სურათი
სურათი გაერთიანდა მიწა და ზეცა, გაავდრდა, მოდის ზვავად და თქეშად ნანატრი წვიმა... რაღა ნანატრი, ნასათუთები, დაბლა გაშალა ჭროღა თუთები. პამიდორებმა დაკარგეს ფერი, აღარ უშველით მათ არაფერი. ერთხანს გოგრებმა ფარად იფარეს, ფართო ფოთოლი გადაიფარეს, მაგრამ სულ წუთით, შხაპუნა წვიმა ვერ შეაჩერა ვერც ვაშლის ჩრდილმა. დილით დაწამლულ, დაწყობილ ვაზებს, მთელ ამ სამყაროს რომ ალამაზებს, სულ არ ადარდებთ ეს შენი ღვარი, მთავარია, რომ სეტყვა არ არის! მოუხურია ლაბადა პაპას, ლაბადის კალთით შვილიშვილს მალავს. ეჭვით აჰყურებს ხანდახან ზეცას, ამხნევებს მიწას, ავედრებს ღმერთსა. მერე, ჟუჟუნად რომ გადაიქცა, პამიდვრებმაც რომ მოიცეს ფერი, შვილიშვილს კიდევ მოუალერსა, სახლს მიაშურეს, თუმც იყო სველი, მოძებნა წიგნი,-„გალაკტიონი“, მოძებნა ლექსი, ნაზეპირები და წაუკითხა დიდი ამბავი შვილიშვილს, დაღლილს, თითქოს რომ სძინავს, როგორ გავიდა გვალვის დროება, როგორ მოვიდა შხაპუნა წვიმა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი