მე ზუსტად ვიცი
მე ზუსტად ვიცი ვიცი, რომ ვიღაც დაგირეკავს და გეტყვის ჩემზე, რომ აღარა ვარ, ეს მოხდა გუშინ თუ დღეს დილით, არ იცის ზუსტად... მე ზუსტად ვიცი, რომ ერთ წამში გაირბენს ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვა, იქედნური თუ მწარე ღიმილი და მხოლოდ წამი საკმარისია, რომ დაგწყდეს გული, თან გაიხარო, რომ დაგასწარი... ვიცი, რომ ამ წუთს, შეცხადებისას მოჰყვება დუმილის წუთი, როცა გაგკენწლავს მწარე ფიქრი საკუთარ თავზე და ცოტა შური, რომ გაჯობე და ის წუთები, რაც გავიარე, შენ, ჯერ კიდე, გასავლელი გაქვს. თუმც არ გვინახავს ერთმანეთი დიდი ხანია, გინდა, რომ მნახო ამ ერთხელაც, ნიშნი მომიგო, რომ სილამაზის, შორს რომ დარჩა, არ შემრჩენია მე ნატამალი, მაგრამ, უეცრად, გაგახსენდება სარკის წამები და ეს გატირებს, რომ ჩემთან ერთად შენც დაკარგე ის ნაპერწკალი, რაც მანთებდა... ვიცი, რომ ვიღაც დამირეკავს და მეტყვის შენზე, ეს მოხდა გუშინ... ზუსტად ვიცოდი და ველოდი კიდეც ამ ამბავს, თითქოს მზად ვიყავ და არ უნდა მტკენოდა გული, მაგრამ შევშფოთდი, როგორც შფოთავს რკინიგზის მგზავრი, როცა ეტყვიან, ბარგი შეკარ, რომ ის ქალაქი, ამდენ ხანს რომ ელოდებოდი, უკვე ახლოა, რომ სხვა ქალაქი შენ არ მიგიღებს, მხოლოდ ეგ არის შენი დარდი, შენი იმედი. იქ გეგულება ყველა, ვინც კი წავიდა და იქ დახვდები ყველას, ვინც კი დატოვე... ვიცი, რომ ვიღაც დაგირეკავს და გეტყვის ჩემზე, რომ აღარა ვარ... 2018. აგვისტო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი