიანო. რომ შემეძლოს სიცოცხლესაც უყოყმანოდ დავთმობდი შენთვისაც და შენი დედიკოსთვისაც, მაგრამ მე ბევრი არაფერი შემიძლია. ის, რაც უნდა გაიაროთ, უნდა გაიაროთ, თუმცა ეს პერიოდი ცრემით და ტკივილით იქნება სავსე. გული მეწვის ამას რომ გეუბნები, მაგრამ ეს უნდა იცოდე.
- ვერ ვუყურებ დედის ტანჯვას, ვერ გადავიტან ალბათ. ძალიან გამიჭირდება. მირჩიე, როგორ შევუმსუბუქო ტკივილები, როცა დაეწყება? ან როდის რა უნდა გავაკეთო?- და ნინოს ლამაზი თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს დენა.
- მესმის, ნინო, მთელი გულით მინდა დაგეხმარო და მალე მეც შენს გვერდით ვიქნები. ცოტაღა დამრჩა აქ ყოფნა. როგორც ანგელოზი მაფრთხილებს, დედას თავის ტკივილები ექნება, ძლიერი ტკივილები. ექიმები ქიმიას დაუნიშნავენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ორ სეანსზე მეტი არ ჩაუტაროთ, თორემ ლეტალური შედეგი დადგება. როდესაც ორივე სეანსს მორჩება, მერე გეტყვი რა უნდა გააკეთო. ავადმყოფობა გაქრება, დამიჯერე. ეს რამდენიმე თვე უნდა მოითმინოთ და გადაიტანოთ. შემდეგ კი ყველაფერი ძველებურად კარგად იქნება. თუ რამე დაგჭირდეს, მანდ ჩემი უახლოესი მეგობრების ზურას და ემზარის ნომრებია. დაურეკე და ყველაფერში დაგეხმარებიან.
ისე კი, რომ იცოდეთ, ყოველი სნეულება მადლია ღვთისა და ამას ტრაგედიად ნუ აღიქვამთ. სამწუხაროდ, ჩვენ, ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ ამას და გამუდმებით ვტირით, ვკვნესით და ვოხრავთ.
- არ ვიცი, ვინ ხარ - შარლატანი თუ ნათელმხილველი, მაგრამ რატომღაც მჯერა შენი და იმედი მაქვს, რომ სიმართლეს მეუბნები - ცრემლებს ვერ იკავებდა ნინო.
გიორგის სევდიანად გაეღიმა, ნინოს ხელები ტუჩებთან მიიზიდა და რამდენჯერმე ძალიან ნაზად აკოცა. ნინო სკამიდან წამოდგა, მაგიდას მოუარა, გიორგისთან მივიდა და მკერში ჩაეკრა.
ამ დროს საკანში ბადრაგი შემოვარდა ყვირილით:
- ფიზიკურ კონტაქტი აკრძალულია, ეხლავე დაშორდით ერთმანეთს, პაემანი დამთავრებულიაო.
გიორგიმ მაინც მოასწრო რამდენჯერმე თავზე გადაესვა ნინოსთვის ხელი და სიყვარულით მოფერებოდა. მისი თმების სურნელებაც იგრძნო და რამდენიმე კოცნაც მოასწრო, მაგრამ ბადრაგი ჯალათივით დაეტაკა და ეს ძვირფასი ადამიანი ხელიდან გამოსტაცა.
გიორგი დაუყოვნებლივ გაიყვანეს პაემნების საკნიდან, ნინო კი რამდენიმე წუთს იჯდა და ჩუმად ტიროდა. მის გულში სიხარული და ტკივილი ერთმანეთში არეულიყო. ცალკე დედის მოსალოდნელი ტანჯვა უფლითავდა გულს, მეორეს მხრივ კი ამ უცნაური, მის გულში თავზე ხელაღებული ყაჩაღივით შემოვარდნილი მოულოდნელი სიყვარულის პატარა გემო იგრძნო და გული გამალებით უცემდა, მუხლები უკანკალებდა და თმებსა და ხელებზეც კი ჯერ კიდევ გიორგის ცხელ ტუჩებს გრძნობდა.
შემდეგ, სახლში იმედიანად დაბრუნდა და თავისიანებს გიორგის ნათქვამი დაწვრილებით მოუყვა.
***
ჩადრიშვილის მიწოდებულ ქაღალდზე გიორგის დაწერილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ პატივმოყვარე და ამპარტავანი კაცის სული და გონება აეფორიაქებინა და დიდ საგონებელში ჩაეგდო. მოდი, ვნახოთ, რა დაუწერა ასეთი გიორგიმ ჩადრიშვილს და ყველაფერი ცხადი და გასაგები გახდება:
„ბატონო მერაბ, ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სულაც არ მეხალისება და იძულებით გიწერთ ამ წერილს. ეს ჩემი ნება არ გახლავთ, დამავალეს, რომ თქვენთვის მეცნობებინა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მიმართ არავითარი პატივისცემა არ გამაჩნია, ვალდებული ვარ ხმამაღლა არ განვაცხადო, რასაც ამ წერილში წაიკითხავთ და მხოლოდ თქვენ მოგმართოთ.
სამი წლის წინ, თქვენ თქვენს სამ თანამოსაქმესთან ერთად ბატონი ვარლამ ნიორაძის მცირეწლოვანი ქალიშვილი გაიტაცეთ და რამდენიმე დღე დატყვევებული გყავდათ კოჯორში, თქვენსავე აგარაკზე. ზუსტი მისამართი, რა თქმა უნდა, ცნობილია. ეს იმიტომ ჩაიდინეთ, რომ ჟურნალისტი, ქალბატონი ციური ახობაძე, თქვენი ნარკობიზნესის დანაშაულებრივ კვალს დაადგა და გადაცემასაც ამზადებდა ამის შესახებ. თქვენ, საქართველოს გავლით ნარკოტრაფიკი გაქვთ გახსნილი და ამით კარგ შემოსავალსაც იღებთ დღემდე. თქვენი ამფსონებიდან ერთი მოკლეს, მეორეს ინსულტი დაემართა და ეხლაც ლოგინადაა ჩავარდნილი, მესამე კი ციხეში ზის ეჭვიტანილის ცემით მოკვლის გამო. მართალია, ჟურნალისტმა მხოლოდ კვალი აიღო და ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ჩემთვის ყოველი დეტალი ცნობილია, მტკიცებულელებიც გამაჩნია და შემიძლია ნებისმიერ დროს წარმოგიდგინოთ. თქვენ ნიორაძის ქალიშვილი გაიტაცეთ და შანტაჟის გამოყენებით ბატონი ვარლამი აიძულეთ გადაცემა დაებლოკა და მთელი ჟურნალსური ჯგუფი, ვინც გადაცემა მოამზადა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. გეგონათ შეგრჩათ, მაგრამ, თქვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არაა.
ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ თქვენ ბევრ კორუფციულ გარიგებაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. მაგალითად სულ რამდენიმეს ჩამოგითვლით:
მინდიაშვილის საქმე, რომელშიც თქვენ 20 ათასი ამერიკული დოლარი აიღეთ, რათა მისი დანაშაული მიგეჩქმალათ და თქვენი მაშინდელი მოადგილის და დამქაშის, პაატა გეგენაძის ( სწორედ იმ ინსულტიანის) პირით მუჯირისთვის საქმის დახურვა გებრძანებინათ.
ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ ორიოდე წლის წინ თქვენმა უწყებამ გამოიძია და დაადგინა რუსი ჯაშუშების კრივენკოს და დოროფეევის ადგილმდებარეობა, მაგრამ თქვენ ისინი 200 ათასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, რაც რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაგიხადეს, ისინი ჩუმად გააპარეთ რუსეთში.
ავარიის მსხვერპლი, მესროპ გალუსტიანი გახსოვთ? თქვენ მას, საკმაოდ ნასვამ მდგომარეიბაში მყოფი, მანქანით დაეჯახეთ და ადგილზევე მოკალით. შემდეგ კი მის ოჯახს დაემუქრეთ და სხვა ოჯახის წევრების განადგურების შიშით გააჩუმეთ. თანაც 10 ათასი ამერიკული დოლარიც უბოძეთ. რა იაფი ყოფილა თქვენთვის ადამიანის სიცოცხლე.
მეტს აღარ გავაგრძელებ. დამერწმუნეთ ყველა ის დანაშაული, რაც ჩაგიდენიათ თქვენი თანამდებობაზე ყოფნის დროს და მანამდეც(თქვენს მიერ გაუპატიურებული გოგონას ამბავს ვგულისხმობ), ჩემთვის ცნობილია და მალე ეს ინფორმაცია გადაეცემა შინაგანი გამოძიების დეპარტამენტს.
ჩემი რჩევაა, თავად ჩაბარდეთ და აღიაროთ თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა შეიმსუბუქოთ სასჯელი.
იმედი მაქვს, ჩემს ლიკვიდაციას არ გადაწყვეტთ. ეს თქვენთვის სავსებით უსარგებლო იქნება და პირიქით, დაგიმძიმებთ სასჯელს კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობით.
რაც შემეხება მე, არ გახლავართ ტერორისტი და თქვენი სიჯიუტე უბრალოდ სიბრიყვეა და მეტი არაფერი. ამას დაგიდასტურებენ ის დამნაშავეები, რომელთაც რუსული მხარე დღე-დღეზე გადმოგცემთ.
აი, ეს გახლავთ ჩემი „აღიარება“ და იმედია არ მიწყენთ, რომ ეს ასეთი ფორმით გავაკეთე. არა მგონია, ამისი თქმა თქვენი კოლეგების თანდასწრებით სასიამოვნო ყოფილიყო თქვენთვის.
კიდევ ერთს გირჩევდით: ამის მერე მაინც ცოტა მეტი თავაზიანობა და პატივისცემა იქონიეთ სხვა ადამიანების მიმართ და იცოდეთ, რომ სამყარო თქვენს გარშემო არ ტრიალებს. მართალია ამ მთავრობასთან დაახლოებული პირი ბრძანდებით, მაგრამ ჩადენილ დანაშაულებზე მაინც მოგიწევთ პასუხის გაცემა, ადრე იქნება ეს თუ გვიან...და დამერწმუნეთ, ეს სულ მალე მოხდება, თორემ ჩემზე იმასხრეთ რამდენიც გენებოთ“
***
პოტაპოვმა ლევან გიორგაძეს დაურეკა და სიხარულით აუწყა, რომ პრეზიდენტი უყოყმანოდ დათანხმდა ტერორისტების ექტრადიციას. რომ ისინი უკვე დაკავებული ყავდათ, იმ ერთის გარდა, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა და მალე მასაც დააკავებდნენ. ყოველ შემთხვევაში, მოთხოვნა გაგზავნილი ჰქონდათ აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ.
საბუთები ფორმდებოდა და მალე ქსტრადიციაც მოხდებოდა. შემდეგ პოტაპოვმა ლევანის ოჯახი მოიკითხა და მეუღლესთანაც მოკითხვა დააბარა.
გიორგაძემაც, თავის მხრივ, დიდი მადლობა მოუხადა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, მანაც ოჯახით მოიკითხა და საქართველოში დაპატიჟა - დიდი ხანია არ გვწვევიხართ, იური სემიონიჩ, ოჯახთან ერთად პირადად გეპატიჟებითო. იური სემიონიჩიც ზრდილობის გამო დათანხმდა, მადლობა მოუხადა და ამით საუბარიც დასრულდა.
რამდენიმე დღეში ტერორისტები რუსეთიდან ჩამოიყვანეს და უშიშროების სპეციალური დანიშნულების იზოლატორში მოათავსეს. მომდევნო დღეს კი სათითაოდ დაკითხეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტერორისტებმა თავიდან ბოლომდე დაფქვეს ყველაფერი და თითი დამკვეთისკენ გაიშვირეს. კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა ისინი გიორგი ყიფიანს, მუჯირმა ყველასგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
მერე კი, როდესაც ჩადრიშვილთან შევიდა და ყიფიანის განთავისუფლების ბრძანებაზე დასტური მოითხოვა, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, მყისვე მიიღო თანხმობა და მოსამართლისგან გათავისუფლების დადგენილებაც გამოითხოვა. საბუთის მიღების შემდეგ, მუჯირმაც სასწრაფოდ აფრინა შესაბამის განყოფილებაში და თან გულში უხაროდა, რომ 28 კი არა 27 დღე იყო გიორგი დაკავებული და ერთი დღით, მაგრამ მაინც შეცდა წინასწარმეტყველებაში.
მუჯირმა მაშინ ჯერ არ იცოდა, რომ საბუთომანიის ბიუროკრატიამ ყიფიანი კიდევ ერთი დღით გააჩერა საკანში და გიორგი მხოლოდ მეორე დღის საღამოს პირს გაუშვეს პატიმრობიდან, როდესაც მისი დაკავებიდან უკვე ზუსტად 28 დღე იყო გასული.
***
- აბა, „მაკარიჩ“, უნდა დაგემშვიდობოთ აწი. ხვალ გავალ აქედან - მიმართა გიორგიმ კამერის მაყურებელს. იქვე იყვნენ სხვა პატიმრებიც და გიორგი მათაც მიმართავდა, მაგრამ როდესაც „მაკარიჩას“ გვერდით ისხდნენ, ხმის ამოღებას ზოგი პატივისცემის და ზოგი შიშის გამო ვერ ბედავდა.
- ვაა, გადიხარ სვაბოდაზე, ტოო? საღოლ ბრატ, ძალიან მიხარია - და გიორგის გადაეხვია - არ დამივიწყო ხომ იცი. ჩემი მისამართი იცი. მეც მალე გამოვალ და გნახავ ასიანი, ტოო.
- იანსია, ტოო - გამოაჯავრა გიორგიმ „მაკარიჩა“.
„მაკარიჩამ“ გულიანად გაიცინა.
- იცოდე ჩემი ბრატი ხარ.
- ვიცი „მაკარიჩ“. წყალი არ გაუვა. კაი კაცი ხარ, სერჟიკ შენ და თუ ჩემი ძმა ხარ, პატივს მცემ და გჯერა ჩემი, დაფიქრდი ყველაფერზე, რაზეც ვისაუბრეთ.
- რას გულისხმობ, „ექსტრასენს“?
- შენს ცხოვრებას, „მაკარიჩ“, შენს მომავალს. კარგია კი ის გზა, რაც აგირჩევია? რად გინდა ეგ გზა? პატივი გინდა, დიდება? იცი ყველაზე დიდი ცოდვა რა არის დედამიწაზე, რაც არასოდეს მიეტევება ადამიანს?
- რა?
- ამპარტავნება, ძმაო. ამპარტავნების გამო გადმოაგდო ღმერთმა ეშმაკი ციდან, თორემ ისიც ანგელოზი იყო თავიდან, უპირველესი, სინათლის ანგელოზი.
- ვაა, მართლა, ტოო?
...და გიორგი მოკლედ მოუყვა „მაკარიჩას“ და სხვა პატიმრებს ღმერთისა და ანგელოზების შესახებ; დაცემული ანგელოზების ციდან გადმოყრის და მათი დემონებად ქცევის შესახებ.
- დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა ერთ ქალიშვილს და ასე უთხრა: სამი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს არასოდესო, სამად სამი.
- რომელი, „ექსტრასენს“?
- სულიწმიდის გმობა, თვითმკვლელობა და ამპარტავნებაო.
- ეგენი მე არ ვიცი, ძმაო. ხო, თავის მოკლვა მაგარი სირობაა, ტოო, და სულიწმიდის რაო, რა თქვი?
- მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, „მაკარიჩ“. ამდენი იმიტომ გელაპარაკე, რომ დაფიქრდე შენს ცხოვრებაზე. ნუ მოინდომებ სხვაზე მეტი იყო. იცხოვრე შენთვის წყნარად და გიყვარდეს გვერდით მდგომი ადამიანები. ნუ დაჩაგრავ და ზემოდან ნუ დაუწყებ ყურებას. გარდა ამისა, ქურდობა ცოდვაა, ძმაო და ხომ გითხარი ამაზე, ერთ-ერთი მცნებაც კია, რაც ღმერთმა მოსეს დაუტოვა.
- მოსე ვინაა, „ექტერსენს“? არ ვიცი, ტოო.
- მოსე წმიდა კაცი იყო და ღმერთმა მას მისცა ათი მცნება ებრალებისთვის გადასაცემად, „მაკარიჩ“. ხომ გელაპარაკე მაგათზე?! თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებს, წაიკითხე ბიბლია და ყველაფერს გაიგებ.
- წავიკითხავ, ხო გითხარი ძმაოჯან, აუცილებლად წავიკითხავ. მარა ჩვენ ხომ ებრაელები არ ვართ?
- ებრაელებს რაც მისცა, ყველას მისცა, „მაკარიჩ“, გაიგე?
- ხო, იასნია. მარა ქურდობაზე რასაც მეუბნები, ცოტა არ მსიამოვნებს, ტოო, ეგ ჩემი საქმეა, რა გზას ავირჩევ. მარა ვიფიქრებ, რაც მითხარი, ძმაოჯან.
- ხოდა მეც ეგ მინდა, „მაკარიჩ“, იფიქრე.
„ღირსეულთა შორის მცირე დონეზე ყოფნა გერჩივნოს უგუნურთა შორის ავტორიტეტით სარგებლობას.
გონიერთა შორის უკანასკნელი უმეცართა შორის უპირველესზე უმეტესია“.
- ეგ რას ნიშნავს „ექტრასენს“? აბა ერთი ჩემს ენაზე გადმომითარგმნე.
- ეს ჩემი მეგობრის ესსეა. ორი ბავშვობის მეგობარი მყავს, მაკარიჩ, ძალიან ახლო. სულს და ხორცს რომ მირჩევნია ისეთები - ზურა და ემზარი. ხოდა ემზარი მაგარი ჭკვიანი მყავს. ლექსებს წერს, მოთხრობებეს, ესსეებს და რა ვიცი კიდევ რას აღარ. თან მათემატიკაში გლიჯავს რა. მოკლედ გენიოსია. ზედმეტსახელად დიოგენა დავარქვით. ბერძენი ფილოსოფოსი იყო ერთი. ხოდა დიოგენას აქვს ბევრი ესსეები და ეხლა გამახსენდა ეს ერთი.
- ესსე რა არის და რაც მითხარი ის ამიხსენი, გიორგიჯან.
- ესსე მოკლე ანდაზასავით გამონათქვამია, „მაკარიჩ“, ან ნარკვევი, აზრი, მსჯელობა. კარგი ესსეე მარტო გამონათქვამი არაა, სიბრძნეც გახლავს. მე რაც გითხარი კი იმას ნიშნავს, რომ გააჩნია ავტორიტეტი სად გექნება, მართალ და უბრალო ადამიანებთან თუ ქურდებთან და ავაზაკებთან. ხოდა ღმერთის თვალში უბრალო ადამიანი ბევრად უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ქურდებში დიდი ავტორიტეტი, გაიგე? ამას გეუბნები. იმას კი ნუ ფიქრობ, შენს ძმა-ბიჭებს რა მოეწონებათ და ისე ნუკი იცხოვრებ, არამედ იმაზე იფიქრე, ღმერთს როგორ მოაწონო თავი. შენი უბრალოებით, შენი სიკეთით, შენი პატიოსნებით.
აი, მითხარი, რად გინდა ქურდობა, რაში გჭირდება?
მაკარიჩამ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი, შენ რა გელაპარაკოო და საწოლზე გვერდი იცვალა.
როცა საკმაოდ დაღამდა და მარტო დარჩნენ, „მაკარიჩა“ გიორგის მოუბრუნდა
- ეეჰ, ექტრასენს, გაგებაში არ ხარ ტოო. ნახე ქურდები როგორ ცხოვრობენ? „უვაჟენია“ აქვთ, კაი მანქანებით დაგრიალებენ, კაი ნაშებს ჟიმავენ, ძმაო. აი ცხოვრება. აბა ქარხანაში ვიმუშაო ამათ კაპიკებზე? ტრაკიანი ბიჭი ვარ, ძმაოჯან და რა ადგილიც მეკუთვნის ცხოვრებაში, ის მინდა დავიკავო. იასნია რა. შენ შორს ხარ ქურდული გაგებისგან და ნუ გაერევი იმაში, რაც არ იცი. შენ შენ გზა გაქვს, მე ჩემი. როგორც მე არ მესმის შენი გზა, ისე შენ ვერ გაიგებ ჩემსას.
- ეე, „მაკარიჩ“, ნუ შეგშურდება იმისი, ვისაც შენზე მეტი აქვს. შეგშურდეს მისი, ვინც შენზე მეტად კეთილია.
- მე ძუნწი არა ვარ, „ექტრასენს“, ძმაო, თუ კაცი დამევასა, გულს ამოივიღებ და მივცემ, ტოო.
- მჯერა, „მაკარიჩ“. მე სხვა რამე გითხარი. მჯერა რომ ძუნწი არ ხარ. მე ქრისტიანულ სიყვარულზე გელაპარაკები და ნელ-ნელა გაიგებ ყველაფერს. სიყვარულს არაფერი ჯობია ქვეყანაზე, „მაკარიჩ“. უამისოდ სოცოცხლესაც არა აქვს ფასი.
- ეგ ხომ იასნია, ტოო.
- ახლობელს თუ სიკეთე გაუკეთე, მაკარიჩ, ეგ ვერაფერი სამაგალითოა, რადგან ცხოველებსაც უყვართ თავიანთი სისხლი და ხორცი და ზოგჯერ უფრო მეტადაც, ვიდრე ადამიანებს. სხვისი სიყვარული უნდა შეგეძლოს, ძმაო, ესაა მთავარი.
- ეგ როგორ, ტოო, სხვა რატომ უნდა მიყვარდეს? იქნება პრ..ია და გოთვერანი?
- ქრისტიანობა მარტო ჯვრის ტარება და ეკლესიაში სიარული კი არ არის, „მაკარიჩ“. ღვთის რწმენა, პირველ რიგში, სათნოებას, სიკეთეს და სიყვარულს ნიშნავს. რწმენა, იმედი და სიყვარული, ხომ გაგიგია. ხოდა სიყვარული უმეტესია. თუ შენ მარტო შენიანი გიყვარს, რითი ხარ გამორჩეული? ან ცხოველს რითი ჯობიხარ? თუ ადამიანები გეყვარება, მაშინ შენც ეყვარები მათ.
ღმერთს მაშინ უფრო ეყვარები, თუ ადამიანებსაც უყვარხარ.
არ არსებობს ბედნიერება ხალხის სიყვარულზე მეტი და არ არსებობს ტრაგედია ხალხის სიძულვილზე მეტი.
- მომისმინე, „ექსტრასენს“, ძმაო. შენ ძალიან ჯიგარი ვინმე ხარ და მეც მაგრად მიყვარხარ, ფაიზახს გეუბნები. მაგრამ ეგ შენი ფილოსოფია არ მესმის, ტოო. კაი კაცს კარგად უნდა მოექცე და ჩათლახმა თავისი უნდა მიიღოს. ეს არის „სპრავედლივი“, ძმაო.
- კარგი, აბა ეს მითხარი, 2 წლის წინ კაცი რომ ცემით კინაღამ მოკალი იმის გამო რომ თავანი ვერ ჩაგაბარა, ის „სპრავედლივი“ იყო?
- ვინა, ტოო?
- ვინა და მამუკა ძნელაძე, გახსოვს?
- ეე, შენ ეგ საიდან იცი, ტოო?
- „მაკარიჩ“, მე ბევრი რამე ვიცი და გინდა სხვა რამეებიც გაგახსენო? თან 7 კაცი რომ დაესიეთ და ცემაში მოკალით ის კაცი, არ შეგეცოდა? შენი ძმა რომ ყოფილიყო და ფული ვერ გადაეხადა, ასე სცემდი?
მერე კიდევ, ალახვერდოვებს რომ შეუვარდით და ფული ვერ იპოვეთ, ისიც ხომ გახსოვს? კაცს რომ ცხელი უთო დაადეთ ზურგზე და სიმწრისგან ყვიროდა, გახსოვს ხომ?
„მაკარიჩა“ ნერწყვებს ძლივს ყლაპავდა და გაოგნებული ენას ვერ იბრუნებდა პირში.
- სხვებს აღარ გაგახენებ, ყველა შენი საქმეები შემიძლია ჩამოგითვალო. შენ რომ ის ადამიანები გყვარებოდა, ასე ხომ არ მოექცეოდი?! ამას გეუბნები, სერგო, ძმაო, დაფიქრდი შენს ცხოვრებაზე და გადაწყვიტე, ამ ქვეყანაზე კარგი ცხოვრება გინდა და მერე ჯოჯოხეთი, თუ აქაც კარგი ადამიანი იყო და იქაც ღმერთს უყვარდე?
„მაკარიჩა“ პირდაღებული იჯდა და ხმას ვერ იღებდა.
- კაი, „მაკარიჩ“, ცოტა ძნელია ეხლა ამ თემაზე ლაპარაკი და სხვა დროს გავაგრძელოთ. დანარჩენი „სვაბოდაზე“ იყოს. დავისვენოთ ეხლა და ხვალ კი დავახვევ აქედან - გაუღიმა გიორგიმ კამერის მაყურებელს, ხელი ჩამოართვა და დასაძინებლად მოემზადა.
მაკარიჩა კი დიდხანს იყო კიდევ გაოგნებული და გამშრალ ყელში წყლის ნაკადს ისე უშვებდა, როგორც უდაბნოში კარგად დაღლილი და მწყურვალი დაეწაფებოდა უეცრად აღმოჩენილ წყაროს.
***
საპატიმროს კარებთან გიორგის ძმა, სოსო და თავისი განუყრელი მეგობრები ზურა და დიოგენა დახვდნენ. შემდეგ კი გიორგის დაჟინებული თხოვნით სახლისკენ გასწიეს.
ემზარის ძალიან უნდოდა რესტორანში აღენიშნა გიორგის განთავისუფლება, მაგრამ გიორგიმ ბებია მოიმიზეზა და სახლში აღნიშნვა ამჯობინა - რომელი ათწლიანი პატიმრობა მე მქონდა, რომ მაინცდამაინც რესტონანში აღვნიშნოთ გათავისულებაო.
- ხო, ბებო ძალიან ელოდებაო - დაუდასტურა სოსომაც.
- ჯერ ერთი, ასეთი ჭუჭყიანი და დაუბანელი სად წამოვიდე ასეთ ფორმაში და თანაც, ბებიაჩემი როგორ მელოდება, წარმოიდგინეო - მიმართა მეგობარს - ისიც ხომ იცი, როგორ უყვარს ბებიას შენთან საუბარი და ნუ მოაკლებ ამ სიამოვნებასო.
ამ ბოლო არგუმენტმა საბოლოოდ გადაწყვიტა საქეიფო ადგილის ბედი. თამრიკოს მართლაც ძალიან უყვარდა დიოგენასთან ფილოსოფიური საუბრები. მისი ლექსებიც უყვარდა და სიამოვნებით უსმენდა ხოლმე. ემზარი კი თავის ეგოს იკმაყოფილებდა, რამეთუ ქალბატონ თამარზე უკეთესი მსმენელი მას არ ჰყავდა. ასეთ შანსს კი რესტორნის გამოც ვერ გაუშვებდა ხელიდან.
ბებია ისე ჩაეხუტა და ისე კოცნიდა გიორგის, თითქოს დიდი ხნის უნახავი ყოლოდა - შენ გენაცვალოს შენი ბებო, ჩემო დაჩაგრულო ბიჭოო.
- კაი, თამრიკო, ნუ დაახრჩვე კაცი, ოთხი კვირა არ გინახავს სულ - სცადა ბებოს დამშვიდება სოსომ.
- ოთხი კვირა კი არა ოთხი დღეც ვერ ვძლებ უთქვენოდ - იმართლა თავი თამრიკომ. ამიკრძალა, არ მოხვიდეო, თორემ რა გამაძლებინებდა ეს 28 დღე უმისოდ? საათებს კი არა წუთებს ვითვლიდი.
მერე თამრიკო ბიჭებსაც თბილად მიესალმა და გამზადებულ სუფრასთან მიიწვია.
თამადად, რა თქმა უნდა დიოგენა აირჩიეს, როგორც ყვეაზე ჭკვიანი და ენამჭევრი.
- გაუფრთხილდით თავისუფლებას - დაიწყო სადღეგრძელო დიოგენამ - ეს ძალიან ძვირფასი რამ არის.
პატიმარი სანამ საკანშია, თავისუფლებაზე ოცნებობს და მასზე დიდი ბედნიერება ვერც კი წარმოუდგენია, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ მალე ავიწყდება ასრულებული ოცნება და ხშირად შეიძლება უფრო უბედურადაც კი იგრძნოს თავი, ვიდრე პატიმრობისას იყო. თავისუფლება მარტო სხეულის თავისუფლება არ გახლავთ, მეგობრებო. სულის თავისუფლებას გაუმარჯოს. თუ სული თავისუფალია, ადამიანი ყველაგნ თავისუფალია, გინდა ცხრაკლიტულში ჩაკეტე. გაიხსენეთ დიდი მერაბ კოსტავა.
სხეულის თავისუფლება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მე სულის თავისუფლებას გისურვებთ ყველას - და ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა.
დიოგენა, როგორც თამადა, იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ არ მიყვებოდა დადგენილი წესებით სადღეგრძელოების თანმიმდევრობას. ყოველთვის ორიგინალური იყო და არავინ იცოდა, როდის რას იტყოდა. შეიძლება სწორედ იმ წამს მოფიქრებოდა ახალი სადღგრძელო და ის ეთქვა. ეს მას უფრო საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენს ხდიდა.
- როგორ წარმოგიდგენია სულის თავისუფლება, ჩემო ემზარ? - ჰკითხა დიოგენას ქალბატონმა თამარმა.
- სული თავისუფალია მაშინ, თუ ის სუფთაა, ქალბატონო თამარ - ანუ სიბილწე და ჭუჭყი არ არის მასში. ეს, რა თქმა უნდა, იოლი სულაც არ გახლავთ, რამეთუ მას დიდი მტერი ყავს - გონება. სულისთვის ძნელია წინ აღუდგეს გონებას, წარმოუდგენლად ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი.
- გონება თუ სუფთაა და უმწიკვლო, ის რატომაა სულის მტერი, ემზარ?
- ადამიანი მაინც ცოდვილი იბადება, ქალბატონო თამარ და ბოროტებისკენ მიისწრაფის. ბოროტებაში მე არ ვგულისხმობ მაინცდამაიმც მძიმე დანაშაულს. ნებისმიერი ცოდვა ხომ ბოროტებაა თავისთავად?! უბრალო აუგი ფიქრიც კი, განკითხვა, ამპარტავნება, რაც ასე გავრცელებულია; ისეა გავრცელებული, რომ ადამიანი ვერც კი ხვდება ამას და სხვა.
ადამიანი თავისი ბუნებით აკრძალულისკენ უფრო მიისწრაფის და რატომღაც მგონია, ღმერთს რომ მისთვის საპირისპირო მცნებები დაეტოვებინა (იპარე, იმრუშე, იცრუე და ა.შ.) ქვეყანაზე ბევრად ნაკლები ბოროტება იქნებოდა. მაგრამ ოხ ეს ამპარტავნება...
ხშირად ვფიქრობ, რატომ ვართ ადამიანები ასეთი მრისხანე და დაუნდობელი ერთმანეთის მიმართ, რატომ არ გვაქვს მოთმინების, მორჩილების და მიტევების უნარი? განა ეს ასე ძნელია?
ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე. შედეგი წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც:
დავიყენე ჩემი პატარა დისშვილი წინ და რამდენჯერმე უმიზეზოდ დავუყვირე, ვეჩხუბე, დავტუქსე იმის გამო, რაც არ გაუკეთებია, ანუ ცილი დავწამე. მოკლედ, ძალიან უსინდისოდ მოვექეცი. მე მისი რეაქცია მაინტერესებდა. ხმა არ ამოუღია; შემომცქეროდა თავისი სუფთა, უმანკო თვალებით და ალბათ ფიქრობდა, ნეტა ისეთი რა ჩავიდინე, ბიძია რომ ასე გავაბრაზეო.
ასეა ყველა ბავშვი. ზოგი თავს დახრის, ზოგი გაიქცევა, ზოგი იტირებს კიდეც, მაგრამ სიტყვას არცერთი არ შეგიბრუნებს (რა თქმა უნდა, თუ განსაკუთრებულად ტუტუცი არ იზრდება).
...და იცით რატომ? – იმიტომ, რომ მასში ამპარტავნება არ არის, არც მრისხანება, არც დაუნდობლობა, არც შურისძიება, არც...არც...არც...
მასში ბოროტება საერთოდ არ არის, მხოლოდ სინათლე და სიმშვიდეა; იმიტომ, რომ ის ნამდვილი ანგელოზია – სუფთა და უმანკო. აი, რატომ ამბობდა უფალი, ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევაო მასში. ეხლა ჩემთვის მზესავით ნათელია, რას გულისხმობდა ჩვენი ტკბილი იესო.
ჩვენ? – სიტყვას არ დავუთმობთ ერთმანეთს და არათუ მშვიდად მივიღებთ საყვედურს, პირიქით, ისეთ შეტევაზე გადავალთ, ლამის თვალები დავკორტნოთ ერთმანეთს. ერთის მაგივრად ასს ვუპასუხებთ, სიტყვას კი არა, ერთ ასოსაც არ ვაპატიებთ არავის, გინდაც ვტყუოდეთ.
"ცოლ–ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო" – ამბობს ანდაზა. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არ უნდა ჩხუბობდეს ცოლი და ქმარი საერთოდ, მე ასე მგონია. ერთმანეთის სიყვარული, პირველ რიგში, თავგანწირვას ნიშნავს, დათმობას, მორჩილებას, სიმდაბლეს. მაშინ არც ჩხუბი იქნება არასოდეს და სიყვარულიც მეტად გაძლიერდება. თუმცა ასეთ წყვილებს ალბათ ზღაპრებში თუ შეხვდება ადამიანი. თქვენ გინახავთ სადმე?
ხოდა ცოლი და ქმარი თუ არ უთმობს ერთმანეთს, ისინი სხვას დუთმობენ რამეს? დაუთმობენ კი არა, ყელს გამოჭამენ ერთი სიტყვის გულისთვის, გალანძღავენ და გაათახსირებენ, მიწასთან გაასწორებენ და თვალს არ დაახამხამებენ. ზოგი დაასახიჩრებს და ზოგი მოკლავს კიდეც...
ცოლი და ქმარი აქ ფიგურალურად ვახსენე, თორემ ეს ეხება მშობლებს და შვილებსაც, და–ძმებსაც, ნათესავებსაც, მეგობრებსაც, მეზობლებსაც და საერთოდ – ყველას.
რა კარგად მესმის ახლა, ძალიან კარგად, თუ რატომაა ამპარტავნება ყველზე დიდი და საშინელი ცოდვა. როგორ ჭამს და ხრავს ადამიანის სულს, როგორ ბილწავს და ანადგურებს, როგორ აავადებს და შთანთქავს საბოლოოდ.
ეს ყველაფერი კი გონებიდან მოდის, ქალბატონო თამარ, და როგორ ფიქრობთ, შეძლებს სული წინ აღუდგეს ამას ყველაფერს?
ღმერთო, რა ამპარტავანი ვარ. ნეტავ რა უნდა გავაკეთო, ეს საშინელი ჭირი რომ მოვიშორო სულისა და სხეულისაგან. ჯერ ვერ მიპოვია გზა. თქვენ? იქნებ მასწავლოთ ვინმემ?
- ძალიან უცნაური ექპერიმენტია, დიოგენ, ძმაო. ბავშვი არ შეგეცოდა? ცილი რაღატომ დასწამე? - შეწუხდა გიორგი.
- ბავშვებთან მაგარია და იმიტომ - ჩაიხითხითა ზურამ.
- დიახაც, ბავშვი არ შემეპასუხებოდა და სახიფათო არაფერი მელოდა - დაუდასტურა დიოგენამ - ვიცოდი, რომ არავინ გამილაწუნებდა ან მუშტს არ ჩამარტყამდა თავში. ცოტა რთული მეთოდია - გაიღრიჯა ემზარი.
- ძალიან საინტერესოდ და სწორად მსჯელობ, ემზარ, ჩემო ბიჭო, მაგრამ ცხოვრება ბევრად მარტივია. იქნებ ცოტა გადამეტებულად აფასებ ყოველივეს? რას გთხოვს უფალი? - იყავი მშვიდი, გიყვარდეს მოყვასი და თუ რამეს შესცოდავ, მოინანიე წრფელი გულით. ესაა სულ, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ. რა საჭიროა ასე გართულება და ბოლომდე ჩაყოლა? - გაუღიმა თამრიკომ დიოგენას.
- ადამიანის სულის განწმენდა აზროვნებიდან იწყება, ქალბატონო თამარ, რამეთუ ფიქრით უფრო მეტ ცოდვას სჩადის, ვიდრე მოქმედებით. ეს იმიტომ, რომ შესაძლებლობა არა აქვს, თორემ რომ ჰქონოდა, ვინ იცის, რამდენს შესცოდავდა. გონებაში კი განუსაზღვრელი თავისუფლება გააჩნია.
ადამიანები ინანიებენ იმას, რაც ჩაიდინეს სინამდვილეში და იშვიათად ნანობენ იმას, რაც ფიქრით შესცოდეს. თუ ადამიანი შეძლებს გონებას გზა გადაუკეტოს სულისკენ და არ მიუშვას ბილწი ვნებები, მაშინ ის სული ჭეშმარიტად თავისუფალია. ასეთი თავისუფლება კი უდიდესი ბედნიერებაა. აი, ასეთ ბედნიერებას გისურვებთ, ჩემო ტკბილო ქალბატონო თამარ.
- ქალბატონო თამარი მართალია, ძალიან ართულებ და აბუნდოვანებ. ადამიანი ან კეთილია ან ბოროტი, მორჩა და გათავდა. არა სოსო? - მიუბრუნდა ზურა გიორგის ძმას.
- მე მირჩევნია უფროსებს ვუსმინო, თუმცა მაქვს ჩემი აზრიც, რა თქმა უნდა - გაუღიმა სოსომ ზურას.
- მე არა მგონია, რომ ადამიანები ბოროტები არიან. უბრალოდ, ზედმეტად კეთილები არიან საკუთარი თავის მიმართ - მოკლედ მოუჭრა დიოგენამ ზურას.
- ზოგიერთი ჭუჭყიან თეფშს ვერ იტანს და ხშირად რეცხავს მას, გაბინძურებული სულით კი, უმეტეს შემთხვევაში, მთელი ცხოვრება დადის;
- ის, ასევე, საკუთარ სხეულს ფუფუნებაში ატარებს, აცმევს და ახურავს იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდება... და საუბედუროდ, ნაკლებად ფიქრობს თავისივე შიშველი სულის შემოსვაზე - ჩაერთო საუბარში გიორგი - თამრიკო სრულიად მართალია, მაგრამ დიოგენა უფრო ღრმად მიუდგა ამ საკითხს. სულის გაწმენდა არც ისე იოლია, მითუმეტეს როცა ამდენი საცდურია ირგვლივ.
- საცდური სულ იქნება, ბებო, მაგრამ შენ არ უნდა აყვე მათ - ეხლა გიორგისკენ მობრუნდა ქალბატონო თამარი - როგორ კარგად ამბობს ემზარი თავის ესსეში, თვალი არ არის ხარბიო, სულიაო. არა ემზარ?
- დიახ, ქალბატონო თამარ, ასე მაქვს ნათქვამი:
„პატიოსანი კაცი ქალის სიშიშვლეს თვალს აარიდებს, მრუში და აღვირახსნილი კი ჩაცმულსაც შიშვლად წარმოიდგენს. თვალი არ არის ხარბი. ხარბი ბოროტი ადამიანის სულია, თვალი კი - მისი იარაღი“. ეს ალეგორიულად არის ნათქვანი და მარტო ქალი არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ყველა საცდურზეა ლაპარაკი.
- აქ ფილოსფიური დისკუსიაა გამართული თუ დამალევინებთ ერთ ჭიქას? - გააპროტესტა ზურამ - ძმაკაცი ციხიდან გამოვიდა და დამილოცე ერთი თუ კაცი ხარ, არ გამომივიდა მართლა პლატონი? ნახე, რა ხაჭაპურები დააცხო ქალბატონმა თამარმა, ჭამე და შეირგე რა, ბიჯოს.
- არაა, ბიჭო პლატონი, არა, არც სოკრატე, არც არისტორელე და არც ეპიკურე. დიოგენაა, დიოგენა, გაიგე რა? - ხელი ზურას ბეჭებზე დაჰკრა გიორგიმ და მერე ემზარის მიუბრუნდა:
- შენ ამპარტავნებაზე თქვი, ემზარ, მართალიც ხარ. განკითხვის ცოდვა როგორაა მოდებული, გექნება ამაზეც ნაფიქრი. ნახე რა ამბავია სოციალურ ქსელებში, მედიაში, ყველგან, სადაც გაიხედავ. განიკითხავენ და განიკითხავენ დაუსრულებლად. უბრალოდ მოსმენითაც დაიღლები ადამიანი. მე მგონი ეს ცოდვა ყველაზე გავრცელებულია.
- საშინელი და მოუშორებელი ჭირი ყოფილა განკითხვის ცოდვა. ვერაფრით ვერ ვიშორებ თავიდან. მითუმეტეს, დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას რომ ვუყურებ, ქართულ არხებს და მავანთა ყელყელაობას - დაუდასტურა დიოგენამ მეგობარს - სკდება გული ამდენი უსინდისობისა და უსამართლობისგან და იწყებს ენა გაუთავებლად განკითხვას. ვერაფრით ვერ ვერევი თავს.
განვიკითხავ მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან, შინ და გარეთ; განვიკითხავ ყველას, ვისაც ენა სწვდება. თუ ხანდახან ენის გაჩერება მოვასწარი, გულში მაინც მოძვრება ავ ფიქრებად.
წლებია ვფიქრობ, რა მოვუხერხო ამ მოუშორებელ ჭირს? არც ლოცვა მშველის, არც მარხვა, არც სხვა რამე.
არ მეშვება ეს ოხერი და არ მანებებს თავს. ისე მაქვს სულსა და ხორცში გამჯდარი, როგორც საუკეთესო მეგობარი ან ძვირფასი ადამიანი. ალბათ ეშმაკიც ხარობს და განკითხვის დემონიც არხეინად მიზის სულში.
ხოდა, ბევრი ფიქრის შემდეგ ასეთი აზრი დამებადა – მოდი, როდესაც განკითხვის დემონი ისევ შემომიტევს, თუ შევძლებ და ენა არ გამისწრებს წინ, სანამ რამეს ვიტყოდე, გავიფიქრებ – რა ჩემი საქმეა? – და დავაყოლებ: – უფალო შემიწყალე და შემეწიე! იქნებ ამ რამდენიმე წამის შემდეგ დამანებოს ამ წყეულმა დემონმა თავი?
არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამ მეთოდით ამ საშინელი სენის დამარცხებას, მაგრამ რამდენიმეჯერ მაინც რომ გადავრჩე ამ ცოდვისგან, ეგეც ხომ საქმეა?
„რა ჩემი საქმეას“ მეთოდი დავარქვი და იქნებ იმუშაოს? თქვენც იმიტომ გიზიარებთ ჩემს სადარდებელს, რომ იქნებ ვინმემ წარმატებით შეძლოს მისი გამოყენება, მე თუ ვერ შევძელი. ვინ იცის?
სცოდავენ ადამიანები განუწყვეტლივ. გინდა თუ არა, ხედავ ამას, ვერ ითმენ და მოდის და მოდის ენიდან თუ გულიდან ათასი განმკითხავი აზრი, არა და, რა ჩემი საქმეა, ვინ რას სცოდავს? თავად მოუვლის თავის ცოდვებს, მოინანიებს და მიეტევება. მე კი ვინ მეკითხება, რა ჩემი საქმეა? ჩემი ცოდვები ვიტირო არ მირჩევნია?
ხოდა, თუ ვინმე ამ ქვეყანაზე რამეს სცოდავს, რა ჩემი საქმეა? ღმერთო შემიწყალე და შემეწიე, გევედრები !!! - ემზარიმ პირჯვარი გადაიწერა და სავსე ჭიქა ასწია მორიგი სადღეგრძელოს დასალევად.
- ეგრე რა, თქვი თან რამე, თორემ ატირდა ღვინო ჭიქაში - გაიხარა ზურამ აწეული ჭიქის დანახვაზე.
- ქალს იმდენად მძიმე ტვირთის ტარება უწევს მთელი ცხოვრების მანძილზე, რასაც მამაკაცთა უმრავლესობა ვერ შეძლებდა. ამიტომ, ამ ისედაც საცოდავ არსებას გამუდმებული ალერსი, სითბო და სიყვარული სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, მამაკაცები ხშირად ვერ ვიმეტებთ გადაჭარბებული პატივმოყვარეობის გამო. ქალბატონი თამარის სახით ჩვენს მანდილოსნებს გაუმარჯოს - თქვა ემზარმა მორიგი სადღეგრძელო და თამრიკოს მოწიწებით დაუკრა თავი. ჭიქა დალია და ზედ ლექსიც დააყოლა:
ქალი სივრცეა, მთელი სამყარო – ამოუცნობი, შეუდარები,
ხან დამყოლია, როგორც ფისუნა, ხან კი ვეფხვივით მიუკარები;
ხანდახან ქალის გულის მოგება ადვილი გახლავთ საქმე თავადა,
კეთილგანწყობის, ნდობისაც, მაგრამ სულისა – ნურას უკაცრავადა.
პირველი ტაში თამრიკომ შემოჰკრა, შემდეგ კი მას ყველანი აყვნენ.
ამ სადღეგრძელომ ზემდეტი ფილოსოფიური დისკუსიების გარეშე ჩაიარა.
შემდეგ, ბევრი ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, იცინეს, აუცილებელი სადღეგრძელოებიც შესვეს და როდესაც ჯერი შემდეგ სადღეგრძელოზე მიდგა, ემზარი ფეხზე წამოდგა და მშვიდი ტონით დაიწყო:
- ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ამ ჭიქით მინდა ერთი ახალი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ, რომელიც დაიბადა რაჭაში, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სოფელში, სადაც რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ზაფხულში.
რა თქმა უნდა, პირველივე საღამოს შემოვუსხედით სუფრას და ქეიფის ეშხში რომ შევედით, შუქიც ჩაქრა. ვიპოვეთ ლამფა, ოღონდ შუშის გარეშე აღმოჩნდა. სანთლები არ გვქონდა. რა უნდა გვექნა, არ ვიცოდით. ასეთი რამ მოვიფიქრეთ - რამდენიმე ბოთლი დავამტვრიეთ და ერთ-ერთი, როგორც იქნა, მოვარგეთ ამ უშუშო ლამფას. საშინლად გაიჭვარტლა ეს ჩვენი შეთითხნილი „ლამფის შუშა“, სულ შავი კვამლი აუშვა, მაგრამ ქეიფი რომ გინდა კაცს, რას იზამ? - უნდა გაუძლო.
- ხოდა ლამფას გაუმარჯოს არა? - ჩაიხითხითა ზურამ.
- შენ გაჩუმდი - ელიბოს მიბაძვით დაუბრიალა თვალები დიოგენამ და გააგრძელა - ხოდა ასე გავაგრძელეთ ქეიფი. ნეტა იცოდეთ, როგორ ვინატრეთ მაშინ ერთი პატარა სანთელი. ხოდა სადღეგრძელოც ასე დაიბადა. მაშ ასე, ჩვენს თავზე დანთებულ სანთლებს გაუმარჯოს!
- მე არაფერი მაქვს თავზე, არც სანთელი, არც ლამფის შუშა და არც რქები, სხვათა შორის - ისევ ჩაიხითხითა ზურამ.
- კაი რა, ზურა, ნუ გაახურე მართლა საქმე, გეყოფა რა მაიმუნობა. მოგვასმენინე, რას ამბობს! - უსაყვედურა გვერდზე მჯდომმა გიორგიმ მეგობარს და გააგრძელეო, დიოგენას ანიშნა.
- ღმერთმა ყოველი ადამიანის თავზე დაანთო სიცოცხლის უხილავი სანთელი - გააგრძელა დიოგენამ სადღეგრძელო - იწვის სანთელი და ადამიანის სიცოცხლეც მიდის დასასრულისკენ. ზოგი სანთელი ადრე ქვრება, ზოგი ძირამდე იწვის. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, არამედ რამდენად სუფთაა სანთელი, როცა ჩაქრება. ზოგს ძალიან ბევრი ღვენთი აჭუჭყიანებს, ზოგი კი სუფთად იწვის, სანამ ანთია. ასეა ჩვენი ცხოვრებაც, სანთელს ჰგავს. ღმერთმა თავიდანვე წმინდა და ქათქათა დაგვინთო თავზე ადამიანებს და ჩვენ როგორ დაწვავთ მას სიცოცხლის მანძილზე, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი ხარ, სუფთად დაწვავ, თუ არა და გააბინძურებ. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანობის სადღეგრძელოა. ჭეშმარიტ ადამიანობას ვგულისხმობ და არა ბიოლოგიურ არსებობას.
სიცოცხლე ნეტარებისთვის კი არ მოუცია ღმერთს, არამედ იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავუნაწილოთ, როგორც სანთელი უნათებს ბნელში მყოფებს. ადამიანი სანთელივით სუფთა უნდა იყო, თუ ადამიანი ხარ. როგორიც ჩვენი „სანთელია“, - მამა იოანე.
მაგრამ, სამწუხაროდ საკუთარი თავები ისე გვიყვარს, რომ სხვის ტკივილს ნაკლებად ვხედავთ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ადამიანი თავისი ბუნებით ეგოისტია მაინც. ჩემი ნება რომ იყოს, სიტყვა „მე“-ს საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან და ავკრძალავდი. დარწმუნებული ვარ, ადამიანი უკეთესი გახდებოდა.
- შენ რა გინდა ეხლა, გრამატიკაში რევოლუცია მოახდინო? - წაკბინა ისევ ზურამ დიოგენას.
- რევოლუციაზე არაა საქმე, ძმაო - მოუბრუნდა დიოგენა ზურას და გააგრძელა - ჯერ ერთი, არ არის საჭირო. ჩვენი ზმნები პირებში ლამაზად ჯდებიან და სულაც არ არის აუცილებელი „მე“-ს გამოყენება. ვერ მეტყვით წინადადებას, სადაც „მე“-ს გარეშე ვერ გამოვთქვამ აზრს.
- კი, მაგრამ რა აუცილებელია ეხლა ეგ? - არ ცხრებოდა ზურა.
- აქ მარტო გრამატიკაზე არაა საქმე. როდესაც „მე“-ს ვხმარობთ, ეს ხაზს უსვამს ამ სიტყვის განსაკუთრებულობას და ამპარტავნებისკენ და პატივმოყვარეობისკენ უბიძგებს ადამიანს. კი, შემიძლია ვთქვა: მე კარგად ვარ, ან მე ეს მომწონს ან მე არ მინდა. მაგრამ ეს ხომ „მე“-ს გარეშეც შემიძლია ვთქვა? კარგად ვარ, მომწონს, არ მინდა და ასე შემდეგ. როდესაც ეს სიტყვა არ გამოჩნდება, ადამიანი აღარ ჩაიციკლება ამ სიტყვაზე, როგორც ეხლა ხდება. აბა დაფიქრდით, თუ სიმართლეს არ ვამბობ.
- გეთანხმები, ემზარ - ჩაერია საუბარში გიორგი - ზოგს იმხელა „მე“ აქვს, ვერ გააძღებ ვერაფრით.
- ლექსად გვითხარი რა, ემზარ, ჩემო პატარა გენიოსო, გაგვიხარე გულები - შესციცინა ქალბატონმა თამარმა.
- სიტყვა „მე“-ს გულისხმობთ, ქალბატონო თამარ თუ სადღეგრძელოს?
- ორივეს ჩემო ემზარ, ორივეს.
- კი ბატონო.
ემზარი დაფიქრდა, ჩაახველა და დაიწყო:
- ნეტავ შემეძლოს, სიტყვა „მე“– ს ამოვიღებდი ენიდან,
ამოვძირკვავდი გულიდან, გონიდან, მეტყველებიდან,
რათა გვეხილა ყოველი ადამიანად ქცეული,
თუნდაც მცირედით უკეთეს არსებად გადაქცეული.
- ბრავო - ტაში შემოჰკრა თამრიკომ და სხვებიც აიყოლია - მართლა გენიოსი ხარ, ჩემო ბიჭო.
- აქ გენიოსობაში არაა საქმე, ქალბატონო თამარ - დაიმორცხვა დიოგენამ - შეიძლება კარგი მიგნება იყოს, კი ბატონო, მეტი არაფერი. ჩვენ, ადამიანები(მე ყოველ შემთხვევაში), სულ ვფიქრობ ჩვენს დანიშნულებაზე. რისთვის მოვედით ამ ქვეყნად, რისთვის გაგვაჩინა უფალმა? იმისთვს ხომ არა, რომ მარტო ვსვათ, ვჭამოთ, დავბერდეთ და მოვკვდეთ? ადამიანმა უნდა იფიქრო, რისთვის ხარ ადამიანი საერთოდ.
- აგერ, ეხლა „მე“ ხომ ახსენე? - გაუხარდა ზურას - მასე ყველა ნაცვალსახელი შეგვიძლია ამოვიღოთ და გავალთ იოლად. რადგან დაადგინეს, ალბათ საჭიროცაა, თორემ მეც გეტყვი მოკლედ. მაგალითად: ახურებ, უბერავ, მიედ-მოედები და ასე შემდეგ. ხედავ? სიტყვა „შენ“ არ ვიხმარე. „მეც“ რომ ვახსენე ეხლა, ხომ გაიგე? ხოდა როგორტ იტყვი „მე“-ს გარეშე?
ემზარის გაეღიმა:
- სხვათა შორის, „მეც“ ნაკლებად ეგოისტურია და უფრო ერთობისკენაა მიმართული, საერთოდ „ც“ კარგი რამეა. „მე“ კი ზედმეტად ეგოისტურად ჟღერს - სცადა დიოგენამ მეგობრისთვის უბრალო ენით ახსნა - ზოგს სულ მე აკერია პირზე - მე, მე, მე....
- ბიჭო, გადატანითი მნიშვნელობით ამბობს ამას, ვერ მიხვდი? -თავისებურად, ფილოსოფიურად - გადმოულაპარაკა გიორგიმ მეგობარს.
- მივხვდი, როგორ არა, პროსტო მე ჩემსაც ვატრაკებ რა - ყურში სიცილით ჩასჩურჩულა ზურამ გიორგის.
- ჩემის აზრით, სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ არსებობს ქვეყანაზე ერთი ადამიანი მაინც, ვისთვისაც ამ სიცოცხლის დათმობა შეგვიძლია - ჩაერია საუბარში თამრიკო.
- მართალი ბრძანდებით, ქალბატონო თამარ, მაგრამ არა მგონია ეს საკმარისი იყოს.
- შენ როგორ ფიქ რობ, ემზარ, რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება?
- პასუხი ძალიან მარტივია, ქალბატონო თამარ - სიკეთე და მხოლოდ სიკეთე. ჭეშმარიტი სიკეთე ბავშვის ცრემლივით წმინდა და უანგაროა.
- მართალი ხარ, ჩემო ემზარ, თორემ ვალდებულების გამო გაკეთებულ სიკეთეს ფასი არა აქვს. ჭეშმარიტი სიკეთე სულიერი მოთხოვნილებით უნდა იყოს გაჯერებული.
- სწორედაც, ქალბატონო თამარ, სწორედ მაგას ვგულისხმობ.
- კეთილი საქმე იმიტომ კი არ უნდა გვიხაროდეს, რომ ამით რაღაც მოგვემატება ღვთის თვალში, არამედ იმიტომ, რომ მოგვბაძონ და სხვამაც იგივე გააკეთოს. თითო ადამიანმა რომ თითო სიკეთეში მიბაძოს სხვას, ნელ-ნელა ბოროტებასაც დავამარცხებთ - გამოთქვა თავისი მოსაზრება გიორგიმ - და რაც ყველაზე მთავარია, სიკეთე სიყვარულით უნდა გააკეთო, ასე მგონია.
- გეთანხმები, ყიფო - თავი დაუქნია დიოგენამ მეგობარს - უსიყვარულოდ გაკეთებული სიკეთე იგივეა, რაც უწყლოდ გაზრდილი ხე, რომელიც მალე ხმება და მოსაჭრელი ხდება.
- ისიც უნდა გაითვალისწინო, ჩემო ემზარ, რომ ყველაფერს აქვს ზღვარი, თვით სიკეთესაც კი. გადამეტებული სიკეთე მომაბეზრებელია და ანგარებისა და მლიქვნელობის ელემენტებს შეიცავს - აღნიშნა თამრიკომ.
- სავსებით გეთანხმებით, ქალბატონო თამარ - დაეთანხმა დიოგენა - ადამიანს არ უნდა მოაბეზრო თავი. სიკეთე ნებაყოფლობითია და არა იძულებითი. ხანდახან ადამიანს ჩააცივდებიან ხოლმე, რად ხარ ცუდ ხასიათზე, რა გჭირს, რა მოგივიდა და ასე შემდეგ. უნდათ რომ ძალით ათქმევონონ, რაც, იქნებ, გულში მხოლოდ თავისთვის აქვს. შე დალოცვილო, ნუ ჩაეძიები ადამიანს, რა აწუხებს, თუ მას ამის თქმა არ სურს. უმჯობესია ჰკითხო, რით შეგიძლია დაეხმარო.
ერთ ჩემი მეგობარი, სადღაც(მგონი მეზობლებში)დაბადების დღეზე, არ დაპატიჟეს და მთელი დღე ცხვირჩამოშვებული დადიოდა, დამცირებულად იგრძნო თავი. ვეუბნები - ბიჭო, თუ წვეულებაზე არ მიგიწვიეს, ნუ დაგწყდება ამაზე გული. საწყენი ის არის, როცა უჭირთ და დახმარებისთვის არ მოგმართავენ. თან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უფრო პატივცემული ადამიანი ვერ მოიწვიო და ძალიან შინაურულად გააკეთო სუფრა. ასეც ხდება, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არაა მთავარი, რა თქმა უნდა.
- კი, მაგრამ, თუ ადამიანი უქონელია და არა აქვს საშუალება, მაშინ რა ქნას, როგორ დაეხმაროს? - იკითხა ზურამ.
- თუ ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, ვინმეს სიკეთე გავუკეთოთ, ენა ხომ ჩვენს ხელშია? ტკბილი სიტყვა და ღიმილი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ფასობს, ვიდრე მატერიალური დახმარება - გაუღიმა დიოგენამ მეგობარს.
- კეთილი საქმე ზოგისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, ზოგისთვის -ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩემის აზრით, სიკეთე განისაზღვრება იმით, თუ რა ძალისხმევითაა გაკეთებული და არა იმით, ვის რა სარგებლობას მოუტანს - ჩაერია ისევ გიორგი.
- დიახ, ასეა ყიფო. ჩემთვის, მაგალითად მათხოვრის ნაჩუქარი ცივი ჭადის ნატეხი უფრო მადლიანია, ვიდრე ხაბაზის მიერ მორთმეული ცხელი შოთის პური.
საჩუქრის ფასი მჩუქებლით განისაზღვრება და არა მისი ღირებულებით, წონით ან რაოდენობით.
- შენ ეხლა ძალიან შორს წახვედი, დიოგენ - პროტესტი გამოთქვა ზურამ - გასაგებია, რომ შენთვის სულერთია ხინკალს შეჭამ თუ პერლოვის ფაფას, მაგრამ ნამეტანს ნუ იზამ ეხლა. ჭადი კარგია თავის ადგილას და ცხელი შოთის პურს, კიდევ, თავისი ადგილი აქვს. ცივი ჭადი რითი ჯობია ცხელ ლავაშს? ამიხსენი ერთი.
- მას არ უთქვამს ჯობიაო, ჩემო ზურიკო - გაუღიმა თამრიკომ დაბნეულ ბიჭს - მან მადლი ახსენა და მეც უცებ ორი ლეპტა გამახსენდა. ხომ გახსოვს ეს ადგილი ბიბლიიდან? იგივე თქვა, სხვა კი არაფერი. ვინ რას გაიღებს თავისი შესაძლებლობებიდანო. გააგრძელე, ემზარ, შვილო, შენი სადღეგრძელო.
- მე იმის თქმა მინდა, ქალბატონო თამარ, ჩემო მეგობრებო, რომ ადამიანი მაშინ ხარ, როცა სჭირდები ვინმეს, როცა აქვთ შენი იმედი. თუ არავისთვის არ ვარგიხარ, რაღაა მაშინ სიცოცხლე? ღმერთმა დამიფაროს, არავის ვჭირდებოდე!
სიცოცხლე მაშინ თავდება, უკვე იმ დღიდან მკვდარი ხარ,
როცა არავის სჭირდები, როცა არავის არგიხარ,
როცა არავის ახსოვხარ, როცა არავის აკლიხარ,
როცა არავის უყვარხარ, როცა არავის დარდი ხარ;
...და არა მაშინ, როდესაც ცრემლით ჩაგდებენ მიწაში,
ლამაზად გამოგამწყვდევენ სულ რამდენიმე ფიცარში.
ხოდა, ისეთ ადამიანობას გაუმარჯოს, ღმერთსაც რომ გაუხარდება და გვერდით მყოფებსაც - დაასრულა, ტაშის შემდეგ, ემზარიმ სადღეგრძელო და მშვიდად დაცალა ჭიქა.
ასეთ ფილოსოფიურ დისკუსიაში ჩაიარა კიდევ რამდენიმე სადღეგრძელომ და სასმელზე მეტად ლაპარაკით რომ დაიღალნენ, მეგობრები დაიშალნენ და დასაძინებლად გაეშურნენ. მეორე დღეს გიორგი ნინოსთან აპირებდა მისვლას.
***
„რაც უფრო მეტად გენატრება ადამიანი, მით უფრო ტკბილია მასთან შეხვედრის პირველი წამი. ასეთ დროს სიამოვნებით ვინატრებდი: შეჩერდი წამო. არ არსებობს ბედნიერება ამაზე მეტი“. - გაახსენდა გიორგის დიოგენას ერთ-ერთი ესსე, როდესაც ნინოს მშობლების სადარბაზოში შევიდა.
როდესაც ნინომ კარი გააღო და ზღურბლზე გიორგი დაინახა, ჯერ გაოცებისგან, შემდეგ კი სიხარულისგან უნებურად შეჰყვირა. ისე უნდოდა, ეხლა, ყელზე მოხვეოდა და ჩახუტებოდა, მაგრამ რაღაც აკავებდა. არ იცოდა, გაუბედაობა იყო ეს, აღზრდის და ეთიკის ნორმები თუ, უბრალოდ, პატივმოყვარე სიჯიუტე. იქ, საკანში, უფრო სწორედ ე.წ. პაემნების ოთახში, ემოციის ქვეშ იყო და ვერ შეიკავა თავი. ეხლა კი თავს ძალა დაატანა და მოითმინა. ასე იყო თუ ისე, ნინო გიორგის შეჰყურებდა და აღარ იცოდა რა ექნა.
გიორგი კარებში იდგა და უცნაურად იღიმოდა.
- შეიძლება შემოვიდე? - იკითხა ბოლოს და ნებართვას აღარ დალოდებია, შესასვლელად დაიძრა. ნინოს ხელი ჩამოართვა და ხელზევე აკოცა. შემდეგ სახლში რომ შევიდა, ჯერ ყვავილების მირთმევით ქალბატონ მანანას მიესალმა, შემდეგ ბატონ ირაკლის - ნინოს მამას და ბოლოს ანდროს. თავი გააცნო როგორც ნინოს მეგობარი. გიორგი ზრდილობიანად მიიღეს და სავარძელზე დაჯდომა შესთავაზეს.
- რა გახევებული დგახარ, შვილო, მოიწვიე სტუმარი - მიმართა დაბნეულ ნინოს ქალბატონმა მანანამ
ნინო გონს მოეგო, გაწითლდა და გიორგის იგივე სავარძელი შესთავაზა.
გიორგიმ ღიმილით თავი დაუკრა და სავარძელში მოთავსდა. როდესაც ნინომ სამზარეულოდან ხილი გამოიტანა, ბატონი ირაკლიც დაფაცურდა და ბარიდან შოკოლადი და პატარა გრაფინით კონიაკი გადმოიღო.
- ნუ წუხდებით, ძალიან გთხოვთ - შეწუხდა გიორგი.
- რა შეწუხებაა, აბა რას ამბობთ - მიუგო ირაკლიმ - აბა აქეთ მოიწიეთ ახალგაზრდავ, მაგიდისკენ. ნინოს მეგობრები ჩვენთვის ძვირფასი სტუმრები არიან?
- ეს არისო? - თვალებით ანიშნა ქალბატონმა მანანამ ნინოს და მანაც, ვითომდა შეუმჩნევლად, დაუქნია თავი. გიორგისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ მის შესახემ არა მარტო ქალბატონმა მანანამ, არამედ ნინოს ძმამაც და მამამაც ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ...ან თითქმის ყველაფერი.
ცოტა ხნით ეთიკის ნორმების დაცვის მიზნით გაისაუბრეს. მიიკითხ-მოიკითხეს ერთმანეთი, რა თქმა უნდა იქით ამინდს გადაწვდნენ, აქეთ პოლიტიკურ ვითარებას და ოფიციალური ნაწილის დასრულების და მესამე სადღეგრძელოს შემდეგ გიორგიმ თავისი მოსვლის მიზეზი გააცნო:
- ქალბატონო მანანა, ბატონო ირაკლი, ალბათ ნინო გეტყოდათ ჩემს შესახებ და ასე თუ ისე, იცით, ვინ ვარ. დიდი არაფერი, კაცმა რომ თქვას, ერთი ნაპატიმრალი ბიჭი ვარ - ირონიულად ჩაიღიმა გიორგიმ - გუშინ განვთავისუფლდი და აი, დღეს გესტუმრეთ.
- ვიცი, შვილო, ყველაფერი ვიცი, მადლობის მეტი რა მეთქმის - სევდიანად უპასუხა ქალბატონმა მანანამ.
- მე მარტო თქვენს სანახავად არ მოვსულვარ, ქალბატონო მანანა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი გახლავთ, ძალიან მინდოდა ნინოს მშობლების და ძმის გაცნობა. მაპატიეთ, რომ დაუკითხავად გესტუმრეთ. მინდოდა პირადად გამეცანით და გამესაუბრა თქვენთან. როგორც კი დრო ვიხელთე, რომ ნინო თქვენთან არის, მეც გესტუმრეთ.
- სტუმარი ღვთისაა, გიორგი, შვილო, ძალიან კარგად მოიქეცი, რომ გვესტუმრე - ეხლა ირაკლიმ უპასუხა და ჭიქები შეავსო.
- ისეთი მადლიერი ვარ თქვენი - ისევ ქალბატონი მანანა მოუბრუნდა გიორგის - როგორ ზუსტად გვითხარით, ვისთან უნდა მივსულიყავი. ძალიან კარგი ექიმი მყავს და მართალია მძიმედ, მაგრამ ღვთის მადლით გავდივართ მკურნალობას.
- თუ თავის ტკივილები დაგეწყოთ, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები შეგიძლიათ მიიღოთ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ. მძიმე ალკალოიდები, როგორიც მაგალითად მორფინია, თქვენ არ დაგჭირდებათ, ქალბატონო მანანა. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.
- დიახ, გისმენთ.
- თუ შეიძლება მამა იოანეს წირვებს დაესწარით. რამდენიმეს მაინც. დამერწმუნეთ, ეს ყველა წამალზე უკეთედი წამალია - და გიორგიმ დაინტერესებულ ქალბატონ მანანას მამა იოანეს ტაძრის ადგილმდებარეობა ასწავლა.
- ჩემო გიორგი - ალაპარაკდა ისევ ირაკლი - ეგ ყველაფერი კარგია, რასაც ამბობ და მეც, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მზრუნველობისათვის, მაგრამ რადგანაც ამაზე ჩამოვარდა საუბარი, მაინტერესებს, საიდან იცით ასე ყველაფერი? თუ შეიძლება, აგვიხსენით. ნინომ რაღაცეები მოგვიყვა და სიმართლე გითხრათ, ცოტა გაგვიჭირდა დაჯერება - გინდა ანდროს ჩხუბის ამბავი, გინდა მანანას სნეულებისა - საიდან იცით, ეს, ყოველივე? შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ ხართ სინამდვილეში, საიდან იცით ამდენი რამ და რატომ გვეხმარებით?
გიორგიმ საცოდავად გადახედა ნინოს, თითქოს თვალებით შველას სთხოვსო.
- მამა, ნუ შეაწუხე კაცი - მიუბრუნდა ნინო მამას - გიორგი პარაფსიქოლოგია, ძალიან ბევრი რამ იცის და თავის ცოდნას გვიზიარებს. ვუნდერკინდები ხომ გაგიგია? ხოდა ჩათვალე, რომ გიორგიც ერთი მათგანია.
- აქ მარტო ვუნდერკინდობა არ არის, ნინო, საყვარელო. სულაც არ მინდა გიორგის შეწუხება. უბრალოდ მაინტერესებს, საიდან შეიძლება ადამიანმა იცოდეს ამდენი რამ სხვის ცხოვრებაზე, მეტი არაფერი.
- ბატონო ირაკლი, მაპატიეთ, რომ ყველაფერს ვერ გიყვებით ჩემს შესახებ - მოწიწებთ მიმართა გიორგიმ ნინოს მამას - არც შემიძლია ამის გაკეთება. აი, თქვენ, გუშინ რომ თქვენ მოადგილეს ამდენი რამ გადმოულაგეთ და განცვიფრებული დატოვეთ, განა რამე უცნაური მოხდა? უბრალოდ, მან არ იცოდა, საიდან მიიღეთ თქვენ იფორმაცია და დარჩა გაოცებული, ხომ ასეა? მეც ასევე მომდის ინფორმაცია, მეტი არაფერი. აი, მაგალითად, თქვენ რომ ღამე ძილი გიჭირთ, მთელი ღამე შფოთავთ და წარა-მარა აქეთ-იქით ტრიალებთ, ეს თქვენი ნევროზის ბრალია და არა გადაღლის და ზედმეტი დატვირთვის. ეს არ გახლავთ ოსგუდ-შლატერის დაავადება, როგორც თქვენ გგონიათ. მუხლები რომ გტკივათ, გამოწვეულია ტენდინიტით - მყესის ანთებითი დაავადებით და დროზე უნდა მიხვიდეთ ექიმთან. თქვენ კი სულ არ გცალიათ და დაკავებული ბრძანდებით.
ირაკლის გაკვირვებისგან სათვალეები შუბლზე აუვიდა, პირი დააღო და დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია:
- წარმოდგენა არ მაქვს, რა თქვით, შლაგერიო თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ ღამე ძილი მართლაც მიჭირს და მუხლებიც მტკივა. ეს ნინომ გითხრათ თუ არა, არ ვიცი...
- არა, მამა, სიტყვაც არ დამცდენია ამაზე. ღამე თუ ძილი გიჭირდა, მეც ეხლა გავიგე - ცრემლები მოადგა ნინოს თვალებზე - მუხლები რომ გტკივა, ვიცი და სულ გეუბნებით, მიდი ექიმთან, მაგრამ უჯერებ ვინმეს?
- თქვენი სამსახური თქვენგან ბევრ ემოციას მოითხოვს, ბატონო ირაკლი - მიმართა გიორგიმ ისევ ნინოს გაკვირვებულ მამას - სულ ობიექტებზე დარბიხართ და ნერვიულობთ, მოასწრებთ თუ არა დროზე ჩაბარებას. ძნელია, წლების მანძილზე ასეთი სტრესით მუშაობა, ჩემო ბატონო. სწორედ ეს არის თქვენი ნევროზის ერთ-ერთი მიზეზი, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენი ძმის ტრაგიკულ დაღუპვაზე, რომელიც კლდიდან მოსხლტა. ხშირი ნერვიულობის გამო ხართ ხოლმე გაღიზიანებული, მაპატიეთ და...ხანდახან ცოტა უხეშიც. ღამის ძილზე უკვე გითხარით. თუმცა, როგორი კარგი მამა და მეუღლე ბრძანდებით, მე, პირადად, არ მჭირდება, რომ ამის შესახებ თქვენს მეუღლეს და შვილებს ვკითხო. მათაც ძლიერ უყვარხართ და გაფასებენ. ოღონდ თავადაც უნდა მოინდომოთ ცოტა და ჯანმრთელობას მიხედოთ. მითუმეტეს, რომ ეხლა ქალბატონი მანანას მკურნალობა ბევრ დროს და ემოციებს წაგართმევთ. თქვენი ნევროზის პირობებში კი ეს ძალიან სახიფათოა. ხომ გახსოვთ, გუშინ თქვენს მოადგილესთან საუბრის შემდეგ, როგორ გტკიოდათ თავი და რა ცუდად იყავით. წნევამაც აგიწიათ და გეგონათ ვისკი გიშველიდათ, მაგრამ არ გიშველათ და უფრო მეტად დარჩით განერვიულებული. ხომ ასეა?
- ირაკლი, რატომ არაფერი არ მითხარი - ეხლა მანანამ უსაყვედურა მეუღლეს.
- მამა... - საყვედურით შეხედა ნინომაც ირაკლის.
ის კი, უფრო გაოგნებული და განცვიფრებული ადგილზე ვერ ისვენებდა და სირჩა კონიაკი ისე გადაჰკრა, არც სადღეგრძელო უთქვამს რამე და არც თანამეინახესათვის შეუხედავს.
მერე, როდესაც მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა, დალიეო, გიორგისაც შესთავაზა.
- მადლობა, ბატონო ირაკლი, მაგრამ მე აქ დასალევად არ მოვსულვარ. სამი ჭიქა, გაცნობისა, ხომ დავლიეთ და საკმარისია - გაუღიმა გიორგიმ დაბნეულ კაცს - არ ინერვიულოთ, ისეთ ექიმს გირჩევთ, რომ თქვენი ნევროზი რამდენიმე კვირაში დავიწყებული ჩაიდნის წყალივით აორთქლდება.
- თქვენ ვინ ხართ, გიორგი? არ შემიძლია ჩემი განცვიფრება არ გამოვხატო, მართლაც გაოგნებული ვარ. ვერც ვფიქრობ, საიდან იცით ამდენი, მაგრამ ყველაფერში მართალი ბრძანდებით. ჩემმა მოადგილემ იმდენი რამე იმამაძაღლა, არ შემეძლო გავჩუმებულიყავი.
- ვიცი, ბატონო ირაკლი, მასალათა ფაქტურები გააყალბა და ზოგი „ლევად“ გაყიდა, ზოგიც ახლობლებზე გააჩუქა. ცოტა არმატურაც მიაყოლა იგივე გზით. ხან აგურს ყიდის ობიექტებიდან და ხან ბლოკს, ხან ცემენტს და ხან ქვიშას... და ამას მაშინ აკეთებს, როდესაც თქვენ იქ არ ხართ. ბევრი სხვა რამ კიდევ. სამსახურის მიმართაც გულგრილია და ხშირად გიწევთ საყვედურების თქმა. ვერ იტანთ მის აგდებულ საუბარს და ლამის დანაშაულებრივ დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ, მაგრამ ვერ ათავისუფლებთ, რადგანაც ფირმის მფლობელის ახლო ნათესავია. თქვენ მხოლოდ მშენებლობის მთავარი ინჟინერი ბრძანდებით, მას კი თავად მეპატრონე მფარველობს. ამის გამოც ბევრს ნერვიულობთ და გუშინ კიდეც მიახალეთ პირში ყველაფერი, მაგრამ ამით მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას იზიანებთ. ის კი აინუშშიაც არ აგდებს თქვენს გაბრაზებას და გულში დაგცინით კიდეც. მართალია, გუშინ კი გააოცეთ და გაკვირვებული გიყურებდათ, ამდენი საიდან იცისო. ის ხომ დარწმუნებული იყო, რომ ისე „ჩალიჩობდა“, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა ამის შესახებ. თქვენ კი, ჟარგონზე რომ ვთქვათ, დაწვრილებით „გაუიასნეთ“ რას და როგორ აკეთებდა. მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მაინც ფეხებზე დაიკიდა და გულთან ახლოსაც არ მიუტანია. ჩემ ფეხებს დამიმტიცებო, გეუბნებოდათ გულში. რას იზამთ, არიან ასეთებიც.
ირაკლი სიგარეტის მოსწევად აივანზე გავიდა და გიორგიც მიიწვია. გიორგი არ ეწეოდა, მაგრამ სასაუბროდ მაინც გაყვა მასპინძელს.
- ადამიანები სოკოებს გვანან, ბატონო ირაკლი, ბევრი შხამიანია და მათთან მიკარება სახიფათოა. ზოგი იმდენად შხამიანი, რომ სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია. მაგრამ არიან ძალიან გემრიელი ადამიანებიც.
- რა კარგი შედარებაა.
- მეტსაც გეტყვით. ჩემი მეგობრის, ემზარის( მეტსახელად დიოგენას ვეძახით) ლექსს:
„ყურძნის მტევანი, ქვევრში ნაწური, განა სუყველა სანუკვარია?!
ზოგი ღვინოა საუკეთესო, ზოგი მთხლეა და ზოგი ძმარია;
ასეა, თურმე, ადამიანიც, ზოგი მზესა გავს, ზოგი სამარეს,
ზოგი გაგითბობს გულს და სიცოცხლეს, ზოგი კი ცოცხლად დაგასამარებს“.
- რა კარგი მიგნებაა, მართლაც ასეა. რა მართალი ბრძანდებით - სინანულით დაეთანხმა ირაკლი გიორგის - ამ ადამიანმა ლამის სისხლი გამიშრო. წამოსვლაც არ მინდა, 30 წელია მაგ ფირმაში ვმუშაობ. მეპატრონესაც ბევრჯერ ველაპარაკე მის შესახებ. განა არ იცის, მაგრამ ხელს აფარებს - ვერ გავაგდებ, არ შემიძლიაო. ხოდა, ვარ ამ დღეში.
- მესმის თქვენი, ბატონო ირაკლი, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
- თქვენ რა გამოსავალს მირჩევდით, გიორგი?
- სიმშვიდე თქვენი ყველაზე კარგი წამალია. მისი შეძენა იოლი არ გახლავთ, მაგრამ თუ ერთ ძალიან კარგ არსებას დაუმეგობრდებით, ის თქვენ მას სიამოვნებით მოგანიჭებთ.
- ვინ არსებას, ვის გულისხმობთ?
- ღმერთს, ბატონო ირაკლი, ჩვენს უფალს და მაცხოვარს. მაპატიეთ, მაგრამ ვიცი რომ ეკლესიასთან ცოტა მწყრალად ხართ, არ გწამთ მამაოების. ხომ ასეა?
- ირაკლი შეიშმუშნა.
- არაფრის თქმა არ არის საჭირო. თქვენ ყველა მღვდელი ოხროხინა გგონიათ, როგორც საჭოთა ფილმებში გინახავთ და ასეთი წარმოდგენა გაქვთ დღესაც. თქვენ არ იცით, ჩვენი მოძღვრები რამდენად განათლებული და მოსიყვარულე ადამიანები არიან. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ სასურველი მოძღვრის პოვნა, რომელიც ახლოს მოვა თქვენს სულსა და გულთან, ძალიან ბევრის პოვნა შეიძლება. რაც შეეხება ჯიპიან მამაოებს, ასეთი მონდომებით რომ უკეთებენ ანტიპიარს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები, მთლად ისეც არაა საქმე. ასე ზერელედ ნუ შეაფასებთ სასულიერო პირებს, ბატონო ირაკლი, ძალიან გთხოვთ. სიმართლე გითხრათ, თქვენი და ქალბატონი ელენეს სნეულებანიც სწორედ ამისი ბრალია, თქვენი უდიერი დამოკიდებულების გამო ეკლესიის მიმართ. იმის თქმა, რომ ღმერთი მწამს, მაგრამ მღვდელი არ მინდა, ძალიან დიდი შეცდომაა, რბილად რომ ვთქვათ.
ღმერთი ძალიან უცნაური გზებით ცდილობს ადამიანის მასთან მიყვანას: ზოგს სნეულებას უგზავნის, ზოგს სხვა მძიმე განსაცდელებს, ზოგსაც პირიქით. მან ძალიან კარგად იცის, რომელ ადამიანს რა წამალი სჭირდება. თქვენ რომ იცოდეთ, ღმერთს როგორ უყვარხართ და როგორ გელოდებათ, ეხლავე გაიქცეოდით ტაძარში და იატაკიდაც დაწყებული ხატებით დამთავრებული ყველა წერტილს დაკოცნიდით.
- ეს ძალიან პირადულია, გიორგი. მაპატიე, მაგრამ არა მგონია ჭკუის დარიგება მჭირდებოდეს, როგორ ვიცხოვრო.
- ღმერთმა დამიფარის, ჭკუას გარიგებდეთ, ბატონო ირაკლი. მე მხოლოდ გზას გაჩვენებთ, როგორ დააღწიოთ თავი პრობლემებს. ეს გზა კი ღმერთთან მეგობრობაა - ნამდვილი, ორმხრივი მეგობრობა.
იმავე დიოგენას ერთი ასეთი პატარა ლექსიც აქვს დაწერილი:
„კურდღელს არ უნდა იმის თქმა, რომ მგელს და ტურას ერიდოს,
მან იცის შიში რა არის, სიცოცხლე ბეწვზე ეკიდოს;
სჯობს, გადარჩენის ხერხები ასწავლოთ, მოკლედ სათქმელი;
ჭკუის მსწავლელი ბევრია, დამხმარე – თითზე სათვლელი“.
მე თქვენი დახმარება მინდა, ბატონო ირაკლი, და არა ჭკუის სწავლება. ისინი სახლშიც გეყოფათ.
ირაკლიმ ირონიულად ჩაიცინა:
- შენ გინდა, რომ ეკლესიური გავხდე?
- ეგ თქვენი ნებაა, ბატონო გიორგი. მე კი არ მინდა, ღმერთს უნდა, რომ იმეგობროთ მასთან. უფრო დაუახლოვდეთ და შემდეგ თავად გაიკვალავთ გზას. მე გირჩევდით, რომ ბიბლიიდან დაიწოთ. თუნდაც დღეში სულ რამდენიმე თავი რომ წაიკითხოთ, ისიც ძალიან კარგი იქნება. ჯობია, ჯერ ახალი აღთქმა დაიწყოთ და მერე ძველსაც წაიკითხავთ. ეს მხოლოდ ჩემი რჩევაა. უღმერთო კაცი ცოდვაა, ბატონო ირაკლი, დამიჯერეთ. ღმერთი სიყვარულია. ხომ გაგიგიათ? ხოდა, სიყვარული და ბიბლია ისეთივე ძმები არიან, როგორიც ერთი დედის მუცლიდან ნაშობი ტყუპები, რომელთაც ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ.
- მე მწამს ღმერთი, მაგრამ ეკლესიური თუ არ ვარ, ამის გამო უნდა დავისაჯო?
- არავინ არ გსჯით, ჩემო ბატონო, ვინ გითხრათ ეს? ყოველი სნეულება მადლია უფლისა, როგორც წამალი. წამალი ხომ მწარეა, მაგრამ კურნავს სხეულს. ასევეა განსაცდელებიც. თქვენ თუ ღმერთს დაუბრუნდებით, ყოველი განსაცდელი სიამოვნებად მოგეჩვენებათ და მადლიერიც კი დარჩებით ღვთისა, რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ეხლა, ეს თქვენთვის. მარტო თქვენზე არ ვამბობ, ბატონო ირაკლი, ქალბატონ მანანასაც ვგულისხმობ.
- კარგი, შევიდეთ შიგნით. ვიფიქრებ მაგაზე, რაც მითხარი, გიორგი.
- თქვენის ნებართვით, ეხლა დაგტოვებთ - მოწიწებით მიმართა გიორგიმ მასპინძლებს ოთახში შესვლისას - დიდ მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისათვის. ზედმეტადაც კი შეგაწუხეთ უკვე.
- მეც წავალ ბარემ, დედა, თან ჩავყვები დაბლა, ძაღლმა არ შეაშინოს - წამოხტა ნინო და ქურთუკის ჩაცმა დაიწყო
- წადი დედა, ჩააცილე, რა თქმა უნდა - დაეთანხმა ქალბატონი მანანა.
გიორგი კარებამდე მიაცილეს და იქ დაემშვიდობნენ. ანდრომ, მთელი საღამო გაჩუმებული რომ იჯდა, მაგრად ჩამოართვა გიორგის ხელი და თბილად გადაკოცნა. გიორგიმაც თავზე მოხვია ხელი და მეგობრულად მოუთათუნა. შემდეგ კი ნინოსთან ერთად კიბეებზე დაეშვა.
გარეთ რომ გავიდნენ, ნინომ მკლავზე გამოსდო ხელი და თავი მხარზე მიადო:
- ყოველდღე უფრო და უფრო მაოცებ.
გიორგიმ თავზე თავი სიყვარულით დაადო,
- ნინო, შენ ხომ იცი, რომ მე ჩემით არაფერი შემიძლია?
- მაგას არ ვგულისხმობ, თუმცა ეგ კიდევ ერთი საოცრებაა, თუ სიმართლეა საერთოდ. მე შენს პიროვნულ თვისებებს ვგულისხმობ - შენს გულისხმიერებას, სიკეთეს, დახმარების სურვილს.
- ეს მევალება და უნდა გავაკეთო, ამისთვის ვარ.
- რა იცოდი, რომ აქ ვიქნებოდი?
- ვიცოდი.
- აა, ხო, რა თქმა უნდა. იცი რა მაინტერესებს? ყველასთან ასეთი ხარ? ყველა ასე გებრალება?
- ვინც მებრალება, გულით მებრალება, ჩემო ნინიკო. მარტო ვალდებულების გამო არ ვაკეთებ ამას. ჩემი მოძღვარი, მამა იოანე, რომ იცოდე, რა ძვირფასი ადამიანია, გაგაცნობ აუცილებლად. ხოდა, ის ასე გვასწავლის:
„სიბრალული კეთილშობილებაა მაშინ, თუ ის სიყვარულითაა გამოწვეული და არა პატივმოყვარეობით და ქედმაღლობით“.
თუ ადამიანი იმის გამო გებრალება, რომ მასზე ბევრად უკეთ ხარ და თავი იმით მოგაქვს, რომ ეხმარები, მაშინ ნულია შენი ფასი, როგორც ადამიანის. თუ ის არ გიყვარს, ან გული არ გეწვის მაინც, მაშინ ამპარტავნებაა ასეთი „სიბრალული“ და „თანადგომა“. მე არ ვამბობ, რომ დიდი სიყვარულის და თანაგრძნობის უნარი მაქვს, მაგრამ ჩემი ანგელოზი მეხმარება, რომ ვისწავლო, გავითავისო ეს თვისებები და ცოტათი მაინც დავემსგავსო ადამიანს.
- როგორი თავმდაბალი ყოფილხარ.
- არა, თავმდაბლობაზე არაა საქმე, უბრალოდ, მინდა რომ გულწრფელი ვიყო ყოველთვის. შენთან განსაკუთრებით.
გიორგის ხელმა ნინოს ხელი იპოვა და ორივეს ძარღვებში სიამოვნების ცხელმა ლავამ დაიწყო დინება.
- დავიჯერო, მართლა ერთი ნახვით შეგიყვარდი? - ამოსთქვა გრძნონებისგან ძლივს გამორკვეულმა შეყვარებულმა გოგონამ.
- შემიყვარდი, ჩემო დედოფალო, მართლა შემიყვარდი. არ ვიცი, ესეც ანგელოზის ოინებია თუ არა - და გიორგიმ ნინოს კითვის ნიშნით გაუღიმა - მაგრამ ფაქტია, რომ სულ შენზე ვფიქრობ და რომ იცოდე, როგორ მიხარია, ეხლა შენს გვერდით რომ მივაბიჯებ ამ ქუჩაზე და თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მგონია, არა მარტო დედამიწის ზურგზე, არამედ მთელ სამყაროში, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი მილიონი პლანეტა თუ გალაქტიკა არსებობს სულ - ასი, ათასი თუ მილიონი.
შემდეგ გიორგი გაჩერდა, გაჩერდა ნინოც და გიორგისკენ შემობრუნდა. გიორგიმ ნინოს დახრილი თავი ნიკაპზე თითის ნაზად ამოდებით ააწევინა და თვალებში ჩახედა. რამდენიმე წამი ასე უყურებდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი...შემდეგ შეყვარებული წყვილის ტუჩები ერთმანეთს შეერთნენ და ნეტარებაში ნელ-ნელა ჩაძირულები თავდავიწყებით გადაეშვნენ სიყვარულის ვულკანში.
სეირნობით და ერთმანეთის კოცნა- ფერებით რომ გული იჯერეს, მოშივდათ და ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ სავახშმოდ.
ცოტა რომ დანაყრდნენ, გიორგიმ შამპანურის ფუჟერი მაღლა ასწია:
- ეს, მოდი, იმ ტერორისტებს გაუმარჯოს, ვისი წყალობითაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს.
ნინომ გულიანად გაიცინა.
- არა, ტერორისტებს კი არა, შენს ანგელოზს გაუმარჯოს. ეს იმან შეგვახვედრა ერთმანეთს.
- მართალი ხარ. მოდი ყველა იმ ანგელოზს გაუმარჯოს, ვინც შეყვარებულ გულებს აერთებს და აბედნიერებს!
- გაუმარჯოს!
- ეხლა არაფერს გეუბნება შენი ანგელოზი?
- ასე მეუბნება, შენს წინ რომ გოგო ზის, ყველაზე ლამაზი გოგოა ქვეყანაზეო. მაგრამ ცოტა ფრთხილად იყავი, საშიშიაო.
- რატომაა საშიშიო? - აყვა ნინოც.
- იმიტომ, რომ სიგიჟემდე შეგაყვარებს თავს და მერე შეიძლება წიხლი გკრას. წიხლებს კარგად ირტყმევინებაო.
ნინომ ისევ გულიანად გაიცინა.
- გადაეცი შენს ანგელოზს, მართალი ხარ თქო. ვინც იმსახურებს, წიხლიც იმას ხვდება თქო.
- გიორგიმ გაბუტული ბავშვივით გადმობურცა ტუჩები.
- ალა, ჩემო პატალავ, არ იტილო - ენა მოუჩლიქა ნინომ - შენ ხომ კალგი ბიჭი ხალ და არ გააბლაზებ ნინო დეიდას?
- ალა, ალ გავაბლაზებ - ენის მოჩლექვითვე უპასუხა გიორგიმ.
ბევრი იმაიმუნეს და ბევრიც იცინეს. ბევრი ისაუბრეს. გიორგი ნინოს მხიარულ თავგადასავლებს უყვებოდა და ნინოც გულიანად კისკისებდა.
მერე გიორგის უცებ სახე მოეღუშა და ფორიაქი დაეტყო.
- რა მოხდა? - ფერი ეცვალა ნინოსაც.
- აქ ცუდი ამბავი მოხდება და რამე უნდა ვიღონო.
- რა ამბავი, რა ხდება?
- აი, იმ მაგიდაზე რომ სხედან, ნასვამი ბიჭები, ხომ ხედავ?
- მერე
- მანდ ჩხუბი ატყდება და ერთი მეორეს დანას დაარტყამს. თუ რამე არ ვიღონე, უბედრურება დატრიალდება. თუმცა, მოიცა, ანგელოზი მკარნახობს, რა უნდა გავაკეთო.
ეხლა შენ გარეთ უნდა გახვიდე, დაახლოებით 200 მეტრი გაიარო და იქვე, შესახვევში რომ კაფეა( „პარადისო“ ქვია), იქ უნდა დამელოდო.
- მარტო არ დაგტოვებ, არავითარ შემთხვევაში.
- დამიჯერე, ასეა საჭირო.
- ნინო უხალისოდ წამოდგა და ისე გავიდა გარეთ, ათჯერ მაინც შემოაბრუნა შეწუხებული სახე გიორგისკენ.
შემდეგ კაფე მოძებნა და ნერვიულად დაუწყო გიორგის ლოდინი.
10 წუთის შემდეგ გიორგიც გამოჩნდა. ძლივს იბრუნებდა პირში სულს. ნარბები გახლდათ.
- რა მოხდა? - წამოხტა ნინო და გიორგის შეეგება.
- არაფერი, ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუმცა ცოტა სირბილი მომიწია.
- მაინც, რა გააკეთე? მითხარი რა.
- მშვიდად ავდექი, ოფიციანტს ფული გადავუხადე და კარებთან რომ მივედი, იმ ნასვამ ბიჭებს დავუძახე: ეი, თქვენ, ვირებო, შეირგეთ რასაც ჭამთ და ტრაკის თამაშს თავი დაანებეთ მეთქი.
გაკვირვებულები წამოხტნენ ფეხზე.
მეც დავუმატე, თუ ასეთი ტრაკიანი ბიჭები ხართ, დანების იმედზე რომ ხართ მარტო, გამოდით გარეთ, ნიორივით უნდა დაგნაყოთ მეთქი.
- მერე?
- მერე მე გავიქეცი და ისინიც გამომეკიდნენ.
- კი, მაგრამ, რომ დაეჭირეთ? ვერ აცნობიერებ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ რომ იგდებ? იმ დანას ხომ შენ დაგარტყამდნენ?
- არა, ვერ დამიჭერდნენ. ჯერ ერთი, ეს ანგელოზისგან ვიცოდი და მერე ასეთი ნასვამები ყოფილ სპორტსმენს რას დამეწეოდნენ?
- ეხლა აქ რომ მოგაგნონ? წამო, წავიდეთ ჩქარა.
როცა თავი სამშვიდობოს დაიგულეს, ნინომ კიდევ ერთხელ დაწვრილებით მოაყოლა გიორგის ყველაფერი.
- მე კი ვარ ყოფილი სპორტსმენი, ჯიუ-ჯიცუ-ზე დავდიოდი...და შენ?
- მე ფეხბურთი მიყვარდა, თუმცა არ დადგა ჩემგან ფეხბურთელი. ერთი პერიოდი მძლეოსნობასაც მივსდევდი, სწრაფი სირბილი ვიცოდი და აჰა, გამომადგა.
- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ამით როგორ გაანეიტრალე სიტუაცია?
- იმდენი ვარბენინე და იმდენი მაგინეს, მთელი ძალა მაგაში დავახარჯინე და რაც ერთმანეთის ბოღმა ჰქონდათ, ამოვაღებინე. ერთმანეთის სიძულვილს მთვრალები აღარ გაივლებენ გულში და ჩხუბიც აღარ მოხდება. ეს ტაქტიკაა ასეთი - როცა ორ მტერს საერთო მტერი გამოუჩნდებათ, ისინი მეგობრები ხდებიან, გესმის? თუ მეგობრები არა, თანამონაწილეები მაინც. უბრალო ფსიქოლოგიაა, მეტი არაფერი. ეხლა, ჩემზე გაბრაზებულები, ერთმანეთს ეხუტებიან და ლოშნიან. ჩემს პოვნას და ნაწლავების გამოღებას პირდებიან ერთმანეთს და ამ დროს ვერც კი ამჩნევენ, რომ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი გაუქრათ. დროებით, მაგრამ მაინც. ყოველ შემთხვევაში, დღეს უბედურებას ავაცდინე. ერთი მეორეს მოკლავდა. იმას და მის ოჯახს ხომ გააუბედურებდა და თვითონ დიდი ხნით წავიდოდა ციხეში.
- შენ კარგი ფსიქოლოგი ყოფილხარ, ყველაფერთან ერთად...თუ ეგეც ანგელოზმა გასწავლა?
- ანგელოზმა გზა მასწავლა, დანარჩენი კი ჩემით მოვიფიქრე.
მამა იოანე ასე მასწავლიდა: - განრისხებულ ადამიანს სითბო და სიყვარული დაანახე და ამით გული მოულბება და დაშოშმინდებაო.
- მერე, ვირებს რომ ეძახდი და მუშტებს უქნევდი, ეგ იყო სიყვარული? - სიცილისაგან თავი ვერ შეიკავა ნინომ.
- აბა რა, მე სიყვარულით მივაყენე შეურაცხყოფა, სხვა გზა რომ ვერ ვნახე იმიტომ - გაუღიმა გიორგიმაც - მათზე ზრუნვით მივაყენე შეურაცხყოფა და მათი ამპარტავნებით ვისარგებლე.
- ეგ როგორ?
- ვიცოდი, რომ საკუთარ ეგოს ვერ დათრგუნავდნენ და გამომეკიდებოდნენ.
თან დიოგენას ერთი ესსე გამახსენდა:
„ადამიანის პატივმოყვარეობა ბევრად აღემატება მისსავე ღირსებას. ბევრჯერ გათელილ ღირსებაზე შეიძლება ხმაც არ ამოიღოს, მაგრამ თუ მის პატივს შეეხები, შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოგიცხადოს.
თუ ადამიანის თავმდაბლობის შემოწმება გსურს, მიაყენე მას შეურაცხყოფა და არა მხოლოდ მისი სიმდაბლის, არამედ მისი ამპარტავნების დონესაც გაიგებ“.
მე ფსონი მათ ამპარტავნებაზე დავდე და ამან გაამართლა.
იმათ რომ სიმდაბლე ჰქონოდათ, მე კი არ გამომეკიდებოდნენ, არამედ შერცხვებოდათ და...მართალია ეს კაციო, იტყოდნენ. მაგრამ შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და მართლა რომ დავეჭირე, არ ვიცი რას მიზამდნენ.
- შენ ჩემი სუპერმენი ხარ - ხელები მოხვია ნინომ გიორგის და გულში ჩაეკრა - მაგრამ რომ მცოდნოდა ამას აპირებდი, არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებდი. რამე რომ ყოფილიყო, ერთი 2-3-ს მაინც გავუმკლავდებოდი, დანარჩენები კი დაფრთხებოდნენ და გაიქცეოდნენ.
- შენ კი ჩემი „მადმუაზელ ბრუს ლი“ ხარ - გიორგიმაც შემოხვია მკლავები და მათი ტუჩები დღეს უკვე მერამდენედ ისევ ტკბილად შეეწებნენ ერთმანეთს.
გიორგიმ ნინო სახლის კარამდე მიაცილა.
- მაპატიე, სახლში ვერ შეგიპატიჟებ - თავი დახარა ნინომ.
- არ არის საჭირო.
- არ შემიძლია, გესმის? ჯერ არ შემიძლია.
- ყველაფერი მესმის. არ ინერვილო. არც კი გამიფიქრებია ეგ, რაც შენ იფიქრე - გიორგიმ ნინოს შუბლზე აკოცა, გაუღიმა, მშვიდობიანი ღამე უსურვა და კიბეზე დაეშვა.
***
28 დღიანი სახაზინო საწოლის მერე, გიორგიმ, როგორც იქნა, თავის ლოგინში გამოიძინა. მზე კარგა ხნის მომდგარი იყო ფანჯარაზე, როდესაც გემრიელად გაიზმორა და ლოგინზე წამოჯდა. ჯერ მამა იოანეს ნახვა უნდოდა, შემდეგ კი, საღამოს, ილია მუჯირთან ჰქონდა დანიშნული შეხვედრა მისსავე კაბინეტში.
მამა იოანემ გიორგი დიდი სიყვარულით მიიღო და მისალმების და დალოცვის რიტუალის დამთავრების შემდეგ გულში ჩაიკრა. ეკლესიის ეზოში სკამზე ჩამოჯდნენ და საუბარი დაიწყეს:
- აბა, როგორ დასრულდა შენი პატიმრობა, ტერორისტო ყიფიანო? - გაუღიმა მამა იოანემ გიორგის და მხარზე დაუტყაპუნა ხელი.
- როგორც ხედავთ, გამომიშვეს, მამაო - ღიმილითვე უპასუხა გიორგიმ - თუმცაღა, ხომ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა.
- ხო, ხო, ვიცი. ხომ მითხარი წინასწარ, სანამ დააჭერინებდი თავს. რაო მერე გამომძიებელმა?
-კარგი კაცი უნდა ჩანდეს - ილია მუჯირი - პატიოსანი, გულიანი. თანაც კარგი პროფესიონალი. ღირს მასთან ერთად მუშაობა. დღეს ვხვდები მას უკვე არა პატიმრის რანგში და იმედია ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ.
- გააოცე ხომ შენი წინასწარმეტყველებით?
- ისე, ცოტა - დაიმორცხვა გიორგიმ და თავი დახარა.
- პატიმრობამ ხომ არ დაგღალა, ბიჭო?
- არა, მამაო, ღვთის მადლით მშვიდად გადავიტანე. თან სულ მახსოვდა თქვენი სიტყვები.
- რომელი?
- განსაცდელზე რომ ამბობდით:
„ნურასოდეს მიეცემი სასოწარკვეთილებას გაჭირვების ან განსაცდელის გამო. იფიქრე იმაზე, ვინც შენზე უარეს მდგომარეობაშია და არა იმაზე, ვინც უკეთესად გრძნობს თავს“.
ხოდა, მე რა ისეთი გაჭირვება მქონდა, მამაო. რამდენ ადამიანს ჩემზე მეტად უჭირს და პირიქით, იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო.
- ეგ კარგია, გიორგი, შვილო, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავი. მთავარია თავში არ აგივარდეს და მთელი გულით აკეთე სიკეთე. არ მოგბეზრდეს და მხოლოდ მოვალეობად არ გექცეს. იცოდე, ეშმაკი(და პირჯვარი გადაიწერა) ჩასაფრებულია და ისე დაგიგებს მახეს, ვერც კი გაიგებ.
ესეც ხომ მისწავლებია:
„კარგია, როცა გაჭირვებულ ადამიანს ეხმარები, მაგრამ ეს როდი უნდა გიხაროდეს? ექიმს, რომელსაც პაციენტის დანახვა უხარია, სიკეთის მსახურად ნუ მიიჩნევ“.
- მახსოვს, მამაო, ყველა თქვენი შეგონება მახსოვს და ვცდილობ, ცხოვრებაში მათით ვიხელმძღვანელო. თანაც, ანგელოზის რჩევები ხომ ასე ძალიან გავს თქვენს რჩევებს, მამა იოანე. თქვენთან არა მარტო სანახავად, კურთხევის ასაღებადაც მოვედი, რადგან გამომძიებელთან და ჟურნალისტთან ერთად ახალ ცხოვრებას ვიწყებ - უფრო დატვირთულს და ალბათ, უფრო შრომატევადსაც. რა თქმა უნდა, წირვებზეც შეძლებისდაგვარად ვივლი და არც აღსარება-ზიარება დამავიწყდება, როგორც აქამდე. თქვენი დალოცვა და კურთხევა კი ბევრად გამიადვილებს საქმიანობას.
- ღმერთმა დაგლოცოს, გიორგი! - თავზე ხელი დაადო მამა იოანემ და ჯვარი გარდასახა - გაკურთოს და და სიკეთის გზით გატაროს! როდესაც დამნაშავეებთან ურთიერთობა გექნება, ყველაზე მთავარი გახსოვდეს, ადამიანის სიყვარული. მე სულ ამას გასწავლით:
„ნუ ეძებ ადამიანში ბოროტს. სიკეთე ეძებე და შენ მას აუცილებლად იპოვი“.
უცოდველი არავინ არის. რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავესაც აქვს ცოდვები, მაგრამ შენ არ იცი, უფალი ვის რას მიუტევებს და რას არა.
მამა გაბრიელი როგორ ამბობდა, გაიხსენე: „რომ შესცოდა, იმას ხედავ, მაგრამ რომ მოინანია და უფალმა შეუნდო, ის დაინახეო?!“
სიყვარულით აკეთე შენი საქმე და არ განიკითხო, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს. ადამიანების ცხოვრებაზე ანგელოზი შენ ბევრ რამეს გეუბნება, მაგრამ ამას ნიშნისმოსაგებად ნუ გამოიყენებ. მხოლოდ ინფორმაციისთვის გქონდეს და დანარჩენი სიყვარულით აკეთე, თუნდაც ვინმეს მხილება დაგჭირდეს.
- მესმის მამაო, ვეცდები, ისე მოვიქცე, როგორც მასწავლით.
- მე მხოლოს იმას გასწავლი, შვილო, რასაც ღმერთი გვასწავლის ყველას.
წადი ეხლა და შაბათს გელოდები ცისკრის ლოცვებზე. კვირას კი ზიარებაზე. თითქმის ერთი თვეა უზიარებელი ხარ და ხომ გინდა განიწმინდო? რაც უფრო ხშირად ეზიარება ადამიანი, მით უკეთესია ეს მისი სულისთვის. ზოგადად ვამბობ. შენ გქონდა მიზეზი, მაგრამ მომავლისთვის გეუბნები.
- კი, მამაო, აუცილებლად მოვალ. მადლობა ყველაფრისათვის.
- მადლობა უფალს! წადი ეხლა მშვიდობით.
გიორგი მამა იოანეს ხელზე ეამბორა, დაემშვიდობა და ეკლესიის ეზოდან გამოვიდა.
საღამოს 5 საათზე, გიორგი ილიას კაბინეტში იჯდა და მუჯირის მიერ შეთავაზებულ ყავას წრუპავდა.
- გიორგი - გიორგისვე თხოვნით ბატონოს გარეშე მიმართა მუჯირმა ყიფიანს - ეხლა, რადგან სიმართლე დადგინდა და თქვენ ისევ თავისუფალი ადამიანი ხართ, იმედია სიტყვას შეასრულებთ და რაც შემპირდით, გააკეთებთ.
- სწორედ ამიტომ ვარ აქ, ბატონო ილია - ფინჯანი მაგიდაზე დადგა გიორგიმ - რომელი საქმით გინდათ დავიწყოთ? ვხედავ გაუხსნელი საქმეები ამოგიტანიათ არქივიდან.
- დიახ, ამოვიტანე და სანამ მეორედ შევალ ჩადრიშვილთან და გაუხსნელი საქმეების წარმოებაში დაბრუნებას ვთხოვ, მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ მართლაც გაქვთ ნათელმხილველობის უნარი და შეგიძლიათ ამ საქმეების გახსნაში დამეხმაროთ. პირველად რომ შევედი ამათ სათხოვნელად - ხელი საქაღალდეებს დაადო მუჯირმა - ისეთი ამბავი დამაწია, ჯობია არ იცოდეთ ამის შესახებ. ჯერ ერთით დავიწყოთ და შემდეგ გადავწყვიტავ, შევიდე ჩადრიშვილთან თუ არა.
- ბატონო ილია, მე ნათელმხილველი არ გახლავართ. არც რომელიმე სპეცსამსახურის თანამშრომელი, როგორც ადრე გეგონათ. რა თქმა უნდა, როგორც შეგპირდით, ყველა გაუხსნელ საქმეს გაგახსნევინებთ და არა მარტო.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ მიმდინარე საქმეებსაც და იმათაც, რომელთაც კიდევ აღძღრავთ დამნაშავეების წინააღმდეგ.
- თუ თქვენ სიმართლეს ამბობთ და მართლაც ასე მოხდება, მაშინ ეს. როგორმე, ოფიციალურად უნდა გავაფორმოთ. მაგრამ როგორ? თქვენ იურიდიული განათლებაც კი არ გაქვთ. რა შეიძლება, რომ მოვიმოქმედოთ? ჩადრიშვილი ხომ ცოცხლად შემჭამს, ჩვენი თანამშრომლობის შესახებ რომ გაიგოს?!
- ეს იოლად მოსაგვარებელი საქმეა, ბატონო ილია. თქვენ მე კონსულტანტად გამაფორმებთ - ფსიქოლოგიურ კონსულტანტად. ჩადრიშვილი ამაზე უარს არ გეტყვით და ბრძანებაზეც მოგიწერთ ხელს, სანამ ჯერ კიდევ თავის ადგილასაა.
- რას ნიშნავს, სანამ თავის ადგილასაა?
- ამაზე ცოტა მოგვიანებით, ბატონო ილია. მაგრამ სანამ დავიწყებთ, მე სულ ერთი პირობა მაქვს თქვენთან.
- ხელფასს თუ გულისხმობთ, სამწუხაროდ, ჩვენთან დიდი ხელფასები არაა და ბევრს ვერაფერს შემოგთავაზებთ.
- არა, ბატონო ილია, ხელფასზე არაა საქმე.
- მაშ რა?
- ჩვენ ვითანამშრომლებთ ჯგუფურად და ამ ჯგუფში შევა სამი ადამიანი(რა თქმა უნდა, თანაშემწეებისა და დამხმარე პერსონალის გარდა). ჩვენ ხომ არ ვირბენთ დაკავებებსა თუ ჩასაფრებებზე?! მე ვგულისმხობ თავს - მთავარ სამეულს.
- გასაგებია, რომ ორი ჩვენ ვართ - თქვენ და მე. კიდევ ვინმეს მოყვანა გნებავთ?
- მოყვანისა რა გითხრათ, მაგრამ საჭიროა, რომ თქვენი გახსნილი საქმეები მედიაში გაშუქდეს. ეს აუცილებელია. ამისთვის კი საჭიროა კარგი ჟურნალისტი. მე გთავაზობთ ნინო მეტრეველს. ის რეპორტაჟებში მხოლოდ იმ ინფორმაციას გადასცემს, რომელსაც ჩვენ გადავწყვეტთ შეთანხმებით, ბატონო ილია.
მუჯირი ცოტა ხანს ჩაფირდა. შემდეგ გიორგის თავი დაუქნია:
- თანამხა ვარ, მოიყვანეთ ეგ თქვენი ნინო მეტრეველი. რას ვკარგავთ? თუ ბევრს საქმეს გავხსნით, საზოგადოებაში უფრო ავმაღლდებით.
- ძალიან კარგი. მე ქალბატონ ნინოს შევუთანხმდები და ჩვენ დავთქვამთ ჩვენი მუშაობის პირობებს და გრაფიკს, თუმცა არა მგონია, ეს ფიქსირებული დღეები ან საათები იყოს. როგორც საქმე მოითხოვს, ჩვენც ისე ვიმუშავებთ.
- კარგი. ეგრე იყოს. მაგრამ...
- რამე გაბრკოლებთ, ბატონო ილია?
- ერთი საქმე ეხლავე მინდა, რამე, სულერთია, დარწმუნებული რომ ვიყო.
- რა თქმა უნდა - გაეღიმა გიორგის - ეხლავე გაგახსნევინებთ იმ საქმეს, რომელზედაც ეხლა მუშაობთ.
- ეგეც იცით, რაზე ვმუშაობ?
- ვიცი, ბატონო ილია, ამოისუნთქა გიორგიმ ღრმად - თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ ეჭვი გეპარებათ ალექსანდრე გოგინავას თვითმკვლელობაში. ის თავის კაბინეტში მართლაც მოკლეს და შემდეგ იარაღი ჩააჩეჩეს ხელში.
- მე ეს თავიდანვე ვივარაუდე და ამიტომ არ დავხურე საქმე მაშინვე, როგორც თვითმკვლელობა. სწორედ ეხლა ვაპირებდი ახლო გარემოცვის შესწავლას. პროფესორი გოგინავა, როგორც მისმა კოლეგებმა მითხრეს, საკმაოდ უწყინარი კაცი გახლდათ. რატომ დასჭირდებოდა თავის მოკვლა, არ ვიცი. ის ერთადერთი ვერსიაც - თითქოს იმაზე განაწყენებულმა, რომ რექტოტად არ დანიშნეს, გააბედინა სიცოცხლეზე ხელის აღება - სასაცილოდ მეჩვენება.
- მართალიც ბრძანდებით, ბატონო ილია, გოგინავას თავი არ მოუკლავს, ის მისმა ასისტენტმა მოკლა.
- კი, მაგრამ რისთვის?
- ეხლავე აგიხსნით. მოგეხსენებათ, გოგინივას ორი შვილი დარჩა - ვაჟი დემეტრე და ქალიშვილი თეა. თეა, რომელიც აზარტული თამაშებით არის გატაცებული, საკმაოდ დიდ თანხებს ფლანგავს და ოჯახი სულ ვალებშია. ამის გამო, გაბრაზებულმა მამამ ის ანდერძიდან ამოიღო. საქმე იმაშია, რომ გოგინავას ორივე შვილზე ანდერძი აქვს დაწერილი - ბიჭს რჩება ბინა და სხვა უძრავი ქონება, გოგოს კი საკმაოდ ძვირადღირებული აგარაკი. თეას დიდი ხანი აქვს გულში ამ აგარაკის გაყიდვა და თავისი ლუდომანიური მიდრეკილებების დაკმაყოფილება. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ მან ამ ორი დღის წინ, კაზინო „როიალ“-ში დიდი თანხა წააგო და როდესაც ფული ისევ მამას სთხოვა, გაცეცხლებულმა გოგინავამ გადაწყვიტა, ის ანდერძიდან ამოეღო. სწორედ დღეს, ლექციების შემდეგ აპირებდა, პროფესორი, ნოტარიუსთან მისვლას. მაგრამ, მოგეხსენებათ, ის თავის კაბინეტში შუბლში ტყვიადახლილი იპოვეს. იარაღი კი, რომლითაც ის მოკლეს, გოგინავას სახლში ჰქონდა და ის მისმა ძველმა მეგობარმა, თქვენთვის კარგად ნაცნობმა ბატონმა მერაბ ჩადრიშვილმა აჩუქა(ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რა თქმა უნდა). ამიტომაა, რომ ჩადრიშვილს ეს საქმე თვითმკვლელობად უნდა გაასაღოს, მიუხედავად მისი მეგობრის ოჯახის ტრაგედიისა და ისევ მშრალად დარჩეს, როგორც ყოველთვის.
შადურმა, მოილია რა(მიმიკების სრული კომპლექტით) გაოცების ახალი ეტაპი, გიორგის მიმართა:
- მართალს ბრძანებთ, მართლაც ეგრე იყო ყველაფერი, რაც უკვე ამ მცირე დროში გამოვიძიეთ. ტყვია და იარაღი ჯერ ეხლაც ბალისტიკურ ექსპერტიზაზეა. მაგრამ ორი რამ ვერ გავიგე - რას ნიშნავს ჩადრიშვილზე ნათქვამი „ისევ მშრალად დარჩეს“ და რა შუაშია ასისტენტი, თუ მართლა მან მოკლა?
- მიზეზი ძალიან მარტივი და ბანალურია, ბატონო ილია. გედევან ონოფრიშვილი, გოგინავას ასისტენტი, ყურებამდეა შეყვარებული თეა გოგინავაზე და მისი თუნდაც მცირე ყურადღების გულისთვის, ერთს კი არა, ას მკვლელობას ჩაიდენს. წუხელ ღამე თეა გოგინავამ იარაღი ონოფრიშვილს გადასცა და ცოლობაც აღუთქვა, თუ ის ლექსო გოგინავას მოკლავდა.
გოგინავამაც სიხარული მიიღო სისხლიანი წინადადება და აღასრულა კიდეც. მან პროფესორს ყავაში ძლიერი ძილისმოსაგვარებელი წამალი, „კარფენტანილი“ ჩაუყარა. ეს წამალი მას მისმა მეგობარმა ვეტექიმმა თავისი სნეული ძაღლის დასაძინებლად მისცა, თუმცა აღარ დასჭირდა, რადგან ძაღლი სახლიდან წასულიყო და უკან აღარ დაბრუნებულა. პროფესორი სწორედ ყავის დალევის შემდეგ აპირებდა ნოტარიუსთან წასვლას და ამის შესახებ, თავის ასისტენტთანაც ახსენა. ასისტენტი არ მოეშვა, ჯერ ყავა დავლიოთ, ბატონო ლექსოო. პროფესორმაც დაუჯერა და სიკვდილსაც შეეგება.
ბატონო ილია, მინდა მოგახსენოთ, რომ „კარფენტანილი“ ცხოველებისთვის განკუთვნილი საკმაოდ ძლიერი სედატივია(სამწუხაროდ, ნარკოტიკადაც ხმარობენ) და ონოფრიშვილმა გოგინავას, თავისი უვიცობით, სასიკვდილო დოზა ჩაუყარა. როგორც კი გოგინავამ გონება დაკარგა, ონოფრიშვილმა პროფესორს ხელში წინასწარ გამზადებული იარაღი დააკავებინა და გასროლაც განახორციელა. მან არ იცოდა, რომ გოგინავა ისედაც უკვე თითქმის მკვდარი იყო და ის უკან ვეღარ მობრუნდებოდა.
თქვენ ამ საქმის გახსნა ძალიან იოლად შეგიძლიათ. ჯერ ერთი, ონოფრიშვილი ძალიან მშიშარა პიროვნებაა და როგორც კი მას კუთხეში მიაყენებთ, მაშინვე აღიარებს ყველაფერს. მეორეც, პროფესორის სისხლში ექპერტები იოლად აღმოაჩენენ წამლის კვალს და მესამე, ნარკოტიკის კვალი ასევე აღმოჩნდება პროფესორის ფინჯანში, რომელიც ონოფრიშვილმა სიჩქარის გამო წესიერად ვერ გარეცხა, ხოლო თავად ფინჯანზე, თითის ანაბეჭდებს იპოვით. კიდევ ერთი მხილება ონოფრიშვილის ტანსაცმელი გახლავთ. მან, რა თქმა უნდა, უკვე გამოიცვალა, მაგრამ მის სახლში თქვენ უცებ იპოვით ყავისფერ პერანგს და ლურჯ ნაქსოვ ქურთუკს. ორივეზე თქვენ დენთის კვალს აღმოაჩენთ.
ონოფრიშვილი გამოუცდელი დამნაშავეა და ამიტომ მოუვიდა ამდენი შეცდომა. ასე რომ, შეგიძლიათ, ეხლავე შეხვიდეთ ჩადრიშვილის კაბინეტში და საქმე გახსნილად გამოუცხადოთ. იარაღზე ჯერ არ ღირს ყურადღების გამახვილება, რადგანაც ჩადრიშვილზე იმდენ რამეს მოგიყვებით, დაურეგისტრირებელი იარაღის ჩუქება უბრალო ხუმრობად მოგეჩვენებათ.
მუჯირი ყურადღებით უსმენდა გიორგის და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დარწმუნებული გახლდათ მის გასაოცარ შესაძლებლობებში, გაკვირვებისგან მაინც დიდხანს იჯდა პირდაღებული და გახევებული.
მერე ჭიქა წყალი დალია და თავის გაოცება ხმამაღლა დააფიქსირა:
- წარმოუდგენელია, დაუჯერებელია. გაოგნებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის. საიდან, როგორ?...თქვენგან საუკეთესო გამომძიებელი დადგებოდა. ეხლავე გადავამოწმებ ყველაფერს.
შემდეგ წამოდგა, გიორგის მხურვალედ ჩამოართვა ხელი და კაბინეტიდან გავარდა.
მეორე დღესვე გედევან ონოფრიშვილი დაკითხვების ოთახში იჯდა და აკანკალებული ხელით აღიარებას წერდა. ყველაფერი ზუსტად ისე მომხდარიყო, როგორც ყიფიანმა მუჯირს უთხრა. რა თქმა უნდა, დააპატიმრეს თეა გოგინავაც.
რამდენიმე დღის შემდეგ ნინო მეტრეველმა პროფესორის მკვლელობის შესახებ არაჩვეულებრივი გადაცემა გააკეთა, ხოლო ილია მუჯირმა გიორგი ყიფიანის კონსულტანტად გაფორმების ბრძანებაზე იმდენად უყოყმანოდ მიიღო ჩადრიშვილის ხელმოწერა, გაოცებული გამომძიებელი დიდხანს ფიქრობდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩადრიშვილის ასეთი ცვლილების მიზეზი. თუმცა, მას კარგად ახსოვდა ყიფიანის მიერ ჩადრიშვილისთვის გადაცემული „აღიარების“ წერილი და მანამდე ვერ მოისვნებედა, სანამ არ დაადგენდა, რა დაუწერა გიორგიმ ჩადრიშვილს ისეთი, ასე რომ გამოიცვალა ეს კაცი.
***
ნინო გარედან ტკაცა-ტკუცის ხმამ ხმამ გააღვიძა. ეტყობოდა, ვიღაცა ფეიერვერკებს უშვებდა. კვირა დღე იყო და უნდოდა გადატვირთული კვირის შემდეგ ცოტა გამოეძინა. საათს დახედა, არც ისე ადრე იყო, უკვე 11 საათს გადაცილებულიყო და გაუკვირდა კიდეც, რამდენ ხანს მძინებიაო. წამოდგა, ხალათი მოიცვა და ფანჯარაში გაიხედა. მართლაც, ჰაერში ულამაზესი ფეიერვერკების ცეკვა იხილა. დაბლა კი ძალიან ლამაზი ხასხასა წითელი ვარდებით აწყობილი წარწერა „მიყვარხარ“.
ყვავილები თითქოს განგებ დაერგოთ ასე. ცხადია, ახალი დარგულები გახლდათ, ჯერ კიდევ გუშინ აქ ბალახის მეტი არაფერი ჩანდა. ცნობისმოყვარეობამ აივნისკენ უბიძგა. მზიანი ამინდი იდგა, თუმცა საკმაოდ ციოდა. მყისვე სვიტერი გადაიცვა და აივანზე გავიდა. ყვავილების წარწერა პირდაპირ მისკენ იყურებოდა. ნეტა ვის მიუძღვნეს ეს ლამაზი საჩუქარიო - გაიფირა და უცებ თავში დაჰკრა. დღეს ხომ მისი დაბადების დღე იყო - არაა, ალბათ სხვისია, მე ვინ გამიკეთებდაო. ამ დროს კარზე ზარმაც დარეკა.
ნინომ კარები გააღო და ზღულბზე გიორგი შერჩა უზარმაზარი ყვავილების თაიგულით, ბამბანერით, კიდევ რაღაც დიდ ყუთით და შაპანურის ბოთლით ხელში. მხოლოდ თავი უჩანდა, დანარჩენი სხეული საჩუქრებით ჰქონდა დაფარული.
- აქედან ვიმღერო „რა ლამაზი დღეა..“ თუ სახლში შემომიშვებ? - გამოყო თავი ყვავილებიდან გიორგიმ.
- ნინომ ბედნიერად გაუღიმა და სახლში შეიპატიჟა.
გიორგიმ ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და ნინოს შემოუბრუნდა:
- მართალია ზოგი კარუზოს, ზოგი მაიქლ ჯექსონს და ზოგი დემის რუსოს მადარებს, ისეთი ხმა მაქვს, მაგრამ მირჩევნია მაინც არ დაგაფრთხო და გაგაქციო აქედან.
- საოცრად მსგავსი მომღერლები დაასახელე - და ნინომ გულიანად გაიცინა.
- ხო, უცებ რაც მომივიდა თავში - იცინოდა გიორგიც - მოკლედ, დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დედოფალო, ყველაზე მშვენიერო ქმნილებავ დედამიწის ზურგზე?
- მარტო დედამიწის ზურგზე? - ტუჩები გაბუტულივით მოპრუწა ნინომ.
- არა, მარტო ზურგზე, მუცელზეც, თავზეც, კისერზეც, ყურებზეც, თვალებზეც, ხელ-ფეხზეც, ღიპზეც და ჭიპზეც.
ნინომ გულიანად გაიცინა.
- ანუ, მარტო დედამიწაზე?
- სხვა გალაქტიკებში შენი ორეულები ყოფილან, შენსავით ლამაზები და თვალწარმტაცები. აქ კი, შენ ხარ სილამაზის დედოფალი. თუ ეს დედამიწა არ გყოფნის, დავხოცავ იმ შენ ორეულებნს და შენ იქნები ერთადერთი მთელ სამყაროში. მაგრამ საქმე იმაშია, ჩემო ძვირფასო, რომ იქ არიან ჩემი ორეულებიც, რომლებიც შენს ორეულებს ეტრფიან და მოდი ნუ გამაუბედურებინებ იმ ხალხს. დაე, ყველა ჩემს ორეულ გიორგის ისევე ყავდეს გვერდით შენი ორეული ნინო, როგორც შენ მყავხარ ეხლა აქ, გვერდით და უყვარდეთ ერთმანეთი, რა იქნება?
- კარგი, ნუ დახოცავ. თანახმა ვარ - გაიღიმა ნინომ და გიორგის კესერზე მოხვია ხელები. მაგ სიტყვებსაც შენი ანგელოზი გკარნახობს თუ პირადად შენია? - ჩურჩულით ჰკითხა ნინომ გიორგის.
- ჩემია, მხოლოდ ჩემი და ვერავის ვერ დავუთმობ ექსკლუზივს, თვით ანგელოზსაც კი. გილოცავ! - კიდევ ერთხელ ყურში ჩასჩურჩულა გიორგიმ და თმიდან დაწყებული ნიკაპის ჩათვლით ყველა წერტილი ნაზად დაუკოცნა.
ნინოს ტანში ისევ ცხელმა ლავამ ჩაურბინა. მერე გიორგის ხელი გაუშვა და დივანზე დასვა.
- რა ბათქა-ბუთქი ამიტეხე აქ? გინდა მეზობლები შემიყარო?
- აბა რა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაბადების დღეა.
- ან იმ ვარდების დარგვა როდისღა მოასწარი?
- არ გაგიგია, თუ გული სიყვარულობს, ვარდი ცალი ხელით ირგვებაო?!
- არა, მე ცოტა სხვანაირად გამიგია - გაიცინა ნინომ - მგონი ქადაზეა იქ ლაპარაკი. ფუნთუშით მაინც შეგეცვალა, ან კექსით - ცოტა ახლოს მაინც იქნებოდა და ჩაგითვლიდი.
- ეგ ძველია, რაღა დროს ქადა და ფუნთუშაა? ეხლა სიყვარულის საუკუნეა, ვარდების და ფეიერვერკების.
- ხო, ალბათ ეგრეა, მაგრამ, შუადღეზე ტელესტუდიაში მელოდებიან. დაბადების დღე უნდა მომილოცონ - ცოტა დაღვრემილი სახით შეხედა ნინომ გიორგის - უარს ვერ ვეტყოდი. ვიცი, ტორტს ამზადებენ სიურპრიზად. მეც ალაფურშეტივით შევუკვეთე რაღაცეები. რომ არ მივიდე, არ შეიძლება. საღამოს კი... საღამოს შენი ვარ. როგორც წესი, ჩემები სუფრას მიშლიდნენ ხოლმე, მაგრამ წელს ქეიფის არც განწყობა და არც ხალისი არავის აქვს, იცი შენ მიზეზი. ცოტა ხნით ჩემებთან შევიაროთ, შემდეგ კი, თუ გინდა, გავისეირნოთ სადმე.
მოდი, შენც წამოდი ჩემთან ერთად ტელესტუდიაში - სახე გაუბრწყინდა ნინოს.
გიორგი ცოტა შეყოყმანდასავით:
- სიამოვნებით წამოვიდოდი, თუ უხერხული არ იქნება.
- არა, არ იქნება. გადაწყვეტილია, მოდიხარ ჩემთან ერთად. ოღონდ სალონში უნდა გავიარო და თუ არ დაგღლის ჩემი ლოდინი...სტუდიაში 3 საათზე მელოდებიან.
- არა, სალონში ვერ წამოგყვები. მოდი, პირდაპირ ტელესტუდიაში მოვალ და შენ შემიყვანე. მე ვინ შემიშვებს ისე?!
- კარგი. როგორც გენებოს. ეხლა ცოტა ხანს იყავი აქ, მოვწესრიგდები და მალე მოვალ - ნინომ გიორგის ლოყაზე აკოცა და გედივით გასრიალდა აბაზანისკენ.
„მალე“ დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ნინომ ჯერ აბაზანა მიიღო, შემდეგ თმები გაიშრო, სახეზე მაკიაჟი წაისვა და უფრო გალამაზებული გამოვიდა გიორგისთან.
გიორგიმ საათს დახედა. 12 ხდებოდა
- გეჩქარება სადმე? - ჰკითხა ნინომ.
- არა, არც ისე. 1 საათი დრო მაქვს, მერე ერთ ადგილას უნდა მივიდე, საქმე მაქვს. 3 საათზე კი შენთან მოვალ სტუდიაში.
- კარგი. ხო, მართლა, ეს რეები მოგიტანია - და ნინომ მაგიდზე დადებული ყუთები აიღო ხელში.
- ვაიმეეე, ჩემი საყვარელი ბელგიური შოკოლადები - თვალები გაუბრწინდა ნინოს ბამბანერის დანახვაზე - რა იცოდი, ეს რომ მიყვარდა? აა, თუმცა, ანგელოზი, ხო. ის ხომ ყველაფერს გეუბნება.
გიორგიმ დამნაშავესავით დახარა თავი დაბლა.
- ეს რა ყუთია? ეხლა მეორე ლამაზად შეფუთული ყუთი აიღო ნინომ ხელში.
- გახსენი და ნახე.
- ნინომ ფრთხილად შემოაძრო ყუთს სასაჩუქრე ქაღალდი და „სონის“ ბოლო მოდელის პერსონალური კომპიუტერი შერჩა ხელში. ის იყო გაკვირვებისგან პირდაღებულმა რაღაცის თქმა დააპირა, რომ გიორგიმ დაასწრო:
- შენი ლაფთოფი მოძველდა, აღარ მუშაობს წესიერად. სულ ჭედავს და გაწვალებს. რაც არ უნდა განაახლო, უკვე მოძველებულია და არ გამოგადგება. შენ კი სამუშაოსთვის გჭირდება და ამიტომაც გადავწყვიტე, შენთვის ეს ლაფთოფი მეჩუქებინა.
- გიორგი, ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო. ესეც კი იცოდი, რომ მინდოდა. სწორედ „სონიზე“ ვოცნებობდი და ვერაფრით ვერ მოვუყარე საჭირო თანხას თავი, რომ მეყიდა.
შემდეგ გიორგისთან მივიდა, კისერზე მოხვია ხელები და მხურვალე კოცნით დააჯილდოვა. როდესაც გიორგის და ნინოს ტუჩებმა ერთმანეთი კარგად გამოიკვლიეს, ნინომ გიორგის ვითომ უკმაყოფილო სახით უთხრა:
- შენთან საქმის დაჭერა ძალიან საშიშია. მე ვიფიქრებ, რამდენად სასარგებლოა ჩემთვის შენთან ურთიერთობის დამყარება თუ გაგრძელება, როგორც არის.
- რატომ? - გაიკვირვა გიორგიმ.
- იმიტომ, რომ შენი ანგელოზის წყალობით, შენთვის ყველაფერია ცნობილი ჩემს შესახებ. ჩვენ კი, ქალებს, ჩვენი საიდუმლეოებები გვაქვს და სულაც არ არის საჭირო, რაც არ უნდა ძვირფასი კაცი იყოს, ისინი იცოდეს.
- აჰა, გასაგებია - შვებით ამოისუნთქა გიორგიმ.
- შენ ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს ჩემთან. ამიტომ, რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ ეს უპირატესობა გავანეიტრალო.
- სიტყვას გაძლევ, რომ არ გამოვიყენებ ამ უპირატესობას შენი საიდუმლოებების ქექვაში. მე მხოლოდ შენი გახარება მინდოდა და სხვა არაფერი. ანგელოზო შენ საიდუმლოებებს კი არ მეუბნება, არამედ მხოლოდ მირჩია, რა გაგიხარდებოდა, მეტი არაფერი.
- კარგი, ვნახოთ, როგორ მოიქცევი და იმის მიხედვით გადავწყვეტ შენს ბედს - და ნინომ თითი გიორგის მკერდზე მიადო - ეხლა კი, თუ შეიძლება, შამპანური გახსენი და თითი ჭიქა დავლიოთ.
გიორგიმ შამპანურს ჩუმად მოხსნა თავი და ნინოს მიერ კარადიდან გამოღებულ ფუჟერებში ჩაასხა.
ნინომ ბამბანერი გახსნა და ერთი შოკოლადის ფილა პირში ჩაიდო.
- მმმ, როგორ მიყვარს - სიამოვნებისგჰან თვალები დახუჭა და თავი გააქნია ნინომ.
- ისე კი, მეორეს მხრივ კარგია, როცა მამაკაცი ქალს ზუსტად იმით ანებივრებს, რაც უყვარს - გადახედა ნინომ გიორგის და თვალი მოჭუტა.
- აი, ხომ ხედავ? თურმე შეიძლება ჩემგან სარგებელის მიღება - ნიშნისმოგებით მიუგო გიორგიმ და გაიცინა - შენ კიდევ საშიში ხარო.
- ვიფიქრებ მაგაზე - თითქოს დიდი გადაწყვეტილება უნდა მიიღოსო, ისეთი სახე მიიღო ნინომ და გიორგის მილოცვის საპასუხოდ, მადლობის ნიშნად ფუჟერი მიუჭახუნა და ცოტა მოსვა.
- შემდეგ გიორგიმ ერთი შოკოლადის ფილა კბილებში ჩაიდო და ნინოს მეორე ნახევრის მოკბეჩა შესთავაზა. ნინომაც სიამოვნებით მიიღო გამოწვევა. რა თქმა უნდა, კბეჩას ისევ კოცნა მოყვა, ძალიან ტკბილი და ვნებიანი. ორივეს ძარღვები უდუღდა და ძლივს იკავებდნენ თავს, მაგრამ მაინც არ აძლევდნენ ვნებებს უფლებას ბოლომდე ამოფრქვეულიყვნენ და წაელეკათ ორივე შეყვარებული.
- მაინც ვერ გავიგე რა - მოჩვენებითი უკმაყოფილებით წარმოსთქვა გიორგიმ, ცოტა გონს რომ მოვიდა ორივე.
- რა ვერ გაიგე? - გაიკვირვა ნინომ.
- ვერ გავიგე, ეს შოკოლადი უფრო ტკბილია თუ შენი ტუჩები.
ნინომ თავი დახარა.
- ეგ შენ უნდა გადაწყვიტო. მე ჩემთვის გადაწყვეტილი მაქვს უკვე...და მათი ტუჩები ისევ შეეწებნენ ერთმანეთს.
შემდეგ, ცოტა ხანს ისაუბრეს. გიორგი წამოდგა იმის ნიშნად, რომ უკვე მისი წასვლის დრო იყო.
- უკვე? მიდიხარ? - მოწყენილი სახით მიმართა ნინომ.
- არაფერი, გესმის, არაფერი....- გიორგის სიტყვა გაეჩხირა ყელში.
- რა არაფერი? - გაიკვირვა ნინომ.
- არაფერი, ამ ქვეყანაზე, არ მირჩევნია შენთან ყოფნას, საერთოდ არაფერი, მაგრამ მარტო ჩვენი სურვილებით ვერ ვიცხოვრებთ, ნინო, ჩემო სიყვარულო, არის ვალდებულებებიც. ასე შეუქმნია ღმერთს ადამიანი. სულ რაღაც ორ საათში ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
ხვალ, ხომ იცი, ილია მუჯირთან მივდვართ და სწორედ ამასთან დაკავშირებით პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი. 3 საათზე კი ტელესტუდიასთან ვიქნები აყუდებული კაქტუსის ძეგლივით.
- რატომ კაქტუსის?
- იმიტომ, რომ ჩემი სიზარმაცის გამო წვერის გაპარსვა ვერ მოვახერხე და ალბათ ვერ მოვასწრებ.
- კაი, რა, მშვენივრად გამოიყურები მაგ პატარა წვერშიც. ნახე, რა, შენც პრობლემა. კაქტუსს დიდი და ეკლიანი ბუსუსები აქვს. შენ კაქტუსი არ ხარ, უფრო წიწვოვანი ხე რამე - და ნინომ გულიანად გაიცინა.
- ეგ რომ ახალ წელს გეთქვა, უფრო უპრიანი იქნებოდა, საახალწლო ნაძვის ხედ მაინც გამოგადგებოდი.
- არც ახალი წელია შორს.
- ხო ეგეც მართალია.
შემდეგ ისევ ტკბილი კოცნით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და გიორგიმ ნინოს ბინა დატოვა.
***
უკვე 4--ს ნახევარი ხდებოდა, გიორგი კი არსად ჩანდა. ნინოს მოუსვენრობა დაეტყო. წარა-მარა ურეკავდა, მაგრამ ტელეფონი არ პასუხობდა. თანამშრომლებმა ნინოს დიდი ტორტი დაახვედრეს და დაბადების დღეც პომპეზურად მიულოცეს. სიტყვით გამოვიდნენ ვარლამ ნიორაძე და სხვა მისი კოლეგები. ნინო მოჩვენებითი სიხარულით იღებდა მილოცვებს. შემდეგ ტორტი დაჭრეს და იქ მყოფებს გაუნაწილეს.
- რაღაც ვერ ხარ განწყობაზე, ნინო, ხო მშვიდობაა - შამპანურის შეთავაზებით მიუახლოვდა ვარლამი ნინოს.
- არაფერი ისეთი, ბატონო ვარლამ. მეგობარს ველოდები და არ ჩანს, აგვიანებს რატომღაც.
- იმას? - ორაზროვნად ჰკითახა ვარლამმა.
- ვის გულისხმობთ, ბატონო ვარლამ?
- ვინც გადაცემებისთვის მასალას გაწოდებს?
- დიახ, იმას, ბატონო ვარლამ. მინდოდა გამეცნო თქვენთვის. იმედია მოვა. აი ისიც - სახე გაუბრწყინდა ნინოს - რეკავს. ეხლავე ამოვიყვან - და გახარებული გოგონა გასასვლელისკენ გაექანა. ხუთი წუთის შემდეგ კი ვარლამ ნიორაძე და გიორგი ერთმანეთს გააცნო.
გიორგიმ დიდი სიხარულით ჩამოართვა ვარლამს ხელი, ვარლამმა კი ცოტა უსიამოდ.
როდესაც ნინო თავის კოლეგა გოგოებთან ჭორაობდა და კისკისებდა, გიორგიმ დრო იხელთა და ნიორაძე გვერდზე გაიხმო.
- ბატონო ვარლამ, მესმის, რომ იმ ამბის შედეგ, რაც ნინომ გადმოგცათ, ჩემთან შეხვედრა თქვენთვის არც ისე სასიამოვნოა. დამერწმუნეთ, მხოლოდ კეთილი განწყობით ვარ თქვენს მიმართ და უაღრესად დიდ პატივს გცემთ. ნუ ჩამთვლით მტრად, ძალიან გთხოვთ!
- შეიძლება გკითხოთ, საიდან იცით ჩემს შესახებ ის, რაც იცით? ვინ გითხრათ?
- ამას არა აქვს მნიშვნელობა, ბატონო ვარლამ. მთავარი სხვა რამ გახლავთ და ამას ეხლავე მოგახსენებთ. სიმართლე გითხრათ, აქ, მეტადრე, თქვენს სანახავად უფრო მოვედი, ვიდრე ნინოს დაბადების დღეზე და როცა დამპატიჟა, ვისარგებლე შემთხვევით და გეახელით.
იმ საქმეს, ბატონო ვარლამ, რომელიც თქვენ დღემდე გულში ტკივილად გაქვთ ჩარჩენილი, ფარდა უნდა აეხადოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უფრო სწორედ, ერთი - მთავარი დამნაშავე, დანარჩენები კი უკვე დასჯილები არიან.
- როგორ? ვერ გავიგე.
- იმ ოთხი ადამიანიდან, ბატონო ვარლამ, ვინც ეს საზიზღობა ჩაიდინა, 2 ცოცხალი აღარ არის. ერთი მოკლეს და მეორე დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ ინსულტით გარდაიცვალა. მესამე ეხლაც ციხეშია და დარჩა მხოლოდ ერთი ავაზაკი, რომელმაც უნდა აგოს პასუხი და ამისთვის თქვენი დახმარება დაგვჭირდება.
- გაგიჟდით? არავითარ შემთხვევაში. მე არაფერს არ ვიტყვი. ის საშიში ხალხია და მათთან საქმის დაჭერა არ მინდა. გარდა ამისა, ქრთამი „გამიჩალიჩეს“, ასე ვთქვათ, და მაშინ მეც ციხეში უნდა წავიდე.
- ბატონო ვარლამ, ჯერ ერთი, მე ძალიან კარგად ვიცი, რა კვალი დატოვა იმ ამბავმა თქვენს ცხოვრებაზე. ვიცი, რომ მას შემდეგ მოსვენება გაქვთ დაკარგული. ნევროზიც კი დაგმართათ ამ ამბავმა და მკურნალობაც კი დაგჭირდათ. ვგონებ, არ არის საჭირო ჩამოგითვალოთ ის წამლები, რომლებსაც დღემდე იღებთ. თქვენი ორი მიკრო ინფარქტიც სწორედ ამის შედეგია. გარდა ამისა, თქვენმა გოგონამაც დიდი სტრესი გადაიტანა და მასაც ძალიან მძიმედ აქვს ტკივილი გულში ჩარჩენილი, თუმცა ყველანაირად ცდილობს, რომ ეს მშობლებს არ აგრძნობინოს. აღარაფერს ვამბობ იმ საშინელ პერიოდზე, რაც თქვენმა მეუღლემ გადაიტანა. ნუთუ არ გსურთ დამნაშავეებმა პასუხი აგონ და თქვენ და თქვენმა ოჯახმა სულიერად დაისვენოთ? რაც შეეხება ქრთამს, ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ფული თქვენ არ აგიღიათ, არამედ წაიღეთ და ქველმოქმედებისთვის გამოიყენეთ. დიახ, ის 10 ათასი დოლარი, თქვენ ბავშვთა სახლს შესწირეთ და ამის დამტიკება ძალიან იოლია. დაფიქრდით, ბატონო ვარლამ. იმ ადამიანებმა სხვაც ბევრი აზარალეს და თუ თქვენ გაჩუმდებით, ვინ იცის, რამდენ ადამიანს გაუმწარებენ კიდევ სიცოცხლეს?! მე კი გარანტიას გაძლევთ, რომ ის ორი დარჩენილი კაი ხანს ვერ გამოვა ციხიდან და როცა გამოვლენ(მრავალი წლის შემდეგ), თქვენ ვერაფერს ვეღარ დაგიშავებენ. დაპატიმრების ნუ გეშინიათ. კი, სამართალდამცავებისთვის უნდა გეცნობებინათ მომხდარის შესახებ, მაგრამ სასამართლო გაითვალისწინებს ყოველივეს. გარდა ამისა, გამომძიებელი თქვენ არავითარ ბრალს არ წაგიყენებთ. ამის გარანტიას მე გაძლევთ.
- არ ვიცი, არ ვიცი. კი, მაგრამ, ჩემგან რა გინდათ?
- არაფერი შეუძლებელი, ბატონო ვარლამ. განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელ, ბატონ ილია მუჯირთან უნდა მიბრძანდეთ და განცხადება გააკეთოთ; ყველაფერი დაწვრილებით მოუყვეთ და დანარჩენზე არ იდარდოთ. დამიჯერეთ, დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან. დაფიქრდით ამაზე, ბატონო ვარლამ და თუ გადაწყვეტთ, ხვალ ბატონი ილია მუჯირის კაბინეტში გელოდებით. აქ წერია, სად უნდა მოხვიდეთ გამომძიებელთან...და გიორგიმ დაბნეულ რედაქტორს ილია მუჯირის სავიზიტო ბარათი გადასცა.
- არა, არა, არ შემიძლია - თავი გააქნია ვარლამმა - ჩემ გოგოს ამ ტრავმას ვერ გავახსებენ, ეს გამორიცხულია.
- ბატონო ვარლამ. თუ იცით რატომ დამაგვიანდა აქ მოსვლა, ნინო რომ ასე ნერვიულობდა?
- არა, არ ვიცი.
- თქვენს ქალიშვილს, მანონის შევხვდი და ძალიან დიდხანს ვესაუბრე. ის საკმაოდ გაგებით შეხვდა ყოველივეს და მზადაა გამომძიებელს ჩვენება მისცეს. მე მასთან წინასწარი გასაუბრება იმიტომ დამჭირდა, რომ თქვენთან უფრო გახსნილი ვყოფილიყავი. თქვენ არ გაქვთ მიზეზი, რომ უარი თქვათ, თუ რა თქმა უნდა, თქვენი და თქვენი ოჯახის სულიერი მდგომარეობა გაწუხებთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ არაკაცების დასჯაზე, ვინც თქვენს ოჯახს ასეთი ტრავმა მიაყენა.
- როგორ, თქვენ ჩემს ქალიშვილს ამაზე ესაუბრეთ? - აღშფოთდა ვარლამი.
- დიახ, ბატონო ვარლამ. ვესაუბრე და არაფერი ამაში გასაკვირი არ გახლავთ. ის უკვე სრულწლოვანი ადამიანია და თვითონ წყვეტს, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს. თანახმაა, რომ ხვალ გამომძიებელთან მივიდეს და ჩვენება მისცეს. მე მისთვის არაფერი დამიძალებია, ეს მისი სურვილია. დამნაშავეებს მაინც დასჯიან, ბატონო ვარლამ. საქმე იმაშია, თქვენც მიიღებთ მონაწილეობას ამაში თქვენს ქალიშვილთან ერთად თუ მარტო დატოვებთ პირისპირ იმ არამზადების წინააღმდეგ.
- რად გინდათ ეს დემაგოგიური ლაპარაკი? სინდისზე ნუ მაგდებთ, თუ ღმერთი გწამთ. არ ვარ მე იმ ასაკის კაცი, ასეთ ბავშვურ ანკესზებზე წამოვეგო. საერთოდაც, თქვენ ვინ ხართ, გამომძიებელი?
- არა, მე მხოლოდ კონსულტანტი ვარ და ბატონ ილიას ვეხმარები. მომიტევეთ, თქვენი გულისტკენა არ მინდოდა. იცის ღმერთმა, თქვენთან კეთილი განზრახვით ვარ მოსული. დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული.
- გასაგებია ყველაფერი. მე ვნახავ მანონის და დაველაპარაკები. თუ მას მართლაც უნდა ჩვენების მიცემა, მაშინ, რა თქმა უნდა, მის გვერდით ვიქნები მეც და არ მივატოვებ. ეხლა კი, თუ შეიძლება, დამტოვეთ. ვერ გეტყვით, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებს თქვენთან საუბარი.
- თქვენი ნებაა, ბატონო ვარლამ. იმედია ხვალ გამომძიებლის კაბინეტში გიხილავთ.
ნიორაძე უსიამოვნოდ გაშორდა გიორგის, შემდეგ ლაბადა მოიცვა და ისე წავიდა, არავის დამშვიდობებია.
- რატომ გამიბრაზე რედაქტორი, რა უთხარი ასეთი? - ნახევრად ღიმილით მიეჭრა ნინო გიორგის.
- არაფერი ისეთი, გეტყვი მერე ყველაფერს?
ალა ფურშეტი, როგორც ასეთი, დიდხანს აღარ გაგრძელებულა. ნინო კოლეგებს დაემშვიდობა და გიორგისთან ერთად მშობლებისკენ გასწია.
გზაში გიორგიმ ნინოს ყველაფერი მოუყვა. ნინო გაოცებული უსმენდა და ყურებს არ უჯერებდა. რაღაც რომ იყო, კი იცოდა, აკი თავად გადასცა ვარლამს გიორგის დანაბარები, მაგრამ ასეთ რამეს ნადვილად არ ელოდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ვარლამი მოვა და ჩვენებას მისცემს? ჰკითხა ნინომ ცოტა ხნის შემდეგ გიორგის, როდესაც გაიაზრა და გონებაში დაალაგა ყველაფერი
- მჯერა, რომ მოვა.
- რაო, ანგელოზი რას გეუბნება?
- ანგელოზი, ჩემო ძვირფასო, ყველას ნაბიჯს და გადაწყვეტილებას არ მაცნობებს. ის მასწავლის გზას, როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ყველაფრის შედეგი, რა თქმა უნდა, არ ვიცი. ამიტომ, არ ვიცი, ვარლამი რას იზამს, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მანონისთან ერთად მოვა და ყველაფერი დალაგდება. რადგან ანგელოლზმა მე ეს საქმე დამავალა, ესე იგი ის უნდა აღსრულდეს და აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ ხვალ იქნება თუ მოგვიანებით, ვარლამი მაინც მივა მუჯირთან და ჩვენებას მისცემს.
- ხო, ლოგიკასთან ახლოსაა. მართალი ხარ. გადაცემა ვარლამზეც უნდა გავაკეთოთ? იცის? უთხარი?
- არა, ჯერ არ იცის. თუ დათანხდა და მოვიდა, მაშინ ვეტყვით. რა თქმა უნდა, გადაცემა აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რატომაც ვართ ჩვენს სამნი ერთ გუნდად შეკრული. არ მითქვამს, იმიტომ, რომ ამაზე ხვალ ცალკე ბრძოლა დაგვჭირდება კიდევ. არ დათანხმდება ვარლამი, ასე უცებ, მისი საქმის საქვეყნოდ გამოჭენებას. მაგრამ უნდა დავითანხმოთ და ამაში, იმედია, ანგელოზი დაგვეხმარება. სწორედ მისი დახმარებით და ასე ვთქვათ, „ჩემი ჯადოსნური ხერხებით“, მოვახერხე, სწორედ, მანონის დათანხმებაც.
- გააოცე ხომ ისიც, როგორც იცი ხოლმე?
- სხვა გზა არ მქონდა. ანგელოზს რომ არ ნდომოდა, მაშინ არაფერს მეტყოდა და მე ჩემით ან დავითანხმებდი ან არა. მაგრამ ისეთი რამეები ვუთხარი, პირი ღია დარჩა და მაშინვე დამთანხმდა.
- რა უთხარი ასეთი, მეტყვი?
- ძალიან ინტიმურია და ვერ გეტყვი. არ გეწყინოს რა - საცოდავად დაიმანჭა გიორგი.
- კარგი ხო. არ მწყინს. თუ არ ითქმის, ნუ მეტყვი. აი, მოვედით კიდეც.
გიორგიმ მანქანა ეზოში დააყენა და ნინოსთან ერთად მისი მშობლების სადარბაზოში შევიდა.
მშობლებთან დაახლოებით 2 საათი დაყვეს და უკვე შეღამებულზე გიორგიმ ნინო ფუნიკულიორზე აიყვანა.
- აქ რატომ მომიყვანე? გვიანია უკვე.
- ეშმაკის ბორბალზე უნდა გაგასეირნო.
- დაკეტილი იქნება უკვე, გვიანია.
გიორგი „ეშმაკის ბორბალთან“ ვიღაცას შეხვდა, ცოტა ხანს ჩუმად ელაპარაკა და შემდეგ ნინო ერთ-ერთ კაბინაში მიიწვია. ნინოც სიამოვნებით გაეშურა მისკენ.
კაბინაში პატარა მაგიდა იდგა. ზედ შამპანური და ორი ლიმონათის ბოთლი იდგა. ნინომ მაგიდაზე ასევე ხილი, შოკოლადი, ხაჭაპური და შამფურით მწვადები დაინახა. რა თქმა უნდა ტყემალთან, ყველთან და ლავაშის პურთან ერთად. ირგვლივ კი უამრავი ფერად-ფერადი ყვავილები. ვაზა ხილით და ბელგიური შოკოლადით იყო სავსე. ნინოს ზღაპარში ეგონა თავი.
- გასაგებია, რომ ანგელოზი ყურში რაღაცეებს გკარნახობს და ამით აოცებ ხალხს, მაგრამ მწვადი საიდან გააჩინე, ჯადოქარი ხარ? - ვერ მალავდა გაოცებას ნინო - ეხლა გასაგებია, რატომ ეკონტაქტებოდი ვიღაცას წარა-მარა, სანამ გზაში ვიყავით.
- სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს, ძვირფასო - გაუღიმა გიორგიმ და შუბლზე აკოცა.
როდესაც ეშმაკის ბორბალი დაიძრა, ნინომ შიშისაგან შეჰკივლა.
- ნუ გეშინია, ხომ შეგპირდი უნდა გაგასეირნო მეთქი - დაამშვიდა გიორგიმ.
გიორგიმ შამპანური დაასხა და ნინოს მიუჭახუნა:
- მე მინდოდა შენთვის დაბადების დღე თბილისის ყველაზე მაღალ წერტილში მომელოცა. შენ ეხლა ყველაზე მაღლა ხარ ამ ქალაქში. გადახედე, რა ლამაზია ჩვენი თბილისი. მე მინდოდა შენ ეს გენახა.
- ვაიმეე, მართლა რა ლამაზია - ეხლაღა გადახედა ნინომ გაჩირაღდნებულ თბილისს.
როდესაც კაბინა გაჩერდა, ნინოს ისევ გული შეუფრთხიალდა:
- რა ხდება? გავიჭედეთ?
- არა, ნუ გეშინია. ცოტა ხანს ვიქნებით აქ და როცა მოგვბეზრდება, წავალთ.
შემდეგ თმა შეისწორა, ქურთუკიდან კისერი სირაქლემასავით გამოყო და ნინოს მიმართა:
- დაბადების დღეს გილოცავ და ეს მინდა, იცოდე:
ჩემი გული, ჩემი სული სრულად გამოგიწოდე;
შენი დარი რა გაჩუქო? ამერია ფიქრები;
ჩემს სიცოცხლეს თუ მიიღებ, მარად შენი ვიქნები.
ჩემო დედოფალო, ყველაზე ულამაზესო და უმშვენიერესო დედამიწის ზურგზე...არა, ბოდიში, მთელს სამყაროში, გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ, შენი სიცოცხლე ისეთივე ლამაზი ყოფილიყოს, როგორც ეს ღამის თბილისია ეხლა და შენს თვალებში ისევე ენთოს ბედნიერების ნაპერწკლები, როგორც ეს შუქებია, მთელ ქალაქში გაბნეული. შენს საკადრის საჩუქარს მე ვერ გაჩუქებ, მაგრამ მაინც გჩუქნი ყველაზე ძვირფასს, რაც გამაჩნია - ჩემს გულს. ის იქნება მარადის შენი მფარველი, დამცველი და ეყვარები მანამდე, სანამ ფეთქავს და სუნთქავს.
შემდეგ ცოტა ჩაახველა და ხელები ნინოსკენ გაიშვირა და წარმოსთქვა:
- შენს მშვენებასთან მზეს დაუკარგავს თავის ელფერი,
თვით ვარდთა კონა შენს სიტურფესთან არაფერია;
ლექსს ვერ მოგიძღვნი, რადგან ისეთი, შენ რომ შეგფერის,
მგოსანთა შორის ჯერაც არავის დაუწერია;
ჯერ არ შექმნილა კიდით კიდემდე ტურფა ყვავილი,
რომ შენი სახე სულ ოდნავ მაინც მას შევადარო;
ან სად ვიპოვო შესაფერისი შენთვის მანდილი,
თუნდ მუხლის ჩოქვით შემოვიარო მთელი სამყარო?
მოგონილია ყველა სიტურფე და სილამაზე
და თვით ზღაპარშიც ვერ მიპოვია შენი სწორია;
მხოლოდ შენა ხარ ის ერთადერთი ამ ქვეყანაზე,
ვისი მშვენებაც შენი სიტურფის თანასწორია;
როგორ გავბედო, როგორ ვიკადრო შენი შექება?
ეს უდიდესი მკრეხელობაა დასაგმობელი;
მდაბიო მონა დედოფლის გვირგვინს ვერ შეეხება,
გინდ მეფე გახდეს ასი ათასი ქვეყნის მფლობელი;
მაგრამ, რას იზამ, თვით სიყვარული თავად ღმერთია,
ჩემი გონებაც შენზე ფიქრებით დაბინდულია;
...და თუ ოდესმე შენზე ოცნება გამიბედია,
გთხოვ, დამიჯერო, რომ დამნაშავე სიყვარულია.
ბედნიერებისგან გაბრუებულ ნინოს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში. შემდეგ მკერდში ჩაეკრა გიორგის და ტირილი დაიწყო. ნინო ბედნიერებისგან ტიროდა.
გიორგიმ თავი ააწევინა და ცრემლიანი თვალები მრავალი ნაზი კოცნით ამოუშრო.
ალერსმა თვალებიდან შუბზე გადაინაცვლა, შემდეგ ლოყებზე, ყურებზე, ცხვირზე და ტუჩებთან რომ მიაღწია, ისეთ ცხელ და ვნებიან კოცნაში გადაიზარდა, რომ ორივეს სიამოვნებისაგან ცახცახი დააწყებინა.
როდესაც ერთმანეთის ფერებით გული იჯერეს, მერეღა იგრძნეს შიმშილი და ისე გემრიელად დაიწყეს ჭამა, თითქოს კაი ხნის ნაშიმშილები ყოფილიყვნენ. მწვადი უკვე გაციებულიყო, მაგრამ მაინც გემრიელად შეექცეოდნენ. თან შამპანურს აყოლებდნენ და გიორგის მოყოლილ ამბებზე იცინოდნენ. კარგად რომ დანაყრდნენ, ნინოს შესცივდა და გიორგის მიეკრო.
- შეგცივდა?
- კი, ცოტა. შამპანურმა და შენმა კოცნებმა ძალიან გამათბო, მაგრამ ცოტა მაინც მცივა.
გიორგიმ მაშინვე სატელეფონო შეტყობინება გაგზავნა. კაბინა დაიძრა და დაბლა დაშვება დაიწყო.
სანამ გიორგი მანქანას დაძრავდა, ჯერ გათბობა ჩართო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ნოემბერის ღამე იდგა მაინც და ციოდა. გიორგი ნინოს გაყინულ ხელებს თავისი ტუჩებით უთბობდა.
- ძალიან გიყვარვარ? - თავისი ლამაზი მწვანე თვალები შეანათა ნინომ შეყვარებულ მამაკაცს.
გიორგიმ ნინოს მწვანე თვალებს თავისი თაფლისფერი თვალების სიყვარულით სავსე მზერა შეაგება და უპასუხა:
- ნუ მეკითხები, როგორ მიყვარხარ,
ამას ვერ გეტყვი ენით და პირით,
შენი ღიმილით ვხარობ და ვსუნთქავ,
.. და შენი დარდით ვკვნესი და ვტირი;
რამ შემიჩეროს ფეთქვა გულისა,
მე, სიყვარულით დამთვრალს და უძღებს?!
ნეტავ იცოდე, ეს ჩემი გული
რაოდენ ძლიერ სიყვარულს უძლებს;
ძვირფასო ჩემო, სიცოცხლევ ჩემო,
მე შენი მზერა მიჩერებს სუნთქვებს;
...და სიგიჟემდე კი არ მიყვარხარ,
არამედ გიჟი გახლავარ უკვე.
ნინოს ისევ სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში:
- ვისი ლექსებია? ძალიან მესიამოვნა.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? ისინი შენ გეკუთვნის.
- არ მითხრა ეხლა, რომ შენი დაწერილია - ნინოს თვალები გაუფართოვდა.
- ეეჰ, ჩემო ძვირფასო, მე რომ ლექსებს ვწერდე, ეხლა აქ არ ვიქნებოდი, შენთან - გაუღიმა გიორგიმ პირდაღებულ ნინოს.
- აბა სად იქნებოდი? -გაიოცა გოგონამ.
- სად და...ვიჯდებოდი სადმე ზღვის პირას და ვწერდი და ვწერდი ლექსებს შენზე მანამდე, სანამ ყველაზე კარგ ლექსს არ დავწერდი სიყვარულზე. იმიტომ, რომ მე რომ მიყვარხარ, ისე არავის არავინ უყვარს დედამიწის ზურგზე.
- ასე როგორ შემიყვარე, ნუთუ ასეთი ლამაზი ვარ? - კისკიკებდა ბედნიერებისაგან თავბრუდახვეული ნინო.
- განა მხოლოდ ტანი მიყვარს შენი, უფლის ქმნილი,
ან თვალები, ან ბაგენი, ან თითები თლილი?!
სული მიყვარს, უფრო, შენი, ჩემი სულის წყვილი;
სუფთა, როგორც წყაროს წყალი და მზესავით თბილი;
კეთილი და მგრძნობიარე, შაქარივით ტკბილი.
- ოჰო, შენ აღარ ხუმრობ. მართლა, ვისი ლექსებია?
- ჩემი მეგობარი დიოგენასი. ოღონდ ის ჩემს გრძობებზე წერდა - თვალი ჩაუკრა გიორგიმ ნინოს.
- დიოგენა?
- ბოდიში, ემზარი უნდა მეთქვა, დიოგენას მეტსახელად ვეძახით, ძალიან ჭკვიანი რომაა, იმიტომ.
- და შენ მის ლექსებს ზეპირად სწავლობ?
- მხოლოდ იმათ, რომლებიც შენ გეკუთვნის, ძვირფასო.
- კიდევ მეტყვი რამეს?
გიორგი ცოტა ჩაფიქრდა. მერე ისევ ნინოსკენ მიბრუნდა:
- შენ ჩემო თვალის სინათლევ, ჩაბუდებულო სულში,
ოჰ, როგორ მინდა, ძვირფასო, ძლიერ ჩაგიკრა გულში;
ყოველდღე მინდა გეფერო და გიჩურჩულო ყურში –
დღეს უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე მიყვარდი გუშინ...
- კიდევ, მინდა, კიდევ, კიდევ...ეშხში შევიდა ნინო.
გიორგი ცოტა ხნით ისევ ჩაფიქრდა და შემდეგ დაიწყო:
- იმ გაზაფხულის პირველი კვირტი მახარობელი,
პირველი ვარდი სიყვარულისკენ რომ მოგიწოდებს;
იასამნების მძაფრი სურნელი დამათრობელი
მე ვარ, იცოდე;
ჟუჟუნა წვიმის ათრთოლებული პირველი წვეთი,
შენს წამწამებზე დავანებული თავს რომ იწონებს;
დილის ბურუსში მზის ათინათის პირველი სვეტი
მე ვარ, იცოდე;
წყაროს კისკისი თუ გაგიღვიძებს გრძნობას და სურვილს,
ცისარტყელებით დაწნულ სიყვარულს გამოგიწოდებ;
ის ნაკადული, შენ რომ მოგიკლავს ვნებიან წყურვილს
მე ვარ, იცოდე;
...და თუ როდესმე გული გქონია დარდით მტირალი,
არ მაპატიებს მე არასოდეს ღმერთი იმ ცოდვებს;
ყოველი ცრემლი შენი თვალიდან დანადინარი
მე ვარ, იცოდე;
შენთვის ვარსებობ და შენთვის ვსუნთქავ, შენთვის ვიცოცხლებ,
შენზე ძვირფასი რა გამაჩნია?...და რომ ვიცოდე,
ჩემი სიკვდილი გაგიხანგრძლივებს ოდნავ სიცოცხლეს,
ის ბედნიერი ზვარაკი მაშინ
მე ვარ, იცოდე.
ნინოს თვალებიდან ბედნიერების ცრემლები სცვიოდა.
- რატომ მაინდამაინც მე? რამდენი ლამაზი გოგო დადის ქვეყანაზე. მე რატომ ამომარჩიე?
- სჯობს მზეს ხედავდე და სხვა ვერაფერი დაინახო, ვიდრე ყველაფერს უყურო და მზეს ვერ ხედავდე. მე მზე დავინახე, ჩემო ძვირფასო, დავინახე და შევიყვარე - ცრემლიანი თვალები დააუკოცნა ნინოს გიორგიმ.
- შენ მე დღეს არაჩვეულებრივი სიყვარულის პოეზიის საღამო მომიწყე და მადლობა შენ ამისთვის - სიხარულის ცრემლები ჩამოუგორდა ისევ ნინოს.
გიორგიმ მანქანა ნინოს სადარბაზოსთან გააჩერა, გადმოვიდა და ნინოს კარები გაუღო. მერე ჩახუტებულები სადარბაზოში შევიდნენ.
კარებთან რომ მივიდნენ, ნინო ოდნავ შეცბუნებული სახით გიორგის მოუბრუნდა:
- შემოხვალ?
გიორგის არ გამოჰპარვია ეს შიშით ნათქვამი „შემოხვალ?“
- არა, ჩემო სიყვარულო, გვიანია უკვე. შენც დაღლილი ხარ. არ მინდა ვისარგებლო იმ უპირატესობით, რასაც შენი მადლიერი გული ვალდებულების გრძობის გამო მთავაზობს. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.
ხვევნა–ალერსით გრძნობა არ ფასობს,
მას არ უხდება ქარაფშუტობა;
ნამდვილ სიყვარულს, ჩემო ძვირფასო,
გულის სიღრმეში უყვარს ბუდობა.
ნინომ ოდნავ ამოისუნთქა. შემდეგ გიორგის მკერდზე მიეკრო.
- შენ ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი. უსიტყვოდ იცი ყველა ჩემი გრძნობის და განცდის შესახებ. რომ იცოდე, როგორი მადლიერი ვარ შენი ასეთი არაჩვეულებრივი საღამოსთვის. მსგავსი არასოდეს არაფერი განმიცდია ცხოვრებაში. სასწაული ადამიანი ხარ. შენ ჩემი ცხოვრება გაალამაზე და დამანახე სიყვარულის ის დიდებულება, რაზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა აქამდე. მადლობა შენ ამისთვის. და მინდა გითხრა, რომ...მიყვარხარ.
შემდეგ გიორგის ტუჩების კუთხეში აკოცა, კარი გააღო და ოთახის სიბნელეში გაუჩინარდა.
***
სასამართლომ მერაბ ჩადრიშვილს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მის თანამონაწილეს კი, რომელიც ისედაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, 12 წელი. სამართალმა იზეიმა და ვარლამ ნიორაძის ოჯახმა, როგორც იქნა, ამოისუნთქა. კვალი, რა თქმა უნდა, დარჩა - იმ ტკივილს, რაც გადაიტანეს, რა გააქრობდა?! მაგრამ სამართალმა, ასე თუ ისე, იზეიმა და ამან მაინც დაამშვიდა ვარლამიც და მისი ოჯახიც. იმ გადაცემის შემდეგ, რაც ნინომ გააკეთა, ვარლამს სინდისი არ მისცემდა უფლებას, რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო და სანამ დაატოვებინებდნენ, თავად დაწერა განცხადება და წავიდა. ციური ახობაძე თანამდებობაზე აღადგინეს, ხოლო მისი გუნდის წევრები ისედაც სხვადასხვა რედაქციებში მუშაობდნენ უკვე. ციურიც ნინოს დაჟინებულ თხოვნას დათანხმდა, თორემ არ უნდოდა დაბრუნება. ისიც სხვაგან მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, ვარლამი რომ აღარ იქნებოდა იქ. ვარლამ ნიორაძის ადგილზე ნინო მეტრეველი დააწინაურეს. ვარლამს ერთ-ერთი რადიო არხის რედაქტორობა შესთავაზეს და მანაც მიიღო ეს შეთავაზება.
სამეული ილია მუჯირის, გიორგი ყიფიანის და ნინო მეტრეველის შემადგენლობით აგრძელებდა მუშაობას. ილია თავის თავზე ყველაზე რთულ და მძიმე დანაშაულებს იღებდა და ისე ხსნიდა, როგორც მათემატიკოსი ამოხსნიდა სკოლის მარტივ ამოცანას.
მერაბ ჩადრიშვილის ადგილი მისმა მოადგილემ ლადო კალანდაძემ დაიკავა. ლადოს არავითარი გართულება არ ჰქონდა მუჯირთან. პირიქით, სიმპათიით გახლდათ მის მიმართ განწყობილი და შეხმატკბილებულად მუშაობდნენ. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც კონსულტანტად გიორგი ყიფიანი აიყვანეს და მძიმე დანაშაულები ერთმანეთის მიყოლებით წარმატებით იხსნებოდა. მუჯირმა ყველა თავისი გაუხსნელი საქმე გამოითხოვა და გიორგის დახმარებით გახსნა.
მექსიკელი, რომელმაც ირლანდიელი ტურისტი მოკლა, ტაილანდის ციხეში იხდიდა სასჯელს; ხოლო ბიზნესმენი მელორ შამუგია, გარდაცვალების ინსცენირებისა და მიმალვისათვის საქართველოში ჩამოაბრძანეს და 9 წლით ციხეში მიაბრძანეს. 6 თვეში ილია მუჯირმა მიმდინარე საქმეებთან ერთად 31-ვე გაუხსნელი საქმე გახსნა და გახსნილი საქმეების პროცენტი 100-მდე აიყვანა. ნინო, ციურის დახმარებით კრიმინალურ საქმეებზე გადაცემებს აკეთებდა და მისი რეიტინგიც უსასრულობისკენ გარბოდა.
წინასწარ გეტყვით, რომ ნინოს დედამ, რომელმაც 3 წლის განმავლობაში მრავალი ტკივილიანი ღამე გადაიტანა, თერაპიის ორივე კურსი წარმატებით გაიარა და გიორგის მიერ რეკომენდირებული ექიმის მეშვეობით სრულიად განიკურნა. განიკურნა ნინოს მამაც. რაც არ უნდა გასაკვირი გახლდეთ, ნინოს ორივე მშობელი ეკლესიური გახდა და ღვთის ტაძარში დაიწყეს რეგულარული სიარული, წირვებზე დასწრება, აღსარება და ზიარება. სწორედ ტაძარში სისტემატიური სიარულის შემდეგ განიკურნა ორივე.
***
მამა იოანე წირვას ამთავრებდა. მსახურების ძირითადი ნაწილი დასრულებული იყო და ამბიონზე მდგარი მამა იოანე ქადაგებას იწყებდა:
- სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა, ჩვენთარ არს ღმერთი!
- არს და იყოს - შესძახა ერთხმად მთელმა ეკლესიამ.
- ღმერთი ჩვენთან არს, იყო და იქნება. მაგრამ საკითხავია, ჩვენ თუ ვიქნებით მასთან ოდესმე?!
მამა იოანემ მოკლედ აღწერა იმ წმინდანების ცხოვრება, ვისი ხსენებაც იყო და შემდეგ რჩევა-დარიგებებზე გადავიდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე და რისთვისაც, ალბათ, ყველაზე მეტად უყვარდათ მისი მოსმენა. ის ისეთ რამეს იტყოდა და ისე მოხვდებოდა ხოლმე მიზანს, თითქოს ყველაზე ყველაფერი იცის და მისთვის ლაპარაკობსო. მის მსმენელებს ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს მათი მისამართით ამბობს, რასაც ამბობსო:
- მარტო ის კი არ არის მთავარი, თუ რას გრძნობს გული, არამედ ისიც, თუ რას ფიქრობს თავი და რას ამბობს ენა.
როდესაც ეს სამი ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან, ეს სრული ბედნიერებაა სულისთვის.
ყოველი ადამიანი იმდენად ძვირფასია ღმრთისათვის, რომ მთელი ქვეყნის სიმდიდრეც კი ვერ გადაწონის მას. ჩვენ რომ ვიცოდეთ, უფალს როგორ ვუყვარვართ, ჩვენი გული და გონება ვერ დაიტევდა ამას. გული გასკდებოდა და გონება გაგიჟდებოდა. თქვენ რა გგონიათ, ღმერთი ემალება ადამიანს? არ შეუძლია დაენახოს, როცა უნდა? რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ მისგან იმხელა სიყვარული მოდის, რომ ადამიანი ვერ დაიტევს ასეთ სიყვარულს, ვერცერთი გული ვერ გაუძლეს ამას. ამიტომ, უფალი უფრთხილდება მას და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ენახვება. თუმცა, სულ გვერდითაა და არასოდეს ტოვებს მას. ჩვენ კი...ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი? სულ ცოტათი მაინ ვიზიარებთ უფლის სიყვარულს? არამც და არამც. გაიხსენეთ, როგორ ვუბრაზდებით ერთმანეთს სულ მცირე შეცდომის გამო. ერთმანეთს თვალებს დავკორტნით. თუ რამე შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მაშინვე ყელში ვწვდებით და არაფრის დათმობა არ გვინდა. ვდგავართ ტაძარში და დიდი ქრისტიანები გვგონია თავი, სინამდვილეში კი არც ღვთის და არც მოყვასის სიყვარული არ გაგვაჩნია. სიცოცხლე კი ზრუნვაა ჯანმრთელობისათვის, დღეგრძელობისათვის, კეთილდღეობისათვის, სიხარულისათვის, ბედნიერებისათვის, საზრდელისათვის, შესამოსელისათვის, თავშესაფრისათვის და მრავალი სხვა სიკეთეებისათვის...
...ოღონდ ჯერ სხვა, ირგვლივ მყოფი ადამიანებისა, ნაცნობებისა და უცნობებისა... და მხოლოდ ამის შემდეგ – ბოლოს – საკუთარი თავისა.
ვის უნდა ბაძავდეს ადამიანი, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს მისი ცხოვრების მისაბაძი მაგალითი?- რა თქმა უნდა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
აბა, ჩავიხედოთ, ეხლა, ჩვენს გულებში ყველამ. ვბაძავთ კი უფალს რამეში? ვინმეს უნახავს მუშტების მქნეველი იესო ქრისტე? ან მოჩხუბარი, ან საყვედურების მთქმელი, ან მოუთმენელი, არდამთმენელი; შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფითვე პასუხის გამცემელი; ცემაზე ცემით გადასული? ამპარტავანი, პატივის და დიდების მოყვარე, ეგოისტი, სხვის მიმართ გულგრილი? კარგი ჭამა-სმის მოყვარული, მოქეიფე და დარდიმანდიანი? ქალების მოყვარული, მრუში და აღვირახსნილი? დედ-მამის უპატივცემულო და ოჯახის შემარცხვენელი? რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითალოთ კიდევ? ხომ არ ამოვიცანით საკუთარი თავები?
დავფიქრდეთ ამაზე, ჩემო ძვირფასო შვილებო. ნუ მისცემთ გულს ამპარტავნებას, ის არის ყველაფრის თავი და თავი.
სხვადასხვა სარკეში ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს საკუთარ გამოსახულებას და ჰგონია, სადაც ყველაზე ლამაზი ჩანს, ისეთი არის სინამდვილეშიც. იცით რატომ? - ამპარტავანია და იმიტომ, უნდა რომ ყველაზე ლამაზი იყოს.
ვერიდოთ ისეთ საგნებს, რაც მხოლოდ გარედან ბრწყინავენ. დამერწმუნეთ, ბევრად უფრო ძვირფასია ის, რაც შინაგანი მშვენიერებითაა გაბრწყინებული. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზეც.
ჭურჭელი იმით ფასობს, თუ შიგ რა ასხია და არა იმით, თუ რისგანაა დამზადებული. ამიტომ, გარეგან სილამაზეს ნუკი ვეტრფით, შინაგანს მივაქციოთ ყურადღება. ყოველი სული ლამაზია და მისი დანახვა თუ გვინდა, გულით დანახვა უნდა ვისწავლოთ და არა მხოლოდ თვალებით.
სამწუხაროდ, ადამიანთა საქციელი განისაზღვრება პრინციპით - რას იტყვის ხალხი, და ნაკლებად ფიქრობენ ყველაზე მთავარზე - რას იტყვის ღმერთი.
ღმერთს მივბაძოთ და არა ადამიანებს. ვიფიქროთ გამუდმებით უფალზე და ის დაგვეხმარება ყველაფერში.
ადამიანი მაშინ კვდება, როცა ღმერთს ივიწყებს და არა მაშინ, როცა მიწაში ჩადებენ.
უსმენდა გიორგი ამ დიდებულ მოძღვას და დიოგენას ერთი პატარა ლექსი გაახსენდა:
„კაცი მაშინ კი არ კვდება, როცა გული უჩერდება,
როცა თვალებს დახუჭავს და როცა მიწას მიბარდება;
სინამდვილე სულ სხვა გახლავთ – კაცი უკვე მაშინ კვდება,
როცა ღმერთი აღარ ახსოვს, როცა ღმერთი ავიწყდება“.
მამა იოანე კი აგრძელებდა:
- სამწუხაროა, რომ ღმერთს ადამიანთა გადასარჩენად გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე სატანას მათ დასაღუპად. ისე იოლია ადამიანის ცდუნება, როგორც ქარისთვის ფოთლის ამოძრავება.
ადამიანის სულს ისევე სჭირდება კვება, როგორც სხეულს, თორემ შიმშილისაგან დაუძლურდება და დაიღუპება. მისი საზრდელი უფლის სიტყვაა. როგორც სხეულს წყენს გადამეტებული კვება, რომელიც ამახინჯებს და აავადებს მას, ასევეა სულიც. თუ შეძლებთ, გაუფრთხილდეთ სულის წონას, არ გაგიჭირდებათ სხეულის კონტროლიც.
ღმერთმა ადამიანს უდიდესი მადლი უბოძა და მას სინდისი ჩაუნერგა. რისთვის? - იმისთვის, რომ საკუთარი თავი აკონტროლოს და არ დაემსგავსოს ცხოველს, რომელიც მხოლოდ თავისი ვნებებით ცხოვრობს. ცხოველთან დაკავშირებით მცირე გადახვევას გავაკეთებ - ბევრ ადამიანს ძაღლს ეძახიან და არც კი ფიქრობენ, რომ ამით დაუმსახურებელ ქება-დიდებას უძღვნიან მათ. სულით და გულით ვინატრებდი, რომ ყოველ ჩვენგანს ძაღლის ერთგულების, სიყვარულის და თავგანწირვის უნარი გააჩნდეს... და ჩემი ნება რომ იყოს, ბევრ ადამიანს გარკვეული ვადით ძაღლად ვაქცევდი, რათა მისგან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თვისება მაინც გადაეღო.
სინდისზე ვამბობდი:
საკუთარ სინდისს ვერავინ ვერც მოატყუებს და ვერც მოისყიდის, რაც არ უნდა დაბინძურებული ჰქონდეს იგი – ვერც სიბრძნით განთქმული ადამიანი და ვერც უკანასკნელი გარეწარი.
როგორც მამა გაბრიელი ამბობდა: “სინდისი პატარა ღმერთია“.
...და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ტუტუცი და უგუნური უნდა იყოს ადამიანი, ღვთის მოტყუება ან მისგან რაიმეს დამალვა რომ გადაწყვიტოს;
სირცხვილი სინდისის შვილია. ასევე მისი შვილებია მადლიერება და სინანული.
სირცხვილის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თვისება გახლავთ, რაც კი ადამიანს უბოძა უფალმა. რაც უფრო მეტად აქვს მას ეს გრძნობა განვითარებული, მით მეტად იტანჯება მისი სხეული, მაგრამ მდიდრდება სული.
სამწუხაროდ, ხშირად, სინანულიც არ გვესმის სწორად.
პირით სინანულზე უმეტესი გულით სინანულია. მთავარი ის კი არ არის, რას იტყვი, არამედ ის, თუ რას ფიქრობ გულში. უფალი მეტადრე გულს უფრო უსმენს, ვიდრე ენას.
ამიტომ, როდესაც აღსარებაზე მოდიხართ, ჯერ თქვენ თავებს ჰკითხეთ, გულით ინანიებთ იმას, რასაც ამბობთ, თუ მხოლოდ რიტუალს ასრულებთ?
ადამიანი იმდენად ინანიებს საკუთარ ცოდვებს, რამდენადაც ამის საშუალებას მას სინდისი აძლევს;
ცოდვასთან ბრძოლა საკუთარ სხეულთან ბრძოლით იწყება, დაუნდობელი და სასტიკი. მხოლოდ სხეულის დამარცხებით იწყება ცოდვის დამარცხება. თუმცა, ეს საკმარისი არ გახლავთ. სხეულზე დიდი მტერი გონებაა, რომელიც ბრძანებებს აძლევს უსუსურ სხეულს და ისიც მორჩილად ასრულებს ყველაფერს. სხეულის დამარცხება შედარებით იოლია, გონების – უსაშველოდ ძნელი.
როცა აღსარებას აბარებთ, არ გეგონოთ, რომ მოძღვარს ელაპარაკებით, იცოდეთ, ღმერთი გისმენთ. მღვდელს ბევრჯერ მოატყუებთ (თუ იკადრებთ, რა თქმა უნდა), ღმერთს – ვერასოდეს.
ადამიანის სიწმინდე ცოდვათა რაოდენობით კი არ იზომება, არამედ მონანიების სიხშირით და გულწრფელობით.
სახლი მაშინაა უფრო სუფთა, როცა ხშირად ასუფთავებენ, ვიდრე მაშინ, როცა ცდილობენ, არ დაანაგვიანონ.
სამწუხაროდ, ეკლესიაში სიარულის ელემენტარული წესებიც არ ვიცით, თორემ რომელ მონანიებაზე ლაპარაკი?
თქვე დალოცვილებო, ქორწილში ან სხვა წვეულებაზე რომ გაწკეპილები მიდიხართ, გალამაზებულ-დამშვენებულები, შარვალ-კოსტუმსა და ლამაზ კაბებში გამოწყობილები, უფლის ტაძარს რატომ არ სცემთ პატივს? ზოგი სპორტულებით რომ დადის, ზოგი ფლოსტებით, ზოგი ბოტასებით და ჯინსებით, ზოგი მოკლე კაბით. მანდლოსნები შარვალზე რომ თავსაფარს შემოიხვევთ ხოლმე, ამით კაბად გადაიქცევა? ან თავის დაბურვის მაგივრად, ფოთოლივით რომ დაიდებთ ხოლმე ნაჭერს თავზე, ასე სცემთ უფალს პატივს? ნუ იქნებით თვალთმაქცები. ვის ატყუებთ, უფალს თუ საკუთარ თავებს? როგორ პატივსაც მიაგებთ უფლის სახლს, ანუ თავად უფალს, ისევე მოგეზღვებათ თქვენ. თქვენ რომ ვერ ხედავთ, გგონიათ უფალი აქ არ არის? ამიტომ ექცევით ასე აგდებულად?
აღარაფერს ვამბობ ზერელე ლოცვებზე, აღსარებასა და ზიარებაზე.
რაც შეეხება ლოცვას, ხშირად ვამბობ ხოლმე, ჯერ ხეირიანად ლოცვაც არ ვიცი მეთქი. ბევრს ჰგონია, ტექსტს ვგულისხმობ. ნეტა მართლა ასე იყოს და მხოლოდ ეს იყოს დაბრკოლება. ლოცვა ხომ ღმერთთან საუბარია?! ჯერ მარტო ბოლომდე რომ ჩაწვდე ამას, შეიძლება გაგიჟდე კაცი. შენ –ცოდვილი, არარაობა, საერთოდ თუ წარმოადგენ რამეს, ბედავ და ღმერთს ესაუბრები. ბედავ, რადგან ასე დაგიწესა უფალმა, მოგცა უფლება დაელაპარაკო უზენაესს...და თუ შენ ამას მართლა ხვდები და გრძნობ, მაშინ შეიგრძნობ სწორედ, რა დიდი ბედნიერებაა ეს. როცა ცხელი ცრემლები ღაპაღუპით გცვივა და შენი ყოველი სიგლახე და ცოდვა გახსენდება; როცა იცი, რა უბადრუკი ხარ და ვის ელაპარაკები. მაშინ შეიგრძნობ სწორედ, რა ტკბილი ყოფილა ლოცვა. როცა ტირილის არ გრცხვენია, მითუმეტეს თუ მარტო ხარ. როცა იცი, რომ ეს ცრემლები ყველაზე წმინდა და უანგაროა; როცა სინანული გაწვალებს, მაგრამ ეს სინანული ტკბილია და ვერ ხსნი, რატომ. როცა გინდა, რომ ეს ცრემლები არასოდეს შეჩერდეს; როცა გინდა რომ ეს ლოცვაც არასოდეს დამთავრდეს. შეიძლება სულ ოდნავ, მაგრამ მაინც, ღმერთის არსებობას გრძნობ შენს სხეულში და უკვე ხვდები, რას ნიშნავს, რომ სასუფეველი თვით შენშია. არ ჩქარობ, არა. არ ფაციფუცობ, რომ დროზე დაამთავრო და შენს მიწიერ საქმეებს დაუბრუნდე; არამედ დგახარ მუხლდაჩოქილი ხატის წინ, თავჩაღუნული და ტირიხარ. თავჩაღუნული იმიტომ, რომ ხატის შეხედვისაც გრცხვენია, გეშინია, გერიდება, თვალს ვერ უსწორებ. იცი, რომ ხატი კი არა, უფალი გიყურებს. მთელი ყურადღება შენსკენ აქვს მომართული და ყურადღებით გისმენს, რას სთხოვ. კი არ მოითხოვ, სთხოვ. დიახ, ბევრი მხოლოდ მოითხოვს, უკან კი არაფრის გაცემა არ სურს. ეს არ არის ლოცვა. უფალი ჩვენი მოსამსახურე როდია –ჯადოსნური ჯინი - რომელიც ყველა სურვილს ასრულებს. ის მეუფეა ჩვენი, უზენაესი, უსაყვარლესი მამა, რომელსაც ისეთი ძალით ვუყვარვართ, წარმოდგენასაც რომ ვერ შევძლებთ ვერასოდეს. დგახარ ამ დროს მუხლებზე, ტირიხარ და გრცხვენია, რომ ასეთი უბადრუკი, ასეთი უგნური ასეთი ძალით შეგიყვარა და არ იცი, მადლობა რითი გადაუხადო, როგორ დაუბრუნო სიყვარული. ამიტომაც ტირიხარ. მთელი სიცხადით შეიგრძნობ, რა მტანჯველი და ამავე დროს ტკბილი გრძნობაა სინანული და მადლიერება. სწორედ ეს უნდა უფალს შენგან, სწორედ ამას გთხოვს, სწორედ ეს არის ლოცვა. ვერც კი წარმოიდგენ ადამიანი, რა ბედნიერია უფალი ამ დროს. საოცარია არა? დიახ, უფალი ამ დროს ბედნიერია – ბედნიერია რომ შენ მას გრძნობ, ეძებ, ლოცულობ.
ამიტომაც მიჭირს, ამიტომაც ვამბობ, რომ წესიერად ლოცვაც კი ვერ მისწავლია და პირველ რიგში ამას ვევედრები ღმერთს, რომ მისი სიყვარულის ძალა მომცეს, მომცეს ძალა ჭეშმარიტი ლოცვისა, მადლიერებისა და სინანულისა. მეც, ისევე როგორც თქვენ, მჭირდება ეს...და არა ისე, ზერელედ, როგორც გვჩვევია ხოლმე. ლოცვა ტექსტების კითხვა არაა მხოლოდ, ლოცვა სულის საუბარია უზენაესთან - გულწრფელი საუბარი შვილისა მამასთან.
ლოცვა იმისთვის კი არ მოუგონია ღმერთს, რომ გამუდმებით რაღაცას ვთხოვდეთ. ის ჩვენი სულის განსაწმენდელად არის საჭირო, თორემ უფალმა უჩვენოდაც კარგად იცის, რა გვჭირდება და რისი ღირსნი ვართ.
ჭეშმარიტი მორწმუნე ისე უნდა ლოცულობდეს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი ლოცვა ყოფილიყოს და ისე უნდა ინანიებდეს, როგორც განკითხვის ჟამს მოინანიებდა.
ილოცეთ, ასევე, ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვისაც. იცოდეთ:
ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის, ვინც საკუთარ ცოდვებს ინანიებს. ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვინც სხვის ცოდვებსაც ინანიებს. სხვისთვის ლოცვა არის სწორედ მათი ცოდვების მონანიება.
ადამიანს მოშივდება თუ არა, მაშინვე საკვებს მივარდება ხოლმე, რომ, რაც შეიძლება, სწარაფად ამოივსოს მუცელი და მოიკლას შიმშილი. მშიერი სულით კი ხშირად მთელი ცხოვრება დადის და არათუ დანაყრებაზე, ცოტაოდენი საკვების მიწოდებაზეც კი არ ფიქრობს.
ხოდა, მარხვაზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას:
მარხვა ის კი არ არის, როცა გშია და თავს იკავებ, როცა სხეულს რამე სწადია და თოკავ, არამედ ის, როცა იმდენად განიცდი შენს ცოდვებს, იმდენად გლოვობ, რომ არც საკვები და არც სხვა რამ არ გაინტერესებს, გულს არ ეკარება. მარხვა ჭეშმარიტი გლოვაა სულისა...და როცა სული გლოვობს, სხეული ემორჩილება სულს. აი, ამ დროს ხარ უფალთან ყველაზე ახლოს. მარხვა სინანულის უდიდესი გამოვლინებაა, ოღონდ სხეულისა და სულის ერთდროული სინანულისა.
ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა გველის ჩვენი ცოდვების გამო, სული ისეთ სინანულში მოვიდოდა, საკვებს ვერასდიდებით ვერ მივიღებდით, იმდენად მგლოვიარე იქნებოდა ჩვენი სული, სხეული, გონება, ფიქრი – ყველაფერი. ვიტიროთ ჩვენი ცოდვები და ვევედროთ უფალს შენდობა. ის კი არ არის მთავარი, რას მიიღებს სხეული საკვებად, არამედ სულს რითი ვკვებავთ, ის არის უმთავრესი. აი, ეს არის ჭეშმარიტი მარხვა.
მარხვით და თვითგვემით განა ღმერთს ემატება რამე? არამც და არამც. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სულებს სჭირდება განსაწმენდად და მოსანანიებლად. რა თქმა უნდა, თუ ამას სიყვარულით და სიამოვნებით ვაკეთებთ და არა სხვის დასანახად და მოსაჩვენებლად.
მე ამ ხნის კაცი ვარ და ვერ შევძელი ჯერ ასეთი მარხვის დაცვა. დიეტა კი - რამდენიც გინდა.
გიყვარდეს სხეული სულზე მეტად, ნიშნავს გიყვარდეს მკვდარი ცოცხალზე მეტად, ანუ სიკვდილი სიცოცხლეზე მეტად, ანუ სატანა ღმერთზე მეტად.
რაც შეეხება ზიარებას, მე აქ ვხედავ ხოლმე, როგორ უდარდელად მიეახლებიან უფლის სიხლსა და ხორცს ზოგიერთები. მთავარია მკერდზე ჯვარედინად გადაიკრან ხელები და მორჩა, ღირსად თვლიან თავებს. ზოგი ვერც გვერდით მდგომ მოხუცს ხედავს, ვერც ბავშვს და ვერც ვერავის. ისე მიიწევს წინ, თითქოს მეტროს ვაგონში ჩქარობდეს შესვლას, სანამ კარები დაიკეტება.
თქვენ რომ ჭეშმარიტი მოწიწება გქონდეთ უფლისა, მუხლების კანკალით უნდა ეახლებოდეთ ბარძიმს და არა ისე, ვითომ პურის რიგში დგახართ. ზერელე რწმენა განაგდეთ და სულით და გულით ადიდეთ უფალი, ქცევით, სიტყვით და საქმით. უამისოდ უნაყოფოა ყოველივე. კარგად გაიაზრეთ ეს.
- მამაო, ხშირი ზიარება საჭიროა?- ჰკითხა ერთმა ქალბატონმა, რომელიც ახლოს იდგა მამა იოანესთან.
კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი მიღებული პრაქტიკა გახლდათ მამა იოანეს ტაძარში, თუმცა სრულიად განსხვავებული სხვა ტაძრებისაგან და ესეც ერთი-ორად საინტერესოს ხდიდა მის ქადაგებებს. შეგეძლო ნებიმიერ დროს გეკითხა, რაც გაინტერესებდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, რამეთუ თავად მამა იოანემ დაადგინა ასე.
- სახლს ხშირი დაგვა და დასუფთავება სჭირდება, თორემ ნაგვით გაივსება და, რაც უფრო იშვიათად მიხედავთ, მით უფრო ძნელი იქნება გაწმენდა. აბა, მაშ, სულმა რაღა დააშავა? განა, ის ყველა სახლზე ძვირფასი არ არის? - იყო პასუხი - მკითხეთ, კიდევ რა გაინტერესებთ, არ მოგერიდოთ.
- მამაო, ღმერთის რატომ უნდა მეშინოდეს?
- ღმერთის კი არ უნდა მეშინოდეს, უნდა მიყვარდეს, მაგრამ მე მეშინია, იმიტომ რომ ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი. ბედნიერი მაშინ ვიქნები, როდესაც ისეთ მდგომარეობას მივაღწევ, ცოდვებს რომ არ ჩავიდენ, არა ღვთის შიშის გამო, არამედ სულიერი მოთხოვნილებისა და ღვთის სიყვარულის გამო.
ადრე, ახალგაზრდობაში, არასოდეს ვეთანხმებოდი გამონათქვამს - "შიში შეიქმს სიყვარულსა" და მიკვირდა, როგორ შეიძლება, გიყვარდეს ის, ვისიც გეშინია. მონას არ უყვარს თავის ბატონი და გულში მის მიმართ ყოველთვის ზიზღი გააჩნია. ასე ვფიქრობდი, იმიტომ რომ ბევრად უგნური და უმეცარი ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. მაგრამ უფლის წყალობით, ერთადერთი უზენაესი სიყვარულის – ღმერთის წყალობით, მივხვდი, რომ უფალი უნდა გიყვარდეს არა იმიტომ, რომ მისი გეშინია, არამედ ჯოჯოხეთის შიშის გამო. ადამიანმა რომ მცირედით მაინც იცოდეს, რა საშინელება ელის ჯოჯოხეთში, ისეთი ძალით შეიყვარებდა უფალს, რომ ვერავითარი ძალა ვერ ჩაუქრობდა ამ სიყვარულს. ამიტომ, ეს გამონათქვამი უფრო ასე იქნებოდა მართებული - "ჯოჯოხეთის შიში შეიქმს უფლის სიყვარულს"...და თუ ადამიანი გონიერია, მიხვდება, რაოდენ დიდი სიყვარულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ვევედროთ მას, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს მისი სიყვარულის ძალა და ნიჭი. დამერწმუნეთ, ეს არის ის ყველაზე მთავარი, რისთვისაც ვცოცხლობთ ამ ქვეყანაზე.
- მამაო, კარგია და გასაგები, რაც ლოცვაზე გვითხარით. საოცარი სიმართლეა მართლაც. სულ მიკვირდა ხოლმე და მინდა გკითხოთ, ლოცვებში რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით, თანაც ვიცით რომ სამებაა?
- პასუხი ძალიან მარტივია, ოკეანეში რამდენი წყალია, მაგრამ წყლებს ხომ არ იტყვით? ან ჰაერი ყველგანაა, მაგრამ ჰაერებს ხომ არ ეძახით?
ღმერთი კი უფრო სრულია და უფრო ყველგანაა. თუმცა მე მაინც ასე გიპასუხებდი:
იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია. სიყვარულს კი მრავლობითი ფორმა არა აქვს - გაუღიმა მოძღვარმა შემკითხველს.
- მამაო, რატომ გვიგზავნის უფალი ამდენ განსცდელებს, ჩვენი სულების გამოსაწრთობად?
- ბავშვს წამალი არ უყვარს, ემწარება. მიღებისას ტირის და ცდილობს, აირიდოს თავიდან. მან რომ იცოდეს, დედას როგორ უყვარს და რატომ აძლევს წამალს, მაშინ ტირილის ნაცვლად, სიხარულით მიიღებდა და დედას ჩაეხუტებოდა და მოეფერებოდა. ასეა ადამიანიც. მან არ იცის, როგორ უყვარს ღმერთს, როცა მას სნეულებებს და განსაცდელებს უვლენს. ეს რომ იცოდეს, მადლიერებით და დიდი სიხარულით მიიღებდა ყოველივეს და ადიდებდა ღმერთს ასეთი წყალობისათვის. როგორც ბავშვს არ ყოფნის გონიერება, რომ დედის სიყვარულს ბოლომდე ჩაწვდეს, ასევე ადამიანსაც არ ყოფნის გონიერება, ჩაწვდეს ღმრთის მადლსა და უზომო სიყვარულს ადამიანებისადმი. ხოლო ვისაც აქვს ეს უნარი, ის ყველაზე ბედნიერი ადამიანია დედამიწის ზურგზე. ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული უზომოდ ძნელია და გამუდმებული სწავლა სჭირდება.
- მამაო, ვიცით, რომ ძალიან ძნელია კარგი ქრისტიანობა. იქნებ გზა გვასწავლოთ, როგორ გავხდეთ კარგი ქრისტიანები?
- ამაზე პასუხს მე ასე გაგცემდით:
კარგი მშობელი ყველაზე დიდი სიკეთეა შვილისა;
კარგი შვილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა მშობლისა;
კარგი დედმამიშვილი ყველაზე დიდი სიხარულია გულისა;
კარგი რძალ-სიძე ყველაზე დიდი სიმშვიდეა სულისა;
კარგი ნათესავი ყველაზე დიდი საუნჯეა ნათესავისა;
კარგი ცოლი ყველაზე მთავარი ღირსებაა კაცისა;
კარგი ქმარი ყველაზე ძვირფასი სამკაულია ქალისა;
კარგი ოჯახი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ადამიანისა;
კარგი მეგობარი ყველაზე დიდი იმედია მეგობრისა;
კარგი მეზობელი ყველაზე დიდი სინათლეა მეზობლისა;
კარგი ადამიანი ყველაზე კარგი მოყვასია ადამიანისა...
კარგი ქრისტიანი კი – ეს ყველაფერია ერთად.
კარგი, დღეს მეტს აღარ გადაგღლით. ბოლოს ამას გეტყვით:
ერთადერთი, ვინც არასოდეს მიგატოვებთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს დაგივიწყებთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს გიღალატებთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს გაგიბრაზდებათ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს გულს არ გატკენთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს უარს არ გეტყვით - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს ხელს არა გკრავთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს გაგიცრუებთ იმედს - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს დაგაყვედრებთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს ცუდს არ გაგახსენებთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს დაგიწუნებთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც არასოდეს მოგიძულებთ - უფალია;
...და კიდევ:
ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგითმენთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგიტევებთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის გელოდებათ - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის ახლოსაა - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის ზრუნავს - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის განიცდის - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგისმენთ - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის გაგიგებთ - უფალია;
ერთაცერთი, ვინც ყოველთვის დაგაიმედებთ - უფალი
ერთადერთი, ვინც ყოველთვის მოგწმენდთ ცრემლს - უფალია;
ერთადერთი, ვინც ყოველთვის გულში ჩაგიკრავთ - უფალია;
ერთადერთი, ვისაც ყოველთვის უყვარხართ - უფალია;
ისიც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ერთადერთი, ვინც ყველაზე ხშირად გვავიწყდება - უფალია...
ადამიანს როცა სცივა, მზე მაშინ ენატრება, თორემ სიცხეში მისი დანახვაც არ უნდა და ავიწყდება, რომ მზე სიცოცხლეა.
ზაფხულში რომ თოვლი მოგენატროს, ის კი არ არის გასაკვირი, გასაოცარი ის არის, როცა მზეზე ხარ და მას ვერ ხედავ.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ისწავლეთ უფლის დანახვა და შეცნობა. უფალი როგორც მზეა - სითბო და სიყვარულია, სიკეთე და სულის ცხონებაა.
...და ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ეკლესიაში შეგრცხვებოდათ. ღმერთი ტაძარში როდი ზის? ის ყველგან არის, ყოველთვის და ყველაფერს ხედავს.
რეციდივისტი დანაშაულს იმიტომ კი არ სჩადის, რომ მას ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ სულსა და გონებაში აქვს გამჯდარი და არ შეუძლია სხვანაირად. მოიხდის სასჯელს და ისევ სჩადის.
ცოდვისკენ მიდრეკილება ბევრად უარესია. ის თუ სულში გაგიჯდა, მისი მოშორება გაცილებით უფრო ძნელია. მას, სამწუხაროდ, პატიმრობით ვერ გამოისყიდი.
კარგია, როცა საკუთარი სულის გადარჩენაზე ზრუნავ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების სულებისთვის ზრუნვაც, თუნდაც, ირგვლივ მყოფი ახლობელი ადამიანების სულებისთვის. განა, როგორ შეიძლება ქორწილში ბედნიერი იყო, როცა გვერდით საყვარელი ადამიანები არ გყავს და იცი, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან ?!
გიყვარდეთ ერთმანეთი და მოექეცით ისე, როგორც უკანასკნელი შეხვედრისას მოექცეოდით. კარგი იქნებოდა, ადამიანებს სიცოცხლეშივე ვცემდეთ ისეთ პატივს, როგორსაც სიკვდილის შემდეგ მივაგებთ ხოლმე.
...და გახსოვდეთ ყველაზე მთავარი: ყოველი წამი უფლის გარეშე დაკარგული სიცოცხლეა.
ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობით გატაროთ !
მამა იოანემ მრევლს პირჯვარი გადაწერა და ქადაგება დაასრულა.
ასეთი იცოდა მამა იოანემ ქადაგება. მისი ბაგეებიდან ისეთი სიბრძნე, მაგრამ, ამავდროულად, ისეთი უბრალოება და სიყვარული გამოდიოდა, რომ მისი გამონათქვამები ან უნდა ჩაგეწერა, ან უნდა დაგემახსოვრებინა, რომ მერე კარგად გაგეაზრებინა მისი ნათქვამი.
გიორგი მამაოს ეკლესიის ეზოში ელოდა. მამა იოანე მხოლოდ მაშინ გამოდიოდა ტაძრიდან, როდესაც ყველა მსურველს გაესაუბრებოდა. არავის დატოვებდა უყურადღებოდ. ყველას მოეფერებოდა, თუ საჭირო იყო, ასწავლიდა, გზას მიუთითებდა. ბოლოს დალოცავდა და გაუშვებდა.
გიორგიმ ეს ძალიან კარგად იცოდა და ამიტომაც მოთმინებით ელოდა.
მამა იოანე მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა გიორგის და მის დახრილ თავს პირჯვარი გადასწერა. შემდეგ იქვე სკამზე ჩამოჩჯდნენ.
- აბა, როგორ ხარ, გიორგი შვილო?- მამობრივი სიყვარულით მოიკითხა მამა იოანემ გიორგი.
- არა მიშავას, მამაო, ღვთის წყალობით.
- ხომ არაფერი გაგჭირვებია? ანგელოზმა ხომ არ დაგაბარა რამე? როგორც ვიცი, ბევრი სასარგებლო რამ გააკეთეთ იმ შენ გამომძიებელთან და ჟურნალისტ გოგოსთან ერთად. ხანდახან მეც ვუყურებ ხოლმე ტელევიზორს.
- ღვთის მადლით და დახმარებით, მამაო. ეხლა კურთხევის ასაღებად მოვედი თქვენთან.
- აბა, გისმენ.
- ცოლის მოყვანა მინდა. ჯვარს აქ დავიწრეთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენი კურთხევა იქნება.
- ძალიან კარგი ამბავია, სიამოვნებით მოგცემ კურთხევას. ნეტა სულ ასეთი კარგი ამბები მესმოდეს. ანგელოზი რას გეუბნება მაგ საკითხზე?
- იგივე აზრისაა, ოღონდ კურთხევა აიღე მამა იოანესგანო. ამიტომ გეახელით დღეს და თუ თქვენი კურთხევაც მექნება, დავნიშნავთ ქორწინების დღეს.
- კეთილი. ღმერთმა დაგლოცოთ, გიორგი. გაძლევ კურთხევას. როცა გინდა დავნიშნოთ ჯვრისწერა, ოღონდ წინასწარ შემითანხმე, რომ ვიცოდე. ვინ არის შენი რჩეული?
- ის ჟურნალისტი, მამაო, ნინო მეტრეველი.
- ოოო, ძალიან კარგი. არააჩვეულებრივ გოგონაა, ეტყობა მაშინვე. აქაც ხომ იყავით ერთად რამდენჯერმე. მიხარია, რომ ასეთი კარგი არჩევანი გაგიკეთებია. ოღონდ, იცი რა მინდა გკითხო? მზად ხარ ოჯახური ცხოვრებისათვის? ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში და კარგად გააზრების შემდეგ უნდა გადადგა იგი. სიყვარულს რა ჯობია, ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად მზად ხარ აიღო ოჯახის ტვირთი? - აი, ამას გეკითხები. იმიტომ, რომ ბევრი არ ფიქრობს ამაზე, აუდუღდებათ სისხლი და მაშინვე ქორწინდებიან დაუფიქრებლად. შემდეგ კი ოჯახებს ანგრევენ.
ზოგჯერ ყველაზე საყვარელი არსებიდან ყველაზე საძულველ არსებამდე სულ ერთი ნაბიჯია - ქორწინება. ამიტომ, კარგი დაფიქრება გმართებს.
- ბევრი მაქვს ნაფიქრი, მამაო. მართალია სულ 6 თვეა, რაც ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ მტკიცედ ვარ დარწმუნებული ჩემს არჩევანში. მე უფრო ის მადარდებს, ჩემი რჩეული არ შეცდეს ჩემში.
- მიხარია, რომ ასე ფიქრობ, გიორგი. ეს არის სწორედ ქრისტიანული აზროვნება.
ესეც იცოდე: არ არსებობს პირველი და მეორე სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული სიცოცხლესავით ერთადერთია - პირველი და უკანასკნელი.
თუ თქვენს სიყვარულს ძლიერი საფუძველი ექნება, გიორგი, მას ვერაფერი შეარყვეს, ხოლო თუ სუსტი იქნება, განსაცდელები უმალვე დაანგრევენ.
სახლის მთავარი ღირსება საძირკველია და არა ფასადი. უშნო ფასადს შეღებავ და გაალამაზებ, მორყეულ საძირკველს კი ძნელად თუ უშველი.
ამიტომ, კარგად „დააბეტონეთ“ თქვენი სიყვარულის საძირკველი და მასზე დაშენებული ბედნიერება ტკბილი და უსასრულო იქნება.
როგორც ბიბლიაში გიწერია, ქალს ისე უნდა მოექცე.
- მადლობა, მამაო, თქვენი შეგონებები სულს მინათებს, მათბობს და მაძლიერებს.
- ჩემი არა, გიორგი, ყოვლივე უფლისგან მოდის.
- რა თქმა უნდა, მამაო.
- ღმერთმა ევას მისცა ის, რაც ადამს დააკლო და - პირიქით. ადამიანი მხოლოდ მეორე ნახევართან ერთად შეიძლება იყოს სრულყოფილი...და, თუ ასე არ ხდება, ეს არასწორი შეუღლების შედეგია. მარტოხელა კაცი კი, თუ ის ღვთის სამსახურში არ დგას, ჯერ ნახევარადამიანია, შემდეგ - მეოთხედი, მეათედი და საბოლოოდ ნულის ტოლი ხდება.
სიყვარული უზენაესი ხელოვნებაა, რაც კი ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია და გაცილებით დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება. სამწუხაროდ, მოყვარულები უფრო მრავლად არიან ამ სფეროში.
წადი გიორგი, კურთხეულ იყოს თქვენი სიყვარული ღვთის წინაშე. დამილოცნიხართ! ბედნიერები ყოფილიყავით ღმერთში და ერთმანეთის სიყვარულში. გიყვარდეს შენი ცოლი, როგორც საკუთარი თავი და იყავნთ ერთხორც მარად. ისე, რომ მარტო ამ ქვეყანაზე კი არა, იმქვეყნადაც ერთად იყოთ მარადიულ სიყვარულში.
მამა იოანემ გიორგის თავზე სამჯერ გადასახა პირჯვარი. შემდეგ გულში ჩაიკრა, თავზე მამაშვილურად მოეფერა და მშვიდობით გაუშვა ტაძრიდან.
***
ივნისის თბილი დილა იდგა. გიორგი მუქ ლურჯ შარვალ-კოსუმსა და თეთრ პერანში გამოწყობილი რამდენიმე მანქანის სირენების თანხლებით ნინოს მშობლების სახლს მიადგა. დღეს მათი ქორწინების დღე იყო. გათენდა ის ნანატრი დღე, ასე რომ ელოდებოდნენ შეყვარებული გულები.
ნინოს მშობლების ოჯახში მცირე რიტუალი ჩატარდა. შამპანურები ატკაცუნდა, სადღეგრძელოები პომპეზურად შეისვა. იყო მშობლების სიხარულის ცრემლები, დედმამიშვილების ბედნიერი სახეები. შემდეგ კი...შემდეგ ნეფე-პატარძალი მანქანაში ჩასხდნენ და ჯვრის დასაწერად მამა იოანეს ტაძრისკენ დაიძრნენ.
ჯვრისწერის რიტუალმაც სიხარულის, ტელეფონების ჩხაკუნის და კეთილი სურვილების ფონზე ჩაიარა. შემდეგ კი წყვილი დაპატიჟებულ სტუმრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ქორწილის სუფრას მიუსხდა.
ქორწილის დეტალური აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები.
როგორც ქართულ მატრაკვეცობას სჩვევია, თამადამ მის თანამეინახეებთან ერთად სასმისად გამოიყენა ბოკალი და ყანწი, ჭინჭილა და თასი, როდინიც კი და კარგად რომ შეზარხოშდნენ, სუფრაზეც ხმაურმაც იმატა.
ემზარი, რომელიც მეჯვარე ზურას გვერდით იჯდა ბიჭებს რაღაცეებს ელაპარაკებიდა და ისინიც ჩუმად იცინოდნენ.
- რა გაცინებთ? - გაიკვირვა პატარძალმა
- დიოგენა რაღაცეებს გვეუბნება და გვეცინება. სიმწრის სიცილია ეს, ჩემო დედოფალო.
- ჩვენც გაგვაცინე რა! - გახალისდა ნინო - თორემ მოგვბეზრდა ამ მთვრალი სახეების ყურება. ცეკვაც აღარ გვინდა, დავიღალეთ. არა, ნანა? - გადაუმისმართა კითხვა ნინომ თავის მეჯვარეს.
- ნანამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
- კი, ეხლავე, სმაზე და სიმთვრალეზე მეუბნება ზუტად რაღაცეებს და გეტყვით თქვენც.
- ოო, საინტერესოა, ჩვენი ფილოსოფოსი დიოგენა როგორ უყურებს ამას ყველაფერს.
- ეხლავე გეტყვი:
რასაც ზოგიერთი ადამიანი ერთ წვეულებაზე ჭამს, ის თავის ოჯახში სამი დღე ეყოფოდაო.
ნინომ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გადაიკისკისა. გადაიკისკისა ნანამაც.
მერე დიოგენას მიმართა:
- როგორ მიყვარს შენი ლექსები და ესსები, ემზარ. როგორ წერ ასე ლამაზად, პირდაპირ გულში რომ ხვდება ყველას?
- ჩემო ნინო, სულელი მხატვარი იმას ხატავს, რაც თვითონ მოსწონს და ჭკვიანი - რაც ხალხს მოეწონება. ეს არის სულ - დაიმორცხვა დიოგენამ.
- ემზარ, ძვირფასო, გვითხარი შენი ესსეები სუფრის შესახებ თუ შეიძლება!
- დიდი სიამოვნებით - წელში გაიჭიმა დიოგენა. - აი, მაგალითად:
ქართული სუფრა აკადემიააო - ხშირად ამბობენ. მართლაც აკადემიაა, ოღონდ ხშირად – სიცრუის, მლიქვნელობის და პატივმოყვარეობის აკადემია.
ან კიდევ:
ღვინო ნელ-ნელა ჭკუას აკარგვინებს ადამიანს და როდესაც პიკს მიაღწევს, წარმოჩინდება მთელი თავისი "სიდიადით", თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში.
და საერთოდ:
სუფრა კარგი მაგალითია იმისა, თუ ადამიანის მოკრძალება როგორ აღწევს აღვირახსნილობას და სიბილწეს.
ყოველი ჭიქა ღვინო ადამიანს პატივმოყვარეობას და ყოყლოჩინობას მატებს და არა გამბედაობას და ვაჟკაცობას.
კიდევ ეს:
ამბობენ, რაც ფხიზელს გულში აქვს, ის მთვრალს ენაზე მოადგებაო. ამას რეგვენი თუ დაიჯერებს, თორემ რასაც ადამიანი სიმთვრალეში იგონებს, იმას სიფხიზლეში ვერც კი მოიფიქრებდა. თან გახსოვდეთ, რომ ყოველ ჭიქა ალკოჰოლში დემონი ზის და იმას გვალაპარაკებს, რაც მოესურვება.
- რა მწარე სიმართლეა. არა და ქორწილია და ხალისობს ხალხი.
- ხალისობს თავის სტომაქის ავსების ხარჯზე, თორემ ყველაფერი რომ სრულდებოდეს, რასაც ადამიანები ერთმანეთს სადღეგრძელოებით უსურვებენ, მეორე დღესვე შურისა და ბოღმისგან გასკდებოდნენ.
- მაგით რისი თქმა გინდა? - გაოცდა ნინო.
- ნინო, ჩემო კარგო, ადამიანი, თავისი ბუნებით, ფარისეველია. ამავე დროს შურიანი, ბოღმიანი - უპასუხა დიოგენამ - მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა. სადღეგრძელოს მოვალეობის გამო ამბობს. ყველა არა, რასაკვირველია. იშვიათად, რომ გულით ლოცავდეს. ზოგს ისე ადღეგრძელებენ ხოლმე, არც კი იციან, ვინ არის. ასეა მიღებული და მორჩა. ძალიანაც უნდა ღვინო პირდაპირ გადაყლურწოს, მაგრამ „სირცხვილია, რას იტყვის ხალხი“, ამიტომ უწევს სადღეგრძელოს თქმა, თორემ რომ დალევს, მერე თუნდაც თავში ქვა უხლია, ვისაც ლოცავს, სულ არ გაახსენდება მეორე დღეს. ჩვენი ცხოვრების ირონიაა ეს და განსაკუთრებულადაა მოძლიერებული ქართველებში. ადათი არაა ეს, რასაც ეხლა შენ ხედავ. ჩვენი წინაპრები ასე არ თვრებოდნენ.
- ხო. ალბათ მართალი ხარ - დაუდასტურა ნინომ - ისე, შენ რა ცინიკოსი ფილოსოფოსი ყოფილხარ, არ ვიცოდი.
- მე მგონი ის დროა, გავიპაროთ აქედან - ჩაუჩურჩულა ყურში ნინოს გიორგიმ.
- გავიპაროთ - დაეთანხმა ნეფეს დედოფალი.
ნინო და გიორგი ჩუმად გაძვრნენ ქორწილიდან და ერთ-ერთი სასტუმროს დაქირავებულ ლუქს ნომერს მიაშურეს. ემზარი, ზურა და ნანა კი მათ მაგივრად დარჩნენ ნეფე-დედოფლის მაგიდასთან.
ისე, დიდად არც არავის მოუკლავს თავი სუფრაზე, სად არის სიძე-პატარძალიო. ეს თავიდან იციან, რომ შესციცინებენ ხოლმე, თორემ როცა ბარკალს ჩაკბეჩენ და ღვინოსაც მიაყოლებენ ზედ, მერე ნაკლებად თუ ვინმეს აინტერესებს ნეფეც და დედოფალიც, ზოგმა სახელებიც რომ არ იცის მათი. ხდება ხოლმე ასე, რას ვიზამთ. ხოდა, მშვენივრად ისარგებლეს ამით ნინომ და გიორგიმ და ისე გაიპარნენ, არავინ გამოკიდებია, არიქა სად მიდიხართო.
ასეა, დღეს ქორწილიდან დაბრუნებულ ადამიანებს რომ შთაბეჭდილების გაზიარება სთხოვოთ, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იმას მოგიყვებათ, თუ რა ჭამა და რა დალია; და საერთოდ, რა იდო მაგიდაზე, რას როგორი გემო ჰქონდა და ა.შ. ნაკლებად, ვინმემ სიძე-პატარძალზე გაამახვილოს ყურადღეაბა. ალბათ უფრო იმ კუთხით, ფიზიკურად ნეფე სჯობდა თუ დედოფალი, თორემ კუჭის სინდრომი ისეა ფეხმოკიდებული, ის უფრო საინტერესოა, როგორი სუფრა იყო და როგორი ღვინო. ჭორიკანა ხალხი სიძე-პატარძალს ჩაცმულობაზეც გაჭორავს ალბათ, თმის ვარცხნილობაზეც და კიდევ მოუგონებს რამეს, ან გრძელ ცხვირს, ან გადამეტებულ ფერუმარილს ან უშნო სიცილს და რა ვიცი, მოძებნიან კიდევ რამეს საქილიკოდ. არც სუფრას დააკლებენ - ზოგს ზედმეტად მოხარშულად ჩათვლიან, ზოგს უმარილოდ, ზოგს ცხარედ და ასე შემდეგ. მერე სხვის ქორწილებს გაიხსენებ, იმისი ჯობდაო, დარწმუნებით იტყვიან. თუმცა რომ ჰკითხოთ, ვერ აგიხსნიან რატომ, ან თუ ახსოვთ კარგად, საერთოდ. არა, უბრალოდ ეს რომ გააქილიკონ, იმიტომ, თორემ მერე, როდისმე სხვა ქორწილში, ამ ქორწილს ამჯობინებენ იმას და ასე შემდეგ. რამდენი პროცენტი უსურვებს ახალგაზრდებს მთელი გულით ბედნიერებას და გამრავლებას, ეს მკითხველისთვის მიმინდვია.
ასეა თუ ისე, ნეფე-დედოფალმა კარგად მოილხინა. იცეკვეს, იმხიარულეს და როცა დრო იყო, მაშინ ადგნენ და წავიდნენ. მობარბაცე და ენისბორძიკით ბევრის მოლაპარაკე ხალხს, განცალკევებით ერთად ყოფნა ამჯობინეს და სწორადაც მოიქცნენ. ვისაც ჭამა უნდოდა, ჭამდა; ვისაც სმა - სვამდა; ვისაც ცეკვა და ხელების უაზროდ ქნევა - ცეკვავდა; ხოლო ვისაც სიყვარული სწყუროდა, ის ქორწილიდან იპარებოდა.
სასტუმროს ნომერში ბიჭი და გოგო ერთმანეთს ისე შეერწყნენ, როგორც დიდი ხნის დამყნობილი ტოტები, დიდი ძალისხმევითაც რომ ვეღარ ააგლიჯავ ერთმანეთს და ეს ორი შეყვარებული გული და სხეული ნეტარების ნამდვილ ვულკანში გადაეშვა.
იმ ღამეს ნინომ ქალწულობა დაკარგა. სიჭაბუკე დაკარგა გიორგიმაც. ეს ღამე ორივესთვის პირველი ინტიმური კავშირი გახლდათ.
დღეს ბევრისთვის, შეიძლება, ეს სასაცილოდ ჟღერდეს, რაღა დროს ამხელა გოგოს ქალწულობააო, ან ბიჭის უმანკოებაო - გაიცინებს ბევრი - მაგრამ მადლობა ღმერთს, დღესაც არიან ჭეშმარიტი ქართველი მანდილოსნები, რომლებიც სხეულის წაბილწვას არ კადრულობენ და მხოლოდ ქორწინების შემდეგ თმობენ უბიწოებას, როგორც ეს ნამდვილ ქრისტიანს შეეფერება. ნაკლებად, მაგრამ არიან ყმაწვილკაცებიც. დანარჩენებმა კი იცინონ და იქილიკონ ქალწულობის თემაზე, რამდენიც უნდათ. მე ასეთ ქალ-ვაჟებს ვცემ პატივს და მინდა, რომ ასე ხდებოდეს...და არა ისე, რეიტინგის მაძიებელი თუ მოდას აყოლილი მწერლები ლოგინის ინტიმური სცენებით რომ არიან გადარეულები და ამით რომ უნდათ დიდების კვარცხლბეკზე ასვლა. ყველა ისე წერს, როგორც აზროვნებს, მე ასე მგონია. ამიტომ, სულაც არ ვაპირებ წიგნის რეიტინგის ასაწევად ლოგინის ინტიმური სცენების აღწერას. ეს იმდენად პირადულია, თავად ღმერთიც კი არ ერევა ამაში.
სხეულის გამო სიყვარული ადვილია და ნებისმიერ მრუშს შეუძლია. სულის გამო სიყვარული კი იშვიათია და ძალიან ძნელი;
ეს, ისე, ავტორის მცირე გადახვევა გახლავთ მხოლოდ.
***
გიორგისთან მიმსვლეთა ნაკადი არ წყდებოდა. რა თქმა უნდა, როცა ის სახლში გახლდათ და მუჯირთან ერთად ახალ დანაშაულს არ იძიებდა. მოგეხსენებათ, ხმები მალე ვრცელდება და ამ წლების მანძილზე გიორგიზე ხმა ისე გავარდა, რომ არავითარ რეკლამას არ საჭიროებდა. მაგრამ ეს მაინც ალალეგალური საქმიანობა გახლდათ და მართალია დევნიდნენ ზოგიერთი სტრუქტურები, მაგრამ უკვე იმდენი მფარველი ჰყავდა, რომ ამ მცირე პრობლემებს იოლად უმკლავდებოდა.
რა თქმა უნდა, ნინოც გვერდში ედგა და ყველაფერში ეხმარებოდა. ეს აქამდე მხოლოდ მეორადი საქმე, ასე ვთქვათ - ჰობივით გალხდათ. მთავარი მაინც საგამოძიებო სტრუქტურებში სამსახური გახლდათ. მართალია, გიორგი ოფიციალურად განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების კონსულტანტად ითვლებოიდა, მაგრამ მალე ისე გაითქვა სახელი, რომ სხვა სტრუქტურებიდანაც ხშირად აკითხავდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. ისიც უშურველად ეხმარებოდა ყველას შესაძლებლობის ფარგლებში. ნინო, თავის მხრივ, სენსაციურ გადაცემებს აკეთებდა და ალბათ ძნელად თუ მოიძებნებოდა ქვეყანაში ვინმე, ვისაც სახლში ტელევიზორი ჰქონდა, მისი გადაცემები რომ არ ენახა.
ასე გაიარა რამდენიმე წელიწადმა. ერთადერთი, რაც გიორგის და ნინოს ცხოვრებას უმძიმებდა, ის იყო, რომ შვილი არ ჰყავდათ. თუმცა იმედი არასოდეს დაუკარგავთ და მოთმინებით ელოდნენ იმ დღეს, როდესაც მშობლები გახდებოდნენ.
ერთ დღეს, როდესაც გიორგი სამსახურიდან ბრუნდებოდა, სახლთან შავი ფერის სახელმწიფო ნომრიანი მანქანები დაინახა.
- შენთან არიან - ჩასჩურჩულა ყურში ანგელოზმა.
- დასაჭერად მოვიდნენ?
- არა, ნუ გეშინია, გაყევი და მოუსმინე. დანარჩენს როცა საჭიროა, მაშინ გეტყვი.
გიორგი მანქანას მიუახლოვდა, კარი გამოაღო და ჩაჯდა.
- გამარჯობა, ბატონო გიორგი - მიესალმა წინ მჯდომი ელეგანტურ შარვალ-კოსტუმში ჩაცმული მამაკაცი - რა თქმა უნდა, თქვენ ვერაფერს გამოგაპარებთ ადამიანი და ალბათ უვე იცით, რაზეც მოვედით.
- მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა! - მიესალმა გიორგიც - ვიცი რომ ჩემს წასაყვანად მოხვედით, სხვა ჯერ მეტი არაფერი ვიცი.
- არ გვიწყინოთ, ბატონო გიორგი, ჩვენ მხოლოდ დაგვავალეს, მაგრამ სასტიკად გაგვაფრთხილეს, თუ თქვენი ნება არ იქნება...
- წავედით, არაა პრობლემა. დროს ნუღა დავკარგავთ, ისედაც დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან - წასვლა ხელით ანიშნა გიორგიმ.
მანქანა დაიქოქა და ადგილიდან ნელა დაიძრა.
გიორგი მთავრობის სახლში მიიყვანეს და ერთ დიდ კაბინეტში შეიყვანეს, რომელიც სხდომათა დარბაზს უფრო გავდა, ვიდრე კერძო კაბინეტს. გიორგის სავარძელი შესთავაზეს და თვითონ ოთახი დატოვეს.
რამდენიმე წუთში კაბინეტში თვით უშიშროების მინისტრი ლევან გიორგაძე შემოვიდა. გიორგიმ ის, რა თქმა უნდა იცნო. ტელევიზორშიც ბევრჯერ ჰყავდა ნანახი და ასეც რომ არ ყოფილიყო, ანგელოზმა უმალ უჩურჩულა ყურში, ვინც იყო.
- მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, ბატონო გიორგი - ღიმილით მიმართა მინისტრმა და ისე გულმოდგინედ ჩამოართვა ხელი, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობრები ყოფილიყვნენ.
- მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ბატონო ლევან - თავი დაუკრა გიორგიმ მინისტრს თავაზიანად - მეც მიხარია თქვენი ნახვა, ბატონო მინისტრო.
- დაბრძანდით, დაბრძანდით - აქვე ვისაუბროთ - მიმართა მინისტრმა და თავადაც გვერდით სავარძელში დაიკავა ადგილი - ასე ჯობია, შინაურულად ვისაუბროთ.
- გისმენთ, ბატონო ლევან, რით შემიძლია გემსახუროთ?
- ბატონო გიორგი, შორიდან მიკიბვ-მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადოთ და ბოდიში მოგიხადოთ.
- რისთვის? - გაიკვირვა გიორგიმ.
- მადლობა თქვენი გაწეული უზარმაზარი სამსხურისთვის. ჯერ კიდევ იმ დიდი საქმისთვის, თვითმფრინავის აფეთქების მცდელობის საქმეში რომ დაგვეხმარეთ და ტერორისტები დაგვაჭერინეთ. იმ საქმემ, სხვათა შორის, დაგვაახლოვა შესაბამის რუსულ სტრუქტურებთან და ეს, ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან კარგია. მართალია, მყავს პირადი მეგობრები მათ სტრუქტურებში, მაგრამ პირადი მაინც პირადია და ოფიციალური დაახლოება სულ სხვა რამ გახლავთ. მას შემდეგ ერთმანეთთან კიდევ რამდენიმე საქმეში ვითანამშრომლეთ. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნაძირალა ჩადრიშვილის მხილებისა და მისი საქმიანობის გამოაშკარავების გამო. თქვენ რომ არა, ვინ იცის, კიდევ რამდენ დანაშაულს ჩაიდენდა. ჩვენ კი ის განყოფილების უფროსად გვყავდა დანიშნული. თავად კი ჭაში ვიჯექით - ვერ ვამჩნევდით, ვინ იყო სინამდვილეში...და ასეთი კიდევ რამდენი. მუჯირისგან ყველაფერი ვიცი.
ბოდიში უნდა მოგიხადოთ იმის გამო, რომ შესაბამისად ვერ დავაფასეთ თქვენი ღვაწლი და ვერ წარგადგინეთ რაიმე სახელმწიფო ჯილდოზე.
- რა ჯილდოზე, ბატონო ლევან, აბა რას ბრძანებთ - დაიმორცხვა გიორგიმ.
- ვიცი, რასაც ვამბობ, ჩემო გიორგი, ხომ არ გეწყინება ასე რომ მოგმართოთ?
- არა, რა თქმა უნდა.
- ხოდა, იმას ვამბობდი, ვიცი თქვენი საქმიანობის შესახებ ამ წლების განმავლობაში და ვერ დაგიფასეთ ამაგი სათანადოდ. თანაც, მოგეხსენებათ, ილია მუჯირი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და მისგანაც ბევრი რამ ვიცი თქვენს შესახებ. ნეტავ იცოდეთ, როგორი აღფრთოვანებით საუბრობს ხოლმე თქვენზე. ისიც ვიცი, რომ უკვე კარგი მეგობრებიც ხართ.
საქმე იმაშია, რომ როგორც კი თვითმფრინავის საქმე გაიხსნა, მე მაშინვე დავაყენე საკითხი თქვენი უშიშროების სამსახურში აყვანაზე, მაგრამ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, რასაც ქვია, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ეს უფრო ლავრების მისაკუთრების მცდელობა გახლდათ, ვიდრე პრაგმატული გადაწყვეტილება. ამიტომ, აქამდე თუ ხელ-ფეხი მქონდა შეკრული, მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი გვყავს, ეს საკითხი უმალვე დავაყენე მის წინაშე და თანხმობაც მივიღე. არა თუ თანხმობა, არამედ თხოვნაც, რომ დაუყოვნებლივ დაგელაპარაკოთ და გთხოვოთ ჩვენს უწყებაში სამსახურის დაწყება.
სიმართლე გითხრათ, მეგონა გადამდგარი მთავრობის წევრებს მეც მიმაყოლებდნენ. მოგეხენებათ, როგორც წესი, ახალ პრეზიდენტს თავისი ახალი კაბინეტი მოჰყავს ხოლმე და თითქმის ყველა მინისტრს ცვლის. მაგრამ ბატონი დემური მეტად კეთილგანწყობილი აღმოჩნდა ჩემს მიმართ და თანამდებობაზე დარჩენა პირადად მთხოვა. მეც, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ დავთანხმდი.
მეც, ჩემის მხრიდან, ვისარგებლე შემთხვევით, მოვუყევი თქვენს შესახებ და ვთხოვე თქვენი ჩვენთან სამსახურში აყვანა. პრეზიდენტი დაინტერესდა თქვენით და მთხოვა, ჯერ თქვენ შეგხვედროდით და დაგლაპარაკებოდით. მერე შესაძლოა თავადაც შეგხვდეთ, თუმცა თანხმობა თქვენი სამსახურში აყვანაზე უკვე მივიღე. ეხლა ჯერი თქვენზეა. თქვენ თუ ხართ თანახმა, რომ ჩვენს ქვეყანას ემსახუროთ?
- ქვეყნის სამსახური ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ბატონო მინისტრო - თავი მორცხვად დახარა გიორგიმ - მე რა შემიძლია? არც კი ვიცი, რა გითხრათ. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელია, რომ კარგი დაფიქრება მჭირდება. ამას გარდა, მოგეხსენებათ, მე არც იურიდიული განათლება მაქვს და არც გამოცდილება. ან რა პოზიციაზე უნდა ვიმუშავო?
- ჩემო გიორგი, ჩვენ თქვენი განათლება კი არ გვინდა, არამედ თქვენი ექსტრასენსული ნიჭი გვჭირდება - თქვენი ალღო, ხედვა, წინასწარგანჭვრეტის და უტყუარი დასკვნების უნარები და ასე შემდეგ. აი, ამის გამო გვჭირდებით და იურიდიული განათლება საერთოდ არაფერ შუაშია. რაც შეეხება პოზიციას, ჯერჯერობით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას გთავაზობთ და შემდეგში ვნახოთ. როცა ასეთი ნიჭი გაქვთ, ვალდებულიც კი ხართ გამოიყენოთ ქვეყნის სასიკეთოთ და უფლება არ გაქვთ უარი მითხრათ - მეგობრულად გაუღიმა ლევანმა.
- რამდენიმე დღე მომეცით მოსაფიქრებლად, ბატონო მინისტრო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელია, რომ ჯერ გააზრებაც კი მიჭირს.
- სამი დღე, მხოლოდ სამი დღე და ისიც არა მოსაფიქრებლად, არამედ მოსამზადებლად და ვიწყებთ მუშაობას. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა უცხოელი აგენტებით არის გატენილი და მათ გამოსავლენად თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება.
- ვიფიქრებ, ბატონო ლევან, კარგად მოვიფიქრებ და გადავწყვეტ.
- კარგი აბა. სახლში მიგიყვანენ, მაგაზე არ იდარდოთ. მიხარია რომ გაგიცანით. იმედია, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს - მინისტრმა ისევ მხურვალედ ჩამოართვა გიორგის ხელი და კარამდე რომ მიაცილა, იმ ელეგანტურად ჩაცმულ კაცს დაუძახა, ვინც გიორგი მოიყვანა და ეხლა დერეფანში ელოდებოდა და გიორგის სახლში მიყვანა უბრძანა.
***
ილია მუჯირი და გიორგი ყიფიანი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მართლაც კარგი მეგობრები გახდნენ და ოჯახებითაც დამეგობრდნენ. ყველა საქმე, რაც კი მუჯირს ჰქონდა მიბარებული, გიორგის დახმარებით წარმატებით იხსნებოდა, იქნებოდა ეს მკვლელობის, დიდი ოდენობით თანხის დატაცების, სახელმწიფო თანამდებობების ბოროტად გამოყენების თუ სხვა საქმეები. ჩადრიშვილის მსგავსად, გიორგიმ მუჯირს ბევრი თანამდებობის პირი დააჭერინა და, შეიძლება ითქვას, თითქმის აღმოფხვრა კორუფცია სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში. ამ საქმეში კი მას სწორედ ლევან გიორგაძე ეხმარებოდა. არ არის გასაკვირი, რომ დემურ ბერაძემდე, რომელიც სულ ახლახანს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, მივიდა ცნობები როგორც უშიშროების სამინისტროს, ასევე თავად განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობის შესახებ და დიდწილად ამანაც განაპირობა ლევან გიორგაძის თანამდებობაზე დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ განყოფილება უშიშროებას საერთოდ არ ეკუთვნოდა და ის მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროში შედიოდა, მარგი ქმედების კოეფიციენტი დეპარტამენტს უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე სამინისტროს. მოგეხსენებათ, მუჯირი და გიორგაძე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და მუჯირი მძიმე დანაშაულების გახსნისას მის დახმარებას უფრო იღებდა, ვიდრე პოლიციისას. ამაში მუჯირს თავად განყოფილების უფროსი ლადო კალანდაძეც ეხმარებოდა და ცდილობდა ახლო ურთიერთობა დაემყარებინა უშიშროების მინისტრთან. ამავე დროს ახლო ურთიერთობა ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთანაც. ახალმა პრეზიდენტმა კი განყოფილება, პირდაპირი გაგებით, ააცალა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს დაუქვემდებარა. ეს სწორედ გიორგაძის დიდი მცდელობის შედეგი გახლდათ და ეხლა უკვე ლადო კალანდაძის განყოფილება მუჯირთან და ყიფიანთან ერთად პირდაპირ მის განკარგულებაში მოექცა. ყველაფერს რომ ძირის ძირობამდე ჩავყვეთ, ეს ყველაფერი გიორგი ყიფიანის დამსახურება გახლდათ და სწორედ მის შესახებ გიორგაძის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გადაწყდა ეს საკითხი გიორგისვე მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან ერთად.
მინისტრი გიორგაძე დიდ ფსონს დებდა ყიფიანზე და იმედი ჰქონდა, რომ მისი დახმარებით ბევრ მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხს გადაწყვეტდა. მომავალში კი პრეზიდენტობაზე ოცნება უღიტინებდა გულში.
რა გასაკვირია, საქართველოში ხომ პრეზიდენტობა უნდა ყველას; პრეზიდენტობა თუ არა, პირველობა მაინც.
გიორგიმ და ნინომ თითქმის მთელი ღამე საუბარში გაატარეს. ფიქრობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ანგელოზი არ გახლდათ მეთოჯინე და არც გიორგი ყავდა მარიონეტად. ის ხშირად მხოლოდ რჩევას აძლევდა გიორგის, ხოლო დანარჩენი თავად უნდა გადაეწყვიტა.
ეხლაც, როცა გიორგის ასე სჭირდებოდა ანგელოზის რჩევა, მან მხოლოდ რამდენიმე წინადადება უთხრა:
- გიორგაძეს, რომელიც პრეზიდენტობაზე ოცნებობს, შენი სამსახურში აყვანა კარიერისთის უფრო სჭირდება, ვიდრე ქვეყნის სიყვარულის გამო. მეორეს მხრივ, შენ შეგიძლია ეს გამოიყენო და დიდი და კარგი საქმეები აკეთო. ამიტომ გადაწყვიტე, გიორგაძის კარიერისტობა, მაგრამ დიდი საქმეები, თუ ჩრდილში პატიოსნად ყოფნა. თავად დაფიქრდი, თუ ღირს სიკეთის გამო მცირე ბოროტებასთან კომპრომისზე წასვლა, წადი. თუ არა და აკეთე, რასაც აკეთებ. ოღონდ თუ დათანხმდები, ეცადე მაქსიმალური სიკეთე მიიღო ამისგან.
- ეგ როგორ?
- ხალხს რომ სჭირდები, ხომ არ დაგავიწყდა? დრო უნდა გქონდეს, რომ ადამიანებს ემსახურო. კარგი იქნებოდა, ამისთვის კარგი შენობაც გქონდეს და სახლში არ იღებდე მსურველებს წარამარა. ხომ ხედავ, ვერ ეტევიან და ქუჩა სულ ხალხითაა სავსე. მეზობლებიც უკმაყოფილო არიან, მაგრამ ხათრის და პატივისცემის გამო ვერ იღებენ ხმას. დროა, ეს დამთავრდეს და ყოველივე ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს.
იფიქრეს კიდევ. ორივე მხრიდან მიუდგნენ, ყველაფერი აწონ-დაწონეს და მაინს ვერ გადაწყვიტეს, რა ჯობდა და ბოლოს დაღლილებს დილისკენ ჩაეძინათ.
სამი დღეც არ იყო გასული, რომ გიორგი პრეზიდენტის სასახლეში დაიბარეს. პრეზიდენტმა ის დიდი სითბოთი მიიღო და გაესაუბრა. მას გიორგის ნახვა და გაცნობა ისედაც უნდოდა და ეხლა მიზეზიც ჰქონდა. კაპინეტში მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი გახლდათ, მათ შორის ლევან გიორგაძეც. როდესაც პრეზიდენტმა ყიფიანთან საუბარი დაამთავრა, გიორგაძეს თავით ანიშნა, გააგრძელეო.
- აბა, რა გადაწყვიტეთ, ბატონო გიორგი? პრეზიდენტიც აქ არის და ისიც მოისმენს თქვენს გადაწყვეტილებას - მიმართა მინისტრმა გიორგის.
- ბატონო პრეზიდენტო, ბატონო მინისტრო - ორივეს თავი დაუკრა გიორგიმ - მე დიდად ვაფასებ თქვენს შემოთავაზებას და მადლობას გიხდით ასეთი ნდობის გამოცხადებისათვის. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დავთანხმდე თქვენს წინადადებას, ოღონდ ნაწილობრივ. მე თქვენ დაგეხმარებით ყველა საკითხში, სადაც დაგჭირდებათ ჩემი დახმარება, ოღონდ თანამდებობა არ მჭირდება. დავრჩები ისევ კონსულტანტად, როგორც ვიყავი ჩემს მეგობარ ილია მუჯირთან...და გპირდებით, რომ ძალებს არ დავიშურებ თუ ჩემი ცოდნა და უნარები ქვეყანას გამოადგება.
- ძალიან კარგი. რადგან ასე გირჩევნიათ...პრინციპში, ამას დიდი მნიშვნელობაც არა აქვს, რა რეგალია გექნებათ. კარგი, იყოს ასე, თანახმა ვარ, თუ თქვენ არ იქნება წინააღმდეგი, ბატონო პრეზიდენტო - მიმართა მინისტრმა დემურ ბერაძეს.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა- დაუდასტურა პრეზიდენტმა. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. რამე სურვილი ან თხოვნა ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? - მიმართა პრეზიდენტმა გიორგის.
- მაქვს ერთი თხოვნა, ბატონო პრეზიდენტო - უპასუხა გიორგიმ დიდი მოწიწებით. მოგეხსენებათ, ჩემთან, ასე ვთქვათ, რჩევისთვის ბევრი ადამიანი მოდის. მათ ათასი პრობლემები აწუხებთ და მე მათ ვეხმარები.
- მერე?
- უარღესად დიდი მადლობელი დაგრჩებოდით, თუ რამე შენობას გამომიყოფდით. რამე შენობა, რომ ადამიანები მივიღო, მათი პრობლემები მოვისმინო და შეძლებისდაგვარად დავეხმარო. ამჟამად მათ სახლში ვიღებ და ხშირად ქუჩაში უწევთ საათობით დგომა. მე მირჩევნია, ეს სახელმწიფო შენობა იყოს, ვიდრე ჩემი პირადი სივრცე. ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის. უფრო ოფიციალური, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ, თორემ უკვე ვფიქრობდი კიდეც სადმე კერძო შენობის დაქირავებას. ამასთან, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ ეს შენობა სახელმწიფო ბალანსზე იყოს. მე პირადად ჩემთვის არაფერი მინდა, შენობა მხოლოდ საქმიანობისათვის მჭირდება და ის დამატებითი მცირე, ხაზს ვუსვამ, მცირე შემოსავალი, რაც ამ საქმიდან შემოვა, მსურს რომ ქველმოქედებისთვის გამოვიყენო.
პრეზიდენტი ჩაფიქრდა:
- ანუ, თქვენ გინდათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეთ? რა თანხაზეა საუბარი?
- არა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ვერ გამიგეთ. ეტყობა ნათლად ვერ გამოვთქვი ჩემი სათქმელი. მხოლოდ შენობას გთხოვთ, სხვას არაფერს. შიდა ინფრასტქრუქტურის თუ სხვა ხარჯებს, თავად გავიღებთ. მხოლოდ შენობა იჯდეს სახელმწიფო ბალანსზე და თუ რამე რემონტი დასჭირდა, ამას გთხოვთ, მეტს არაფერს. რადგან გამართული და კეთილმოწყობილი შენობა მინდა და არა გაუბედურებული და სარემონტო.
- გასაგებია. ეს ყველაფერი კარგი, ბატონო გიორგი, მაგრამ გექნებათ ამისი დრო? თქვენ ხომ სახელმწიფო სამსახურში იქნებით, თან ეხლა გაცილებით უფრო მეტად დატვირთული და ბევრი საქმე გექნებათ. ალბათ, არ იცით ჯერ - შეეპასუხა მინისტრი.
- მექნება, ბატონო მინისტრო, აუცილებლად მექნება. ეს ჩემი მთავარი საქმიანობაა და თუ ამაში ხელს არ შემიშლით, მეც ჩემის მხრიდან ყოველნაირად ვეცდები, მთელი გულმოდგინებით ჩავერთო თქვენს სამსახურში. იმედია 24 საათი არ დაგჭირდებათ ჩემი თავი და თავისუფალ დროს გამოვიყენებ ჩემი მიზნებისათვის.
აი, მაგალითად თქვენ, ბატონო პრეზიდენტო - მიმართა გიორგიმ ბერაძეს - ეს რამდენიმე კვირა თირკმელები გაწუხებთ და გგონიათ რომ ეს უბრალოდ კენჭებია და მალე გაივლის. სინამდვილეში კი თქვენ თირკმლის ინფექცია, იგივე პიელონეფრიტი გჭირთ და თუ დროზე არ მიხედავთ, ქრონიკულში გადაგივათ და ძალიან დაგტანჯავთ. შემცივნება, ხშირი სიცხეები და გულისრევები სწორედ მაგის ბრალია და არა წნევის, როგორც თქვენ გგონიათ. მე თქვენ, რა თქმა უნდა გამომწვევ მიზეზებსაც გეტყვით და მკურნალობის მეთოდებსაც გირჩევთ, მაგრამ ჩემთან მომსვლელი ადამიანებისთვის მე მჭირდება კაბინეტი და მისაღები, რათა ლოდინის სივრცე გავაკეთო. სველი წერტილები, თავისთავად ცხადია და პატარა სასადილო ან კაფე, რათა მომსვლელი ლოდინისგან მოშიებული უფრო ცუდად არ გახდეს. აი, ამისთვის მჭირდება შენობა. მე კი მდიდარი არ გახლავართ, რომ მისი ყიდვის შესაძლებლობა მქონდეს ქალაქის ნორმალურ უბანში.
რაც შეეხება თქვენს თირკმლის ინფექციას, გამომწვევ მიზეზს აქ ვერ გეტყვით და ცალკე, პირადად მოგახსენებთ.
როდესაც გაოგნებულ პრეზიდენტს ნორმალური სახე დაუბრუნდა, იქვე მყოფ მოადგილეს მაშინვე მისცა ბრძანება, სასწრაფოდ დაეკმაყოფილებინათ გიორგის თხოვნა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული რომელიმე შენობა გამოეყოთ და გადაეცათ ყიფიანის განკარგულებაში. არა მარტო შენობა, პრეზიდენტმა პირადად აღუთქვა გიორგის ყოველგვარი დახმარება, რაც დასჭირდებოდა კაბინეტის თუ სხვა საჭირო ოთახების მოწყობაში. ისიც შეჰპირდა, რომ სადაგასახადო სამსახურები არ შეაწუხებდნენ და მართალია შენობა სახელმწიფო ბალანსზე იქნებოდა, როგორც ისურვა, შემოსავალი მთლიანად გიორგის განკარგულებაში დარჩებოდა. ხოლო სარეაბილიტაციო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებდა.
შემდეგ, პრეზიდენტმა გიორგის დელიკატურად ბოდიში მოუხადა(პირადად აუცილებლად შეგეხმიანებითო), გადაუდებელი შეხვედრა მოიმიზეზა და აუდიენცია დაასრულა.
***
ქალაქის ცენტრალურ უბანში ერთ ლამაზ შენობასთან გიორგი და ნინო იდგნენ და სიხარულით შეჰყურებდნენ წარწერას „გინო“, რაც გიორგის და ნინოს სახელების ბოლო ასოსებისგან შემდგარი აბრევიატურა გახლდათ. უკვე ყველაფერი მზად იყო და ხვალიდან მუშაობას შეუდგებოდნენ. ნინომ იცოდა, რომ გიორგის არყოფნაშიც კი მთელი სიმძიმე მას დააწვებოდა და ამიტომ ტელეკარიერა მიატოვა და თავი მთლიანად გიორგის საქმიანობას მიუძღვნა. ამაზე ბევრი ისაუბრეს და ასე გადაწყვიტეს. ყველა ორგანიზაციულ და სამურნეო საკითხებს ნინო გადაწყვეტდა. ფირმა „გინო“ სწორედ ნინოს სახელზე იყო გაფორმებული და გენერალური დირექტორიც ის გახლდათ. ბევრი ეკამათა მეუღლეს ამის შესახებ, შენ უნდა იყო მთავარიო, მაგრამ გიორგიმ მაინც გადაარწმუნა და თავისი გაიტანა - არ არის საჭირო ჩემი სახელი კიდევ ასეთ ფორმალობებში ჟღერდესო.
შიგნიდან რომ კარგად შეამოწმეს და დაკმაყოფილდნენ გაკეთებულით, ეხლა გარედან ტკბებოდნენ შენობის სილამაზით და იმ მომავალი საქმიანობით, უამრავ ადამიანს რომ მოუტანდა შვებას და სიხარულს.
- ხვალ მამა იოანე მოვა და შენობას გვიკურთხებს, ჩემო საყვარელო - მოეხვია ნინოს გიორგი - ეხლა შენ სახლში წაგიყვან და დაისვენე. მე ზახარიჩი მელოდება. ერთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, ლოყაზე აკოცა ნინოს გიორგიმ და მანქანის კარი გაუღო.
- არა, არ მინდა წაყვანა - იუარა ნინომ - წადი შენ, გზას ნუ გაიმრუდებ. მე ჰაერზე გავისეირნებ და ასე უფრო დავისვენებ. ან კიდევ სახლამდე რა დიდი შორია, მანქანით რომ არ მატარო?!
- დარწმუნებული ხარ, ძვირფასო?
- კი, კი, წადი, დროს ნუღა კარგავ.
15 წუთში გიორგი უკვე მუჯირის კაბინეტში შედიოდა.
- ზახარიჩ, მოვედი. აბა, როგორ ხარ?
ილია მაგიდიდან წამოდგა და გიორგის ტუჩზე კოცნით მიეგება
- სად ხარ აქამდე, ხომ იცი რომ მთელი დღეა გელოდები?
- ეეჰ, ვითომ არ იცი, სად ვარ, ზახარიჩ.
- ხო, ვიცი, ხო. იმხელა სახელმწიფო საქმეები გაბარია, სადღა გცალია საბრალო მოხუცისთვის?!
- კაი ეხლა, ზახარიჩ, ნაადრევად ნუ დაიბერებ თავს. რა მოხუცი შენ მყავხარ, არ გადამრიო. გახსოვს, სულ თავიდან რომ გეუბნებოდი, ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხდებით ერთმანეთს და ბევრს ვისაუბრებთ თქო?
- რავა არ მახსოვს, შე კაცო, სკლეროზი კი არ დამმართნია ჯერ?!
- მერე, რამდენი საქმე გავხსენით მე და შენ იმის შემდეგ, როგორი ძმაკაცები გავხდით, ა? იფიქრებდი ამას? - გაუღიმა გიორგიმ და მხარზე დაუტყაპუნა ხელი.
- ხო, ბევრი საქმე გავხსენით, ძალიან ბევრი. სიმართლე გითხრა, გადავიღალე კიდეც. მალე პენსიაზე გასვლაც მიწევს, მაგრამ არ ვიცი, დავთანხმდე თუ არა კალანდაძის შემოთავაზებას. ხომ იცი, სამინისტროში გადაყავთ და თავის ადგილზე ჩემი წარდგენა უნდა.
- ვიცი, ზახარიჩ და გითხარი კიდეც, უნდა დათანხმდე. რა დროს შენი პენსიაა ჯერ? სახლში უნდა დაჯდე და წიგნები იკითხო, თუ სათევზაოდ დაჯდე მტკვირს პირას ან სანადიროდ იარო მთებში? არ ხარ შენ მაგის კაცი, ილია ბატონო. აგერ, სულ გაწმინდე უღირსი კადრებისგან არა მარტო განყოფილება, არამედ მთელი სამინისტრო და აწი კია დრო, ჩაიბარო განყოფილება და მართო, როგორც გეკადრება. მართალია, არც კალანდაძე იყო ცუდი მმართველი, მაგრამ რადგან სამინისტროში გადაყავთ და ადგილი თავისუფლდება, შენ ყველზე ღირსეული კანდიდატი ხარ. რად უნდა ამას ახსნა და განმართება?! სხვათა შორის, კალანდაძეზე მინისტრმა მკითხა აზრი, გიორგაძემ, რას ფიქრობო და მეც ვუთხარი, რომ ღირსეული და შესაფერისი კანდიდატია. ამით ირიბად შენც გამოგითავისუფლე ადგილი და ეხლა კეთილი ინებე და მაღარიჩი იკისრე, თანაც ძალიან მშია და სიამოვნებით შევჭამდი რამეს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, წამოდი, სადმე დავჯდეთ, თითო ჭიქა დავილოცოთ. ჩვენი საქმეები აღვნიშნოთ და თან ვისაუბროთ.
- წავიდეთ, წავიდეთ. შენი საკისრი რა მჭირს, თორე კი. ხორცს შენ არ ჭამ და ღვინოს არ სვამ. ხინკალს ვერ მიირთმევ და მწვადს და ქაბაბს. ჭამე ეგ შენი ხაჭაპური, დააყოლე ტარხუნის ლომონათი და იყავი მასე.
- ეეჰ, დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ზახარიჩ. იცი შენ, რატომაც არ ვჭამ და არ ვსვამ.
- ვიცი, ვიცი. გეხუმრები, კაი. იმ საქმეზე რა ვქნათ?
- იმ საქმეზეც ვისაუბროთ. რად უნდა საქმის გახსნას მუჯირის კაბინეტი? ყველაფერი ჩვენს თავებში არაა? - მადლობა უფალს.
- ხო, მართლა, რა ქენით, მოგეწონათ შენობა?
- კი, კარგად არის გაკეთებული. ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას. რეკლამები უკვე გაშვებულია და ვნახოთ. ჰა, აიბარგე ეხლა და დავჯდეთ სადმე, გამძვრა კუჭი შიმშილით.
ილია და გიორგი, ერთ-ერთ რესტორანში დაჯდნენ და ვახშამი შეუკვეთეს.
- მოკლედ, გიორგი, საქმე ასეა - დაიწყო მუჯირმა. იმ სამი კაცის მკლვლელობა მართლაც გონაშვილის კისერზეა, „ზვიგენასი“ როგორც შენ მითხარი, მაგრამ დამამტკიცებელ საბუთებს ვერ ვპოულობთ და ისევ შენი დახმარება მინდა. გასაგებია, რომ ცოტა ხნის წინ კრიმინალური გარჩევა ჰქონდათ და მაგათი „ზუბი“ ექნებოდა, მაგრამ როგორ დავუმტკიცო, რომ მაგან მოკლა?
- ზახარიჩ, მაგას კი დავუმტკიცებთ, ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, როგორ ავიყვანოთ. ხომ იცი, ისეთ ციხესიმაგრეშია გამოკეტილი, მსხვერპლი არ იყოს, მთავარი ეგაა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მაგის ერთი მეგობარია, ვინმე „კორჟიკა“, იგივე ვახო აგიაშვილი, გორში ცხოვრობს. მაგის ფარეხშია დამალული ის იარაღი, რითაც მოკლა. თქვენ ის ფარეხი უნდა გაჩხრიკოთ და კუთხეში პატარა მწვანე ყუთს იპოვით. იქაა ის იარაღი. თითის ანაბეჭდები გაწმინდა, მაგრამ ლულის თავზე არის ერთი დარჩენილი, ასე მიაწოდა „ზვიგენამ“ „კორჟიკას“ და არ იცის, რომ დარჩა. „კორჟიკა“ უნდა დაკითხოთ და გამოტეხოთ. თუ დაგჭირდათ, მე მოვალ დაკითხვაზე, ერთი-ორ ისტორიას გავახსენებ და გამოვტეხავ. ჯერ თქვენ სინჯეთ.
რაც შეეხება „ზვიგენას“ აყვანას, მაგას ყავს ერთი ნაშა, ლია მანია და იმის საშუალებით უნდა გამოიტყუოთ. „ზვიგენა“ ვერ იტანს, როცა მაგის ქალებს „ეპადხოდებიან“, ასე ვთქვათ. ხოდა ეგ ლეგენდა უნდა შექმნათ და მაგ ლიას საშუალებით გამოიტყუოთ. მაგისი გადმობირება ძნელი არაა, ნარკოტიკებზე მიაწექით და „სროკით“ დაემუქრეთ. ბალიშის ქვეშ ინახავს ნარკოტიკებს და უცებ წამოაგებთ ანკესზე. მალე გატყდება, გაწირავს „ზვიგენას“ და დაგთანხმდებათ მის გამოტყუებაზე.
- მადლობა, გიორგი, როგორც ყოველთვის, ყველაფერი გაშიფრული დამილაგე.
- ხო, კიდევ რა უნდა გითხრა. „ზვიგენა“, რა თქმა უნდა, დანაშაულს არ აღიარებს და ეცდება ყველაფერი „კორჟიკას“ შეტენოს. ლულაზე ხელი იმან მომაკიდინაო, იტყვის. ხოდა აი, მაქამდე რომ მიხვალთ, გამაგებინეთ და მერე მე ვიცი მაგისი. ისე კარგად აღიარებს, გაოცდები კიდევაც.
- მეტი რაღა უნდა გამაოცო, გიორგი, რასაც შენ მაგ სასწაული ტალანტით აკეთებ? უკვე იმდენი რამე ვნახე, აღარ მიკვირს არაფერი.
- ხოდა, ჩემო ზახარიჩ, რომ აღარ გიკვირს, ეხლა ამაზე უნდა დაგელაპარაკო. ამიტომაც მინდოდა შენი ნახვა და არა მარტო ჭიქის ასაწევად. ხო, მართლა. არ უნდა დაილოცო და ჩვენი წინსვლა არ უნდა აღნიშნო? - გაუღიმა გიორგიმ მუჯირს.
- კი, როგორ არა, აბა აქ რისთვისა ვარ? - ბოთლს წაავლო ხელი ილიამ და ჭიქებში ღვინო ჩამოასხა.
- ჩემო გიორგი, მოდი ჩვენ ჩანაფიქრებს გაუმარჯოს. შენ შენი შენობა მიიღე და შენს საქმიანობას იქ გააგრძელებ, მომილოცავს! მიხარია, რომ შენი ადგილი იპოვე და მჯერა რომ კიდევ წინ წახვალ.
- რას გულისხმობ?
- სახელმწიფო სამსახურს.
- კაი ეხლა, ზახარიჩ, მინისტრობა მე არ მინდა და პრეზიდენტობა. რაც მინდოდა, კი მივიღე და იცი შენც კარგად. მე ხალხის სამსახური მინდა, მათი გულების გახარება და ყოველგვარი დახმარება. ესაა ჩემი მთავარი დანიშნულება და ეს ჩემგან არაა.
- რას ქვია შენგან არაა, აბა ვისგანაა? - გაიკვირვა მუჯირმა.
- დალიე, დალიე და გეტყვი.
- კაი. ხოდა შენს ასრულებულ მიზანს და ჩემს მომავალ თანამდებობას გაუმარჯოს! გადაწყვეტილია, თანხმობას ვეტყვი შემოთავაზებაზე. მართალი ხარ შენ. ჯანი მე არ მაკლია და მონდომება. სახლში რა უნდა ვაკეთო? ესაა ჩემი საქმე და ასე მიცხოვრია აქამდე.
- აი, ეხლა უფრო მომწონხარ, ზახარიჩ. ეგრე რა. აბა ის რა იყო? - დავბერდი, პენსიაზე უნდა გავიდე - გამოაჯავრა გიორგიმ ილია და დაიჭყანა.
- ხო, იცინე ეხლა. დაცინვას კაცი არ მოუკლავსო, არა? - და ილიამ ჭიქა ბოლომდე დაცალა.
- შენ რომ დამცინოდი, კარგი იყო?
- იფ, კაი იყო. დალიე, ბიჯო, ერთი ჭიქა, რას გიზამს?
- გიორგიმ ჭიქა ასწია, სადღეგრძელო ლამაზად თქვა და უკან მაგიდაზე დადგა. მერე მეორე ჭიქაში ლიმონათი დაისხა და დალია.
- ლიმონათის გიო უნდა დაგარქვას კაცმა - უთხრა ილიამ - ადრე ფილმი იყო ასეთი, ლიმონათის ჯო. 60-იანების ფილმია, თუ არ ვცდები. ხოდა შენ ლიმონათის გიო იქნები.
- არა რა, ზახარიჩ, ძალიან გთხოვ, გიო არ დამიძახო რა, არ მიყვარს. გიორგი - გიო არა. გინდა ლიმონათის გიორგი დამიძახე და გინდა ხაჭაპურის. ხომ იცი, შენგან არაფერი მეწყინება.
- კაი, გეხუმრები. მართლა ხომ არ დაგიძახებ? ვიცი, აღთქმა რომ გაქვს დადებული და იმიტომ არ ჭამ ხორცს და არ სვამ ღვინოს.
- ეეჰ, ზახარიჩ, ადამიანს რომ აძლევ სიტყვას, იმის გატეხვა არ გსურს პატიოსან კაცს და ღმერთის მიცემულ სიტყვას რომ გატეხავ ჭიქა ღვინის გულისთვის, რა კაცი ხარ მაშინ?
ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევა იმდენად დიდი მკრეხელობაა, რომელზე უარესსაც ადამიანის გონება ვერ მოიფიქრებს.
მშიერი სხეული მძვინვარებს და ყველაფერს კადრულობს საკვების საშოვნელად. მშიერი სული კი ყველაფერს გასწირავს სულიერი საზრდოს მოსაპოვებლად. სხეულის გაძღომა იოლია, სულის კი - ძალიან ძნელი.
ის კი არ არის მთავარი, სხეულს რითი კვებავ, არამედ სულისთვის რა საზრდო გაქვს მიცემული, ესაა უმთავრესი. საჭმელს მიიღებ და რას ემსგავსება ნარჩენი და საიდანაც გადის მერე უკან, ყველამ იცის. სულის საზრდო კი მასში რჩება და ამდიდრებს და ალამაზებს მას.
- ვახ, შენ გენაცვალე. რა ლამაზად იტყვი ხოლმე და როგორ მიყვარს შენი გამონათქვამები - გულზე ხელი დაირტყა მუჯირმა.
- ჩემი არა, ზახარიჩ, ჩემგან არაა ესენი. ზოგს მამა იოანე მასწავლის, ზოგს დიოგენა, ჩემი ძმაკაცი, ზოგი კი თავად უფლისგანაა.
- ხო, რა თქმა უნდა. შენ ის მითხარი, რას ამბობდი წეღან, ჩემგან არააო?
- ზახარიჩ, არ გეწყინოს, აქამდე რომ არ გითხარი. არ მქონდა ამის უფლება. ეხლა მაქვს და გეუბნები. ოღონდ რასაც გეტყვი, არავინ არ უნდა იცოდეს. ეს მხოლოდ ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იციან - მამა იოანემ, ნინომ, ბებიამ. ძმამ და ჩემმა მეგობრებმა. ეხლა შენც გეტყვი და სიტყვა უნდა მომცე, რომ არავის ეტყვი.
- რა არის ასეთი საიდუმლო? - გაიოცა ილიამ - თუ მენდობი გიორგი, მითხარი. კი მიცნობ და იცი, რომ ჩემგან არაფერი გავა. თუ არა და ნუ მეტყვი.
- რასაც მე ვამბობ, ის ჩემგან არაა. ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ? აი, ექსტრასენსი რომ ვგონივარ ყველას.
- აბა ვისგანაა?
- ღმერთისგან.
- ეგ ხომ ისედაც ცხადია?!
- არა, ზახარიჩ, ვერ მიმიხვდი. მოკლედ, ანგელოზი მკარნახობს ყურში ყველაფერს.
- რას ქვია, ყურში გკარნახობს, ეგ როგორ?
- აი, რასაც გეუბნები ხოლმე, რაც არაადამიანურია ჩვენი გაგებით, ხომ გიკვირს ხოლმე? ხოდა, იმას ანგელოზი ჩუმად მკარნახობს ყურში. ანუ ღვთისგანაა. გაიგე? ანგელოზს კი უფალი მიგზავნის. ამიტომ ვიცი ხოლმე ისეთი რამ, რაც არ უნდა ვიცოდე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. სხვა არაფერი არაა. არავითარი ექსტრასენსი მე არ ვარ და ვერავის წარსულს და მომავალს ვერ ვხედავ. ჯადოქარი კი არ ვარ? საერთოდ, ექტრასენსობა შარლატანობაა და არ არის ქრისტიანული.
- შენ ეხლა მე მაშაყირებ თუ მართალს მეუბნები? - გაკვირვებისგან თვალები აქაჩა მუჯირმა.
- ამაზე ხუმრობა შეიძლება, ზახარიჩ? ღმერთსა და ანგელოზებზე დავიწყებ, ეხლა, მე მაიმუნობას?
- გაუგონარი ამბავია. როგორ, რანაირად? დაჯერება მიჭირს.
- უნდა დაიჯერო.
- აქამდე რატომ არ მითხარი?
- არ მაძლევდა ანგელოზი უფლებას. ეხლა, როცა დავმეგობრდით და შენ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გიჭირავს, უკვე უნდა იცოდე.
ილიამ სახეზე ხელი გადაისვა გაოცების და დაფიქრების ნიშნად:
- როგორ, ყველაფერს ანგელოზი გეუბნება?
- კი
- და შენითაც ხომ...
- არა, არა, ზახარიჩ, ჩემით არაფერს. არის ხოლმე რაღაცეები, როცა ანგელოზი რჩევას მაძლევს და მე უნდა გადავწყვიტო, კი, მაგრამ როგორც ასეთი, მე არავითარი ნიჭი არ მაქვს და ყველაფერი უფლისგან მოდის. აი, ეს არის სიმართლე.
- აი, თურმე, რატომ ხარ ყოველთვის მართალი.
- აბა ღვთის ანგელოზი ხომ არ მომატყუებს, რასაც მეუბნება?
- უი - თითქოს რაღაც გაახენდაო ილიას - დიაგნოზები დასმა და...
- ხო, ზახარიჩ, ეგეც. ყველაფერი „იქიდან“ მოდის.
- აუუ, დაუჯერებელია. დიდება შენდა ღმერთო, ხელები მაღლა ასწია მუჯირმა.
- ჩვენი ერთად მუშაობა, გამოძიებასთან და ტელევიზიასთან თანამშრომლობა, რაც აქამდე გავაკეთეთ ზახარიჩ და რასაც კიდევ გავაკეთებთ, ყველაფერი ზემოდან მოდის.
- შემეშინდა, ეხლა რასაც მეუბნები, გიორგი.
- ეეჰ, შენ არ იცი, მე როგორ მეშინია. ან რამე შემეშალოს, ან ისე ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა. მე დიდი ხანია ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. წარმოდგენაც კი მიჭირს, ვის დავალებებს ვასრულებ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ღმერთს ვუყვარვარ და თუ მძიმედ დავეცი, წამომაყენებს.
- მამა იოანე რას გეუბნება. არ გაოცდა?
- გაოცდა, რა თქა უნდა. რა უნდა მითხრას აბა? თავად ანგელოზი მეჩურჩულება და არ დაუჯეროო, ხომ არ მეტყვის? მლოცავს და მაკურთხებს.
ილია ცოტა ხანს გაოგნებული იჯდა, მერე ჭიქაში ღვინო დაისხა, ღვთის დიდება დალოცა და სულმოუთქმელად დაცალა.
ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს. შემდეგ ერმთმანეთს დაემშვიდობნენ და თავიანთი სახლებისკენ გასწიეს.
***
- მსურველია, გიორგი - ნინომ სატელეფონი გადამცემით მოახსენა მეუღლეს პირველი ადამიანის მოსვლა.
- შემოუშვი, ნინო, შემოუშვი - იყო პასუხი.
გიორგის კაბინეტში ხანში შესული დაბალი ტანის ქალბატონი შემოვიდა და მოწიწებით დაიწყო ახსნასავით ბუტბუტი:
- განცხადება ვნახე და...
- მობრძანდით, ნუ გერიდებათ - ფეხზე წამოდგა გიორგი და ღიმილით შეეგება მოსულს - დაბრძანდით და მომიყევით თქვენი გაჭირვების შესახებ. თუმცა არ არის საჭირო, ისედაც ცხადია - გაუღიმა გიორგიმ.
- რა არის ცხადი? - გაიკვირვა მოსულმა
- ძალიან კარგი, რომ მოხვედით, ქალბატონო მაყვალა, ძალიან შეგაწუხათ ხომ ბეჭებმა?
ქალბატონი მაყვალას გაოგნებულ სახეზე აღარ ღირს ყურადღების გამახვილება. როცა ცოტა გონს მოეგო, თავი უხმოდ დაუქნია.
- დადიხართ ექიმებთან და ვერ გშველიან ვერაფერს ხომ? - გააგრძელა გიორგიმ.
მოსულმა ისევ უხმოდ დაიქნია თავი.
- უნდა იცოდეთ, რომ ყველა დაავადებას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და ის უნდა აღმოიფხვრას. მე ფიზიკურ მიზეზს არ ვგულისხმობ. სულიერი მაქვს მხედველობაში.
- ბოდიში, ვერ გავიგე - დაიბნა ქალბატონი მაყვალა.
- იმას ვგულისხმობ, რომ თქვენს მეზობლებთან მუდმივი კონფლიქტი გაქვთ. სულ ჩხუბობთ და მიზეზებს ეძებთ, რომ შარი მოუდოთ. სხვა მეზობლებთან მათზე ლაპარაკობთ და განიკითხავთ. განიკითხავთ ყველას და ყველაფერს. თუ ამას არ შეწყვეტთ, მხრების ტკივილი კი არა, უარესი დაავადება შეგეყრებათ. მეზობლებს უნდა შეურიგდეთ და კარგი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოთ მათთან. მაშინ ფიზიკურადაც და სულიერადაც ჯანმრთელი იქნებით. გამიგეთ, ქალბატონო მაყვალა? ნუ ეძებთ ადამიანში ბოროტს. სიკეთე ეძებეთ და აუცილებლად იპოვით.
მაყვალა ერთიანად გაწითლდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვა ვერ დაძრა და ისევ უხმოდ დაუქნია თავი.
- ადამიანი ბევრად მეტს მიაღწევდა, საკუთარ სულში რომ ისეთივე მონდომებით იქექებოდეს, როგორითაც ის სხვის ცხოვრებაში იქექება.
ვისაც საკუთარი თავის განსჯის უნარი გააჩნია, სხვას არასოდეს განსჯის. ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარი ცოდვებით უნდა იყოს აღშფოთებული და მერე სხვისა. ის კი, ვისაც თავი უცოდველი ჰგონია, სატანის მიმდევარია და არა ღვთისა.
ადამიანს სამი უდიდესი მტერი დაჰყვება ცხოვრების მანძილზე, ქალბატონო მაყვალა: თვალი, ყური და ენა... და მათ შორის ენა უდიდესია. გაითვალისწინეთ ეს.
ზოგადად კი, ადამიანის ენა მისი კეთილშობილების პირდაპირპროპორციულია.
მაყვალა თავჩაღუნული იჯდა და სირცხვილისგან თავის აწევას ვერ ბედავდა.
- ქალბატონო მაყვალა, იმ საბრალო გოგოს ფიზიკური შესახედაობის გამომ რომ დასცინით(იცით, ვიზეც გეუბნებით), მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ სხეული სიკვდილის შემდეგ იღებს ჭეშმარიტ სახეს, სუნს, შეხედულებას და ა.შ. ყველაფერი მშვენიერი კი, რაც ადამიანს გააჩნია, პირველ რიგში, სულიდან მოდის; თორემ ყველამ კარგად იცის, როდესაც სული ტოვებს ადამიანს, რას ემსგავსება სხეული.
- მაყვალა ერთიანად გაფითრებულიყო და თრთოდა.
- ან იმ კოჭლ ვასიკოს რომ დასცინით, კარგი საქციელი გგონიათ? ვინც ადამიანს ფიზიკური ნაკლის გამო დასცინის, კარგად დააკვირდეს საკუთარ თავს სარკეში და ის უამრავ დეფექტს აღმოაჩენს - ჩაილაპარა თითქოს თავისთვის, მაგრამ მაყვალას გასაგონად გიორგიმ - სიბრმავე ან კოჭლობა, რა თქმა უნდა, ნაკლია, მაგრამ ის მხოლოდ სიცოცხლის ბოლომდე მიყვება ადამიანს. ხოლო როდესაც სული კოჭლდება ან ბრმავდება, ნაკლი კი არა, ნაკლზე უფრო ნაკლია.
ზედიზედ 40 დღე 40-ჯერ წაიკითხავთ 50-ე ფსალმუნს. თითო ფსალმუნზე კი თითო სრულ მეტანიას გააკეთებთ. ეს არის ჩემი წამალი. ოღონდ ეკლესიაში მისვლა და მონანიება არ დაგავიწყდეთ - გაუღიმა გიორგიმ დაბნეულ ქალს და აგრძნობინა, რომ მიღება დამთავრებულია.
ქალი მძიმედ ადგა და კარებისკენ წალასლასდა.
- ნინო, ბატონ ოთარს უთხარი, შემოვიდეს, - გასცა ტელეფონით განკარგულება გიორგიმ.
ოთახში 60 წელს გადაცილებული სანდომიანი მამაკაცი შემოვიდა და გიორგის დიდი მოწიწებით მიესალმა. მერე გაკვირვებულმა, ჰკითხა, თუ საიდან იცოდა მისი სახელი.
გიორგიმ თბილად გაუღიმა:
- ბატონო ოთარ, არა მარტო თქვენი სახელი ვიცი, არამედ ისიც, რომ მრავალი რამ გაწუხებთ. მაგალითად მაღალი წნევები და თავისტკივილები, იმიტომ რომ შაკიკი გაქვთ. ასევე მუხლები გტკივათ და სიარული გიჭირთ. რადიკულიტი გაწუხებთ. უძილობა დაგჩემდათ და...ყველაფერი ჩამოგითალოთ?
- საოცრებაა, ბატონო გიორგი, საიდან იცით ამდენი, ჩემი სამედიცინო ისტორია წაიკითხეთ? - გაოცებას ვერ მალავდა კაცი.
- არა, ბატონო ოთარ, თქვენ სამედიცინო იტორიას მე ვინ მომცემდა? თქვენი ცხოვრება წავიკითხე, რომელიც შუბლზე გაწერიათ - გაუღიმა გიორგიმ.
- შუბლზე მაწერია? რას ამბობთ?.. და რა მაწერია შუბლზე - წნევები, შაკიკი, რადიკულიტი და ეგენი?
- არა, ჩემო კარგო ბატონო ოთარ, ეგენი შედეგია მხოლოდ. გაწერიათ კი აი რა:
სასმელი გიყვართ და არ იკლებთ არცერთი სახეობოს ალკოჰოლს. თანამდებობის პირი ბრძანდებით და ხშირად ქრთამიც აგიღიათ, ეხლა რომ კორუფციას ეძახიან. ბოროტად იყენებთ თქვენს თანამდებობას, ასე ვთქვათ. თითქოს ამით არაფერი შავდება, თქვენ როგორც გგონიათ, მაგრამ, დამერწმუნეთ, ასე არ არის. უფალს ტკივა თქვენი ცოდვები და ეს სნეულებებიც ამიტომ გაწუხებთ. მრუშობის ცოდვებიც გაწევთ კისერზე და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცი. თუ გნებავთ იმ სასტუმროს სახელსაც გეტყვით, სადაც ქალები მიგყავთ და ღამეებს ათენებთ ხოლმე. გნებავთ?
- არა, არაა საჭირო - სიმწრის ოფლი ცხვირსახოცით მოიწმინდა ფერდაკარგულმა კაცმა.
- დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა ყველა ადამიანს ჭკუა თანაბრად გაუნაწილა. უბრალოდ, ზოგმა ის მთლიანად თავში დაიტოვა, ზოგმა კი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს დაურიგა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ბევრს სასქესო ორგანოსა ან მუცელში მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე თავში.
- უჭკუო გგონივართ?- წყენა დაეტყო ოთარის.
- სულაც არა, ბატონო ოთარ. ეს ისე, ჩემი მეგობრის, დიოგენას ესსე გამახსენდა.
ამას არც ნიშნისმოგებით და არც მხილების გამო გეუბნებით. პირიქით, კეთილგანწყობილი ვარ თქვენს მიმართ და მინდა რომ დაგეხმაროთ და თვალები აგიხილოთ. რომ იცოდეთ, ჩვენი ყოველი სნეულება ცოდვების შედეგია და თუ მათი განკურნება გვსურს, ჯერ სული უნდა განვიწმინდოთ და შემდეგ სხეულსაც ეშველება. ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სნეულება და არა მარტო, საერთოდ განსაცდელები, უფლის დიდი წყალობაა, რათა არა მარტო განვიწმინდოთ, არამედ თვალები აგვეხილოს და დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, რამდენად სწორად ვიქცევით. ცოდვები იმდენი გვაქვს ყველას, ეეეჰ...
ყველა ცოდვიანი დღეები რომ ამოვშალოთ ცხოვრებიდან, დარჩება მხოლოდ ბავშვობა და სნეულების დღეები. აი, ეს არის ჩვენი ნამდვილი სიცოცხლე. მხოლოდ მაშინ მივხვდებით, ყოველი სნეულება რაოდენი წყალობაა ღვთისა.
თქვენ კი, ჩემო კარგო ადამიანო, უფლისკენ გახედვაც არ გინდათ. ეკლესია არ გინდათ, ღმერთი არ გინდათ. გგონიათ, ცხოვრება დროსტარებისთვის მოგცათ უფალმა და თქვენც არ იკლებთ არაფერს, ხომ ასეა? სინამდვილეში კი სიცოცხლე იმისთვის გვეძლევა, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავუნაწილოთ.
ყოველი ადამიანის სიცოცხლე იმდენად ფასობს, რამდენიც გაუკეთებია სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ. მარტო ის არაა სიკეთე, ოჯახი ფულით მოამარაგო და ამითი მოგწონდეს თავი. სხვისთვის რა გაგიკეთებია, ესაა მთავარი. ან სნეულს თუ მიხმარებიხარ, ან გაჭირვებულს, ან საპყრობილეში მყოფს ან ვინმეს, საერთოდ? ამას ჩემ თავსაც ვეკითხები, ბატონო ოთარ, მარტო თქვენზე ნუ მიიღებთ.
ჩემით არ გეუბნებით, ჩემი დიდი მოძღვარი მასწავლის ასე. აბა დაფიქრდით, თუ ასე არაა. სხეულის მკურნალობა სულიდან იწყება. განიკურნე შენი სული ცოდვებისაგან და განიკურნებ სხეულსაც. სხეულზე ზრუნვა კარგია, მაგრამ სულზე ზრუნვაა უმთავრესი.
ბატონო ოთარ, რაც გითხარით, თუ ერთ ყურში შეუშვებთ და მეორეში გაუშვებთ, არაფერი არ გამოვა მაშინ.
ან უნდა დაანებოთ ქრთამის აღებას თავი და ჯამაგირი იმყოფინოთ, ან დატოვოთ სამსახური და სხვა მოძებნოთ. ყოველი აღებული ქრთამი, ვიღაცის ლუკმაა, ბატონო ოთარ. რომელსაც თქვენ დაუმსახურებლად იღებთ და ვისგანაც იღებთ, იმასაც დაუმსახურებელ სამსახურს უწევთ.
ჩემი მოძღვარი, მამა იოანე ასე მასწავლიდა:
„სხვისი ლუკმა ყელზე თუ არა, სულზე აუცილებლად დაგადგება. ყელის გაწმენდა იოლია, სულის - ნურას უკაცრავად“
მრუშობა და ცოლის ღალატი რომ დიდი ცოდვაა, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. ასევე დიდი ცოდვაა მუცელღორობა, ანუ გადამეტებული ჭამა და სმა.
ბატონო ოთარ, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვაა, რომელიც არ ეპატიება ადამიანს, თუ არ მოინანია და მათ შორისაა სიძვაც(მრუშობა თქვენს შემთხვევაში) და ნაყროვანებაც. მე არ ვარ ექიმი, მხოლოდ რჩევა შემიძლია მოგცეთ. თუ თანახმა ხართ და მიიღებთ, მაშინ განიკურნებით, თუ არა და მე ჯადოქარი არ გახლავართ. მე თქვენ სულიერ წამალს გაწვდით და მიიღებთ თუ არა თქვენი ნებაა. თუ დათანხმდებით, შემდეგში იმ ექიმსაც მიგასწავლით, ვისთანაც უნდა მიხვიდეთ უკვე ფიზიკური მკურნალობისათვის.
ოთარი მოკუზული იჯდა და სირცხვილგან ცალკე იწვოდა და ცალკე ოფლისგან იწურებოდა. თავი დაბლა დაეხარა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
გიორგი კი არ ცხრებოდა:
- ადამიანები ათას რამეზე ნერვიულობენ - ჯანმრთელობაზე, კარიერაზე, ოჯახზე, ახლობლებზე და ა.შ. მაგრამ არ ნერვიულობენ ყველაზე მთავარზე - საკუთარი სულის გადარჩენაზე
მე თქვენი შეშინება სულაც არ მინდა, ბატონო ოთარ, თუ გამომყვებით და მიიღებთ ჩემს მეთოდს, კი ბატონო, ღმერთი დაგლოცავთ, თუ არა და...იქაც ღმერთმა მოგიმართოთ ხელი. თქვენი ნებაა, რა გზას აირჩევთ.
შოკირებულმა ოთარმა სიმწრის და სირცხვილის ოფლი უკვე მერამდენედ მოიწმინდა, გიორგის ქვეშიდან ამოხედა და ამოილუღლუღა.
- ყველაფერს გავაკეთებ, ბატონო გიორგი, რასაც მეტყვით, ოღონდ ეს წყეული სნეულებები მომშორდეს და ყველაფერზე თანახმა ვარ. აღარ შემიძლია, ისეთი თავისტკივილები მაქვს, არ მშველის არაფერი. მუხლები მტკივა და ოპერაციას მეუბნებიან, სითხე გაქვს გამშრალიო თუ რაღაცა და იმ იმედით უფრო მოვედი თქვენთან, იქნება ოპერაციის გარეშე მომარჩინოს თქო. უძილობაც მჭირს, მართალია, ღამეებს ვათენებ და სულ ვფორიაქობ. შემდეგ დილას უძილობისგან თავი მტკივა ხოლმე, თითქოს შაკიკი არ მყოფნიდეს. რადიკულიტმა დამღალა, ხან ისე გამიკავდება ხოლმე წელი, მარტო მასაჟი თუ მშვველის. სულ მეშინია, მანაქანის მართვის დროს არ მიწიოს რამე და ხათაბალას არ გადავეყარო. ცოტა მეხსირებამაც ამირია ამ ბოლო დროს. უბრალო რაღაცეები მავიწყდება. კიდევ შარდზე გასვლაც მიჭირს, კარგად ვერ გავდივარ, ალბათ ესეც გეცოდინებათ.
- რა თქმა უნდა.
- გამოკვლევები ჩავიტარე და ვერაფერი აღმოაჩინეს. თირკმელებიც და შარდის ბუშტიც წესრიგშიაო და რა ვიცი, კი მიჭირს გასვლა.
რაც ეხლა თქვენ მითხარით, არ ვიცი როგორ ვთქვა, შოკირებული ვარ. რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით ყველაფერში. ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ. არ დავფიქრებულვარ ამაზე არასოდეს. ოღონდ მომარჩინეთ, ბატონო გიორგი და ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით - მუდარის მზერა მიაპყრო ოთარიმ გიორგის?
- სულ ყველაფერს? - გამომცდელა მიაჩერდა გიორგი ოთარის.
- კი, ყველაფერს, რასაც მეტყვით - გულზე ხელი დაიკრა ოთარიმ.
- დაიწყეთ ბიბლიის კითხვა და თავადაც გაიგნებთ გზას. ჩემგან პირადად კი ამას გეტყვით: 1 წლის მანძილზე კვირაში 5 დღე უნდა წაიკითხოთ დაუჯდომელი ღვთისმშობლის ხატისა „შეუსმელი ბარძიმი“, ხოლო დარჩენილი 2 დღე წმიდა ბონიფანტეს დაუჯდომელი. შეძლებთ? ეკლესიიდან გამოიტანეთ ნაკურთხი წყალი და ყველა საკვებს და სასმელს დაუმატეთ წვეთობით. ამას გარდა, უნდა დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება. აღსარება, ზიარება და ასე შემდეგ. ალბათ აღარ მჭირდება იმის თქმა, რომ ლოთობას და მრუშობას თავი უნდა დაანებოთ. მე არ გიკრძალავთ სასმელ- საჭმელს, მაგრამ ზომაზე მხოლოდ. ესაა წამალი თქვენი სნეულებებისა. თუ შეძლებთ, განიკურნებით, თუ არ და მე ვერ გიშველით.
შერცხვენილი, მაგრამ მაინც მადლიერი ბატონი ოთარი გიორგის დაემშვიდობა და კიდევ ერთხელ მისცა სიტყვა, რომ ყველაფერს შეასრულებდა.
შემდეგ, გიორგიმ ნინოს მოსაცდელიდან ხათუნა მეგრელიშვილის მიწვევა სთხოვა.
- ოთახში 30 წლამდე შავებში ჩაცმული სიმპათიური, შავგვრემანი ქალი შემოვიდა. დაღლილი სახე და ჩავარდნილი თვალები ჰქონდა. ეტყობოდა, რაღაც მძიმე განსაცდელი უნდა ჰქონოდა გადატანილი.
- გიორგიმ დივანზე დაჯდომა შესთავაზა და თავადაც გვერდით მიუჯდა.
- ქალბატონო ხათუნა, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას მეუღლის გარდაცვალების გამო. ვიცი, რა მძიმეა ეს თქვენთვის და მით უფრო ის, რომ არ იცით, ვინ და რატომ მოკლა.
- გაკვირვებული ხათუნა გაოცებული თვალებით მიაჩერდა გიორგის და ცრემლები გადმოუგორდა.
- თქვენ მართლაც საოცარი ნათელმხილველი ყოფილხართ, ბატონო გიორგი. ტყუილად არ ქუხს თქვენი სახელი ასე. სავარაუდოდ, ჩემი მოსვლის მიზეზიც გეცოდინებათ.
- რა თქმა უნდა, ვიცი, ჩემო კარგო. თქვენ გაინტერესებთ, ვინ და რატომ მოკლა თქვენი მეუღლე. მაგრამ იცით რა მინდა გკითხოთ? დარწმუნებული ხართ, რომ ამისი ცოდნა თქვენ ყოფას შეგიმსუბუქებთ?
თქვენ ხომ კარგი მართლმადიდებელი ბრძანდებით. ეკლესიაში დადიხართ, ასე თუ ისე გესმით ქრისტიანული მოძღვრება. აბა, რა საჭიროა ასეთი გადამეტებული გლოვა? ხომ იცით, რომ ამით მის სულს ვნებთ?
- რა თქმა უნდა, მკვლელობის მიზეზი და მკვლელის ვინაობა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ უფრო მეტად იმის ცოდნა მჭირდება, რომ ჩემი ნუგზარი უფალთანაა და ნეტარებს მის სავანეში. მხოლოდ ამის შემდეგ დაისვენებს ჩემი მშფოთვარე სული.
- ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქ რომ მოდიოდით, ისიც უნდა გეფიქრათ, რომ შეიძლება ის ვერ მოგესმინათ, რასაც ელოდებით. თქვენ თქვენს ფიქრებში უკვე ყველაფერი გადაწყვიტეთ და ჩემგან მხოლოდ დასტურის მისაღებად მოხვედით. არ დაგიშვიათ, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც თქვენ გსურთ. შეიძლება ისეთი რამ გაიგოთ, რაც არ მოგეწონებათ. რატომ არ დაუშვით თქვენს ფიქრებში ეს შესაძლებლობა?
- თქვენ მართლაც საოცრება ხართ, ბატონო გიორგი. ადამიანის ფიქრების გამოცნობაც კი შეგძლებიათ - აღტაცებაში მოვიდა ხათუნა.
- გამოცნობა არა - გაეღიმა გიორგის - მე ჯამბაზი არ გახლავართ. მხოლოდ იმას ვამბობ, რაც დარწმუნებით ვიცი.
- ხო, რა თქმა უნდა. მომიტევეთ, სწორად ვერ გამოვთქვი.
- არა უშავს, ეგ არაფერი. მე, ეხლა, გაძლევთ შანსს, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ - მართლა გსურთ სიმართლის მოსმენა, თუ უფალს მიანდობთ ყოველივეს და გააგრძელებთ მეუღლის სულისთვის ლოცვას?
- მე მისი სულისთვის ყოველთვის ვილოცებ, სანამ შემიძლია, ბატონო გიორგი, მაგრამ დამერწმუნეთ, სიმართლის ცოდნა ჩემს სულს სჭირდება, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლია. ეჭვებმა დამღალეს, დარდისგან ძილი აღარ მეკარება. მინდა, რომ სული დავიმშვიდო. ყველანაირ სიმართლეს მივიღებ, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ოღონდ განვთავისუფლდე ასეთი ყოფისაგან. გთხოვთ, დამეხმარეთ. თქვენზე ისეთ ამბებს ყვებიან რომ...
- კარგი, კარგი, დამშვიდდით. არ არის საჭირო ახსნა, ისედაც ვიცი. რა გაეწყობა, თქვენი ნებაა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ადამიანებს დავეხმარო. თუ თქვენ თვლით, რომ სიმართლის ცოდნა ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებთ დარდს, მე ვალდებულ;ი ვარ დაგეხმაროთ. ამას ჩემი მეორე „მეც“ მკარნახობს.
- მეორე მე? ვერ გავიგე.
- არაფერი, ეს ისე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მეორე „მე“ არის ის, ვინც მეხმარება ადამიანების ფიქრების და აზრების ამოცნობაში, მათი ტკივილების თუ სნეულებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მეთოდების განსაზღვრაში, სხვადასხვა მძიმე პრობლემების მოგვარებაში და ასე შემდეგ.
- გასაგებია. მაშ დამეხმარებით?
გიორგი დივანიდან წამოდგა. ცოტა ხნით ოთახში ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა. შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა, ხათუნას ნაზ ხელს შეეხო და ძალიან თბილი, მგრძნობიარე ხმით მიმართა:
- ქალბატონო ხათუნა, თქვენ ისეთი ლამაზი ხართ, ისეთი ახალგაზრდა. ჯერ მთელი ცხოვრება წინ გაქვთ. სამ წელიწადში გათხოვდებით და კიდევ სამი შვილი გეყოლებათ. ასე რომ, 5 შვილის დედა იქნებით. ბედნიერი ოჯახი გექნებათ და თქვენს მომავალ მეუღლეს უზომოდ ეყვარებით. იქნებ არ ჯობდეს წარსულის ქექვა?
- გაოგნებლ ხათუნას სიტყვები ყელში გაეჩხირა და ისეთი გაოგნებული სახე მიიღო, გეგონებოდა საფლავიდან აღმდგარ მკვდარს უყურებსო. შემდეგ როგორც იქნა ნერწყვი გადაყლაპა და ძლივს ამოსთქვა:
- არ ვიცი, ეგ საიდან მოიტანეთ. მეეჭვება, რომ ეგრე იქნება.
გიორგიმ თბილად გაუღიმა.
- ძალიან გთხოვთ, ყველაფერი მითხარით, რისი თქმაც შეგიძლიათ - მუდარის თვალებით შესციცინებდა ხათუნა გიორგის.
გიორგი ისევ წამოდგა.
- კარგი, რადგან არ იშლით...თქვენი მეუღლე შეუღლებამდე ერთ ქალთან დადიოდა. ყვარობდა, ასე ვთქვათ. იცით თქვენ ის ქალი. „კეთილისმყოფელებმა“ გითხრეს მის შესახებ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. მაგრამ ნუგზარიმ სიტყვა მოგცათ, რომ მასთან ურთიერთობა დამთავრებული ჰქონდა და მხოლოდ თქვენ უყვარდით. ქორწინების შემდეგ მათი ურთიერთობა მართლაც შეწყდა. ის ქალიც გათხოვდა და ნუგზარიც დაოჯახდა. ორი შვილი გეყოლათ. იმ ქალს ერთი ბიჭი ყავს. მკვლელობამდე 6 თვით ადრე, ისინი ბაზრობაზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ძველმა ვნებებმა იფეთქეს და მათი შეხვედრა სასტუმროს ნომერში დასრულდა. თქვენ, რა თქმა უნდა, ამჩნევდით მეუღლის ცვლილებას, მაგრამ არ გინდოდათ ღალატის დაჯერება. ფიქრობდით, ისევ ხომ არ თამაშობს და ამიტომ არის უხასიათოდო. ჰქონდა მას ეს მავნე ჩვევაც. მათი ურთიერთობა გაგრძელდა და ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს. რამდენიმე თვეში თქვენი მეუღლის საყვარელი(მაპატიეთ, ასე რომ მოვიხსენიებ) დაფეხმძიმდა. ორივე საგონებელში ჩავარდა. სამწუხაროდ, მათ ვნებები სიცოცხლეზე წინ დააყენეს და ქალმა აბორტი გაიკეთა.
აბორტს გართულება მოჰყვა, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია. რა თქმა უნდა, მისმა ქმარმა გაიგო და მეუღლე აიძულა სიმართლე ეთქვა. საქმე იმაშია, რომ ის კაცი ორჯერაა მძიმე სხეულის დაზიანებისთვის ნასამართლები და თქვენი მეუღლის საყვარელს მისი ძალიან ეშინოდა. თუმცა ვნებამ იმდენად დათრგუნა, რომ ღალატზე მაინც წავიდა. დანარჩენს ალბათ თავადაც მიხვდებით. საყვარლის მეუღლემ მკვლელობა სათანადოდ დაგეგმა და შეასრულა კიდეც. ეს არის სულ. თქვენი ეჭვები, რომ ნუგზარიმ დიდი თანხა წააგო და ის ვალის გადაუხდელობის გამო მოკლეს, უსაფუძვლოა. მან მართლაც შეძლო ლუდომანიის დამარცხება და როგორც შეგპირდათ, მას მერე აღარ უთამაშია. რაც შეეხება მის სულს, მე ამაზე ვერაფერს გეტყვით და არც მაქვს უფლება. მე არც ღმერთი ვარ და არც მისი ანგელოზი, რომ ეს ვიცოდე. იმაზე კი ნუ ფქრობთ, ნუგზარის სული სამოთხეშია თუ ჯოჯოხეთში, არამედ იმაზე იფიქრეთ, როგორ დაეხმაროთ. ეს არის სულ, რისი თქმაც შემიძლია.
როდესაც ხათუნამ ტირილით გული იჯერა, რაც გიორგიმ უხმოდ აცალა, წამოდგა და გიორგის თავი დაუკრა. წასვლის წინ კი გიორგის მოუბრუნდა:
- კიდევ ერთი კითხვა შეიძლება?
- დიახ. ბრძანეთ.
- იმ ქალს რა ბედი ეწია. ქმარმა ისიც მოკლა?
- არა, ისინი შერიგდნენ და ეხლა ერთად არიან. ქმარმა ღალატი აპატია. მე ვიცი, რომ გამოძიებამ ვერც მკვლელი იპოვა და ვერც მკვლელობის მიზეზი დაადგინა. ეხლა თქვენზეა დამოკიდებული, ამ ცოდნით პოლიციაში წახვალთ თუ არა. არჩევანი თქვენზეა.
- თქვენ რას მირჩევთ?
- არა მგონია შურისძიებამ ყოფა შეგიმსუბუქოთ. არც იმის თქმა შემიძლია, რომ მკვლელობა შეარჩინოთ და აპატიოთ. იმის თქმაც კი მიჭირს, მე როგორ მოვიქცეოდი. როგორც არ უნდა მოიქცეთ, არა მგონია, ვინმემ გაგამტყუნოთ. ერთის მხრივ, მიტევება ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვაა, მეორეს მხრივ, სამართალმა უნდა იზეიმოს. მე რას გირჩევდით? ასე გეტყოდით - დაფიქრდით, თქვენს ადგილას უფალი როგორ მოიქცეოდა და თქვენც ისე მოიქეცით. უკეთეს რჩევას მე ვერ მოგცემთ.
- კარგი, გასაგებია. უღრმესი მადლობა.
- ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
შემდეგი მსურველი ახალგაზრდა გოგონა გახლდათ, ასე 20 წელიწადს ცოტა გადაცილებული. ცოტათი პუტკუნა, მაგრამ მრგვალი ლამაზი სახის ნაკვთებით და საკმაოდ მიმზიდველი, რომელიც მორცხვად შემოვიდა კაბინეტში და გიორგის პირდაპირ სკამზე დაჯდა. შემდეგ გიორგის მიესალმა და ადგილზე აცმუკდა. არ იცოდა როგორ დაეწყო.
- ნუ წვალობთ, ნინი, არაფრის თქმა არ არის საჭირო, ისედაც ვიცი - დაასწრო გიორგიმ და დაბნეულ გოგონას გაუღიმა - თქვენ ტკივილები მუცლის ქვედა არეში, განსაკუთრებით მენსტრუალური ციკლის დროს, არის გამოწვეული დაავადებით, რომელსაც ენდომეტრიოზი ქვია.
- დიახ, ასეა - დაიმორცხვა გოგონამ.
- სამწუხაროდ, ის ქრონიკული დაავადებაა და სრულად არ იკურნება, ხომ ასეა? ამიტომაც მოხვედით ჩემთან.
- გოგონამ თავი დაუქნია.
- გინდათ დაავადების გამომწვევი ნამდვილი მიზეზი გითხრათ?
- გოგონამ ისევ უხმოდ დაუქნია თავი.
- კარგი, ოღონდ მე ნუ გამიბრაზდებით. 15 წლის ასაკში ქალწულობა რომ დათმეთ, ეს ხომ გახსოვთ? თანაც ის თქვენი შეყვარებული სულაც არ გახლდათ. კლუბში გაიცანით და მერე სახლში გაყევით. მას შემდეგ კი არაერთი სექსუალური პარტნიორი გყავდათ. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდობა ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს და ქალწულობას დასცინის კიდეც, მაგრამ ღმერთი ამას სხვანაირად უყურებს. ღამის კლუბებში სიარული და ნარკოტიკული აბების ყლაპვა, არ არის მოსაწონი ღვთისათვის. ამას გარდა, მოკლე კაბით და გადაღეღილი მკერდით სიარული რომ გიყვართ, თქვენ გგონიათ ეს მხოლოდ თქვენი ჩაცმის არჩევანია და სხვა არაფერი? ხო, რა თქმა უნდა, მეტყვით ეხლა, ყველა ასე დადისო, მაგრამ ასე გამომწვევად სიარული, ცოდვაა ჩემო კარგო და ესეც არის მიზეზი. აღარ მოგიყვანთ ციტატებს ბიბლიიდან და წმიდა მამათა გამონათქვამებიდან. ეკლესიაში რომ ზერელედ დადიხართ, თავსაფრის მაგივრად რომ ტილოს დაიდებთ ხოლმე თავზე და კაბის მაგივრად თავსაფარს შემოიხვევთ შარვალზე, ამით ვის ატყუებთ, ღმერთს თუ თქვენს თავს? ეკლესიის მერე კი რას აკეთებთ, მოგიყვეთ ყველაფერი? თუ როგორი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება გაქვთ, ამის შესახებ გადმოგილაგოთ დეტალები? სიძვა სასიკვდილო ცოდვაა, ჩემო კარგო და ღმერთი თუ სიკვდილით არ გსჯით, მადლობელი იყავით და დაფიქრდით თქვენი ცხოვრების სტილზე. თუ ღმერთი გინდათ, მაშინ კეთილი ინებეთ და ისე მოიქეცით, უფალს რომ მოეწონება. თუ ბოზობა გირჩევნიათ, მაშინ ეკლესიაში რისთვის დადიხართ და თვალში ნაცარს ვის აყრით?
ჭარხალივით გაწითლებული გოგონა ნერვიულობისგან თითებს ისე იქავებდა, გეგონებოდა მუნი აქვს შეყრილიო.
- სხვა ცოდვებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას - არ ცხრებოდა გიორგი - მშობლების პატივისცემა რომ გმართებთ, ეს ისედაც უნდა იცოდეთ და არა მგონია, ვერ აცნობიერებდეთ, რომ ურჩობით და ჯიუტობით ბევრს ვერაფერს მიაღწევთ. მართალია, ბიბლიას თქვენ არ კითხულობთ და სულიერი ცხოვრება არ გსურთ, მაგრამ ტაძარში ხომ დადიხართ მაინც და ნუთუ თქვენი მამა არჩილის ქადაგებებმა ვერაფერი გასწავლეს?
მამა არჩილის გაგონებაზე, ნინის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- თქვენ ის გაგიკვირდათ, მამა არჩილი რომ ვიცი და ის არ გიკვირთ ღმერთმა რამდენი იცის თქვენზე?
თუ ამას ყველაფერს არ გამოასწორებთ, ვერ მორჩებით, მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთანაც რომ გაგიშვათ, ჩემო კარგო. ამას, ყველაფერს, გულისტკივილით გეუბნებით, დამერწმუნეთ.
- ჩემსავით ბევრი ცხოვრობს, ბატონო გიორგი, მაგრამ არაფერი სჭირთ და კარგად არიან.
- ლუკას სახარების მე-13 თავის მეხუთე და მეექსვე მუხლებში იესო ეუბნება ხალხს:
„იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?
არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.
უფლის ნებაა, ვის მოუვლინოს გამნსაცდელი და ვის არა, მაგრამ თუ ვინმეს მოუვლენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ის უნდა დაფიქრდეს. ასევეა თქვენი სნეულებაც - ის ყველას გამოსაფხიზლებლადაა და ვინც ყურად არ იღებს, რა მოელის, თავად იკითხოს. ამას უფალი გადაწყვეტს. თქვენ იმას კი ნუ უყურებთ, ვინ როგორ ცხოვრობს და ჯანმრთელია თუ არა, თქვენ თავზე იფიქრეთ და თქვენს ცოდვებზე ივალალეთ. ყოველი ადამიანი თავად აგებს პასუხს საკუთარ ცოდვებზე, ან ამ ქვეყანაზე, ან იქ, უფლის სამსჯავროზე.
ადამიანები საკუთარი ხელით ჭედავენ თავიანთ მომავალს. უმრავლესობა ნატურალური თვითმკვლელია და მხოლოდ მცირე მათგანი აღწევს უკვდავებას. უკვდავებაში მე სულის ცხონებას ვგულისხმობ, ნინი. დაფიქრდით, რა გირჩევნიათ - ამქვეყნიური წამიერი სიამოვნება თუ მარადიული სიცოცხლე ღმერთთან. განსხვავება იმდენად დიდია, როგორც პინის მხარეებზე დალაგებიული ბამბა და რკინა.
უვარგის და გამოუსადეგარ ნივთებს ნაგავში ყრიან. ნუ ავყვებით ფიზიკურ ცთუნებებს. სიცოცხლე ღმერთს ნეტარებისთვის არ მოუცია ჩვენთვის. მოვალეობის გრძნობა და სხვებზე ზრუნვა უპირველესია, რისთვისაც გაგვაჩინა უფალმა. თუ მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ვიფიქრეთ, ჩვენც გამოუსადეგარი და უვარგისი ნივთები ვიქნებით ღვთისთვის.
წამია სიცოცხლე, ნინი, წამი და წამიერი სიამოვნების გამო ნუ განუდგებით ღმერთს. ხომ ხედავთ, ამქვეყნიურ ტკივილებს ვერ უძლებთ და თქვენ ჯოჯოხეთის ტკივილებს გაუძლებთ, თანაც მარადიულს? თქვენ რომ მცირედით მაინც იცოდეთ, რა საშინელება გელით ჯოჯოხეთში, ისეთი ძალით შეიყვარებდით უფალს, რომ ვერავითარი ძალა ვერ ჩააქრობდა ამ სიყვარულს. ეკლესიიდან არ გამოხვიდოდით და დღე და ღამე ტირილში იქნებოდით ცოდვების გამო. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებმა არ იციან, რა ელით და ამქვეყნიური სიამტკბილობით ტკბებიან და განცხრომას ეძლევიან. ღმერთს სიცოცხლე ნეტარებისთვის არ მოუცია ჩვენთვის. ძალიან ცდება, ვისაც ასე ჰგონია. არიან, სამწუხაროდ, ასეთებიც.
„მთელი ჩვენი სიცოცხლე სიკვდილისათვის მზადებაა“ - ამას ჩემი მოძღვარი ხშირად მეუბნება ხოლმე.
- სიკვდილს უნდა ვნატრობდეთ? - გაიკვირვა ნინიმ.
- არა, ჩემო კარგო, სიკვდილს კი არ უნდა ვნატრობდეთ, არამედ უნდა მოვემზადოთ მასთან შესახვდრად. ანუ სულის ცხონებაზე უნდა ვიზრუნოთ და როგორც ვიცხოვრებთ, იმის მიხედვით გაგვაქანებს სიკვდილი ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. მესამე გზა არ არსებობს.
მშვენიერი მუსიკალური მონაცემები მოგცათ ღმერთმა, გამოიყენეთ, რომ მიაგდეთ მუსიკა და აყევით ხორცის გულისთქმებს.
- ეგეც იცით? - ისევ გაიკვირვა გოგონამ.
- მნიშვნელობა არა აქვს, მე რა ვიცი. რაც მთავარია, თქვენ ხომ იცით? გამოიყენეთ ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი და როდესაც სული სუფთა გექნებათ, სუფთა გექნებათ სხეულიც. გასაგებია?
- გავიგე - ისე უპასუხა ნინიმ გიორგის, თავი არ აუწევია ზემოთ.
- დედა ანტონიას წესი შეასრულეთ აბორტით მოწყვეტილ ჩვილზე. შემდეგ კი, ყოველდღე, 1 წლის მანძილზე იკითხეთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი და შეასრულეთ 40 სრული მეტანია. პირველი 40 დღის მანძილზე ყოველდღე 40-ჯერ მამაო ჩვენო, მოწყალებისა კარი განგვიღე და იესოს ლოცვა. ეს ყველაფერი, აი, აქ დაგიწერეთ - და გიორგიმ დაბნეულ და გაოგნებულ გოგონას დაკეცილი ფურცელი მიაწოდა. შემდეგ, ყურებამდე გაწითლებულ ნინის თავზე გადაუსვა ხელი და კარებამდე მიაცილა.
შემდეგი მსურველი, ასე 40-იოდე წლის ოდნავ შევერცხლილი, “Koigu Kersti Merino“-ს ქსოვილისგან შეკერილ შავ შარვალსა და შავი ტყავის ქურთუკში ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი გახლდათ. ხელში გასაღებს ატრიალებდა და მოუსვენრობა ეტყობოდა.
გიორგიმ ანგელოზის კარნახამდე თავადაც განსაზღვრა, რომ ეს კაცი, შავი სამყაროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. არც შემცდარა, მის წინ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი ვახტანგ მელიქიძე იდგა.
- მობრძანდით, ბატონო ვახტანგ. თუ გირჩევნიათ “გენერალი“ დაგიძახოთ? - მიაგება ახალმოსულს ღიმილი გიორგიმ.
„გენერალი“ ოდნავ შეიშმუშნა. ცდილობდა გაკვირვება არ გამოეხატა. ბოლოს და ბოლოს ამ ქალაქში ლამის ყველა მიცნობს და ესეც რომ მიცნობდეს, რა გასაკვირიაო - გაიფიქრა და გიორგის შეთავაზებულ სკამზე ჩამოჯდა.
- გიორგი, ძმაო - დაიწყო უცერემონიოდ შავი სამყაროს ავტორიტეტმა - აქ მოსვლა ერთმა კაი ბიჭმა, ჩემმა მეზობელმა „მაკარიჩამ“ მირჩია.
- ვიცი, „გენერალო“. ისიც ვიცი, რომ ციხიდან „ქსივა“ გამოგიგზავნა და ჩემს შესახებ ყველაფერი მოგიყვა, როცა მასთან პაემანზე მიხვედი.
„გენერალი“ ოდნავ შეიშმუშნა.
- მე ძალიან დელიკატურ საქმეზე ვარ მოსული. ამას „დაჟე“ ჩემს ძმებთანაც ვერ ვიტყვი, იმდენად პირადულია. თუ ჩემს პრობლემას მოაგვარებ, გიორგი, ძმაო, გეფიცები, ისეთი „კრიშა“ გექნება, კაციშვილი ზედმეტ სიტყვას ვერ გაკადრებს - ცოცხლად შევჭამ.
გიორგის გაეცინა:
- მადლობის მეტი რა მეთქმის?! ასეთი ავტორიტეტის მფარველობის ქვეშ ყოფნა დიდი პატივია ჩემთვის.
- მე ქურდი ვარ, ძმაო, სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი - დიდი სიამაყით წარმოსთქვა „გენერალმა“ - მე ვიცი, რომ შენ „მაკარიჩას“ ქურდობა გადააფიქრებინე, მაგრამ ყველას თავისი თავი აბია და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა. ის შენზე ისე აფანატებს, ძმაო, ქურდობაზეც კი აიღო ხელი. მაგრამ მე ამაზე შენ „პრედიავას“ არ გიკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ მაკარიცა ჩემი ძმაა. არა იმიტომ, რომ შენი დახმარება დამჭირდა, დედას გეფიცები, “მაკარიჩას“ არჩევანს ვცემ პატივს და იმიტომ.
გიორგის ისევ გაეღიმა.
- მესმის და მადლობელი ვარ, რომ ასეთი განწყობით ხართ ჩემს მიმართ. თავის მართლებას და იმაზე მსჯელობას არ დავიწყებ, ქურდობა რამდენად მისაღებია. ვიცი, „მაკარიჩა“ მოგიყვა ჩვენი საუბრების შინაარს.
- მომისმინე, გიორგი, ძმაო, მე აქ ქადაგებების მოსამენად არ მოვსულვარ. ეს რომ მდომოდა, ეკლესიაში წავიდოდი და მღვდელს დაველაპარაკებოდი, დედას გეფიცები. სამი ეკლესია მაქვს, ძმაო, აშენებული და რაღაცას მეც წარმოვადგენ. აქ საქმეზე მოვედი და თუ დამეხმარები, ხომ, კარგი, თუ ვერა და ჩვენი ბაზარი აქვე მოკვდება. არ მოკვდება და...
- მაშინ მე მოვკვდები, გასაგებია - ისევ გაეღიმა გიორგის.
- მე არ მითქვამს, დედას გეფიცები, შენ სთქვი.
- თუ არ მენდობით, ჯობია არც დავიწყოთ. თუ მენდობით, მაშინ იმაზე ვიფიქროთ, როგორ ვიპოვოთ ის „ლოვკაჩი“, ვინც თავად „გენერალს“ მანქანა მოპარა. მანქანას ვინ ჩივის, „ბარდაჩოკის“ საიდუმლო ჯიბეში 2 მილიონიანი ბრილიანტი რომ არ ჰქონოდა ჩამალული.
ეხლა კი „გენერალმა“ გაოცება ვერ დამალა და პირდაღებული და თვალებგაფართოებული დიდხანს გახლდათ. შემდეგ აქეთ-იქით დაიწყო შიშით ყურება.
- ნუ გეშინიათ, ჩვენს მეტი აქ არავინ არის.
- გენერალს არაფრის და არავისი არ ეშინია, დედას ვფიცავარ. მართალი უთქვამს „მაკარიჩას“. ხალხიც მართალს ბაზრობს შენზე, ძმაო(შეგიძლია შენობით მომმართო). თუ დაკარგულს მაპოვნინებ, დედას გეფიცები, ჩემი ძმა იქნები. მაყუთსაც იმდენს მოგცემ, შენს შვილიშვილებს ეყოფათ.
- კარგი, „გენერალო“ მადლობა, რომ შენობით მომართვის უფლება მომეცი - ქურდისთვის შეუმჩნეველი ირონიით ჩაიცინა გიორგიმ - მოდი ჯერ ასე მოვილაპარაკოთ. ჯერ პატარა რჩევას მოგცემ, მეგობრულად, რა თქმა უნდა.
- გისმენ
- ნუ იფიცები ასე ხშირად. შენ დიდი ავტორიტეტი გაქვს და არ არის საჭირო ფიცით ვინმეს რამე უმტკიცო. ასე არაა? უფალიც ბრძანებს, იყოს შენი სიტყვა ხო და არა. ამის მეტი არ გჭირდება. ვინ არ დაგიჯერებს?
- ეს მხოლოდ ჩვევაა, ძმაო. მართალი ხარ. ჩემი ერთი სიტყვა საკმარისია. მიცნობენ, ვინც ვარ.
- ვინც ხშირად იფიცება, ის ბევრად უფრო ცრუა, ვიდრე ის, ვინც არ იფიცება არასოდეს. ხშირი ფიცი ხომ ბავშვებს ახასიათებთ ონავრობის დასამალად?! ჭეშმარიტებას ფიცი არ სჭირდება. ეს ისე, ლირიული გადახვევა, ჩემი მეგობროის დიოგენას ესსე გამახსენდა.
- საქამეზე ვილაპარაკოთ - მოკლედ მოუჭრა „გენერალმა“.
- შენი მანქანა, „გენერალო“ ერთმა როსტოველმა ქურდმა მოიპარა და ერთ-ერთ გარაჟში აქვს დამალული. რამდენიმე დღე დაზვერავს და მერე გადაიყვანს რუსეთში.
- ვინ არის? ნაწლავებს გამოვუღებ - თვალები დააბრიალა ქურდმა.
- მომისმინე, ძმაო, შენ ხომ ქურდი ხარ?! მე რომ შენ მომპარავი დაგისახელო, ქურდული გაგებით მე რა გამოვდივარ? „ბოზობა“ გინდა დამაწყებინო?
- გენერალი გაშრა, არ იცოდა რა ეპასუხა.
- მაშ, არ მეტყვი ვინ არის? შენ ხომ ქურდულ გაგებას არ აწვები, ძმაო. შენ რა გიშავდება? ეს ბაზარი ჩვენს შორის დარჩება.
- ანუ, მე ვიბოზო და შენ არავის ეტყვი, რომ ბოზი ვარ, ხომ? ამას მთავაზობ? შენ რომ ჩამეშვი სხვასთან, რას მიზამდი?
გენერალმა სიმწრის ოფლი მოიწმინდა.
- მოდი ასე მოვიქცეთ - გააგრძელა გიორგიმ დაბნეული ქურდის შემხედვარემ - რამდენიმე დღე მომეცი და მანქანას თავად მოგიყვან. ერთ რამეს გეტყვი მხოლოდ - იმ „ლოვკაჩმა“ არ იცის, რომ მანქანაში ბრილიანტია დამალული. ვერ მოასწარი მისი გადამალვა, ხომ სწორია? მანქანა დაგიბრუნდება და ბრილიანტიც ადგილზე დაგხვდება, ოღონდ, წინასწარ გაფრთხილებ, ეგ ბრილიანტი შენ სიკეთეს არ მოგიტანს, „გენერალო“. რაც შეეხება „ლოვკაჩს“, იმას არ „ეგრეხება“, შენ რომ მოგპარა. ჯერ ერთი, ერთ როსტოველ ქურდს შენი ზუბი ჰქონდა და ძმაკაცის ოხშივარი ამოიღო...და მეორეც, თქვენ, ქურდებს გჩვევიათ გამონათქვამი „ქურდის ქურდი ცხონდაო“.
ქურდის ქურდი ისევე ცხონდება, როგორც მკვლელის მკვლელი ან მრუშთან ნამრუში. პირიქით, ეს უფრო დიდ უბედურებად მიმაჩნია. ქურდმა იცის, რომ შესცოდა და შეიძლება, მოინანიოს კიდეც. ქურდის ქურდს კი ჰგონია, რომ ცხონდება და არხეინად არის.
- როგორ უნდა შევარჩინო, ძმაო? - აღშფოთდა „გენერალი“.
- შენც ხომ მოპარე დანიელ მიხიაშვილს?! ეგ ქურდობა ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ინფარქტი მიიღო, ეხლა საავადმყოფოში წევს და სიკვდილს ებრძვის. გიღირს რამე ადამიანის სიცოცხლედ?
„გენერალი“ მოულოდნელობისგან გაფითრდა. გრაფინიდან წყალი ხელისგულზე დაისხა და სახესა და შუბლზე მოისვა. შემდეგ ცოტა ხანს ჩაფიქრდა და გიორგის მიმართა:
- მოდი, შენ ის მანქანა დამიბრუნე და დანარჩენს მერე გადავწყვეტ, ძმაო. მოსულა?
- კარგი, ეგრე იყოს - „გენერლის“ გაწვდილ ხელს ხელი დაურტყა გიორგიმ.
გიორგი „გენერალს“ მანქანის დაბრუნებას სამ დღეში შეპირდა. მას არ აინტერესებდა ქურდული კანონები და „ბოზობა“ ერქმეოდა თუ კაი ბიჭობა, მისთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. ის თავის საქმეს აკეთებდა და ის უფრო აინტერესებდა, ღმერთი რას იტყოდა და არა “გენერალი“ და მისი წრის ადამიანები. მან სამჯერ დაუსახელა „გენერალს“ მომპარავის მეტსახელი, მაგრამ „გენერალი“ ვერცერთხელ ვერ მიხვდა. დიახ, იმ ქურდის მეტსახელი, ვინც „გენერალს“ სულ ახალთახალი მერსედესის ჯიპი მოპარა, „ლოვკაჩი“ გახლდათ, რომელიც დახელოვნებული იყო მანქანების მოპარვაში და არ არსებობდა სიგნალიზაცია ან საკეტი, „ლოვკაჩს“ რომ არ გაეტეხა და მანქანა არ მოეტეხა. მისი კოპმპიუტერული ტვინი ნებისმიერ მანქანას ხსნიდა, ქოქავდა და უმტკივნეულოდ მიყავდა. რა თქმა უნდა, ამისთვის შესაბამისი აპარატურაც ჰქონდა გაკეთებული.
წინასწარ გეტყვით, რომ შემდგომში გიორგიმ ადვილად მიაგნო „ლოვკაჩს“, რომელიც ქვეყნიდან ჯერ გასულიც არ იყო და ისეთი დანაშაულები ჩამოუთვალა, რომ მათი გასკდომის შემთხვევაში საბრალო ქურდს ლამის სამუდამო პატიმრობა ელოდა. მაგრამ ყველაზე მეტად, ქურდს „გენერლის“ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ ეს უკანასკნელი ქვეყნის გარეთაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და რომ გაეგო მისი მანქანის მომპარავის ვინაობა, საფლავიდანაც კი ამოთხრიდა და შურს იძიებდა. ამიტომ, გიორგის შეთავაზებაზე მარტივად დათანხმდა და მანქანა გიორგის იმ პირობით გადასცა, რომ მისი ვინაობა საიდუმლოდ დარჩებოდა.
ზუსტად 3 დღეში გიორგიმ მანქანა „გენერალს“ დაუბრუნა.
აქვე გეტყვით, რომ „გენერალი“ მანქანას არ ართმევდა, გიორგისთვის ჩუქება უნდოდა. მხოლოდ ბრილიანტი ამოიღო. 100 ათასი დოლარიც შესთავაზა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგიმ ყველაფერზე მტკიცე უარი განუცხადა და თუ „გენერალს“ კლინიკისთვის რაიმეს შეწირვა უნდოდა, ნინოსკენ გადაამისამართა, რომელსაც ფინანსები ებარა. „გენერალმა“ 50 ათასი დოლარი შესწირა კლინიკას და სანამ საბოლოოდ გიორგის დაემშვიდობებოდა, კიდევ ერთხელ დაიფიცა - თუ რამე დაგჭირდეს, სიცოცხლესაც არ დავიშურებ შენთვისო.
როგორც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი შემდგომში მოხდა. ჩვენ კი გავაგრძელოთ იქიდან, სადაც გავჩერდით.
ბევრი ადამიანი მიიღო გიორგიმ და ბევრს ასწავლა განკურნების გზა. დღის ბოლოს კი მას შუა ხნის ცოლქმარი ეახლა. მამაკაცი 50-ს უახლოვდებოდა, როგორც ეტყობოდა, ქალი კი 40-ს ოდნავ გადაცილებული იქნებოდა. წყვილს უშვილობა ტანჯავდა და გიორგისთანაც იმ იმედით მივიდნენ, რომ ის განკურნავდა, თუ ამისი მიზეზი რამე დაავადება იყო და არ იცოდნენ, რადგან მრავალი ექიმი მოეარათ და ყველა ერთხმად უმტკიცებდა, რომ არაფერი სჭირდა არც ცოლს და არც ქმარს და ყველაფერი მხოლოდ ღვთის ნება იყო.
გიორგიმ წყვილი დივანზე დასვა და თვითონაც ახლოს მიუჯდა.
- ჩემო კარგებო, არავითარი ჯადო არ გაქვთ, როგორც გგონიათ.
ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს ვერავითარი ჯადო ვერაფერს დააკლებს. მისი ზეგავლენის ქვეშ სუსტი და ურწმუნო ადამიანები ექცევიან. მორწმუნე ადამიანის ჯადო კი ღვთის სიყვარულია.
მეც იმავეს გეტყვით, რომ არაფერი ჯანმრთელობის მხრივ არ გჭირთ და თქვენი უშვილობა, თქვენივე ცოდვების ბრალია.
- მასე, ცოდვები ვის არა აქვს, ჩემო ბატონო? – შეეპასუხა მამაკაცი, როდესაც გაოგნებისგან გამოერკვა.
- თქვენ სხვის ცოდვებს თავი დაანებეთ, ბატონო კაკო, თქვენსაზე იდარდეთ.
შემდეგ ქალბატონს მიმართა:
- ქალბატონო ლია, აბორტის ცოდვები მოინანიეთ?
- ცოლ-ქმარმა გაკვირვებით შეხედა ერთმანეთს, საიდან იცის ჩვენი სახელებიო.
- ეეჰ, მოვინანიე რამდენი ხანია - ამოიოხრა ქალმა.
- ნუ გიკვირთ, თქვენი სახელები რომ ვიცი. ეტყობა უფალი ვერ დაკმაყოფილდა თქვენი მონანიებით. ზოგადად, მონანიებაზე მინდა გითხრათ. ზოგს ჰგონია, მივა, მღვდელთან აღსარებაზე, ჩამოთვლის ცოდვებს, თითქოს გაკვეთილზე იყოს, ან ჩამოწერს და ჩამოარაკრაკებს და მორჩა, მიეტევება და გასუფთავდება. არა, ჩემო კარგებო, ეს ასე არ არის. მონანიება ძალიან ღრმა და დიდი საიდუმლოა უფლისა და ყოველთვის ისე უნდა ინანიებდე, როგორც განკითხვის ჟამს მოინანიებდი. ჭეშმარიტ სინანულს ბევრი ცრემლიც ახლავს თან, გულწრფელი და ნაღვლიანი ცრემლები.
ყოველი ცოდვა სატანასთან გვაკავშირებს და სულაც არ არის საჭირო, მასთან ხელშეკრულების გაფორმება. ყოველი მონანიება კი ღმერთთან გვაახლოებს და გადარჩენის შანსს გვაძლევს.
თქვენ რომც მოგენანიებინათ, ქალბატონო ლია, აბა თქვენ ქმარს ჰკითხეთ, მოინანია? მას ხომ ჰგონია, რომ აბორტი მარტო ქალების ცოდვაა და არა მარტო მას, ბევრ მამაკაცს. ის კი ორივეს თანაბრად ეკუთვნის და ორივემ ერთნაირად უნდა მოინანიოს.
ადრიანად იქორწინეთ, ჯერ ბავშვები არ გეჩქარებოდათ, დროსტარება გინდოდათ და ორი აბორტიც ამიტომ გაიკეთეთ. მართალია ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ხმარობდით, მაგრამ ორჯერ გაგეპარათ მაინც. მე კი გეტყვით, რომ ეგეც დიდი ცოდვაა და უფლის ნებას აღუდგებით წინ, როდესაც ჩასახვას ებრძვით. ეხლა კი გიკვირთ, რატომ არ გყავთ შვილი.
მკვლელობა მძიმე ცოდვაა, ხშირად დადიხართ ეკლესიებში და იცით, მაგრამ აბორტი ათმაგად მძიმეა, რადგან ეს არის ჯგუფური მკვლელობა ადამიანისა, რომელიც არავინ იცის, რას მოუტანდა კაცობრიობას. თქვენ კი ორი ადამიანი მაინც მოკალით საშოში. მძიმეა, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ სავალალო სიმართლეა.
- ცოლ-მქარს სიმწრის ოფლი ასხამდა, მაგრამ შეპასუხებას ვერ ბედავდნენ.
- წადით მშვიდობით. არ გჭირდებათ თქვენ ორსულობის წამალი. ძალიან ძლიერი სინანული გჭირდებათ და უფლისადმი გულმხურვალე ლოცვა.
შემდეგ პატარა ბროშურა გადმოიღო და ქალს მიაწოდა:
- ეს დედა ანტონიას წესია და აბორტირებულ ჩვილებს ეხება. შეასრულეთ ეს წესი ორივემ, ორივე მოწყვეტილ ჩვილზე. ასევე იმ პერიოდზე, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ხმარობდით, წერია მანდ ყველაფერი, და გეყოლ;ებათ შვილები. ხაზს ვუსვამ, ორივემ გულმოდგინეთ შეასრულეთ ეს წესი და გეყოლებათ შვილები.
ორივემ გავირვებით შეხედა გიორგის და არ იცოდნენ, რა ეთქვათ.
გიორგიმ კარამდე მიაცილა ცოლ-ქმარი, დაამშვიდა და დაემშვიდობა.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითი აღგიწერეთ, რათა უკეთ გადმომეცა მკითხველისთის გიორგის მუშაობის მეთოდები.
***
გავიდა 5 წელი.
გიორგი ყიფიანის სახელი ისე გავრცელდა, რომ უამრავ მსურველთა ნაკადი მასთან უკვე სხვა ქვეყნებიდან მოედინებოდა და ისიც იძულებული იყო, ლამის ღამეები ეთენებინა, რადგან მისი სახელმწიფო სამსხური ასევე დროს და ენერგიას მოითხოვდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში, გიორგის დახმარებით მრავალი გარე თუ შიგა აგენტი გამოავლინეს და სათანადო ადგილიც მიუჩინეს. პრეზიდენტმა გიორგი საკუთარ მრჩეველად დაიყენა და სახელმწიფო საქმეებში ყოველთვის მის აზრს ითვალისწინებდა. გიორგი სამხურიდან განთავისუფლებას სთხოვდა, რათა მთელი დრო ხალხისთვის დაეთმო. ეხლა თუ მსურველებს მხოლოდ საღამოობით და შაბათ-კვირას იღებდა, სამსხურიდან წამოსვლის შემთხვევაში მთელ დროს მომსვლელებს დაუთმობდა. მაგრამ ამის საშუალებას პრეზიდენტი არ აძლევდა და ერთადერთი, რასაც მიაღწია, დამატებით ორი თავისუფალი დღე გამოითხოვა. ამას ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ილია მუჯირსაც ძველებურად სჭირდებოდა მისი დახმარება და ისიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.
დროთა განმავლობაში ნინოს და გიორგის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. საქმე იმაშია, რომ რამდენჯერმე ნინომ მსურველი გიორგის გარეშე მიიღო და საკუთარი ინიციატივით აძლევდა რჩევებს იმის გათვალისწინებით, რაც ამ ხნის მანძილზე გიორგისგან ჰქონდა მოსმენილი თავისი გამოცდილებით. ამაზე გიორგი საშინლად აღშფოთდა და პირველი სერიოზული კამათიც სწორედ ამის გამო მოუვიდათ. გიორგიმ კატეგორიულად გააფრთხილა ნინო, რომ მის გარეშე არავისთვის არავითარი რჩევა არ მიეცა. ეს მხოლოდ პირველი სერიოზული უთახმოება იყო, თორემ ბზარი დიდი ხნის გაჩენილი გახლდათ და ხშირადაც კამათობდნენ. რა გასაკვირია, რომ გიორგის ნინოსთვის დრო საერთოდ აღარ რჩებოდა და ამანაც, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა იქონია. ამას ისიც ემატებოდა, რომ ბავშვი არ ყავდათ და ესეც თავის დაღს ასვამდა მათ ურთიერთობას.
როდესაც საყვარელი ადამიანისთვის დრო არ გაქვს, ის ნელ-ნელა უცხო ხდება და იწყება სიყვარულის და ურთიერთობების გაციება.
ერთ დღეს ნინოსთან ატირებული დედა მივიდა და შვილისთვის, რომელიც თავის სიმსივნით იტანჯებოდა, დახმარება სთხოვა. ნინომ თავიდან ვერ გაბედა გიორგის გარეშე რაიმე რჩევა მიეცა და ლამის ასჯერ დაურეკა კიდეც, მაგრამ რატომღაც გიორგის ტელეფონი სულ გამორთული იყო და როდესაც ხმა ვერ მიაწვდინა, ადგა და ის უთხრა, რასაც ხშირ შემთხვევებში გიორგი კიბოიან პაციენტებს ეუბნებოდა ხოლმე და მკურნალობის ის მეთოდები და ექიმები ურჩია, რასაც გიორგი ურჩევდა ხოლმე(„პანტანასას“ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ეკითხა და მეტანიები შეესრულებინა). კმაყოფილი დედა ნინოს ხელებს უკოცნიდა და ცრემლით უსველებდა. გიორგი ამ დროს ერთ-ერთი ჯაშუშის მხილებაში მონაწილეობდა და ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა. იმდენად მნიშვნელოვანი გახლდათ ამ ჯაშუშის აყვანა და გამოტეხვა, რომ გიორგის ტელეფონის დატენვა არც გახსენებია.
დაბრუნებულმა, დაღლილმა და განერვიულებულმა მთელი ჯავრი ნინოზე ამოიყარა და მის გარეშე კლიენტის მიღების გამო ისეთი დღე დააწია, რომ ატირებულმა გოგომ ვეღარ მოითმინა და კარგადაც იჩხუბეს.
- ხომ გითხარი, უჩემოდ არავინ მიიღო თქო, რით ვერ გაგაგებინე? - უხსნიდა გიორგი ნინოს.
- შე მამაცხონებულო, როდესაც აქ არ ხარ, ხომ შეიძლება დამიბარო, ვის რა ვუთხრა? მე თუ არ მენდობი, შენი მეგობრები აქ არ არიან? ან ემზარის უთხარი ან ზურას. აუცილებლად ცოდვები უნდა ჩამოუთვალო და გაამწარო ადამიანი, სანამ რჩევას მისცემ? - თავს იმართლებდა ნინო.
- შენ არაფერი არ გესმის. მარტო რჩევაში არაა საქმე, ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ შეეყარა ესა თუ ის სნეულება, ან რატომ ჩავარდა ამა თუ იმ განსაცდელში. ნეტა რას გიხსნი, რა.
- ხო, აბა, მე რას ამიხსნი, შტერი ვარ და ვერ გავიგებ. მე მგონი ცოტა მეტი მოგდის უკვე და ხიბლში არ ჩავარდე, მეშინია.
- ხიბლი რა შუაშია, აბა? ადამიანს რომ დაეხმარო, ხიბლში ჩავარდნაა?
- დახმარებაა, როცა მწარე სიმართლეს მიახლი პირში და სირცხვილისგან გაოგნებულებს ტოვებ? სიმართლის თქმა ყოველთვის კი არაა საჭირო. დუმილს ოქროს ფასი აქვს.
- ზოგჯერ სიმართლის დამალვა იგივეა, სახლში დაგროვილი ნაგავი გარეთ რომ არ გაიტანო. დუმილი ხშირად მართლაც ოქროა, მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ ოქრო სატანის სამსახურში უფრო ხშირადაა, ვიდრე ჭეშმარიტი ღვთისა.
- პატიოსნება ყოველთვის სიმართლის თქმას როდი ნიშნავს. ის, პირველ რიგში, კეთილშობილებას გულისხმობს, რამეთუ ხშირად სიმართლე ბოროტების მსახურია და არა სიკეთის - არ ცხრებოდა ნინო - გამომივიდა სიმართლის მთქმელი.
ცხოვრებაში არსებობს სიმართლე, რომლის თქმაც არ შეიძლება. სიმართლის თქმა ყოველთვის სიმამაცე, სიკეთე და სათნოება როდია. ხშირად ეს დიდი უტიფრობა, სიბრიყვე და უგუნურებაა.
ხო, მართლა, სულ მინდოდა მეკითხა, ჩემები რომ მოარჩინე, რატომ იმათ არ მიუთვალე ცოდვები? შენ ხომ დიდი მსაჯული ხარ და ჩემებმა რა დაგიშავეს?
- არაფერი მსაჯული მე არ ვარ, ნუ აზვიადებ. წყნარად ვაკეთებ ჩემს საქმეს. შენებს კი რაც საჭირო იყო, ის ვუთხარი. მე ვიცი, რისი ბრალი იყო მათი სნეულებები და მამაშენს ვუთხარი კიდეც, ეს კაცების საქმეა, დედაშენის ცოდვები კი თავად ჰკითხე და ის მოგიყვება, მე რატომ უნდა გითხრა? თუ პატივი ვეცი და არ ვუთხარი, უნდა დაინახო ეს.
- ხო, აბა რა, ეხლა დაუნახავიც გავხდი თურმე.
იქნებ ჩემი შეცოდებებიც ჩამოარაკრაკო, ბავშვი რატომ არ მყავს ამდენი ხანია? რაღაც დიდი ცოდვები მაწევს კისერზე ხომ? მიდი, ჩამომითვალე, შენ ხომ ყველაფერი იცი?!
- ეგ წელს ქვემოთ დარტყმაა. იცი, რომ მეც მტკივა და განვიცდი. არავითარი ცოდვების ჩამოთვლას არ ვაპირებ, არც ვიცი და არც მაინტერესებს. ყველანი ცოდვილები ვართ.
- რა ვიცი, ლამის ღმერთად მოგაქვს უკვე თავი, ისე ურიგებ ადამიანებს მითითებებს და...
- შენ, ახლა, ჩხუბის ხსასიათზე ხარ და იმიტომ იკბინები.
- კიდევ მე ვარ ჩხუბის ხასიათზე? სიმსივნიან ავადმყოფს რამდენიმე რჩევა მივეცი, რომელ ექიმთან უნდა მისულიყო, ის ვუთხარი ატირებულ დედას და ამაზე ერთი ამბავი ამიტეხე. მე ვარ ჩხუბის ხასიათზე?
- კარგი, მე ვარ დამნაშავე, ბოდიშს გიხდი.
გიორგიმ კამათის გაგრძელებას დათმობა ამჯობინა, ადგა და თავის კაბინეტში შევიდა.
- არ აყვე, თავი შეიკავე. ეს შენი ნერვების გამოცდაა- კარნახობდა ყურში ანგელოზი - ეშმაკი გებრძვის.
„სანთელის“ სიტყვებიც გაახსენდა: „ძლიერი პიროვნება ის არის, ვინც მართალია და თავის გამტყუნება შეუძლია და არა ის, ვინც მტყუანია და თავს იმართლებს“.
- არ ვარ, ეს ოხერი, ძლიერი პიროვნება, მამაო, არ ვარ - ძლივს იკავებდა ბრაზს გულში გიორგი.
ზურას და ემზარის ყველაფერი ესმოდათ, მაგრამ ჩუმად იყვნენ და არ ერეოდნენ ცოლ-ქმრის ჩხუბში.
- ეეჰ, ამათმა ძალიან გაუბერეს უკვე - უთხრა გულდაწყვეტილმა დიოგენამ ზურას.
- კაი, რა, იჩხუბებენ და შერიგდებიან. „ცოლ-ქმრისა ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“, ხომ გაგიგია?
- კი, ძმაო, „ცოლქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“, მაგრამ ისიც იცოდე, რომ ხშირად ბრიყვი მართალი გამოდგება ხოლმე, ცოლი და ქმარი კი ბრიყვები.
- მაგითი რისი თქმა გინდა?
- ვთქვი უკვე, რაც მინდოდა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- კაი, ნუ აზვიადებ რა, ნუ იცი ხოლმე შენ ყველაფერზე ფილოსოფიური დასკვენების გამოტანა.
- ფილოსოფია რა შუაშია? ცხოვრებაა ასეთი ძმაო, დაგაფიქრებს და გამოგატანინებს დასკვნებს, მარა შენ ოღონდ ლუდით გაგჭყიპა და სხვა არაფერი გაინტერესებს.
- აუჰ, თორემ ჩემზე ნაკლებად გიყვარს რა, ჩემი შენ გითხარიო.
ასე იღლიცინეს მოგობრებმა ცოტა ხანს, მერე კი შენობიდან გავიდნენ და ნინო და გიორგი მარტო დატოვეს.
ეს ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, მერე კი გიორგი პრეზიდენტმა საკუთარ მრჩევლად დააწინაურა და სახელმწიფოში მეორე კაცად აქცია. არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც პრემიერ-მინისტრი არ სარგებლობდნენ ისეთი გავლენით, როგორითაც გიორგი. გარდა ოფიციალური თანამდებობისა, მთელმა ქვეყანამ იცოდა გიორგის უნიკალური ექსტრასენსობის შესახებ და ბევრი მის პრეზიდენტობაზეც კი ოცნებობდა. იმედი ჰქონდათ, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ეშველებოდა რამე.
მანამდე კი გიორგისთან მომსვლელების ნაკადი არ წყდებოდა და არავინ იცის, საიდან ჰქონდა ამ კაცს ამხელა ენერგია, დღე და ღამე რომ შეეძლო ფეხზე დგომა და 2-3 საათი ძილი ჰყოფნიდა. ზურა და ემზარი ყველანაირად გვერდით ედგნენ მეგობარს და ნაკლები ჯაფა არც მათ ადგათ. მსურველების მიღება, ჩაწერა, აღრიცხვა, სამეურნეო საქმიანობა და სხვა ბევრი რამ მათ კისერზე გახლდათ. კლინიკაში წესრიგის დაცვასაც ისინი ახორციელებდნენ. მართალია, ერთ-ერთი დაცვის კომპანიიდან, ბევრი დამხმარე ჰყავდათ, მაგრამ კონტროლის მექანიზმი მათ ხელში იყო. მთელი კლინიკის(ასე ეძახდა გიორგი „გინოს“) შიდა სამზარეულო გიორგიმ მეგობრებს ჩააბარა. ნინო კი უფრო კლიენტთა მიღების საქმეში ეხმარებოდა მეუღლეს. რა თქმა უნდა, ჰყავდათ მომსახურე პერსონალიც, რადგან კლინიკას უკვე იმდენი ხალხი მოაწყდა, რიგები არ წყდებოდა დღე და ღამე. შესასვლელში უზარმაზარი დარბაზი იყო რბილი სკამებით მოწყობილი. გიორგის თავიდანვე ჰქონდა ეს გათვალისწინებული და დიდი ხნის ლოდინის შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლოთ იქ მოესვენათ.
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ გადასახადი, როგორც ასეთი, გიორგის დაწესებული არ ჰქონდა და მხოლოდ ვისაც რისი გაღება შეეძლო, იმას ტოვებდა. ამის მიუხედავად, სალაროში, რომელიც ასევე ნინოს ებარა, უზარმაზარი თანხა შედიოდა, რომელიც არა მარტო თავისუფლად უზრუნველყოფდა მომსახურე პერსონალის ხელფასებს თუ სამეურნეო ხარჯებს, კომუნალურ თუ სხვა შიდა ხარჯებთან ერთად, არამედ საკმაო თანხაც რჩებოდა, რისთვისაც გიორგი და ნინო მას ქველმოქმედებისთვის იყენებდნენ. გარდა თანხისა, სალაროში უამრავი საჩუქარი შედიოდა ძვირფასი ლითონების თუ სხვა ნივთების სახით, რომლებიც ასევე ქველმოქმედებაში მიდიოდა. შეიძლება ითქვს, საჭირო ხარჯების გარდა, გიორგი თავისთვის არაფერს იტოვებდა და ყველაფერს უსასყიდლოდ გასცემდა, რაც მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ მისთვის. ხელფასები კი საკმაოდ მაღალი გახლდათ და არცერთი მომსახურე პერსონალი, გიორგის მეგობრების ჩათვლით, უკმაყოფილო არ რჩებოდა.
***
ერთ დღეს, გიორგის არც მეტი არც ნაკლები, „მაკარიჩა“ გამოეცხადა.
- ვააა, “მაკარიჩ”, შე ძველო - გულწრფელად გაუხარდა გიორგის ძველი თანამესაკნის ნახვა და ახალმოსულს გადაეხვია, რომელიც მასთან ზურამ შეიყვანა.
- როგორ ბრძანდებით, ბატონო გიორგი? - მორცხვად მიეგება მაკარიჩა.
- კაი ეხლა, “მაკარიჩ”, რა ბატონობით დამიწყე ლაპარაკი?
- აბა, ეხლა შენ დიდი კაცი ხარ, ძმაო, სხვანაირად როგორ იქნება?
- როდის გამოხვედი ციხიდან, შენ ის მითხარი ჯობია.
- ერთი კვირა იქნება, ექსტრასენსას ვენაცვალე, 7 წელი მომისაჯეს ძმაო. 5 მოვიხადე ციხიანად და გამომიშვეს რა.
გიორგიმ ბარიდან კონიაკი გამოიღო და “მაკარიჩას” დაუსხა. მერე ზურა გააცნო და ემზარისაც დაუძახა, რომელიც დაბლა მომსახურე პერსონალს რაღაც მითითებებს აძლევდა.
- ესენი ჩემი ძმები არიან , მაკარიჩ, ჩემი ბავშვობის მეგობრები, ვისთანაც სულ ერთად ვარ -ზურა და ემზარი. ციხეში გიყვებოდი მათზე, გახსოვს?
- კი, ძმაოჯან, მახსოვს, როგორ არა - გაიბადრა „მაკარიჩა“ და ბიჭებს დიდი ენთუზიაზმით ჩამოართვა ხელი.
- სოკრატე, მგონი, ხო?
- „დიოგენა“ - შეუსწორეს მოსულს შეცდომა.
- ხო, „დიოგენა“, ბოდიში.
ეს ჩემი ბრატიცაა, რომ იცოდეთ, მიანიშნა გიორგიზე.
ბიჭებმაც გაუღიუმეს და თბილად მიესალმნენ.
- აბა, მომიყევი, როგორ ხარ? - მიმართლა გიორგიმ „მაკარიჩას“.
- კარგად ვარ, გიორგიჯან, რა მიშავს. აი, გამოვედი რა, „სვაბოდნი“ კაცი ვარ ეხლა, ჯიგარო.
- კარგია, ძალიან მიხარია შენი ნახვა. აბა, რას მეტყვი კარგს?
- წუხელ სახლში რომ მივდიოდი, არ დაიჯერებ, იცი ვინ შემხვდა?
- ვინა?
- გენადი შემხვდა, ბიჭო, შენ რომ დაარიგე, ხომ იცი? გაამართლეს, ტოო, წარმოგიდგენია? აუჰ, ამ „ტოო“-ს მინდა გადავეჩვიო და წამამცდება ხოლმე რა, „პა პრივიჩკე“ მაინც. ხოდა იმას ვამბობდი, პირობითი მისცეს რა, სამი წელი. გაიარა უკვე და „სვაბოდნი“ კაცია. ხოდა შენზე ჭკუას კარგავს ვაფშე რა, გაგიჟებულია კაცი, შენ მზეს ფიცულობს. ეს ვინ ყოფილაო, ჯერ მე დამარიგა და ციხეს ამაცდინაო და მერე კიდევ ისეთი ექიმები მიმასწავლა, ბავშვები გადამირჩინაო.
თავიდან თითქოს კი არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, თვალიც ამარიდა, „ნი ვიჟუ გამიკეთა“ მაგ ჩათლახმა, ტოო(აჰა ისევ), მარა რომ დაველაპარაკე, მერე სად წავიდოდა?
ვეუბნები, ნუ გეშინია, ბიჭო, კი არ შეგჭამ, ტოო. ცუდს არაფერს გაგიკეთებ. ხოდა, მერე ხინკალი ვჭამეთ, ცოტა არაყი დავლიეთ და ვილაპარაკეთ რა ხოშიანად. კაი ტიპია ეგ გოთვერანი, ტოო.
- კარგია, ძალიან მიხარია. მოდი, თითი ჭიქა დავლიოთ, ბევრი არა, ცოტა ვილაპარაკოთ „მაკარიჩ“. თან შოკოლადი ან ნამცხვარი მიაყოლე.
- მადლობა, ბატონო გიორგი ჯან?
- ბატონო არ გამაგონო, თორემ მეც ბატონო სერგოს დაგიძახებ და გაგიტყდება, ტოო - გამოაჯავრა გიორგიმ.
- არის, უმფროსო ! - სალდათივით გამოიჭიმა „მაკარიჩა“.
- ამოიღე უკვე ეგ შენი რევოლვერი და მომეცი. ვიცი, რომ უნდა მაჩუქო.
„მაკარიჩამ“ უბის ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და გიორგის დარცხვენით გადასცა.
- დედას ვფიცავარ, შენი ნახვაც მინდოდა ბ.. ხო, ბატონოს გარეშე, გიორგი. მინდა იცოდე, რომ ბევრი ვიფიქრე, რაც შენ მებაზრე კამერაში და დაგიჯერე რა. აღარ მინდა ქურდობა ძმაო. ძნელი გზაა, ხიფათიანი. არ მინდა მასეთი სახელი, მართალი ხარ შენ. „პრასტოი“ ცხოვრება მირჩევნია რა. „უვაჟენია“ ისედაც არ მაკლია და რად მინდა ქურდობა, ტოო?! თან ცოდვა ყოფილა და ღმერთსაც არ მოეწონება. იცი, ზონაში ბიბლია წავიკითხე, ძმაოჯან, მთლიანად ტოო, აზრზე მოდი, და ბევრი რამე სხვანაირად გავაიასნე რა. ეს იარაღიც მაგიტომ უნდა გაჩუქო, გიორგიჯან, აღარ მჭირდება მე. შენ გქონდეს ჩემგან სამახსოვროდ, ასე ჯობია რა.
- ვიცი „მაკარიჩ“ ყველაფერი. თან „გენერალმაც“ მითხრა, რომ ქურდობაზე ხელი აგიღია. ასე, რომ დაწყნარდი, ჩემთვის ახალი არაა ეგ ამბავი.
- „გენერალი“ გადარეულია შენზე, ტოო. მაგას რომ რამე გაუჭირდეს, გულს ამოვიგლიჯავ და მივცემო, ასე მითხრა. თუ ქურდობა გიორგიმ არ გირჩია, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი, ხმას ვერავინ გაგცემსო.
- კარგად გადაგიწყვეტიათ - ჩაერთო საუბარში ემზარი. გიორგიმ მოგვიყვა თქვენზე და მადლობა, რომ შეიფარეთ ჩვენი ძმა კამერაში.
- ე, შევიფარე რას ქვია ძმაო, თვითონ ისეთი „პალაჟენია“ დააყენა, კამერას კი არა, ციხეს უყურებდა, რომ მოენდომებინა. ისეთი რამეები თქვა, „ვაფშე“ გააგიჟა ხალხი, ტოო.
- ხე, ეგეთები კი ეხერხება, ჩვენც გვიკეთებს ხოლმე - ეხლა ზურა ჩაერია სიცილით.
- თქვენცა?
- ხო, აბა, ჩვენცა.
- მიხარია, რომ დამიჯერე, „მაკარიჩ“ - მხარზე ხელი მეგობრულად მოხვია გიორგიმ.
- ეეჰ, გიორგიჯან, უკან ვეღარ დავაბრუნებ ვერაფერს, თორემ აწი კი ვიცი, როგორც უნდა ვიცხოვრო.
- ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, დღეს ყველანი ჩვილი ბავშვები ვიქნებოდით, ბატონო ჩემო - გაუღიმა დიოგენამ „მაკარიჩას“.
- ე, ეს მართლა ფილოფოსი ყოფილა, ძმაო - სახე გაებადრა მაკარიჩას.
- ხო, ეგეთია - გაეცინა გიორგისაც - ძალიან მიხარია, „მაკარიჩ“, მიხარია რომ გათავისუფლდი. არ გეწყინოს, ისევ „მაკარიჩას“ რომ გეძახი. ვიცი, რომ აღარ გინდა ეგ „კლიჩკა“ და სერგო ხარ ჩვეულებრივად, მაგრამ მიჩვეული ვარ, ხომ იცი და ვეცდები აღარ დაგიძახო. ფიცით კი არ დაიფიცო რა, არ გინდა. ხომ წაიკითხე ბიბლიაში, არ დაიფიცოო.
- ვაა, შენ ვინ ყოფილხარ, „ვეჩნად“ მაოცებ რა, ძმაო. ყველაფერი როგორ იცი, ტოო?
- კაი, მოდი ეხლა საქმეზე ვილაპარაკოთ. სერგო, ძმაო. შენი დედა მძიმედ არის ავად, ძალიან სამწუხაროა, მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს.
- ხო, ეგრეა რა, გიორგიჯან. იტანჯება ტკივილებისგან, მორფიც აღარ შველის ტოო, რა ვქნა, მიშველე რა რამე.
- ჩემო სერგო, მე კარგ ექიმებთან გაგაგზავნი და კარგ მკურნალობასაც დაუნიშნავენ. ამას გარდა, ერთ წმიდა ადგილსაც მიგასწავლი, სადაც ლოცვით უნდა მიხვიდე. ეს ცოტა სიცოცხლესაც გაუხანგრძლივებს, მაგრამ ვერ შეგპირდები, რომ ფეხზე დააყენებს. იცი როგორაა ძმაო? ყოველი ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი უფლის ნებაზეა დამოკიდებული, გაიგე? თუ ღმერთმა ინება დედაშენის წაყვანა, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ტკივილებს შევუმსუბუქებთ, როგორც შევძლებთ და დანარჩენი ღმერთზეა დამოკიდებული. ვიცი, რომ ქრისტიანულად ნათლობა გინდა და ეგ ძალიან კარგია. მაგრამ, სამწუხაროდ შენი მშობლები ამას არ დათანხმდებიან, არც დედა და არც მამა, თორემ ეხლა მისთვის ლოცვა ყველაზე კარგი წამალია. შენ კი შეგიძლია ეხლავე მოინათლო და ილოცო დედაზე, რამდენიც გინდა. ისიც ვიცი, რომ ნათლიად მე გინდივარ. რაზეა ლაპარაკი, მაგაზე უარს როგორ გეტყვი. წადი ეხლა შენ სახლში. შენ დედიკოსთან და ხვალვე მიდი იმ ექიმებთან აქ რომ მიწერია - გიორგიმ სერგოს დაკეცილი ფურცელი გადასცა.
- მერე მამა იოანესთან მივიდეთ და ის მოგნათლავს. გვიანია ეხლა უკვე. ხოდა, ეს ახალმონათლული კაცი მიხვალ იმ წმიდა ადგილას, წეღან რომ გითხარი და...მოკლედ, მანდ წერია ყველაფერი, რა და როგორ უნდა გააკეთო.
სერგო ხმას ვერ იღებდა, ჩუმად უსმენდა გიორგის და ცრემლი სდიოდა.
გიორგი სერგოს მეგობრულად მოეხვია, დაამშვიდა და ცოტა ხნის შემდეგ კარებამდე მიაცილა.
- კარგი ადამიანია ეს „მაკარიჩა“ - თქვა ემზარიმ, როდესაც ის წავიდა.
- შენ რა იცი? - გაიკვირვა გიორგიმ.
-ადამიანი დეტალებში ჩანს, ძმაო.
პატარა წვრილმანი უფრო მეტად გამოხატავს ადამიანის რაობას, ვიდრე სხვა ყველაფერი ერთად აღებული, როგორიცაა განათლება, ზრდილობა, მანერები, ჩაცმულობა და სხვა.
წვრილმანებით შეიცნობა კაცის მთელი ბუნება,
მანერებით ვერ მიხვდებით, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ;
განათლებაც არას გეტყვით, ზრდილობა ან გუნება,
მაგრამ...ოჰ, ეს წვრილმანები, რამდენ რამეს გვამცნობენ. - დაამატა ლექსად დიოგენამ, როგორც სჩვეოდა.
- კი, ძმაო, ალბათ მართალი ხარ. კარგი გულის კაცია, ეს ქურდული მენტალიტეტი რომ არ ჰქონდეს. იცი რეები აქვს ჩადენილი?
- რა გინდა? მიხვდა კაცი თავის შეცდომას. ეს ბევრს არ შეუძლია. გულით ნათელი კაცი რომ არ იყოს, თავმდაბალი, არ აღიარებდა ამას - ჩაერია საუბარში ზურა - არა და რომ შეხედავ რას ჰგავს, ბანდიტის სიფათი აქვს.
- ზოგი თუ ნესტან–დარეჯანია, ზოგს შეხედავ და ტარიელია,
გარეგნობა რომ ხშირად გვატყუებს, ქვეყნად რამდენი მაგალითია;
ზარდახშა ზოგჯერ ლამაზი გახლავთ, მაგრამ შიგნიდან ცარიელია,
ხოლო ხავსიან ნიჟარაში კი უძვირფასესი მარგალიტია.
- ჩაულექსა დიოგენამ ზურას და დაამატა - მამა იოანე როგორ გვასწავლიდა, ხომ არ დაგავიწყდა? თვალებიაო ყველაფრის მთქმელი - შეახსენა ემზარის გიორგიმ.
- კი მართალია, თვალები სულის სარკეა, როგორც მამაო ამბობს, მაგრამ ასევე ამოიცნობა ადამიანი პატარა წვრილმანში - არ თმობდა დიოგენა.
- ზოგადად, ადამიანის ნამდვილი ბუნება ყველაზე ნათლად სამ შემთხვევაში ვლინდება: ომში, ტყვეობასა და სტიქიური უბედურების დროს. მაგრამ მის ამოსაცნობად ამ უბედურებებს ხომ ვერ დაელოდები?!
ადამიანის გასაცნობად სულაც არაა საჭირო მასთან ერთად ფუთი მარილის შეჭმა. საკმარისია განსაცდელში ერთად ყოფნა.
მძიმე წუთებში ადამიანი ბევრად უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე სიხარულის დროს. ამიტომ, პატარა წვრილმანებს უნდა დააკვირდე და ისინი გაგიხსნიან ადამიანის რაობას. სხვა ხერხიც არსებობს.
- მაგალითად?
- თუ გინდათ, რომ ადამიანმა თავის თავზე სიმართლე გიამბოთ, სთხოვეთ მას, დაახასიათოს თავისი მეზობელი.
- შენ ნამეტანი ღრმა ფილოსოფიაში გადაიჭერი, ძმაო - ახითხითდა ზურა - თუმცა ლექსები მაგარი გაქვს და ხელები ამიწევია.
- არაფერი ფილოსოფია არ უნდა მაგას. ადამიანი როგორც ფიქრობს სხვაზე, ისეთია თავადაც.
- თუ ადამიანი უვარგისია და ცუდი თქვეს მასზე რამე, მაშინ? - არ ეშვებოდა ზურა - რა, ყველა მეზობელი კარგია?
- არა, რა თქმა უნდა. აქ მარტო მეზობელი არ იგულისხმება. იგივე შეიძლება ითქვას მეგობარზე, თანამშრომელზე, ნათესავზე და საერთოდ, ყველაზე. მაგრამ აქ იმაზე კი არაა საქმე, ვინ კარგია და ვინ ცუდი. არ უნდა განიკითხო ადამიანი და მორჩა. ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი და იმის დანახვა უნდა ისწავლო, და არა ცუდის. შენ როგორ უყურებ ადამიანს, როგორი გულით, ამაზეა დამოკიდებული, როგორი ხარ თავად.
ადამიანი ნაკლის გამო კი არ უნდა გვძულდეს, არამედ იმ სიკეთის გამო უნდა გვიყვარდეს, რაც გააჩნია. განა, შეიძლება, თხილი ნაჭუჭის გამო გძულდეს და გულის გამო არ გიყვარდეს?
რას გვასწავლის მამა იოანე? სიკეთე ეძებე ადამიანშიო.
- „ჩვენ ხშირად გამოვხატავთ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ადამიანები ჩვენი შეხედულებისამებრ არ იქცევიან. ნუ გაამტყუნებთ მათ მათი საქციელის გამო, არამედ ეძებეთ ამ საქციელის გამამართლებელი მიზეზები და თქვენ მათ აუცილებლად იპოვით“ - ასე ამბობდა მამა იოანე - ჩაერია საუბარში გიორგი.
- ხო, მაგაშია საქმე. მთავარია, როგორ შეხედავ ადამიანს. ბოროტი თუ ხარ, მარტო სიგლახეს დაინახავ, კეთილი კი კარგს ეძებ ყოველთვის. თორემ მე არ ვამბობ, რომ ქვეყანა კეთილი ადამიანებითაა მოფენილი. იმდენი ნაგავია, გაგიკვირდება კიდეც. მაგაზეც გეტყვი ლექსებს თუ გინდა:
- მიდი აბა.
- ზოგ გულში ცეცხლი ანთია, ზოგში წვიმა და ქარია;
ზოგს შეხედავ და მთხლე გახლავთ, ზოგი კი მზის სადარია;
ზოგი ჩანჩქერს გავს მჩქეფარეს, ზოგი ჭაობი მდარეა;
ზოგი კვდება, რომ იცოცხლოს, ზოგი ცოცხალიც მკვდარია“.
ან კიდევ:
სადაც კი მყრალი მძორია, სადაც კი ლეში ტიალებს,
ყვავ–ყორანიც და აფთარიც იქ არის, იქა ტრიალებს;
ფუტკარი ნექტარს მიელტვის, ტურფა ყვავილებს ეხვევა,
ბუზი კი ნეხვში ძრომიალს არასდროს გადაეჩვევა.
- ძალიან ლამაზი სტროფებია, მაგრამ მე მგონი არ შეესაბამება ეხლა იმას, რაზეც ვსაუბრობთ - გააპროტესტა ზურამ.
- რატომ არ შეესაბამება? ბუზი ყოველთვის ნეხვს ეძებს, ფუტკარი კი ყვავილებს. ამაშია საქმე. ზოგი ადამიანი ბუზია და ზოგი ფუტკარი.
- გასაგებია, ზოგი ბოროტია და ზოგი კეთილი.
- ზურა, ძმაო, ტყუილად ედავები დიოგენას. ხომ იცი, ვერ აჯობებ...და თანაც მართალია - დაუყვავა გიორგიმ მეგობარს.
- იცი, რა დეტალი დავიჭირე? - გააგრძელა დიოგენამ - კაცმა „ნი ვიჟუ“ გამიკეთაო, არ მცნოო და იმის მაგივრად რომ ეგინებინა, როგორი სიყვარულით ლაპარაკობდა მასზე. გახარებული იყო, რომ გამოუშვეს. წაიყვანა, ხინკალი აჭამა, არაყი დაალევინა. ისიც კი არ წამოცდენია, მე ვიკისრეო. არა და მაგისი ნაკისრი იქნებოდა. ბოლოს, კიდევ, კარგი ტიპიაო. გესმის? კარგი თქვა კაცზე, ცუდი კი არა. ამაშია საქმე. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ესაა ის წვრილმანები, რაზეც ვლაპარაკობდი. გულწრფელია ეს კაცი. სხვა რაღაცეებშიც დავიჭირე ეს გულწრფელობა.
აბა შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა და ელანძღა, უფრო მაგარი ტიპი იქნებოდა?
ვინც ლანძღავს, საკუთარ ნაკლზე უფრო მიუთითებს, ვიდრე იმისაზე, ვისაც ლანძღავენ.
- აბა, მაგას ლექსად თუ მეტყვი? - გამომცდელად შეაჩერდა ზურა დიოგენას.
- ლექსად გინდა? კი ბატონო:
ვინც მოყვასს ლანძღავს, აგინებს, ეს უფრო მისი ნაკლია,
რადგანაც სითბო, სიკეთე და სიყვარული აკლია;
და არა უფრო იმისა, ვინც მსხვერპლი გახდა ლანძღვისა,
თუნდ ჰქონდეს დანაშაული, გინდ ღირსი იყოს ამისა.
- ვააა, მაგარი ხარ რა - ერთხმად აღმოხდათ ზურას და გიორგის აღტაცების შეძახილები.
დიოგენამ ქება ყურად არ იღო და გააგრძელა:
- ამ კაცს სულ არ უხელმძღვანელია ამ პრინციპით, არამედ, ასეთია ბუნებით. ამისი თქმა მინდოდა. შეიძლება ვცდებოდე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე.
ადამიანებს გვჩვევია ზურგს უკან ლაპარაკი ვინმეზე, მისი თანდასწრებით კი ვდუმვართ. შე დალოცვილო(ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში):
როდესაც ვინმეზე საუბრობ, წარმოიდგინე, რომ ის შენს გვერდითაა და გისმენს. ენის სიწმინდით იწყება სულის სიწმინდე.
- მაგაში მართალი ხარ, ემზარ, ძმაო, გეთანხმები ასი პროცენტით - ხელები მაღლა ასწია ზურამ, მაგრამ მოდი აბა ეგეც მითხარი ლექსად და ხმას აღარ ამოვიღებ.
ემზარი არც დაფიქრებულა. ისე წარმოთქვა:
- როცა ვინმეზე საუბრობ და განიკითხავ ვისმეს,
წარმოიდგინე, ის იქ ზის და შენს საუბარს ისმენს;
ცოდვის სიმძიმეს, ჯობია, არ ამოიღო ხმაო;
ენის სიწმინდით იწყება სულის სიწმინდე, ძმაო.
მაგრამ, მარტო ენის სიწმინდე როდია მთავარი? ფიქრის სიწმინდე უნდა ვისწავლოთ, თორემ ადამიანები იმას რომ ამბობდნენ, რასაც ფიქრობენ, ერთ დღეში დახოცავდნენ ერთმანეთს.
და იქვე დააყოლა:
- მხოლოდ სიწმინდე ენისა არ გახლავთ სრულად საკმარი,
ფიქრის სიწმინდე ვისწავლოთ, ეს არის უფრო მთავარი,
თორემ იმას რომ ვამბობდეთ, რასაც კი ვფიქრობთ ყველაფერს,
ერთ დღეში დავერეოდით და დავხოცავდით ერთმანეთს.
გაიგე ეხლა, ძმაო? - მიმართა ზურას.
ზურამ ხელები ასწია და დანებების ნიშნად თითი მოკაკვა.
- ხოდა ეგრე - შეიფერა დიოგენამ.
- ბიჭო, იცი რა მაინტერესებს. ასე „სხოდუ“ როგორ წერ ლექსებს, მუზა არ გჭირდება? - ისევ მოუბრუნდა ზურა მეგობარს.
- ჭეშმარიტ პოეტს მუზა არ სჭირდება და მხოლოდ ვაიპოეტები ელოდებიან მის მოსვლას. პოეტი, რომელიც მუზას ელოდება, მაგონებს "რეკორდის" გმირ ჯოტიას, რომელიც შეგინების გარეშე ქვას ვერ ისვრის მეორე ნაპირზე - მშვიდად უპასუხა დიოგენამ.
- კაი, აღარ გვინდა დავა. რა არის აქ სადაო? - სიტყვა ჩამოაგდო გიორგიმ - „მაკარიჩა“ თბილი და კეთილი კაცია. უბრალოდ, ცხოვრება აქვს არეული, მაგრამ იმედია დაალაგებს და იცხოვრებს კაცურად. მითუმეტეს, ეხლა უფალს ეზიარა და აგერ მონათვლაც კი უნდა. ეგეთები უფრო კარგი ქრისტიანები დგებიან ხოლმე. წარსულში რაც იყო, ის უნდა დავივიწყოთ.
- მთლად ეგრეც არაა საქმე - თვალი მოჭუტა დიოგენამ - წარსული ფირზე ჩაწერილი ფილმი არ არის, რომ არასასურველი ეპიზოდები მაკრატლით ამოვჭრათ და ნაგავში გადავყაროთ. ადამიანები, შეძლებისდაგვარად, ვივიწყებთ, ღმერთს კი ახსოვს. მე კი გირჩევდით, ცუდი უფრო კარგად დავიმახსოვროთ, ვიდრე კარგი. მერწმუნეთ, ჩვენ უფრო კეთილშობილები გავხდებით.
ამას მარტო „მაკარიჩაზე“ არ ვამბობ, ყველას ვგულისხმობ, მათ შორის ჩემს თავსაც. სერგო კი მოძებნის უფლისკენ გზას.
- მოინანიებს წარსულს და მოძებნის, აბა რას იზამს?! - დაუდასტურა გიორგიმ.
- მეც მანდა ვარ, ყიფო, ძმაო, სხვას კი არაფერს ვამბობ - თავის გამართლებასავით აღმოთქვა ემზარიმ - კიდევ ის მომეწონა, რომ ტრაბახი არ დაუწყია ამ კაცს.
ადამიანებს ხშირად სჩვევიათ გაზვიადება. ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით, რომ ლომი დაამარცხა, ჩათვალეთ, რომ კატასთან ჰქონდა ბრძოლა.
- უი, ხო, სად გააგზავნე ეგ შენი „მაკარიჩა“, წმინდა ადგილიო, რომ უთხარი?- დაინტერესდა ზურა.
- გაბრიელ ბერის საფლავზე. ხვალ რომ მამა იოანე სერგოს მონათლავს, სახელად გაბრიელს დაარქმევს. ხოდა, თავის მფარველ წმინდანთან მივა და დედისთვის ტკივილების შემსუბუქებას შესთხოვს. დანარჩენი კი უფალმა და მამა გაბრიელმა იციან. რაც ანგელოზმა მიკარნახა, ის ვურჩიე.
შემდეგ კი ყველაფერი ისე ასრულდა, როგორც გიორგიმ თქვა. მაკარიჩა, იგივე სერგო ბადოევი, მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა და მისი ერთ-ერთი ნათლია გიორგი ყიფიანი გახდა. მაკარიჩას დედამ კიდევ 6 თვე იცოცხლა, თუმცა უფლის და წმიდა გაბრიელ ბერის შეწევნით(საფლავიდან აღებული ზეთის წყალობით, რომელსაც ავადმყოფს შუბლზე უსმევდნენ) დიდი ტკივილები აღარ ჰქონია და მშვიდად მიიცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ, მართლმადიდებლებად მოინათლნენ, ასევე, სერგოს მეუღლე და შვილები.
***
გავიდა კიდევ რამდენიმე წელი.
გიორგი ყიფიანის სახელი ისე გავრცელდა, რომ პატარა ბავშმაც კი იცოდა უკვე. ყველას პირზე ეკერა მისი სასწაულები, რომლითაც ის უამრავ ადამიანს ეხმარებოდა.
პრეზიდენტის არჩევნების დრო რომ მოვიდა, არაერთმა პარტიამ შესთავაზა გიორგის პრეზიდენტობაზე კანდიდატურის დაყენება, მათ შორის მმართველმა პარტიამაც. მას დაჟინებით თხოვდნენ, ეყარა კენჭი და პრეზიდენტი გამხდარიყო. პარტიულობაზე გიორგი კატეგორიულ უარს აცხადებდა და თუ დათანხმდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. მმართველი პარტია და პრეზიდენტი ამაზეც თანახმა იყვნენ, რადგამ პრეზიდენტს ორი ვადა გასდიოდა და ვინმე ახალი უნდა აერჩიათ. თუ ისინი გიორგის გვერდით დადგებოდნენ, იცოდნენ, რომ ამით დიდ რეიტინგს მოიპოვებდნენ, რამეთუ გიორგი ლამის ცოცხალ ლეგენდად და ყველასთვის საყვარელ გმირად იქცა. მასთან დადიოდნენ არა მარტო უბრალო მოკვდავნი, არამედ სახელოვანი და ცნობადი ადამიანები, იქნებოდნენ ეს პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, სპორტსმენები თუ სხვა. ის ყველასთვის საყვარელი და საჭირო ადამიანი გახდა და მხოლოდ მისი სურვილი იყო საკმარისი, თორემ არავითარი საარჩევნო კამპანია არ სჭირდებოდა. ძალიან იოლად გახდებოდა ქვეყნის პირველი პირი.
გიორგი არჩევანის წინ დადგა, გაეგრძელებინა ხალხის დახმარება, თუ პრეზიდენტად ეყარა კენჭი. ორივეს შეთავსებას რომ ვეღარ შეძლებდა, ეს კარგად იცოდა. სხვათა შორის, მაინც ფიქრობდა, რომ ეცადა, იქნებ გამოსვლოდა. თუმცა სასაცილოდ კი ჟღერდა - პრეზიდენტი და ექტრასენსი.
ასე თუ ისე, გიორგი რჩევის საკითხად მამა იოანესთან, „სანთელთან“ მივიდა. ანგელოზი გარკვეულ რჩევას ვერ აძლევდა, თუმცა უფრო იმისკენ იხრებოდა, რომ გიორგი პრეზიდენტი გამხდარიყო.
მამა იოანემ გიორგი ჩვეული სითბოთი და სიყვარულით მიიღო. დალოცა და მის გვერდით ჩამოჯდა.
- ქვეყნის პრეზიდენტობას მთავაზობენ, მამაო. დაჟინებით მთხოვენ, რომ კენჭი ვიყარო. მე კი ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე. ანგელოზმა გადაწყვეტილების მიღება მე მომანდო, თუმცა უფრო იმისკენ იხრება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გავხდე. მე ვერ გადამიწყვეტია. ამიტომ, მინდოდა თქვენთვის მეკითხა - თქვენ რას მირჩევთ? მომცემთ თუ არა კურთხევას?
- რადგან კურთხევას მთხოვ, ესე იგი გადაგიწყვეტია უკვე, გიორგი, შვილო. ჩემი რჩევა რამეს შეცვლის? მე ასე გეტყოდი:
თუ შენ თვლი, რომ უფალს მოეწონება შენი ნაბიჯი, გადადგი, მაგრამ თუ არ ხარ ამაში დარწმუნებული, მაშინ ჯერ კარგად დაფიქრდი და აწონ-დაწონე, რა სიკეთეს მოუტანს შენი გადაწყვეტილება შენ მოყვასს, შენს ხალხს, შენს ქვეყანას.
იმას კი ნუ იფიქრებ, სიკვდილის შემდეგ რა სახელს დატოვებ, არამედ იმაზე იფიქრე, შენი სიცოცხლეში გაკეთებული ვის რა სიკეთეს მოუტანს.
- თქვენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, მამაო. როგორც მეტყვით, ისე მოვიქცევი.
- შენ თუ თვლი, რომ ამით მეტ სარგებლობას მოუტან შენ ხალხს და შენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, მე არ დაგაბრკოლებ. ოღონდ ჯერ კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდი და ყველაფერი აწონ-დაწონე. იფიქრე, მოდი ვთქვათ, 3 კვირა...და თუ ისევ იმ აზრზე იქნები, მოგცემ კურთხევას.
- კარგი, მამაო. როგორც ბრძანებთ.
- ღმერთმა დაგლოცოს, შვილო, გიორგი.
ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გიორგი ისე ვერ გადადგამდა, რჩევა მეგობრებისთვისაც რომ არ ეკითხა. ამ საკითხის განხილვა კი ყველაზე კარგად თამრიკოს ხაჭაპურებთან ერთად იყო შესაძლებელი და ბიჭებიც გიორგისთან შეიკრიბნენ. კრებას მხოლოდ ნინო არ ესწრებოდა. მან საქველმოქმედი საქმეები მოიმიზეზა და აირიდა განხილვაში მონაწილეობის მიღება, რაც, რა თქმა უნდა, შეგნებულად გააკეთა.
ემზარი არ ურჩევდა პრეზიდენტად კენჭის ყრას, ზურა კი პირიქით.
- ნუ უსმენ ამას, ხომ იცი ამისი შიზოიდური აზრები?! არ გაბრიყვდე, უარი არ თქვა, დაგცინებს ხალხიო - ეუბნებოდა ზურა.
- სჯობს ბრძენი იყო და ბრიყვი გეძახონ, ვიდრე სულელი იყო და ბრძენი გეძახონ - იქვე გაუბათილა არგუმენტი დიოგენამ და გააგრძელა:
- როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღო და ყოყმანობ, ნუ იფიქრებ იმაზე, რას იტყვის ხალხი. იფიქრე იმაზე, რას იტყვის ღმერთი. ეს არის უმთავრესი.
- ღმერთი არ იქნება წინააღმდეგი, ნუ წუხხარ შენ მაგაზე - არ ცხრებოდა ზურა.
- თქვენ ღმერთის თანაშემწე ბრძანდებით, ბატონო ზურა? - სარკასტული ღიმილით მიმართა დიოგენამ მეგობარს.
- ჩემო გიორგი, ჩემო ბიჭო, შენ ხომ იცი, ბებოს როგორ უყვარხარ? შენი კარგით რომ ვცოცხლობ და ვხარობ, ხომ იცი? შენ რომ სასახელო კაცი იქნები, იქნები კი არა, ხარ უკვე, პირველკაცობას ვგულისხმობ, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა შენს ბებოს? მაგრამ უნდა დაფიქრდე, რა ექნება დადებითი ამ ნაბიჯს და რა უარყოფითი. რომელიც გადაწონის, შენც ის მხარე აირჩიე.
- ქალბატონი თამარი მართალია - დაეთანხმა დიოგენა. რადგაც ასე საყოყმამოა, დავალაგოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები ცალ-ცალკე.
- კარგი, დავალაგოთ - დაეთანხმა გიორგი.
ზურა უშნოდ შეიშმუშნა.
შენ თვითონ დაალაგებ? - იკითხა დიოგენამ.
- არა, შენ მოგენდობი - გადააბარა გიორგიმ ამის გაკეთება ემზარის.
- კარგი, დავიწყოთ დადებითით და ყველამ გამოთქვას თავისი აზრი.
- შენ დაიწყე - მიმართა ზურამ დიოგენას.
- კარგი, დავიწყებ. დადებითი ის მგონია, რომ პირველი პირი იქნები და შენი გადაწყვეტილება იქნება მთავარი. ანუ, რასაც ჩათვლი სასარგებლოდ შენი ქვეყნისთვის, იმ გადაწყვეტილებას მიიღებ. თუმცა, რამდენად დადებითია ეს, არ ვიცი. ხშირად ამა თუ იმ ნაბიჯის სისწორე ან სიმცდარე, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გამოვლინდება ხოლმე. ამიტომ, რამდენად დადებითია ეს საკითხი, არ ვიცი. კაი, ჩავთვალოთ დადებითად. თქვენც გამოთქვით თქვენი აზრი, მარტო მე ნუ მალაპარაკებთ.
- რა თქმა უნდა დადებითია - ჩაერთო ზურა - შენ გავიწყდება, რომ გიორგის მრჩევლად თავად ანგელოზი ყავს და არ გადაადგმევინებს მცდარ ნაბიჯს. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?
- არა, ძმაო არ მავიწყდება. მე ისიც მახსოვს, რომ პრეზიდენტობაზე ანგელოზს არ უთქვამს მისთვის დადებითი პასუხი და არჩევანი თავად გიორგის მიანდო. რატომ? აი ეს ძალიან დასაფიქრებელია. მისი პრეზიდენტობის დროს კი ასეთი საკითხები ძალიან ბევრი წამოიჭრება და არ არის გარანტირებული, რომ ანგელოზი ყოველთვის უკარნახებს ყურში სწორ გადაწყვეტილებებს. შეიძლება ისევ გიორგის ასარჩევი იყოს და რა ვქნათ მაშინ?
- შენ ყველაფერს ართულებ, დიოგენ - ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ანგელოზს არც ის უთქვამს, პრეზიდენტი არ გახდეო და რა გინდა ეხლა, რატომ უჩხიკინებ იქ, სადაც არ არის საჭირო?
- არ უჩხიკინებს, ზურა, დიოგენა მართალია. დასაფიქრებელია ეგ - დაუყვავა თამრიკომ აღელვებულ ბიჭს.
- კარგი, მე ვიტყვი კიდევ - გაააგრძელა ზურამ - ყველამ კარგად ვიცით, რა დღეშიცაა ქვეყანა. კრიზისიდან გამოსაყვანად მას სჭირდება პატიოსანი, პატრიოტი, მართლმადიდებელი ქრისტიანი მმართველი, უვერცხლო და უანგარო. გიორგი კი ზუსტად ასეთია. აი, დადებით რა არის ამაში. რას იტყვი, დიოგენ, ამაზე?
- ამაზე არაფერს ვიტყვი და მხოლოდ მაშინ გამოვთქვამ ჩემს აზრს, როცა უარყოფით მხარეებზე გადავალთ.
- აუუ, ამას ხომ ვერ გატეხავ რა - უკმაყოფილოდ აიქნია ხელი ზურამ.
- ზურა, ნუ ცხარობ, შვილო. ყველაფერს დავალაგებთ, როგორც საჭიროა - გაუღიმა თამრიკომ გიორგის მეგობარს.
- პატრიოტი მმართველი, უანგარო და პატიოსანი პრეზიდენტი მართლაც სჭირდება ამ ქვეყანას. თანაც კარგი მართლმადიებელი ქრისტიანი, რამეთუ ზვიადის შემდეგ მას ასეთი არ ღირსებია. ყველა თავისი ჯიბისთვის იყენებს ამ ქვეყანას. გაძარცვეს და გაატყავეს, როგორც შეეძლოთ. ჩემის აზრით, გიორგიმ ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს და სამართლიანობაც დაიმკვიდრებს ადგილს. ეს არის ალბათ კიდევ ერთი დადებითი მხარე - თავისი აზრი გამოთქვა სოსომ.
- შეუძლია მართლმადიდებლობა ქვეყნის რელიგიად გამოაცხადოს. ამაზე მეტი დადებითი რა გინდა? - ხელები გაუშალა ზურამ დიოგენას?
- გიპასუხებ მაგაზე - მშვიდად მიუგო დიოგენამ პასუხად.
- გიორგი, შვილო, შენ თავად რას თვლი დადებით მხარედ? - ჩაეკითხა შვილიშვილს თამრიკო.
- აქ ითქვა უკვე რაღაცეები და ესენი, რა თქმა უნდა, ყველა დადებითი მხარეებია, თუმცა, რამდენად განხორციელებადია, ეგაა საკითხავი - უპასუხა გიორგიმ ბებიას.
- სწორედ მაგაშია საქმე - დაეთანხმა დიოგენა მეგობარს.
- მე, პირადად, პრეზიდენტობა სულაც არ მიტაცებს - გააგრძელა გიორგიმ - მაგრამ თუ შევძლებდი ქვეყნისთვის რაიმე სარგებლობა მომეტანა, მაშინ ვიყრიდი კენჭს. ასე დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოყოფა ცოტა არარეალურად მეჩვენება. ემზარის თქმის არ იყოს, ამას მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ გავიგებთ. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი.
- შენ თუ ფეხს ითრევ, ეგრე თქვი მაშინ - არ მოეწონა გიორგის პასუხი ზურას.
- არა, ზურა, ძმაო, ფეხს რომ ვითრევდე, მაშინ არც შეგეკითხებოდით რჩევას. მაგრამ ასე ხელაღებითაც არ ღირს ამ საკითხის გადაწყვეტა. არჩევანის გაკეთება რომ მიჭირს, ამიტომ გეკითხებით თქვენ.
- საყოყმანო სიტუაციაში ნუ მოიქცევი ისე, როგორც გული გიკარნახებს. ის ხშირად გაცდუნებს. ენდე სინდისს, ის არასოდეს მოგატყუებს - აჯახა თავისი ესსე დიოგენამ გიორგის.
- ამას მხოლოდ თავისი ესსეები ათქმევინე და ყველა სიტუაციას ამისთვის იყენებს - წაკბინა ზურამ დიოგენას - გავიგეთ, რომ დიდი ბრძენი გვყავხართ, ბატონო.
- სიბრძნე ცხოვრებისეულ სიტუაციებს მოაქვს და არა მხოლოდ ენის ტყუილად ტარტარს - მშვიდად უპასუხა დიოგენამ მეგობარს.
- ხალხო, პრეზიდენტობაზეა მსჯელობა-კამათი და არა „ფაქიზოს“ გაყიდვაზე. ცოტა სერიოზულად მივუდგეთ რა საქმეს - გამოთქვა უკმაყოფილება სოსომ.
- კარგი, უარყოფითზე ვისაუბროთ აბა - წამოაყენა წინადადება თამრიკომ - მე უარყოფითს ვხედავ უდროობაში. ნაკლები დრო დარჩება ხალხისთვის, ოჯახისთვის. სხვა არ ვიცი.
- არც არაფერია ისეთი, ქალბატონონ თამარ - ჩაერთო ზურა - მართალია დრო ნაკლები ექნება, მაგრამ რამდენ რამეს შეძლებს თავისი პრეზიდენტობით. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ნაკლი.
- შენ რას იტყვი, ემზარ, შვილო? - მიმართა თამრიკომ დიოგენას.
- ვიტყვი, ქალბატონო თამარ, აუცილებლად ვიტყვი. აქ ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ თუ გიორგი პრეზიდენტი გახდება, აბსოლუტური ძალაუფლება ექნება. ეს ასე არაა. მსოფლიოს ვინც მართავს, ჩემზე უკეთ იცით. არავინ მისცემს გიორგის უფლებას, ქვეყანა თავის ჭკუაზე მოაწყოს. არც მართლმადიდებლობას გამოგაცხადებინებენ სახელმწიფო რელიგიად, ზღაპრებია ეგ. რაც არ უნდა ძლიერი მართლმადიდებელი მმართველი გყავდეთ, ამ ქვეყანაზე სამოთხეს ვერ მოაწყობ. ნუ გექნებათ ილუზიები. ზვიადის მაგალითიც საკმარისია, ერთი წელიც კი არ აცალეს პრეზიდენტობა. გარდა ამისა, გიორგის არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს, არც განათლება და არც ალღო. მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ ანგელოზი გიკარნახებს გადაწყვეტილებებს, დიდი უვიცობა იქნებოდა. კარნახით ქვეყანა როგორ უნდა მართო, არ ვიცი.
იცით? ხანდახან მეკითხებიან ხოლმე - ვის გინდა რომ გავდე, ვის ბაძავო. მე ასე ვპასუხობ ხოლმე:
მე არ ვწერ რთულად, დახლართულ ფრაზებს, მარტივად ვამბობ ყოველგვარ სათქმელს,
რადგან უბრალო გახლავართ თავად და უფლის მადლით ვაკეთებ საქმნელს;
მე ვერ მივბაძავ კლასიკოსს მრავალს – ბაირონს, დანტეს...და ათას „ისტებს“
ქრისტიანი ვარ სულით და ხორცით და მინდა ვგავდე იესო ქრისტეს.
- ეგ რა შუაშია ეხლა გიორგისთან? შენ თუ ბაირონს არ გინდა გავდე ან შოთა რუსთაველს, პრეზიდენტობასთან რა კავშირშია? - აღშფოთდა ზურა.
- გიორგი - მიუბრუნდა დიოგენა მეგობარს - შენ გამიგებ და შენ გეუბნები, ზურასთან კამათს აზრი არა აქვს. როდესაც იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა, მისი გამეფება უნდოდათ, ხომ გახსოვს? შენ შეგიძლია წარმოიდგინო, რა შეეძლო ღმერთკაცს გაეკეთებინა, ქვეყნის პირველ პირად რომ დამდგარიყო? მაგრამ მან ეს არ გააკეთა. პირიქით, შორს დაიჭირა თავი პოლიტიკისგან და რა უთხრა ფარისევლებს? - მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისაო. იმის თქმა მინდოდა, რომ დაფიქრდი, როგორ მოიქცეოდა იესო, დადგებოდა ის პრეზიდენტად?
ისე ნუ განსჯი, როგორც შენ ფიქრობ, რომ მართალია;
ნურც ისე, როგორც სხვა ფიქრობს;
არამედ, დაფიქრდი და ისე განსაჯე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე განსჯიდა.
საკუთარი სიმართლით ჯიუტი და ეგოისტი, ამპარტავანი ადამიანები ცხოვრობენ;
სხვისი სიმართლით - უჭკუო და ბრიყვი, უგნური მონები;
გონიერი ადამიანი კი მხოლოდ უფლის ჭეშმარიტებით ცხოვრობს.
თავისუფლება ჭეშმარიტებაშია!!!
ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამ, თანაც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, დაფიქრდი, შენს ადგილას უფალი როგორ მოიქცეოდა და შენც ისე მოიქეცი.
- მესმის, ემზარ, მე თავად ვეუბნები ხოლმე მაგას სხვებს.
- ხოდა, თუ თავად ეუბნები სხვებს, მაშინ შენც მასე გააკეთე. თანაც, ხომ იცი, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს - ის საქმე, რაც ღვთისგან აქვს დადგენილი. შენ შეიძლება შენს საქმეში იდეალური იყო, მაგრამ სხვა საქმეს ვერ გაწვდე.
ოქრომჭედელმა შეიძლება ულამაზესი ქმნილება შექმნას, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთივე წარმატებით ცხენის ნალს გამოჭედავს.
- მომისმინე, ძმაო - ალაპარაკდა ისევ ზურა - შენ ამის ფილოსოფიურ ბოდვებს ნუ უსმენ. იესო ღმერთი იყო და შენ იმას ვერ შეედრები.
- იყო არა, არის - შეუსწორა დიოგენამ
- ხო, როგორც არის - ქვეყანას სჭირდები და უნდა გახდე პრეზიდენტი. მარტო საკუთარ თავზე ნუ იფიქრებ. აბა, ისევ იმ ჭაობში გინდა რომ დავრჩეთ? უარს თუ იტყვი, ვინ გახდება ქვეყნის მმართველი, ამაზეც იფიქრე. „ზადნი“ არ მისცე და არ შეგეშინდეს. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, ხომ იცი?! ამას რომ უსმინო, გადაგრევს თავისი ფილოსოფიით. ცხოვრება ფილოსოფია არ არის მარტო, არც ლექსები და ესსეები - ცოცხალი ადამიანების სიცოცხლეა. სიცოცხლე ადამიანების, რომლებიც იმედის თვალით შემოგცქერიან, სჯერათ შენი, იმედი აქვთ და ელოდებიან, როდის გამოიყვან ქვეყანას კრიზისიდან. მიდი და იმათ აუხსენი დიოგენას ფილოსოფია, რას გეტყვიან აბა? თუ გულით გინდა ამ ქვეყანას დაეხმარო, დაეხმარე და თუ ლაჩარი ხარ და გეშინია, მაშინ დაანებე თავი, გადახვიეთ ერთმანეთს ხელები შენ და დიოგენამ და იქნებით მხიარულადა.
რომ არ უნდოიდეს ღმერთს შენი პრეზიდენტობა, გეტყოდა ანგელოზი მაშინ, მაგრამ გითხრა რამე?
- არც თანხმობას მეუბნება, ზურა, მე მომანდო გადაწყვეტილების მიღება.
- ხოდა მიიღე რა, ვის უსმენ? ენდე ანგელოზს, ის დაგეხმარება. ხომ ხედავ, სადამდე მოგიყვანა და ეხლა მიგატოვებს? არ არსებობს, შენც ხომ იცი?
- იესოს თავისი მისია ჰქონდა, ემზარ, შვილო, ყოველი ნაბიჯი გათვლილი და გააზრებული. ის თავიდანვე არ იყო განწყობილი პოლიტიკაში ჩასარევად, არამედ საქადაგებლად მოვიდა - საქადაგებლად და თავისი ჯვარცმით ჩვენი სულების გადასარჩენად - ჩაერია საუბარში თამრიკო - მან სწორედ ის შეასრულა, რაც ღმერთს ჰქონდა ჩაფიქრებული. სულის ცხონების გზა და საშუალება დაგვიტოვა. ქრისტეში ნათლობას, სინანულს და ზიარებას ვგულისხმობ. ეს იყო მისთვის ყველაზე მთავარი და არა ის, რომ ბუნტისთავი გამხდარიყო ხელისუფლების ჩამოსაგდებად. მას რომ პირველკაცობა ნდომოდა, ძალიან ადვილად შეძლებდა ამას. გიორგის საქმე სხვანაირადაა. ის ვერ გაყვება იესოს გზას და ჯვარზე ვერ გაეკვრება. რადგან ჩვეულებრივი ადამიანია და ადამიანური მისია აკისრია.
- რა კარგად მსჯელობთ, ქალბატონო თამარ - სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა ზურას - მთელი სულით და გულით გეთანხმებით.
- მე არ მითქვამს, იესო ქრისტეს გზა გაიმეოროს მეთქი - თავი იმართლა დიოგენამ - მე ვთქვი, როგორც უფალი მოიქცეოდა მის ადგილას, ისე მოიქცეს თქო. თუ თვლის, რომ უფალი პრეზიდენტობას აირჩევდა, კი ბატონო, იყაროს კენჭი. მაგრამ მე მგონია, რომ ის ხალხის სამსახურში დარჩებოდა და არ მოუნდებოდა პირველკაცობა. ეს არის სულ. გიორგი ვერ გაასწორებს ამ ქვეყანას და ტყულილად ნუ გექნებათ ილუზიები. არავინ მისცემს ამის უფლებას(მსოფლიოს ბატონ-პატრონებს ვგულისხმობ). ნეტავი ვცდებოდე.
- შენ გინდა თქვა, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ხომ? - ჩაეკითხა თამრიკო.
- ვერც ასი მოიყვანს, ქალბატონო თამარ, თუ ზამთარში მოფრინდნენ. ჩვენი ქვეყანა მაშინ გაბრწყინდება, როცა ამისი დრო მოვა, ანუ როცა უფალი ინებებს და არა მაშინ, როცა ჩვენ მოვინდომებთ. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ასე ვხედავ.
- აბა, ვიჯდეთ გულხელდაკრეფილები და არაფერი ვიღონოთ, როცა ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება? - არ ცხრებოდა ზურა - რასაც შეძლებს, იმას ხომ მაინც გააკეთებს. ეცდება მაინც.
- მე, მაგალითად, ძალიან მინდა, რომ გიორგი პრეზიდენტი გახდეს - გამოთქვა თავისი გულწრფელი მოსაზრება სოსომ.
- მეც, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ - ორივე ხელი ზემოთ ასწია ზურამ.
- თქვენ რას იტყვით, ქალბატონო თამარ? - მიმართა გიორგიმ ბებიას.
- პრინციპში, მეც თანხმობას ვიტყოდი, მაგრამ ემზარის ძალიან გონივრულმა მსჯელობამ ცოტა დამაფიქრა. ამიტომ არც კი ვიცი რა ვთქვა - მხრები აიჩეჩა თამრიკომ.
- გიორგი სამართალს ვერ დაამკვიდრებს დედამიწაზე, ქალბატონო თამარ - ეს გამორიცხულია.
ხშირად სამართალი მშიერია და ვინც გააძღებს, იმისკენ იხრება.
ასეა ეს ქვეყანა მოწყობილი და ვერც გიორგი და ვერც სხვა ვინმე ვერ გაასწორებს მას. ეგ ილუზიებია მხოლოდ - მიმართა დიოგენამ თამრიკოს - ღვთის სამართალი დედამიწაზე არ დადგება. თან ყველაზე სასაცილო თუ სატირალი(არც კი ვიცი რომელი უფროა) ის არის, რომ ხშირად, გამწარებული ადამიანი ღვთის სამართალს მოუხმობს ხოლმე და წარმოდგენაც კი არა აქვს, რა საშინელება დატრიალდებოდა, ღმერთი რომ ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავდეს.
- ემზარ, ჩემო ჭკვიანო ბიჭო, შენ ძალიან ღრმად აზროვნებ და გეთანხმები, მაგრამ სიცოცხლე ბევრად მარტივია და ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ. არ გვინდა ზეცაში აფრენა - გაუღიმა თამრიკომ დიოგენას.
- ადამიანს რომ ფრენა შეეძლოს, ქალბატონო თამარ, ღმერთთან აფრენას მოინდომებდა და თავისი უმეცრებით კიდევ უფრო მეტად შეაწუხებდა მას.
- გენიოსი ხარ, ემზარ, სიამოვნებით ვაღიარებ ამას - ისევ გაუღიმა თამრიკომ დიოგენას.
- არ ვიცი, ქალბატონო თამარ, არ ვიცი. გენიოსი ის კი არ არის, ვინც ლამაზი სიტყვებით უბრალო ჭეშმარიტებას იტყვის, არამედ ის, ვინც უბრალო სიტყვებით დიდებულ აზრს გამოხატავს.
ჭეშმარიტი სიბრძნე კი უბრალოა და იმდენად მარტივი, რომ გაგიკვირდება, რატომ აქამდე არავის მოუვიდა თავში?
მე ჩემი აზრი გითხარი, ძმაო, მაგრამ, თუ მაინც არ იშლი და კენჭს იყრი, მაშინ რამდენიმე რჩევას მოგცემ - მოუბრუნდა დიოგენა ისევ გიორგის.
იცოდე, პატიოსანი ადამიანის ღიმილი კეთილგანწყობას და სიყვარულს გამოხატავს, ფარისევლის კი - ცინიზმს და მლიქვნელობას;
ნუ ენდობი მას, ვინც ტუჩებით გიღიმის. ენდე მას, ვინც თვალებით გაგიღიმებს.
ბევრს მოუნდება შენთან მეგობრობა, მაგრამ სჯობს ერთი მეგობარი გყავდეს და კარგი, ვიდრე ასი და უვარგისი. ერთი ნიჩბით ზღვას გადაცურავ, ასი კომბალი კი ნავს დაგიმძიმებს და ჩაიძირები.
- რა ნავი, რა კომბალი- რეებს მიედ-მოედები? - ხითხითებდა ზურა - ორი მეგობარი ხომ ისედაც ვყავართ უკვე?!
- ზოგადად ვამბობ, შე ჩლუნგო შენა. მაცალე ლაპარაკი, შენ მაინც ვერ გაიგებ - აენთო დიოგენა
- ხო, აბა, მე სად გავიგებ, სად მაქვს შენი დონის ტვინი? - იწყინა ზურამ.
- კარგი, ბიჭებო, ოღონდ ნუ იჩხუბებთ - შეწუხდა თამრიკო.
ემზარიმ ხელი ჩაიქნია და ისევ გიორგის მოუბრუნდა:
- რა თქმა უნდა, გეყოლება მოწინააღმდეგენიც და ბევრი გაგლანძღავს და გაგაკრიტიკებს. ბევრი კი პირიქით, სულ შენს ქებაში იქნება. იცოდე:
დაუმსახურებელი ქება დაუმსახურებელი შეურაცხყოფისგან დიდად არ განსხვავდება.
ვინც არცერთ საქციელს არ მოგიწონებს, ის შენი მტერია და ვინც ყველაფერს მოგიწონებს, ისიც შენი მტერია.
ბევრი ადამიანი იტრიალებს შენს ირგვლივ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს:
ნუ დაახარისხებ ადამიანებს საჭიროების მიხედვით. არავინ იცის, ვინ რაში გამოგადგება და ვინ როდის გიმტყუნებს.
ბევრი ისეთი მოგეტმასნება, პარტიიდან პარტიაში რომ უყვარს ხტუნაობა და კარიერისტობა. იცოდე:
ძაღლის ბუნაგში გაზრდილი მგლის ლეკვისგან არც ძაღლი დადგება და არც მგელი.
სხვადსახვა თანამდებობებზე კადრების დანიშვნა დაგჭირდება. ძნელია, გაიგო ადამიანის ჭეშმარიტი არსი. თუმცა, შენ კი გაქვს მაგისი ნიჭი.
ბევრი ბრიყვი შეგხვდება გზაზე. აქაც და უცხოეთშიც. მაგრამ:
ნუ დასცინებ ნურავის. იცოდე, რომ ზურგსუკან დაცინვა სუსტ და ლაჩარ ადამიანებს სჩვევიათ; პირში დაცინვა - ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანებს; კეთილშობილი ადამიანი კი მხოლოდ საკუთარ თავს დასცინის.
ისიც იცოდე, რომ ბრიყვი ის კი არ არის, ვინც იძახის, რომ თეთრი შავია, არამედ ის, ვისაც სჯერა, რომ ეს ასეა.
პოლიტიკაში კი ბევრ სიბრიყვეს და ბევრსაც თაღლითობას წააწყდები. დიდი მოთმინების უნარის გამოჩენა გმართებს. შენ არ ხარ გამოცდილი დიპლომატი და შეიძლება გაგიჭირდეს. მარტო ღმერთის და ანგელოზის იმედზე ნუ იქნები, შენც უნდა იზრუნო.
უცხო ქვეყნის ბევრ სახელმწიფო მოღვაწესთან მოგიწევს შეხვედრა. იცოდე:
ნუ მისცემ რჩევას მას, ვისაც შენზე ჭკვიანი ჰგონია თავი. ის დამცირებულად იგრძნობს თავს და უფრო შეგიძულებს, ვიდრე შენს სიკეთეს დააფასებს. და:
რასთანაც ურთიერთობა არ გაქვს, იმაზე ნურც იმსჯელებ, თუნდაც ამაზე მთელი ქვეყანა ღაღადებდეს. ცხოვრებაში უამრავი მაგალითია იმისა, როდესაც ყველა ცდება.
ყოველთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობ, სად ამბობ, ვისთან - მეტადრე პოლიტიკაში - ჩაერია საუბარში ქალბატონი თამარი.
- ადამიანს სამი უდიდესი მტერი დაჰყვება ცხოვრების მანძილზე, შვილო: თვალი, ყური და ენა...და მათ შორის ენა უდიდესია. როცა საჭიროა, კიდევაც უნდა დაბრმავდე, დაყრუვდე და დამუნჯდე. ხომ იცი, ქვეყნიერებას ვინც მართავს?
- სავსებით გეთანხმებით - ქალბატონო თამარ - თავი დაუქნია თამრიკოს დიოგენამ - ენა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია სხეულისა, რაც კი ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია. მას შეუძლია, სიყვარულით გააერთიანოს, შეკრას და სიკეთის სამსახურში ჩააყენოს უზარმაზარი ფიზიკური ძალა, მაგრამ ასევე შეუძლია, დაშალოს და დაანგრიოს საუკუნეების მანძილზე რუდუნებით შექმნილი და შენახული.
სინდისს მოწყვეტილი ენა ისეთივე მტერია, როგორც სულზე კლანჭებით ჩაფრენილი სატანა, მაგრამ, თუ ის პატიოსნებასთანაა შედუღებული, მასზე ძლიერი არაფერია ქვეყანაზე.
- გრძელი ენა ისევეა სიბრიყვის და მეტიჩრობის ნიშანი, როგორც მოკლე - სიბრძნის და კეთილშობილების გამოხატულება - დაამატა სოსომ, რომელიც აქამდე ჩუმად უსმენდა ყველას.
- მართალია - დაეთანხმა დიოგენა - ყოველთვის წინასწარ უნდა იცოდე, ვისთან რა ილაპარაკო.
ძალა მარტო მკლავებში არაა, ძალა, პირველ რიგში გონსა და აზროვნებაშია.
პატარა ენას ზოგჯერ შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ, რასაც უზარმაზარი ფიზიკური ძალა ვერ შეძლებდა.
გექნება ძალიან რთული მომენტებიც, მაგრამ იცოდე:
ცაზე მხოლოდ ღრუბლებს ნუ დაინახავ. ნუ დაგავიწყდება, რომ ღრუბლებს იქით მზეა.
სანამ რამეს მოიმოქმედებ, დაფიქრდი, რამდენად მოსაწონია ეს ღმერთისთვის. ღვთის თუნდაც ერთი წამით დავიწყება ცოდვისკენ უბიძგებს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც მთელი სიცოცხლე ვეღარ გამოასწორებს;
...და რაც მთავარია: ოჯახი არ ზრუნავს ოჯახის უფროსზე, ოჯახის უფროსმა უნდა იზრუნოს ოჯახზე.
მეფე უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა - ხალხი მეფეს. კარგად დაიმახსოვრე ეს, თორემ ვინც კი აქამდე ყოფილა(ზვიადის გარდა) ყველა თავის თავზე ზრუნავდა მარტო და ლამის მოსამსახურეებიც კი ყავდათ დაყენებული. თუ პრეზიდენტობა გინდა, მთელი შენი არსებით, სულით და ხორცით უნდა ემსახურო ხალხს. იზრუნო მათზე და გაუფრთხილდე.
მრავალთა მიერ რჩეული ადამიანი არ ნიშნავს ჭეშმარიტების მსახურს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის მრავალზე ზეგავლენის შესახებ მიუთითებს;
ღმერთს მაშინ უფრო ეყვარები, თუ ადამიანებსაც უყვარხარ.
არ არსებობს ბედნიერება ხალხის სიყვარულზე მეტი და არ არსებობს ტრაგედია ხალხის სიძულვილზე მეტი;
ხალხის სიყვარული კი ყველაზე დიდი ჯილდოა და მას ათი ნობელის პრემიაც ვერ შეედრება. პრემიებს და მედლებს უამრავი ადამიანი იღებს, ხალხის სიყვარული კი ერთეულთა ხვედრია.
თამამდებობა, თუნდაც უმაღლესი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მაგარი ხარ.
ვისაც ძვირფასი უნაგირი ადგას, ყოველთვის კარგი ბედაური როდია?
თუ რამე არ იცი, იკითხე რჩევა. ეს სირცხვილი არ არის, პირიქით.
ბოროტად ნუ გამოიყენებ ძალაუფლებას. ძალით შეიძლება ბევრი ადამიანი დააჩოქო, მაგრამ ეს შენს სიძლიერეს არ ნიშნავს, იცოდე.
მგელს შეუძლია ას კურდღელს გამოეკიდოს და ისე გაფანტოს, როგორც ქარში გაფენილი ბუმბული, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კურდღლის სილაჩრეზე მეტყველებს და არა მგლის სიძლიერეზე;
გიორგი უხმოდ უსმენდა მეგობარს და უფრო და უფრო ოცდებოდა მისი გონიერებით.
- შენ უნდა იყო პრეზიდენტი, დიოგენ, ძმაო, მე კი არა - გულწრფელად უთხრა გიორგიმ მეგობარს.
- მე პრეზიდენტი არასოდეს გავხდებოდი, ძმაო. იცი რატომ? განა იმიტომ რომ არ შემიძლია, არამედ იმიტომ, რომ არაა ეს ჩემი საქმე. მე არც შენ გირჩევ, ისევ ჩემს აზრზე ვარ.
- აჰა, დაიწყო ისევ - აღშფოთდა ზურა - სულ ახლახანს რჩევებს აძლევდი და ეხლა ისევ შენსას უბერავ?
- კი, რჩევებს ვაძლევ და მივცემ ყოველთვის, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო, არის და იქნება, მიუხედავად იმისა, მის გადაწყვეტილებებს ვეთანხმები თუ არა - თავი იმართლა დიოგენამ
კამათი გვიან ღამემედე გაგრძელდა და იქამდე მივიდა, რომ ზურამ და ემზარიმ ლამის ფიზიკურად დასცხეს ერთმანეთს. ქალბატონ თამარს, გიორგის და სოსოს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მათ გასაშველებლად.
***
პრეზიდენტის არჩევნები გიორგიმ ძალიან იოლად მოიგო. არც ეპარებოდა ვინმეს ეჭვი, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ლამის მთელი ქვეყანა ზეიმობდა და უკეთესი მომავლის იმედით ბედნიერი გახლდათ.
პრეზიდენტმა თავიდანვე კადრების განახლება დაიწყო და ძირითად პოზიციებზე ყველაზე სანდო პირები დააყენა.
შინაგან საქმეთა მინისტრად მაშინვე ილია მუჯირი დანიშნა. ხოლო ლადო კალანდაძე სამმართველოს უფროსად დატოვა.
გიორგის კარგად ესმოდა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში „გინოს“ იმდენ დროს ვეღარ დაუთმობდა და არც იყო ეს მთლად სწორი - პრეზიდენტი ექსტრასენსობას განაგრძობდეს. მაგრამ მისი მითითებების შესრულება სავსებით შესაძლებელი გახლდათ. გიორგიმ წინასწარ ისეთი გუნდი შეკრა, რომ ნებისმიერ შემთვევაში შეიძლებოდა „გინოს“ დისტანციური მართვა. ამიტომ ის სრულად განაგრძობდა ფუნქციონირებას.
დიდი თხოვნის შემდეგ, გიორგიმ ვარლამ ნიორაძე დაითანხმა და მმართველობაში სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტი ჩააბარა.
ციური, ისედაც ჟურნალისტური გამოძიების მთავარი რედაქტორი გახლდათ და დარჩა იგივე თანამდებობაზე, თუმცა ძველი გუნდი ისევ შემოიკრიბა და რედაქცია გააფართოვა, რისი უფლებაც ვარლამ ნიორაძემ უყოყმანდ მისცა. ეხლა რედაქცია უკვე არა მარტო სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობდა, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ დანაშაულებებზეც გაააქტიურა ყურადღება. ამ საქმეში კი, როცა ნინო უკვე აღარ იყო, ციური საუკეთესო გახლდათ. მის პირად ცხოვრებაში კი სასიამოვნო ცვლილება მოხდა - ის გათხოვდა.
პრეზიდენტმა რამდენიმე უფასო კლინიკა დააარსა, რომლებიც პირველ რიგში ყველაზე უმწეო პაციენტებს მოემსახურებოდნენ. მან საჯარო მოხელეების ხელფასები მკვეთრად შეამცირა და პენსიები და შემწეობები გაზარდა. სწავლა, როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებებში უფასო გახადა და ფასიანი კერძო სასწავლებლები საერთოდ გააუქმა. რა თქმა უნდა, ამას დიდი პროტესტიც მოყვა და ბევრიც აუმხედრდა, მაგრამ რამდენიმე მცირერიცხოვანმა აქციამ მშვიდად ჩაიარა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. პრეზიდენტი ფრთხილად და ნელა, მაგრამ თანმიმდევრობით დაერია კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და თითქმის ყველა სფეროდან განდევნა ისინი. ყოველ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში გაიხსნა უფასო დახმარების ცენტრები, სადაც ყველაზე შეჭირვებული ადამიანები როგორც საკვებს, ასევე ჩასაცმელს და თავშესაფარს უფასოდ მიიღებდნენ. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ქვეყანაში.
გიორგი ზუსტად ასრულებდა ანგელოზის ნაკარნახევ მითითებებს და მართალია, რეფორმების გამო ქვეყანა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და საერთაშორისო ვალები დაიდო, მაგრამ ფული ხან საიდან და ხან საიდან გამოჩნდებოდა ხოლმე და ვალების მიუხედავად, ცხოვრება წინ მიდიოდა. მთავარია, რომ არავის შიოდა და არავის სციოდა. ვალები კი იზრდებოდა და მილიარდს მილიარდი ემატებოდა.
პრეზიდენტი ხან ვის და ხან ვის ეღრიჯებოდა, რომ კრედიტი გამოეთხოვა და ქვეყანა კოლაფსამდე არ მიეყვანა.
ტაძარში სიარულს დიდი ხანია უკლო, დრო აღარ რჩებოდა. მაგრამ როცა მაინც ახერხებდა მისვლას, მამა იოანე დიდი სიყვარულით ხვდებოდა და ახალ- ახალ რჩევებსაც აძლევდა.
ერთხელ, მამა იოანე თავად ესტუმრა გიორგის. როდესაც პრეზიდენტს მოახსენეს, დერეფანში სასულიერო პირი გელოდებათო, გიორგიმ მაშინვე გასცა განკარგულება, იგი მასთან შემოეშვათ.
პრეზიდენტის კაბინეტში მამა იოანე შემოვიდა.
გიორგი მოძღვარს მიეგება, დაუჩოქა და კურთხევა სთხოვა.
მამა იოანემ გიორგი დალოცა, ააყენა და გულში ჩაიკრა. შემდეგ იქვე სავარძელზე ჩამოჯდა და გიორგი მოიკითხა. მცირეოდენი გასაუბრების შემდეგ მამა იოანე სერიოზულ თემებზე გადავიდა:
- იცოდე, გიორგი, შვილო, შენ ეხლა ქვეყნის ბედი გაბარია და ძალიან დიდი ვალდებულებები გაკისრია. ისე უნდა იცხოვრო, რომ შენს ერს გამოადგე და შენი პირადი სრულიად უარყო. ისიც იცოდე:
მარტო იმას ნუ მოეპყრობი მოწიწებით, ვინც გჭირდება. ეს მლიქვნელობისგან დიდად არ განსხვავდება.
- მამაო, მგონი ვნანობ უკვე, რომ ამხელა საქმეს შევეჭიდე. ნელ-ნელა ქვეყანას ვალებს ვკიდებ და არ ვიცი, აქედან როგორ გამოვიდე.
- მერე, გამოსავალი არ იცი, განა?
- არა, მამაო, არ ვიცი.
- უფალია გამოსავალი. არასოდეს დაგავიწყდეს ღმერთი, არასოდეს, მით უმეტეს ყველაზე მძიმე წუთებში. ევედრე მას განუწყვეტლივ და ის მოგივლენს ხსნას. განა ანგელოზი გვერდით არ გყავს?
- კი, მამაო, მაგრამ ანგელოზი მხოლოდ რჩევებს მაძლევს, ის ხომ ვერ დაიწყებს ქვეყნის მართვას?
- გიორგი, შვილო, ქვეყნის პირველკაცობას გამოცდილება და დიდი გონიერება სჭირდება. მე თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ კარგად დაფიქრებულიყავი და ისე გადაგედგა ეს ნაბიჯი. მარტო ხალხის აღტკინებას ან შენს გულისთქმას არ უნდა აყვე არასოდეს. ყველა საქმეს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. შენ არც ერთი გქონდა და არც მეორე, ღმერთის იმედზე დადექი და შესაძლოა სწორი არჩევანიც გააკეთე, მაგრამ თუ მძიმე განსაცდელები დაგიდგა, არ უნდა დაკარგო იმედი და უფალს ბოლომდე უნდა მიენდო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამა თუ იმ საქმისთვის სწორი ადამიანები იპოვო.
ლეიტენანანტს რომ გენერლის წოდება მიანიჭო, ის მარშლობაზე დაიწყებს ფიქრს და არა მგონია, ვინმემ აღიაროს, რომ კაპიტნობაზე მეტს არ იმსახურებს - ეს ადამიანის ბუნებაა, შვილო და მეტადრე ჩვენი ხალხის.
ჩვენ, ქართველები, ცოტა კუდაბზიკა ხალხი ვართ. ბევრი ტრაბახი გვიყვარს, დიდი წარმოდგენები გვაქვს საკუთარ თავებზე და ყველას პირველობა უნდა. ქართული სუფრა ამის საუკეთესო დასტურია. ტრაბახი ვიცით ყველაფრით, შენ წარმოიდგინე წინაპრებითაც კი:
წინაპრებით ტრაბახი კი ისეთივე უმეცრებაა, როგორც ღვინის ქება ფერის გამო. ნუ დაგვავიწყდება, რომ წინაპრებისგან გენების გარდა მრავალი ცოდვაც მოგვყვება თან;
ადამიანის ფასი მის მიერ შექმნილით განისაზღვრება და არა იმით, თუ რა ერგო შთამომავლობით.
ასეთი ხალხის მართვა რთულია, გიორგი. ბევრი არ დაგიგდგება გვერდში. ბევრი გადაგიდგება და ბევრი მახვილსაც ჩაგკრავს ზურგში. შური, ბოღმა და ამპარტავნება, სამწუხაროდ, ქართველთა ძველთაძველი სენია. ჩვენი ისტორია ერთეულ გმირებზე დგას და არა მთლიანად ერზე, რაც ბევრს არასწორად ჰგონია. ქართველმა რომ ქართველის მტრობა იცის, ისეთს იშვიათად თუ ნახავ რომელიმე ერსა თუ მოდგმაში.
- მართალი ხართ, მამაო, ალბათ ასეა.
- როგორ ფიქრობ, გიორგი, რატომ არ გვაძლევს ღმერთი ამოსუნთქვის საშუალებას და სულ, ასე ვთქვათ, მარწუხებში რატომ ვყავართ ამდენი განსაცდელებით, ომებით და გარე მტრებით?
- არ ვიცი, მამაო, რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენი გაშვება არ შეიძლება(თავისუფლად გაშვებას ვგულისხმობ). ჩვენში დიდა ამპარტავნებაა და ეს ამპარტავნება წალეკავს და გადაჯეგავს მთელ მსოფლიოს და იმ მცირე მამულიშვილების ღვაწლი ისე გაქრება, როგორც ქარში დანთებული სანთელი.
ჭეშმარიტი, გულანთებული მამულიშვილების მეტი რა არის, მათ გულებს ვენაცვალე და მათ ტკბილ სულებს. ასეთები იყვნენ ის დიდი წმინდა შეწირულები, ვინც ბრძოლის ველზე ეცემოდნენ ყოველთვის, მაგრამ იყვნენ სულგაყიდული თავადებიც, გლეხებიც და თვით სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც კი. რაც ქართველს ქართველის ღალატით და ორგულობოთ სისხლი დაუღვრია, ახალი ოკეანე გაჩნდებოდა, ერთად რომ მოაგროვო ეს სისხლი. მარტო წმინდანებით ტრაბახი და ბაქი-ბუქი არაფერს გვარგებს. ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს, რა არგო მამულს, რა გაუკეთებია ქვეყნისთვის ასი ქვევრი ღვინის დალევისა და ათასი მჭერმეტყველური სადღეგრძელოს გარდა?!
სამშობლოს სიყვარული არც ყანწი და თასია, არც ლექსები და სიმღერები და არც სადღეგრძელოები ათასი.
გადაგვარდა ერი, გიორგი, გადაჯიშდა და გადაგვარდა. ქალმა მოკლე კაბაზე გაცვალა სათნოება და კდემამოსილება. ბოზობაა ეხლა მოდაში და შიშველი სიარული. კაცმა კი კომფორტსა და დროსტარებაზე გაცვალა მამულისთვის თავდადება და გმირობა. „ნავაროჩენი“ მანქანით სრიალი ურჩევნია ხელების დაკაპიწებას და სამშობლოსთვის რაიმე სიკეთის მოტანას.
- ასეა, მამაო.
- ადამიანის ყველა დადებითი თვისება ერთ საზომში შეიძლება მოვაქციოთ და მას სინდისი ჰქვია, გიორგი. ადამიანს სინდიდი ან გააჩნია, ან დაკარგული აქვს.
კარგად დააკვირდი არემარეს და შენ ნახავ უამრავ სინდისს აქეთ-იქით მიმოფანტულს, რომელსაც ადამიანები ხშირად კარგავენ.
ერთი რამეა, რომლის დაკარგვა ყველას შეუძლია, პოვნა კი არავის -სინდისი.
სატანა კი უდიდესი კოლექციონერია. ის ადამიანთა სინდისს აგროვებს. თითოეულის ფასი სულ 30 ვერცხლია.
- მამაო, სინდისომეტრი რომ არსებობდეს, ადამიანები მაინც დაამტვრევდნენ და გაანადგურებდნენ, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში, სინდისის გაზომვისას, პირველ შკალასაც ვერ მიაღწევდნენ.
- სწორედაც. არც არავის მოუვა თავში მისი შექმნა. ვის რაში სჭირდება?! ყოველმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის თავისი სინდისის ზომა და წონა.
ეხლა ინტერნეტს გადახედე. სოციალურმა ქსელებმა ქმარი ცოლს დააშორეს, ძმა ძმას და შვილი მშობლებს. ვირტულაურ სამყაროში ცხოვრობს ხალხი. ვირტუალური ბედნიერება ურჩევნიათ იქვე, გვერდით მყოფ ძვირფას ადამიანებს. ნელ-ნელა ქრება ურთიერთპატივისცემა, ზრდილობა და თავგანწირვა. ასე თუ გაგრძელდა, მალე ერიც გაქრება და დამთავრდება ჩვენი ყოფაც. მარტო იმის ძახილით, რომ ღმერთი შეგვეწევა და ღვთისმშობლის ერი ვართ, არაფერი გვეშველება. თუ ყველამ ხელი არ გავანძრიეთ და მამულზე არ დავიწყეთ ზრუნვა, გამოგვეცლება ხელიდან და დარჩება ქვეყანა თურქს, ირანელს, ჩინელსა თუ არაბს.
- ეგ ყველაფერი ძალიან სამწუხარო რეალობაა, მამაო, მაგრამ რა არის გამოსავალი?
- გამოსავალი? ეს შენ მეკითხები, გიორგი, მაგას? განა არ იცი, რა არის გამოსავალი? ღმერთია გამოსავალი. ყველაფრის წამალი და გამოსავალი ყოველთვის ღმერთია. გაუძლიერე ამ ხალხს რწმენა, იმედი და სიყვარული და ნახავ, როგორ დადგება და გაბრწყინდება ერი.
ადამიანები ვიშვიშებენ და მოსთქვამენ იმის გამო, რომ ღმერთმა არ მისცა მათ ის, რაც არ ეკუთვნით... და იშვიათად ნახავ ადამიანს, რომელიც ბედნიერი და მადლიერია იმითაც, რაც ღმერთმა უბოძა;
ყველა ადამიანი რომ იმას ჯერდებოდეს, რაც მისთვის საჭიროა, დღეს ყველას საკუთარი კოსმოსური ხომალდები გვეყოლებოდა.
სიხარბე და გაუმაძღრობა სატანის მთავარი იარაღებია;
მართალია ისიც, რომ ჩვენი ცხოვრებით სასუფევლის ღირსი არც ერთი არ ვართ. მე არ მინახავს ადამიანი, მთელი თავისი ქონება გაეყიდოს და ობლებისა და მათხოვრებისთვის დაერიგებინოს. ასეც რომ გააკეთოს ვინმემ, მას მაშინვე გიჟად მონათლავენ და ოთხკედელშუა გამოამწყვდევენ; და, თუ იცი ვინ? - ყველაზე ახლობელი ნათესავები.
როგორ ფიქრობ, გიორგი, დათანხმდებოდნენ ადამიანები, მათი ფიზიკური შესახედაობა მათივე სულის სიწმინდეზე რომ იყოს დამოკიდებული?
- რა თქმა უნდა არა, მამაო, ქვეყანა ხომ გონჯებით გადაივსებოდა?!
- ამაშია საქმე.
ადამიანის ყველაზე დიდი მტერი თვალია, რამეთუ უკუღმართადაა მოწყობილი - სიბნელეს ადვილად ეჩვევა, მომეტებული სინათლისგან კი ბრმავდება, როცა პირიქით უნდა იყოს. ასე იმიტომ ხდება, რომ ბოროტებისკენ აქვს მიდრეკილება და სიკეთის დანახვა არ უნდა. არა და გარდაცვალების შემდეგ ყველა სინათლისკენ მიისწრაფის და იცი რატომ? იმიტომ რომ სული თავისუფლდება სხეულისგან და იცის საით წავიდეს, სად ურჩევნია. სხვა საკითხია, საით გააქანებენ მას კეთილი თუ ბოროტი ანგელოზები.
ამას იმიტომ გეუბნები, ჩემო შვილო, რომ როდესაც ადამიანის სხეული გართობისკენ არის მიდრეკილი, ის არ იფიქრებს ქვეყანაზე, მოყვასზე, სიკეთეზე. მისი თვალი ხარბია და იქით გარბის, სადაც სხეულს მეტად დააკმაყოფილებს. მაგრამ თუ მას ღვთის სიყვარულს ჩაუნერგავ, რისი პოტენციალიც მას გენურ კოდში აქვს უფლისგან ჩანერგილი, მაშინ სული და სხეული ჰარმონიაში მოვა და მიიღებ იდეალურ პროდუქტს. თორემ, ხანდახან ადამიანის სული და სხეული ისეთ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან, რომ გამკვირვებია, ნუთუ, ასეთი დისჰარმონია შესაძლებელია ბუნებაში? გეგონება სულები ლატარიის პრინციპით სახლდებოდნენ სხეულებში.
მარხვა რისთვისაა მოგონილი? იმისთის, რომ ხარბი სხეული შევბოჭოთ და სულ ცოტათი მაინც დავემსგავსოთ ღმერთს. ჩვენი ნებით, და არა იძულებით. იმიტომ რომ, რაც სხეულს აკლდება, ის სულს ემატება და პირიქით.
ადამიანი სიამოვნებით მიირთმევს იმ ღორის ხორცს, რომელიც ყველაზე საზიზღარი სალაფავით არის ნასუქი და მერე გვიკვირს, როდესაც მისი საქციელი ხშირად წააგავს ღორისას.
შეხედე, რა გნიასია ტელევიზიებში. ეს ე.წ. „ცნობადი“ სახეები რა დღეში არიან. თავები ვარსკვალებად ყავთ გამოცხადებული და ისე იქცევიან, როგორც მეფეები და დედოფლები ან დიდგვაროვნები კალიგულას წვეულებაზე.
სამწუხაროდ, ბოროტების ვირუსი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე - სიკეთის.
თუ მონა იტყვის, რომ ზღვა ლურჯია, მის ნათქვამს ყურადღებას არავინ მიაქცევს. მაგრამ, თუ მეფე იტყვის, რომ ლურჯი კი არა, წითელია, მას აღტაცებით დაუკრავენ ტაშს და მონას სიცრუისთვის დასჯიან. დღეს ჭეშმარიტება ნათქვამით კი არ ფასობს, არამედ იმით, თუ ვის მიერ არის წარმოთქმული. სწორედ ეს დაღუპავს კაცობრიობას.
ჩვენ პარადოქსებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ, გიორგი. ზოგჯერ ისეთი ადამიანებისაგან ქმნიან მითებს და ლეგენდებს, რომლებიც სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ. დიადი ადამიანები კი უკვალოდ იკარგებიან, სანამ ვინმე გენიოსი არ აღმოაჩენს მომავალში. შემდეგ კი ძეგლებს უდგამენ.
დიადი ადამიანები ხშირად ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ შურის, ბოღმის და ამპარტავნების გამო ვერ ვამჩნევთ და არ ვაფასებთ მათ. შემდეგ კი მათზე ლეგენდები იქმნება.
სამწუხაროდ, ადამიანები გაცილებით დიდ პატივს სცემენ ძეგლებს, ვიდრე სიცოცხლეში მათ ორიგინალებს მიაგებდნენ.
- ეს კი ასეა, მამაო, და თქვენს სიბრძნეს არა აქვს საზღვარი, მაგრამ მე როგორ მოვიქცე, ის მირჩიეთ.
- აქეთკენ მიმყავს საუბარი, გიორგი, შვილო. ყველა სიბრძნე მხოლოდ ღმერთისგან მოდის. ადამიანები კი დიდი უგნურები ვართ. გაგიჭირდება შენ ასეთი ხალხის მართვა და მით უმეტეს გამოსწორება. შენ ვერც მოკლე კაბების ტარებას აუკრძალავ მატრაკვეცა გოგონებს თუ მეტიჩარა ქალებს და ვერც სხეულით ტკბობას, კაცი იქნება ეს თუ ქალი.
ღილი შესაკრავად არის მოგონილი და არა შესახსნელად...და თუ ზოგიერთ ქალს ეს დღემდე ვერ გაუგია, მისი სული ისეთივე შიშველი დარჩება, როგორც სხეული.
- თვალი ოხერიაო, მამაო, ხომ გაგიგონიათ? მე კი დავამატებდი, რომ ხარბიც.
- ამავ დროს - ქალის მომხიბვლელობა სხეულისა და სულის ჰარმონიული მშვენიერებით განისაზღვრება და არა მოკლე კაბით, ამოღებული მკერდით და სურნელოვანი სუნამოთი.
ვერც ამპარტავნებას დაუშლი ვინმეს და ვერც ხორხოცსა და ღლიტინს. ვერ დახურავ რესტორნებს და ვერ გარეკავ ხალხს ეკლესიებში.
ადამიანი ძალიან დიდ შრომას ხარჯავს მატერიალური სრულყოფილებისთვის და ძალიან მცირეს თავისი სულის გასამდიდრებლად;
უმრავლესობა ქონებას იმიტომ კი არ აგროვებს, რომ მას ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ თავისი ხარბი ბუნება დაიკმაყოფილოს, რათა სხვაზე მეტი ჰქონდეს.
- აბა, მაშ მე რა ვქნა, მამაო?
- ყველაფრის თავი და თავი განათლებაა, გიორგი - აღზრდა და განათლება.
კარგი მოსავალი, პირველ რიგში, ნიადაგის დამსახურებაა და შემდეგ უკვე მოვლა-პატრონობის;
რასაც ჩაუნერგავ ბავშვს გულსა და გონებაში, ისე აღიზრდება - ანუ რა ნიადაგსაც შეუქმნი. ადამიანს სიყვარული სჭირდება, ის ვერ ძლებს უიმისოდ, მაგრამ გააჩნია საითკენაა ის მიმართული. თუ სიკეთისკენ მიმართავ, სიკეთეს შეიყვარებს, თუ ბოროტებისკენ, ცოდვების მონა გახდება. არა და ადამიანს ჩადებული აქვს სიყვარულის კოდიც. ღმერთმა ის თავის მსგავსად შექმნა და რაც არ უნდა წაიბილწოს, სიყვარულის კოდი აქვს მაინც ჩანერგილი. ისიც ხომ იცი, რა ძვირფასია ყოველი ადამიანი ღვთისათვის?
თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე უსასრულო სერიალის გადაღება შეიძლება და რა კარგი იქნებოდა, ცხოვრებაშიც რომ ისე ვგულშემატკივრობდეთ ადამიანებს, როგორც ფილმებში თანავუგრძნობთ. შენ წარმოიდგინე, დაცემულ და გაუბედურებულ ადამიანებსაც კი მთელი გულით თანავუგრძნობთ, მაგრამ დამთავრდება ფილმი და შეიძლება ყველაზე ძვირფას ადამიანს ისეთი საშინელი დარტყმა მივაყენოთ, ვითომც არაფერი. აი, ასეთი მრავალსახოვანია ადამიანი და მით უფრო ქართველი.
ადამიანის სულს რომ ჩასწვდე, ჯერ მისი მრავალი ორეული უნდა გაიარო, რომლებიც ისე ბლომად არიან ერთ სხეულში თავმოყრილი, რომ სიცილის ოთახი გეგონება.
ეეჰ, ჩემო გიორგი, ალბათ შეგაწუხე ბევრი ლაპარაკით, შვილო, მაგრამ დამერწმუნე, ამას ჩემით არ ვლაპარაკობ.
- მესმის მამაო.
- მოკლედ, იმის თქმა მინმდა, რომ მეტი ღმერთი მიეცი ადამიანებს და ისინი კეთილშობილები გახდებიან. ყველა თუ არა, ბევრი მაინც.
უფალი ყველასთვის ეწამა. ამიტომ თავისი წილი უფალი ყველას ეკუთვნის. მთავარია, ადამიანმა კარგად გააცნობიეროს. ეს კი განათლებით უნდა შეძლო. დააბრუნე ღმერთი სკოლებში. ბავშვობიდანვე იცოდეს ადამიანმა იესო ქრისტეს ცხოვრება; ტკიოდეს უფლის ჭრილობები; აცნობირებდეს, თავისი ცოდვებით რამდენ ახალ-ახალ ლურსმანს არჭობს ყოველდღიურად და მაშინ შეიცვლება ერიც და საზოგადოებაც. როცა ერი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი გახდება, მაშინ გვეშველება. მანამდე კი ვერც შენ და ვერც ვერავინ, ანგელოსთა მთელმა დასმა რომ გიკარნახოს, ვერ შეცვლი უკეთესობისკებ ვერაფერს. მე იმის თქმა მინდა, რომ ღმერთი გახადე ადამიანს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მასზე თბილ და მოსიყვარულე არსებას ვერ ნახავ ქვეყანაზე.
ჩვენათან არს ღმერთი, ჩვენთან არს ღმერთი - გაჰკივიან და არიან ამ შეძახილებით მიტინგებზე და ათასგვარ შეკრებებზე.
ღმერთი ჩვენთან არს, იყო და იქნება. მაგრამ საკითხავია, ჩვენ თუ ვიქნებით მასთან ოდესმე?!
უამრავ ადამიანს გაჭირვების ჟამს ახსენდება ღმერთი და თავგადაკლულ „მორწმუნედ“ იქცევა ხოლმე. ჭეშმარიტი ქრისტიანობა ის არის, როცა ყველაფრით კმაყოფილი ხარ და მადლიერებით და სიყვარულით ფიქრობ ღმერთზე.
დაიმახსოვრე, გიორგი:
კარგ სახლს ძლიერი საძირკველი სჭირდება; კარგ ხეს - ძლიერი ფესვები; კარგ ადამიანს - ძლიერი რწმენა. რწმენა კი ბავშვობაშივე უნდა ჩაუნერგო ადამიანს, სანამ გონება მყიფეა, გული სუფთა და სული უმწიკვლო.
ამიტომ, შვილო, როგორ დედა ენასაც მისცემ ბავშვს, იმ დედა ენით გაიზრდება და იცხოვრებს.
დედა ენა არ იწყება სიტყვებით: „აი ია“, დედა ენა იწყება სიტყვებით: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. დააბრუნე სკოლებში ბიბლია. შენ ხომ მაინც იცი, ადამიანი ოდნავ მაინც რომ აცნობიერებდეს, რა სიბრძნე დევს ბიბლიაში, სხვას აღარაფერს დაუწყებდა ძებნას, რადგან მიხვდებოდა, რომ მასზე ძვირფასი არაფერი შექმნილა დედამიწის ზურგზე და არც შეიქმნება.
- ყველაფერს ვეცდები მამაო, ვერ მოვიცალე განათლების რეფორმებისთვის.
- გიორგი, შვილო, შენ მრავალ ქვეყანაში დადიხარ, ხვდები სხვა ქვეყნების მაღალი იეარარქიის წარმომადგენლებს. შენი ქვეყნის განვითარების ძირითადი გასაღები კი აგერ გაქვს, ყურის ძირში. არავის არ ადარდებს შენი მოქალაქეები რა მენტალიტეტის ხალხი იქნება; არც მათი ბედი და მომავალი აწუხებს ვინმეს. ყველა თავისი ქვეყნის სიკეთეზე ფიქრობს, ვის რა გამოსტყუოს მეტი. ეს შენ ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს. ნატოს და ევროპის ძახილმა ვის რა მოუტანა, ხომ კარგად დაინახე ამ ბოლო წლებში? შენი ქვეყნის წარმატების გასაღები შენს ერშია და არა გადამთიელი ინტრიგანების საფულეებში.
კი, ვხედავ, რომ ბევრს აკეთებ ხალხისთვის, მაგრამ მარტო მაგით შორს ვერ წახვალ. თუ გინდა რომ ხორბალმა კარგად იხაროს, სარეველა ბალახი უნდა მოაშორო.
- რეპრესიები დავიწყო მამაო?
- რატომ რეპრესიები? დაუბრუნე შენს ხალხს ათასი ვიგინდარის მიერ დატაცებული ქონება. ხალხის ძარცვით გამდიდრებული მილიონერები რომ გიზის პარლამენტში. გაყევი პენსიონერს, როგორ ატყავებენ აფთიაქებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ბანკებში და რა ვიცი, სად აღარ? შენც ხომ კარგად იცი?! დაუბრუნდება ხალხს რწმნენა, გაუთბება გული. მოგენდობა ბოლომდე და მერე ღმერთის სიყვარულსაც ჩაუნერგავ გულებში. გაძლიერდება რწმენა, იმრავლებს სიკეთე და სიყვარული. ურთიერთპატივისცემას ისწავლის ხალხი და რაც ყველაზე მთავარია, თავის ქვეყნის ჭეშმარიტ სიყვარულს და არა შორიდან ცქერას, იქნებ ვინმემ გვიშველოსო.
ისე კი ნუ მართავ ქვეყანას, როგორც შენს გარემოცვას მოეწონება, არამედ ისე მართე, ღმერთს რომ მოეწონებოდა. ეს იგივეა, უბრალო ხალხს რომ მოეწონება.
სამშობლო იგივე ოჯახია, ოღონდ ბევრად დიდი მასშტაბის და ბევრად მაღალი რანგის. თუ ოჯახის შეგინებას ვერ აპატიებ ვინმეს, სამშობლოს შეგინება მით უფრო არ უნდა აპატიო. სამშობლოს გულისთვის შეიძლება ოჯახი გაწირო, სამშობლოს ვერ გაწირავ ოჯახის გამო – არ უნდა გაწირო. სამწუხაროდ, ბევრს სამშობლო მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორია ჰგონია.
- მარტო მე ვერ დავამარცხებ ამხელა მონსტრს, მამაო. იცით, ვიზეც ვამბობ.
- ბოროტებამ შეიძლება ფიზიკურად დაგვამარცხოს, მაგრამ ეს სატანის გამარჯვებას როდი ნიშნავს? ვისაც ღვთის სიყვარული სულში აქვს გამჯდარი, მას ათი სატანაც ვერაფერს დააკლებს.
მაგრამ როდესაც ერი გაბარია, მაშინ ღმერთიც შენთანაა, გიორგი, თუ მიენდობი მას ბოლომდე. საქართველო ფიზიკურად ბევრჯერ დამარცხდა, მაგრამ ღვთის მადლით და წყალობით ყოველთვის წამოიმართა ფეხზე.
მთავარია, ღვთის წინაშე არ დავმარცხდეთ. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა ამასთან შედარებით.
- ყველაფერს გავითვალისწინებ, მამაო. რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ. ანგელოზიც ხომ მაძლევს თავის რჩევებს და არ მტოვებს, უფალი არ მტოვებს.
- კარგი, შვილო, ნამეტანი შეგაწუხე უკვე და წავალ ჩემ გზაზე.
- აბა რას ამბობთ, მამაო, თქვენი რჩევები სულის მალამოა ჩემთვის.
- შენ ისედაც გონიერი და ღვთისმოყვარე კაცი ხარ, გიორგი, ჩემი რჩევების გარეშეც იოლად გახვალ, ვიცი, მაგრამ, მე, როგორც შენს სულიერ მამას, უფლება არ მქონდა არ მეთქვა რამდენიმე სიტყვა და დარიგება არ მომეცა შენთვის.
ყოველთვის ისე მოიქეცი, როგორც უფალს გაუხარდება და დანარჩენი ყველაფერი დალაგდება. ნურაფერი ნუ შეგაშინებს და არასოდეს დაგავიწყდეს - რაც უფალს გულში არ უწერია, იმას ახდენა არ უწერია.
შემდეგ მამა იოანემ მის წინ მუხლებზე დაჩოქილ პრეზიდენტს თავზე სამჯერ გადასწერა პირჯვარი, გულიანად დალოცა, მამაშვილურად მოეფერა და ნელი ნაბიჯით გაეშურა კარებისკენ.
***
გავიდა კიდევ რამდენიმე წელი
ნინოს და გიორგის კამათები უკვე ისე გახშირდა, დღე რომ უჩხუბრად ჩავლილიყო, ის უფრო გაუკვირდებოდა მათ შემყურეს, ვიდრე ჩხუბი. ნინო დიდი ხანია უკვე გაშორებაზეც ფიქრობდა და თუ კიდევ ყოყმანობდა, ისევ ხათრის გამო, რადგან პირველი ლედი ერქვა და ეხლა მისი გიორგისგან წასვლა მის რეპუტაციას მაინც ლაქას მოსცხებდა და მხოლოდ ამას ერიდებოდა. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ნინოს მოთმინების ფიალაც, ბოლოს და ბოლოს, აივსო. გიორგი სულ გაღიზიანებული გახლდათ, ყველაფერზე ბუზღუნებდა. ეს არ მოსწონდა, ის არ მოსწონდა. რა სიყვარულზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როცა საერთოდ ვეღარ უგებდნენ ერთმანეთს.
გიორგის მეგობრებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. პირველი ემზარი განეშორა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობა გადაწყვიტა. საზღვარგარეთ წასვლა მოიმიზეზა და წავიდა კიდეც.
დიოგენას ადრე თუ უფლება ჰქონდა მეგობრებისთვის შენიშვნა ან დარიგება მიეცა, ეხლა გიორგის უკვე სწყინდა ემზარის გაუთავებელი საყვედურები და ბოლოს მიახალა კიდეც პირში, მართლა ყველაზე ჭკვიანი ნუ გგონია შენი თავიო, როდესაც მან ნინოსთან არასწორ ურთიერთობაზე მიუთითა და გიორგი გაამტყუნა. ამის შემდეგ ემზარი დიდხანს აღარ დარჩენილა „გინოში“ და წასვლა გადაწყვიტა,
თავიდან გიორგის არ უნდოდა დიოგენას გაშვება. ეხვეწებოდა - დარჩიო. ბოდიშიც კი მოუხადა - ხომ იცი, ძალიან ვიღლები ხოლმე და ალბათ ცოტა გავფიცხდი და სწორედ ვერ გამოვთქვი, რაც გითხარიო. მაგრამ ემზარიმ, რომელიც საკმაოდ ჯიუტი და თავმოყვარე გახლდათ, რომ იტყვიან ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო, ქვა კი არა, ლოდი ააგდო და მთლიანად ძირს გაუწვა. ზურას თხოვნა დარჩენაზე ხომ სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა.
გიორგიმ იცოდა, რომ დიოგენას ვერაფრით ვერ დაახარბებდა; ქონება და კარიერა მას არასოდეს აინტერესებდა. ამიტომ ბევრი აღარ უხვეწია და დაანება თავი.
გიორგიმ პოლიტიკოსთა წრეში ახალი მეგობრები გაიჩინა. ისინი, ვინც მის გარშემო ტრიალებდნენ და მასთან ერთად აკეთებდნენ სახელმწიფო საქმეებს. ანგელოზმა ასეთი ფრაზაც კი ჩააწვეთა ყურში გიორგის:
მეგობრობა ღვინო არაა, რომ ხანდაზმულობით ფასობდეს. ბავშვობის მეგობარი ყოველთვის კარგი მეგობარი არ გახლავს.
ნამდვილი მეგობარი ის კი არ არის ვინც დიდხანს მოგყვება, არამედ ის, ვინც ბოლოს დაგრჩება.
გიორგიმაც ასე აღიქვა და ცხოვრობდა ახალ მეგობრებთან შეხმატკბილებულად. ზურა ჯერ კიდევ ახლოს ჰყავდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ მათ მეგობრობას პატარა, მაგრამ მაინც ბზარი გაუჩნდა. მართალია ზურა დაასაქმა და საკმაოდ კარგ თანამდებობებზე ამუშავებდა, მაგრამ მისი ინტელექტის და რამე სხვა უნარების არ სჯეროდა და მხოლოდ მოვალეობას თუ იხდიდა მეგობრის წინაშე. ზურა, რა თქმა უნდა, ამას ხვდებოიდა და ნელ-ნელა წყენა და ბრაზიც კი უგროვდებოდა მეგობრის მიმართ, თუმცა არ უყვარდა ამის გამომჟღავნება.
ემზარი რომ უფრო ჭკვიანი გახლდათ, იქიდანაც ჩანდა, რომ ადრევე გაერიდა მეგობართან სერიოზულ დაპირისპირებას და საერთოდ ემიგრაციაში წავიდა. შემდეგ კი, როდესაც უკვე კარგად მოეწყო, აქეთ სთხოვდა ზურას, ისიც მასთან წასულიყო, მაგრამ ზურა სულ უარზე იდგა და თავგამოდებით იცავდა გიორგის ინტერესებს. მას სჯეროდა, რომ გიორგის გაპრეზიდენტება მისი დამსახურება გახლდათ და რომ არა ის, გიორგი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. მან, რა თქმა უნდა, შეატყო, რომ ემზარის და გიორგის მეგობრობა ვერ იყო რაღაც ისე, როგორც საჭიროა.
- ხომ იცი დიოგენ, ყიფო ეხლა დიდ საქმეებს აკეთებს და თუ ხანდახან მეგობრობაში შეეშალა რამე ან ცოტა აუვარდა თავში, ნუ გაამტყუნებ. მოვა დრო და ისევ ჩვენი გიორგი იქნება. არც შენ ხარ მართალი, რომ მიატოვე და გაიქეცი - ეუბნებოდა ზურა ემზარის - რა შენი საქმეა ცოლთან იჩხუბებს თუ რას იზამს? ჩვენ მისი მეგობრები ვართ და ყოველთვის მისი მხარე უნდა დავიჭიროთ.
- კაი ერთი თუ ძმა ხარ. ჭეშმარიტ მღვდელს "ალილუია” არ შეეშლება.
- და თუ შეეშალა, რა ვქნათ მაშინ? - მაინც გიორგის მხარე ეჭირა ზურას.
- იცი რას გეტყვი, ძმაო? ნუ მიემხრობი მეგობარს ვალდებულების გამო. იცოდე, ვინც მტყუან მეგობარს უჭერს მხარს, ის თავის სულსაც ყიდის და მეგობრისასაც და ორჯერ მეტად დამნაშავეა, ვიდრე მისი მეგობარი - ესღა შემოუთვალა დიოგენამ ზურას და დაანება თავი.
შემდგომში, ამ ჩვენმა დიოგენამ ბერძენი ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად საბერძეთში გადაბარგდა. ხოლო ზურა, ჩვენთვის უკვე ნაცნობ ჟურნალისტ, ციური ახობაძეზე დაქორწინდა, მიატოვა სახელმწიფო სამსახური და თავის საკუთარ სოფელში მევენახეობის ბიზნესი გამართა, რაშიც გიორგი, რა თქმა უნდა, ყველანაირად დაეხმარა. პატარა ღვინის ჩამოსახმელი საამქრო გააკეთა და მშვენიერ ღვინოსაც ასხამდა.
ზურას მეჯვარე, რა თქმა უნდა დიოგენა გახლდათ, რომელიც ზურას ქორწილზე მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. აი, დიოგენას მეჯვარეობაზე კი ნებით თუ უნებლიედ გიორგიმ უარი თქვა, ვერ ჩამოვალ საბერძნეთში, არ გეწყინოსო. ემზარის, რა თქმა უნდა ესმოდა, რომ პრეზიდენტი იოლად ვერ ჩავიდოდა მეგობრის ქორწილში სხვა ქვეყანაში, მაგრამ გულში მაინც ნაწყენი იყო. რომ მოენდომებინა, მაინც შეძლებდაო. ასე იყო თუ ისე, გიორგიმ ძმობაში ნათქვამი სიტყვა გატეხა და მეგობარს ვერ დაუდგა მეჯვარედ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ეწყინა ზურასაც და საერთოდ შეწყვიტა გიორგისთან ურთიერთობა. ზრდილობის გულისთვის თუ დაელაპარაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
გიორგის სადღაც გულში უხაროდა კიდეც, რომ ყველაფერი ასე აეწყო და ზურასთან მეტი პრობლემა არ წარმოიშობოდა. თუმცა, მეტი რაღა უნდა ყოფილიყო, როცა მეგობრობა საპნის ბუშტივით სკდებოდა. ეს მარტო თანამდებობების ან დიოგენას გამო არ ხდებოდა, პირად ურთიერთობაშიც გაჩნდა ბზარი. გიორგი ზურას ისე ვეღარ ენდობოდა და სულ იმის ფიქრში იყო, რომ ზურა მხარს დიოგენას უჭერდა. თითქოს ემზარი ყოფილიყოს მისი მტერი. ნდობა აღარ იყო ერთმანეთს შორის -ისეთი ნდობა, როგორც ადრე, თვალდახუჭული რომ გადაეშვებოდნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში ერთმანეთის გულისთვის.
ნდობა მხოლოდ და მხოლოდ იმის კეთილშობილებაზე მეტყველებს, ვინც ენდობა და არამც და არამც იმისაზე, ვისაც ენდობიან- ახსოვდა მამა იოანეს სიტყვები, მაგრამ უკვე აღარ იცოდა, ეს მის წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული თუ მისი მეგობრების, რადგან ნდობა მას უკვე აღარ ჰქონდა და ეჭვები უფრო უღრღნიდა სულს.
***
ნინო დროებით მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. რა თქა უნდა, საკუთარი ბინაც გააჩნდა, მაგრამ იქ გიორგი არ მოასვენებდა, ასე ფიქრობდა. მშობლებთან კი ცოტა მოერიდებაო დ ასე გადაწყვიტა. ოფიციალურად არ გაშორებია ჯერ, მაგრამ ცოტა ხანს მაინც გარიდება ამჯობინა და მერე გამოჩნდებოდა გზა და კვალი.
ნინოს მშობლები, რა თქმა უნდა, გაოგნებულები იყვნენ. ისე უყვარდათ და აღმერთებდნენ გიორგის, არაფრით არ უნდოდათ დაჯერება, რომ ის შეიცვალა და სულ სხვა ადამიანი გახდა.
- რატომ შვილო, რატომ? - სინანულით თავს აქნევდა ქალბატონო მანანა - როგორ მიყვარს გიორგი, ხომ იცი?
- დედა, ადამიანის სიყვარული კარგია, მაგრამ გადამეტებული აღფრთოვანება არ არის სასურველი, რადგანაც სულ მცირე იმედგაცრუებაც კი შეიძლება ზიზღის მიზეზი გახდეს. შენ ყველაფერი არ იცი და ახსნაც გამიჭირდება. უბრალოდ დამიჯერე, რომ ეხლა ასე ჯობია.
„რაც უფრო მაღლა აიყვანთ ადამიანს ცაში, მით უფრო შორიდან დაგიწყებთ ყურებას. ციდან შორი ჩანს დედამიწა. გვერდით იყოლიეთ, ახლოს, ასე ჯობია. ან ერთად იფრინეთ ცაში, ან ერთად იარეთ მიწაზე“ - ეს ემზარის ესსეა და პირდაპირ ურტყამს ათიანში.
- კარგი. დედიკო, რადგან ასე გადაწყვიტე...განა გაგდებს ვინმე, მაგრამ დაფიქრებულიყავი კარგად. არ არის გიორგი ის კაცი, რომ ასე მიატოვო და მოიშორო ცხოვრებიდან. მე ასე მგონია - ვერ მალავდა თავის სინანულს მაინც ქალბატონი მანანა - იქნებ როგორი მძიმე პერიოდი უდგას? პრეზიდენტია მაინც, რაც არ უნდა იყოს. რამდენი საფიქრალი და საზრუნავი აქვს. შენი თანადგომა გიორგის ეხლა სჭირდება და თუ რამე გაწყენინა, გულთან არ უნდა მიიტანო, შვილო. გადაღლის ბრალი იქნება, თორემ ძალიან რომ უყვარხარ, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს.
- იქნებ მართლა დაფიქრებულიყავი შვილო, ხომ არ ჩქარობ? - აყვა მეუღლეს ნინოს მამა, ბატონი ირაკლი - ქალები ცოტა ფხუკიანები ხართ, უცებ იცით ხოლმე გაბრაზება. ჯერ სანამ ნაბიჯს გადადგამ, მამა, უნდა აწონ-დაწონო, უკეთესობისკენ მიდიხარ თუ უარესობისკენ. ისე არ გამოვიდეს, რომ მერე სანანებელი გაგიხდეს შენი ნაბიჯი.
- ეს ნაუცბადევი ნაბიჯი არაა, მამა, ამ გადაწყვეტილებამდე წლებია მივდიოდი. ასე მარტივად არაა, თქვენ რომ გგონიათ - ცდილობდა მამის დამშვიდებასაც ნინო - ბევრი ვითმინე, ყველანაირად გვერდით ვედექი და არ ვიზოგავდო თავს. გიორგის გამო პროფესიაც მოვატოვე და მეგობრებიც. ხომ იცით თქვენც? მაგრამ როდესაც ადამიანს ამპარტავნების ჭია შეუჩნდება და უკვე ლამის ღმერთი ჰგონია თავი, შენ მისთვის არაფერი აღარ ხარ. ასეა, სამწუხაროდ. მე რაც გიორგიში დავინახე, შეიძლება ბევრმა ვერ დაინახოს - კარგიც და ცუდიც.
რაც ჩანს, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ რასაც ვხედავთ, ყველაფერი როდი ჩანს?!
- რა დაეტაკეთ ამ გოგოს? - გამოექომაგა დას ანდრო - თვითონ უკეთ არ იცის თავისი საქმე? გიორგი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ალბათ არის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ნინომ უკეთ არ იცის თავის ქმრის ავი და კარგი? თქვენ ნინოს მხარე უნდა დაიჭიროთ და არა გიორგისი, რაც არ უნდა მტყუანი იყოს თქვენი შვილი, ასეც რომ იყოს.
- მადლობა ანდრო, საყვარელო. დედა, მამა, ძალიან გთხოვთ, მომეცით საშუალება, თავად გადავწყვიტო, როგორ ვიცხოვრო. თუ ჩემი აქ ყოფნა რამე უხერხულობას გიქმნით, მაშინ ჩემს სახლში წავალ.
- არა, შვილო, ეგ რამ გაფიქრებინა? - შეწუხდა ქალბატონო მანანა - განა მაგიტომ გეუბნებით? შენ რომ ბედნიერი იყო, ის გვინდა ყველას, თორემ შენი სახლი არაა? იცხოვრე, რამდენ ხანსაც გინდა.
***
პრეზიდენტის კაბინეტში საგანგებო თათბირი მინდინარეობდა, რომელსაც სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანასთან გართულებულ ვითარებას - საქმე ომამდე იყო მისული. მეზობელმა ქვეყანამ რამდენჯერმე დაარღვია სასაზღვრო ხელშეკრულებები და ერთ-ერთი საზღვრისპირა ქალაქი თავის საზღვრებში მოაქცია. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ იმ ქალაქში მოსახლეობის ძალინ დიდი ნაწილი სწორედ იმ ეროვნების ხალხი გახლდათ, ვინც ექსპანსია მოახდინა.
სახელმწიფო პოლიტიკას, განსაკუთრებით საერთაშორისო და საიმიგრაციო სფეროებში, პრეზიდენტი ანგელოზის კარნახით მართავდა. მისი დაჟინებული რჩევით გიორგიმ ქვეყნის საზღვრები გახსნა და მრავალი იმიგრანტი შემოუშვა, რითაც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გამყარება სურდა.
ამის გამო ქვეყანაში უკმაყოფილებამ იმატა და გიორგის უკვე მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე მოსახლეობაში. ქუჩებში მიტინგების ტალღამ იფეთქა.
- ნუ გეშინია - უჩურჩულებდა ყურში ანგელოზი - ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ბოროტ პოლიტიკოსებს შენი ჩამოშორება უნდათ, რათა თავისი ხარბი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. არ მიაქციო ყურადღება. მიტინგები გაივლის და დაწყნარდება. ზოგი შიმშილობასაც გამოაცხადებს, მაგრამ ამან არ დაგაბრკოლოს.
შიმშილობის გამოცხადება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ისეთივე უაზრობაა, როგორც მთავრობის შიმშილობა მოსახლეობის სიყვარულის მოთხოვნით.
ემიგრაცია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, მაგრამ ამით არავის არაფერი უშავდება. პირიქით, ქვეყნები ვითარდებიან და უმწეო ადამიანები შვებას პოულობენ. ქართველები უნდა მიეჩვიონ ასეთ მიდგომას. ამას ცივილიზაციის კანონები მოითხოვენ. ღმერთი რას გეუბნება? - გიყვარდეს ყოველი ადამიანი, განურჩევლად ერისა, რასისა და რელიგიური შეხედულებისა. იყავი ჭეშმარიტი ქრისტიანი და მიყევი უფლის მცნებებს. მაშინ მიიყვან ქვეყანას გამარჯვებამდე და აღასარულებ უფლის ნებას.
გიორგიც უჯერებდა ანგელოზს და მის მითითებებს უყოყმანოდ ასრულებდა. მაგრამ როდესაც საქმე ლამის ომამდე მივიდა, სასწრაფო თათბირი დანიშნა.
პირველი სიტყვა საგარეო საქმეთა მინისტრს მიეცა:
- ბატონო პრეზიდენტო, მოგეხსენებათ, ჩვენ ბევრჯერ ვცადეთ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ მიუხედავად მრავალი სამშვიდობო შეთანხმებისა, ჩვენი ქვეყნის ექსპანსია არ ჩერდება და თუკი ყაზარებს ოდესღაც რამე ტერიტორია ჰქონიათ დაპყრობილი, დღესაც თავის ტერიტორიად აცხადებენ და საზღვრებს წინ წევენ. ამ დღეებში კი თავის ტერიტორიულ საზღვრებში მთელი ქალაქი მოაქციეს. ჩვენი მესაზღრვეები, მოგეხსენებათ, სამხედრო კონფლიქტს ერიდებიან და უკან იწევენ, თუმცა რამდენიმე ადგილას დაპირსიპრება მაინც მოხდა. არიან დაჭრილები, თუმცა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.
- რა რესურსსი გვაქვს, რომ წინ აღვუდგეთ ყაზარეთის აგრესიას? - მიმართა პეზიდენტმა სამხედრო მინისტრს.
- რესურსები გვაქვს, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ეს ომის დაწყებას ნიშნავს. ჩვენი ქვეყანა კი, სამხედრო თვალსაზრისით, არ არის ისეთი ძლევამოსილი, რომ ეს დიდი მონსტრი დავამარცხოთ. აგრესიას შევაჩერებთ, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დავმარცხდებით. თუმცა, თუ საერთაშორისო დახმარება გვექნება, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია.
ამ დროს გიორგის ისევ ანგელოზმა უკარნახა ყურში:
- დაიწყე ომი, ნუ გეშინია. რუსეთის მთავრობა შენს მხარეს დაიჭერს. ასევე შენს მხარეს დაიჭერს ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი დასავლეთის სამყარო. ყაზარეთი ვერ გაბედავს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას. იქნება მცირე ბრძოლები, რომლებიც ქართველების გამარჯვებით დასრულდება. ყაზარები უკან დაიხევენ და ძველი საზღვრები აღდგება. ამ ბრძოლებში მონაწილეობას რუსეთის სამხედრო ძალებიც მიიღებენ. მათი შიშით ყაზარები მეტს ვერაფერს ვეღარ გაბედავენ. ეს რუსეთის ინტერესებშიც შედის. მათ არანაირად არ აწყობთ თავის სამხრეთ საზღვართან მტრული ქვეყნის მიახლოება. პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად შენს მხარესაა. მთავარია, არ შეშინდე და უკან არ დაიხიო. ღმერთი შენთანაა.
გიორგის ძველი აღთქმიდან კარგად ახსოვდა, თუ როგორ ამარცხებდნენ ისრაელიანები მტრებს, როცა ღმერთი მათ გვერდით იდგა. ეს ანგელოზმაც გაახსენა. ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია და გასცა განკარგულება, ყველა სამხედრო ქვედანაყოფი საომარ მოქმედებაში მოეყვანათ, რადგან სულ მალე შეტევაზე გადავიდოდნენ და აგრესორ ქვეყანას ჭკუას ასწავლიდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად კატეგორიული წინააღმდეგობდა გაუწია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნია ომის დაწყება.
- ვიცი, რასაც ვაკეთებ - მოკლედ მოუჭრა პრეზიდენტმა და შეკრება დასრულებულად გამოაცხადა.
ქვეყანაში ომის სუნი დატრიალდა.
***
ის იყო პრეზიდენტმა ომის დაწყების ბოლო დეტალები შეათანხმა, რომ მდივანმა მასთან მისული მამა იოანეს შესახებ აუწყა.
გიორგი შეწუხდა, არ უნდოდა ეხლა მოძღვართან საუბარი. არ იყო ამისი დრო, მაგრამ უარსაც ვერ ეტყოდა, იცოდა.
- უმჯობესია, ეხლა მოძღვარი არ მიიღო და სხვა დროს თავად ეახლო - ურჩია ანგელოზმა ყურში.
გიორგი საგონებელში ჩავარდა. ანგელოზის რჩევა ერთი იყო, მაგრამ არ შეეძლო მამა იოანეს, რომელსაც ლამის წმინდანად თვლიდა, ასე მოქცეოდა. მიხვდა, რაზეც იქნებოდა საუბარი, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მოძღვრის მიღება, თუნდაც ანგელოზს ეს დაუმორჩილებლობად და ცოდვად ჩაეთვალა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ის ვერ გადაარწმუნებდა ომის აუცილებლობაში.
მამა იოანე კაბინეტში მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა და მშვიდობით მოიკითხა გიორგი. პრეზიდენტმა მოძღვარს დაუჩოქა და დალოცვა სთხოვა.
მცირე აუციებელი რელიგიური პროცედურების შემდეგ მამა იოანე შეთავაზებულ სავარძელზე ჩამოჯდა.
- გიორგი, შვილო, ამჯერად მარტო ჩემი ნებით არ მოვსულვარ. საპატრიარქომ მთხოვა შენთან შეხვედრა და როგორც მათი წარმომადგენელი, ისე გეახელი, რადგანაც იციან, რომ მე შენი სულიერი მამა ვარ და მთხოვეს, დაგლაპარაკებოდი.
- დაახლოებით ვხვდები, მამაო, რაზეც გსურთ საუბარი. გისმენთ მთელი ყურადღებით.
- ქვეყანაში დიდი არეულობებია. იმიგრანტები შემოდიან და შემოდიან. დარწმუნებული ხარ, რომ შენი საიმიგრაციო პოლიტიკა სწორია? ქვეყანაში ომის საფრთხეა. თურმე ყაზარებს უკვე საზღვრისპირა ქალაქი დაუკავებიათ. მე ეჭვი არ მეპარება შენს სამშობლოს სიყვარულში, მაგრამ სიმართლე გითხრა, ეს ყველაფერი მაოცებს. ნუთუ ღვთის ნებით აკეთებ ამას?
- რა თქმა უნდა, მამაო. მე ჩემით არასოდეს გადავწყვეტდი ასეთი პოლიტიკის გატარებას. მხოლოდ უფლის ნებას ვასრულებ. უფალს ხომ ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს? განა სწორი იქნებოდა, რომ მათი დახარისხება დავიწყო? მესმის, რომ ქართველები ნაციონალისტები ვართ და არ გვინდა სხვა ერების შემოშვება, მაგრამ მსოფლიო ცივილიზაციის კანონებს ვერ დავარღვევ. ქვეყანა უნდა განვითარდეს და ამისთვის საჭიროა კარგი ურთიერთობები დავამყაროთ ყველასთან, განსაკუთრებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. მე რომ იმიგრანტებზე უარი ვთქვა, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა და დავიღუპებით. ეს ყველაფერსი ასჯერ აწონილ-დაწონილია, მამაო. დამიჯერეთ, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც უფლის ნებაა, თორემ გვისაუბრია ამაზე ადრეც და სულაც არ მსიამოვნებს ჩვენს ქვეყანაში ამდენი უცხო თესლის დანახვა.
ნახეთ სხვა ქვეყნები: ამერიკა, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია და სხვები - რამდენი ემიგრანტი ყავთ, მაგრამ ქვეყნები ვითარდებიან და მოწინავე პოზიეციებს იჭერენ.
- მერე შენ მოგწონს, გიორგი, ინგლისელი ინგლისელს რომ აღარ გავს და ფრანგი ფრანგს? რომ გადაშავდა და გადაყვითლდა მსოფლიო, ეს მოგწონს შენ? არ იცი, ქვეყნიერებას ვინ მართავს და ვის უმზადებენ ტახტს? ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ვერ გავუძლებთ ამდენ უცხოტომელს და ნელ-ნელა სულ გავქრებით. ეს მოსწონს უფალს და ესაა მისი ნება?
მომიტევე, გიორგი, შვილო, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება, ეს უფლის ნება იყოს. ქართველები ნაციონალისტები არ ვართ, ვერ დაგეთანხმები ამაში. ჩვენი სამშობლო ოდითგანვე სტუმართმოყვარე და კეთილმოსურნე იყო სხვა ერების მიმართ. ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, თუ არ ვცდები, 67 ეროვნება შეხმატკბილებულად ცხოვრობდა საქართველოში. ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, ეს მართალია, მაგრამ სამშობლო ისეთი კატეგორიაა, რომ ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება. შენ, რა, დაგავიწყდა ქრისტეს სახელით ყველაზე ხშირად ვის ებრძოდა ეს მრავალჭირგადანახადი ქვეყანა? სწორედ ისინი მრავლდებიან ჩვენს მიწაზე და ამას სახელმწიფო პოლიტიკა უწყობს ხელს.
- ყველაფერი მახსოვს, მამაო. სწორედ ამიტომ, სულ მალე ყაზარები უკან დაიხევენ და ჩვენი ქვეყანა აღდგება ძველ საზღვრებში.
- ეგ რას ნიშნავს, გიორგი, ომის დაწყებას ხომ არ აპირებ?
- კი, მამაო, ვაპირებ და ეს უფლის ნებაა.
- უფალი არასოდეს ყოფილა ომის მომხრე, ეს ვინ გითხრა, გიორგი? - ამოიკვნესა მამა იოანემ - ძალადობით მხოლოდ ბოროტებამ შეიძლება გაიმარჯვოს. სიკეთეს მისი გამოყენება არ სჭირდება.
- თავად ანგელოზმა გადმომცა უფლის სიტყვები, მამაო. აგრესორი უნდა განიდევნოს ქვეყნიდან და უნდა აღსდგეს საზღვრები. ეს არის პატრიოტული მიდგომა და არა ის, რომ შიშისაგან თვალები დავიფსოთ და მტერი შემოვუშვათ ქვეყანაში. ცოტა რთული თემაა, მამაო, აქ დიდი პოლიტიკაა და სხვებიც არიან ჩართულები. მე ველაპარაკე ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს. ორივემ თანადგომა აღმითქვა და მწვანე შუწი ამინთო.
- ხო, რა თქმა უნდა. მე პოლიტიკის არა გამეგება. მოგატყუებენ, გიორგი, მწარედ მოგატყუებენ.
ჯერ ერთი: ომი საძირკველშივე საზიზღრობაა. მრავალი სიკეთის გამო, თუნდაც, ერთი ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვა ვერაფერი გამართლებაა. იქნებ, ის ერთი ყველა ცოცხლად დარჩენილს ჯობია?
...და მეორე: შენ თვითონ შემოუშვი ეგ ხალხი ქვეყანაში, გაამრავლე ჩვენს მიწაზე და ეხლა მტერს ეძახი?
- მამაო, თქვენ თავად თქვით, მოყვასის სიყვარული სხვაა და სამშობლო სხვა.
- სწორეს მაგაშია საქმე, გიორგი, თავიდანვე შენს სამშობლოს უნდა გაფრთხილებოდი და არ შემოგეშვა ამდენი უცხოელი ქვეყანაში, რომლებიც შემდეგ რჩებიან და საქართველოს მოქალაქეები ხდებიან. ეს ძალიან მცდარი პოლიტიკაა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ამიტომაა ხალხი აღშფოთებული და ამიტომ გამომაგზავნა საპატრიარქომ, რომ გთხოვო, გადახედო ამ პოლიტიკას და ცოტა გაამკაცრო საზღვრები. ქართველები, რომლებიც შენი გაპრეზიდენტების დროს დაბრუნდნენ ემიგრაციიდან, ეხლა ისევ უკან გარბიან. ვერ მოიკიდეს ფეხი საკუთარ სამშობლოში. აი, იმათზე უნდა გეზრუნა უფრო, გიორგი და არა უცხოტომელების ასე მასიურად შემოშვებისათვის.
- მამაო, ყველანაირად ვეცადე, რომ ეკონომიკა ამეყვავებინა და ყველა ემიგრანტი სამშობლოში დამებრუნებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არა აქვს ჯერ ამდენი რესურსი. თქვენთანაც ხომ მისაუბრია ვალებზე? ვის აღარ შევთხოვე კრედიტები, რომ ეკონომიკა ამეყვავებინა, მაგრამ პირიქით, ვალებში ჩავვარდი და ქვეყანასაც უფრო გაუჭირდა.
ქვეყნის მართვა იოლი არ არის, მამაო. თავადაც ხომ მეუბნებოდით ამას?
- გიორგი, შვილო, შემპირდი, რომ გადახედავ საიმიგრაციო პოლიტიკას და ომზეც დაფიქრდები, იქნებ მშვიდობიანი მოლაპარაკება ჯობდეს? გადი ხალხთან და დაელაპარაკე. ნუ დაშორდები შენს ერს. დაამშვიდე, აუხსენი. იქნებ გაგიგონ?
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი - ბრძანებს უფალი. არ გარგებს ერთან დაპირისპირება. არც ომს მოაქვს რაიმე კარგი. მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას.
ბოროტებით მიღწეული სიკეთე იგივეა, რაც კეთილი ზრახვებით ჩადენილი ბოროტება.
- ბევრჯერ ვცადე, მამაო, მაგრამ გპირდებით: კი, ისევ ვცდი პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებას.
მამა იოანემ ჩვეულებისამბერ გიორგის სამჯერ გადასახა პირჯვარი. ნელა გაემართა კარებისკენ. შემდეგ შეჩერდა და ღია კარებიდან გიორგის დაკვირვებით მიაჩერდა:
- დარწმუნებული ხარ, გიორგი, რომ ნადვილად ანგელოზს ესაუბრები?
- რა თქმა უნდა მამაო? - ისეთი გაოცებული სახე მიიღო გიორგიმ, თითქოს „ეს რას მეკითხები, მამაო, ამაში ეჭვის შეტანა როგორ შეიძლებაო?“
მამა იოანემ კარი გაიხურა და პრეზიდენტის კაბინეტი დატოვა.
***
გიორგის ბებია, ქალბატონი თამარი, პენსიაზე გასული სკოლის პედაგოგი გახლდათ. მეუღლე ჯერ კიდევ გიორგის დაბადებამდე გარდაეცვალა და დარჩენილ სიცოცხლეს გიორგის და სოსოს ახმარდა. მისი წვლილი ბიჭების ჩამოყალიბებაში დიდი იყო. ჯერ კიდევ, სანამ გიორგის მშობლები ცოცხლები იყვნენ, თამრიკო ბებია შეძლებისდაგვარად სულ ბავშვთან იყო და მშობლებს მის აღზრდაში ეხმარებოდა. როცა გიორგი წამოიზარდა, ის უკვე მისი მარტო ბებია კი არა, საუკეთესო მეგობარიც გახლდათ.
- ჩემი „სვოი“ ბებიააო - მეგობრებს ეტყოდა ხოლმე. მან გიორგის საიდუმლოებების შენახვა იცოდა და ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მის გვერდით იდგა - მისი ნამდვილი მესაიდუმლე და უფროსი მეგობარი გახლდათ. უკვე მშობლების გარდაცვალების მერე, როცა გიორგი უკვე საკმაოდ დიდი იყო, ბებია მისი და სოსოს დედაც გახდა, მამაც და საერთოდ, ერთადერთი პატრონი და მომვლელი.
გიორგი თამრიკოზე ჭკუას კარგავდა, ისე უყვარდა. გოგო თუ მეყოლა, თამარს დავარქმევო, შეპირებული იყო ბებოზე.
მაგრამ ამ ბოლო დროს გიორგი ისეთი დაკავებული გახლდათ, ბებიასთვის აღარც კი ეცალა. თითო სიტყვას თუ გადაუგდებდა ხოლმე და დასაძინებლად მიდიოდა. უმეტეს შემთხვევაში სახლში ჭამაც კი აღარ უწევდა. თამრიკოს კი უყვარდა მისთვის გემრიელობების მომზადება და დახვედრება.
გიორგის პრეზიდენტობის ბოლო ჟამს მათი ურთიერთობა უფრო გაუცხოვდა და გამწვავდა. ადრე თუ თამრიკო გიორგის პირველი მრჩეველი გალხდათ, ეხლა მისი გაგონებაც არ უნდოდა. თამრიკო ხალხში გადიოდა, მათი საყვედურები ესმოდა და ცდილობდა შვილიშვილისთვის მიეხვედრებინა, რომ ხალხი უკმაყოფილოა მისი პოლიტიკით და რამე უნდა იღონოს, რომ ერის სიყვარული დაიბრუნოს. გიორგი ცოტა უხეშიც გახდა, ვერ იტანდა საყვედურებს და შენიშვნებს. არავინ იცის, ამის თუ გადატანილი ტრაგედიების გამო, თამრიკომ ორი ინფარქტი უკვე გადაიტანა და კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა, არავინ იცოდა.
გიორგის ხანდახან გაახსენდებოდა ხოლმე ბებოს ავადმყოფი გული და ეფერებოდა კიდეც შეძლებისდაგვარად, მაგრამ მერე ისევ თავის საქმეებს უბრუნდებოდა და თამრიკო ისევ მარტო რჩებოდა საკუთარ ფიქრებთან და დარდებთან ერთად. სოსოზე გადაჰქონდა მთელი ყურადღება და სიყვარული. ნინო ბევრად უფრო ახლო ურთიერთობაში გახლდათ თამრიკოსთან, ვიდრე გიორგი.
ბოლო საუბარი ბებიასა და შვილიშვილს შორის საკმაოდ მძიმე გამოდგა.
ხალხი ქუჩებში გამოვიდა. საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდა. მეზობელი ქვეყანა კი უკვე ჩვენს საზღვრებს უტევდა.
- ბებო, რას აკეთებ, გესმის კარგად? დარწმუნებული ხარ, რომ გამოიყვან ქვეყანას ამ მძიმე სიტუაციიდან? ხალხი ტყუილად არ შფოთავს, უბედურებას გრძნობს.
- კაი რა ბებო. ხალხმა არ იცის ყველაფერი. მე ჩემით არ ვწყვეტ და ძალიან კარგად იცი, რომ უფლის ნებით ვმოქმედებ.
- უფალს არ უყვარს შფოთი და არეულობა, გიორგი. ეს მან გითხრა შენს ხალხს დაუპირისპირდიო?
- რა შფოთი და არეულობა, ბებო. იტყვი ხოლმე შენც. რამდენიმე ათასი კაცი თუ უსაქმურობისგან გარეთ გამოვიდა, ეს არ არის მთელი ერი ან ქვეყანა. ნუ უსმენ ჭორიკანა დედაკაცების ლაპარაკს. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. არაფერი ცუდი არ გვემუქრება, ნუ გეშინია.
- შვილო, ეტყობა, შენ შენი კაბინეტის იქით აღარ იყურები. რამდენიმე შეჯახება უკვე მოხდა სხვა, ჩამოსული ერის წარმომადგენლებთან და რამდენიმე კაცი საავადმყოფოშიც მოხვდა. ძალიან გათამამდნენ, გიორგი, ბებო, ეს უცხოტომელები, ძალიან გავიდნენ თავს. არ წყდება მათი ნაკადი. სადაც არ უნდა გაიარო, ქართული ლაპარაკის მაგივრად სულ უცხოტომელების ლაპარაკი ისმის. ეს არის ჩვენი ქვენის სასიკეთო, ბებო? ახალ ამბებს არ უყურებ, ეტყობა, შენ.
- ბებო, შენ მაგ ვაიჟურნალისტების მედიას დაანებე თავი. ეგენი ქვეყნის მტრები არიან.
- ადამიანის აგებულება იმდენად ზუსტად შექმნა ღმერთმა, რომ ამ სრულყოფილებას ვერაფერი შეედრება ქვეყნად... და მხოლოდ გონებას მისცა თავისუფალი მოქმედების საშუალება. ის კი არა მარტო ამ ზუსტად შექმნილ მექანიზმს ანგრევს, არამედ ყველაფერს ანადგურებს, რაც კი ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია სახმარად და შესარგებად - ამოიხვნეშა თამრიკომ - ნუ დაანგრევ ამ ისედაც გასაცოდავებულ ქვეყანას, ნუ მიიყვან უფსკრულის პირას - ცრემლებისგან თვალები აუწყლიანდა ბებიას.
- ბებო - უკვე აღშფოთებით წამოხტა გიორგი სკამიდან - სულ გადაირიე? რეებს ამბობ, მე ვანგრევ ქვეყანას? მაგას როგორ მეუბნები? - ვერ მალავდა სიბრაზეს გიორგი - რამდენი წელია ღვთის ნებას ვასრულებ და რასაც უფალი ინებებს, იმას ვაკეთებ.
- არ გეტყოდა უფალი მაგას - ქვეყანა ურჯულოებით გაავსე და ქართველი ერი გადააშენეო - უმატა ტირილს თამრიკომ. ეშმაკი გეტყოდა მაგას. ეშმაკი გელაპარაკება შენ, გიორგი და არა ანგელოზი. გონს მოდი, თვალები გაახილე.
ეშმაკის გაგონებაზე გიორგი სულ გაცოფდა. სულ გაგიჟებულხარ შენო, ბებიას მიაძახა და სახლიდან გავარდა.
იმ ღამეს ქალბატონმა თამარმა მესამე ინფარქტი მიიღო და გარდაიცვალა.
დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა. იყო უამრავი ხალხი და პათეტიკური გამოსვლები.
გიორგი კი ჩუმად ტიროდა.
- შენი ბრალი არ არის, გიორგი - ჩასჩურჩულებდა ყურში ანგელოზი - მისი დრო მოვიდა და წავიდა უფალთან. ნუ გიკვირს ამათი მჭერმეტყველება. ესენი შენ გაწონებენ თავს და არა ბებიაშენის გარდაცვალებას გლოვობენ.
გარდაცვლილ ადამიანს იმდენს აქებენ, რაც სიცოცხლეში არასოდეს მოუსმენია და რომ გაცოცხლდებოდეს, ალბათ, გაკვირვებისგან გული გაუსკდებოდა და ისევ მოკვდებოდა.
იცოდე, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა, ბევრად უფრო საბრალოა, ვიდრე ის, ვინც გარდაიცვალა.
თამრიკო იმიტომ არ მომკვდარა, რომ იდავეთ. ნუ გაიმტყუნებ თავს. ეს მისი დროის დამთავრებას დაემთხვა, მეტი არაფერი. ნურც მისი წინააღმდეგობა გატკენს გულს. საერთოდ, ბევრი მოწინააღმდეგე გამოგიჩნდება იცოდე, მათ შორის შინაურებიდანაც. ეშმაკი აღძრავს მათ შენს წინააღდეგ, არ გაგიკვირდეს. დიდი მისია გაკისრია და ბოლომდე უნდა გაუძლო, არ დაყარო ფარ-ხმალი. გაიხსენე, უფალს რა ცილს აღარ სწამებდნენ. როგორ ექცეოდნენ ამდენი სასაწაულის და სიკეთის მიუხედავად. და ვინ? - სწორედ ის ხალხი, ვისაც სიკეთე გაუკეთა, ვისთვისაც თავდაუზოგავად იღწვოდა. სწორედ იმ ხალხმა აცვა ჯვარს. შემ კი ქრისტეც არ ხარ. თავად ქრისტეს თუ არ დაუფასეს ამაგი, შენ მითუმეტეს.
ნუ გაგიკვირდება დაუფასებელი სიკეთე. უმადურობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა. განა, ყველანი მეტ-ნაკლებად უმადურები არ ხართ ღვთის მიმართ? სიკეთის საზღაურს სიკვდილის შემდეგ მიიღებ და დედამიწაზე ამას ამაოდ ნუ ეძებ. ეს ანგარებიან ადამიანებს სჩვევიათ.
- როგორ მამხნევებ ანგელოზო, შენი სიტყვებით - გული მოულბა გიორგის - ლამის გასკდეს გული. შენ რომ არა, ვერ შევძლებდი ამდენს.
როგორც ჩანს, ადამიანი ნელ-ნელა ჩლუნგდება, რამეთუ სხვა თვისებებთან ერთად კარგავს სიკეთის და ბოროტების გარჩევის უნარს. იმდენად კარგავს, რომ ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ ადამმა და ევამ სწორედ იმ ხის ნაყოფი მიირთვეს.
- უსაზღვროდ და უსასრულოდ მხოლოდ ღმერთი შეიძლება გიყვარდეს. ადამიანები ასეთ სიყვარულს არ იმსახურებენ.
ბევრ ადამიანს თვალიც აქვს, ყურიც და გონებაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ხედავს, არც ესმის და ვერც აზროვნებს.
ღამღამობით რომ ჩუმად ტირიხარ, ეს ცუდი არ არის, გიორგი.
მარტოობაში დაღვრილი ცრემლი ყველაზე გულწრფელი და სუფთაა.
- რატომ ხდება ასე, ღმერთო ჩემო, რატომ ხდება? - ამოიკვნესა გიორგიმ.
- გითხრა რატომ?
ღმერთმა ადამიანებს ყველაზე მეტი მისცა დედამიწაზე, მაგრამ ისინი ყველაზე უგუნურები აღმოჩდნენ ცოცხალ არსებათა შორის.
უფალმა ყველაფერს საოცარი სიზუსტით მიუჩინა ადგილი ქვეყანაზე და ადამიანიც საოცარი მონდომებით არღვევს ამ ჰარმონიას... და საოცარია, რომ ეს ნაკლებად აოცებს და აღაშფოთებს ვინმეს.
ადამიანმა ყველაფერი იღონა, რათა თავის მოდგმას მაქსიმალურად გაუმწაროს და მოუსწრაფოს სიცოცხლე. ამისთვის მან გამოიყენა მთელი ცოდნა და გამოცდილება, რაც კი არსებობის მანძილზე დაუგროვებია.
ის მთელი ცხოვრება ჰიპნოზშია და მხოლოდ სიკვდილის წინ უბრუნდება რეალურ მდგომარეობას. მაგრამ როცა გააცნობიერებს ჭეშმარიტებას, უკვე საკმაოდ გვიანია.
ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის, ვინც უყოყმანოდ იღებს მრავალთა მიერ აღიარებულ ფასეულობებს, არამედ ის, ვინც იბრძვის, ეძებს და პოულობს ჭეშმარიტებას.
- და რა არის ჭეშმარიტება?
- ის, რასაც ბევრი ამოწმებს და ბევრს სჯერა, სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებას. ზოგჯერ ჭეშმარიტება ის არის, რაც არავის სწამს და არავის სჯერა. კარგად დაიხსომე ეს.
- ეჰ, ანგელოზო, ამოებაა ყოველივე, როგორც ეკლესიასტეში მეფე სოლომონი ბრძანებს: „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა“.
- გულს ნუ გაიტეხ და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები. ყველაფერი მოგვარდება. აქ ვარ, შენთან.
***
ომი გამთენიისას დაიწყო. ქვეყნის მთავარი სამხედრო ძალები შეტევაზე გადავიდნენ. საზღვართან სისხლის კალო დატრიალდა. მოწინააღმდეგე არ თმობდა, თუმცა ნელ-ნელა მაინც უკან მიიწევდა.
მეორე დღის დილისკენ ყაზარეთის სამხედრო მანქანა დაიქოქა და მოწინააღმდეგეთა ჯარი ალყაში მოაქცია.
გიორგი ტელეფონს ჩამოეკიდა, როგოც იტყვიან. ხან ერთი ქვეყნის პრეზიდენტს ურეკავდა დასახმარებლად და ხან მეორეს. ხსნა არსაიდან ჩანდა. იყო მხოლოდ შეპირებები, რომ მხარს დაუჭერდნენ მედიასა და გაეროში, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდენ.
პრეზიდენტი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.
გიორგიმ თავში ხელი შემოირტყა.
ყაზარეთის ჯარებმა ქვეყნის საზღვარი გადმოლახეს და დედაქალაქისკენ მოიწევდნენ. სამშობლო კატასტროფის წინაშე დადგა. ეს დასასრულის დასაწყისი გალხდათ.
- უფალო, ეს რა ხდება? შეჰკივლა ხატის წინ დაჩოქილმა - ნუთუ ეს უნდა გავიარო? მაგრამ რატომ, რისთვის? არ მესმის. როგორ დავღუპე ქვეყანა ჩემი უგუნურებით?
სად არის შენი ანგელოზი? რატომ არ მცემს ხმას? რატომ აღარ მჩურჩულებს ყურში?
შემდეგ, თითქოს გონება გაუნათდაო, ოღონდ ისე, საშინელი რეალობის წინ რომ დადგება ხოლმე ადამიანი. სახე დაეღრიჯა, მუხლები მოეკვეთა. თვალთ დაუბნელდა. მხოლოდ აზრიღა შერჩენოდა და იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდა, რომ ანგელოზი...
- არა, არა, ეს შეუძლებელია, ეს გამორიცხულია. ამდენი წელი, ასე გულმოდგინედ... წარმოუდგენელია. მაგრამ...მაგრამ, ალბათ ეს მაინც ასეა.
როგორ გამაბრიყვა, როგორ მომატყუა. რამდენი მეჩალიჩა, ეს წყეული, როგორ დამღუპა - სახეში ირტყამდა გიორგი მუშტებს და ცრემლები ღვარივით ცვიოდა.
- ჩემი აპმარტავნების გამო, ჩემი ხიბლის გამო, ეს რა მიქნა, ეს რა გამიკეთა?! რისი ღირსი ვარ ეხლა მე? რა სასჯელი მეკუთვნის ყველაფრის გამო? ქვეყანა დავღუპე, ხალხი დავღუპე, ბებია მოვკალი, ცოლი გავაქციე, მეგობრები მოვიმდურე. მე რა სიცოცხლის ღირსი ვარ?
ერთბაშად გაახსენდა, როგორ დაკარგა მეგობრები, მეუღლე, ბებია, მამა იოანეც კი მოიმდურა, ეს მართლა სანთელივით კაცი...და ბევრი ფიქრი აღარ დასჭირვებია. უჯრიდან „მაკარიჩას“ ნაჩუქარი რევოლვერი გამოიღო, შუბლთან მიიდო და თითი სასხლეტს გამოსდო.
***
როდესაც თვალები გაახილა, უცებ ვერ მოვიდა აზრზე, სად იმყოფებოდა. - ნუთუ ეს არის ჯოჯოხეთი? - ფიქრობდა გიორგი და ოთახს ათვალიერებდა. როდესაც საწვეთურები და სამედიცინო აპარატურა დაინახა, მაშინღა მიხვდა, რომ საავადმყოფოში იწვა. ხელი მაშინვე შუბლზე მოისვა. მთელი ჰქონდა.
- მე ხომ ტყვია დავიხალე შუბლში? - ფიქრობდა გიორგი და თავის არეს კვლავ გულმოდგინედ ათვალიერებდა.
თავი მთელი გახლდათ. არც ბინტით იყო შეხვეული. მაშ რა მოხდა? ეხლა ყველაზე მეტად ეს აინტერესებდა.
- მადლობა უთხარი უფალს, რომ ცოცხალი ხარ და ვერ მოასწარი სასხლეტის ბოლომდე გამოკვრა - გაისმა ძალიან ნაზი და სასიამოვნო ხმა. ეს ნინო არ იყო. მიმოიხედა და საწოლზე ჩამომჯდარი ულამაზესი არსება დაინახა. არც ქალს ჰგავდა, არც კავს, რაღაც ზებუნებრივად ლამაზი და მშვენიერი გახლდათ. ირგვლივ ბრწყინვალებას აფრქვევდა. ათასჯერ მეტ ბრწყინვალებას, ვიდრე მაშინ, პირველად რომ ანგელოზი გამოეცხადა. ანგელოზი კი არა, უფრო სწორედ...
ოთახი მზესავით გახლდათ განათებული, მაგრამ ასეთი სინათლის მიუხედავად, გიორგის მხედველობა არ გასჭირვებია. ყველაფერს გარკვევით ხედავდა.
პირჯვრის გადაწერა დააპირა, მაგრამ ხელები არ ემორჩილებოდა. გულზე მძიმე ლოდივით აწვა რაღაც და ვერ გაეგო, რა იყო.
- პირჯვრის გადაწერას ყოველთვის მოასწრებ. მიმართა მშვენიერმა არსებამ. ეხლა კი მომისმინე, რასაც გეტყვი.
- ისევ ანგელოზი? - უნდობლად აღმოხდა გიორგის.
- შენ ანგელოზი არასოდეს გამოცხადებია. უკვე თავადაც მიხვდი, ვინც გირევდა ჭკუას და გონებას. უფლის დიდი სიყვარული რომ არა, ვერც მე დამინახავდი ვერასოდეს, არამედ იქნებოდი ბნელ ქვესკნელში და ვინც გელაპარაკებოდა, ის გეყოლებოდა მტანჯველად და მწამებლად.
- მაგრამ, მე ხომ...მე ხომ თვთითმკვლელობა...- სიტყვა გაეჩხირა გიორგის ყელში.
- კი, თვითმკვლელობა ჩაიფიქრე, მაგრამ არ გამოგივიდა, რადგანაც ბოლო წამს გულის შეტევამ, თქვენ რომ ინფარქტს ეძახით, დაგცა ძირს და არ მოგცა გასროლის საშუალება. თანაც, როდესაც იარაღის ხმარებას გადაწყვეტ, ისიც უნდა იცოდე, რომ მას დამცავი მექანიზმი აქვს, ის თუ არ გადაწიე, ასჯერაც რომ ეცადო, არ გაისვრის. შენმა უვიცობამ გადაგარჩინა. ეხლა კი აქ ხარ, კლინიკაში. აქაც შეგიწყალა უფალმა და მეორე სიცოცხლე გაჩუქა.
- რატომ? მე ხომ არ ვარ ღირსი?
- იმიტომ, რომ უფალს ძალიან უყვარხარ და იცის შენი გული. მართალია ეშმაკმა ხიბლში ჩაგაგდო და დიდი ხანი თავის ჭკუაზე გატრიალებდა, მაგრამ ღმერთმა მოგცა შანსი, გამოფხიზლდე, მოინანიო და დაადგე ჭეშმარიტ გზას.
გიორგის ცრემლები გადმოუგორდა:
- მე ბევრი ადამიანი დავღუპე.
- კონფლიქტში სხვა ქვეყნები ჩაერივნენ და ის დროზე გააჩერეს. არავინ დაღუპულა. არიან მხოლოდ დაჭრილები.
ბოროტმა კი ისე მოგიწყო, რომ ეს დაგეჯერებინა და თვითმკვლელობამდე მისულიყავი. ეს იყო მისი მიზანი თავიდან და ბოლომდე. მაგრამ ღვთის მადლით ეს ყოველივე ჩაიშალა. მისი ნება აღსრულდა და წყეულმა ვერ მიაღწია საწადელს, თუმცა მრავალი წელი ცდილობდა ამას.
- კი, მაგრამ რისთვის დასჭირდა ამდენი წელი ჩემი წვალება? რამდენი სიკეთე გამაკეთებინა, რამდენი კარგი რამ მითხრა.
- ათ სიკეთეს და ერთ ბოროტებას, ერთი სიკეთე სჯობია, რომ იცოდე. შეიძლება იმ ერთმა ბოროტებამ ყველაფერი გადაწონოს.
გარდა ამისა, შენ რომ სიკეთეს ეძახი, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს სიკეთე. როდესაც უფალს ადამიანი გაჰყავს, მან იცის, რომ ეს ყველაზე კარგი დროა მისთვის, არა აქვს მნიშვნელობა, ეს აფეთქებით მოხდება, მკვლელობით თუ სხვა გზით. ის ადამიანები, შენ რომ სიკვდილს გადაარჩინე, იქნებ როგორც მსხვერპლნი სათნო ყოფილიყვნენ უფლისთვის და სასუფეველში დაედოთ ბინა, რა იცი შენ? ეხლა კი, თავის ცოდვებში არიან და მხოლოდ ღმერთმა იცის, სად მოხვდებიან მათი სულები. ვინ ხარ შენ, რომ უფლის განგებას ცვლი ისე, როგორც შენ გგონია სწორი? ვინ მოგცა უფლება, შეცვალო ადამიანის განსაზღვრული მომავალი? სად იყო შენი რწმენა? წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა მკრეხელობას ჩადიოდი, როდესაც ღვთის განგებაში ერეოდი.
სიკეთე სულაც არ ნიშნავს ადამიანთა სიამოვნებას, არამედ რაც ღვთისთვისაა სასურველი და მოსაწონი.
შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ იღწვის ეშმაკი ყოველი ადამიანის სულის ხელში ჩასაგდებად. ზოგიერთს მთელი ცხოვრება დასდევს და მხოლოდ სიკვდილის წინ ახერხებს მის ცდუნებას. ზოგს მალე აცდუნებს, ზოგს გვიან. მან იცის, ღმერთისთვის ყოველი ადამიანი რამდენად ძვირფასია, ამიტომ იღწვის. აბა სხვა მეტი საქმე კი არაფერი აქვს. ათასობით წლებია ის განდევნილია ზეციდან. რამდენმა ადამიანმა გამოიარა მის ხელში. ცდუნების რამხელა ცოდნა და გამოცდილება აქვს, ვერც კი წარმოიდგენ შენ ამას. ძალაც, რა თქმა უნდა. უფალი რომ არ გიცავდეთ, ვერცერთი ადამიანი ვერ გადაურჩებოდით, ვერ გაუძლებდით მის მახეებს, იმდენად ძლევამოსილი და ძლიერია. არ გაქვთ თქვენ ისეთი რწმენა და სიყვარული, რომ მის ოინებს დაუძვრეთ. ეს ერთეულ ადამიანთა ხვედრია.
- მაშ რა უნდა ვქნათ?
- სინანული, სინანული და სინანული. აი, წამალი ეშმაკთან საბრძოლველად. თავმდაბლობა და სინანული, სხვა ვერაფერი გადაგარჩენთ.
შენ რომ ერთხელ მაინც გეთქვა მისთვის, გამშორდი, მე უღირსი და ცოდვილი ადამიანი ვარო, ის იმწასვე გაქრებოდა, რადგან ვერ უძლებს სიმდაბლეს და სინანულს. მაგრამ შენ თავშიც კი არ მოგსვლია ეს და თავისი ხრიკებით დაგაჯერა, რომ ანგელოზთან საუბრის ღირსი იყავი.
შენმა ამპარტავნებამ დაგაჯერა, რომ უკვე იმდენად დიდი მორწმუნე გახდი, რომ თავად ანგელოზი გამოგეცხადა და გკარნახობდა, როგორ უნდა გეცხოვრა.
შენ უმარტივესი ქრისტიანული ანიბანიც კი დაივიწყე, ისეთ ხიბლში ჩაგაგდო ბოროტმა.
როდის იყო, ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში ერეოდა და აიძულებდა კარნახით ეცხოვრა? ძალიან კარგად იცოდი, რომ მან ადამიანს თავისუფალი ნება მისცა, რათა თავად გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს - კეთილი საქმე აკეთოს თუ ბოროტი, ღმერთს ემსახუროს თუ სატანას. თავად ესაუბრებოდი ამის შესახებ ილია მუჯირს და თავადვე კი გაები მახეში.
სად გაგიგია აქამდე, თუნდაც წმინდანების ცხვრებაში, რომ ანგელოზი ეცხადებოდეს ადამიანს და რჩევა დარიგეგებს აძლევდეს წლების მანძილზე? როგორ შეგეძლო, ეს დაგეჯერებინა?
ვის აქვს უფლება გააკეთოს ის, რასაც თავად უფალიც კი არ აკეთებს ამ ქვეყნად? განსჯას ვგულისხმობ, ადამიანთა განსჯა-განკითხვას.
შენ დაიჯერე, რომ სხვაზე მეტი იყავი და ღმერთმა ასეთი მადლი გიბოძა. სიტყვით კი ამბობდი, რომ ხშირად უფალი ყველაზე ცოდვილს წყალობსო, მაგრამ გულის სიღრმეში გჯეროდა, რომ სხვაზე მეტი იყავი.
ის, ვისაც თავი სხვაზე უკეთესი ჰგონია, ვერასოდეს მივა ღვთის სასუფევლამდე. თავმდაბლობა რწმენის პირდაპირი გამოძახილია.
სხვაზე ჭკვიანი ბევრს ჰგონია თავი, სხვაზე სულელი კი - არავის.
- გონება დავკარგე, ანგელოზო, მაპატიე - ცრემლად იღვრებოდა გიორგი.
- გონების დაკარგვა დროებითია და ამას ეშველება, გონიერების დაკარგვა კი დიდი უბედურებაა.
სამწუხაროდ, ადამიანები სწრაფად იჯერებთ იმას, რაც თქვენთვის სასურველია, თუნდაც სიცრუე იყოს, და ძნელად იჯერებთ იმას, რაც მიუღებელია თქვენთვის, თუმცა ხშირად ხვდებით, რომ სიმართლეა.
შენ იმდენად გძლია ამპარტავნებამ და ქვეყნის პირველკაცობაც კი მოინდომე, თუმცა შენმა მეგობარმა ძალიან კარგად აგიხსნა და გაგახსენა უფლის პრინციპები და გასაგებად გირჩია, როგორც უფალი მოიქცეოდა, შენც ისე მოიქეციო. მაგრამ შენ ვერ გულისხმაჰყავი და ვერ დათმე ის სიამოვნება, პრეზიდენტობა რომ ჰქვია. უნდა გცოდნოდა, რომ რაც სასიამოვნოა ყოველთვის სასარგებლო არ გახლავს და რაც სასარგებლოა, ყოველთვის სასიამოვნო არ შეიძლება იყოს. შენ ორივე ერთად მონდომე და სასწორზე არა მარტო საკუთარი ეგოიზმი და ამპარტავნება დადე, არამედ ქვეყნის ბედიც.
ღვთის მადლით და დედა ღვთისმშობლის წყალობით არ დაგცალდა, რომ ქვეყანა სრულ კოლაფსამდე მიგეყვანა და გაგენადგურებინა. მასთან ერთად კი საკუთარი სულიც სამუდამოდ გაგემწესებინა ჯოჯოხეთში.
ღმერთმა, თავისი განუზომელი სიყვარულის და შენი წრფელი გულის გამო, მოგცა კიდევ ერთი შანსი, მოინანიო შენი უზომო ამპარტავნება და დაუბრუნდე უფალს მორჩილი და თავდახრილი.
არ არსებობს ცოდვა სინანულს და ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს.
ბოლოს კი, კარგად დაიხსომე: ეშმაკთან ბრძოლა საკუთარ თავთან ბრძოლით იწყება და საკუთარ თავთან შერიგებით მთავრდება.
ეს თქვა ანგელოზმა და გაუჩინარდა
***
როდესაც ნინომ ზარის ხმაზე კარები გააღო, იქ გიორგი იდგა. ნინო უხმოდ შებრუნდა ოთახში. გიორგი უკან მიყვა. მერე მუხლებზე დაეცა, ნინოს ფეხებზე შემოხვია ხელი და ტირილი დაიწყო:
- მაპატიე, ჩემი სიცოცხლევ, მაპატიე, თუ შეგიძლია. მე ყველაზე უვარგისი და უღირსი კაცი ვარ ქვეყანაზე. ჩემი პატივმოყვარეობით მე დავკარგე ყველაფერი ძვირფასი, რაც კი გამაჩნდა. მაპატიე, თუ შეგიძლია. პატიებას გთხოვ, შერიგებას არა. ვიცი, რომ არ ვარ ღირსი.
ნინოს გული აუჩუყდა. მეუღლეს თავზე მოეფერა. მერე თავადაც დაიჩოქა და თავადაც ატირებული გიორგის მკერდში ჩაეკრა.
გიორგის ნინო მეტად მოსუქებული მოეჩვენა, მერე მის მუცელს დააკვირდა და...თვალები გაუბრწყინდა, თითქოს რაღაცას მიხვდაო და შოკირებულმა იღრიალა:
- ნინო, ჩვენ...
- ხო, ტყუპები - ორი გოგო.
დანარჩენი მკითხველმა თავად წარმოიდგინოს. მე კი იმას დავამატებდი, რომ დაახლოებით 4 თვის თავზე ქვეყანას ორი პატარა ანგელოზი მოევლინა - თამარი და ქეთევანი. ამ ორ პატარა არსებაში გადმოინაცვლა გიორგის სიყვარულმა დედის და ბებიის მიმართ.
კიდევ ერთი წლის თავზე კი ქვეყანას ვაჟი, იოანე მოევლინა. სამივე შვილი ნინოს და გიორგის მამა იოანემ მოუნათლა. ტყუპების ნათლიები ზურა და ნანა გახდნენ, დათუნასი კი ემზარი და ციური, ზურას მეუღლე.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ გიორგი მეგობრებსაც ფეხებში ჩაუვარდა და გულით სთხოვა შენდობა. ზურამ და დიოგენამ, რა თქმა უნდა, გიორგი გულში ჩაიკრეს და ისევ ძმად მიიღეს.
მეგობრებმა დედაქალაქში ერთობლივი ფირმა გახსნეს - პატარა ღვინის საწარმო დაარსეს და შეუდგნენ მუშაობას.
მწერალთა კავშირის წევრმა, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის და სხვა მრავალი პრემიის ლაურეატმა ემზარ გაბიდაურმა ლექსების, პოემების და ესსეების 7 წიგნი გამოსცა. მისი ნაწარმოებები კი მსოფლიოს 15 ენაზე ითარგმნა.
ზურა ცერცვაძეს და ციური ახობაძეს 4 შვილი ეყოლათ - ორი ბიჭი და ორი გოგო.
ხოლო ღვინის მარკამ, ნახევრადტკბილმა წითელმა ღვინომ “Zura & Friends” არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
2020 წელს ნინო მეტრეველი წლის საუკეთესო ჟურნალისტად დასახელდა.
დასკვნის მაგიერ
ადამიანის სიჯიუტეს, ეგოიზმს და ამპარტავნებას არა აქვს საზღვარი. რაც არ უნდა მოაჩვენოს თავი, ვითომ ვინმეს უსმენს და იზიარებს მის შენიშვნებს, სინამდვილეში საკუთარი ეგო-თი მართავს თავის ცხოვრებას. მოჩვენებითია ყველგან: ოჯახში, სამსახურში, მეგობრებში, ტაძარშიც კი.
ცხოვრება მხოლოდ წესების ერთობლიობად იქცა, მითუმეტეს დღვანდელ ვირტუალურ რეალობაში. უფალთან მოსაჭიდებლად ადამიანმა ის მცირე ხავსიც კი დაკარგა, რაც აქამდე იმედად მაინც გააჩნდა.
აღარ უნდა ადამიანს ღმერთი. ქალმა ის მოკლე კაბასა და ბოზობაზე გაცვალა, კაცმა კი საყურეებში, ჭამა-სმასა და ღრეობაში. აღარაფერს ვამბობ უკანონო სექსუალურ კავშირებზე, რომლებიც ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, როგორც პირის დაბანა. მისი პროპაგანდა ხომ ყველგანაა, სადაც გაიხედავთ - მედიაში, რეკლამებში, ფილმებში, წიგნებში, თეატრებში, ნახატებში, სიმღერებში - ყველგან, სადაც კი ადამიანს თვალი და ყური მიუწვდება. ბიბლიას კი დღევანდელმა ადამიანმა მობილური ტელეფონი ამჯობინა, თამაშები და სოციალური ქსელები, ტიკ-ტოკები, ინსტაგრამები და სხვა ათასი სიმახინჯეები.
დემოკრატიის და პირადი თავისუფლების ძახილმა ქალს ქმრის მორჩილების, კაცს კი ცოლის პატივისცემის და დაფასების უნარი დააკარგინა. სხეული გახდა ყველაზე ძვირფასი და აღმატებული, რაც ადამიანს გააჩნია. მისი სიამოვნება და პატივისცემა და კი ყველაზე მთავარი. ადამიანის თვითშეფასების უნარი უმაღლეს დონეზე გაიზარდა და მისი ამპარტავნებაც გაუტოლდა ლუციფერის, სინათლის ანგელოზის ამპარტავნებას. სადაც გაიხედავთ, ყველაგნ ამპარტავნებას დაინახავთ - პატარა ბავშვიდან დაწყებული მომაკვდავი მოხუცით დამთავრებული - ყველგან და ყველაფერში. თავად გახლავართ ამ უკურნებელი სენით დაავადებული. ვიბრძვი, მაგრამ უშედეგოდ.
რატომ ვერ მიხვდა მამა იოანე, რომ ეშმაკი მართავდა გიორგის და არა ანგელოზი? რატომ არ ეყო სულიერი ხედვა? იმიტომ ხომ არა, რომ თავადაც ხიბლში გახლდათ ჩავარდნილი და ლამის წმინდანი ეგონა თავი? - წმინდანი, რომელიც არაჩეულებრივ დარიგებებს არიგებდა აქეთ-იქით, მაგრამ თავად ასრულებდა კი, რასაც ამბობდა? განსჯა მკითხველითვის მიმინდვია, მე ყველაზე ცოდვილს და უღირსს.
ღვთის სამსახური, პირველ რიგში, ადამიანთა სამსახურს ნიშნავს; ღვთის სიყვარული - ადამიანთა სიყვარულს. უამისოდ ღვთის სიტყვის ქადაგება დემაგოგიაა და სხვა არაფერი.
ამ რომანით მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, თუ რა ძალისხმევა შეიძლება ეშმაკმა გაიღოს თუნდაც ერთი ადამიანის დასაღუპადაც კი...და თქვენ წარმოიდგინეთ, რა იოლი იქნება სულის დაღუპვა, როცა ჩვენი ცხოვრების წესით თავადვე ვუწყობთ ამაში ხელს. ეშმაკი კი არხეინად გვიყურებს და სიხარულისგან ხელებს იფშვნეტს.
ადამიანები გამუდმებით ეძებენ, ეძებენ - ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე და უმეტეს შემთხვევაში, ვერ პოულობენ. ვერ პოულობენ არა იმის გამო, რომ ცუდად ეძებენ, არამედ იმიტომ, რომ იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა და იმას არ ეძებენ, რაც საჭიროა.
ვისაც სულის ცხონება სურს, ჯერ საკუთარ სხეულს უნდა მოერიოს.
ღმერთის სიტყვებს ვუსმინოთ ყველამ და არა ანგელოზოს ჩურჩულს. აი, ეს მინდოდა, ბოლოს, მეთქვა.
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)